საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადგილს, სადაც ბისაუში ქალაქელი, უმუშევარი ახალგაზრდები ჯგუფურად იკრიბებიან, ირონიულად პარლამენტს უწოდებენ.[1] ფაქტობრივად, ის კედელია; პატარა, ფოროვანი და დანგრეული ბეტონის კონსტრუქცია ივეტის თანაბრად დანგრეული სახლის გარეთ. რეალურად, პარლამენტშიც არაფერს აკეთებ, გარდა უბნის მეგობრებთან ერთად დუნე დღეების გატარებისა. ვინაიდან ახალი შესაძლებლობების ან პრობლემების გამოჩენის მოლოდინი ერთადერთია, რისი კეთებაც ბისაუელ ახალგაზრდებს შეუძლიათ — ქალაქი ხანგრძლივი კონფლიქტისა და დაცემის მსხვერპლად იქცა (შდრ. ფორესტი 1987), რამაც ქალაქელი ახალგაზრდობისთვის მკვეთრად გააუარესა სამომავლო ცხოვრების პერსპექტივები (Vigh 2006a) — პარლამენტი ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ფანჯარა იყო, რომლითაც ბისაუს საზოგადოებას ვაკვირდებოდი. პატარა კედელთან მსხდომები დროს ერთმანეთთან ფლირტში, ჩხუბში, სიცილში და ჩივილში ატარებენ. ისინი გამვლელებზეც აკეთებენ ხოლმე კომენტარებს — ესე იგი, სხვებს თავიანთ ქსელებთან, ჭორებთან და რომანებთან, პერსპექტივებთან, გაჭირვებასთან და მათ შორის, ქალაქის ქრონიკულად მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობასთან მიმართებით ადგილს უჩენენ. დიდ დროს ატარებენ ზოგადად საზოგადოების მდგომარეობის, პოლიტიკური ვითარების და ბისაუს მაცხოვრებლების და დაუნდობლად რთული ყოფის განხილვაში, რაც მათი წარმოდგენით ცხოვრების მთავარი მახასიათებელია.
პარლამენტში დროის გატარება მალევე გაგებინებს, რომ დაცემა და კონფლიქტი ბისაუში დროებით მოვლენად არ ითვლება. „აქ ყველაფერი მხოლოდ ცუდიდან უარესისკენ იცვლება,“ ამბობს ხალხი. ხანგრძლივმა დაცემამ წარმოშვა დაქვეითების მძიმე განცდა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რღვევებთან, მათ შორის, იდენტობის დაშლასთანაც კი. ეს გულისხმობს იმას, რომ მნიშვნელოვანი მოვლენები მუდმივი კონფლიქტისა და დაცემის, ქრონიკული განუკითხაობისა და არეულობის ფონზე ხდება. როგორც ჩემმა მეგობარმა ვიტორმა 2000 წლის ნოემბერში ახალი ბრძოლების გაჩაღებიდან ცოტა ხნის მერე თქვა:
„და რა, რამე შეიცვლება? არა. აქ ბისაუში... ბისაუში ომი ასეთია. წვიმის სეზონივითაა. ცა იქუფრება და შემდეგ ყველაფერი ინგრევა. შემდეგ ისევ იქუფრება და ყველაფერი ისევ ინგრევა.
როგორც წვიმის სეზონის მეტაფორა მიუთითებს, ომი აქ გამონაკლისად კი არა, არამედ განმეორებად მოვლენად განიხილება. ის ციკლურ და ბისაუს საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ღრმა განუკითხაობის მოსალოდნელ გამოვლინებად იქცა. იგი პოტენციურობაა (Agamben 2000), მუდმივი შესაძლებლობა, რომელიც ჰორიზონტის მეორე მხარეს მომენტს ელოდება და რომელიც, მაშინაც კი, როცა არაა — ყველგანმყოფია; როგორც კონფლიქტებისკენ მიდრეკილი გარემოს განუყრელი შესაძლებლობა. და მართალია, შეტაკებების ან სერიოზული დაძაბულობის ყოველი დაბრუნება ჰეტეროდოქსიის, რეფლექსიისა და გაგების სხვა შესაძლო ინტერპრეტაციებსა და ქმედებებს გულისხმობს (შდრ. Bourdieu 1992: 164), არსებული დაცემა — ტყვიისა და შრაპნელის კვალი კარებსა და კედლებზე — ფიზიკური და სოციალური რღვევის კონტექსტად იქცა, ხოლო ცვლილებები მხოლოდ მის ფარგლებშია მოაზრებადი. ამრიგად, რეალური ფიზიკური და საზოგადოებრივი დაცემა, რომელიც ასე ხილულია სტუმრისთვის, ფონის ნაწილი ხდება და მხოლოდ მიზანმიმართული რეფლექსიის ან ქმედების შედეგად შეიძლება დაინახო. მაგალითად, როცა წარმოიდგენ, როგორ ფუნქციონირებდა ოდესღაც ან როდესაც ფიზიკურად ეხები, მაგალითად, როცა კანალიზაციის ჩანგრეულ სისტემაზე დაკიდებულ ასფალტს ფეხის დარტყმით აძრობ ან როცა სათამაშო მოედნის შრაპნელით დახვრეტილ მძიმე რკინის კარს მის ხვრელებში მოქაჩვით აღებ. ამგვარად, დაცემა და კონფლიქტი ჩვეულებრივი საზოგადოებრივი მდგომარეობა ხდება, რომლის ფარგლებშიც ადამიანები მოვლენებს იაზრებენ და რაშიც “ცხოვრების ყოველდღიურობის გავერანებაა” ასახული (Mbembe 1995: 331). თუმცა, ბისაუს შემთხვევა, როცა კრიზისი შეიძლება ფონი გახდეს, მართალია, თავის მხრივ, უნიკალურია, მაგრამ ის არაა ამ ფენომენის ერთადერთი მაგალითი. რეალურად, თავად ქვეყანაა იმის გამოხატულება, თუ როგორ შეიძლება “კრიზისმა” ადამიანებზე და საზოგადოებებზე ხანგრძლივი კვალი დატოვოს, როცა ის ენდემური ხდება და არა ეპიზოდური.
Ethnos-ის ეს სპეციალური ნომერი სწორედ ასეთ ქრონიკულ კრიზისსა და გაურკვევლობაზე ამახვილებს ყურადღებას. მასში შესულია ნენსი შეპერ-ჰიუზის სტატია აგენტების გამძლეობასა და სოციალური ძალების სისასტიკეზე; მაიკლ დ. ჯექსონის სტატია, მიგრანტების მოწყვლადობასა და გაუცხოებით გამოწვეული სტრესის შესახებ; ჰოჯერისა და პედერსენის სტატია სოციალურ კოლაფსზე და გარდამავალ პერიოდში დაკარგულობის განცდით გამოწვეულ ტანჯვაზე; და სუზან რ. უაიტის პოსტსკრიპტი, დისკრიმინაციის, ფრაგმენტაციისა და არასტაბილურობის შესახებ, რომელშიც ის ხანგრძლივი დაცემისა და გაურკვევლობის გამოცდილებას თანამედროვე ანთროპოლოგიის ერთ-ერთ მთავარ ფოკუსად განიხილავს. შესავალს ამ ნომერში თავისი წვლილი შეაქვს, უპირველეს ყოვლისა, კრიზისის კონცეფციის გაშუქებით; მეორე, ქრონიკული კრიზისის კონტექსტების განხილვით, ანუ იმ ადგილების განხილვით, სადაც კონცეფცია რეალურ ცხოვრებაში თამაშდება ან ანალიტიკურადაა დამიწებული; მესამე, ქრონიკული კრიზისის შედეგების გაშუქებით, რადგან ის გავლენას ახდენს სოციალურ ცხოვრებაზე და მასში აგენტების მოქმედებაზე. დაბოლოს, იმის განხილვით, თუ როგორ აყენებს ეჭვქვეშ ქრონიკული კრიზისი ჩვენს ანალიტიკურ აპარატს და როგორ უწყობს ხელს მის განვითარებას.
[1] დასავლეთ აფრიკის ქვეყნის გვინეა-ბისაუს დედაქალაქი.
ინსტრუქცია