[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / განცხადება

გაეროს კონვენციის რატიფიცირებიდან 10 წლის თავზე შშმ პირთა უფლებები კვლავ უხეშად ირღვევა

დღეს, 14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. მისი მიზანი შშმ თემის გაძლიერებისა და მის წინაშე არსებული ბარიერების აღმოფხვრის მიმართულებით სახელმწიფოს ვალდებულებების კიდევ ერთხელ ხაზგასმაა.

გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციას, რომელიც შშმ პირთა უფლებების სფეროში ტრანსფორმაციულ დოკუმენტს წარმოადგენს, საქართველო ჯერ კიდევ 10 წლის წინ შეუერთდა. ამ პერიოდში მთავრობას კონვენციის პრინციპებისა და დანაწესების შესრულება უნდა დაეწყო და მნიშვნელოვანი პროგრესისთვისაც უნდა მიეღწია. მაგალითისთვის, 10 წელში შესაძლებელი იყო:

  • შშმ პირთა შეფასება, სტატუსის მინიჭება და მათ მიმართ პოლიტიკის განხორციელება მომხდარიყო ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მოდელზე. ამის საპირისპიროდ, ამ დრომდე ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის განმარტება და არსებული პოლიტიკა დისკრიმინაციულია და მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზებს ებმის;
  • შშმ პირებისთვის ამოქმედებულიყო იმგვარი სოციალური დაცვის მექანიზმები, რომლებიც მათ მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს შეუქმნიდა. ამის საპირისპიროდ, 83 500 შშმ პირი იღებს სოციალურ პაკეტს, რომელიც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, ხოლო ასობით შშმ პირი სიღარიბეში ცხოვრობს და სახელმწიფოს შემწეობაზეა დამოკიდებული. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის მაისის მდგომარეობით, 35 700-ზე მეტი შშმ პირი საარსებო შემწეობას იღებს, ხოლო 70 100-ზე მეტი შშმ პირი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული;
  • სახელმწიფოს შშმ ხანდაზმულების ცხოვრების ღირსეულ პირობებზე ეზრუნა. ამის საპირისპიროდ, სისტემა მათ საჭიროებებს უგულებელყოფს და უფლება ართმევს, ერთდროულად ისარგებლონ შშმ პირთა სოციალური პაკეტითა და ასაკობრივი პენსიით;
  • სახელმწიფოს შეექმნა საცხოვრისისა და შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული ჯეროვანი მხარდაჭერის პოლიტიკა. ამის საპირისპიროდ, ასობით ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირი საზოგადოებისგან იზოლირებულად, უფლებების მძიმე დარღვევების პირობებში ინსტიტუციებში (ფსიქიატრიული დაწესებულებები, პანსიონატები) მხოლოდ იმიტომ რჩება, რომ თემში მხარდამჭერი გარემო არ გააჩნია;
  • სხვადასხვა სერვისების დანერგვით მომხდარიყო შშმ პირთა რეალური გაძლიერება და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების გარანტირება. ამის საპირისპიროდ, მიუხედავად სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების დაფინანსებისა და მათი ბენეფიციარების რაოდენობის ზრდისა, სერვისების სიმწირე და მისაწვდომობის პრობლემები (მათ შორის, გეოგრაფიული თვალსაზრისით) მნიშვნელოვნად აფერხებს შშმ პირთა მიერ მინიმალური მხარდაჭერით სარგებლობასაც კი.
  • შექმნილიყო გადაწყვეტილების მიღების ინკლუზიური პროცესები და შშმ პირთა რეალური ჩართულობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ამის საპირისპიროდ, შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობა მთავრობის პრიორიტეტი არასდროს გამხდარა. შშმ აქტივისტებს რუსული კანონის საკომიტეტო განხილვებზე ფორმალური მონაწილეობის შესაძლებლობაც კი არ მიეცათ, ხოლო მეორე საკომიტეტო მოსმენის დროს დარბაზი ეტლით მოსარგებლეთათვის შეღწევადი არ იყო.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ პოპულისტური განცხადებების მიღმა, მთავრობისთვის შშმ პირთა უფლებების დაცვა პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ყოველდღიურ ცხოვრებაში თემის წევრების წინაშე არსებული ბარიერები არსად ქრება. მეტიც, რუსული კანონის ძალაში შესვლით, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ფუნქციონირება რეალურად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც მომავალში კიდევ უფრო გაართულებს თემის წევრების უფლებების რეალიზაციას, დამოუკიდებელ ცხოვრებასა და მნიშვნელოვან სერვისებზე წვდომას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“