[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / თვალსაზრისი

ირანელი ქალის მანიფესტი - მარიამ შარიფი

მარიამ შარიფი - ქალთა უფლებათა დამცველი, ფემინისტი თეირანიდან (ირანი)

ეს არის მოხსენების შესავალი, რომელიც მარიამ შარიფმა სოლიდარობის პლატფორმის ფარგლებში 8 ოქტომბერს წაიკითხა.

მოხსენება ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნათია ნადირაძემ

ბავშვობაში ოცნებად მქონდა ქცეული ორატორობა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ერთ დღესაც წარმატებული ადამიანი ვიქნებოდი, ან მეცნიერი რომელიც ადამიანებს საკუთარ მიღწევებზე მოუყვებოდა. დღეს აქ ვდგავარ, მაგრამ ჩემს მიღწევებზე არ ვაპირებ საუბარს. არც თქვენს გახალისებას ვეცდები. ჩემს ოცნებაში არ შედიოდა მტკივნეულ თემებზე საუბარი, მაგრამ დღეს იმ სიმართლეზე გიამბობთ, რომელიც არავის აბედნიერებს და მაპატიეთ, თუ დღეს ჩემი სიტყვები მტკივნეულად და სევდიანად მოგეჩვენებათ.

დღეს აქ ვდგავარ როგორც ირანელი ქალი, რომელიც მოგიყვებათ ირანელი ხალხის სურვილებსა და ტკივილებზე. მე დღეს მათ თხოვნებს გაგიზიარებთ. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვიტანდით ძალადობასა და მკვლელობებს. ჩვენი ხმა არავის ესმოდა. ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მილიონობით უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა მკვლელობებს, პატიმრობასა და ძალადობას, მაჰსა ამინის მსგავსად.

ჩვენ, ირანელი ქალები არასდროს გავჩუმებულვართ. ჩვენ მრავალი წელია ვიბრძვით და ხმას ვიმაღლებთ ჩვენი უფლებების დასაცავად. თუმცა, პირველად ამ ხნის განმავლობაში, ჩვენს გვერდით დადგა უამრავი კაცი. პირველად მოხდა, რომ მსოფლიომ გაიგონა ჩვენი ხმა.

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რა დანაშაულებებსა და მკვლელობებს ჩადის ეს ტერორისტული რეჟიმი ირანსა და სხვა ქვეყნებში. არც ერთ თქვენგანს არ ძალუძს წარმოიდგინოს თუ რაოდენ საშიშია ეს ტერორისტული რეჟიმი მთელი მსოფლიოსთვის.

ტერორისტული რეჟიმი მხოლოდ ადამიანებს არ კლავს. ის ხოცავს ძაღლებსაც ყოველ თვე და ყოველ დღე, ანადგურებს გადაშენების საფრთხის წინაშე მდგარ ცხოველებს.

ეს ტერორისტული რეჟიმი ანადგურებს ბუნებას და ცვლის კლიმატს ირანის უამრავ ქალაქში. მათ დააშრეს ტბები და მდინარეები. ისინი საშუალებას არ აძლევენ მეცნიერებს, რომლებსაც სურთ სიცოცხლე დაუბრუნონ ბუნებასა და მდინარეებს. მათ, ვინც საუბრობს ბუნებისა და გარემოს აღდგენის პროგრამაზე, ციხეებში ამწყვდევენ. ეს ბოროტი რეჟიმი აპატიმრებს და კლავს ყველას, ვინც ბედავს და ხმამაღლა საუბრობს თავისუფლებაზე, ადმიანის უფლებებზე, ბუნებაზე, თანასწორობაზე, მეცნიერებასა და უწყლობაზე. ამ რეჟიმს სურს გახლიჩოს ირანული საზოგადოება. ისინი დიდი ხნის წინ ჩაებნენ ომში სხვადასხვა ხალხების წინააღმდეგ. ამ ხნის განმავლობაში მათ გაანადგურეს ირანში მცხოვრები უამრავი ქურთი, თურქი, არაბი, ბალუხი და სხვა ეროვნების ადამიანები. მათ ჩვენი დაყოფა სურდათ, მაგრამ ვერ შეძლეს და ახლა ყველა ეთნიკური წარმომავლობის და ყველა ენაზე მოლაპარაკე ადამიანი ერთხმად სკანდირებს ამ სამ სიტყვას - zaan zendegi azadi, რაც ნიშნავს ქალს, სიცოცხლეს, თავისუფლებას.

ირანის მამაცი ქალები თავისუფლებისთვის ბრძოლის სათავესთან დგანან. მათ იციან, რომ სიკვდილი ემუქრებათ თუ ქუჩაში გავლენ, თუმცა ბრძოლას აგრძელებენ. მათ აღარ ეშინიათ სიკვდილისა, რადგან ისინი, ბოლო 44 წლის განმავლობაში ყოველდღე და ყოველ წუთს კვდებიან და ცოცხლდებიან. ისინი მხოლოდ საკუთარი თავებისთვის კი არა, ყველა ჩვენთაგანისთვის, მთელი მსოფლიოსთვის იბრძვიან.

უკვე ხუთი წელია ჩემი ოჯახისგან შორს ვცხოვრობ. თუმცა, ეს არ ყოფილა ჩემი არჩევანი. მე დაპატიმრებას და სიკვდილს გამოვექეცი ირანიდან, რადგან გაჩუმებას არ ვაპირებდი. მე ვსაუბრობდი ქალთა უფლებების შესახებ და ვიბრძოდი თავისუფლებისთვის. ახლა აქ ვარ და გაჩუმებას არ ვაპირებ. არ გავჩერდები, სანამ ქვეყანას ამ მონსტრებს ხელიდან არ გამოვტაცებთ.

ახლა, როდესაც მე თქვენს წინაშე ვდგავარ, ასობით ადამიანს ტყვიითა და ცემით კლავენ ირანში. არ ინდობენ საპროტესტოდ გამოსულ თინეიჯერებსა და ბავშვებსაც კი. ისინი ტყვიებს ესვრიან 15 და 16 წლის ბავშვებს. სულ რაღაც რამდენიმე დღის განმავლობაში უამრავი ბავშვი, თინეიჯერი, ახალგაზრდა და უდანაშაულო ადამიანი დავკარგეთ. მათი უმეტესობა თავისუფლების მაძიებელი ქალია.

ისინი უბრალოდ კი არ კლავენ ადამიანებს, არამედ აპატიმრებენ და ციხეში სვამენ მოკლულების ოჯახის წევრებს და აიძულებენ გაჩუმდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ ტელევიზიით ყალბი ბრალდებების გავრცელებით ემუქრებიან. ტელევიზიით მუდმივად იმეორებენ, რომ ეს ადამიანები ბუნებრივი სიკვდილით, შემთხვევითობის შედეგად ან თვითმკვლელობით დაიღუპნენ. ისინი ზეწოლას ახდნენ დაღუპულების ოჯახებზე, ემუქრებიან მათ და უარს ამბობებენ მათი შვილების ცხედრების გადაცემაზე.

ჩემი მამაცი ხალხი ომშია ჩაბმული ყველაზე დიდი და ბოროტი მონსტრის წინააღმდეგ, რომელიც კი მსოფლიოს უნახავს. რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ეს ომი, ჩვენ გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ. ჩვენ უკან დავიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას.

ახლა თხოვნით მომართავთ თქვენ, ქართველ ხალხს. თქვენი მთავრობა ჩვენ არ გვისმენს, მაგრამ გისმენთ თქვენ. ნუ მისცემთ უფლებას საშიშ ადამიანებს, რომლებიც ირანის რეჟიმზე მუშაობენ, შემოვიდნენ თქვენს ქვეყანაში. უამრავი საშიში ადამიანი ტოვებს ირანს და საქართველოსკენ მოემართება. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ უამრავი ავიარეისი, ნომრებისა და რეგისტრაციის გარეშე ეშვება თბილისში და მოჰყავს ის ტერორისტები, რომლებმაც ქურდობით, ძარცვით, მკვლელობებით, კორუფციით, სიცრუითა და დანაშაულებით მიიყვანეს ირანი აქამდე. ძვირფასო ქართველებო, ტერორისტული რეჟიმი საფრთხეს წარმოადგენს მთელი კაცობრიობისთვის. ისინი ემუქრებიან თავისუფლებას, საფრთხეს უქმნიან საქართველოს და მთელს შუა აღმოსავლეთს. ისინი საქართველოს იმიტომ ირჩევენ, რომ მათ აქ ფულის გათეთრების საშუალება აქვთ. ისინი იღებენ ბინადრობის უფლებას. მოგმართავთ თხოვნით, გამოუცხადოთ ბოიკოტი იმ ადამიანებს, რომლებიც ისლამური რესპუბლიკის რეჟიმს წარმოადგენენ. გთხოვთ, მოსთხოვოთ თქვენს მთავრობას უარი უთხრან თავშესაფარზე მკვლელებსა და ტერორისტებს.

ჩვენ, მთელს მსოფლიოში მცხოვრები ირანელები ვითხოვთ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოების დახურვას. ტერორისტული რეჟიმის წარმომადგენლებს უნდა მოეჭრათ ყველა გზა. რადგან ეს რეჟიმი ყველა საშუალებას და ძალას იყენებს შპიონაჟის, გატაცებისა და დანაშაულებისთვის. ნუ მისცემთ თავშესაფარს და ცხოვრების უფლებას ტერორისტებს. ნუ გაუხსნით მათ საბანკო ანგარიშებს, დახურეთ მათი საელჩოები. ახლა ის დროა, რომ გვერდით დაუდგეთ ირანელ ხალხს და არა ტერორისტულ რეჟიმს. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, რადგან მხოლოდ ასე დავამარცხებთ მონსტრს, ბოლოს მოვუღებთ ამ საშიშ ვირუსსა და კიბოს. გაიგონეთ ჩვენი ხმა და დადექით ჩვენთან ერთად. ჰეშთეგები და სოციალურ მედიაში ამბების გავრცელება აღარ კმარა. დაბოლოს, მივმართავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ძვირფასო სალომე, თუ თქვენ არ განაღვლებთ ირანის ბედი და გაჩუმებას ამჯობინებთ, რა გაეწყობა. მაგრამ რაიმე მოიმოქმედეთ თქვენი ქვეყნისა და თქვენი ხალხისთვის. ირანის ისლამური რესპუბლიკიდან გავრცელებული სენი მთელს მსოფლიოს დაასნებოვნებს თუ დაუყოვნებლივ არ მოხერხდა მისი შეჩერება. ქალბატონო სალომე, ჩვენ ველით, რომ თქვენ ჩვენს ხმას გაიგონებთ. ჩვენ ყოველ დღე ვყვირით ამ სამ სიტყვას - ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება. დაარღვიეთ დუმილი - თქვენ ხართ ქალი, რომელსაც გაქვთ თავისუფლება, სიცოცხლე და ძალაუფლება. ნუ იქნებით უმოქმედოთ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“