საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დღე აღინიშნება. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, ერთი მხრივ, იმ სისტემურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც შშმ პირები დგანან, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს ვალდებულებებს, რომლის დიდი ნაწილიც, სამწუხაროდ, ამ დრომდე შეუსრულებელია.
შშმ თემი წლების განმავლობაში ითხოვდა მათ უფლებებსა და საჭიროებებზე მორგებული ინტერვენციების განხორციელებას, თუმცა, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები, ძირითადად მხოლოდ სუსტი, ფრაგმენტული და ფასადური იყო, რაც ვერ უზრუნველყოფდა შშმ პირების რეალურ გაძლიერებასა და მათ დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას. შედეგად, შშმ პირთა უფლებები კვლავ დაუცველია და მეტიც - ცალკეული მიმართულებებით უკუსვლასაც კი განიცდის.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენცია ჯერ კიდევ 11 წლის წინ შევიდა ძალაში, შშმ პირთა შეფასების მოდელი და მათზე მიმართული პოლიტიკა ჯერ კიდევ არ არის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული. პირიქით, იგი მთლიანად სამედიცინო დიაგნოზებს ეყრდნობა და უხეშად უგულებელყოფს შშმ პირთა საჭიროებებს. თემი წლებია, ელოდება ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებას, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები 2023 წლიდან დაიწყო, თუმცა, მათი დიდი ნაწილი დაგვიანებულად და არაეფექტიანად ხორციელდება. სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, თემატური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მთელი რიგი აქტივობები, რომლებიც 2023-2024 წლებში უნდა დასრულებულიყო, ჯერ არც კი დაწყებულა.
შშმ პირებისათვის ღირსეული ცხოვრების გარანტირების კუთხით სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მწირი და არაეფექტიანია. დღემდე პრობლემურია თემისთვის ფიზიკური გარემოს, ინფორმაციის, მომსახურებებისა და კომუნიკაციის მისაწვდომობა, რაც მათ დამოუკიდებელ ცხოვრებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს. მიუხედავად მწვავე საჭიროებისა, ამ დრომდე არ დამტკიცებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა, რაც კიდევ ერთხელ გამორიცხავს მწყობრი და ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებას მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
შშმ პირთა ღირსეული ცხოვრების ერთ-ერთ წინაპირობას სოციალური დაცვის ეფექტიანი სისტემის არსებობა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” პერიოდულად უთითებს შშმ პირთა სოციალური პაკეტის ყოველწლიურ ზრდაზე და მის ინდექსაციაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ათასობით შშმ პირისთვის გათვალისწინებული ეს ფულადი გასაცემელი კვლავ საარსებო მინიმუმზე მცირეა, რაც, გამორიცხავს მათი მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებასაც კი. კერძოდ, 2025 წლისთვის მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირები თვეში 230 ლარს, ხოლო ზომიერად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირები - 190 ლარს, იღებენ, მაშინ, როდესაც საარსებო მინიმუმი დაახლოებით 260 ლარის ტოლია.
მიუხედავად იმისა, რომ შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირთათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტი თვეში 425 ლარია, იგი მაინც არ არის საკმარისი შშმ პირთა ღირსეული ცხოვრებისათვის. ამას ადასტურებს გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაც, რომლის თანახმადაც, მხარდაჭერის მცირე საჭიროების მქონე შშმ ბავშვებისთვის საჭირო თანხების ოდენობა თვეში 344-დან 5 758 ლარამდე ვარირებს, ხოლო მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საჭიროების მქონე შშმ ბავშვებისთვის საჭირო ხარჯები 1 304 ლარიდან 6 270 ლარამდე მერყეობს.
მწირი სოციალური პაკეტის მიღმა, შშმ პირებისთვის არ არსებობს ეფექტიანი სოციალური დაცვის მექანიზმები, რომელიც რეალურად გააძლიერებდა მათ. აღნიშნულის საპირისპიროდ, მუნიციპალური სოციალური სერვისები ძირითადად მხოლოდ მწირი ერთჯერადი ფულადი დახმარებით შემოიფარგლება. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტიც, რომ სისტემური დისკრიმინაციის, გარემოს მიუწვდომლობისა და დასაქმების ეფექტიანი პოლიტიკის არარსებობის გამო, შშმ პირებს ღირსეულ დასაქმებასა და ანაზღაურებაზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ.
შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას პერსონალური ასისტენტის სერვისის დანერგვა და მიწოდება წარმოადგენს. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში ეს სერვისი 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, სერვისის მიწოდება დაგვიანებით დაიწყო, სერვისის მიმღებ შშმ პირთა რაოდენობა ძალიან მცირეა (მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შშმ პირებმა განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბენეფიციართა კვოტა 5-ის ტოლია), ხოლო პროგრამის გაწერის დროს არ იყო გათვალისწინებული შშმ პირთა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების ჩართულობა. პრობლემურია ისიც, რომ სერვისი არ ვრცელდება შშმ ბავშვებზე, ხოლო მასში ჩართვის უფლების მქონე პირებს არ აქვთ ინფორმაცია პროგრამით სარგებლობის პროცედურების შესახებ.
უკანასკნელ პერიოდში, საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში მუსირებდა აზრი იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნების” მიერ მიღებული არადემოკრატიული კანონები შშმ პირებს არ შეეხებოდა და თემატური ორგანიზაციებიც ჩვეულ რეჟიმში შეძლებდნენ ოპერირებას. სინამდვილეში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უკუსვლა ყველაზე მწვავედ სწორედ მოწყვლად მოსახლეობაზე, მათ შორის, შშმ პირებზე, აისახება:
ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, შშმ თემის წევრები და მათ უფლებებზე მომუშავე აქტივისტები მუქარისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის სამიზნეებიც ხდებიან. მათი უფლებების დაცვისა და ამგვარ შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების ნაცვლად, მათ სასამართლო სამართალდამრღვევებად აცხადებს და აჯარიმებს. არაპროპორციული ჯარიმების სამიზნეები ხდებიან, ერთი მხრივ, შშმ პირები, რომელთა სოციალური პაკეტიც ჯარიმაზე რამდენჯერმე ნაკლებია, ხოლო, მეორე მხრივ, შშმ პირთა ოჯახის წევრები ან/და აქტივისტები, რომელთა ჯარიმებიც ათიათასობით ლარს აღწევს.
ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კრიზისის პირობებში, კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს პოლიტიკის ის ჩავარდნები, რომლის წინაშეც შშმ თემი წლების განმავლობაში იდგა, და რომელიც წლიდან წლამდე მძაფრდებოდა. დღეს, როგორც არასდროს, შშმ პირებს სჭირდებათ იმგვარი პოლიტიკა და სისტემები, რომელიც მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული და მათ აღიქვამს უნიკალური ექსპერტიზის მქონე, აქტიურ სუბიექტებად, რომლებიც აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში.
სამწუხაროდ, არსებული მდგომარეობა თემის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი აგენტობის შენარჩუნებისა თუ დაბრუნების შესაძლებლობას არ იძლევა და აჩენს რისკებს, რომ მათ მიმართ პოლიტიკა მთლიანად დაუბრუნდება იმგვარ მიდგომებს, როდესაც შშმ პირები სრულად იყვნენ იზოლირებულნი საზოგადოების დანარჩენი ნაწილისგან და მხოლოდ პასიურ ობიექტებად მიიჩნეოდნენ.
ინსტრუქცია