[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / სტატია

განგრძობადი კონფლიქტი მოლდოვაში და გადაადგილების თავისუფლება

განგრძობადი კონფლიქტის პირობებში გადაადგილების თავისუფლება ის ერთ-ერთი კრიტიკული უფლებრივი საკითხია, რომელიც მაღალი პოლიტიზების პირობებში, სამართლებრივ და უფლებრივ რეგულაციაზე მეტად, პოლიტიკური შეთანხმებისა და ვაჭრობის საგნად უფრო იქცა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი შეისწავლის გადაადგილების თავისუფლების უფლებრივ, პოლიტიკურ და სოციალურ განზომილებებს განგრძობადი კონფლიქტის კონტექსტში და წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ კვლევის ერთ-ერთ ნაწილს, სადაც შესწავლილია გადაადგილებასთან დაკავშირებული გამოცდილება და პრაქტიკები მოლდოვის კონფლიქტის პირობებში. 

შესავალი: კონფლიქტის მოკლე ისტორიული მიმოხილვა

1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში, მოლდოვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი სხვა რესპუბლიკების მსგავსად, ცენტრისგან ემანსიპაციისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის იბრძოდა. მოლდოვის რესპუბლიკის მოსახლეობაში, პირველი დაპირისპირება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რიგებში მყოფი ე.წ. „უნიონისტი“ წევრების ხმამაღალი განცხადებების ფონზე წარმოიშვა, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის შემდეგ, მხარს უჭერდნენ მოლდოველებისა და რუმინელების გაერთიანებას.[1] ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის პრინციპული იყო სახელმწიფო ენის საკითხი. 1989 წელს, მოლდოვამ სამი ახალი კანონი მიიღო ენის შესახებ, რომელთა საშუალებითაც მოლდოვური სახელმწიფო ენად გამოცხადდა, აღიარებულ იქნა მისი ერთობა რუმინულ ენასთან და ოფიციალურად ლათინური გახდა მოლდოვური ენის დამწერლობა.[2] კანონში, ასევე საგანგებოდ იყო მითითებული რესპუბლიკაში მცხოვრები სხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეების უფლებაზე, მშობლიური ენა შეესწავლათ, გამოეყენებინათ და განევითარებინათ.[3]

უმცირესობათა ჯგუფები, რომლებიც არ საუბრობდნენ მოლდოვურ და რუმინულ ენებზე, სახელმწიფო ენასთან დაკავშირებულ ამ რეფორმებს დაუპირისპირდნენ. მოლდოვის რუმინეთთან გარდაუვალი გაერთიანებისა და სხვა უმცირესობათა ჯგუფების ინტერესების დაჩაგვრის შიში, განსაკუთრებით გაძლიერდა მოლდოვის რუსულენოვან მოსახლეობაში, რომლებიც ძირითადად დნესტრისპირეთის რეგიონში იყვნენ დასახლებულები. პოლიტიკური ლიდერების დახმარებით, დაიწყო მასობრივი გამოსვლები რუსული ენის ოფიციალური გამოყენების უფლებისა და მოლდოვურთან ერთად, მისი სახელმწიფო ენად აღიარებისთვის.[4] გარდა ამისა, დნესტრისპირეთის მოსახლეობაში მძლავრობდა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისა და სოციალისტური ღირებულებების დაცვის ტენდენციები.[5]

ასევე  გააქტიურდნენ მოლდოვის რესპუბლიკის სამხრეთ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური გაგაუზები, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დამოუკიდებელ ავტონომიურ ერთეულად შესვლას მოითხოვდნენ. 1989 წლის 12 ნოემბერს გაკეთდა განცხადება გაგაუზიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის შესახებ, რომელიც მოლდოვის სსრ-მ, მალევე, ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადა. თუმცა გაგაუზი პოლიტიკური ლიდერები არ წყვეტდნენ ბრძოლას საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. დნესტრისპირეთის რეგიონში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის პროტესტიც მოლდოვის რესპუბლიკის შემადგენლობიდან გასვლისა და საბჭოთა კავშირში, ცალკე რესპუბლიკის ფორმით არსებობის სურვილში გადაიზარდა.[6] 1990 წლის 23 ივნისს, მოლდოვის სსრ-მ მიიღო დეკლარაცია სუვერენიტეტის შესახებ, რაც, თავის მხრივ, გულისხმობდა მოლდოვის რესპუბლიკის შიგნით, ეროვნული კანონების უპირატესობის აღიარებას საბჭოთა კავშირის კანონებთან შედარებით. საპასუხოდ, გაგაუზიისა და დნესტრისპირეთის რეგიონში თვითგამოცხადებული გაგაუზიისა და დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკა (PMR) შეიქმნა,[7] რომელიც მოლდოვის რესპუბლიკის მიერ ანულირებულად გამოცხადდა. 1991 წლის მოსკოვის პუტჩისა და საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის - მიხეილ გორბაჩოვის გადაყენების შემდეგ, მოლდოვის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხოლო დნესტრისპირეთის მოლდოვურმა რესპუბლიკამ (PMR) მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის შემადგელობაში, მოლდოვისგან დამოუკიდებლად ყოფნას. ეტაპობრივად, შეიარაღებული ფორმირებები იკავებდნენ პოლიციის, ადმინისტრაციული ორგანოების, სკოლების, რადიოსადგურებისა და გაზეთების შენობებს. არეულობის ფონზე, 1992 წლის 28 მარტს, მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თუმცა ძალადობრივი დაპირისპირებები სპორადულად მაინც გრძელდებოდა.

არეულობის ფონზევე, 1992 წლის 19-21 ივნისს, შეიარაღებულ სამხედრო დაპირისპირების შედეგად, სეცესიონისტებმა კონტროლი დაამყარეს დნესტრის მარჯვენა მხარეს განლაგებულ ქალაქ ბენდერიზე და მოლდოვური ქვედანაყოფები ტერიტორიიდან განდევნეს. გადამწყვეტი აღმოჩნდა რუსული მე-14 არმიის მხარდაჭერა შეიარაღებული დაპირისპირების პროცესში, რომელიც მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპიროზე იყო განლაგებული.[8] მე-14 არმია, რომელიც დაახლოებით 10.000 ჯარისკაცს აერთიანებდა, 1992 წელს რუსული ძალების ორგანიზებულ ჯგუფად (OGRF) გადაკეთდა, რომელიც შემდგომში მცირდებოდა.

1992 წლის 21 ივლისს, რუსეთის ფედერაციასა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის, კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარების მიზნებისათვის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო.[9] ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, მდინარე დნესტრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე, 10 კილომეტრის სიგრძის დემილიტარიზებული უსაფრთხოების ზონა შეიქმნა, შემუშავდა ძირითადი პრინციპები, როგორიცაა, მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, დნესტრის რეგიონის მარცხენა სანაპიროსათვის სპეციალური სტატუსის მინიჭების საჭიროება და დნესტრისპირეთის რეგიონის მოსახლეობის უფლება, თავად განესაზღვრა საკუთარი მომავალი მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების შემთხვევაში. შეთანხმების შესრულების კოორდინაციისათვის გაერთიანებული მაკონტროლებელი კომისია (Joint Control Commission (JCC)) შეიქმნა, რომელიც მოლდოვის, დნესტრისპირეთის არაღიარებული მოლდოვური რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის დელაგაციებით იყო დაკომპლექტებული.[10]

დნესტრისპირეთის რეგიონში განვითარებულ შეიარაღებულ დაპირისპირებას ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ასი ათას ადამიანს, კონფლიქტის ფონზე, იძულებით გადაადგილება მოუწია.[11]

სტატია მომზადებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) და კვინა ტილ კვინას მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „კონფლიქტების ტრანსფორმაციის წახალისება კონფლიქტებთან დაკავშირებული ისტორიის კრიტიკული გადააზრების და ქალთა პერსპექტივების გაძლიერებით“, ფარგლებში.

SIDA და კვინა ტილ კვინა, შესაძლოა, არ ეთანხმებოდნენ აქ წარმოდგენილ მოსაზრებებს. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი.

განგრძობადი_კონფლიქტი_მოლდოვაში_1687869810.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] შამუგია ვ., დნესტრისპირეთის კონფლიქტი. ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად  წარმოდგენილი დისერტაცია. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2019. 55. ხელმისაწვდომია: https://digitallibrary.tsu.ge/book/2021/apr/dissertations/shamugia-disertacia.pdf

[2] Vahl, Marius; Emerson, Michael, Moldova and the Transnistrian conflictJEMIE - Journal on ethnopolitics and minority issues in Europe, 1, 5. ხელმისაწვდომია:  https://www.ssoar.info/ssoar/bitstream/handle/document/6196/ssoar-jemie-2004-iss_1-vahl_et_al-moldova_and_the_transnistrian_conflict.pdf?sequence=1&isAllowed=y&lnkname=ssoar-jemie-2004-iss_1-vahl_et_al-moldova_and_the_transnistrian_conflict.pdf

[3] იქვე.

[4] იქვე.

[5] Transnistrian Conflict., OSCE Mission [ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/4/3/42308.pdf]; ასევე, Thomas de Vaal, Uncertain Ground, Carnegie Europe, 39.

[6] იქვე.

[7] იქვე.

[8] იქვე.

[9] იქვე.

[10] The Transnistrian Conflict: 30 years searching for settlement., SCEEUS Report on Human Rights and Security N.4., 2. 2021

[11] Thomas de Vaal, Uncertain Grounds, 39.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“