[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / სტატია

ქართული და აფხაზური ნაციონალური პროექტები

გაბრიელ ჩუბინიძე 

1993 წლის 30 სექტემბერს, ქართულ აფხაზური კონფლიქტის ყველაზე სისხლიანი და ტრაგიკული ეპიზოდი დასრულდა. ომმა, ორივე მხრიდან ათასობით ადამიანი შეიწირა, სამასი ათასი დევნილად იქცა, განადგურდა ქალაქები და სოფლები, ხოლო ორი საზოგადოება, ქართული და აფხაზური, ბუნებრივი ბარიერით, მდინარე ენგურით, გაიყო დაპირისპირებულ ბანაკებად. ამ ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის, თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში არსებულ კონფლიქტს, ცენტრალური ხელისუფლება, სხვადასხვა გზებით, მშვიდობიანად აგვარებდა. საბჭოთა კავშირის დასუსტებასთან ერთად, სუსტდებოდა ცენტრალური ხელისუფლებაც (როგორც მოსკოვში, ისე თბილისში), რის გამოც კონფლიქტი ახალ ფაზაში გადავიდა - გამოვიდა ვიწრო პარტიული თუ აკადემიური საუბრებიდან და საზოგადოებაში გადაინაცვლა. ქართულ და აფხაზურ ნაციონალიზმში მრავალი მსგავსებაა, მათ შორის ისიც, რომ ერთი-მეორეს არსებობას გამორიცხავს, რაც ავტომატურად წარმოშობდა კონფლიქტს.

1980-იანი წლების მიწურულს, მოკავშირე რესპუბლიკებში: ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში და მოგვიანებით საქართველოშიც, ნაციონალიზმმა და დამოუკიდებლობის სურვილმა გაიღვიძა. 1988 წლის 12 ნოემბერს, თბილისში, იპოდრომის ტერიტორიაზე, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ინიციატივით მიტინგი გაიმართა, ხოლო 22 ნოემბერს, უზენაესი საბჭოს წინ დაიწყო შიმშილობა. აქციები ეწყობოდა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ქუთაისსა და ბათუმშიც, მათი მიზანი იყო შეეჩერებინათ საბჭოთა კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებები, რომლებიც რესპუბლიკებს კავშირიდან გასვლას უკრძალავდა.

1989 წლის 18 მარტს, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელობითა და აფხაზური ინტელიგენციის მონაწილეობით, სოფელ ლიხნში, სახალხო კრება გაიმართა, შედგა წერილი და მოსკოვში გაიგზავნა. წერილში წარმოდგენილი იყო რიგი ისტორიული ბრალდებები საქართველოს მიმართ, რომლებიც, მათი თქმით, აფხაზი ხალხის ჩაგვრაზე მიუთითებდა - მაგალითად, აფხაზური სკოლების დახურვა 1930-40-იან წლებში, ქართველების მასობრივი ჩასახლება, ტოპონიმიკის ცვლილებები და ა.შ. ამ არგუმენტებზე დაყრდნობით კი, აფხაზები ითხოვდნენ ავტონომიის სტატუსის ამაღლებას მოკავშირე რესპუბლიკამდე, რომელიც ფაქტობრივად საქართველოსგან გამოყოფას ნიშნავდა. ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ, ეს წერილი წარმატებით გამოიყენა ეთნიკური მობილიზაციისთვის და 4 აპრილის, ლიხნის მონაწილეთა დასჯის მოთხოვნით მიტინგი გამართა. რამდენიმე დღეში, მთავარი ლოზუნგი შეიცვალა და პირველად გაისმა მოწოდებები სახელმწიფო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. არ იქნება სწორი, თუ ვიტყვით, რომ საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს ქართველმა ერმა გაიღვიძა, ეს პროცესი იმპერიის ცენტრის დასუსტების, ეკონომიკური კრიზისისა და დემოკრატიზაციის შედეგად საბჭოთა ჰეგემონიური პოლიტიკური დისკურსის დისიდენტურით ჩანაცვლების შედეგი იყო. ეროვნული მოძრაობა საზოგადოებას სხვა არაფერს სთავაზობდა, თუ არა ისევ საბჭოთა ქართულ ნაციონალიზმს, რომელსაც თან ერთვოდა ახალი - დამოუკიდებლობის იდეა.

საბჭოთა კავშირი ფორმალურად იბრძოდა ჩაგრული კლასების გაერთიანებისთვის, თუმცა, ფაქტობრივად შიდა პოლიტიკის დონეზე, მისი წამყვანი იდეა კლასობრიობით კი არა, ნაციონალიზმით შემოიფარგლებოდა. საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკის მთავარი არსი ეთნოტერიტორიალიზმის იდეაზე იდგა, რომლის მიხედვითაც, ყველა ერს უნდა ჰქონოდა საკუთარი ტერიტორია, რომელშიც განვითარდებოდა კულტურულად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად. ამ ყველაფერთან ერთად, სახელმწიფო ხელს უწყობდა (რიგ ეპიზოდებში ძალადობრივადაც) მიგრაციებს, რათა რესპუბლიკების ტერიტორიებზე, მომხდარიყო კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის კონსოლიდაცია. სტალინის პერიოდში, ნაციონალურ პოლიტიკას თან სდევდა ისტორიოგრაფიის განვითარებაც. ერის ეთნოგენეზის დადგენის მეშვეობით, მიმდინარეობდა კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის ყველაზე ადრეული წინაპრის დადგენა და მათ შორის კავშირის უწყვეტად წარმოჩენა - თავის მხრივ, ამით უნდა დაედასტურებინათ კონკრეტული ტერიტორიისადმი ეთნიკური ჯგუფის ისტორიული მიკუთვნებულობა.[1]

საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკის კვალდაკვალ, მიმდინარეობდა რესპუბლიკების ეთნიკური ჰომოგენიზაცია - წარსულში ეთნიკურად  მულტინაციონალური ქალაქები, ნელ-ნელა ჰომოგენური ხდებოდა, მაგალითად, თბილისი, სადაც ქართველები დიდი ხნის განმავლობაში უმცირესობაში იყვნენ და მხოლოდ 1960-იან წლებში აღმოჩნდნენ უმრავლესობაში, იგივე ითქმის თუნდაც ბაქოსა და სხვა ქალაქებზე.[2] აქედან გამომდინარე, რესპუბლიკებში ადამიანები კლასიფიცირდებოდნენ ეთნიკური მარკერებით, რომელსაც თან ერთვოდა გარკვეულ პრივილეგიებზე წვდომის ხარისხი. თავის მხრივ, ეს ნიშნავდა უმცირესობების ჩაგვრას და, რიგ შემთხვევაში კი, ასიმილაციის გზით მათ გაქრობასაც.  

ერების ფორმირებისა და ეთნიკური იდენტობის გამყარების პარალელურად, იმპერიაში მისი საპირისპირო რუსიფიკაციის პროცესიც მიმდინარეობდა, რომელიც გამორიცხავდა პირველს და ბუნებრივად წარმოქმნიდა კონფლიქტს. ეს კი, კიდევ უფრო აძლიერებდა ქართულ (ისევე როგორც სხვა ეთნიკური ჯგუფების) ნაციონალიზმს, რომელიც საერთო „მტრის“ წინააღმდეგ ერთიანდებოდა.  

1980-იანი წლების მიწურულს, ქართული ეროვნული მოძრაობის მიერ წარმოებული ნაციონალიზმი, იმეორებდა ნაციის საბჭოთა აღქმას. თავის მხრივ, ზვიად გამსახურდიამ, მას შემატა რელიგიური განზომილებაც, რისი მაგალითიც არის მისი 1990 წლის საჯარო ლექცია ანთროპოსოფიულ ფესტივალზე, რომელსაც შემდგომში „საქართველოს სულიერი მისია“ დაერქვა. მის სიტყვაში სჭარბობდა რელიგიური და მითოსური წარმოდგენები. იგი ქართულ კულტურას მესიანისტურად აღწერდა და ცივილიზაციურ საწყისებთან მიჰყავდა, საქართველოს სულიერ მისიას კი ამ კულტურის გაგრძელებად მიიჩნევდა. გამსახურდიას მიზანი ქართველი ხალხის უძველეს ერად, ხოლო მისი არსებობის ისტორიულად უწყვეტობის წარმოჩენა იყო. გამოსვლაში ის საგანგებოდ მიუთითებდა ქართველი ერის სხვა ერებისგან განსხვავებულობასა და აღმატებულებაზე, და ეთნოცენტრისტულ დისკურსს აწარმოებდა. გამსახურდია არ იყო მხოლოდ პოლიტიკური მესია, იგი ერის სულიერი მოძღვარიც იყო. მის მიერ წარმოთქმული სიტყვები, სავსე იყო რელიგიური მოძღვრებითა და სიმბოლიზმით, ცდილობდა სეკულარიზმსა და რელიგიურობას შორის ზღვარი მოეშალა და ისინი საკუთარ პოლიტიკურ თანამდებობაში ან საკუთარ თავში გაეერთიანებინა.[3]

1980-იანების მიწურულს, აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, საქართველოში გააქტიურდა საუბარი დემოგრაფიულ პრობლემებზე, უმცირესობის მიერ უმრავლესობის (ამ შემთხვევაში, ქართველების) შევიწროებასა  და შეთქმულების თეორიებზე.[4] ზვიად გამსახურდია, 1990 წელს, ჯერ წუხილს გამოთქვამდა, რომ საქართველო სსრკ-ში პირველ ადგილას იდგა უმაღლესდამთავრებული ქალების რიცხვით, შემდეგ კი დასძენდა, რომ ქალებს უნდა შეეზღუდოთ განათლების მიღება, რადგან „სანამ არ შეიზღუდება ქალების უმაღლეს სასწავლებლებში მიღება, შობადობის პრობლემა არ გადაწყდება“.[5] საზოგადოებისა და ერის ცხოვრებაში, მდედრობითი სქესის ადამიანთა როლი დაყვანილია მის ფუნქციურ როლამდე - დაბადოს ახალი ქართველები, რათა მათ გააგრძელონ ქართული სულიერი მისია. გამსახურდიას დემოგრაფიული პრობლემების საპირწონედ მოჰყავდა ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მაგალითი, რომელთა შორის შობადობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ქართველებში. ეროვნული მოძრაობის მთავარი სამიზნე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებს მიემართებოდა: ჯავახეთს, სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს. იმდროინდელი ქართული ნაციონალიზმი უპირისპირდებოდა საქართველოში მცხოვრებ აფხაზებს, ოსებს, აზერბაიჯანელებსა და სომხებს, თუმცა საერთოდ არაფერს ამბობდა ადგილობრივ რუსებზე, რომლებიც, ლოგიკურად უნდა ყოფილიყვნენ მთავარი დარტყმის მიმღებები, რადგან რუსეთი მიჩნეული იყო მთავარ მტრად - იმპერიად, რომლისგან განთავისუფლებაც „ეროვნული მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. განსხვავებით ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფებისგან, საქართველოში მცხოვრები რუსები არ ფლობდნენ მიწას - ტერიტორიას, არამედ  უმეტესად მუშათა კლასს წარმოადგენდნენ და დასახლებული იყვნენ ქალაქებში (თბილისი, რუსთავი, ტყვარჩელი და ა.შ.). ქართული ნაციონალიზმი კი მიემართებოდა ტერიტორიაზე მიბმულ ეთნიკურ უმცირესობებს: „აფხაზი ერი ისტორიულად არ არსებობს, აფხაზეთი იყო დასავლეთ საქართველოს სახელწოდება... ის ძველი აფხაზები აღარ არსებობენ, სახელწოდება აფხაზი დღეს არასწორად იხმარება ამ აფსუა ტომთან მიმართებით, აფსუა აფსარნი არის ჩრდილოეთ კავკასიური ადიღეური მოდგმის ტომი და ჩვენ არცერთი ტომის თვითგამორკვევის წინააღმდეგი არ ვართ, თუკი იგი ერად ქცევას გეგმავს, ოღონდ მის ისტორიულ ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ კავკასიაში“.[6] 

ქართული ნაციონალიზმისგან განსხვავებით, თანამედროვე აფხაზური ნაციონალიზმი, არც სსრკ-სგან დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და არც ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ ილაშქრებდა (გარდა ქართველებისა, რომელიც აფხაზეთში დომინანტი ჯგუფი იყო). თუკი ქართული ნაციონალიზმი ძლიერდებოდა რუსულ იმპერიალიზმთან ჭიდილში, ამ შემთხვევაში აფხაზური ნაციონალიზმი ქართულის საპირწონედ ძლიერდებოდა. საბჭოთა ეთნოტერიტორიალიზმის იდეას, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოვლინებაც ჰქონდა, კერძოდ, პრივილეგიებს ის მიიღებდა, ვინც კონკრეტულ ტერიტორიაზე ტიტულოვან ერად გამოცხადდებოდა. ეს კი, თავის მხრივ, აფხაზეთში, ქართველებსა და აფხაზებს შორის, ჩუმ ანტაგონიზმს წარმოქმნიდა. 1954 წელს, მეცნიერმა პავლე ინგოროყვამ გამოსცა წიგნი, რომელშიც აფხაზები მიჩნეულ იყვნენ არამკვიდრ მოსახლეობად, რომელიც მე-17 საუკუნეში ჩამოსახლდნენ აფხაზეთში. ნამდვილი აფხაზები კი ქართველები იყვნენ. აფხაზურ პოლიტიკურ და სამეცნიერო ელიტებში, ინგოროყვას თეზისი გადაითარგმნა როგორც იდეოლოგიური ბაზისი ქართული ექსპანსიისთვის.[7] თავის მხრივ, აფხაზმა ისტორიკოსმა შალვა ინალ-იფამ 1976 გამოსცა მონოგრაფია, რომელშიც ინგოროყვას თეზისის საპირისპიროს ამტკიცებდა. ინალ-იფას მიხედვით, აფხაზები კი არა, ქართველები არიან ტერიტორიაზე „სტუმრები“. ის ამტკიცებდა, რომ აფხაზო-ადიღები იყვნენ არა მხოლოდ აფხაზეთის პირველმკვიდრნი, არამედ მთლიანად კოლხეთის. მისი აზრით, ქართული ტომები ტერიტორიაზე ბევრად გვიან დაფუძნდნენ, ხოლო აფხაზეთის სამეფოს ჩამოყალიბებაში ფაქტობრივად სრულად გამოთიშა ქართული როლი.[8] თავდაპირველად ღია დაპირისპირება აკადემიური ხასიათის იყო (1947,1956-57, 1965-67, 1978), რომელიც მეტნაკლებად მშვიდობიანად სრულდებოდა. პერიოდულად, აფხაზები მოსკოვში გზავნიდნენ წერილებს, რომელშიც ავტორები სხვადასხვა მოთხოვნას აყენებდნენ. 1930-1950 წლებში, ძირითადი მოთხოვნები მიემართებოდა ტოპონიმიკის ცვლილებებს, ენასა და სასკოლო რეფორმებს. 1960-1978 წლებში, ცენტრალური საკითხი ისტორიოგრაფია და ეთნოტერიტორიული მიკუთვნებულობაა, ამავე დროს, საუბარი იყო საქართველოსადმი სხვადასხვა ისტორიულ ბრალდებაზე. სტატუსის ცვლილება, ამ პერიოდში გაგზავნილი წერილებიდან, 7-დან მხოლოდ 4-შია ნახსენები, თუმცა ის არ არის მთავარი მოთხოვნა. 1978-1989 წლებში, მოსკოვში 6 წერილი გაიგზავნა და 1985 წლის შემდეგ, ყველა სხვა ბრალდება თუ მოთხოვნა მეორეხარისხოვანი ხდება, სტატუსის ცვლილება კი - ცენტრალური საკითხი.[9] შეიძლება ითქვას, რომ აფხაზური ელიტა, საკუთარ მოთხოვნებს ორ მთავარ არგუმენტზე აფუძნებდა: (1) ეს არის აფხაზეთში დემოგრაფიული სურათის ხელოვნური ცვლილება და ეთნოტერიტორიული მოწყობა და (2) პოლიტიკური სტატუსი საბჭოთა კავშირში შესვლის და მისი არსებობის პირველ წლებში.

1989 წლისთვის აფხაზეთში დემოგრაფიულ უმრავლესობას ქართველები წარმოადგენდნენ 46%-ით, ხოლო აფხაზები - 17.9%-ს. მიუხედავად ეთნიკური სიმცირისა, საბჭოთა ეთნოტერიტორიული პოლიტიკის შედეგად, აფხაზები „ტიტულოვან“ ერად გამოცხადნენ, ე.ი. სხვადასხვა პრივილეგიით სარგებლობდნენ, მათ შორის, ჰქონდათ ბიუროკრატიული კვოტები, საკუთარი ტელევიზია, რადიო, უნივერსიტეტი და ა.შ. 1980-იანი წლებისთვის, 67% სახელმწიფო მინისტრის პოზიციაზე აფხაზი იყო დანიშნული, სამხარეო კომიტეტში (ობკომი) კი - 71%.[10] თანამედროვე აფხაზური ნაციონალური პროექტი აყენებდა მოთხოვნას - უმცირესობას ემართა უმრავლესობა, რომელსაც ხსნიდნენ ისტორიული სამართლიანობით - მუჰაჯირობისა და სტალინის მმართველობის პერიოდის რეპრესიებით, როცა ისინი ჯერ გადაასახლეს, შემდეგ კი იქ ხელოვნურად ჩაასახლეს ქართველები და აღმოჩნდნენ ეთნიკურ უმცირესობაში (ქართველები მანამდეც ცხოვრობდნენ ამ ტერიტორიაზე, თუმცა აფხაზეთში გადასახლებების შემდეგ მათი რიცხვი ფაქტობრივად გაორმაგდა). მაგალითად, 1926 წლის აღწერით, აფხაზეთში ცხოვრობდა 27% აფხაზი (სულ 55918 ადამიანი), ხოლო 33.6% ქართველი (სულ 67494 ადამიანი). 1989 წლისთვის 17.8% აფხაზი ( სულ 93267 აფხაზი) და 45.7% ქართველი (სულ 239872 ადამიანი).

ქართული ნაციონალიზმი, ეთნიკური უმცირესობების სახით ხედავდა იმპერიიდან წამოსულ საფრთხეს, რაც, თავის მხრივ, იწვევდა ამ ჯგუფების სურვილების თუ მოთხოვნების იგნორირებას, უარეს შემთხვევაში კი მტრულად გამოცხადებას.  თავის მხრივ, აფხაზური ნაციონალიზმი, მეტწილად ანტიქართული განწყობების საფუძველზე აღმოცენდა, მათთვის მიუღებელი იყო 1940-50 წლებში ქართველთა ჩასახლებები აფხაზეთში, რის გამოც ისინი ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდნენ და დაკარგეს ტერიტორიაზე მართვის პოლიტიკური და ეკონომიკური ჰეგემონია. საბჭოთა კავშირი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ქართულ-აფხაზურ ჩუმ დაპირისპირებაში მომრიგებლის როლს ასრულებდა, მაგრამ ცენტრის დასუსტებას აფხაზური პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტების სამოქმედო სივრცის გაზრდაც მოჰყვა  და ლიხნის კრებით, რომელსაც 30 000 ადამიანი ესწრებოდა, საკუთარი მოთხოვნები ფართო საზოგადოებამდე მიიტანეს. აფხაზური ნაციონალიზმის გააქტიურებას, ქართული ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგობა შეხვდა, რამაც კიდევ უფრო გაამყარა აფხაზური ნაციონალიზმი და გააერთიანა ანტიქართული იდეის გარშემო. შედეგად, აფხაზური პოლიტიკური ელიტები ცდილობდნენ, რაც შეიძლება „შორს“ წასულიყვნენ საქართველოსგან.

საბჭოთა კავშირის დაშლა, ნეგატიურად აისახა აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე, თუნდაც იმიტომ, რომ მოსკოვს საბჭოთა პერიოდში, არ სურდა ტერიტორიული ერთეულების სტატუსების გადახედვა, რადგანაც შიშობდნენ, რომ თუნდაც ერთი გამონაკლისის დაშვება, სხვებსაც გაუღვიძებდა მსგავს სურვილს, რაც საბოლოოდ საფრთხეს შეუქმნიდა მთლიანად იმპერიის ერთიანობას. სწორედ ამიტომაც, საბჭოთა პერიოდში, თუნდაც ყარაბაღის კონფლიქტში, მოსკოვმა მხარი დაუჭირა აზერბაიჯანს, რათა შეენარჩუნებინა არსებული ტერიტორიული სტატუს კვო, სომხები, რომლებიც ითხოვდნენ ყარაბაღის სომხეთთან შეერთებას კი, ექსტრემისტებად გამოაცხადეს.[11] გარდა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისებისა, საბჭოთა კავშირის დაშლას, თან მოჰყვა „მომრიგებლის“ გაქრობაც. თავდაპირველად, ხელისუფლებაში არჩეულმა გამსახურდიამ, შეძლო აფხაზეთში სტაბილურობის დამყარება, ის რიგ დათმობებზე წავიდა. გარდა იმისა, რომ მხარი დაუჭირა ვლადისლავ არძინბას უზენაესი საბჭოს თავჯდომარეობას, შეაჩერა ქართული ენის კანონი, რომელიც ქართულ ენას მთელ საქართველოში ერთადერთ ოფიციალურ ენად აცხადებდა, რითაც თუნდაც აფხაზები, რომლებმაც არ იცოდნენ ქართული ენა, ეთიშებოდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას.[12] პარლამენტში ადგილები ეთნიკური კვოტებით გადანაწილდა. 28 ადგილს იღებდნენ აფხაზები (ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის 17%), 26 ადგილს - ქართველები (ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის 46%), ხოლო სხვა ეთნიკური ჯგუფები - 11 ადგილს (ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის 37%), ამავე დროს, პარლამენტის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო აფხაზი, ხოლო პრემიერ-მინისტრი - ქართველი.[13] სტივენ ჯონსი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების გატარება შეუძლებელი იქნებოდა ხმების 2/3-ის გარეშე, რაც აფხაზებს მათ ხელთ არსებული იურიდიული უფლებებისა და ძალაუფლების დაცვის საშუალებას აძლევდა. თავის მხრივ, იგი იცავდა ქართულ მხარესაც, რადგან მსგავსი საპარლამენტო გადანაწილება აფხაზების საქართველოსგან გამოყოფის იურიდიულ შანსებს გამორიცხავდა.[14] მიუხედავად, სწორი, კომპრომისული, პოლიტიკური ნაბიჯისა, ახალმა კანონმა ადგილობრივი ქართული მოსახლეობისა და პოლიტიკური ელიტების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია,[15] მეტიც, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების აფხაზეთის განყოფილებამ მოსახლეობას მოუწოდა არ მიეღო მონაწილეობა 1991 წლის 29 სექტემბერს ჩანიშნული უმაღლესი საბჭოს არჩევნებში და მას „შეუნიღბავი აპარტეიდი“ უწოდა.[16]  შეიძლება ითქვას, რომ გამსახურდიას რადიკალურმა ნაციონალისტურმა დისკურსმა მისთვისვე შეუძლებელი გახადა პოლიტიკური კომპრომისი.

1991 წლის 22 დეკემბერს, საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იარაღის გამოყენებით დაემხო. ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც თავის თავს სამხედრო საბჭოს (შემდგომში გადაკეთდა სახელმწიფო საბჭოდ) უწოდებდა, თბილისის ომის შემდგომ ომი დასავლეთ საქართველოში გადაიტანა. ომს თან ერთვოდა მასობრივად გაბატონებული მოროდიორობა და მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვა. სამოქალაქო ომის შედეგი ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფოსთვის უმძიმესი აღმოჩნდა. ფაქტობრივად, გაქრა ლეგიტიმური ძალაუფლების ცენტრი და ქვეყანა დაიყო კონკრეტულ „ფეოდალთა“ გავლენის სფეროებად, თავად სახელმწიფოს ინსტიტუტები კი მხოლოდ ფორმალურადღა არსებობდა. ამ დროს, აფხაზეთში, მოჩვენებითი სიმშვიდეა. მართალია, სამოქალაქო ომმა ვერ შეაღწია აფხაზეთის ავტონომიის საზღვრებში, მაგრამ ქვეყანაში დამკვიდრებულმა ქაოსმა სეცესიის მომხრეთა სამოქმედო არეალი გააფართოვა. ეთნიკურ უმცირესობაში მყოფმა აფხაზებმა არ გაითვალისწინეს აფხაზეთში მცხოვრები ქართველების ინტერესები და  დიდი დაბრკოლებების გარეშე, მიიღეს რიგი არაკონსტიტუციური კანონები, მათ შორის, იქმნებოდა პარალელური სახელმწიფო ინსტიტუტებიც (შსს, გვარდია და ა.შ.). საბოლოოდ კი, 1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთმა 1925 წლის კონსტიტუცია აღადგინა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და საქართველო, თანაბარ სუბიექტებად იყვნენ წარმოდგენილნი.[17]

სულ რაღაც ორ კვირაში, ორი, ერთმანეთის გამომრიცხავი ნაციონალური პროექტი, ერთმანეთს იარაღით დაუპირისპირდება - სახელმწიფო საბჭოს შეიარაღებულმა ძალებმა ენგურის ხიდი გადაკვეთეს, რითაც დაიწყო გრძელი და სისხლიანი ომი, რომელიც ორივე ერისთვის უდიდესი ტრაგედიით დასრულდა. ომის დაწყებიდან თითქმის 30 წლის შემდეგაც კი, სახელმწიფოს დღემდე არ აქვს მყარი პასუხი იმის შესახებ, თუ რატომ შევიდა ქართული ჯარი აფხაზეთში - მართლა რკინიგზის ხაზის დასაცავად, თუ სხვა მიზნებსაც ისახავდა, მაგალითად აფხაზების დაშოშმინებას ან გამსახურდიას მომხრეებთან ბრძოლას. როგორც არ უნდა იყოს, ომის შედეგად განადგურებული ქალაქებისა და სოფლების გარდა, ორივე მხრიდან დაიღუპა 8000-მდე ადამიანი, ეთნიკური წმენდის შედეგად კი 300 ათასამდე ადამიანი იქცა დევნილად. ომის შემდგომ, ენგურის ორივე მხარეს მცხოვრები საზოგადოებები, უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდნენ, ყოველდღიური სამხედრო დაძაბულობა კი თითქმის კიდევ ერთი ათწლეული გაგრძელდა.

აფხაზეთის ომისა და ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად, აფხაზებმა მიაღწიეს საკუთარ ნაციონალურ იდეას: ტერიტორიაზე მოიპოვეს პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება. მაგალითად, 2012 წლის მონაცემებით, პარლამენტში დეპუტატების 92% ეთნიკური აფხაზია, დანარჩენი 8% კი სომეხი, მაშინ როცა ტერიტორიაზე მხოლოდ 50% აფხაზი ცხოვრობს.[18] აღმასრულებელ, საპარლამენტო და მსხვილ ბიზნესში აფხაზები სრულად დომინირებენ,[19] ეთნიკური უმცირესობები კი რიგ დამაბრკოლებელ კანონებს აწყდებიან, მათ შორის, აფხაზური ენის ცოდნის აუცილებლობას - შედეგად, სხვა ეთნიკური ჯგუფები სრულად გამოთიშულნი არიან პოლიტიკური ცხოვრებიდან და აფხაზეთში ფაქტობრივად დამყარებულია ეთნოკრატიული მმართველობა.

აფხაზეთის ომიდან 29 წლის შემდეგაც, ორივე საზოგადოებაში, ქართულსა და აფხაზურში, ბევრი არაფერი შეცვლილა: აფხაზებს კვლავ ეშინიათ დემოგრაფიულ უმცირესობაში აღმოჩენისა, რის გამოც დაშვების დონეზეც კი გამორიცხავენ დევნილების დაბრუნების საკითხს. მთელი ამ ხნის განმავლობაში აფხაზეთი იზოლაციაშია მოქცეული და ყველა ასპექტში, სრულად არის რუსეთზე დამოკიდებული. ბოლო დროს გააქტიურებულმა ბიჭვინთის ტერიტორიების რუსეთის მფლობელობაში გადასვლის საკითხმა კი სრულად უმწეო მდგომარეობაში ჩააგდო მთლიანად აფხაზური საზოგადოება და ფაქტობრივად ჩიხურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქართველის მტრის ხატი, რომელიც მთელი 30 წლის განმავლობაში იქმნებოდა, აღარ არის აქტუალური, რადგან ამჯერად ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთიდან მოდის. აფხაზურისგან საპირისპიროდ, საქართველოში აფხაზის მტრის ხატს არასოდეს უარსებია. ის რუსეთის მარიონეტად იყო წარმოდგენილი, აქედან გამომდინარე, მთელი ბრალეულობა რუსეთს მიეწერება. ერთი მხრივ, ეს კარგია, რადგან ქართული საზოგადოება უფრო მარტივად შეძლებს მიიღოს ახალი რეალობა, რომელშიც აფხაზს საკუთარი მოთხოვნები გააჩნია, მაგრამ მეორე მხრივ, ამ ხედვაში აფხაზები კარგავენ აგენტობას და აქედან გამომდინარე, მათთან საუბრის მიზეზიც არ არსებობს.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, შედეგია საბჭოთა პარადოქსული ნაციონალური პოლიტიკისა - ერთი მხრივ, საქართველოს რესპუბლიკაში ქართველი იყო პრივილეგირებული ეთნიკური ჯგუფი, მაგრამ ეს არ ეხებოდა მასში შემავალ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას, რომელშიც პრივილეგირებული იყო ეთნიკურ უმცირესობაში მყოფი აფხაზები. ამ ორივეს კი, თან ერთვოდა საერთო - რუსიფიკაციის პოლიტიკა. მოსკოვი, აფხაზეთში, ათწლეულების განმავლობაში ეწეოდა აფხაზების სასარგებლოდ „გათანაბრების“ პოლიტიკას, რითაც ხერხდებოდა რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება. საბჭოთა კავშირის დასუსტებისა და დაშლის შემდეგ, საბჭოთა ნაციონალურმა პოლიტიკამ მთელი სიმძაფრით იჩინა თავი - სწორედ ეთნოტერიტორიალიზმი  გახდა ის მთავარი არგუმენტი, რომელზეც ქართველები და აფხაზები აგებდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ  საკუთარ ნაციონალურ პროექტებს. საბოლოო ჯამში, 1992 წლის 14 აგვისტოს, ქართული და აფხაზური ნაციონალური პროექტები, ერთმანეთს იარაღის მეშვეობით დაუპირისპირდნენ, შედეგი ორივე ერისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Krista A. Goff, Nested Nationalism, გვ.110.

[2] Ronald Suny, The revenge of the past, გვ.111.

[3] Nikoloz Aleksidze, Old saints and new anxieties (De Gruyter Oldenbourg , p.2021.) გვ. 8-9.

[4] ზვიად გამსახურდია, საქართველოს ყოფნა არ ყოფნა, ლიტერატურული საქართველო, 08/07/1990, №23.

[5] გაზეთი, ლიტერატურული საქართველო, „საქართველოს ყოფნა არ ყოფნა“, 08/06/1990 №23.

[6] ინტერნეტ წყარო, Zviad Gamsakhurdia: “Abkhaz Nation Doesn’t Exist!”, https://youtu.be/DfSYvAZAfN0, ბოლოს ნანახია 26/10/2022.

[7] Brunno Coppitiers, In defense of homeland, Secession, History and the Social Sciences, (Brussel, 2002) გვ. 93.

[8] Зураб Папаскири, Моя Абхазия, (Тбилиси, Меридиани, 2012.) გვ. 20.

[9] Anastasia Shesterinina, Mobilization in civil war: latent norm, social relation, and inter-group violence in Abkhazia,  (Vancouver : University of British Columbia, 2014) გვ. 114.

[10] Julie A. George, The Politics of Ethnic Separatism in Russia and Georgia (New York: Palgrave and Macmillan, 2009), გვ. 104.

[11] Томас Де Ваал, Черный сад, გვ. 29-30.

[12] ჯემალ გამახარია, ზვიად გამსახურდიას პოლიტიკა აფხაზეთში, (2004) გვ. 14.

[13] Julie A. George, The Politics of Ethnic Separatism in Russia and Georgia, გვ. 115.

[14] Stephen Jones, Georgia political history since independence, (Tbilisi: I.B. Tauris 2012) გვ. 258.

[15] პირად ინტერვიუში ადასტურებენ, როგორც ჯემალ გამახარია, ისე  ვახტანგ ყოლბაია.

[16] გაზეთი „აფხაზეთის ხმა“, 25.09.1991.

[17] 1925 წლის კონსტიტუციის მიხედვით, აფხაზეთი არ იყო საქართველოსგან დამოუკიდებელი, მაგრამ ის  მანიპულაციის ფართო საშუალებას იძლეოდა - დავით მაცაბერიძე, კონფლიქტი აფხაზეთის რეგიონში: ქართული და აფხაზური ნაციონალიზმების დაპირისპირება 1989-2012 წლებში, 2014 წელი, გვ. 54.

[18] ინტერნეტ წყარო, Опять к вопросу об этнократии в Абхазии, ბოლოს ნანახია 21/06/2022, https://www.ekhokavkaza.com/a/24761473.html

[19] Tom Trier, David Szakonyi, Under siege: inter-ethnic relations in Abkhazia, (New York: Columbia University Press, 2015.) გვ. 160.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“