[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / განცხადება

შშმ აქტივისტებისა და ორგანიზაციების განცხადება შშმ პირთა უფლებების საკონსულტაციო საბჭოების დატოვების შესახებ

3 დეკემბერს, შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, შშმ პირებს, თემის წარმომადგენლობით თუ მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, გვსურს, განცხადება გავაკეთოთ შშმ პირთა უფლებების საკონსულტაციო საბჭოების დატოვების შესახებ.

დღეს, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტისა და საკონსულტაციო საბჭოს სხდომა იყო ჩანიშნული. დღის წესრიგის მიხედვით, ფორმალურად უნდა მომხდარიყო შშმ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე მსჯელობა. თუმცა, 2 დეკემბერს შეხვედრა განუსაზღვრელი დროით გადაიდო.

განცხადებაზე ხელმომწერები მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არ იძლევა მთავრობასა თუ სხვა უწყებებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

უკანასკნელი დღეების მანძილზე სრულიად ლეგიტიმური და მშვიდობიანი მანიფესტაციების განსაკუთრებული სისასტიკით დაშლა და პროტესტის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება (მაგალითად, სასტიკი ცემა, დაკავებული მოქალაქეების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, პირადი ნივთების წართმევა), სხვადასხვა აქტორის მიერ არასათანადო და სასტიკ მოპყრობად შეფასდა. მსხვერპლთა შორის ჩვენი კოლეგაც - გია ჯვარშეიშვილიც - აღმოჩნდა, რომელიც წლების მანძილზე ემსახურებოდა შშმ თემს საქართველოში და რომელიც ცალსახად არ იმსახურებდა ასეთ პასუხს სახელმწიფო სტრუქტურებისგან. ამასთან, 2-3 დეკემბრის აქციის დაშლისას, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ შშმ აქტივისტს, რომელსაც მრავალმხრივი დაზიანებები აღენიშნება და ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ხაზს ვუსვამთ იმას, რომ არჩევნები სისტემური დარღვევებით ჩატარდა, რაც არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის ანგარიშში აისახა და რაც არსებითად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას.

ვგმობთ უცხოური ზეგავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასა და ამოქმედებას, რომლითაც შშმ პირებსა და ორგანიზაციებზე “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი აგენტის” იარლიყის მიკერება ხდება და რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტებით გარანტირებულ არაერთ უფლებასა და თავისუფლებას ლახავს.

ვგმობთ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის სახელით, ფაშისტური ანტი-ლგბტ(ქ)ი კანონის მიღებასა და ამოქმედებას, რომელიც ადამიანების ჩაგვრას აკანონებს.

ვგმობთ კონსტიტუციის დარღვევას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილების მიღების სახით. ხაზს ვუსვამთ, რომ სწორად დონორების დაფინანსებით, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერით, შეიქმნა და ფუნქციონირებს შშმ პირთა მხარდაჭერის სერვისები, იცვლებოდა სერვისის სტანდარტები, შესაძლებელი იყო სპეციალისტების გადამზადება, ევროპაში არსებულ სერვისებთან გაცვლითი ვიზიტები და გამოცდილების მიღება. ე.წ. ტრადიციული გადმოსახედიდან შშმ პირი არის მოწყალების ობიექტი, მაშინ, როდესაც სწორედ ევროპული ღირებულები უსვამს ხაზს, რომ საჭიროა თანასწორობის პრინციპის დაცვა და ისეთი მხარდაჭერის გაწევა, რომელიც შშმ პირებს შესაძლებლობას მისცემს, გახდნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები. ევროპასთან მიმართებით სიძულვილის ენის გამოყენება და მისგან გამიჯვნა ნიშნავს ამ ღირებულების განადგურებას, მხარდაჭერითი სერვისების ჩამოშლასა და უკან - ტრადიციულ ინსტიტუციურ და პანსიონურ ჩარჩოებში, დაბრუნებას.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის, ისე სხვადასხვა უწყების დონეზე მოქმედი ცალკეული მექანიზმები შშმ პირთა უფლებებზე ფორმალურად მუშაობს. ჩვენთვის აშკარაა, რომ ხელისუფლების მიზანი სამუშაო პროცესის ილუზიის შექმნაა, სინამდვილეში შეხვედრები უკიდურესად იშვიათად იმართება, ხოლო შშმ პირთა და ორგანიზაციების მონაწილეობა და შეხვედრებზე დასწრება მხოლოდ ფასადურია. რეალურად, თემისა და შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების რეკომენდაციები, რომლებიც არაერთი მიმართულებით სიღრმისეული რეფორმების გატარებაზე იყო ყოველთვის ორიენტირებული, პრაქტიკაში უგულებელყოფილ იქნა.

სამინისტროებთან შექმნილი საბჭოების უმეტესობა უფრო გამართულად მუშაობდა, ძირითადად დონორების მხარდაჭერის გამო, თუმცა არსებულ ვითარებაში კონსტრუქციული დიალოგი საბჭოების ფორმატში სრულიად შეუძლებელი გახდა.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ამა თუ იმ საკითხზე უარყოფითი პოზიციის დაფიქსირებისას ქართული ოცნების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ შშმ პირებს იყენებენ პროვოკაციებისთვის ან ზეწოლას ახდენენ მათზე. ეს ნათლად მიანიშნებს ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულებაზე თემის მიმართ, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს საზოგადოებაში არსებულ დამაზიანებელ სტერეოტიპებს. სინამდვილეში, შშმ პირებს იგივენაირად გააჩნიათ დამოუკიდებელი პოზიციები, როგორც სხვა ნებისმიერ ადამიანს.

კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ მთავრობის ნარატივი, თითქოს შშმ პირთა უფლებები, მათ შორის, სოციალური უფლებები, დაცულია, სიმართლეს არ შეესაბამება. შშმ თემის მდგომარეობა წლიდან წლამდე არ უმჯობესდებოდა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოს მწირ გასაცემელზეა დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა არ ეძლევა. ამჟამინდელი ანტიდემოკრატიული რეჟიმის რეპრესიებისა და ანტიკონსტიტუციური კანონების ფონზე, თემის უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო და უფრო მძიმდება.

ამდენად, ვინაიდან შექმნილი მდგომარეობა აღარ ტოვებს სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან თანამშრომლობის სივრცეს. უკვე აღარ არსებობს არანაირი ილუზია, რომ ეს ფორმატები პრობლემების რეალურად მოგვარებას ემსახურება და ინსტიტუტებზე სრული პარტიული კონტროლის ფონზე დადებითი ცვლილებების მიღწევა შესაძლებელია. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ მთავრობის უწყებათაშორის კომიტეტთან და სამინისტროებთან არსებული შშმ პირთა უფლებების საკონსულტაციო საბჭოები.

განცხადება ხელმოსაწერად ღიაა ზემოაღნიშნული ფორმატების წევრი პირებისა და ორგანიზაციებისათვის.

ხელმომწერები:

  • საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
  • ფსიქიატრიის სერვის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საქართველოს ბავშვები
  • გიორგი ენუქიძე (დამოუკიდებელი აქტივისტი)
  • ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“