საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ჰომოგენურ ჯგუფს არ წარმოადგენენ, შესაბამისად მათი ინტერესები, საჭიროებები, სურვილები თუ ცხოვრებისეული არჩევანი ინდივიდუალური და განსხვავებულია ერთმანეთისგან. საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა მრავალ გამოწვევას უკავშირდება.
სოციალური მუშაობა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პროფესიაა. სოციალური მუშაობის არსი სწორედ ადამიანის ძლიერ მხარეებზე ორიენტირებით მისი კეთილდღეობის გაუმჯობესებაში მხარდაჭერაა, უფლებების დაცვაზე ზრუნვა და ადამიანის (ჯგუფის, საზოგადოების) ისე გაძლიერება, რომ მან თავად შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება. შესაბამისად, ნებისმიერ ჯგუფთან მუშაობისას სოციალურ მუშაკის მამოძრავებელი სწორედ ესაა.
ადამიანის კეთილდღეობაზე და სოციალური ფუნქციონირების გაზრდაზე რომ ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ისეთ საკითხებს უკავშირდება, როგორიცაა თავისუფლება, თვით-განსაზღვრა, არჩევანის თავისუფლება, დამოუკიდებლობა, გადაწყვეტილებების მიღება, საკუთარი ცხოვრების ფლობა და ა.შ. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით, თითქოს ბუნებრივი და დაბადებიდან თანდაყოლილი მოცემულობაა ადამიანებისთვის, თუმცა მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირებს, შესაძლოა სწორედ ამ საკითხებში დასჭირდეთ პროფესიონალების, ოჯახის წევრების მხარდაჭერა. ადამიანი ყოველთვის არის ქმედუნარიანი, თუმცა შესაძლოა არსებობდეს გარკვეული ფაქტორები, რომელიც მოქმედებს გადაწყვეტილების მიღების უნარზე.
მსოფლიოში დიდი ხნის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე რეაგირება სამედიცინო მიდგომის მიხედვით ხორციელდება. რაც უკავშირდება "ზრუნვის" იდეას, რომელიც თავის მხრივ ადამიანებს დამოკიდებულ, ობიექტებად განიხილავს, რაც უმეტეს შემთხვევაში შშმ პირებს შესაძლებლობას არ აძლევს, სრულად მიიღონ მონაწილეობა მათ ცხოვრებაში არსებულ გადაწყვეტილებებში. მხარდაჭერა არ უნდა მოიცავდეს ზრუნვის ტრადიციულ იდეებს, რომლებიც შშმ პირებს დახმარების პასიურ მიმღებად თვლის. იმიტომ რომ ამ მიდგომამ გამოიწვია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სეგრეგაცია და ძალაუფლების შეზღუდვა.
საქართველოში მხარდაჭერის საჭიროების განსაზღვრა პირისთვის ხდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, თუმცა როგორც საჭიროების შეფასების, ისე, შემდგომ პირების მხარდაჭერის პროცესი ბევრ გამოწვევას უკავშირდება. ამას 2020 წელს ჩატარებული კვლევაც ცხადყოფს („ქმედუნარიანობის რეფორმის შეფასება - კანონმდებლობა და პრაქტიკა“) , სადაც აღნიშნულია, რომ მხარდაჭერა ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებს და მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირებს და მათ ოჯახებს ვერ აძლიერებს.
მხარდაჭერამ უნდა უზრუნველყოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჰქონდეთ არჩევანის უფლება და აკონტროლონ თავიანთი ცხოვრება, მიუხედავად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, რომელიც შესაძლოა ყოველდღიურ ფუნქციონირებაში უშლიდეს ხელს. მხარდამჭერი სერვისების არარსებობის პირობებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ხშირად რჩებიან დამოკიდებულნი ოჯახებზე, რაც ორივე მხარეს - პირსაც და მის ოჯახს აფერხებს იყოს საზოგადოების აქტიური წევრი, ქმნიდეს დოვლათს. ხშირად პირებისთვის ძირითადი მხარდაჭერა შემოიფარგლება მათი ოჯახებით, ან ახლო სოციალური წრით. რაც იმითაცაა განპირობებული, რომ ფორმალური მხარდამჭერი სერვისები არ არის განვითარებული, არასამთავრობო სექტორი კი ვერ უზრუნველყოფს საჭიროების სრულად დაფარვას - ანუ ეს მწირი რესურსიც არაა ბოლომდე ხელმისაწვდომი. თავის მხრივ, არაფორმალური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის ყოველთვის ადექვატური და არც საკმარისი. ფორმალური მხარდამჭერი სერვისების მრავალფეროვნება კი გააძლიერებდა პირებს, მათ სოციალურ ფუქნციონირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს, გააძლიერებს ოჯახებს, მათ საზოგადოებაში ჩართულობას. ეს ყოველივე, კი გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის #12 მუხლშია მოცემული, რომლის თანახმადაც, ადამიანს უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომობა მრავალფეროვან მხარდაჭერაზე.
იმისთვის, რომ მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირებმა შეძლონ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, გადაწყვეტილებების მიღება დახმარებით ან დახმარების გარეშე, მნიშვნელოვანი თუ წვრილმანი ამოცანების შესრულება, დიდი მნიშვნელობა აქვს მომსახურებას, რომელიც ამაზე იზრუნებს. ამ მხრივ, საქართველოში სოციალური მუშაკი ასრულებს აღნიშნულ ფუნქციას. ის, თავისი მანდატის ფარგლებში, ცდილობს გააძლიეროს ოჯახი და თავად პირი, იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში შეძლოს ზემოხსენებული აქტივობების განხორციელება. თუმცა, იმისთვის, რომ ეს როლი სოციალურმა მუშაკმა შეასრულოს - უზრუნველყოს პირების ამ უფლებით აღჭურვა, მას სჭირდება შესაბამისი ცოდნა და უნარები და დამატებითი მხარდამჭერი მომსახურებებიც, რომელიც მას მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირთან მუშაობაში დაეხმარება. ეს პრობლემები სისტემურ ხასიათს ატარებს (მხოლოდ სოციალური მუშაკი ვერ აღასრულებს ყველა ფუნქციას) და სოციალური დაცვის სისტემისთვის დიდ გამოწვევასაც წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანა შშმ პირებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ სამედიცინო მოდელით მუშაობს. მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სტატუსის მინიჭება, მხარდამჭერის საჭიროების განსაზღვრა კონკრეტულ სფეროებში და მთლიანად შშმ საკითხების პოლიტიკის დანერგვა ამ მოდელს ეყრდნობა, ანუ პირი განიხილება, როგორც ზრუნვის ობიექტი. თუმცა, „კანონის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ მიხედვით 2023 წლიდან ქვეყანა იწყებს ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლას, რომლის მიხედვითაც პირის უფლებების აღსრულება და მომსახურებებზე წვდომა, მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობით აღარ განიხილება. ბიოფსიქოსოციალური მოდელის პარადიგმა პირის ბიოფსიქოსოციალურ საჭიროებებს აფასებს და ამის მიხედვით განსაზღვრავს მისთვის საჭირო მხარდაჭერას და შესაბამისად ნერგავს და ავითარებს პოლიტიკას. მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირების შემთხვევაშიც სწორედ ისეთი ხედვით უნდა მოხდეს მათი გაძლიერება, რომელიც ადამიანის უფლებებზე იქნება დაფუძნებული - ანუ გაითვალისწინებს თუ რა გავლენას ახდენს პირის ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე, გარემო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ აფასებს თავად მის მდგომარეობას და რას მიიჩნევს საკუთარი კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელ პირობას. მიდგომა უნდა ითვალისწინებდეს იმასაც, თუ როგორ გააძლიეროთ პირი ისე, რომ მან თავად შეძლოს, მიიღოს გადაწყვეტილებები, აიმაღლოს დამოუკიდებლობის ხარისხი და გაიუმჯობესოს კეთილდღეობა.
საბოლოო ჯამში, აღსანიშნია, რომ ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს ბიოფსიქოსოციალურ მოდელისთვის მომზადება, კერძოდ, მიმდინარეობს მოდელის მუშაობა პილოტის რეჟიმში, რაც სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, მომზადებული იყოს ახალი რეფორმის განხორციელებისთვის. თავის მხრივ, ამან უნდა შეუწყოს ხელი, მრავალი დადებითი ცვლილების განხორციელებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, უპასუხოს იმ გამოწვევებსაც რაც ზემოთ არის ჩამოთვლილი. პროცესი ხანგრძლივი იქნება და მნიშვნელოვანია ის მაქსიმალურად სწორად წარიმართოს, რათა ამან დამატებითი ბარიერები არ შეუქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლებების ფლობისა და აღსრულების პროცესში.
ბლოგპოსტი მომზადებულია პროექტის - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi). ბლოგპოსტში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს „ღია საზოგადოების ფონდების" შეხედულებებს.
ინსტრუქცია