საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღეს, 3 დეკემბერს, შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. მისი მიზანი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში შშმ პირების უფლებების რეალიზაციის მნიშვნელობის ხაზგასმა და თემის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. აღნიშნული დღის წლევანდელ ფოკუსს შშმ პირთათვის, მათთან ერთად და მათ მიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისათვის ძალისხმევის გაერთიანება წარმოადგენს.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი სიღარიბის აღმოფხვრას, მოსახლეობის კეთილდღეობის გარანტირებას, ეფექტიანი სოციალური დაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და უთანასწორობის აღმოფხვრას ეთმობა. მიუხედავად გლობალურ დონეზე გაცხადებული მიზნების აღიარებისა, საქართველო ჯერ კიდევ შორს დგას ეფექტიანი, შშმ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სისტემისგან, რაც თემის წევრების მოწყვლადობას ამწვავებს და არაადეკვატურ საცხოვრებელ პირობებში აღმოჩენის რისკებს ზრდის.
სამწუხაროდ, არაერთი მიმართვისა და რეკომენდაციის მიუხედავად, შშმ პირთა სოციალური დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო გარანტიები უკიდურესად სუსტია. მაგალითისთვის, “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი საერთოდ არ მოიცავს შშმ პირთა სოციალური დაცვისა და ადეკვატური საცხოვრისის უფლებრივ სტანდარტებს, რაც ამ სფეროს არაპრიორიტეტულობაზე მიუთითებს. მეორე მხრივ, შშმ პირებისთვის სოციალური დაცვის კონკრეტულ გარანტიებს არც ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია (2022-2030) ითვალისწინებს, მეტიც - დოკუმენტის მიერ არაერთი საკითხი, მათ შორის, სათანადო საცხოვრებლის უფლება, მთლიანად იგნორირებულია.
ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის არარსებობის პირობებში, 37 000-მდე შშმ პირს1 სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს და სოციალურ შემწეობას იღებს. თუმცა, სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების სისტემის ხარვეზიანობის გათვალისწინებით, სიღარიბეში მცხოვრებ შშმ პირთა გარკვეული ნაწილი საარსებო შემწეობასაც კი ვერ იღებს.2
მეორე მხრივ, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, 127 765 შშმ პირი სოციალური პაკეტის (ყოველთვიური ფულადი გასაცემელი შშმ პირებისათვის) მიმღებია. იმ პირობებში, როდესაც ამ ბენეფიტის დანიშნულება შშმ პირების წინაშე საზოგადოებაში არსებული ბარიერების კომპენსირება უნდა იყოს, უკიდურესად პრობლემურია:
ზემოაღნიშნული სერვისების საპირწონედ, მუნიციპალურ დონეზე არ არსებობს შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული, ეფექტიანი სოციალური მხარდაჭერის სისტემა. რეალობაში, არსებული მექანიზმები ფრაგმენტული, ერთჯერადი და მოკლევადიანია და თემის წარმომადგენელთა რეალურ და გრძელვადიან გაძლიერებას ვერ აღწევს. მეტიც, სოციალური მხარდაჭერის სერვისების საჭიროების მიუხედავად, შშმ პირებს მნიშვნელოვანი ბარიერები ექმნებათ სერვისების ნაკლებობის, დაბალი ხარისხის, გეოგრაფიული, ფიზიკური, ინფორმაციული და ლინგვისტური მისაწვდომობის არარსებობის/ნაკლებობის გათვალისწინებით. ამასთან, სერვისების გარკვეული ნაწილი შინაარსობრივად ან/და ფორმულირების თვალსაზრისით დისკრიმინაციულია, რაც კიდევ უფრო ართულებს შშმ პირთა ჯეროვან მხარდაჭერას.
სამწუხაროდ, სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნის ხედვის არარსებობა, ასევე, საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩოს მნიშვნელოვანი ხარვეზები ოპტიმისტური მოლოდინების საფუძველს ნაკლებად იძლევა. ამგვარი სტატიკური მდგომარეობით კი ყველაზე მეტად შშმ პირები ზარალდებიან, რომელთაც დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ერთმევათ და საზოგადოების უჩინარ წევრებად რჩებიან.
შესაბამისად, დღეს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გაიაზროს საკუთარი ვალდებულებები შშმ პირთა სოციალური დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში და შეიმუშაოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც სრულად უპასუხებს თემის საჭიროებებს და რეალურად გააძლიერებს მათ.
1 2023 წლის ზაფხულის მონაცემებით.
2 მაგ., UNICEF-ის კვლევებით, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების მესამედი საერთოდ არ მიმართავს სახელმწიფოს შეფასებისა და შესაბამისი ქულის მინიჭების მოთხოვნით. UNICEF-ის 2019 წლის კვლევით, საარსებო შემწეობის სისტემა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვების მხოლოდ 37 %-ს ფარავდა.
ინსტრუქცია