[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

ნიკა გვარამიას პატიმრობა ოპოზიციის დევნის გაგრძელებაა და პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებას ემსახურება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის, ნიკა გვარამიასთვის ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდებას და მიიჩნევს, რომ როგორც ბრალდების საქმე, ისე სასამართლოს გადაწყვეტილება, პოლიტიკოსის დასჯასა და ოპოზიციური ფიგურების დევნას ემსახურება.

2025 წლის 13 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ნიკა გვარამიას საქმის არსებითი განხილვა, რომლის ფარგლებშიც, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და პოლიტიკური პარტია “ახალის” ლიდერს, აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 30 000 ლარიანი გირაო, პატიმრობით შეუცვალა. ამასთან, საგულისხმოა, გვარამიას ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც, რომლის თანახმად, საქმის განმხილველი მოსამართლე, ჯვებე ნაჭყებია, წარსულში სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზეა ნასამართლევი, რაც, ადვოკატის თქმით, შესაძლოა, მასზე ზემოქმედების მექანიზმად ყოფილიყო გამოყენებული. საქართველოს პროკურატურა, ნიკა გვარამიას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება. გვარამიას მიმდინარე წლის აპრილში აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო დაეკისრა, რომლის გადაუხდელობის გამოც, საქართველოს პროკურატურამ მისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, “ქართული ოცნების” პარლამენტმა, 2003-2012 წლებში არსებული ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, 5 თებერვალს შექმნა[1] სწორედ აღნიშნულ კომისიაზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდების არსს. “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებისა და აკრძალვის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში “ქართულმა ოცნებამ” ჯერ კიდევ 2024 წლის არჩევნებამდე პერიოდში დააყენა. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ცვლილებიდან 13 წლის შემდგომ, მათი საქმიანობის შესწავლა, არ წარმოადგენს სამართლებრივ პროცესს, არ ემსახურება სიმართლის დადგენას და სრულად პოლიტიკური ანგარიშსწორების ხასიათს ატარებს.

ამასთან, დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაბარებული პირის გამოუცხადებლობის გამო, მისი პასუხისმგებლობის საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგება უკიდურესად ხარვეზიანი და პრობლემურია. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლი და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1733 -ე მუხლები, რომლების ამ საკითხს შეეხება, არსებითად იდენტური შინაარსისაა. ორივე შემთხვევაში, საუბარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე. შესაბამისად, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებით, ერთი და იგივე ქმედება პარალელურად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასაც და სისხლის სამართლის დანაშაულსაც, რაც კანონის ნორმების ურთიერთშეუსაბამობის (სამართლებრივი კოლიზია) შემთხვევას ქმნის. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ერთმანეთისგან გამიჯვნის არანაირი განჭვრეტადი და ობიექტური კრიტერიუმი არ არსებობს და მოქალაქე, ან პოლიტიკური პირი, სათანადო წინდახედულობის გამოჩენის შემთხვევაშიც, მოკლებულია მისი ქმედების შედეგის განსაზღვრის შესაძლებლობას. ამგვარად, სისხლის სამართლის 349-ე მუხლით კრიმინალიზებულ ქმედება არაგანჭვრეტადია, რის გამოც, ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, სისხლის სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, სასამართლომ მსგავსი სამართლებრივი კოლიზიების ან ხარვეზის გადაწყვეტის დროს, იმ ნორმით უნდა იხელმძღვანელოს, რომელიც ბრალდებულს უფრო ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს, და ნაკლებად ზღუდავს პიროვნებით თავისუფლებას.[2]

ნიკა გვარამია არ არის პირველი პოლიტიკოსი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა დროებით საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაიწყო. პოლიტიკური პარტია “ლელოს” ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, შეფარდებული აქვთ 50 000-50 000 ლარის ოდენობის გირაო. პატიმრობა შეუფარდეს პოლიტიკოს ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც მისთვის დაკისრებული გირაო არ გადაიხადა. მაისის თვეში, ასევე გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო, დააპატიმრეს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჩაფარიძე, აქედან რამდენიმე დღეში კი იმავე კოალიციის სხვა ლიდერს, ნიკა მელიას შეუფარდეს პატიმრობა, რომელიც, აღკვეთის ღონისძიების შეცვლამდე, ჯერ ადმინისტრაციული წესით, უკანონოდ დააკავეს. ნიკა გვარამია, ხსენებული კოალიციის მესამე ლიდერია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დააპატიმრა.

ბოლო პერიოდში, პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაპატიმრების ტენდენცია საგანგაშო წერტილს აღწევს. ქვეყნის ოპოზიციური ფიგურების მნიშვნელოვანი ნაწილი, სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდებულის სტატუსს ატარებს, იმ ქმედებისთვის, რომლის დანაშაულებრივი ხასიათი, როგორც მინიმუმ, უკიდურესად სადავოა. აშკარაა, რომ “ქართული ოცნება” ოპოზიციისა და კრიტიკულად განწყობილი პირების დაშინებისა და დევნის მიზნით მოქმედებს და სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენება პოლიტიკური მოტივით, ოპონენტების განეიტრალების მიზნით ხდება, რაც კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის დამყარების და საწინააღმდეგო აზრის გაქრობის მცდელობის მკაფიო ნიშანია.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] პარლამენტმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“ შექმნა: https://cutt.ly/FrQmaSTu.

[2]საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საია ეხმიანება „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობის საკითხსა და კომისიაზე დაბარებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს: https://cutt.ly/1rQmppVP

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“