საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: ბათულემები
გიორგი არობელიძე და რატი რატიანი პოლიციამ 17 დეკემბერს, ღამის საათებში დააკავა. დაკავებულები ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ისინი შეესწრნენ სხვა მოქალაქეზე სამართალდამცავების ჯგუფური ძალადობის და ცემის ფაქტს, რისი გაპროტესტების შემდეგაც, პოლიციელებმა მათზეც იძალადეს ფიზიკურად. გიორგი არობელიძისა და რატი რატიანის დაკავებას წინ უძღვოდა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ბართან მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, რომელშიც ისინი მხოლოდ გამშველებლის როლს ასრულებდნენ. სამართალდამცავების ადგილზე მისვლისას, დაპირისპირება უკვე განმუხტული იყო, თუმცა პოლიციამ ვითარების ადეკვატური შესწავლის ან განმარტებების გარეშე, ფიზიკური ძალის გამოყენებით დააკავა კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე. პოლიციის აღნიშული ქმედება ადგილზე გააპროტესტა გიორგი არობელიძემ, რასაც სამართალდამცავების მიერ მისი დაკავება და შემდგომ უკვე აღნიშნული საფუძვლით მისი სამართალდამრღვევად ცნობა მოჰყვა. არობელიძის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგომ ინცინდენტის შემსწრე სხვა პირები ამ დროს პოლიციის განყოფილების გარეთ იმყოფებოდნენ. ვინაიდან შენობიდან გამოდიოდა სიტყვიერი დაპირისპირების ხმები, გარეთ მყოფები ითხოვდნენ პოლიციის განყოფილებაში მყოფ არობელიძესთან კომუნიკაციას, რის გამოც პოლიციამ რატი რატიანი დააკავა და როგორც თავად განმარტავს, განყოფილებაში შეყვანის შემდეგ, სამართლდამცავებმა მის მიმართაც იძალადეს ფიზიკურად.
ადმინისტრაციული სამართალწარმოება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, გიორგი არობელიძე 2022 წლის 18 დეკემბერს, ქ. ბათუმში, რუსთაველის ქუჩა N8-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ. არობელიძე არც ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს დაემორჩილა და კიდევ აგრძელებდა ლანძღვას, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია რომ გიორგი არობელიძის მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები დაირღვა. ვინაიდან ოქმში მითითებული არც ერთი გარემოება არ შეესაბამება რეალობას, გიორგი არობელიძეს ოქმზე ხელი არ მოუწერია.
მტკიცებულებითი სტანდარტი
გიორგი არობელიძის მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შექმნილი იყო მოჩვენებითი მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქმეში წარმოდგენილი იყო ერთი მხრივ, შსს-ს წარმომადგენლების გამოკითხვის ოქმები, რომლებიც იდენტურად, ერთი და იმავე წინადადებების კოპირებით იმეორებდნენ ფაქტობრივ გარემოებებს. მეორე მხრივ, საქმეში არსებობდა ვიდეო კადრები, რომელიც არ ასახავდა არანაირი სამართალდარღვევის ჩადენას. კადრებში ჩანდა ბარიდან გამოსული პირებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება, რა დროსაც გიორგი არობელიძე, ინციდენტისგან მოშორებით დგას. იგი შემთხვევის ადგილს მას შემდეგ უახლოვდება, რაც ადგილზე მოსულმა პოლიციის თანამშრომლებმა კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი პირი დააკავეს (რომლის მიმართაც, მანამდე ბარიდან გამოსულმა სხვა პირებმა იძალადეს ფიზიკურად). სწორედ ამ ეპიზოდში გამოხატავდა არობელიძე სიტყვიერ პროტესტს მომხდართან დაკავშირებით.
სასამართლო პროცესებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ გიორგი არობელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას. Მათი განმარტებით, არობელიძე ცდილობდა ხელი შეეშალა პოლიციის თანამშრომლებისთვის, რათა არ დაეკავებინათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნაცემი პირი. თუმცა, აღნიშნული გარემოების შესახებ სამართალდარღვევის ოქმში არაფერია მითითებული.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გიორგი არობელიძის მხრიდან, ადგილი არ ჰქონია უცენზურო, შეურაცხმყოფელი, სიტყვების გამოყენებით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, რის გამოც მის მიმართ 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე საქმის წარმოება შეწყდა. სასამართლომ მტკიცებულებათა დაბალი სტანდარტის გამო, შსს-ს წარმომადგენლების არც ის ვერსია, გაიზიარა, თითქოსდა არობელიძე ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდა პოლიციის თანამშრომლებისთვის პირის დაკავებაში ხელშეშლას. თუმცა, მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ინციდენტში მონაწილე პირის დაკავების დროს არობელიძის მიერ სიტყვიერად გამოთქმული პროტესტი - ,,რატომ აკავებთ” - პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად შეაფასა და არობელიძე 2000 ლარით დააჯარიმა.
სასამართლოს მიერ დადგენილი სახიფათო სტანდარტი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, რომელიც შემდგომში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა, არობელიძის მიერ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, გამოიხატა შეძახილსა და მოწოდებაში, რომლითაც იგი სთხოვდა პოლიციის თანამშრომლებს შეეწყვიტათ პირის დაკავება, რამაც გარკვეულწილად შეაფერხა საპოლიციო ოპერაცია. სასამართლო უთითებს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის პროცესში, ქუჩაში განხორციელებული საპოლიციო ოპერაციის შეფერხება, თუნდაც იმ საფუძვლით, რომ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას ფლობ, ვიდრე პოლიციის თანამშრომელი, არ იძლევა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაში ჩარევის ლეგალურ საფუძველს. საკუთარი სამოქალაქო უფლების განხორციელების სახელით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტის აღკვეთის პროცესში სპონტანური მითითება, ამ ოპერაციის შეწყვეტის მოთხოვნა ან ზემოქმედების განხორციელების მცდელობა ეწინააღმდეგება ,, პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს და ვერ ჩაითვლება კანონიერად”.
სასამართლომ ამგვარი შეფასება პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის განსაზღვრისას საპოლიციო საქმიანობის მოქმედების ფარგლების ფართოდ განმარტებით მოახდინა. იმისთვის, რომ სამართალდამცავის მოთხოვნა იყოს კანონიერი, მოთხოვნას საფუძვლად უნდა ედოს კონკრეტული ნორმა, რომელიც აღნიშნულ სუბიექტს ანიჭებს პირისგან კონკრეტული შინაარსის ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებას მიანიჭებდა. ამავდროულად, სასამართლომ არობელიძის სამართალდამრღვევად ცნობისას პირის დაკავებასთან დასმული მშვიდობიანი შეკითხვა/მოწოდება სამართალდარღვევად მიიჩნია ისე, რომ საერთოდ არ იმსჯელა თუ როგორ შეეშალა ხელი, რა კონკრეტული დაბრკოლება ან/და საფრთხე შეუქმნა დასმულმა შეკითხვამ დაკავების ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელებას.
შესაბამისად, სასამართლომ საპოლიციო ღონისძიების (დაკავების) დროს დასმული შეკითხვა ,,რატომ აკავებთ” ყოველგვარი დამატებითი განმარტების გარეშე ბლანკეტურად ჩათვალა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად, მაშინ როცა პოლიციელს ფორმალურ დონეზეც არ გაუკეთებია განმარტება (არ გაუცია ბრძანება) შეეწყვიტა უკანონო ქმედება (ვერბალური მოწოდება).
აქვე უნდა აღინიშნოს, ის გარემოებაც, რომ გიორგი არობელიძის მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული საქმის განხილვისას, შსს-ს წარმომადგენელი მის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და აღნიშნავდა, რომ ქართული კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალურია პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან მიმართებით და გამკაცრებას საჭიროებს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წარმოებული გამოძიება
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ბათუმის მე-6 განყოფილებაში მომხდარ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს. მომხდარიდან 6 თვის გასვლის შემდეგაც, გიორგი არობელიძესა და რატი რატიანს არ ენიჭებათ დაზარალებულის სტატუსი. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს დაზარალებულების გამოძიებაში მონაწილეობის უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას და აძლიერებს მიმდინარე გამოძიების მიმართ უნდობლობასა.
ამასთანავე, გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს იმდენად რამდენადაც, ამ დრომდე არ არის გამოკითხული ყველა ის პოლიციელი, ვისაც 17-18 დეკემბრის მორიგეობისას არობელიძესთან და რატიანთან შემხებლობა ჰქონდათ. რაც შეეხება პოლიციის მე-6 განყოფილებიდან გამოძიების ფარგლებში გამოთხოვილი ვიდეო კამერების ჩანაწერებს. 2022 წლის 17 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ბათუმის მე-6 განყოფილებაში მომხდარი ინციდენტიც ახსენა. მისი განმარტებით, გამოძიების ფარგლებში დათვალიერებული გარე კამერის ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს როგორ შეყავთ შენობის შიგნით დაკავებულები, რომლებიც პოლიციას არ ემორჩილებიან. რაც შეეხება შიდა კამერის ჩანაწერებს, ამ მასალიდან არ დასტურდება პოლიციელების მიერ დაკავებულების ცემის ან მათზე ზეწოლის განხორციელების ფაქტი, გარდა დაკავების აუცილებლობისა, რაც მითითებულია დაკავების ოქმში”. ამ ნაწილში არსებითია ის გარემოება, რომ განყოფილების შიდა სივრციდან ამოღებული სათვალთვალო კამერა არ მიემართებოდა უშუალოდ იმ ლოკაციას, სადაც გიორგი არობელიძისა და რატი რატიანის მიმართ სავარაუდო დანაშაული განხორციელდა, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ამ კადრებში პოლიციელების მიერ დაკავებულების ცემის ან მათზე ზეწოლის განხორციელების ფაქტი დაფიქსირებული ვერ იქნება.
გიორგი არობელიძის სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ერთ-ერთმა პოლიციელმა აღნიშნა, რომ მე-6 განყოფილების იმ სივრცეში, სადაც გიორგი არობელიძე იმყოფებოდა , ინციდენტამდე 1 თვით ადრე სათვალთვალო ვიდეო კამერები მოიხსნა, თუმცა მიზეზი არ განუმარტავს სასამართლოსთვის.
აღსანიშნავია, რომ წარსულში მოქალაქეებზე სამართალდამცავების ძალადობის არაერთი შემთხვევა უკავშირდება სწორედ ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებას. მის თანამშრომლებს ცემასა თუ ძალის გადამეტებაში, სხვადასხვა დროს ადანაშაულებდნენ ქვიარ-აქტივისტები, ჰუმანური ნარკოპოლიტიკისათვის მებრძოლი ადამიანები თუ სხვა მოქალაქეები. ძალადობის ამ ფაქტებზე რამდენიმეწლიანი გამოძიების მიუხედავად, კვლავაც არ აქვს საზოგადოებას პასუხები და ამ დრომდე უცნობია, დაისაჯნენ თუ არა კონკრეტული პოლიციელები უკანონო მოქმედებებისთვის. მსგავსი ფატების გამოუძიებლობა კი მნიშვნელოვნად აძლიერებს სამართალდამცავ სისტემაში დაუსჯელობის სინდრომს და ქმნის საპოლიციო თვითნებობის რისკებს. ბათუმის პოლიციის ინცინდენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქვეყანაში.
ინსტრუქცია