საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
პრობლემის აღწერა - ქართული კონტექსტი
ეთნიკური უმცირესობები სოციალურად და ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია საქართველოში. 2014 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 13.2%-ს ეთნიკური უმცირესობები შეადგენენ. მათ შორის უმრავლესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელები (6,3%) და სომხები (4.5%) არიან.
თავის მხრივ, ეთნიკური აზერბაიჯანელების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში ცხოვრობს, ხოლო ეთნიკური სომხების უმრავლესობა − სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ეთნიკური სომხების 39% თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, ხოლო ეთნიკური აზერბაიჯანელების მხოლოდ 18% საუბრობს თავისუფლად სახელმწიფო ენაზე.[1] სახელმწიფო ენის ცოდნის მსგავსი მაჩვენებლებია რეგიონების მიხედვითაც. სამცხე ჯავახეთში (ეთნიკური სომხები) ქართულ ენაზე მსჯელობა და სათქმელის გადმოცემა კარგად შეუძლია გამოკითხულა 19.9%-ს, მაშინ როდესაც, ქვემო ქართლში (ეთნიკური აზერბაიჯანელები) ეს მაჩვენებელი მხოლოდ 12.5%-ია.[2]
დღეს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების მიმართ, სახელმწიფოს დეკლარირებული პოლიტიკა სახელმწიფო ენის სწავლებით (ბოლო წლების განმავლობაში კი ბილინგვური განათლების სისტემაზე გადასვლით) სამოქალაქო თანასწორობის მიღწევაა[3]. თუმცა, მეორე მხრივ, ეს სახელმწიფოს უქმნის იმის წინაპირობას, რომ შემდგომში აღარ დახარჯოს დამატებითი რესურსები იმ საერთაშორისო ნორმების, მოთხოვნებისა და სტანდარტების იმპლემენტაციაზე, რომლებიც ქვეყნის შიგნით უმცირესობების ლინგვისტურ უფლებებს აღიარებდა და დაიცავდა.
სწორედ სახელმწიფოს მიერ არჩეული პოლიტიკის შედეგია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში ეთნიკური უმცირესობებში, სახელმწიფო ენის ცოდნის მაჩვენებელს არსებითი ცვლილება არ განუცდია. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ 2022 წელს ჩატარებული ორი კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების 63% ვერ საუბრობს ქართულად, ხოლო 84% ვერ კითხულობს ლიტერატურას და ვერ იგებს ტექსტის შინაარსს[4], რისი მიზეზიც, ისევ და ისევ სახელმწიფოს არაინკლუზიური და მოჩვენებითი პოლიტიკაა.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის სკოლამდელი განათლება 2.7-ჯერ ნაკლებად არის ხელმისაწვდომი, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობისათვის. ხოლო, ეთნიკური უმცირესობების სკოლებში მასწავლებლების რიცხვი საჭირო რაოდენობაზე ორჯერ ნაკლებია. ამასთან, ეთნიკური უმცირესობების სკოლებში დღემდე არ არის ხელმისაწვდომი ბილინგვური სახელმძღვანელოები.
ნათელია, რომ განათლების პოლიტიკის არსებითი და სრულყოფილი რეფორმირების პირობებშიც კი, 30 წლის განმავლობაში დაგროვილი უთანასწორობის შევსება რთული იქნება. იმდენად, რამდენადაც მათთვის, ვინც ასაკისა და სოციალური მდგომარეობის გამო ფორმალური განათლების სისტემის გარეთ რჩება, სახელმწიფო ენის თავიდან შესწავლა ძალზედ რთული საქმეა.
სწორედ სახელმწიფოს მიერ არჩეული ენობრივი პოლიტიკა განაპირობებს ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან იზოლირებას, რაზეც ის ფაქტიც მიუთითებს, რომ კვლევების მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების 70%-ს არასდროს მიმართავს/მიუმართავს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის პირადი თუ კოლექტიური საჭიროებებისთვის.[5]
ამ მონაცემებზე დაკვირვება და ანალიზი გვაფიქრებს, რომ არსებული ენობრივი პოლიტიკა, რომელიც, ერთი მხრივ, მთლიანად დევნის უმცირესობების ენებს ფორმალურ საჯარო სივრცეებიდან, ხოლო, მეორე მხრივ, არ ქმნის შესაბამის საფუძვლებს სახელმწიფო ენის სწავლისთვის, საჭიროებს ძირეულ ცვლილებასა და რეფორმირებას. ამ ცვლილების საფუძველი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ადგილობრივი თემის საჭიროებების დანახვა საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტებისა და მოწესრიგების ფონზე.
წინამდებარე სტატიის მიზანი სწორედ ისაა, რომ, არსებული საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების მიმოხილვისა და ანალიზის გზით, შეაფასოს ქართული კანონმდებლობა და შემოგვთავაზოს გამოსავალი იმ რეალობიდან, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს ბაზისურ სერვისებზე ხელმისაწვდომობას ართმევს.
[1] დემოგრაფიული სტატისტიკა, ხელმისაწვდომია: https://smr.gov.ge/ge/page/33/demografiuli-statistika
[2] სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის შედეგები. ხელმისავდომია:https://www.issa-georgia.com/ge/non-entrepreneurial-non-commercial-legal-entity/fondi-ghia-sazogadoeba-saqartvelo/etnikuri-umtsiresobis-eqskluzia-garikva-saqartveloshi-2021/175?fbclid=IwAR0spd5XfZK7ZFACmH_AaI3Iv1lUYgrzmHsV3fvOFJbY4VBSGV2x9KnqUhM
[3]სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია 2021-2030-ხელმისავწოდმია: https://smr.gov.ge/uploads/Files/_%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90/danarti_1.pdf
[4] სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის შედეგები. https://www.issa-georgia.com/ge/non-entrepreneurial-non-commercial-legal-entity/fondi-ghia-sazogadoeba-saqartvelo/etnikuri-umtsiresobis-eqskluzia-garikva-saqartveloshi-2021/175?fbclid=IwAR0spd5XfZK7ZFACmH_AaI3Iv1lUYgrzmHsV3fvOFJbY4VBSGV2x9KnqUhM
[5]ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის სტატისტიკა: https://osgf.ge/publication/etnikuri-umciresobebis-warmomadgenlebis-politikur-ckhovrebashi-monawileobis-kvleva/
ინსტრუქცია