საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შემდეგ მისი დაპატიმრება აშკარას ხდის, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს რეპრესიული მექანიზმების სრულმასშტაბიანი გამოყენება ოპოზიციური პარტიების დევნისთვის.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის - ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას წინ უსწრებდა ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავება. გუშინ, 29 მაისს, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობას/მის შეურაცხყოფას გულისხმობს. ნათლად აჩვენებს არა მხოლოდ იმას, რომ საპატრულო პოლიციის მხრიდან დაკავება სრულად უსაფუძვლოდ განხორციელდა, არამედ იმასაც, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებული სპეცოპერაცია იყო. როგორც ფაქტობრივი გარემოებები აჩვენებს, ნიკა მელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო იმ მიზნით დააკავეს, რომ დღეს მისი სისხლის სამართლის წესით დაპატიმრება უზრუნველეყოთ.[1]
ნიკა მელიას საქმეზე პროცესი გუშინ, 29 მაისს, უნდა ჩატარებულიყო, თუმცა სხდომა პროკურორების გამოუცხადებლობის საფუძვლით გადაიდო. ერთ-ერთი მოსაზრებით, ბრალდების მხარემ პროცესის გადადება იმიტომ მოითხოვა, რომ პატიმრობის მოთხოვნის უფრო მყარი საფუძველი ჰქონოდა. ნიკა მელიას 50 000 ლარიანი გირაოს გადახდის ერთთვიანი ვადა 29 მაისს, ღამის 12 საათზე ეწურებოდა. შესაბამისად, გუშინ სასამართლო სხდომის ჩატარების შემთხვევაში პროკურორებს არ ექნებოდათ შესაძლებლობა გირაოს გადაუხდელობის გამო მოეთხოვათ პატიმრობის შეფარდება, თუმცა მელიასთვის თავისუფლების შეზღუდვა რამდენიმე დღით რომ არ გადავადებულიყო, ის გუშინვე დააკავეს ადმინისტრაციული წესით და სასამართლო სხდომაზე პირდაპირ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაიყვანეს.
იზოლატორის დატოვების შემდეგ ნიკა მელიას ადვოკატები არაერთი საპროცესო დარღვევის შესახებ მიუთითებდნენ .[2] ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ ის წინასწარი განზრახვითა და ჩასაფრებით დააკავეს. დამკავებლებისთვის, სავარაუდოდ, ცნობილი იყო, რომ ის სატელევიზიო გადაცემაში მიდიოდა და ამიტომ მოახერხეს პოლიციელების და იმ სამარშრუტო ტაქსის მობილიზება, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა ნოემბერ-დეკემბრის აქციების დარბევის დროს. აშკარაა, რომ ერთი პირის დაკავება არც ათობით სამართალდამცავის და არც სამარშრუტო ტაქსის მობილიზებას ობიექტურად არ საჭიროებდა. როგორც ადვოკატები აღნიშნავენ, ნიკა მელიას არც ჰქონია უშუალო კომუნიკაცია სამართალდამცავებთან, მათ არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი. როგორც კი დარწმუნდნენ მის ვინაობაში, მომენტალურად დააკავეს. ეს აშკარად მიუთითებს, რომ ნიკა მელიას დაკავებით სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება) ჩაიდინეს. ის ფაქტი, რომ ნიკა მელიას დასაკავებლად პოლიცია წინასწარ იყო მობილიზებული და ის ამოცნობის შემდეგ, ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე, მომენტალურად დააკავეს, ცალსახად ადასტურებს, რომ სამართალდამცავების მხრიდან მისი დაკავება თვითმიზანი იყო და არა კანონდარღვევაზე რეაგირების მექანიზმი.
განსაკუთრებით პრობლემურია, რომ ადმინისტრაციული დაკავების დროს სამართალდამცავები, სავარაუდოდ, არაერთხელ გასცდნენ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. ნიკა მელიას თქმით, სამარშრუტო ტაქსიში ისინი ცდილობდნენ იძულებით განებლოკათ მისი მობილური ტელეფონი. Პოლიციელებმა დაკავებისას ნიკა მელიას არ მისცეს შესაძლებლობა, დაკავშირებოდა ადვოკატს და იზოლატორში გადაყვანამდე პერიოდულად დაკავების გარემოებებზე ნიკა მელიამ დეტალურად ისაუბრა სასამართლო სხდომაზე, თუმცა მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებისას დაკავების უსაფუძვლობასა და სამართალდამცავთა დანაშაულებრივ ქმედებებზე არ უმსჯელია.
აღსანიშნავია, რომ ამავე მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ მიიღო ერთი კვირის წინ ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებაც. ირაკლი შვანგირაძე გასული წლის დეკემბერში, უწყვეტი პროტესტის ყველაზე კრიტიკულ ფაზაში, გამწესდა მოსამართლედ და რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე არაერთი რეპრესიული გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ მოსამართლე შვანგირაძის სახელი აგრეთვე ფიგურირებს სინდისის პატიმრების საქმეში. მან პროევროპული აქციების ფარგლებში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტი წინასაპატიმრო პატიმრობაში დატოვა.
ბრალდების მხარეს ნიკა მელიას პროცესზე (ისევე როგორც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე) წარმოადგენდა პროკურორი - ნათია თათიაშვილი. ის ერთ-ერთია იმ პროკურორთაგან, რომლებიც დღეს გენერალურმა პროკურორმა სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელებითა და საპატიო თანამშრომლის წოდებით დააჯილდოვა. დაჯილდოვებულ პროკურორებს შორის აგრეთვე მოხვდნენ სინდისის პატიმრების საქმის სხვა პროკურორებიც.
ნიკა მელიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა) ჩადენას ედავება. ეს მუხლი სასჯელის სახით ჯარიმას ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს. სამოქალაქო ორგანიზაციებმა და ადვოკატებმა არაერთხელ განმარტეს, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა საერთოდ არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.[5] სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლს, რომლითაც ჯაფარიძისა და ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, განჭვრეტადობის არსებითი პრობლემები აქვს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1733 მუხლით განსაზღვრული სამართალდარღვევის ფორმულირება აბსოლუტურად იდენტურია. ორივე შემთხვევაში შემადგენლობად განსაზღვრულია კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, იდენტურია როგორც მუხლის სახელწოდება ისე სამართალდარღვევისგან/დანაშაულისგან დასაცავი ობიექტი. ორივე მათგანი მმართველობის წესის დაცვას ისახავს მიზნად. შესაბამისად, არ არსებობს არცერთი ობიექტური კრიტერიუმი, რითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულისგან შეიძლება გაიმიჯნოს. შემადგენლობების თანხვედრის პირობებში, სისხლისსამართლებრივი ღონისძიების გამოყენება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და საბაზისო საპროცესო მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლის არარსებობისა და ნორმის განუჭვრეტელობის მიუხედავად, ნიკა მელიას დაპატიმრება არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან იგივე გადაწყვეტილება იქნა მიღებული „კოალიცია ცვლილებებისთვის“ კიდევ ერთი ლიდერის - ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და მანამდე თავდაცვის ყოფილი მინისტრის - ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ. ამ რეპრესიული ტენდენციის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, სამომავლოდ იგივე მექანიზმი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი ყველა იმ პირის მიმართ იქნას გამოყენებული, ვინც უარი თქვა გირაოს გადახდაზე.
ირაკლი შვანგირაძის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გამოაშკარავა, რომ “ქართული ოცნება“ სამართლებრივ მექანიზმებს და საჯარო ინსტიტუტებს ოპოზიციისა და ზოგადად, კრიტიკულად განწყობილი პირების დაშინებისა და დევნისთვის იყენებს. აპოლიტიკური მოტივით სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფის და კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის დამყარების ნიშნებს ატარებს.
[1] ნიკა მელიას განმარტება. ვიდეო ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/YrbmsvPi
[2]პუბლიკა - ადვოკატების განმარტება იზოლატორის დატოვების შემდეგ. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/BrbmhRLD
[3] Netgazeti - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/DrcS3vmX
[4] პუბლიკა, 30.05.2025. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Xrbnte8Q
[5] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საია ეხმიანება „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობის საკითხსა და კომისიაზე დაბარებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს“, 21.05.2025. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/IrcSJLjD
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდება ოპოზიციის დევნისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების მკაფიო გამოვლინებაა. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/mrbnQ5VF
ინსტრუქცია