საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2015 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ქმედუნარიანობის რეფორმა, რითაც ქმედუუნარობის მანამდე არსებული მოდელი მხარდაჭერის მოდელით ჩაანაცვლა. ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილების აღსრულება მოითხოვდა ინსტიტუციური სისტემის გარდაქმნასა და საჭირო რესურსების მოძიებას, რაც არ მომხდარა, როგორც არა ერთი კვლევა და ანგარიში მიუთითებს. უპირველესად, ეს გამოწვეული იყო ქვეყანაში რეფორმისთვის საჭირო სახსრებისა და პროფესიონალების მწვავე დეფიციტით და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სათანადო ცვლილებების ხედვისა და გეგმის არარსებობის გამო.
რეფორმის განხორციელებიდან 5 წლის თავზე მნიშვნელოვანია იმის ანალიზი, თუ როგორ შეიცვალა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებასთან, მკურნალობის არჩევასა და გაწერასთან დაკავშირებული საკითხები იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვისაც ეს რეფორმა უშუალოდ ეხება. პრობლემები ისევ რჩება – ჰოსპიტალიზაციის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება; ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების სირთულე ჯეროვანი მხარდაჭერის არარსებობის ფონზე; მისი და მისი ოჯახის წევრების ინფორმირებულობის ნაკლებობა ქმედუნარიანობისა და მხარდაჭერის სისტემის შესახებ; სამართლებრივი დაცვის მექანიზმების სისუსტე და სხვ. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არაფერი შეცვლილა.
ფსიქიატრი რომ გავხდი, საავადმყოფოში დამხვდნენ პაციენტები, რომლებიც არასოდეს ეწერებოდნენ და სულ საავადმყოფოში ცხოვრობდნენ. ზოგ მათგანს ოჯახის წევრები ხანდახან აკითხავდნენ, მაგრამ სახლში არ მიყავდათ, იმ სახლში, რომელიც მარტო მათი არ იყო და მემკვიდრეობით ამ ადამიანსაც ეკუთნოდა. ოჯახის წევრები ფიქრობდნენ, რომ რადგან პაციენტს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, სახლი აღარ სჭირდებოდა. ზოგჯერ თვითონ ეს ადამიანიც ასე მიიჩნევდა და მხოლოდ იმისთვის იყო მადლობელი, რომ არ ივიწყებდნენ. როგორც წესი, ოჯახის წევრები მეურვეებიც იყვნენ და მემკვიდრეობას ასე იკანონებდნენ.
დიდი დრო გავიდა, მაგრამ ასეთ დამოკიდებულებას, შეიძლება სხვანაირად ფორმულირებულს, ისევ ვაწყდებით:
„კი ბატონო გავიყვან და იცხოვროს ჩვენთან, მაგრამ ......“
„ვინ აგებს პასუხს, სახლში პატარა ბავშვები გვყავს?“
„სახლში არც წამალს სვამს და არც გვიჯერებს, გარეთ გადის და მეზობლებს აწუხებს“
„ძლივს მოვიყვანეთ საავადმყოფოში და ცოტა კიდევ რომ გააჩეროთ, არ შეიძლება?“
ვინ იცის, დამატებით კიდევ რამდენი არგუმენტი მომისმენია, როდესაც ვუხსნიდი ოჯახის წევრს/მეურვეს, რომ ადამიანი აღარ საჭიროებდა მკურნალობის გაგრძელებას და უნდა გაწერილიყო.
ქმედუნარიანობის რეფორმას ჯერ დიდი ცვლილებები არ მოჰყოლია: მხარდამჭერები ისევ იმ პრინციპებით ხელმძღვანელობენ, როგორც მანამდე, როცა მეურვეები ერქვათ, რადგან არავის უზრუნია მათ მომზადებაზე, ინდივიდუალური უნარ-ჩვევების განვითარებასა თუ მხარდაჭერაზე. ამავე დროს გაჩნდა ახალი პრობლემა, როცა ოჯახის წევრი/ახლობელი უარს ამბობს მხარდაჭერაზე იმ მოტივით, რომ არ უნდა პასუხისმგებლობის აღება და დრო არ აქვს. არაერთხელ მომისმენია ასეთი რამ: „თუ არაფრის უფლება არ მექნება, რატომ ავიტკივო აუტკივარი თავი, ჩემი პრობლემებიც მეყოფა, ვინც გინდათ, ის დაუნიშნეთ.“
სამწუხაროდ, საქართველოში მხარდაჭერაში ჯერ კიდევ ზრუნვა, მოვლა ან/და სრული კონტროლი თუ სახლში გამოკეტვა იგულისხმება. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირს ყველაზე მეტი კონფლიქტი სწორედ ოჯახის იმ წევრთან აქვს, ვინც მასზე ზრუნავს. მეტიც, ჩემი პრაქტიკიდან, ძალიან ხშირად სწორედ ოჯახური პრობლემები და კონფლიქტები გამხდარა ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებისა და სტაციონარში მოხვედრის მიზეზი. კვლევები ადასტურებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მართვისთვის მნიშვნელოვანია, თუ სტაციონარიდან რა გარემოში ეწერება პაციენტი და როგორია გარემოცვის მოლოდინები. თუმცა, ისეც ხდება, რომ პაციენტს საავადმყოფოდან სახლამდე აცილებენ და ნათესავები ან კარს არ უღებენ, ხოლო მეზობლები პროტესტის ნიშნად პატრულს იძახებენ.
ამგვარი დამოკიდებულებების მიზეზები იმ უამრავ ფსიქოლოგიურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ სირთულეში უნდა ვეძებოთ, რომლის წინაშეც შშმ პირთა ოჯახის წევრი მხარდამჭერები დგებიან, რომლებიც პირზე ზრუნვის ფუნქციასაც ითავსებენ. ჰკითხეთ მხარდამჭერებს,
გამოდის, რომ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერისა და გაძლიერების პოლიტიკის არარსებობის ფონზე, სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად ინსტიტუციონალიზაციის მოთხოვნა კვლავ მაღალია. ამიტომაც, როცა ვსაუბრობთ დეინსტიტუციონალიზაციაზე და პაციენტების საავადმყოფოდან გაწერაზე, ოჯახები/მხარდამჭერები ამას პირად საფრთხედ აღიქვამენ და ეწინააღმდეგებიან ხან პასიურად („მესმის, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ?“) და ხან აქტიურად („თუ რამე მოხდა, პასუხს აგებთ“). ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ მათი გაძლიერებით არის შესაძლებელი – ოჯახს/მხარდამჭერ პირებს სჭირდებათ თანადგომა, დახმარება, სპეციალური ცოდნა, გადამზადება (განსაკუთრებით, მათი ფართო მოვალეობების, ვალდებულებების და სამართლებრივი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით), რაც, ამ ეტაპზე, არ აქვთ და მხარდამჭერის ფუნქცია შეუსაბამოდ დიდ ტვირთად აწევთ.
რა თქმა უნდა, ინსტიტუციონალიზაციაც არ არის გამოსავალი, პირიქით, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. იზოლაციისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის არარსებობის გამო, სხვადასხვა უფლების მსგავსად, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი ადამიანები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ისარგებლონ ქმედუნარიანობისა და მხარდაჭერის სისტემით. განსაკუთრებით პრობლემურია ბენეფიციარის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება ჩასატარებელი მკურნალობის შესახებ. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა. არჩევანის გაკეთებისას მათ, როგორც წესი, სჭირდებათ გასაგები და თანმიმდევრული ინფორმაცია დაავადებისა და მკურნალობის შესახებ, ხოლო ექიმს – კომუნიკაციის კარგი უნარები და საკმარისი დრო. დაწესებულებებში, სადაც ერთ ექიმს 15-ზე მეტი პაციენტი ჰყავს, ინდივიდუალური მიდგომა და თერაპიული ურთიერთობა ძნელად წარმოსადგენია.
გადაწყვეტილების მიღების უნარებისა და დამოუკიდებლობის ხარისხი ინსტიტუციონალიზაციის ხანგრძლივობის პარალელურად ქვეითდება – ხანგრძლივი სტაციონარული მკურნალობა იწვევს ე.წ. ჰოსპიტალიზმის სინდრომს. ამ დროს პირს შეიძლება საერთოდ არ სურდეს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა და თანახმა იყოს, რომ სხვებმა (მხარდამჭერებმა, პროფესიონალებმა) მის ნაცვლად მიიღონ გადაწყვეტილება. თუ შეეკითხებით ამ პირს, თუ სად უნდა ცხოვრება, გიპასუხებთ, რომ საავადმყოფოში, რადგან პერსონალი კეთილია და „არაფერს არ აკლებენ“.
არსებითია, რომ სახელმწიფომ გაიაზროს შექმნილი მდგომარეობა და არსებული სისტემური პრობლემები. ეს პრობლემები მრავალგვარია და მათ გადაჭრაზე ზრუნვაც ასევე მრავალმხრივი უნდა იყოს. თუმცა, ერთი რამ ცხადია - კოგნიტური უნარების შეზღუდვა, მათ შორის, სერიოზულიც კი, არ შეიძლება წარმოადგენდეს პირის ქმედუნარიანობის რაიმე ტიპის შეზღუდვის მიზეზს. პირიქით, პაციენტებთან უნდა მიმდინარეობდეს მათი უნარების აღდგენასა და შენარჩუნებაზე მუშაობა. ადამიანს შეიძლება დაუქვეითდეს გადაწყვეტილების მიღების უნარი, მაგრამ ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ გავესაუბროთ, ავუხსნათ, მივაწოდოთ ინფორმაცია და ჩავრთოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. იდეალურია, როდესაც პაციენტის ნება და არჩევანი გათვალისწინებულია და შეთავაზებული დახმარება პასუხობს პაციენტის სურვილსა და მოთხოვნებს.
საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებითია, რომ სახელმწიფომ ყველა ღონე იხმაროს დეინსტიტუციონალიზაციის წარმართვისთვის და იმისთვის, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფ პირებს გაწერის შემდეგ ჰქონდეთ წასასვლელი. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ოჯახი არის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი რესურსი და მას სჭირდება გაძლიერება, დასვენება, ამოსუნთქვა და ეკონომიკური და ფსიქოლოგიური საკითხების მოგვარებაში დახმარება.
ამ რეკომენდაციების შესრულებას სახელმწიფოს ნება, მნიშვნელოვანი მოცულობის შრომა და რესურსები სჭირდება. სამწუხაროდ, დღეს საავადმყოფოში მედიკამენტური მკურნალობა უპირატესია – სათემო სერვისებისა (მათ შორის, მხარდაჭერის სერვისის) და საცხოვრებლის დეფიციტის გამო ჰოსპიტალიზაცია ოჯახის წევრებისთვის ამოსუნთქვის ერთადერთი საშუალებაა.
ნათელია, რომ მანამ, სანამ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი ჯეროვნად არ დაიგეგმება და არ განხორციელდება, არ განვითარდება ალტერნატიული სათემო სერვისები, სადაც ადამიანებს დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების დასწავლასა და აღდგენაში დაეხმარებიან, არ ჩამოყალიბდება მხარდამჭერთა გამართული ინსტიტუტი და სამართლებრივი დაცვის ძლიერი მექანიზმები, გვექნება ქმედუნარიანობის სისტემის კანონმდებლობით მოწესრიგებული წესები და რეგულაციები, რომლებიც რეალურად ბევრი ადამიანისთვის პრაქტიკაში არ ხორციელდება.
ბლოგპოსტი მომზადებულია პროექტის - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi).ბლოგპოსტში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს „ღია საზოგადოების ფონდების" პოზიციას.
ინსტრუქცია