საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ანატოლი რეშეტნიკოვი ვებსტერის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასისტენტ-პროფესორია.
2015 წელს, რუსეთში მოქმედმა, ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოიწყეს პროექტი, რომელიც უფლებადამცველების შესახებ დოკუმენტური ფილმის მომზადებას ისახავდა მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლით ადრე პუტინს უკვე დაეპყრო ყირიმი, ხოლო ბორის ნემცოვი, ოპოზიციის გამოჩენილი წარმომადგენელი 2015 წლის თებერვალში, კრემლის წინ სასიკვდილო გასროლას ემსხვერპლა, სიტუაცია შედარებით მსუბუქი იყო. რამდენიმე პოლიტიკური მკვლელობა და პოლიტიკური პატიმარი, 2012 წელს მიღებული კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, უკვე საგანგაშო იყო, თუმცა სიმძიმით ვერც კი შეედრებოდა იმ მოვლენებს, რაც შემდგომ პერიოდში დატრიალდა.
ასე, რომ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს რუსი უფლებადამცველების შესახებ მრავლად ჰყავდა რესპონდენტები - როგორც ინდივიდები, ასევე ორგანიზაციები, რომლებთანაც პროექტის გუნდს საუბარი შეეძლო. გარდა ამისა, პროექტი მნიშვნელოვანი იყო საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც. უფლებადამცველთა თემს სჯეროდა, და არც თუ ისე უსაფუძვლოდ, რომ რუსეთის საშუალო მოქალაქემ ბევრი არაფერი იცოდა მათი საქმიანობის შესახებ და შესაბამისად, იოლად ექცეოდა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ შეთითხნილი რიტორიკის გავლენის ქვეშ. ადამიანის უფლებებზე მომუშავე რუსული ორგანიზაციების უმეტესობა გასაოცრად აპოლიტიკური იყო (ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე ჩანდა მათი საჯარო პოზიციიდან), რომ არაფერი ვთქვათ რომელიმე უცხოური გავლენის შეგნებულ აგენტობაზე. ისინი მხოლოდ ცდილობდნენ დახმარება გაეწიათ რთულ სიტუაციაში მყოფი ადამიანებისთვის იქნებოდა ეს ახალწვეული, პატიმარი, ნარკომომხმარებელი თუ დევნილი. და რადგან რუსეთის სახელმწიფოს არ გააჩნდა საკმარისი რესურსი ეზრუნა მის მარგინალიზებულ და უპოვარ მოსახლეობაზე, ხანდახან, ეს ორგანიზაციები იყენებდნენ საერთაშორისო დაფინანსებას, თუმცა ამ დახმარების სანაცვლოდ ისინი არასდროს იღებდნენ რაიმე ვალდებულებას და არც მხოლოდ ამგვარი ტიპის დახმარებაზე იყვნენ დამოკიდებულები.
პროექტი მიზნად ისახავდა ეჩვენებინა რუსეთის მოქალაქეებისთვისა და სახელმწიფოსთვისაც, რომ მათ საქმიანობაში არაფერი იყო კონსპირაციული და ადამიანის უფლებადამცველობა არაფრით გულისხმობდა პოლიტიკურად ძირგამომთხრელ ზრახვებს. აქტივისტები უბრალოდ ცდილობდნენ ამოევსოთ საკანონმდებლო სისტემაში არსებული ნაპრალები. ეს სისტემა, უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს ეყრდნობოდა, თუმცა დროთა განმავლობაში იგი მოირყა და დასუსტდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავდაპირველი მიზანი არ ყოფილა, პროექტი რუსული სამოქალაქო საზოგადოების მეთოდური ამოძირკვისკენ მიმართული მცდელობების ქრონიკად იქცა.
სტრატეგიული რეაგირება უცხოური გავლენის აგენტის სტატუსზე
პროექტის გუნდმა ყურადღება გაამახვილა ძირითადად იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებსაც უცხოური გავლენის აგენტის იარლიყი მიაწებეს და მიზნად დაისახა მათი ყოველდღიური საქმიანობის, ბრძოლის და ახლადშექმნილ სამართლებრივ, პოლიტიკურ და სოციალურ გარემოზე თვითრეფლექსიის დოკუმენტირება. რუსულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, რომლებშიც მრავალი იურისტი მუშაობდა, გადაწყვიტეს შექმნილ სიტუაციას ძალზე პრაგმატულად მისდგომოდნენ და გამოეყენებინათ იურისპრუდენციის სიღრმისეული ცოდნა და გონიერება საქმიანობის ისე გასაგრძელებლად, რომ თავიდან აეცილებინათ სახელმწიფო აპარატის მხრიდან წნეხი და არასათანადო მოპყრობა. ბოლოს და ბოლოს, მათ ხომ ყოველდღიურად უწევდათ კომუნიკაცია, მათ შორის კონსტრუქციულიც - შესაძლებლობის შემთხვევაში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან იქნებოდა ეს სასამართლო დარბაზში, წინასწარი დაკავების დაწესებულებებსა და თუ საემიგრაციო ცენტრებში.
სტიგმატიზაციის მცდელობების პასუხად, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ანდრეი რილკოვის ფონდი, რომელიც ნარკოტიკების წინააღმდეგ გამოცხადებული ომის მსხვერპლების ჯანმრთელობას და უფლებებს იცავს, შეეცადა დამორჩილებოდა ახლადშემოღებულ წესებს და ნებაყოფლობით ეტვირთა უცხოური ინტერესების გამტარებელი აგენტის საჯაროდ აღიარების ტვირთი. ფონდი რუსეთის მიერ უკრაინის სრულმასშტაბიანი დაპყრობის შემდეგაც აგრძელებდა მუშაობას.. თუმცა, ანა სარანგის, ფონდის დირექტორის განცხადებით, ორგანიზაცია “სრულიად მოკლებული აღმოჩნდა რაიმე ფინანსურ და მორალურ მხარდაჭერას, რადგან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები “[რუსეთს] უიმედო შემთხვევად” მიიჩნევდნენ.
კიდევ ერთმა ორგანიზაციამ, Crew Against Torture, რომლებიც რუსეთის სასჯელაღსრულებისა და წინასწარი დაკავების დაწესებულებებში გავრცელებული წამების მსხვერპლთა დახმარებას ისახავს მიზნად, თავდაპირველად ხელისუფლებასთან დამალობანას თამაში წამოიწყო. 2015-დან 2022 წლებში, სულ მცირე ოთხი სხვადასხვა იურიდიული პროქსი-ორგანიზაციის მეშვეობით დარეგისტრირდა უცხოელი აგენტების რეესტრში. თითოეული ასეთი შემთხვევა შესაბამისი ორგანიზაციის ლიკვიდაციით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის უახლესი ავატარი ჯერ კიდევ მოქმედია, დღეს მათ უკვე დისკრიმინაციული კანონმდებლობის დაცვა უწევთ და საჯაროთაც აქვთ გაცხადებული უცხოური ინტერესების აგენტობა. და მაინც, არსებული ბარიერების მიუხედავად, ორგანიზაცია კვლავ აგრძელებს ადგილზე მუშაობას და მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელებას.
კიდევ ერთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც „სანქტ პეტერბურგელი ჯარისკაცების დედების“ სახელითაა ცნობილი და რომელიც ახალწვეულების უფლებს იცავს და რუსეთის არმიაში ადამიანის უფლებების დაცვაზე საკითხებზე მუშაობს, შეეცადა ეჭვქვეშ დაეყენებინა ახალი კანონმდებლობის იურიდიული ჩარჩო და გაეკრიტიკებინა მკაფიოდ განსაზღვრული სამართლებრივი მექანიზმის არარსებობა, რომელიც უცხოური ინტერესების გამტარებელ აგენტებს ამ სტატუსზე უარის თქმის საშუალებას მისცემდა. „სანქტ პეტერბურგელი ჯარისკაცების დედები“ აღმოჩნდა ერთადერთი რუსული ორგანიზაცია, რომელმაც მოახერხა თავი აერიდებინა უცხოური გავლენის აგენტის იარლიყისთვის ჯერ კიდევ 2015 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს ყველანაირ უცხოურ დაფინანსებაზე. ორგანიზაცია შეეცადა ქვეყნის შიგნით გამოეძებნა ალტერნატიული რესურსები და სერიოზულ იურიდიულ ზეწოლას მიმართა, რათა ორგანიზაციის სახელი რეესტრიდან ამოღებულიყო.[1]
თუმცა, ამ ნაბიჯმა ვერ დაიცვა ორგანიზაცია ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და მონიტორინგისგან. არსებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღებამდე რამდენიმე თვით ადრე და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციებზე საპასუხოდ, ორგანიზაციამ გადაწყვიტა შეეჩერებინა მათ მიერ წარმოებული მონიტორინგი ზოგიერთი მიმართულებით. შეჩერებულ საქმიანობაში მოხვდა „არმიაში კანონიერებისა და მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის“ შეფასება, რაც, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის აზრით, წარმოადგენდა უცხოური გავლენის აგენტის ტიპურ საქმიანობას. სანაცვლოდ, „სანქტ პეტერბურგელი ჯარისკაცების დედები“ ცდილობენ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვა ფორმატში გამოიყენონ. მათი საქმიანობის ძირითადი ნაწილი ახლა ვირტუალურ სივრცეში ხორციელდება, ფინანსური შეზღუდვებისა და უცხოური ძალის აგენტის იარლიყისგან თავის არიდების მიზნით.
მიზანმიმართული შეტევები და ე.წ. let live [2]საქმეები
ცნობილია, რომ მიზანმიმართული პოლიტიკური რეპრესიების შედეგად ყველაზე მეტად ცენტრი “მემორიალი” დაზარალდა, ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებების ფართო სპექტრის დაცვაზე მუშაობს. პოლიციის მიერ არაერთგზის განხორციელებული ჩხრეკებისა და ორგანიზაციის წევრების დაპატიმრების შემდეგ მისმა ბევრმა (თუ უმეტესობამ არა) წევრმა თავი უცხოეთის ქვეყნებს შეაფარა და ახლა ისინი გადაჯგუფებას და საქმიანობის სხვადასხვა ფორმატში გაგრძელებას გეგმავენ. ორგანიზაცია რეესტრიდან ამოშლილია და ამჟამად საქმიანობას იურიდიული სტატუსის გარეშე აგრძელებს, როგორც „მემორიალი - ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი“. ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ოლეგ ორლოვმა, რომელიც სასჯელს რუსული არმიის „დისკრედიტაციის“ ბრალდებით იხდიდა, რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების ყველაზე ფართომასშტაბიანი გაცვლის ფარგლებში, 2024 წლის აგვისტოში დატოვა რუსეთი. ამასწინდელ ინტერვიუში, ორლოვმა აღიარა, რომ უცხოური გავლენის აგენტის იარლიყი მნიშვნელოვნად ართულებს უფლებადაცვით საქმიანობას, აიძულებს აქტივისტებს გადაინაცვლონ იატაკქვეშ, ხოლო საჯაროობას, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის არსენალის ერთ-ერთ იარაღს, აზრმოკლებულს ხდის. ამავე დროს, ორლოვი ამტკიცებს, რომ რუსეთში კვლავაც აქტიურად მუშაობენ უფლებადამცველები, მიუხედავად იმისა, რომ მათი მუშაობის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ხოლო საქმიანობა კი ძირითადად ინფორმაციის მოძიებითა და ე.წ. whistleblowing-ით - მამხილებლობით შემოიფარგლება.
მაგალითად, “სამოქალაქო გუშაგი”, რეესტრში შეყვანილი კიდევ ერთი ორგანიზაცია, კვლავ განაგრძობს საქმიანობას რუსეთში, რაც გულისხმობს სასამართლოში სამართალწარმოების მონიტორინგს, ასევე, ანგარიშების მომზადებას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რუსეთის სასამართლოებისთვის. ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშებში წარმოდგენილია ცნობები ადამიანის უფლებათა სხვადასხვა დარღვევების შესახებ დაწყებული LGBTQ+ თემის წევრების დევნისა და რასობრივი პროფაილინგიდან, დამთავრებული თავისუფლების აღკვეთის პირობების უგულებელყოფით. ორგანიზაციის თანამშრომლებს არ აქვთ იმის ილუზია, რომ მათ მუშაობას მყისიერი ეფექტი ექნება, თუმცა, ისინი კვლავაც იმ პოზიციაზე რჩებიან, რომ რუსეთის გამოსვლა საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოდან მხოლოდ დროებითია და რომ მათი საქმიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდება რეინტეგრაციის შემდეგ. „ანდრეი რილკოვის ფონდის“ მსგავსად, „სამოქალაქო გუშაგმაც“ ამჯობინა დამორჩილებოდა დისკრიმინაციულ კანონს და შესაბამისად, თითქმის ყველა რუსულენოვან პუბლიკაციასა და გამოცემაზე საკუთარ თავს „უცხოური ინტერესის აგენტებად“ იხსენებს.
სისტემური პერსპექტივა
ბედერსონისა და სემენოვის ანალიზის მიხედვით, სახელმწიფომ უცხოური ინტერესის აგენტების სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ სამი ტიპის ზეწოლას მიმართა: (1) ფინანსური ზეწოლა, რაც გამოიხატებოდა უზარმაზარ ფულად ჯარიმებში, რომლებიც რეგულაციების არშესრულების შემთხვევაში ემუქრებოდა ორგანიზაციას; (2) ზედამხედველობითი ზეწოლა მუდმივი, დაუგეგმავი და გაუფრთხილებელი ინსპექციებისა და აუდიტის სახით და (3) ინსტიტუციური ზეწოლა - საჯაროდ იარლიყის მიწებება, რაც, თავის მხრივ, იწვევდა ორგანიზაციის სტიგმატიზებას და როგორც ბიუროკრატებში, ასევე ფართო საზოგადოებაში ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სურვილის გაქრობას. ზეწოლის ყველა ეს სახეობა უკიდურესად დამაზიანებელი აღმოჩნდა რუსული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ისედაც შეზღუდული ჰქონდათ წვდომა ფინანსურ და ადამიანურ რესურსებზე. მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, ხელმისაწვდომი რესურსებისა და მათი მრავალფეროვნების გათვალისწინებით, თვალშისაცემი იყო, რომ ორგანიზაციები სხვადასხვაგვარად რეაგირებდნენ მათი სტიგმატიზაციის მცდელობებზე.
რესურსების მოცულობისა და მათზე ხელმისაწვდომობის წესებზე დაფუძნებით ბედერსონმა და სამენოვმა შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაციების კლასიფიკაცია და ისინი ოთხი ძირითადი ნიშის მიხედვით დააჯგუფეს (იხ. სურათი 1). ორი შერჩეული განზომილების კონტექსტუალიზაციის მიზნით, „რესურსუხვი vs რესურსმწირი“ ღერძი წარმოადგენს განსხვავებას იმ მდგომარეობებს შორის, რომლებშიც, ერთის მხრივ არსებობს ინსტიტუციური დონორების სიმრავლე, ხოლო მეორეში ამგვარი დონორები ცოტაა. გარდა ამისა, უხვრესურსიან მხარეს იოლად ხერხდება ალტერნატიული რესურსების მობილიზება (მაგალითად, ე.წ. crowdfunding-ი), ხოლო ღერძის მეორე ბოლოსკენ, ალტერნატიული რესურსებიც მწირია, სხვადასხვა მიზეზების გამო (მაგ. პრობლემას ან საკითხს არააქტუალურად მიიჩნევენ დონორები და ფართო საზოგადოება). „შეზღუდული vs შეუზღუდავ“ ღერძზე ორგანიზაციების პოზიციონირება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მკაცრ იურიდიულ თუ ინსტიტუციურ ჩარჩოს იყენებს ხელისუფლება რესურსებზე წვდომის შეზღუდვის მიზნით. როგორც წესი (და ეს წესი მხოლოდ რუსეთში არ მოქმედებს), ამ კრიტერიუმებისა და რესურსებზე წვდომის შესაძლებლობების მიხედვით, ორგანიზაციები, იქნება ეს არასამთავრობო გაერთიანებები თუ სათემო ჯგუფები, სხვადასხვა პოზიციას იკავებენ შესაბამის ღერძებზე, როგორც ეს 1-ელ სურათზეა მოცემული.
სურათი 1. ორგანიზაციების კლასიფიკაცია რესურსების მოცულობისა და ხელმისაწვდომობის წესების მიხედვით (წყარო: Vsevolod Bederson and Andrei Semenov, "Between Autonomy and Compliance: The Organizational Development of Russian Civil Society." [ვსევოლოდ ბედერსონი და ანდრეი სამენოვი, “ავტონომიასა და დამყოლობას შორის: რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციული განვითარება”])
ხელმისაწვდომი რესურსების მოცულობა და მრავალფეროვნება, ასევე, სახელმწიფოს მიერ მათი სარგებლობისთვის შემოღებული წესები, განაპირობებს რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების რეაგირებებსა და ქმედებებს უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის შემოღებისა და ასევე, კონკრეტული ორგანიზაციისთვის აგენტის იარლიყის მიკერების შემდგომ პერიოდში (სურათი 2).
სურათი 2. ორგანიზაციული რეაგირება (წყარო: Vsevolod Bederson and Andrei Semenov, "Between Autonomy and Compliance: The Organizational Development of Russian Civil Society." [ვსევოლოდ ბედერსონი და ანდრეი სამენოვი, “ავტონომიასა და დამყოლობას შორის: რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციული განვითარება”])
ზოგიერთმა ორგანიზაციამ, რომელიც ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობის გამო დარწმუნებული იყო, რომ სახელმწიფოსგან დაფინანსების მოპოვება არ გაუჭირდებოდა, კანონის შემოღების შემდეგ დამყოლობის ტაქტიკას მიმართა. ისინი ზედმიწევნით იცავდნენ კანონს და შესაბამისად, საკუთარ თავს მოიხსენიებდნენ აგენტებად, როგორც ამას კანონი მოითხოვდა. ამავე დროს, მათ უარი თქვეს უცხოურ დაფინანსებაზე იმის იმედით, რომ ახალ გარემოსთან ადაპტირებას შეძლებდნენ. იმ ორგანიზაციების ნაწილმა, რომლებიც რესურსების სიმწირეს განიცდიდნენ, მაგრამ როგორღაც ახერხებდნენ გარკვეული ურთიერთობების შენარჩუნებას ხელისუფლებასთან, რადარს მიღმა ოპერირება ამჯობინეს, რათა თავიდან აეცილებინათ უცხო გავლენის აგენტის იარლიყი. პრაქტიკაში ეს ნიშნავდა, რომ ამგვარი ორგანიზაციები, იმ მწირი დაფინანსებით, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ, ახორციელებდნენ მცირე მასშტაბის სოციალურ პროექტებს, თუმცა მათ უცხოურ დაფინანსებაზე უარის თქმა მოუწიათ. ბუნებრივია, მოვლენების ამგვარმა განვითარებამ შეანელა მათი ზრდა და განვითარება და დააქვეითა მათი თანამშრომლების პროფესიონალიზმი.
როგორც დამყოლობას, ასევე რადარს მიღმა ოპერირების სტრატეგიებს ის არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავდნენ, რომლებსაც შეზღუდული ხელმისაწვდომობა ჰქონდათ რესურსებზე და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფინანსების მკაცრად რეგულირებული წყაროებით სარგებლობდნენ (მაგ. უცხოური გრანტები). დამყოლობა მოითხოვდა იმგვარ ადამიანურ რესურსებში ინვესტირებას, რომელიც საშუალებას მისცემდა ორგანიზაციებს გაეძლოთ ზეწოლის ზემოთ აღწერილი ფორმებისთვის და მოეხდინათ სწრაფი რეაგირება უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის ყოველ შესწორებაზე ისე, რომ უცხოურ დაფინანსებაზე უარი არ ეთქვათ. რადარს მიღმა ოპერირების ტაქტიკის მიმდევრებს შეეძლოთ გარკვეული მცირე მასშტაბის აქტივობების განხორციელება მცირე დაფინანსების გამოყენებით აჟიოტაჟისა და ხმაურის გარეშე.
ზოგადად, ყველაზე მეტად ის არასამთავრობო ორგანიზაციები დაზარალდნენ, რომლებსაც ნაკლებად მიუწვდებოდათ ხელი ისედაც მწირ რესურსებზე. როდესაც დამყოლობა არ იყო ყველაზე ოპტიმალური არჩევანი, შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსების ფონზე, როდესაც ისინი უკვე ექცეოდნენ ხელისუფლების ყურადღების ცენტრში, ორგანიზაციებს მხოლოდ სამი მიდგომის არჩევა შეეძლოთ ბედერსონისა და სემენოვის მიერ აღწერილი ალტერნატივებიდან: (1) ხელახალი რეგისტრაცია (მაგ., იურიდიული რეგალიების შეცვლა); (2) დეინსტიტუციონალიზაცია (მაგ., საქმიანობის არეალისა და მასშტაბის მნიშვნელოვანი დავიწროება) და (3) საქმიანობის შეწყვეტა (მაგ., ყველა საქმიანობის შეჩერება, თანამშრომლებისა და მოხალისეების დათხოვნა). თუმცა, ამ სტრატეგიებიდან არც ერთმა არ გაამართლა. ვინც ხელახლა დარეგისტრირდა, მაგალითად, ზემოთ ნახსენები ორგანიზაცია Crew Against Torture, ასევე არჩევნების საკითხებზე მომუშავე Golos-ი, მათაც საბოლოოდ მაინც მოუწიათ დამორჩილებოდნენ კანონის მოთხოვნებს, ხოლო ისინი, რომლებიც დეინსტიტუციონალიზაციის გზას დაადგნენ ან შეწყვიტეს საქმიანობა, ბუნებრივია, მოუწიათ საქმიანობის მინიმუმამდე დაყვანა ან სულაც გაქრობა.
დაბოლოს, ორგანიზაციებს, რომლებსაც მნიშვნელოვან რესურსებზე მიუწვდებოდათ ხელი, ხელმისაწვდომობაზე სახელმწიფოს მიერ მკაცრი კონტროლის დამყარების შემდეგ, შეეძლოთ ან (1) ხელახალი დარეგისტრირება (რეპუტაციის გამოსწორების მიზნით), (2) ფორმალური ლიკვიდაციის გამოცხადება (რის შემდეგადაც საქმიანობას არაფორმალური საინიციატივო ჯგუფის ფორმატში გააგრძელებდნენ) ან (3) შეემუშავებინათ ინსტიტუციური წინააღმდეგობის მექანიზმები (მაგალითად, ორგანიზაციის შესანარჩუნებლად და რეესტრიდან მის ამოსაღებად სასამართლო ბრძოლა წამოეწყოთ). აქაც, უნაკლო არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი სტრატეგია არ გამოდგა. უხვრესურსიან გარემოში მოქმედი ორგანიზაციები, მაგალითად, “აგორა”, რომლებიც ხელახლა დარეგისტრირდნენ, რესურსებზე წვდომაზე კონტროლის გამკაცრების შემდეგ, როგორც “არასასურველი ორგანიზაციები”, კრიმინალიზაციის პოლიტიკას ემსხვერპლნენ (იხილეთ მომდევნო ნაწილი სხვა მაგალითებისთვის). ფორმალური ლიკვიდაციის შედეგად, ბუნებრივია, ორგანიზაციებს მოუწიათ საქმიანობისა და დაფარვის არეალის მნიშვნელოვნად შემცირება. ინსტიტუციური წინააღმდეგობა გარკვეულ შემთხვევებში ეფექტიანი სტრატეგია აღმოჩნდა, თუმცა მისი განხორციელება უკიდურესად ძვირი ჯდებოდა და დიდ დროს მოითხოვდა. ორგანიზაციას მთლიანად უწევდა არსებული რესურსის გადამისამართება მნიშვნელოვანი აქტივობებიდან უცხოური გავლენის აგენტის სტატუსის ირგვლივ მიმდინარე გაუთავებელ სასამართლო დავებზე (“სანკტ-პეტერბურგელი ჯარისკაცების დედების” ბრძოლა, ალბათ, ამის ყველაზე ნათელი მაგალითია).
უარესი, ვიდრე უცხოური გავლენის აგენტობა
როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, უმეტეს შემთხვევებში, “უცხოური გავლენის აგენტის” იარლიყი სტიგმისა და დაშინების ინსტრუმენტად გამოიყენება. არსებული კვლევები ადასტურებს, რომ ავტოკრატებს ხშირად იმდენად არ აინტერესებთ სამოქალაქო საზოგადოების სრული გაქრობა, რამდენადაც დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ტოტალური კონტროლის მოპოვება, რასაც, თავის მხრივ, რეჟიმის ლეგიტიმაციის მიზნებისთვის იყენებენ. თუმცა, კანონის მოქმედების არეალის გაფართოებასთან ერთად, რის შედეგადაც იგი კერძო პირებზეც გავრცელდა, სტიგმატიზაციის მსხვერპლები სხვებთან ერთად აღმოჩნდნენ ჟურნალისტები, ბლოგერები, მსახიობები, მუსიკოსები და მწერლები, იმ გამონათქვამების გამო, რომლებმაც კრემლში გულისწყრომა გამოიწვია. როგორც წესი, ბიუროკრატიულ ტვირთთან ერთად, უცხოური გავლენის აგენტის სტატუსი ასევე ნიშნავდა, რომ ბლოგერები და საჯარო პირები კარგავდნენ რეკლამებიდან მიღებულ შემოსავალს, მსახიობებსა და მუსიკოსებს აღარ იწვევდნენ კონცერტებსა და როლებზე (ყოველ შემთხვევაში, რუსეთში). დამაინც, თუ სტიგმატიზაციის მსხვერპლი დამყოლობას გადაწყვეტდა, უცხოური გავლენის აგენტის სტატუსი მაინცდამაინც სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ან დაპატიმრებას არ გულისხმობდა. ის უფრო გაჩუმებისა და ცხოვრების გართულების ინსტრუმენტად გამოიყენებოდა. ამავე დროის, ოპოზიციურად განწყობილი რუსებისთვის, აგენტის სტატუსი ერთგვარ საპატიო ჯილდოს წარმოადგენდა, რომელსაც მხოლოდ ის ადამიანები და ორგანიზაციები იმსახურებდნენ, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავდნენ და ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ იმაღლებდნენ ხმას.
ამგვარად, იმგვარ საფრთხესთან გასამკლავებლად, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ხელშესახებად მიიჩნევდა, რეჟიმმა შეიმუშავა უფრო მკაცრი და მეტად ეფექტიანი იურიდიული ინსტრუმენტები და მოიშველია კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც ექსტრემისტებს, ტერორისტებსა და “არასასურველ ორგანიზაციებს” ეხება. რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარლიყის მიწებების ყველაზე მეტად ცნობილი შემთხვევა მაინც ალექსეი ნავალნის ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის” რუსეთიდან გაძევებას ეხება. ფონდის თანამშრომლების დიდი ნაწილი იძულებული გახდა დაეტოვებინა რუსეთი, რასაც თავად ნავალნის სავარაუდო მკვლელობა მოჰყვა. თუმცა, მსგავსი ბედი სხვა ორგანიზაციებმაც გაიზიარეს. მაგალითად, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში აღმოჩნდა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “Bellona”, რომლის სათავო ოფისი ნორვეგიაში მდებარეობს, თუმცა რუსეთშიც საკმაოდ აქტიურ მუშაობას ეწეოდნენ. ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ გაეგრძელებინა საქმიანობა რუსეთში. ის საკუთარ წევრებსაც დაეხმარა ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლაში. ახალი სტატუსი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებით ემუქრებოდა ყველას, ვისაც კი რაიმე შეხება ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამასობაში, Bellona-ს არ შეუჩერებია რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვება და ანგარიშების მომზადება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია რუსეთ-უკრაინის ომის ბირთვულ ასპექტზე და კონფლიქტის შესაძლო ეკოლოგიურ გავლენებზე.
მომავლის ხედვა
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ერთ დროს აქტიური და მრავალფეროვანი რუსული სამოქალაქო საზოგადოება, მნიშვნელოვნად შემცირდა. უამრავი აქტივისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა ან გაჩუმებულიყო. სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო წმენდის მიზნებისთვის გამოყენებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რასაკვირველია იყო 2012 წელს რუსეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უცხოური ინტერესის აგენტების შესახებ, რომლის თავდაპირველ სამიზნესაც ის არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენდნენ, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსებით ახორციელებდნენ საქმიანობას. თუმცა, კანონის მოქმედების არეალი თანდათან გაფართოვდა და შეეხო მედია პლატფორმებს, არარეგისტრირებულ გაერთიანებებს და კერძო პირებსაც კი. მას აქტიურად იყენებდა პუტინის რეჟიმი შერჩევითი სადამსჯელო ღონისძიებებისა და დისკრიმინაციის ინსტრუმენტად. პირველი დარტყმა ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს, რომლებსაც მალე მიჰყვნენ სხვადასხვა კერძო პირები და გაერთიანებები. 2022 წლიდან კანონი ეხება ყველას, რომელსაც რეჟიმი “უცხოური გავლენის” აგენტად მიიჩნევს, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. მიუხედავად მოვლენათა ასეთი მძიმე განვითარებისა, იმედი მაინც არსებობს. დღეს, რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვა მეტისმეტად გართულებული და ხშირად უშედეგოა, დამაინც უფლებადამცველი ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი მაინც არ ნებდება და აგრძელებს მნიშვნელოვან საქმეს, ხშირად ფარულადაც და მათი მუშაობის სტილი სულ უფრო და უფრო ემსგავსება საბჭოთა დისიდენტების მუშაობას.
[1] რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მიხედვით, 2024 წლის სექტემბრისთვის, რეესტრიდან ამოღებული იყო 209 ფიზიკური პირი და ორგანიზაცია, რაც რეესტრის მანამდე არსებული შემადგენლობის 25%-ს წარმოადგენს. რეესტრიდან ამოღებული პირებისა და ორგანიზაციებიდან, 71 შემთხვევაში, გადაწყვეტილება თავად აგენტების მიმართვის საფუძველზე მოხდა.
[2] მიდგომა, რომელიც გულისხმობს განსხვავებული აზრისა და ცხოვრების განსხვავებული წესის შემწყნარებლობას (მთარგმნელის შენიშვნა)
ინსტრუქცია