საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოში უმუშევრობის დაზღვევის გეგმა არსებობს, უმუშევრობის ანაზღაურების რამდენიმე სცენარიც კია გაწერილი. ამ დოკუმენტის შემუშავებაში ევროკავშირის ფული დაიხარჯა, მაგრამ ჯერ არავინ იცის, როდის იხილავს ის დღის სინათლეს.
2021 წელს ჯანდაცვის მაშინდელმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, სოციალური დაცვის მასშტაბური რეფორმა წარმოადგინა. მან თქვა, რომ - ,,ჩამოყალიბდება სოციალური დაცვის მდგრადი სისტემა, რომელიც მოიცავს მხარდაჭერის ღონისძიებებს ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე.” თუმცა მანამდე, ცხადია, ჩვენი ქვეყნის ფრაგმენტულად განვითარებული სოციალური დაცვის სისტემისთვის უნდა გადაეხედათ, გამოეკვეთათ მისი მთავარი ხარვეზები და სოციალური დაცვის ერთიანი პაკეტი (კოდექსი) შეექმნათ. ეს პროცესი ცალკეულ რეფორმებში უნდა გადათარგმნილიყო და უნდა მოეცვა თითქმის ყველა სფერო: უმუშევრობა, ჯანმრთელობა, უსახლკარობა, დევნილები, ბავშვთა უფლებები, სოციალური დახმარება, სოციალური დაზღვევა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, დეკრეტული შეღავათები და ა.შ.
ამ ამბიციური პროექტის მონაწილე აღმოჩნდა დიმიტრი ცქიტიშვილიც, საქართველოს პროგრესული ფორუმის თავმჯდომარე, მანამდე კი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი.
მე ამ პროცესში მოდერაცია მთხოვეს. ჯანდაცვის სამინისტრო ამ რეფორმას დასაწყისშივე უყურებდა ადამიანის სოციალური უფლებების დაცვის ჭრილიდან. სისტემა უფრო ეფექტიანი უნდა გამხდარიყო, არ ყოფილიყო ფლანგვა. მუდმივი ინვესტირება სოციალურ დახმარებაში რესურსების ხარჯვაა გრძელვადიან პერსპექტივაში, თანაც ეს ხარჯი სულ მზარდია. არადა, როცა ადამიანები თავად ხდებიან საკუთარი თავის კეთილდღეობის შემქმნელები, შეიძლება სოციალური დანახარჯები შედარებით შემცირდეს. სამაგიეროდ, გაიზარდოს თანამონაწილეობის წილი. რაც უფრო მეტია დასაქმებული, მით უფრო იაფია სოციალური დახმარება, იმიტომ რომ დასაქმებული ადამიანი თავის თავს უზრუნველყოფს. ამ რეფორმის ფართო მიზანი ყოველთვის იყო სიღარიბესთან ბრძოლა და სოციალური კეთილდღეობის სტანდარტის გაუმჯობესება. ამასთანავე, ეს რეფორმა ევროპასთან დაახლოების გზაც არის. თუ ვამბობთ, როგორი სისტემა გვინდა, გვინდა დაახლოებით ისეთი, რა მოდელიც ევროპულ ქვეყნებს აქვთ. ეს ნამდვილად გაცხადებული იყო. მთავარია ადამიანს მუშაობის შედეგად ჰქონდეს დაზღვევის მექანიზმი.
საქართველოსთვის ახალი, ევროპული სტანდარტის სოციალური დაცვის სისტემის შესაქმნელად ფინანსური რესურსი ევროკავშირმა გაიღო. მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა საფრანგეთს, კონკრეტულად კი “Expertise France” და ჩეხეთს. საქართველოს მთავრობამ სხვა საერთაშორისო პარტნიორებიც ჩართო პროცესში, რომელიც ორი წელი გაგრძელდა. ამ ორი წლის მანძილზე შეიცვალა ჯანდაცვის მინისტრი.
2021 წლის 30 დეკემბერს ტიკარაძეს ზურაბ აზარაშვილი ცვლის და სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნის ამბიციური გეგმაც იცვლება.
ტიკარაძე ფიქრობდა, რომ ქვეყანას ჰქონდა ამბიციური შესაძლებლობები. 2022 წელს კი ახალმა მინისტრმა მიიჩნია, რომ ეს შესაძლებლობები აღარ იყო და დასახული მიზნისკენ სვლა ნაბიჯ-ნაბიჯ არჩია. ეს პოლიტიკური არჩევანია. შეირჩა რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება და მომზადდა დოკუმენტები შესაბამისი გათვლებით. მე ძალიან მომწონს უმუშევრობის დაზღვევის დოკუმენტი, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) მოამზადა. მე მიმაჩნია, რომ ადამიანის კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი დაცულები იყვნენ სამსახურის დაკარგვის შემთხვევაშიც. უმუშევრობის დაზღვევა სოციალური დაცვის სისტემაში ყველაზე იაფიანი სოციალური პროდუქტია, ყველაზე ძვირადღირებულია პენსია. რეალურად, უმუშევრობის დაზღვევა იმისთვის არის, რომ ადამიანი როცა კარგავს სამსახურს, გადარჩეს. მაგალითად, ამერიკაში სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, ადამიანებს უწევთ მალევე დათანხმდნენ დასაქმების ნებისმიერ შესაძლებლობას, სწორედ ამიტომ აქვთ პროფესიების ცვლილების ყველაზე დიდი მაჩვენებელი. სწორედ იმიტომ, რომ პროფესიულ კომპრომისებზე წასვლა არ მომიხდეს, მშვიდად უნდა ვიყო. დაზღვევის მექანიზმი სიმშვიდის გარანტიაა ერთგვარად. ტრანზიციის საშუალება მაქვს, ახალ დამსაქმებელთან მოლაპარაკებების დროს შემიძლია ვიყო უფრო ძლიერი, თავდაჯერებული, იმიტომ რომ არ მეჩქარება. საღამოს ბანკის კრედიტი არ მაქვს გადასახდელი და ამის გამო ყველაფერზე არ დავთანხმდები. სახელმწიფო მიმაგრებს ზურგს და თავისუფალი ვარ. ევროპაში ეს სისტემაა. ვადები/სქემები შეიძლება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, მაგრამ დაზღვევის სისტემა ყველგან მუშაობს. იტალიიდან გერმანიაში თუ გადავედი, ჩემი დაზღვევის სისტემა სადაც წავალ, მომყვება.
მთავრობა ახლა გეუბნება, რომ მე დაგეხმარები ჩემი კეთილი ნებით, და მართლა მისი ნებაა ეს ფული, რომელსაც ჩვენი გადასახადებიდან კრებს, გზების მშენებლობაში დახარჯავს , თუ სოციალურ შემწეობაში. სოციალური დაზღვევის სისტემაში, გზებზე ამ ფულს ვერ დახარჯავს. როგორც ოჯახის საერთო ფული ისეა. ჩემი და თქვენი ფულია და ვისაც გაგვიჭირდება, ის მოვიხმართ. ოღონდ, ამ ფულის აღების წესებზე ვართ შეთანხმებულები. სოლიდარობის პრინციპია. მე შეიძლება დღეს უფრო მყარად ვარ, სტაბილურად მაქვს მაღალანაზღაურებადი შემოსავალი, თქვენ კი შეიძლება ნაკლებად კვალიფიციური მუშახელი ხართ და უფრო მეტი რისკები გაქვთ. ჩვენ ერთმანეთს ვაზღვევთ. ადრე თუ გვიან, დაბალკვალიფიციურიც ხდება კვალიფიციური, და ის მერე მე მაზღვევს, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან მეც მიჩნდება რისკები, შრომის ბაზრიდან გავდივარ, კრიზისი დგება.
შემწეობა საფუძველშივე ბოროტი განზრახვა არ არის. ის გულისხმობს, რომ მხოლოდ ძალიან გაჭირვებულებს დავეხმაროთ და დანარჩენებმა თავიანთ თავს მიხედონ. ეს სისტემა უნივერსალიზმს გამორიცხავს. იდეოლოგიურ-ფილოსოფიური განსხვავებაა, მაგრამ ზოგადად რომ ვთქვათ, საქართველოში სოციალური სისტემა მემკვიდრეობით გვერგო საბჭოთა კავშირიდან. ის მთლიანად იყო უნივერსალიზმის პრინციპზე დაფუძნებული. მერე იწყება პოსტსაბჭოთა პერიოდი, სადაც ეს სისტემა გაგრძელდა, მაგრამ რესურსები საერთოდ აღარ იყო. რა შეიძლებოდა უნივერსალური ყოფილიყო? 14 ლარიანი პენსია? მერე იწყება უკვე ლიბერალური რეფორმები, სადაც ფოკუსირება ცალსახად მიზნობრივ სოციალურ დახმარებებზე ხდება. ეს მიდგომა აუცილებლად უწყობს ხელს სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვის ზრდას, იმიტომ რომ: შენ ადამიანს მხოლოდ შემწეობას აძლევ, თუ მისი სიღარიბიდან დახსნას ცდილობ, ორი ფუნდამენტურად განსხვავებული მიდგომაა. თუ ადამიანს ფიზიკურად აქვს შესაძლებლობა, რომ იმუშაოს, ან რამე კონტრიბუცია შეიტანოს ეკონომიკაში, მაშინ შენ ის სოციალური დახმარების მიმღების მდგომარეობიდან უნდა გამოიყვანო, და ამის შესაბამისი მექანიზმები გქონდეს. ამ დროს სოციალური დახმარების კი არა, სოციალური უზრუნველყოფისა და დაცვის მექანიზმები გჭირდება. მსგავსი არაფერი გვქონდა. წინა ხელისუფლებისთვის ლიბერალური ხედვები იყო აპრიორი. ერთი მხრივ, ამის ლეგიტიმაციას აძლევდა არსებული საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ინსტიტუტების უფუნქციობა. არ მუშაობდა, შესაბამისად, რაღაც ახალი იყო საჭირო. მაგრამ რომ არ მუშაობს, არ ნიშნავს, რომ უნდა გააუქმო. მაგალითად, შრომის ინსპექცია. მართალია, არ მუშაობდა, მაგრამ გაუქმება გამოსავალი არ იყო. მაშინდელი ხელისუფლების არგუმენტი ამის საპასუხოდ ხარჯების ოპტიმიზაცია იყო. ,,მხოლოდ უკიდურესად გაჭირვებულებს ამოვიყვანთ სიღარიბიდან’’- რაც ასევე ვერ მოხდა. ჯანდაცვა მთლიანად იყო კომერციალიზებული. ყველა ჰოსპიტალი გაიყიდა/გასხვისდა, პრაქტიკულად სახელმწიფო ჰოსპიტალი აღარ დარჩა. დანახარჯებს ადამიანები, ძირითადად, საკუთარი ჯიბიდან იხდიდნენ. სახელმწიფო მხოლოდ ძალიან გაჭირვებულებს აძლევდა დამატებით დაფინანსებას. თუმცა, ესეც ერთეული შემთხვევები იყო. პენსიონერებისთვის გახსოვთ 5-ლარიანი დაზღვევა? ეს იყო პოპულიზმი. 5 ლარად არ შეიძლება ადამიანი დააზღვიო, მით უმეტეს, განსაკუთრებულად სარისკო ჯგუფი. პენსიონერი ჯანდაცვისთვის რისკ-ჯგუფია. მათი 5 ლარად დაზღვევა არის აბსურდი. პრინციპში, ჯანდაცვა ძალიან აღარიბებდა მოსახლეობას. ადამიანები რისკების წინაშე სრულიად დაუცველები იყვნენ.
დღეს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 30% არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული. ეს ნიშნავს, რომ ისინი გადასახადებს არ იხდიან. რა შეიძლება მათთვის ფორმალურ სექტორში დასაქმების წამახალისებელი აღმოჩნდეს? აი, დღეს რატომ უნდა დაინტერესდეს ადამიანი ფორმალურ სექტორში დასაქმებით? მაშინვე ჩნდება 20 +4 პროცენტი საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი. როგორც არაფორმალურად დასაქმებულს, სავარაუდოდ აქვს სოციალურად დაუცველის შემწეობაც. დასაქმების ოფიციალურ სექტორში დაბრუნებისთანავე ამასაც კარგავს. რა გამოდის? რომ საშუალოდ, 1500-ლარიანი ხელფასის გამო, საიდანაც ხელზე 1200 ლარი უნდა აიღოს, კარგავს შემწეობასაც და უფასო ჯანდაცვასაც. ამიტომ, დღევანდელი სისტემა გარკვეულწილად ხელს უწყობს ადამიანების არაფორმალურ სექტორში დარჩენას. საპირისპირო რომ წაახალისო, გჭირდება ძალიან კარგი სოციალური პაკეტი, გარანტიები, და თუ ამას შესთავაზებ, მერე შეგიძლია ძალიან მკაცრი კონტროლიც დააწესო. წამახალისებელი კი შეიძლება იყოს: უმუშევრობის დაზღვევა, ინციდენტების დაზღვევა. მაგალითად, სამშენებლო სექტორში მუშაობს მუშა. არაფორმალურად ის შეიძლება 1500 ლარს გამოიმუშავებს, მაგრამ ინციდენტისგან ან ტრავმისგან დაზღვეული ხომ არ არის? ტრავმის შემთხვევაში, ის სრულიად დაუცველი ხდება, ვეღარც მუშაობს. სანამ ტრავმა არ გაუვლის, უმუშევარია. ამიტომ ინციდენტების დაზღვევა დაეხმარებოდა. შემწეობას საერთოდ ვერ გააუქმებ. მაგრამ როცა შენ ძლიერი სოციალური დაცვის პაკეტი გაქვს, ის ავტომატურად იწყებს შემცირებას. თუ უმუშევრობის დაზღვევას აძლევ ადამიანს, ის აღარ რეგისტრირდება შემწეობის მიმღებად. თუ მუშაობაში სარგებელი დაინახა, ის არაფორმალურ სექტორშიც ნაკლებად რჩება.ამ დოკუმენტში ისიც წერია, რომ სახელმწიფო ადამიანს პერიოდულად სთავაზობს ახალ სამუშაოს, ან გადაკვალიფიცირებას. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ შრომისუნარიანი მოქალაქე დაასაქმოს. რაც ნიშნავს, რომ შრომისუნარიანი ადამიანი შემწეობას აღარ მიიღებს. და მხოლოდ ის მიიღებს, ვისაც მართლა სჭირდება. რაც უფრო მაღალია უმუშევრობა, მით უფრო არაეფექტიანი ხდება უმუშევრობის დაზღვევა. ამიტომ მხოლოდ უმუშევრობის დაზღვევა პრობლემას ვერ მოაგვარებს. ამას სჭირდება აქტიური ეკონომიკური პროცესები, დასაქმების პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა. არაფორმალური სექტორიდან ადამიანები ფორმალურ სექტორში უნდა გადმოვიყვანოთ. ამის მოდელებიც არსებობს. ჩვენთან ეს სტატისტიკა მაღალია. სოფლის მეურნეობის გამოკლებით, 30%-ი. დაახლოებით 300 000 კაცზეა ლაპარაკი. ახლა ისინი არც გადასახადს იხდიან და არც დაცულები არიან.
მთავარი არის, რომ სისტემაში დეფიციტი არ გაჩნდეს და ხარჯები და შემოსავლები დაბალანსდეს. შენატანის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს იმ შესაძლო გასაცემელებს, რომელთა გადახდაც მოგიწევს. მოსახლეობის რაც უფრო დიდი ნაწილს მოიცავ, მით უფრო მცირდება რისკი. მაგრამ თუ სახელმწიფო პარალელურად აქტიურად არ მუშაობს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე, უმუშევრობის პრობლემას ვერ გადაჭრი. მინიმალური ხელფასი ერთია, მაგრამ ის ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს, რომ ადამიანები კარგად ცხოვრობდნენ. ის მხოლოდ საბაზისო სტანდარტს ადგენს. ამის პარალელურად უნდა გქონდეს კარგი სახელფასო პოლიტიკა, რომ ადამიანები ღირსეულად ცხოვრობდნენ. 600 ლარი არაფერი არ არის, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 600 ლარზე ნაკლებია. მათთვის ეს შეიძლება საშველია, მაგრამ მაინც სიღარიბეში იცხოვრებენ. ჩვენ ჩვენი ეკონომიკის შესაბამისი ანაზღაურებები უნდა გვქონდეს. ჩემი აზრით, იქ სადაც დაბალია შემოსავალი, გადასახადიც ნაკლები უნდა იყოს. მაგრამ უნდა შევთანხმდეთ რას მივიჩნევთ დაბალ შემოსავლად. იქიდან დაიწყოს საშემოსავლო გადასახადის 20%-მდე გაზრდა. მაგალითად, 10 000 თუ გაქვს ყოველთვიური შემოსავალი, გადასახადის სახით 1500-ს გადაიხდი თუ 2000-ს, შენი ცხოვრება არსებითად არ შეიცვლება, მეტ-ნაკლებად მაინც კარგად ცხოვრებას გააგრძელებ. მაგრამ, თუკი 1000 ლარი გაქვს ყოველ თვე შემოსავალი, 750-ს წაიღებ სახლში თუ 1000-ს, ძალიან დიდი განსხვავებაა. 200-ლარიანმა დანაკლისმა რაციონი თვისებრივად შეიძლება შეგიცვალოს. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა.
რეფორმები უკვე პოლიტიკაა. ექსპერტები სთავაზობენ, პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებებს. ამიტომაც საინტერესოა ახალი მინისტრის ხედვა. სოციალური დაცვა უნდა გახდეს პრიორიტეტი. ეს არის ძალიან გონივრული და დროული გადაწყვეტილება. თუმცა, ამ დოკუმენტიდან რას გაითვალისწინებენ და რას აღასრულებენ, ეს უკვე აღარ ვიცით. ეს ახალი მინისტრისა და პრემიერის გადასაწყვეტია. მე ვიცი, რომ დონორები და საერთაშორისო ორგანიზაციები მზად არიან, რომ ამ რეფორმებში საქართველოს მიეხმარონ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მთავრობაში. ქართული საზოგადოების მიმღებლობაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ მიიღებს ის ამ სიახლეს, რადგან ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, ახალი გადასახადების სისტემა იქმნება. თუმცა, ამ რეფორმის შედეგი მალე დგება. დეკრეტული შვებულება ავიღოთ მაგალითად. იმ ადამიანებს შორის ვინც ამ შეღავათით ისარგებლებს, შეიძლება იყოს თქვენი ახლობელი, ნათესავი ან თანამშრომელი. შესაბამისად, ხელშესახები შედეგი რეფორმის პირველივე ციკლზე ჩანს. მოკლედ, ადრე თუ გვიან, ეს პროცესი უნდა გავიაროთ. მნიშვნელობა არ აქვს, რა მასშტაბით ვიწყებთ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ამას მაინც ვერ გავექცევით. თუ არ გავაკეთებთ, ან რეფორმის სურვილი არ გვაქვს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ინტეგრაციას ვეწინააღმდეგებით. ზოგიერთმა ქვეყანამ ეს პროცესი 3 წელიწადში გაიარა. არსებობს ქვეყნები, რომლებმაც 10 წელი მოანდომეს და ჯერ კიდევ არ გამოუვიდათ. ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ განვუსაზღვრავთ ვადას საკუთარ თავს. ქვეყანა კანდიდატი შეიძლება იყოს დიდხანს. რეფორმის პროცესი ფინანსდება. რესურსი გვეძლევა, რომ სახელმწიფო გაძლიერდეს და შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირთან. ამაზე დიდი სტიმული რეფორმებისთვის რა უნდა იყოს ქვეყნისთვის?!
ჯანდაცვის სამინისტროსთან ორთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, სოციალური დაცვის სისტემაში დაწყებულ რეფორმაზე ჩვენს კითხვებს არავინ უპასუხა. ახლად დანიშნული მინისტრისა და პრემიერის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
ინტერვიუ მოამზადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
ინტერვიუს შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
ინსტრუქცია