[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / თარგმანი

ეთნიკური ომის სარგებელი ევრაზიის არაღიარებული სახელმწიფოების გაგებისათვის

ორიგინალი სტატია: King Charles. (2001). The benefits of ethnic war: understanding Eurasia's unrecognized states. World politics, 53(4), 524-552.

ომი სახელმწიფოს აღმშენებლობის მამოძრავებელი მექანიზმია, თუმცა ის ბიზნესისთვისაც ხელსაყრელია. ისტორიულად, ეს სამი რამ ხშირად ერთმანეთისგან განუყოფელია. დასავლეთ ევროპაში ეროვნული სახელმწიფოების კონსოლიდაცია ნაწილობრივ სამეფო მმართველთა ინტერესებით იყო განპირობებული ომის წარმოებისთვის საკმარისი შემოსავლის უზრუნველსაყოფად. თავის მხრივ, ძვირადღირებული სამხედრო ოპერაციების წარმოება ძალზე მომგებიანი იყო ადამიანების, გემებისა და იარაღის მომწოდებლებისთვის. შექსპირის რიჩარდ II, როდესაც ის ბიძამისის ქონებას ომის დაფინანსების განზრახვით ეუფლება, ამბობს, სახელმწიფოს მართვის დიდი საქმეები, „გარკვეულ საფასურს ითხოვენო“. განსხვავება თაღლითსა და დამაარსებელ მამას, მეკობრესა და პრეზიდენტს შორის ხშირად ბევრად უფრო ბუნდოვანი იყო, ვიდრე ამას  ეროვნული მითები ჩვეულებრივ გადმოგვცემენ.

თუმცა, ეს შეხედულებები მხოლოდ ახლახანს გამოჩნდა თანამედროვე ეთნიკური კონფლიქტისა და სამოქალაქო ომის შესახებ დისკუსიებში. ომის მექანიკაზე ორიენტირებული კვლევები, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნების შემთხვევებში, როგორიცაა სუდანი, ლიბერია და სიერა ლეონე, ხაზგასმით გამოყოფენ რთულ ეკონომიკურ მოტივაციას, რომელმაც შეიძლება ძალადობა გააძლიეროს ისევე, როგორც ის ყველაფერი, რაშიც იმ მარტივ იარლიყებს, რომლებსაც ანალიტიკოსები კონფლიქტების, ვთქვათ, „ეთნიკურად“ ან „რელიგიურად“ გამოსაცხადებლად იყენებენ, ჩვეულებრივ, უფრო მეტი ბუნდოვანება შემოაქვთ, ვიდრე მკაფიოება.[1] თუმცა, რანაირად გარდაიქმნება ომის ქაოსი მომგებიან ქსელებად და როგორ შეიძლება ეს არაფორმალური ქსელები სახელმწიფოების ინსტიტუციებად გამყარდეს? პოსტსაბჭოთა ევრაზია ამ მიმდინარე პროცესების ნათელ მაგალითს იძლევა.

1990-იან წლებში მთელ რეგიონში ექვსი მცირე ომი და შეიარაღებული კონფლიქტების სერია იყო გაჩაღებული, რომელსაც შემდგომი პერიოდების ისტორიკოსები ერთხმად უწოდებენ საბჭოთა მემკვიდრეობის ომებს. ესენა მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ჩეჩნეთი და ტაჯიკეთი. თითოეულ მათგანში მხარეთა ფართო სპექტრი იყო ჩართული, მათ შორის ახალი სუვერენული სახელმწიფოების ცენტრალური მთავრობები, ტერიტორიული სეპარატისტები, სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალები და საერთაშორისო მშვიდობისმყოფელები.

ათწლეულის შუა პერიოდისთვის კონფლიქტების უმეტესობა შედარებით ჩაწყნარდა. გაეროსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ეგიდით გაიმართა სამშვიდობო მოლაპარაკებების მრავალი რაუნდი. მოლაპარაკებებში მცირეოდენი პროგრესი იქნა მიღწეული, მაგრამ 1998 წლიდან მოყოლებული ჩეჩნეთის მეორე ომის გარდა, ვერცერთი პოსტსაბჭოთა კონფლიქტი ვერ შეედრება ორგანიზებული ძალადობის უწინდელ დონეს.

მაგრამ როგორ შეიძლება ავხსნათ ის, რომ ძალადობის შეწყვეტის შემდეგაც კი ეს დავები კვლავ არსებობს და მათ ზოგჯერ „შეჩერებულ“ ან „გაყინულ“კონფლიქტებს უწოდებენ? ამასთან დაკავშირებით ამ სტატიაში ორი ძირითადი არგუმენტია მოყვანილი. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ 1990-იანი წლების დასაწყისის ტერიტორიული სეპარატისტები 2000-იანი წლების დასაწყისის სახელმწიფოს აღმშენებლები გახდნენ, შექმნეს დე ფაქტო ქვეყნები, რომელთა უნარი, რომ გააკონტროლონ შეიარაღებული ძალები და საკუთარი ტერიტორია, განათლება მისცენ თავიანთ შვილებს და შეინარჩუნონ ადგილობრივი ეკონომიკა, დაახლოებით ისეთივე განვითარებულია, როგორც იმ აღიარებულ სახელმწიფოებში, რომელთა ნაწილიც ისინი ჯერ კიდევ არიან წარმომადგენლობითი თვალსაზრისით. დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ერთეულების კრისტალიზაცია ნიშნავდა, რომ ამ კონფლიქტების მოგვარება იმდენად დანაწევრებული ქვეყნის შეკოწიწებას კი არ მოიცავდა, რამდენადაც ორი ფუნქციონალურად განსხვავებული ადმინისტრაციის, შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების რეინტეგრაციას.[2]  საბჭოთა მემკვიდრეობის ომების შედეგი გაყინული კონფლიქტები კი არ არის, არამედ ის, რომ ისინი შედარებით წარმატებული მაგალითები არიან იმისა, თუ როგორ შენდებიან სახელმწიფოები ომების წარმოებით.

მეორე, დავები შეიარაღებული დაპირისპირებიდან რაღაც წონასწორობასთან მიახლოებულში გადაიზარდა. ხშირ შემთხვევაში სეპარატისტებიცა და მათი ყოფილი ოპონენტებიც ცენტრალურ მთავრობებში  ყოფილი საომარი ზონებიდან მომდინარე დაუბეგრავი ვაჭრობითა და წარმოებით სარგებლობენ. ნაკლებ უსიამოვნო სიტუაციებშიც კი, კონფლიქტურ ზონებში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ინდივიდების ინტერესებშია სტატუს-კვოს შენარჩუნება - დაწყებული პოეტებიდან, რომლებმაც კარიერა თავიანთი ახლად აღმოჩენილი სახელმწიფოებრიობის განდიდებით შეიქმნეს და დამთავრებული პენსიონერებით, რომლებიც იმაზე წუხან, რომ მათი მწირი შემოსავალი შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს, თუკი მათი ქვეყანა კვლავ გამთლიანდება. ეს პარეტოს კანონის ყველაზე პირქუში ვერსიაა: ზოგადი კეთილდღეობა ვერ გაუმჯობესდება - ნამდვილი სამშვიდობო შეთანხმების მიღებით, რომელიც საშუალებას მისცემს რეალურ რეინტეგრაციას - იმავდროულად, ორივე ბანაკში ძირითად ინტერესთა ჯგუფების მდგომარეობის გაუარესების გარეშე. მაშინაც კი, თუ შეთანხმება მიიღწევა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ძირითადი ლოგიკისა და მისი თანმდევი სარგებელის აღიარებაზე მეტის გაკეთება გახდეს შესაძლებელი. 

ეს სტატია იკვლევს თუ როგორ გაჩნდენ და განვითარდნენ სახელმწიფოებრივი ერთეულები ევრაზიაში 1980-იანი წლების ბოლოს ყველაზე ადრეული ძალადობრივი აფეთქების შემდეგ. პირველი ნაწილი მოკლედ მიმოიხილავს სამოქალაქო ომის დასასრულის შესახებ მიმდინარე კვლევებს და საერთაშორისო ურთიერთობების ლიტერატურის მიდგომებსა და ძალადობის ფუნქციებზე სოციოლოგებისა და განვითარების ეკონომისტების ნაშრომებს შორის აცდენაზე მიუთითებს. მეორე ნაწილი  ოთხი ევრაზიული ომის მიმდინარეობას ასახავს და განსაზღვრავს დე ფაქტო სახელმწიფოებს, რომლებიც მათ შედეგად წარმოიქმნენ: მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა (აზერბაიჯანში); დნესტრის მოლდოვის რესპუბლიკა, ან დნესტრისპირეთი (მოლდოვაში); და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები (საქართველოში).[3]

არის სხვა ტერიტორიები აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის მასშტაბით, რომლებიც შეიძლება ამ სიაში მოხვდნენ, როგორიცაა მონტენეგრო და კოსოვო იუგოსლავიაში და ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩრდილოეთ კვიპროსის ხანდაზმულ თურქულ რესპუბლიკაზე. მაგრამ აქ განხილული ოთხი შემთხვევა ის შემთხვევებია, როდესაც ადგილობრივმა შეიარაღებულმა ძალებმა, ხშირად გარე ძალების მნიშვნელოვანი დახმარებით, ღია ომში ეფექტურად დაამარცხეს აღიარებული მთავრობების ჯარები. ისინი აგრეთვე ის შემთხვევებიცაა, სადაც დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურების შექმნისკენ სწრაფვამ ყველაზე სერიოზული კითხვები წარმოშვა იმის შესახებ, შეიძლება თუ არა გონივრულად ველოდოთ რეალურ რეინტეგრაციას ცენტრალურ მთავრობებთან, რომლებიც ამჯერად საერთაშორისო საზოგადოების მიერ ლეგიტიმურად არიან აღიარებულნი. მესამე ნაწილი აანალიზებს თითოეულ შემთხვევაში სახელმწიფოს აღმშენებლობის საყრდენებს იმის ჩათვლით თუ როგორ კმაყოფილდება რამდენიმე ძირითადი ჯგუფის ინტერესები იმ გაურკვეველი სტატუსის პირობებში, რომელშიც კონფლიქტებმა მოიტანა. მეოთხე ნაწილი აღწერს წონასწორობას, რომელსაც, როგორც ჩანს, ამ დაპირისპირებებმა მიაღწიეს და  გაკვეთილებს გვთავაზობს შიდასახელმწიფოებრივი ძალადობის შემდგომი შესწავლისათვის.

ეთნიკური_ომის_სარგებელი_1703246538.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] იხ. David Keen, The Benefits of Famine: A Political Economy of Famine Relief in Southwestern Sudan, 1983–1989 (Princeton: Princeton University Press, 1994); William Reno, Corruption and State Politics in Sierra Leone (Cambridge: Cambridge University Press, 1995); Stephen Ellis, The Mask of Anarchy: The Roots of Liberia’s War (New York: New York University Press, 1999).

[2] „სახელმწიფოებრივ ერთეულში“ ვგულისხმობ პოლიტიკურ ერთეულს, რომელსაც ჰყავს (1) მოსახლეობა და (2) მთავრობა, რომელიც სუვერენულ კონტროლს ახორციელებს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე, თუმცა არ აქვს საერთაშორისო აღიარება. ევრაზიაში სახელმწიფოებრიობის კონცეპტუალური ბარიერი მეტისმეტად მაღლა ვერ აიწევა, რადგან ბევრი ისეთი თვისება, რომელიც შედარებით კარგად ფუნქციონირებად სახელმწიფოებს განსაზღვრავს ცენტრალურ ევროპაში, უფრო აღმოსავლეთისკენ, გაეროში წარმოდგენილ „სახელმწიფოებშიც“ კი, საერთოდ არ არსებობს.

[3] ძირეულად დაყოფილ საზოგადოებებში Spelling Bees კონკურსიც კი პოლიტიკური მოვლენაა, ამიტომ თითოეულ ამ შემთხვევაში ადგილთა სახელწოდებები საკამათოა. მე ინგლისურად წერისას დნესტრისპირეთის აღსანიშნავად ვიყენებ რუმინულ სიტყვა Transnistria-ს, ნაცვლად Pridnestrov’e-სა ან Transdniestria-სი, რადგან ის უფრო ადვილად წარმოითქმის, და აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და ყარაბაღს, რადგან ცოტას გაუგია ალტერნატიული დასახელებები, როგორიცაა „აფსნი“, „ირისთონი“ და „აზატ არცახი“. მოხერხებულობის გამო იგივე წესი ვრცელდება სხვა თავისებურ არსებით სახელებზეც.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“