[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

კვიპროსი, ევროკავშირი და სამშვიდობო პოლიტიკის გამოცდილება - გაკვეთილები საქართველოსთვის

ინტერვიუ ჰუბერტ ფაუსტმანთან

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ინტერვიუს ნიქოზიის უნივერსიტეტის ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორთან, ჰუბერტ ფაუსტმანთან. ის ასევე არის ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვიპროსის ოფისის ხელმძღვანელი. ჰუბერტ ფაუსტმანი არის ექსპერტი ბრიტანული კოლონიური კვიპროსის და დამოუკიდებლობის შემდგომი კვიპროსის ისტორიის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

ინტერვიუში ჰუბერტ ფაუსტმანი აფასებს კვიპროსის გამოცდილებას ევროინტეგრაციის და კონფლიქტის ტრანსფორმაციის გზაზე და გვიზიარებს თავის ხედვას, თუ რამდენად რელევანტური და გამოსადეგია ეს გამოცდილება საქართველოს კონტექსტისთვის.

- დავიწყოთ კვიპროსის კონფლიქტის ისტორიის მცირე ანალიზით. თქვენ, როგორც ისტორიკოსი, როგორ შეაფასებდით მას, იყო ეს კონფლიქტი პოლიტიკურ ელიტებსა და ლიდერებს შორის, რომელმაც შემდეგ თემებს შორის დაპირისპირებაც წაახალისა თუ პირიქით, ქვემოდან, ხალხთა შორის დაპირისპირებით დაიწყო?

- ჩემი აზრით, ცხადია, რომ ეს იყო კონფლიქტი ძირითადად პოლიტიკურ ელიტებს შორის, თუმცა ასე მარტივადაც არ არის საქმე. სიტუაცია იცვლებოდა კონფლიქტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე, განსაკუთრებით, ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ. მაგალითად, თემებს შორის დაპირისპირება და კონფლიქტი მოჰყვა 1911 წელს იტალიის მიერ ოსმალების დამარცხებას. თუმცა ამგვარი შემთხვევა მხოლოდ ერთეული იყო. ზოგადად, ბერძენი და თურქი კვიპროსელების ურთიერთობა არ გამოირჩეოდა უთანხმოებით. აქვე გამოვყოფდი კიდევ ერთ ფაქტორს: რადგან იმ დროს კუნძულზე მცხოვრები ადამიანების უმეტესობა წერა-კითხვის უცოდინარი იყო და ეს ასე გრძელდებოდა ბრიტანელების მმართველობის შუა პერიოდამდე მაინც, თითქმის არ მოგვეპოვება ცნობები იმასთან დაკავშირებით, თუ რა სურდათ, ან როგორი იყო მათი განწყობები. მხოლოდ ის ვიცით, რაც ელიტებს სურდათ.

ორივე პოზიცია, როგორც Enosis (საბერძნეთთან გაერთიანების) მხარდამჭერი, ისე მისი მოწინააღმდეგე (Taksim - თურქეთთან გაერთიანების მხარდამჭერი), მკაფიოდ იყო გაცხადებული. რასაკვირველია, აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკური დამოკიდებულება და საჭიროებების დაკმაყოფილება, თუმცა არ ვიცით, რამდენად იყო ინტერნალიზებული ეს გარემოებები ჩვეულებრივი ადამიანების მიერ, ან როგორი იყო მათი იდენტობა. განხეთქილება თემებს შორის გაღრმავდა განათლების ხელშეწყობის მეშვეობით. ბრიტანელებმა მოკიდეს ხელი კუნძულზე განათლების პრობლემის მოგვარებას, თუმცა მათ არჩევანი დაუტოვეს ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც სახელმძღვანელოები საბერძნეთიდან და თურქეთიდან შემოჰქონდა. იგივე ეხება მასწავლებლებსაც, რომლებიც კუნძულზე ამ ორი ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ. სწორედ აქედან იწყება რიგითი ადამიანების ცნობიერებაში მტრის ხატის წარმოქმნა. შეიძლება ითქვას, რომ ელიტებს შორის გაჩენილი კონფლიქტი, რიგით ადამიანებამდე ამგვარად „ჩამოიწურა“.

1950-იანი წლების ძალადობრივი დაპირისპირების შემთხვევებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მასში ძირითადად ის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომლებმაც რელიგიურ სკოლაში მიიღეს განათლება. გამოდის, რომ ელიტებმა საკმაოდ წარმატებით მოახერხეს საზოგადოების ინდოქტრინიზაცია. თუმცა საქმე არც აქ იყო მარტივად, რადგან არც ელიტებს ჰქონდათ ერთიანი მიდგომა - პოლიტიკური მემარცხენეები და მემარჯვენეები განსხვავებულ დღის წესრიგს მისდევდნენ. მემარცხენეები პროტესტის მშვიდობიანი ფორმებით გამოხატვისკენ იხრებოდნენ, ხოლო მემარჯვენეები ძალადობისკენ უბიძგებდნენ მოსახლეობას. ასე რომ, რიგითი ადამიანების განწყობები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში უცნობი რჩებოდა, დროთა განმავლობაში იცვლებოდა და 1950-იანი წლებისთვის უკვე აშკარა გახდა, რომ ისინი უკვე ფიზიკურადაც და ემოციურადაც ჩაებნენ დაპირისპირებაში. 1957 წლიდან სახეზე გვაქვს ეთნიკური წმენდის შემთხვევები, როდესაც თურქებმა ბერძნები გამოყარეს საკუთარი სახლებიდან. სიძულვილი დაავადებასავით მოედო თემებსა და სამეზობლოებს. თავდაპირველად დაპირისპირებები შეზღუდულ არეალზე ვრცელდებოდა. მაგალითად, ერთი და იმავე სოფლის მცხოვრებლები ერთმანეთს იშვიათად ესხმოდნენ თავს და დაპირისპირებები ხშირად მეზობელ სოფელთან ხდებოდა. თუმცა თემთაშორისი კონფლიქტის მასშტაბები თანდათან გაიზარდა. ცხადია, რომ ამ დროს გარკვეულმა ნაწილმა შეძლო ღირსების და ადამიანობის შენარჩუნება. სიძულვილი და, შესაბამისად, ძალადობა, დაზარალებული ადამიანების რაოდენობის ზრდის პროპორციულად იზრდებოდა. 1974 წლისთვის მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც უშუალოდ შეეხო კონფლიქტი და ძალადობა - მათ დაკარგეს ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები, ათასობით მათგანმა დაკარგა საკუთარი სახლი, ან განიცადა სხვა სახის ზიანი.

- საქართველოში არსებული კონფლიქტების შემთხვევაშიც, შეიძლება ითქვას, რომ ისინი დაიწყო ჯერ პოლიტიკური ელიტების დონეზე, გამწვავდა საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, როცა დამოუკიდებელი საქართველოს მომავალი ბუნდოვანი იყო და შემდეგ „ჩამოიწურა“ საზოგადოებებშიც. კონფლიქტებიდან 30-ზე მეტი წლი გასვლის შემდეგაც კი, არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხალხთა შორის ურთიერთობებმა ტრანსფორმაცია განიცადა. ეს ურთიერთობები არ აღმდგარა. აფხაზების და ოსებისთვის ქართველები ჯერ კიდევ მტრები არიან, ხოლო ქართველებისთვის ისინი - სეპარატისტები და რუსეთის მარიონეტები. კვიპროსის შემთხვევაში, სიტუაცია სხვაგვარია - არსებობს სამშვიდობო მოძრაობა, თემებს შორის თანამშრომლობა. შეგვიძლია თუ არა, ვთქვათ, რომ კვიპროსმა მიაღწია იმ ეტაპს, როდესაც დაპირისპირებული საზოგადოებები ერთმანეთს მტრებად აღარ მიიჩნევენ და მათ უკვე მიაღწიეს ტრანსფორმაციის ისეთ ხარისხს, როდესაც უკვე შეუძლიათ მშვიდობიანად თანაარსებობა?

- ვფიქრობ, აქ ორი განზომილება უნდა გამოვყოთ. 1974 წლის მოვლენებიდან ძალიან მალე, გაჩნდა ბერძნული კვიპროსელების ნარატივი, რომელიც თურქ კვიპროსელებს „ძმებად“ მოიხსენიებდა, ხოლო თურქეთს - მტრად. თითქოს საზოგადოების ამ ნაწილს კოლექტიური ამნეზია დაემართა და მათ დაივიწყეს თურქი კვიპროსელების მიერ ჩადენილი დანაშაულებები და ძალადობა. ამ ნარატივით ბერძნები დაუპირისპირდნენ გაერთიანების მოწინააღმდეგე თურქების ნარატივს, რომელიც გამორიცხავდა ორ საზოგადოებას შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობას. ბერძნების ნარატივი მათ პასუხობდა, რომ დიახ, შესაძლებელია, რადგან ჩვენ ძმები ვართ და რაც დაგვემართა, მხოლოდ თურქეთის ჩარევის გამო. ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ მხოლოდ საზოგადოებებს შორის მშვიდობის დამყარებითა და კონფლიქტის მოგვარებით შეასუსტებდნენ და საბოლოოდ აღმოფხვრიდნენ თურქეთის გავლენას კუნძულზე. თავდაპირველად თურქების, როგორც ძმების, ნარატივი ძირითადად მემარცხენე პოლიტიკურ ძალებს შორის იყო პოპულარული, თუმცა მოგვიანებით ის მემარჯვენეებმაც აიტაცეს. ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა პოლიტიკური ელიტების მხრიდან, მოეხდინათ მეორე მხარის რეპრეზენტაცია, რაც წარმატებული არ აღმოჩნდა, რადგან თურქ კვიპოროსელებში რადიკალურმა ჯგუფებმა იმძლავრეს. ვფიქრობ, ყველაზე კარგი, რაც მოხდა კვიპროსის შემთხვევაში და რაც განასხვავებს ამ შემთხვევას სხვა შემთხვევებისგან, არის კონსენსუსი ორ თემს შორის, ძალადობის დაუშვებლობის თაობაზე. ორივე საზოგადოება ღრმად ტრავმირებულია ძალადობისა და სისხლიანი დაპირისპირების რამდენიმე ტალღით, რომელიც თითქმის 20 წელი - 1955-დან 1974 წლამდე გრძელდებოდა და რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია ისიც, რომ კვიპროსელები, ბუნებით და განწყობით არ არიან აგრესიულები და მოძალადეები. ბარებშიც კი, იშვიათად თუ გადააწყდებით სადმე ჩხუბსა და აყალმაყალს. დემონსტრაციებიც, კვიპროსში, განსხვავდება იმ დემონსტრაციებისა და გამოსვლებისგან, რომლებიც საბერძნეთსა და თურქეთში ხდება. ეს არის ძალიან მშვიდობიანი, ყოფილი კოლონია, რომელმაც გადაიტანა ძალისმიერი და სისხლიანი დაპირისპირების 20 საშინელი წელი ისე, რომ ჩადენილი დანაშაულების გამო არავინ დასჯილა. განსხვავებული ნარატივების მიუხედავად, ორივე საზოგადოებამ მიაღწია კონსენსუსს იმის თაობაზე, რომ მათ დაპირისპირება და ძალადობა აღარ სჭირდებათ. ამიტომ, ერთმანეთთან ურთიერთობას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან, რაც, ჩემი აზრით, ძალზე ჯანსაღი დამოკიდებულებაა. კვიპროსელი ბერძნები მეტისმეტად თავაზიანები და ფრთხილები არიან თურქი კვიპროსელების მიმართ, როდესაც ისინი კუნძულის სამხრეთ ნაწილში მათ გზას ეკითხებიან, ან დახმარებას სთხოვენ და იგივე ხდება ჩრდილოურ ნაწილში. ეს არის გარკვეული თვითცენზურა. ბერძნულ მოსახლეობაში არსად გამქრალა ბრაზი თურქი კვიპროსელების მიმართ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მათ ოფიციალურად არ შეუძლიათ იმის თქმა, რომ ეს ადამიანი, მაგალითად, მათი ოჯახისთვის წართმეულ სახლში ცხოვრობს, ან ამ კაცს პოლიტიკური ძალაუფლების 50% სურს და თან დაუმსახურებლად. შერიგებას რაც აიოლებს და თან, ამავე დროს, უცნაურიცაა, ეს არის გარკვეული დისკურსებისა და წუხილების ჩახშობა, ასევე, მეორე მხარის გაიდეალება: ისინი სარგებლობენ უფასო სამედიცინო მომსახურებით, მათ უწოდებენ ძმებს და უარყოფით კონტექსტში არ მოიხსენიებენ. ასე რომ, საქმე გვაქვს პოსტკონფლიქტური საზოგადოების რეკონსტრუქციის მეტად უცნაურ პროცესთან, რომლის ფარგლებშიც სიძულვილი და აგრესია მიმართულია თურქეთისკენ, რომელიც ბარბაროსად და ბოროტმოქმედად არის წარმოჩინებული.

- ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ძალადობისა და სისხლიანი დაპირისპირების 20 წლის განმავლობაში განცდილი ტრამა არ გადახარშულა და არ გადააზრებულა?

- დიახ, ეს ტაბუდადებული თემაა კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარისთვის. ამაზე არავინ საუბრობს, თითქოს არაფერი მომხდარა. ეთნიკური ანგარიშსწორების გარდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ერთმანეთსაც ხოცავდნენ. 1968-1974 წლებში კვიპროსის ბერძნულ ნაწილში მრავალი ადამიანი იმსხვერპლა მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის დაპირისპირებამ, განსაკუთრებით, მემარჯვენეების მხრიდან. ამის შესახებ ყველამ იცის, თუმცა არავინ ლაპარაკობს - ტაბუა. ჩადენილი დანაშაულის გამო ციხეში არავინ წასულა. არც ამაზე საუბრობენ ღიად, ვინაობასაც არ ასახელებენ. არავინ საუბრობს მომხდარზე ისე, რომ ამაში ვინმეს ადანაშაულებდეს. ეს არის ერთგვარი ჩახშობილი ცოდნა და დისკურსი. ერთი მხრივ, თითქოს სოციალური ჰარმონია სუფევს, მაგრამ ეს არის ზედაპირული, თითქოს მიწის ქერქის ქვეშ ვულკანი თვლემდეს.

- თქვენ ფიქრობთ, რომ დროის რომელიღაც მონაკვეთში ეს ვულკანი გაიღვიძებს?

- არ მგონია, რომ ასე მოხდება, რადგან დრო გადის, რაც ვულკანის სასარგებლოდ არ მუშაობს. 1974 წელს შეწყდა ძალადობა და მისი ჩამდენებიდან ბევრი უკვე აღარ არის ცოცხალი. ანუ, ძველი თაობა მიდის და რამდენადაც ირონიული არ უნდა იყოს, ეს ამსუბუქებს წარსულზე საუბარს. მე ამას ახლა, როგორც გერმანელი, ისე გეუბნებით. როდესაც ვიღაცის პაპა ცოცხალი აღარ არის, მის მიერ ჩადენილ დანაშულებზე საუბარი ბევრად იოლია, ვიდრე ეს მის სიცოცხლეში იქნებოდა. დანაშულის აღიარებას, ამ შემთხვევაში, სისხლის სამართლის დევნა და დამნაშავის დაპატიმრება არ მოჰყვება. ასე რომ, ამ ფაქტებზე საუბარი იოლდება. იოლდება საუბარი ჩადენილ დანაშაულზეც და მათი აღიარებაც, როდესაც აღარავინაა განსასჯელი და დასასჯელი. ასე რომ, სამართლიანობა ჯერაც არ აღდგენილა. ამ საკითხებზე მიდის მუშაობა და ცალკეული პროექტებიც ხორციელდება. საერთოდ, როდესაც ამ ტიპის პროექტებზე მიდგება ხოლმე საქმე, ყოველთვის არის იმის მოთხოვნა და მოლოდინი, რომ სამხრეთ აფრიკული მოდელისკენ, და სიმართლის დამდგენი კოალიციის გზით უნდა წავიდეთ. თუმცა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა. ახლახან, გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ნიკოს ქრისტოდულიდისი თითქოს მხარს უჭერს სიმართლის დამდგენი კომისიის შექმნას, რაშიც მე ეჭვი მეპარება. ერთი, რომ მას არაფრად არ უღირს ამ კომისიის შექმნა და მეორეც, მან ზუსტად იცის, რომ მეორე მხარე ამაზე არ წამოვა.

- ახლა, როდესაც კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე ვსაუბრობთ, ხომ ვერ გაიხსენებდით იმ ძირითად ისტორიულ მომენტებს, რომლებმაც გარდამტეხი გავლენა იქონია იმ რეალობის ჩამოყალიბებაზე, რაც დღეს გვაქვს კუნძულზე?

- პირველი, ეს არის 1950-იანი წლების მოვლენების ინტერნაციონალიზაცია. როდესაც 1955 წელს კონფლიქტი დასრულდა (ეს იყო კონფლიქტი ბერძენ კვიპროსელებს, ბრიტანელებსა და გარკვეულწილად თურქ კვიპროსელებს შორის), დიდ ბრიტანეთს მოუწია, გაეროსთვის აეხსნა, თუ რატომ ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი კოლონია კვიპროსში. მათი არუგმენტით, თუ ბრიტანეთი დატოვებდა კუნძულს, გარდაუვალი იქნებოდა ომი არა მხოლოდ საბერძნეთსა და თურქეთს შორის, არამედ კუნძულზე მცხოვრებ ბერძნებსა და თურქებს შორისაც. თუმცა ბრიტანელებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს იმისთვის, რომ ორივე სცენარის ალბათობა გაზრდილიყო: მათ სათავისოდ გამოიყენეს სრულიად ბუნებრივი კონფლიქტი ინტერესებს შორის. მუსლიმი კვიპროსელების ინტერესში, ცხადია, არ შედიოდა, რომ საბერძნეთის ნაწილი გამხდარიყო კუნძული და თვითონ - უმცირესობის სტატუსი ჰქონოდათ. ბრიტანელებმა ხელი შეუწყვეს კუნძულზე სიტუაციის ესკალაციას - ჩააყენეს პოლიცია, აგზავნეს წერილები თურქეთში, შექმნეს დიდი არეულობა და ქაოსი. „დაყავი და იბატონე“ - სწორედ ეს იყო ბრიტანელების პოლიტიკა ამ ფრაზის ყველაზე უფრო ზუსტი და პირდაპირი გაგებით.

- თუმცა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია მაინც ბერძენმა, მემარჯვენე კვიპროსელებმა მოახდინეს, რომელთაც ზურგს კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია უმაგრებდა. მოახლოებული საერთო არჩევნების ფონზე, მათ გადაწყვიტეს, რომ ენოსისზე (საბერძნეთთან გაერთიანება) უკეთეს ვერაფერს შესთავაზებდნენ ელექტორატს. ამასობაში, ენოსისის იდეა, მემარცხენეებმაც აიტაცეს, რომლებმაც ნახეს, თუ როგორ სწრაფად იკრებდა იგი პოპულარობას. ამ დროს საბერძნეთში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა და კომუნისტებზე დევნა იყო გამოცხადებული. კვიპროსელმა ბერძნებმაც გადაწყვიტეს იგივე გაეკეთებინათ იმისთვის, რათა ყველასთვის დაენახვებინათ, თუ როგორი მჭიდრო იყო კავშირი მათსა და საბერძნეთს შორის. ამისთვის მათ გაეროს ტრიბუნაც გამოიყენეს და შეეცადნენ დავაში ჩაერთოთ საბერძნეთი, რომელსაც საერთოდ არ უნდოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან არ სურდა დაპირისპირებოდა დიდ ბრიტანეთს. კვიპროსელმა ბერძნებმა მოიშველიეს მართლმადიდებელი ეკლესია და საბერძნეთში საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს. ისინი ასევე დაიმუქრნენ, რომ თუ საბერძნეთი უარს იტყოდა გაეროს ტრიბუნაზე დაეყენებინა ენოსისის საკითხი, ისინი არაბებს სთხოვდნენ დახმარებას. საბერძნეთი დანებდა და გადაწყვიტა, კვიპროსის საკითხი ხალხების თვითგამორკვევის უფლების კუთხით დაეყენებინა. ამ ნაბიჯმა დაბნეულობა გამოიწვია ახლად გათავისუფლებულ კოლონიებში - თუ ერთი მმართველი მეორეთი უნდა შეცვალო, რა აზრი აქვს დამოუკიდებლობას? ბრიტანელებს, ამ მოვლენების ფონზე, თავის მართლება მოუწიათ. ამერიკელებმა, რომლებმაც სცადეს მოსალოდნელი გაუგებრობის თავიდან აცილება, დაბლოკეს ეს პროცესი და, შესაბამისად, კვიპროსელების თვითგამორკვევის საკითხი გაერომ აღარ განიხილა.

- კვიპროსელმა ბერძნებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაც ისეთი მოემოქმედებინათ, რითაც საერთაშორისო ყურადღებას მიიპყრობდნენ და გაეროს აიძულებდნენ მათი საკითხი გენერალურ ასამბლეას განეხილა. ამისთვის მათ შეიარაღებული დაპირისპირების გაღვივება მოიფიქრეს, რათა მსოფლიო მიმხვდარიყო, რომ მათი საკითხი ყურად უნდა ეღოთ და დიდ ბრიტანეთს კუნძული უნდა დაეტოვებინა. ეს, რბილად რომ ვთქვათ, ბრიყვული სტრატეგია იყო. რა მოიმოქმედეს ამ დროს ბრიტანელებმა? 1955 წელს, გენერალური ასამბლეის სხდომამდე ცოტა ხნით ადრე, მათ გამართეს კონფერენცია და საბერძნეთი და თურქეთი პრობლემების განსახილველად მოიპატიჟეს. ისინი ვერ მიხვდნენ, რომ ამით მახეში შეაბიჯეს. ამგვარად, თურქეთი გახდა დაინტერესებული მხარე. თურქეთს, მანამდეც, 1954 წელს, უკვე ჰქონდა გაცხადებული პრეტენზიები, რომ კუნძულზე განლაგებული ბრიტანული ჯარი თურქული მოსახლეობის ინტერესებს ნაკლებად იცავდა, რის შედეგადაც, ბრიტანელებმა წერილი გაუგზავნეს თურქეთს და, ფაქტობრივად, უზრუნველყვეს მისი, როგორც მხარის ჩართვა. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც წარმოიქმნა გაყოფა, მისი კლასიკური გაგებით.

- მეორე მომენტი უკავშირდება 1956 წლის დეკემბერს, როდესაც ბრიტანელებმა გადაწყვიტეს, რომ თვითგამორკვევის უფლება არა ზოგადად კუნძულის მოსახლეობისთვის - როგორც ერთი საზოგადოებისთვის, მიენიჭებინათ, არამედ ცალ-ცალკე - ბერძნებისა და თურქებისთვის. ამგვარად, საჭირო იქნებოდა არა მხოლოდ ერთის, არამედ ორი რეფერენდუმის ჩატარება. ისე გამოვიდოდა, რომ ენოსისი მოიხსნებოდა დღის წესრიგიდან, რადგან თურქები ამას არასდროს დაუჭერდნენ მხარს. შესაბამისად, რჩებოდა სამი ალტერნატივა - ბრიტანეთის კოლონიალური მმართველობის შენარჩუნება, გაყოფა ან დამოუკიდებლობა. ამ ნაბიჯით ენოსისის იდეა, ფაქტობრივად, მოკვდა 1956 წლის დეკემბერში, როდესაც ბრიტანელებმა თურქებს, როგორც ცალკე მდგომ საზოგადოებას, მიანიჭეს თვითგამორკვევის უფლება.

- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ დროს მოხდა, იყო ის, რომ კუნძულის თურქული თემი აღიარეს თანაბარი პოლიტიკური უფლების მქონედ ბერძნებთან ერთად და არა უმცირესობად, რომელთა უფლებები უნდა იყოს დაცული. უნდა ითქვას, რომ მათი, როგორც უმცირესობების, უფლებები ბერძენ კვიპროსელებს ეჭვქვეშ არასოდეს დაუყენებიათ. მაგრამ თურქები არ არიან უმცირესობა. 1960 წლიდან ისინი ითვლებიან კვიპროსის რესპუბლიკის თანადამფუძნებელ თემად, რომელსაც აქვს განსაზღვრული უფლებები: საჯარო სამსახურში უნდა იყოს წარმოდგენილი მათი თემის 30%, 40% - შეიარაღებულ ძალებში. ბერძნებს ჰყავთ პრეზიდენტი, თურქებს - ვიცეპრეზიდენტი, ბერძნები 50 ადგილით არიან წარმოდგენილნი პარლამენტში, ხოლო თურქები - 35-ით, თუმცა ნებისმიერი იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რომლებიც გავლენას მოახდენს კუნძულის თურქულ მოსახლეობაზე, საჭიროა მათი 8 ხმა. ბრიტანელების მიერ თურქული მოსახლეობისთვის თვითგამორკვევის უფლებების მინიჭების შედეგად, კუნძულის იყოფა თურქული ნაწილის სურვილით - ამიტომ არის ეს მოვლენა მნიშვნელოვანი.

რომ შევაჯამოთ, როდესაც ეს არეულობა „დალაგდა“, აღმოჩნდა, რომ შედეგი არავისთვის იყო სასურველი - სახელმწიფო, რომელიც არავის უნდოდა, და რომელიც ძალაუფლების გაყოფაზე იყო დაფუძნებული. ბრიტანელების ერთადერთი მიზანი იყო, რომ კუნძულზე შეენარჩუნებინათ სამხედრო ბაზები და სხვა ყველა პროცესიდან ჩამოშორებულიყვნენ. საბერძნეთსა და თურქეთს ერთმანეთთან ომი არ უნდოდათ: თურქეთს იმ პერიოდში საკმაოდ უჭირდა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და, შესაბამისად, იძულებული გახდა არასასურველ კომპრომისზე წასულიყო.

ქრონოლოგიურად მივყვეთ. 1956 წლის შემდგომ პერიოდში, 1963-1964 წლებში, თურქებმა დაიწყეს საკუთარი პოლიტიკური უფლებების გამოყენება. 1974 წლიდან იწყება კუნძულის გაყოფა და, შესაბამისად, ხორცი ესხმება კუნძულის თურქული თემის სტრატეგიულ ამოცანას - ტერიტორიის დასაკუთრებას - მათ დაუკანონდათ კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი და ამ საკუთრებას ისინი დღემდე იცავენ.

შემდეგი გარდამტეხი მოვლენა იყო ე.წ. ანანის გეგმა და კუნძულის გაერთიანების შესაძლებლობა ფედერაციული მოწყობის ქვეშ. თუმცა, ამ იდეაზე, საბოლოოდ, უარი თქვეს ბერძენმა კვიპროსელებმა. ასე რომ, კუნძული კვლავ გაყოფილია. იყო საუბარი ჩრდილოეთი ნაწილის ტრანსფორმაციაზე, როგორც გაერთიანების სამომავლო პერსპექტივაზე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მოვლენების ყველასთვის ცნობილი განვითარების შედეგად, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში სულ უფრო იზრდება რუსების რაოდენობა, რომლებმაც, შეიძლება მალე რიცხობრივად გადაასწრონ ადგილობრივ თურქებს. ეს მნიშვნელოვნად ართულებს სურათს, რადგან ჩრდილოეთ კვიპროსის ელიტა დაჩქარებული ტემპით ასხვისებს რუსებზე მანამდე ბერძნების კუთვნილ უძრავ ქონებას. უცხოელი ინვესტორები მდიდრდებიან და რუსები კუნძულზე ფულს წარმატებით ათეთრებენ. კუნძულის ამ ნაწილის ფულის გათეთრების სამოთხედ გადაქმნით, შეიქმნა დამატებითი ინტერესი და გაჩნდა მისი დამცველების ჯგუფი, რომლებიც, ცხადია, ეწინააღმდეგებიან კონფლიქტის გადაჭრის მცდელობებსა და პერსპექტივას. ამით, როგორც ითქვა, ადგილობრივი ელიტები, დიდად სარგებლობენ.

შესაბამისად, გაერთიანების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. დრო გაყოფის შენარჩუნების სასარგებლოდ მუშაობს. რაციონალურად მოაზროვნე ბერძნები აცნობიერებენ იმ სარგებელს, რაც მდიდარ და განვითარებულ, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში სარგებელს მოაქვს. მოგონებები თანდათან უფერულდება. საქართველოს შემთხვევა განსხვავებულია: საქართველო ახალგაზრდა სახელმწიფოა. კონფლიქტის დაწყებიდან მხოლოდ 30 წელია გასული და მოგონებები თანაცხოვრებაზე ჯერ კიდევ ცოცხალია. კვიპროსზე კი, ამ მოგონებებს ის თაობა ინახავს, რომლებიც ახლა უკვე პენსიონრები არიან - 60 წელზე ზევით. გარდა ამისა, ჩრდილოეთი ნაწილი არ ექვემდებარება საერთაშორისო ინსტიტუტების კონტროლს, რაც ხელს აძლევს იქ მოქმედ სხვადასხვა დაჯგუფებას, რომლებიც ხელს ითბობენ ამ სიტუაციით. ასე რომ, დრო არ მუშაობს გაერთიანების სასარგებლოდ.

- რომ დავუბრუნდეთ ევროკავშირის საკითხს, და მის ჩართულობას კვიპროსის კონფლიქტის მოგვარებასა თუ ტრანსფორმაციაში, თქვენი ანალიზით, რას ეფუძნებოდა ევროკავშირის მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხედვა? არსებობდა თუ არა, რაიმე ტიპის კონცეპტუალური ჩარჩო, ფასეულობათა სისტემა, რომელსაც დაეფუძნა ევროკავშირის ინტერვენცია?

- კვიპროსის კონფლიქტთან მიმართებით, ევროკავშირი მაქსიმალურად უჭერდა მხარს ორივე მხარისათვის მისაღები პირობების ირგვლივ შეთანხმების მიღწევას და შემდეგ ცდილობდა მიესადაგებინა ეს შეთანხმებები ევროკავშირის ჩარჩოსთვის. ასე რომ, მათთვის მისაღები ჩანდა კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერი, მხარეებისთვის მისაღები და, რასაკვირველია, მშვიდობიანი მოგვარების გზა. ამიტომ, ევროკავშირის მხრიდან ნაკლებად ისმოდა მოთხოვნები, გარდა ისეთი საკითხებისა, რომლებიც ადამიანის ძირითად თავისუფლებებს ეხებოდა. მაგალითად, კვიპროსის ჩრდილოური ნაწილის ხელისუფლებას სურდა ჰქონოდა უფლებამოსილება, 30 პროცენტამდე შეეზღუდა ამ ნაწილში არათურქულენოვანი მოსახლეობის წილი, შესაბამისად, შეეზღუდა მოქალაქეების განსახლების უფლება, რაზეც ევროკავშირი, რასაკვირველია, არ დათანხმდა. სხვა მხრივ, როგორც ითქვა, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირი მზად იყო თვალი დაეხუჭა წესების დარღვევებზე, რადგან უმაღლესი პრიორიტეტი კონფლიქტის გადაწყვეტა იყო, რაც ევროკავშირს მისცემდა შესაძლებლობას, არ დაეშვა კვიპროსის პრობლემის იმპორტი საკუთარ სივრცეში. აქ აუცილებლად უნდა მიეთითოს დროის ფაქტორზე: საქმე ეხებოდა ევროკავშირის გაფართოების პროცესს, რომელიც გადაწყვეტილი იყო და ამ დროისთვის, ეჭვს აღარ იწვევდა ის ფაქტი, რომ კვიპროსი ევორკავშირის წევრი პირველ მაისს გახდებოდა. თუმცა ისმებოდა კითხვები იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორი კვიპროსი გახდებოდა ევროკავშირის წევრი და ამიტომ, კავშირის ამოცანა იყო, ნებისმიერ ფასად, არ დაეშვა კვიპროსის გადაუჭრელი კონფლიქტის იმპორტი თავის სივრცეში. სწორედ ამ ამოცანით იყო განპირობებული ევროკავშირის მოქნილი პოზიცია კონფლიქტის გადაწყვეტის მიმართ.

როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ევროკავშირის წარმომადგენლები მოლაპარაკების პროცესში ჩართულ მხარეებს აძლევდნენ უკუკავშირს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო თავსებადი ესა თუ ის პირობა ევროკავშირის პრინციპებსა და ამ პრინციპების პრაქტიკულ განხორციელებასთან. ასე რომ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ცხოვრება კუნძულზე, ხშირად იყო განპირობებული პროცესებით, რომლებიც არ იყო ხილული საზოგადოებისთვის. თუმცა, როგორც ვთქვით, ევროკავშირი არ ჩარეულა მხარეებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, უსაფრთხოება. ევროკავშირს არ გამოუთქვამს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, უნდა დარჩენილიყო თუ არა თურქული საჯარისო შენაერთი კუნძულზე კონფლიქტის გადაჭრის შემდგომ. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე პოზიცია ექნებოდა ევროკავშირს ნებისმიერ სამხედრო ძალასთან დაკავშირებით, იქნებოდა ეს ამერიკული თუ ბრიტანული, რომელიც განლაგდებოდა კუნძულის გერმანულ ნაწილში. ეს საკითხი არ წარმოადგენდა ევროკავშირის წუხილის საგანს, რასაკვირველია, იმ წინაპირობით, თუ განლაგების პრინციპი და რეგულაცია არ მოვიდოდა წინააღმდეგობაში ევროკავშირის ინტერესებთან.

მშვიდობის გაგება ევროკავშირისთვის კვიპროსთან მიმართებით გულისხმობდა კუნძულის გაერთიანებას ძალაუფლების განაწილების პრინციპის დაცვით, რომელიც, თავის მხრივ, უნდა დაფუძნებოდა პოლიტიკურ თანასწორობას. გამოდის, რომ კვიპროსთან დაკავშირებით მშვიდობის ევროკავშირისეული ხედვა ეფუძნებოდა მხარეთა შორის მანამდე მიღწეულ შეთანხმებას, მაგალითად, პოლიტიკური თანასწორობა მხარეებს ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპად ჰქონდათ აღიარებული დიდი ხნით ადრე, სანამ ევროკავშირი ჩაერთვებოდა პროცესში.

ევროკავშირისთვის მშვიდობა არ ნიშნავდა მხოლოდ ომის არარსებობას, ეს გულისხმობდა კონფლიქტის გადაჭრას. ამ შემთხვევაში ეს იყო უნიკალური გაგება, რადგან კონფლიქტის გადაჭრაში მოიაზრებოდა უმცირესობისთვის, რომელიც მოსახლეობის მხოლოდ 18%-ს შეადგენდა, პოლიტიკური ძალაუფლების 50%-ის გადაცემას. ამ მოდელის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ამის მსგავსი დასავლურ დემოკრატიულ სახელმწიფოებში და, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსად გვხვდება.

- მიუხედავად მშვიდობის ამგვარი გაგებისა, კონფლიქტის მოუგვარებლობას ხელი არ შეუშლია კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ასეა?

- დიახ, კოპენჰაგენის სამიტზე კვიპროსმა მიიღო გაწევრიანების გარანტია, მიუხედავად იმისა, მოგვარდებოდა თუ არა კონფლიქტი. ანუ, მათ მიიღეს გარანტია იმისა, რომ კუნძული, გაყოფილი სახით, შეუერთდებოდა ევროკავშირს. სწორედ აქ მოხდა მთავარი ცვლილება მოვლენების განვითარებაში. კუნძულზე მცხოვრებ თურქებს არ მოეწონათ პალესტინისმაგვარ მდგომარეობაში აღმოჩენის პერსპექტივა. მათ სურდათ გამხდარიყვნენ გაწევრიანების პროცესის ნაწილი. თუმცა, მეორე მხრივ, კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანებამ თითქოს ხელი შეუწყო კიდეც პრობლემის მოუგვარებლობას, რადგან აღარ არსებობდა რაიმე წამახალისებელი ფაქტორი ან წინაპირობა კონფლიქტის მოგვარებისთვის ბერძნულ ნაწილში. პაპადოპულოსმა, მაშინდელმა პრეზიდენტმა, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ დროისთვის კონფლიქტის გადაწყვეტის საჭიროება აღარ იდგა, რადგან კვიპროსი, როგორც ევროკავშირის წევრი, ბევრად უფრო ხელსაყრელ პირობებს და გარანტიებს მიიღებდა, ვიდრე თურქეთი, რომელსაც ასევე სურდა ევროკავშირში გაწევრიანება. ეს მოწოდება საკმაოდ დამაჯერებლად გაისმა მრავალი ბერძენი კვიპროსელისთვის და, შესაბამსად, გაიზარდა მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, რადგან, მრავალი ბერძენის აზრით, როგორც ევროკავშირის წევრები, ისინი განიმტკიცებდნენ პოლიტიკურ პოზიციებს და კავშირის სხვა ქვეყნების მხარდაჭერით ბევრად კარგ პირობებს მიიღებდნენ.

- კვიპროსის გამოცდილების გადმოსახედიდან, რა გაკვეთილები შეგიძლიათ გვითხრათ საქართველოს კონტექსტისთვის, რაც ჩვენთვის გასათვალისწინებელია კონფლიქტების ტრანსფორმაციის, კონფლიქტის კონტექსტში ადამიანის უფლებების დაცვის და ევროინტეგრაციის გზაზე?

- რასაკვირველია, ადამიანის უფლებების დაცვა ამ პირობებში რთული ამოცანაა. განსაკუთრებით, ეს ეხება დაბრუნების უფლებას, რადგან, აფხაზეთში ეს საფრთხის შემცველად აღიქმება - დაბრუნებულები, შესაძლოა, რიცხობრივად აღემატონ აფხაზებს და ისინი უმცირესობაში მოხვდნენ. შესაძლოა, ისინი არც დათანხმდნენ დევნილების სრულად დაბრუნებას. ასე ხდება კვიპროსის შემთხვევაში: თურქები ხან 30%-ის დაბრუნებაზე საუბრობენ, ხან - 40%-ის. ახლა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს: რასაკვირველია, კონტაქტი საზოგადოებებს შორის ბევრ რამეს ნიშნავს. კონტაქტი ამცირებს მეორე მხარის დემონიზაციისა და დეჰუმანიზაციის რისკებს, ხოლო კონტაქტის არარსებობა, პირიქით - ზრდის. კვიპროსის შემთხვევაში, კონტაქტს არ მოუტანია მძიმე შედეგები. ბოლო 20 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა რაიმე სერიოზული ინციდენტი ორ საზოგადოებას შორის. ყოველდღიური ცხოვრება მშვიდობიანად მიმდინარეობს. მიუხედავად ამ მშვიდობიანი, თითქმის 50-წლიანი თანაცხოვრებისა, ერთობლივი პროექტები და საერთო ინიციატივები მაინც ძალიან იშვიათია. შერეული ქორწინებებიც იშვიათია. თურქი კვიპროსელები ბერძნულ ნაწილში სამუშაოდ მოდიან და სულ ეგაა. ბრიტანულ სკოლებში მოსწავლეები ორივე თემიდან სწავლობენ, მაგრამ ისინი დიდად არ ურთიერთობენ ერთმანეთთან და ამისი ნაკლები ინტერესი აქვთ. გერმანული გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ გაერთიანება ხალხიდან, თემიდან უნდა დაიწყოს. მათ უნდა გაუჩნდეთ გაერთიანების სურვილი. თუმცა ამაში ელიტებმა არ უნდა შეუშალონ ხელი. ელიტებს გააჩნიათ ადამიანების გაყოფისა და დაშორიშორების ძალა. გაერთიანების მიმქრალი სურვილის ფონზე, მე, მაგალითად, გავაცოცხლებდი ამ სურვილს და გავაცოცხლებდი ბავშვებსა და მოსწავლეებში. განვახორციელებდი აქტივობებს, სადაც ბავშები ერთად ითამაშებდნენ, ერთად შეასრულებდნენ დავალებებს. ამერიკელებს აქვთ საინტერესო ინიციატივა, რომელიც შეზღუდულია, მაგრამ კარგად მუშაობს: ისინი, ბერძენ და თურქ კვიპროსელებს რამდენიმე კვირით აგზავნიან შეერთებულ შტატებში მასპინძელ ოჯახებში ერთად საცხოვრებლად და ამით ხელს უწყობენ მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას პროგრამის მონაწილეებს შორის. ბერძნები აცნობიერებენ, რომ თურქები დიდად არ განსხვავდებიან მათგან. ეს არის სწორედ, რაც აკლია კვიპროსს - მაღალი ხარისხის კონტაქტი. კომიტეტები ცდილობენ თავიანთი საქმე გააკეთონ, მაგრამ მათ მტრულ გარემოში უწევთ ოპერირება. გადასარევად მუშაობს, მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტი, რადგან კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და აღდგენა ორივე საზოგადოების ინტერესში შედის. თუმცა აქ საქმე არ მიდის სისტემატურ ურთიერთობასა და ჩართულობამდე - მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს რეგულარული კომუნიკაცია და თანამშრომლობა. საინტერესოა, რომ 2008-2017 წლებში მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილებოდა ჯვარედინი ხმის მიცემის იდეა, რომელიც საბოლოოდ არ დაუმტკიცებიათ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მისი განხორციელება წაადგებოდა კონტაქტსა და ნდობის აღდგენა. იდეა მდგომარეობდა შემდეგში: მაგალითად, თურქი კვიპროსელი პოლიტიკოსი იყრის კენჭს, მაგრამ არა მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილში, არამედ ბერძნულ ნაწილშიც, სადაც მიღებული ყველა ხმა, უტოლდება მის მიერ მოპოვებული ხმების 30%-ს. ეს მიდგომა ხელს უწყობს რადიკალური ჯგუფების მარგინალიზებას, ხოლო პოლიტიკოსებს აიძულებს საარჩევნო კამპანიებისა და საქმიანობისას გაითვალისწინონ „მეორე“ თემის ინტერესებიც. ეს არის, ერთგვარი, მოთხოვნისა და მიწოდების სისტემა. თუ ჩემი, როგორც პოლიტიკოსის მიერ მოპოვებული ხმები მეორე თემიდანაც უნდა წამოვიდეს, მე, მომიწევს, რომ სულ მცირე, უპატივცემულობა არ გამოვიჩინო ამ ადამიანების მიმართ. წარმოიდგინეთ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების არჩევნებში, დევნილობაში მყოფი ქართველებიც მონაწილეობდნენ და მათი ხმა 1/3-ს უნდა შეადგენდეს, ხოლო აფხაზეთში მცხოვრებლების - 2/3-ს. ასეთ შემთხვევაში, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას მოუწევდა მათი ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებაც, რაც შეიძლებოდა გამოხატულიყო, მაგალითად, მათთვის გარკვეული უფლებების მინიჭებით. შეიძლება ეს არ ყოფილიყო დაბრუნების უფლება - თუ რატომ, ზემოთ უკვე ვახსენეთ, მაგრამ სანაცვლოდ, მათ შეეძლებოდათ, მაგალითად, თავისუფლად გადაადგილება, ოჯახის წევრებისა და ნათესავების მონახულება და ასე შემდეგ. ამგვარად იქმნება სტრუქტურული ინტერესი. აი, ეს გამოცდილება მინდოდა გამეზიარებინა. გაყინული კონფლიქტის პრობლემა ის არის, რომ შერიგებისა და გაერთიანების წამახალისებელი ფაქტორები ნელ-ნელა ქრება.

- კვიპროსის შემთხვევა ნამდვილად გასაოცარია, რადგან, ამდენი წლის კომუნიკაციის, მიმოსვლის და კონტაქტის შემდეგაც კი, ურთიერთობები არ აღმდგარა თემებს შორის.

- ნამდვილად ასეა. ისინი მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, მაგრამ ურთიერთობა არ აქვთ. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისებიც, მაგრამ, მაგალითად, ბერძენი კვიპროსელების უმეტესობა არასდროს გადადის ჩრდილოეთში, თუმცა, როდესაც ჩრდილოელები ხვდებიან სამხრეთში, მათ შორის კონფლიქტი არ ხდება. მოსახლეობის ალბათ მხოლოდ 10-20%-ია მოწადინებული, რომ ურთიერთობებმა იარსებოს, მათ მეგობრებიც ჰყავთ თურქ კვიპროსელებს შორის, მაგრამ ეს ადამიანები არ არიან პრობლემის ნაწილი - ისინი გამოსავლის ნაწილია. თუმცა, როგორც ვთქვით, უმეტესობას ამის სურვილი არ აქვს. რადიკალები მოსახლეობის დაახლოებით 20-30%-ს შეადგენენ. დაახლოებით 30% ეწინააღმდეგება ურთიერთობებს, ხოლო შუაშია დაახლოებით 40% მერყევი ადამიანებისა, რომლებმაც, თუ ვინმემ დაარწმუნა, შეიძლება მიემხრონ ურთიერთობებს თურქ კვიპროსელებთან. „როგორ უნდა გავუჩინოთ ურთიერთობების ინტერესი ამ 40%-ს?“ - ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რთული კითხვა. ვფიქრობ, რომ კვიპროსის გაკვეთილები სრულად არ გამოდგება საქართველოსთვის. რასაკვირველია, კონტაქტის არქონა საშინელებაა და კლავს ყველაფერს. ამგვარ პირობებში რაიმე სახის პოზიტიურ დინამიკაზე ფიქრიც კი შეუძლებელია. საქართველოს შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო მძლავრ ზემოქმედების ბერკეტებს ანიჭებს რუსეთს.

კიდევ ერთი, რაც შეიძლება საქართველომ კვიპროსის მაგალითზე ისწავლოს, არის ის, რომ იმდენად დიდი იყო ბერძნების წინააღმდეგობა თურქული ნაწილის აღიარებასთან დაკავშირებით, რომ მათ ურთიერთობა თურქეთის გავლით ჩამოუყალიბდათ. ეს არის კვიპროსელი ბერძნების პოლიტიკის ნაწილი. მათ საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ კვიპროსელ თურქებს არ დაუტოვეს სხვა პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც შეძლებდნენ კომუნიკაციას და პოზიციონირებას. ამიტომ, გარე ძალაზე დამოკიდებულების გაზრდით, ისევ გარე ძალა ძლიერდება.

სწორედ ამ სცენარით წარიმართა მოვლენები კვიპროსის ჩრდილოეთში. მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ ჩავარდა გაერთიანების დღის წესრიგი ბერძნების უარის გამო, თურქმა კვიპროსელებმა თურქეთთან მიკედლების პოლიტიკა აირჩიეს, რადგან ფინანსურად ისედაც თურქეთზე არიან დამოკიდებულები. „რატომ უნდა ვუკბინოთ ხელს, რომელიც გვაჭმევს?“ - დაახლოებით ასე შეიძლება შეფასდეს ერთ წინადადებაში ჩრდილოეთი კვიპროსის პოლიტიკა თურქეთთან მიმართებით. შესაბამისად, გაიზარდა და იზრდება თურქეთის გავლენაც. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია 2017 წლის შემდეგ, როდესაც დასამარდა გაერთიანების კიდევ ერთი იმედი. სხვადასხვა დროს, გაერთიანების მსურველთა იმედები დიდი იყო. „ამჯერად გაამართლებს“, - ამობდნენ ისინი. თუმცა, 2017 წელს, ასე მხოლოდ უკიდურესად ოპტიმისტურად განწყობილები ფიქრობდნენ. ზოგადი მოლოდინი იყო, რომ თუ 50 წლის მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო, ეს გეგმა არც ახლა გაამართლებდა.

ახლა, ნარატივი შეცვლილია და ყველა ლაპარაკობს მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე, რადგან ელტებმა მარცხი განიცადეს. მოქალაქეთა ჩართულობა გულისხმობს, რომ მათ მიეცემათ წინადადების დაყენების შესაძლებლობა საზოგადო კრებების, თუ რაიმე სხვა მექანიზმის მეშვეობით. ეს გეგმა ირლანდიის სამშვიდობო გეგმას მიჰყვება და ასევე ჩამოჰგავს კოლუმბიის სამშვიდობო პროცესსაც. ამ ფონზე სულ უფრო მზარდ მნიშვნელობას იძენს track II დიპლომატია და სამოქალაქო საზოგადოების როლი.

- როგორია ევროკავშირის დამოკიდებულება და მიდგომა თურქი კვიპროსელების მიმართ? რა პრინციპებს ეფუძნება მათი ჩართულობა კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში? თანაბრად ეპყრობა თუ არა ის კვიპროსელ ბერძნებსა და თურქებს?

- აქ მნიშვნელოვანია განვასხვავოთ მიდგომა ინდივიდებისა და უწყებების მიმართ. კვიპროსის რესპუბლიკის პასპორტის მფლობელები და, უნდა ითქვას, რომ ყველა თურქ კვიპროსელს აქვს ეს პასპორტი, ითვლებიან ევროკავშირის სრულუფლებიან მოქალაქეებად და, შესაბამისად, სარგებლობენ ყველა უფლებით - ცხოვრების, მუშაობის, გადაადგილების თავისუფლების და ასე შემდეგ. თუმცა, თემის და საზოგადოების დონზე, საქმე უფრო რთულად არის, რადგან აქ უკვე აღიარების ფაქტორი შემოდის. 2004 წლიდან მოყოლებული, ეკონომიკურ განვითარებაზე ევროკავშირს მხოლოდ 700 მილიონი აქვს დახარჯული, რაც არ არის დიდი თანხა, 20-წლიან პერიოდზე თუ გავთვლით. ამ თანხების განკარგვაზე, ნაწილობრივ, გადაწყვეტილებას ბერძენი კვიპროსელებიც იღებენ. ევროკავშირს მხარდაჭერის ოფისიც აქვს ჩრდილოეთში, სადაც ის ცდილობს ადგილობრივი ცხოვრების დონის ამაღლებას, ადგილობრივი თემის მომზადებას ევროკავშირის მოქალაქეობისთვის. რეგულაციები მწვანე ხაზის მეშვეობით ხორციელდება. თურქ კვიპროსელებს საკუთარი პროდუქციის ექსპორტი სამხრეთის გავლით შეუძლიათ, ასე მოითხოვეს ბერძნებმა, თუმცა, ამ შემთხვევაში პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის სტანდარტებს და მოთხოვნებს, იქნება ეს უსაფრთხოების, ჯანმრთელობის თუ სხვა სფეროებში. ესე იგი, ევროკავშირი ადგილობრივ მეწარმეებს ეპყრობა, როგორც ევროკავშირის ქვეყნის მეწარმეებს. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ორმაგ მიდგომას და სტანდარტებს აქვს ადგილი, რადგან ადგილობრივები იძულებულნი არიან სამხრეთი ნაწილის მეშვეობით აწარმოონ ექსპორტი ევროკავშირში და, რა თქმა უნდა, დაემორჩილონ საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს მაშინ, როდესაც იგივე სამართალი ჩრდილოეთი კვიპროსის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ასევე, ევროკავშირის წარმომადგენელები ვერ გამართავენ ოფიციალურ შეხვედრას ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაგრამ შეუძლიათ შეხვდნენ მას, როგორც ადგილობრივი თემის არჩეულ წარმომადგენელს. ისინი ვალდებულები არიან დაიცვან ჩრდილოეთის არაღიარების ოფიციალური ნარატივი. აქვე დგას დიპლომატებისა და დიპლომატიური ურთიერთობების პრობლემაც: ბერძნული მთავრობა ღიად აპროტესტებს ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტს ჩრდილოეთში. ამ უკანასკნელთა მხრიდან ასევე არ არსებობს ერთიანი მიდგომა. გერმანელი დიპლომატები, მაგალითად, ჩადიან ხოლმე ჩრდილოეთში, ფრანგები - არა. ბრიტანეთი, რომელიც აღარ არის ევროკავშირის წევრი, აგზავნის ხოლმე დიპლომატებს. მაგრამ, აქ ბრიტანეთის განსაკუთრებული სტატუსიც არ უნდა დაგვავიწყდეს. რუსებიც პრივილეგიებით სარგებლობენ. მათი თემი კუნძულის ორივე ნაწილში საკმაოდ გაიზარდა. მათ მობილური საკონსულო მომსახურებაც კი შემოიღეს, რომელიც ჩრდილოეთში გადადის ხოლმე. ასევე იქცევიან გერმანელებიც. ამერიკელებსაც აქვთ ოფისი. ასე რომ, რუსები არ ყოფილან პირველები, რომლებიც საკონსულო მომსახურებას სთავაზობენ ჩრდილოელებს, მათი რესპუბლიკის აუღიარებლად. თუმცა, დამოკიდებულება, რასაკვირველია, განსხვავდება, რადგან განსხვავდება ჩრდილოეთის სტატუსიც. მხოლოდ კვიპროსის რესპუბლიკაა თანასწორუფლებიანი სუბიექტი და მისი არჩეული მთავრობა - ერთადერთი დამოუკიდებელი მთავრობა 1963/1964 წლიდან მოყოლებული.

- დიდი მადლობა საინტერესო მსჯელობისთვის და კვიპროსის კონფლიქტის ისტორიის და სამშვიდობო პოლიტიკის ნიუანსების გაზიარებისთვის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“