საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
1988 წლის შემოდგომაზე, როდესაც ჯერ თბილისში, შემდეგ კი მთელ საქართველოში საპროტესტო აქციების ტალღა აგორდა, რომელიც შემდგომ „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის“ სახელით შევიდა თანამედროვე საქართველოს კოლექტიურ მეხსიერებაში, გაჩნდა ახალი ლოზუნგი - „ენა, მამული, სარწმუნოება“, რომელიც არა მხოლოდ ამ მოძრაობის, არამედ მთელი ახალი საქართველოს მთავარ საიდენტიფიკაციო ფორმულადაც იქცა. სანამ ამ ლოზუნგის გაჩენას და მის გაგება-ინტერპრეტაციებს შევეხებოდეთ, თავდაპირველად მის ორიგინალს, ანუ ილია ჭავჭავაძის ნააზრევს გადავავლოთ თვალი, საიდანაც ეს ლოზუნგი შეიქმნა.
1860 წელს, 23 წლის ილია ჭავჭავაძემ ჟურნალ ცისკარში გამოაქვეყნა თავისი პირველი პუბლიცისტური სტატია სათაურით, „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან ‘შეშლილის’ თარგმანზედა“. სტატია პოლემიკური იყო და ის მნიშვნელოვანწილად ქართული ენის იმჟამინდელ მდგომარეობას ეხებოდა. სტატიის ბოლოსკენ ილია სინანულით დასძენდა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.“
აღსანიშნავია, რომ არც მაშინ და არც ილიას მოღვაწეობის მანძილზე, არც მკითხველს და არც თავად ილია ჭავჭავაძეს ეს სამი სიტყვა არანაირ საბრძოლო დევიზად არ აღუქვამთ.
ილია ჭავჭავაძის როგორც ლიტერატურული, ასევე პრაქტიკული მოღვაწეობის მთავარი საგანი მამულის, როგორც ქართველობის გამაერთიანებელი ცნების შექმნა იყო. სწორედ ილია ჭავჭავაძის უდიდესი ღვაწლით მიიღო ამ სიტყვამ სამშობლოს, მთელი საქართველოს შინაარსი, ანუ იმ ქვეყნის, რომელიც მის დროს პოლიტიკურად და გეოგრაფიულად არ არსებობდა. ამით მან უპირველეს ყოვლისა, თეორიულად თუ კონცეპტუალურად შექმნა ქართველი ერი, უკვე გაქრობისა და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ხალხისგან, რომელსაც აღარც სახელმწიფო ჰქონდა თავისი, აღარც ეკლესია, არც ერად ყოფნის რაიმე ატრიბუტი. ილიას და მისი თანამოაზრეების მეშვეობით ქართველის ხელახალი გამაერთიანებელი ცნებები და კულტურული სიმბოლოები შეიქმნა, რომელიც თანამედროვე ქართული ეროვნული ცნობიერების ფუნდამენტი გახდა. თავად ეს ფუნდამენტი კი ქართველის და საქართველოს განსაზღვრებაზე დგას, რომელიც ილიას შემდეგ კიდევ არაერთხელ შეიცვალა და ზოგიერთ შემთხვევაში შეუცნობლობამდე დაშორდა ილიასეულ ვერსიას, თავისი შინაარსითაც და მიზანსწრაფვითაც.
XIX საუკუნეში, რომელსაც ნაციონალიზმის ხანაც ეწოდება, ევროპასა და მთელს მსოფლიოში ერის, ნაციის ახალი კონცეფციები ჩნდებოდა, რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ ერს საკუთარი იდენტობა უნდა შეექმნა. თუ ფრანგებისთვის, ან 1870 წელს გაერთიანებული გერმანელებისთვის, ან ბრიტანელებისთვის ნაციონალური იდენტობა მათ სახელმწიფოებრიობასთან და იმპერიულ სწრაფვებთან იყო მიბმული, მსოფლიოს ხალხთა უმეტესობა იმპერიულ-კოლონიურ მდგომარეობაში იწყებდა ერებად ფორმირებას. შესაბამისად, მათ ერთობას განსხვავებული ფაქტორები განაპირობებდა. 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, რუსეთის იმპერიის ქართველებით დასახლებულ ორ გუბერნიას აჭარა შემოემატა, რომელიც ოთხ საუკუნეზე მეტი ოსმალეთის შემადგენლობაში შედიოდა. სწორედ ამ მომენტში ილია ჭავჭავაძე წერს თავის საპროგრამო წერილს „ოსმალოს საქართველო“, რომელშიც ის ერის სრულიად ახლებურ, სეკულარულ და ქართული რეალობის შესატყვის განსაზღვრებას ქმნის: „არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა. ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი, ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული - ერთსულობით, ერთგულობით ძლიერია.“ ესაა ილია ჭავჭავაძის შემოტანილი ერის გაგება, საგანგებოდ ქართველი ერის, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობის განსაზღვრება, რომელშიც ყველა ცალკეული ფაქტორი, მათ შორის, ენა, სარწმუნოება, თუ გვარტომობა მეორეხარისხოვანია. ამ კონცეფციაში ერი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეთნოსი, ანუ გვარტომობა, სისხლით ერთობა; ვიდრე ენა, რამდენადაც ქართველები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, მიუხედავად ქართულის, როგორც სალიტერატურო ენის, უპირატესობისა; ვიდრე სარწმუნოება, რამდენადაც ქართველი მრავალ სარწმუნოებრივი ერია, ანუ სარწმუნოება აღარაა იდენტობის განმსაზღვრელი. ესაა კლასიკური სეკულარული კონცეფცია, რომელშიც ერთადერთი წმინდა, საკრალური მამულია. მამული კი ყველა თავის შვილს თანაბრად აერთიანებს ერთ ერად.
ასეთია ქართველი ერის პირველი განსაზღვრება, რომლის ავტორი - ილია ჭავჭავაძე - სიცოცხლეშივე „ერის მამის“ ეპითეტით შეიმკო. 1937 წელს უკვე საბჭოთა ხელისუფლებამ გადაიხადა ილიას 100 წლის იუბილე და საფუძველი ჩაუყარა ილია ჭავჭავაძის კულტს, რაც საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ქუჩების, მოედნების, ბაღების თუ საჯარო დაწესებულებებისთვის ილიას ჭავჭავაძის სახელის მინიჭებას, მისი ძეგლების დადგმას გულისხმობდა. ხოლო მისი ნააზრევის ინტერპრეტაცია სახელმწიფო საქმედ იქცა, ანუ ის იდეოლოგიურ ნარატივს შეერწყა და, შესაბამისად, მისი განმარტება და სწავლება იდეოლოგიურ კონტროლს დაექვემდებარა. კიდევ 50 წლის შემდეგ, 1987 წელს, როცა ეკლესია ჯერ კიდევ საბჭოთა სახელმწიფოს უშიშროების კომიტეტისა და სკკპ ცეკას მიერ კონტროლდებოდა, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა. ამით პირველი ქართული სეკულარული პროექტის ავტორის საკრალური ორეული შეიქმნა. ილიას ამ ახალ ხატებაში ეროვნული და რელიგიური ერთმანეთს შეერწყა, რომელიც მალე აიტაცა 1980-იანი წლების მიწურულს გაჩენილმა „ეროვნულმა მოძრაობამ“. ილია ჭავჭავაძის პირველი პუბლიკაციიდან ამოღებული და სახეცვლილი ფრაზა - „ენა, მამული, სარწმუნოება“ - ეროვნული მოძრაობის მთავარ ლოზუნგად სტილიზდა, რომელმაც მთავარი საბჭოთა ლოზუნგი - „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ - ჩაანაცვლა.
ამ ერთი შეხედვით უმანკო ჩანაცვლებას თავისი შედეგები ჰქონდა: 1980-იანი წლების ბოლოს საქართველოში დომინანტ იდეოლოგიად ეთნო-ნაციონალიზმი იქცა, თავისი ისეთი ექსტრემალური გამოვლინებებით, როგორებიცაა „გენეტიკურად ქართველისა“ და „გენეტიკურად მართლმადიდებლის“ სრულიად ულტრანაციონალისტური კონცეფციები. თუ ილიას პროექტი გვარტომებად დაქუცმაცებული და სარწმუნოებრივად არაერთგვაროვანი ქართველების გამაერთიანებელი ფაქტორის შექმნას გულისხმობდა, ქართველის ცნებას აფართოებდა ვიწრო ეთნო-რელიგიური ზღუდეებიდან, XX საუკუნის მიწურულს ილიასავე სიტყვებით შექმნილი ლოზუნგი ილიასავე საქართველოსა და ქართველის ცნების დამაქუცმაცებელი და დამავიწროვებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ამ დავიწროებულმა ცნობიერებამ საქართველოში ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა ეთნიკურ და რელიგიურ კონფლიქტებს. თავად ილია ჭავჭავაძე კი, ან მისი ორეული, ეთნო და რელიგიური ნაციონალიზმის სიმბოლოდ იქცა, რომელიც პოლიტიკური დემაგოგებისა და პროპაგანდისტების ხელში მუდამ ბოროტად გამოიყენებოდა და გამოიყენება.
2024 წლის აპრილში, ე.წ. რუსული კანონის მაპროტესტებელმა ახალგაზრდებმა გაბედეს და ილიას სიტყვებით შედგენილი ეს ლოზუნგი გადააკეთეს: „ენა, მამული, ერთობა“, რამაც მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების და მათი პროპაგანდისტების დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომლებიც ჩვეული დემაგოგიით გამოენთნენ და თავი ილიას და სარწმუნოების დამცველებად გამოსახეს. სინამდვილეში, ზესარწმუნოებრივი და ზეგვარტომული ერთობა ქართველი ერის ილიასეული კონცეფციის მთავარი პრინციპია. ამდენად, ახალი ვერსია - „ენა, მამული, ერთობა“ არსობრივად ილია ჭავჭავაძის ნააზრევთან დაბრუნებას და მის გათანამედროვებას ნიშნავს, „ქართული ოცნების“ გამთიშველი და შუღლის გამაღვივებელი პროპაგანდის საწინააღმდეგოდ.
ინსტრუქცია