საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: „ლიბერალი"/სოფო აფციაური
მძიმე მრეწველობაში დასაქმებულების სამუშაო პირობები განსაკუთრებულად მძიმეა, რამდენადაც შრომა მომეტებული ტექნიკური საფრთხის ობიექტებზე ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკებს უკავშირდება.
ამ სექტორში მუდმივად ვლინდება დასაქმებულების სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და დაღუპვის შემთხვევები. ეს კი განპირობებულია წლების მანძილზე სახელმწიფოს მხრიდან შრომითი უფლებების დაცვის კუთხით გატარებული არაეფექტიანი პოლიტიკით. გადადგმული ნაბიჯები ვერ პასუხობს დასაქმების ადგილებზე შრომითი უფლებების დარღვევების გამოწვევებს.
წიაღისეულის მომპოვებელ და გადამამუშავებელ საწარმოებში დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და სამუშაო გარემოზე დაკვირვების მიზნით EMC შეისწავლა: ინფრასტრუქტურისა და მანქანა-დანადგარების მდგომარეობა, ასევე შესაბამისი სპეცტანსაცმლითა და სამუშაო იარაღებით აღჭურვის საკითხი და დასაქმების ადგილებზე პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობები. კვლევაში იდენტიფიცირებულია საწარმოო ტრავმისა და გარდაცვალების შემთხვევებზე რეაგირებასა და გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემებიც. დამატებით, კვლევა მიმოიხილავს დასაქმების ადგილებზე სანიტარიასთან დაკავშირებულ საკითხებსაც.
დასაქმებულები საუბრობენ საწარმოების ინფრასტრუქტურის სიძველეზე, არასაიმედოობასა და მანქანა-დანადგარების რესტავრაციის, მოდერნიზებისა თუ არსებული რესურსებით წარმოების რეორგანიზების საჭიროებაზე, რათა შემცირდეს საწარმოო ტრავმები და უზრუნველყოფილი იყოს შრომის პროდუქტიულობა და უსაფრთხოება. რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ტექნიკა-დანადგარების დროებითი და ერთჯერადი რესტავრაცია ვერ პასუხობს ინფრასტრუქტურის განახლების საჭიროებას.
ღმერთზე ვართ მინდობილები. არა გვაქვს ხელის შეწყობა არაფრით. დანადგარები გაუმართავია, ვამუშავებთ გაუმართავ დანადგარებს, ვითხოვთ, ვთხოვთ უფროსებს, რომ გაგვიკეთონ, არ არის და ვერ გვიკეთებენ, რა ვქნათ, არ არის და ყოველ წუთშია მარცხი მოსალოდნელი, ყოველ წუთში.
მაღაროებსა და შახტებში დასაქმებულები ასევე აღნიშნავენ, რომ არსებული მანქანა-დანადგარებით სამუშაოს სრულფასოვნად შესრულებისთვის მათი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება უწევთ:
ხანდახან თუნდაც თვალს ვხუჭავთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, ცოტა-ცოტას ვრისკავთ. საბოლოოდ მძიმედ სრულდება, ხოლმე.
სამსახურში რომ მოვდივარ, ჩემები დღე და ღამე ლოცულობენ და ტირიან, რომ აი, მოვა თუ არ მოვა.
_ამბობს სხვა რესპონდენტი.
დასაქმებულები საუბრობენ სამუშაოს სათანადო წესით შესრულებისთვის ექსპლუატაციაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის შესახებაც. მაგალითად, აღნიშნავენ სიძველის გამო მწყობრიდან გამოსული თუ ხშირად გაჩერებული ელმავლებისა და სამგზავრო ვაგონების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში მათ დიდ მანძილზე ფეხით უწევთ გადაადგილება და მძიმე ტექნიკის ტრანსპორტირება:
150-160 კილოა საბურღი მანქანა, დაახლოებით და უნდა გადაიტანო ეს სადღაც 100-150 მეტრზე ორმა კაცმა ბეჭით.
რესპონდენტები ჰყვებიან, რომ საწარმოო ტრავმის შემთხვევაში, სამგზავრო ვაგონების არარსებობისას, მუშებს დამოუკიდებლად უწევთ დაშავებულის გამოყვანა მაღაროდან თუ შახტიდან.უსაფრთხოების სტანდარტის დაცვასა და სრულ ტექნოლოგიურ აღჭურვას კომპანიები მაღალი ფინანსური დანახარჯის გამო არიდებენ თავს, სანაცვლოდ კი ტექნიკა-დანადგარების დროებითი რესტავრაციის მეთოდს მიმართავენ და ერთჯერადი, არამდგრადი გზით აგვარებენ ინფრასტრუქტურის განახლების საჭიროებასაც.ერთ-ერთი საწარმოს მუშა ამბობს:
შრომის პირობები, თითქმის ყველაფერი გაუარესებული არის, როგორც ინდივიდუალურ-დამცავი საშუალებები, უსაფრთხოების წესები, მანქანა-მექანიზმები და რა ვიცი, მოძველებული ტექნიკა და არ ექცევა სათანადო ყურადღება შეძენას. ეს ყველაფერი დაკავშირებული არის ფულთან, რომლის გადახდასაც კომპანია ამდაგვარად ერიდება.
კვლევამ აჩვენა, რომ შესწავლილ საწარმოებში გარკვეულ სამუშაო ადგილებზე პირებს ჯანმრთელობისათვის მავნე გარემოში უწევთ მუშაობა. რესპონდენტები ჰყვებიან ვენტილაციისა და თბოიზოლაციის სისტემის არასათანადოობის, მავნე ნივთიერებებთან შემხებლობისა თუ სამუშაო ინსტრუქციების გაუთვალისწინებლობის გამო, გაუსაძლისი შრომის პირობების შესახებ.
სავენტილაციო სისტემის გაუმართაობით გამოწვეული გაუსაძლისი შრომის პირობების შესახებ ერთ-ერთი მათგანი ამბობს:
ადრე, კომუნისტების დროს, მუშაობდა სავენტილაციო, ახლა არ არის. ზამთარში გვცივა, ვწყდებით სიცივით. ღუმელზე თუ მიხვალ, ასე მიეყუდები _ათბები წინა მხრიდან, მერე შემოტრიალდები. ბუხრისნაირია რა. ამიტომ ღია არის აქეთა მხარე და იქითა მხარე. ფაქტიურად ცივი წყალი რომ დაასხა, გაყინავს. გაუსაძლისი პირობაა.
იმავე ღუმელზე დასაქმებულები, სავენტილაციო სისტემის გაუმართაობის გამო ზაფხულში გაუსაძლისი სიცხის შესახებაც ჰყვებიან
წარმოიდგინეთ ეხლა 40 გრადუსი ტემპერატურაა სიცხე გარეთ, ქე რო უკვე გაუსაძლისი მდგომარეობა არის და ღუმელი, დიდი ღუმელი - 10 მეტრი აქვს დიამეტრი ღუმელს და ის ღუმელი მუშაობს 15 მეგავატზე, ქვას ალღვობს რა, რო ვთქვათ, და იმ პერიოდში არაფერი ვინტილაცია არ გაქვს და შარშან შემოიტანეს მაცივარი, რომ ცივი წყალი დალიეთო, არ დაწყდეთო.
აქვე, რესპონდენტები საუბრობენ გარკვეულ დასაქმების ადგილებზე მავნე სამუშაო პირობებისა და მეტალის მტვრის გამო ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევებზე. სხვადასხვა ადგილზე დასაქმებულები ასევე მიუთითებენ არაერთ მომწამვლელ აირთან შემხებლობის გარემოებაზეც. ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს:
აი მტვერი, ფილტვები, გული. ეს გაზები მომწამვლელ ნივთიერებებს შეიცავს, ერთმა შესუნთქვამ შეიძლება დაგაგდოს ძირს. დაგაინვალიდებს ეს დროთა განმავლობაში.
დასაქმებულების თქმით, მშრომელთა ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგება წარმოების წესის არასათანადოდ და დარღვევებით შესრულების გამოც. ღუმელზე მომუშავე პერსონალი ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოები ექსპლუატაციაში არსებულ დანადგარზე უწევთ, რათა წარმოება არ შეფერხდეს დანადგარის გამორთვით:
სარემონტო სამუშაოები თვითონ ღუმელში როცა ტარდება, ადამიანებს უწევთ ცხელ ღუმელში შესვლა სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, თუმცა არსებობს ინსტრუქციები, რომ უნდა მოხდეს ამ ღუმლის შესაბამის ტემპერატურამდე ჩამოყვანა, მერე ამ ღუმლის შეხურვა, რომ ადამიანს შეეძლოს ნორმალურ პირობებში იმუშაოს, მაგრამ ეს ფაქტობრივად არ ხორციელდება. აქ მთავარია, რაც შეიძლება ღუმლის გაჩერება და მოცდენა მინიმალურ დროში მოხდეს და ფაქტობრივად ადამიანებს აიძულებენ, რომ ამ ცხელ გარემოსა და გაუსაძლის პირობებში იმუშაონ.
კვლევამ აჩვენა, რომ საწარმოებში ადმინისტრაციის მხრიდან სათანადო ყურადღება არ ექცევა დასაქმებულთა სამუშაო ინსტრუმენტებით აღჭურვას და მათი განახლების საკითხს, რის გამოც დასაქმებულებს შორის გამუდმებით დგას შრომის პროდუქტიულობის, მძიმე შრომისა და უსაფრთხოების საკითხი.
დასაქმებულები აცხადებენ, რომ ისინი თავიანთი სახსრებით ყიდულობენ სამუშაოს შესრულებისთვის აუცილებელ ბაზისურ ინსტრუმენტებს. უფრო მეტიც, ინსტრუმენტების ჩანაცვლება სხვადასხვა საშუალებით მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა.
არავინ კითხულობს, რა გაქვთ, რა არ გაქვთ, ამაღამ როგორ უნდა იმუშავო; რა ინსტრუმენტები გაქვს, ხომ არაფერი გჭირდება, ხო არაფერი გინდათ, კიდე დაგიმატოთ და ასე შემდეგ. რა ვიცი, გამომგონებლები ვართ ხოლმე ხშირ შემთხვევაში.
მათი თქმით, სამუშაო ინსტრუმენტების მოთხოვნას საწარმოების ადმინისტრაციები გამუდმებით უგულებელყოფენ.
[ინსტრუმენტები] მოვითხოვეთ და გვეუბნებიან, იშოვეთ სადმე, მთავარია, საქმე გააკეთოთო. მთავარია, საქმე გავაკეთოთ და არ აინტერესებთ, როგორ.
ფრონტის ხაზზე რომ გაუშვებ და იარაღს არ მისცემ ხელში, ეს კი ხვდებით რაც არის, და ჩვენთანაც იგივე სიტუაცია არის.
_ ამბობს ერთ-ერთ საწარმოში დასაქმებული რესპონდენტი.
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საწარმოო პროცესის შემთხვევაში დასაქმებულები საუბრობენ პროფესიული დაავადებებისა თუ საწარმოო ინციდენტებისგან დაცვის მიზნით შესაბამისი ტანისამოსითა და დამცავი საშუალებებით არასათანადო აღჭურვის პრობლემაზე.
მათი თქმით,დამცავი საშუალებები უხარისხოა და არასაკმარისი რაოდენობით, თანაც, არარეგულარულად და იშვიათად მიეწოდებათ. დამატებით, კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა სამუშაო ადგილზე, საწარმოო ინციდენტების დროს გამოსაყენებელი დამცავი საშუალებები გაუმართავ მდგომარეობაში იყო.
[სპეცტანსაცმელი] უხეშია, ყველანაირად გამოუყენებელი, რასაც ჰქვია. ანუ როგორ გითხრათ, 8 საათი რომ მარტო გეცვათ და არაფერი გააკეთო, იარო, უბრალოდ იაროთ, ცვლის ბოლოს 8 საათი რომ დამთავრდება, წაიქცევი.
დამატებით, რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ საფრთხისაგან დამცავი მხოლოდ მინიმალური აღჭურვილობით არიან უზრუნველყოფილნი და ზოგიერთ შემთხვევაში მავნე და საშიში პირობებისგან დასაცავად უსარგებლო, ექსპლუატაციიდან გასული ნივთები მიეწოდებათ, რომელთა მეშვეობითაც, საწარმოო ინციდენტების დროს თავის დაცვა შეუძლებელია. მაგალითად, პროფესიული დაავადებებისაგან თავის დაცვის საშუალებებზე საუბრისას ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომელი დამსაქმებლის მხრიდან ადმინისტრირებულ პირბადეებს ასახელებს.
დამცავი აღჭურვილობა არსებობს პირბადეები მხოლოდ და მხოლოდ, რომელიც ამას ვერ უზრუნველყოფს. თან ხანდახან არის ისეთი სიტუაცია, რომ რაოდენობა არ ყოფნის ადამიანებს. თუ 8 საათში ეძლევა ერთი ცალი, შეიძლება იმ დონის იყოს დამტვერიანება, რომ ეს ერთი ცალი არ გეყოფა.
_ამბობს რესპონდენტი.
დასაქმებულები ასევე აღნიშნავენ საწარმოო ინციდენტებისას ადეკვატური რეაგირების შეუძლებლობის შესახებ, შესაბამისი ინვენტარის არარსებობის გამო:
ავიღოთ, ვთქვათ კრანი, რომელიც მუშაობს, გადაადგილდება. ახვალ ზევით კრანზე, კი დევს სპეციალური პაჟარნი ყუთი, იმაში უნდა იდოს სილა, სპეციალური ცეცხლმაქრი. დევს, რომ მიხვალ არის, მაგრამ ერთ წვეთს ვერ ნახავ შიგნით, ბალონი დგას.
კვლევამ აჩვენა, რომ შესწავლილ საწარმოებში დასაქმებულთათვის ორგანიზებულია გარკვეული პირველადი სამედიცინო დახმარების სერვისები, თუმცა რესპონდენტები სხვადასხვა საწარმოში არასათანადოდ აღჭურვილი სამედიცინო პუნქტებისა და შესაბამისი ინვენტარის განახლების საჭიროებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის გამოყოფილი რესურსები ვერ პასუხობს საწარმოში ტრავმებისა და უბედური შემთხვევების სიმძიმეს და სიხშირეს. კვლევაში მონაწილე სხვადასხვა საწარმოს მედპერსონალის თქმით:
არ არის [მედ]პუნქტი რო ქვია, ოთახი, რაც ჭირდება პუნქტს თავისი აღჭურვილობისთვის. იქ არაფერი არ არის. ელემენტარული სკამი არ არის მთელი რომ დაჯდე. დამტვრეულ სკამებზე ვზივართ. წამლების კარადა ისეთი არის, არასტანდარტული და შეუსაბამო, იქ არ არის საკმარისი თაროები. ვერ გამოყოფ შოკის თაროს ცალკე; ვერ გამოყოფ ქირურგიულს ცალკე, თერაპიულს ცალკე, მედიკამენტს ცალკე, ამპულას ცალკე. ავადმყოფის წამოსაწოლი ტახტი არ არის; უნდა დააჯინო დამტვრეულ სკამზე და ისე გაუწიო დახმარება.
სხვადასხვა საწარმოში დასაქმებულები საუბრობენ საწარმოო ტრავმებისა და გარდაცვალების შემთხვევების არასათანადო იდენტიფიცირების, აღრიცხვისა და კომპენსირების პრობლემაზე და არსებული პრაქტიკის შრომით უფლებრივ სტანდარტთან დაახლოების მიზნით, შესაბამისი გამოძიებისა თუ რეაგირების აუცილებლობაზე.
გამოკითხულ პირთა თქმით, დაზარალებულთა დაშინებისა და მოსყიდვის გამო, საწარმოებში მცირე რაოდენობის ტრავმა და უბედური შემთხვევაა აღწერილი, გამოძიებული და კომპენსირებული. მათი მტკიცებით, ტრავმისა და დაღუპვის შემთხვევებთან დაკავშირებული სტატისტიკის გასაჯაროების თავიდან აცილების მიზნით აღინიშნება დასაქმებულ პირებზე ზეწოლა და შანტაჟი, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს პასუხისმგებელი პირების დასჯისა და შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობები. სხვადასხვა საწარმოში დასაქმებულები ჰყვებიან:
ესენი აკეთებენ შანტაჟირებას თვითონ დაზარალებულის. რას ეუბნებიან ახლა: შენ თუ რამე გინდაო, არ თქვა, რომ სამსახურში დავმარცხდი. აი, მოვკიდებთ შენს ცვლის უფროსს ხელს და დავიჭერთ, დავიჭერთ შენს უბნის გამგეს.ამიტომ ხშირად ვიკავებთ ამნაირი მოქმედებისგან თავს. გაიგეთ? რომ ჩვენი ახლობელი ადამიანი არ დავაზარალოთ. ეგ სისტემა კარგად აქვთ აწყობილი ამათ.
დასაქმებულთა თქმით, კომპანია ცდილობს, დაშინების გზით შეაცვლევინოს დაზარალებულ დასაქმებულს გადაწყვეტილება კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი სხვა რესპონდენტი საუბრობს იმ კომპრომისების შესახებ, რითაც დამსაქმებლები ცდილობენ დაშავებულთა ან დაღუპულთა ოჯახის წევრების დათანხმებას:
ადამიანი რომ დამარცხდება, კომპანია ყოველთვის ცდილობს, რო ეუბნებიან, რო შენ ახლა მაგ არ გაამხილო, რო ეგ სამსახურში მოგივიდა და ჩვენ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს; წადი ახლა ბიულეტენზე გადი; ბიულეტენის იქითაც შეგიძლია, ერთი თვე არ გამოხვიდე და მერე დაგაბრუნებთ სამუშაოზე ჩვეულებრივად.
რესპონდენტები ამბობენ, რომ ხშირია კომპრომისი დაღუპულთა ოჯახების მხრიდან დაკრძალვის ხარჯის დაფარვის სანაცვლოდ. ისინი იხსენებენ იმგვარ პრეცედენტებსაც, როდესაც საწარმოო ტრავმისა თუ დაღუპვის შემთხვევების დამალვას საწარმომ, დასაქმებულებზე ჯარიმის დაკისრებისა თუ საყვედურის გამოცხადების მუქარის გზით მიაღწია. აღნიშნულ დარღვევებზე შესაბამის პირთა პასუხისგებაში მიცემის საჭიროებაზე საუბრისას ერთ-ერთი რესპონდენტი სვამს რიტორიკულ კითხვას:
განმკითხავი ვინ არის?მე განმკითხავს ვეძებ. განმკითხავი მინდა, აქ რომ მოვიდეს.
*სტატია მომზადებულია საველე კვლევის ფარგლებში შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. გაეცანით კვლევას:შრომის ინსპექტირების მექანიზმის შეფასება და დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობა საქართველოში.
ინსტრუქცია