[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სისხლის სამართლის მართლმსაჯულება / განცხადება

ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდება ოპოზიციის დევნისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების მკაფიო გამოვლინებაა

 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას და მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გადაწყვეტილება, ისევე როგორც, ზოგადად, სისხლისსამართლებრივი ბრალდება ამ საქმეში, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ისახავს მიზნად.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის - ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღსანიშნავია, რომ მოსამართლე შვანგირაძის სახელი აგრეთვე ფიგურირებს სინდისის პატიმრების საქმეში. მან პროევროპული აქციების ფარგლებში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა.[1] შვანგირაძე მოსამართლედ 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა.

როგორც ცნობილია, ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 4 აპრილს დაიბარეს, თუმცა ერთპარტიული პარლამენტისა და მის მიერ შექმნილი კომისიის ლეგიტიმურობის არაღიარების გამო ის გამოკითხვაზე არ გამოცხადდა. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით (საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა) დაიწყო გამოძიება.

2003-2012 წლებში არსებული ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია „ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე წლის თებერვალში შექმნა. სავალდებულო ოპოზიციური კვოტა კომისიაში „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული დეპუტატების საშუალებით შეივსო, რაც იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს კომისიის შექმნის ლეგიტიმურობასა და კონსტიტუციურობას.[2] „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო დაპირებად ჰქონდა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება, შესაბამისად იმთავითვე ცხადი იყო, რომ ამ კომისიის შექმნა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების დასჯისა და მათ მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმი იქნებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ 16 აპრილს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რომლის გადახდის ვადად ერთი თვე განისაზღვრა. ბრალდების მხარე სასამართლო სხდომაზე ამტკიცებდა, რომ ჯაფარიძე არ იყო კანონმორჩილი მოქალაქე, არ აღიარებდა პარლამენტს, მთავრობას და არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რის გამოც მიზანშეწონილი იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენება.[3]

ცალსახაა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა საერთოდ არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.[4] სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლს, რომლითაც ჯაფარიძისა და ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, განჭვრეტადობის არსებითი პრობლემები აქვს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა და  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1733 მუხლით განსაზღვრული სამართალდარღვევის ფორმულირება აბსოლუტურად იდენტურია. ორივე შემთხვევაში შემადგენლობად განსაზღვრულია კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, იდენტურია როგორც მუხლის სახელწოდება ისე სამართალდარღვევისგან/დანაშაულისგან დასაცავი ობიექტი. ორივე მათგანი მმართველობის წესის დაცვას ისახავს მიზნად. შესაბამისად, არ არსებობს არცერთი ობიექტური კრიტერიუმი, რითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულისგან შეიძლება გაიმიჯნოს. შემადგენლობების თანხვედრის პირობებში, სისხლისსამართლებრივი ღონისძიების გამოყენება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და საბაზისო საპროცესო მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

ბრალდების უსაფუძვლობის მიღმა, ასევე დაუსაბუთებელია აღკვეთის ღონისძიებების დამძიმების გადაწყვეტილებაც. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს  უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, მაშინ როდესაც ბრალდებული თავს არიდებს გირაოს გადახდას,[5] ზურა გირჩი ჯაფარიძის საქმეში არ არის გამოკვეთილი ზოგადად აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი. საპროცესო კანონმდებლობით, აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება.[6] თითოეული საფრთხე კონკრეტული გარემოებებით უნდა დასტურდებოდეს. ის ფაქტი, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არ აღიარებს პარლამენტის ლეგიტიმურობას, არანაირ კავშირში არ არის ზემოაღნიშნულ საფუძვლებთან და მკაფიოდ აჩვენებს საქმის მიმართ პოლიტიკურ ინტერესს. ჯაფარიძის მიზანი რომ ყოფილიყო გამოძიებისთვის ხელშეშლა ან გამოკითხვისგან თავის არიდება, ის არც მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოცხადდებოდა.

ზურაბ ჯაფარიძემ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომლებიც აშკარად მიუთითებდა მის საქმეში აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების საფუძვლების არარსებობას. აღნიშნა, რომ იმთავითვე არალოგიკური იყო მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რადგან არც კი იცოდა საქმეში მოწმეების ვინაობა. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, მიუთითა, რომ პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებიდან ორჯერ დასჭირდა ქვეყნის დატოვება, თუმცა ორივე ჯერზე დაბრუნდა და გამოცხადა სასამართლოში. ამის საპირისპიროდ, ბრალდების მხარეს არცერთი კონკრეტული გარემოება არ დაუსახელებია, რომელიც აღკვეთის ღონისძიების (მით უფრო ყველაზე მკაცრი ზომის) შეფარდებას გაამართლებდა.

სასამართლო სხდომა დაპირისპირებისა ფონზე მიმდინარეობდა. მთელი პროცესის განმავლობაში მოქალაქეები სასამართლოს შენობის გარეთ იყვნენ შეკრებილი. პოლიციამ დღეს 3 პირი, მათ შორის, აქტივისტები ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი, დააკავა.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი პროცესამდე რამდენიმე დღით ადრეც აშკარა იყო, რაც სასამართლოს შენობის  წინ მობილიზებული პოლიციელების რაოდენობაშიც გამოვლინდა, სასამართლომ არ უზრუნველყო სხდომის შედარებით დიდ დარბაზში ჩატარება, რითაც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს საჯარო პროცესზე შეუფერხებელი დასწრების შესაძლებლობა შეუზღუდა. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავისუფალი იყო დიდი დარბაზები, თუმცა მოსამართლემ დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა[7] და საქმის განხილვა ისეთ დარბაზში შედგა, რომელიც საშუალოდ 15-20 ადამიანისთვის არის გათვლილი. ასობით პირი, მათ შორის მედიისა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები, კი სასამართლოს შენობის გარეთ დარჩა. პროცესის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის ამგვარი ტექნიკური მიზეზებით შეზღუდვა იზოლირებული შემთხვევა არ არის, პრაქტიკულად ტენდენციად იქცა და  აქტიურად გამოიყენება საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების საქმეებშიც.  უკიდურესად პრობლემურია ისიც, რომ ცალკეული მედია საშულებების წარმომადგენლებს შეეზღუდათ სასამართლოს შენობაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისა და პროცესის ვიდეოგადაღების უფლება. ჟურნალისტებს კი მხოლოდ ოპერატორების გარეშე მისცეს სხდომაზე შესვლის უფლება, რაც უკანონო შეზღუდვას წარმოადგენს.[8] მანდატურებს მედიის წარმომადგენლებისთვის არ განუმარტავთ, რატომ არ ჰქონდათ პროცესში შესვლის უფლება.

აშკარაა, “ქართული ოცნება“ ყველა მექანიზმს იყენებს ოპოზიციისა და ზოგადად, კრიტიკულად განწყობილი პირების დაშინებისა და დევნისთვის. ამ პროცესში უფლება სრულად არის გასული სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოდან. პოლიტიკური მოტივით სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფის და კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის დამყარების მკაფიო ნიშანია.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Netgazeti - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/DrcS3vmX

[2] ფაქტ-მეტრი - რამდენად კონსტიტუციურია პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია? ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/5rcFs1dI

[3] IPN - სასამართლომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, 16.04.2025. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/zrcSM4q9

[4] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საია ეხმიანება „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობის საკითხსა და კომისიაზე დაბარებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს“, 21.05.2025. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/IrcSJLjD

[5] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილი.

[6] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის198-ე მუხლის პირველი ნაწილი.

[7] მოსამართლემ აგრეთვე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა თეა წულუკიანის დაკითხვისა და მოსამართლის აცილების შესახებ.

[8] პუბლიკა. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/hrcGQAna

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“