[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / ფოტო

მძიმე და ღირსების შემლახავი პირობები გორის სოციალურ საცხოვრისში

გორში, ანწუხელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ნარკოლოგიური კლინიკის ხუთსართულიანი შენობა წლებია, სოციალურ საცხოვრისადაა გადაქცეული. აქ 150-ზე მეტი ადამიანი უკიდურესად მძიმე და ღირსების შემლახავ გარემოში ცხოვრობს. მათი ნაწილი დევნილია, ნაწილი კი - უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები.

წლების მანძილზე სახელმწიფომ დევნილები გრძელვადიან საცხოვრისებში განასახლა, ზოგიერთ მათგანს კი შენობის დაკავებული ფართი საკუთრებაში გადასცა. მეორე მხრივ, მუნიციპალიტეტმა 2018 წლიდან აამოქმედა უსახლკაროდ რეგისტრაციისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის წესები. არსებული რეგულაციების მიხედვით, უსახლკარო მოქალაქეებს გორის მუნიციპალიტეტი ორი წლით უფორმებს ხელშეკრულებას და სარგებლობაში გადასცემს სოციალური საცხოვრისის ფართს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი რამდენიმე აქ მცხოვრებ ადამიანს გაესაუბრა, რომლებიც ამბობენ, რომ სერვისში მოხვედრამდე ისინი იძულებულნი იყვნენ, ქუჩაში ან არასათანადო გარემოში ეცხოვრათ. უმძიმესი ცხოვრებისეული გამოცდილებების გათვალისწინებით, ადამიანებმა სოციალურ საცხოვრისში ცხოვრებაზე თანხმობა განაცხადეს. თუმცა მუნიციპალიტეტის მიერ უზრუნველყოფილი საცხოვრისის პირობები არა თუ არ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრისის მინიმალურ სტანდარტს, არამედ ღირსების შემლახავ გარემოს ქმნის.

საცხოვრისში უამრავი მძიმე პრობლემაა, რომელიც მუნიციპალიტეტის მხრიდან დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს. შენობა ავარიულია, რის გამოც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე დგას. საცხოვრისში არსებობს გადატვირთულობის პრობლემაც - მცირე ფართობებში მრავალსულიან ოჯახებს უწევთ ცხოვრება, რის გამოც ადამიანებისათვის, მათ შორის, ბავშვებისთვის ან/და შშმ პირებისათვის ინდივიდუალური სივრცის არსებობის შესაძლებლობა გამოირიცხება.

აქ მყოფ ადამიანებს ასევე, არ აქვთ ინდივიდუალური სველი წერტილები - ისინი მათ სართულზე განლაგებული საერთო სველი წერტილებით სარგებლობენ, სადაც კედლები ინგრევა და ჭერიდან ბათქაში ცვივა. შენობაში არ მოდის ცხელი წყალი და აქ არც სამზარეულო სივრცეა.

წყლის პრობლემის გამო საცხოვრისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა. მაცხოვრებლები საუბრობენ შენობაში მღრღნელებისა და მწერების არსებობის შესახებაც.

აქ მცხოვრებლები მუდმივად ჩივიან, რომ გორის მერია ამ პრობლემებს ვერ ხედავს და უკმაყოფილების შემთხვევაში, საცხოვრისის დატოვებისკენ მოუწოდებს ბენეფიციარებს. სამწუხაროდ, მიუხედავად არაადამიანური საცხოვრებელი პირობებისა, ადამიანები საცხოვრისს ვერ ტოვებენ, რადგან ეს მათთვის ისევ ქუჩაში ცხოვრებას ნიშნავს.

ფოტოპროექტი მომზადებულია პროექტის - "ღირსეული შრომის ანაზღაურებისა და ხელმისაწვდომი საცხოვრისის ადოვკატირება" - ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ღია საზოგადოების ფონდის" (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“