[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

ემიგრაცია და პოლარიზაცია. როგორ იცვლება ურთიერთობა „წასულ“ და „დარჩენილ“ რუსებს შორის 

ოლგა დმიტრიევა

დამოუკიდებელი მკვლევარი და ჟურნალისტი  

შესავალი

მთელი პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში რუსული საზოგადოება პოლარიზებული რჩებოდა. 90-იან წლებში განხეთქილების მთავარი განმსაზღვრელი საბჭოთა კავშირთან დამოკიდებულება იყო. ეს ჩანდა არჩევნების შედეგებში 1996 წლამდე, როცა შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ არჩევნები ჯერ კიდევ თავისუფალი იყო (მაგრამ არა - პატიოსანი).  გორდონ ჰანი, 1995 წლის დუმის (პარლამენტის) არჩევნების[1] შედეგების ანალიზისას ასკვნის, რომ რუსეთში ყალიბდება მრავალპოლუსიანი პოლიტიკური სისტემა, რომელშიც ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ძალები, რომელთაც ექსტრემისტულ პოზიციები აქვთ. კერძოდ, 1995 წელს დუმის არჩევნებში პირველ ადგილს კომუნისტური პარტია (КПРФ) იკავებს. ხოლო ორი წლით ადრე, 1993 წლის არჩევნებში, პირველ ადგილზე ნაციონალისტური პარტია, ЛДПР გავიდა. ხელისუფლების მცდელობა, შეექმნა ცენტრისტული ბლოკი, რამდენჯერმე ჩავარდა.

2000-იან წლებში საარჩევნო პოლიტიკური ბრძოლა  ფაქტობრივად შეწყდა.[2]  ხოლო 2010-იანი წლების დასაწყისისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული პოლარიზაცია, ხელისუფლების მხრიდან, ერთი მხრივ, მედიაზე მკაცრი კონტროლის დამყარებაში გამოიხატა, ხოლო მეორე მხრივ − გაჩნდა ალტერნატიული, სახელმწიფოსგან არაკონტროლირებადი ინტერნეტ-მედია საშუალებები საკუთარი დღის წესრიგით. მკვლევრები „გაბრაზებული ქალაქელების“ საპროტესტო აქტიურობას ხშირად იმით ხსნიან, რომ 2011-2012 წლებში გაჩნდა ახალი საინფორმაციო წყაროები და ინტერნეტით თვითორგანიზების ახალი საშუალებები.[3]

ეს ფრაზაც − „გაბრაზებული მოქალაქეები“, იმაზე მიანიშნებს, რომ რუსული საზოგადოების პოლარიზაცია ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობას უკავშირდება. ეკონომიკის ექსპერტმა და გეოგრაფმა ნატალია ზუბარევიჩმა 2011 წელს „ოთხი რუსეთის“ კონცეფცია შემოგვთავაზა: „I რუსეთი“ – დედაქალაქებისა და დიდი ქალაქების ქვეყანა (500 ათასი მაცხოვრებელი და მეტი), „II რუსეთი“ – საშუალო ინდუსტრიული ქალაქების ქვეყანა (20 ათასიდან – 300-500 ათასამდე), „III რუსეთი“ – დაბებისა და სოფლების მაცხოვრებლები და „IV რუსეთი – ჩრდილოეთ კავკასიისა და სამხრეთ ციმბირის რესპუბლიკები. ეს „ოთხი რუსეთი“ სხვადასხვანაირად ცხოვრობს და მათი ინტერესები არ იკვეთება, ზოგჯერ კი ერთმანეთს ეწინააღმდეგება.[4]

ტერიტორიული განსხვავებები, თავის მხრივ, მზარდ ეკონომიკურ უთანასწორობას უკავშირდება. როგორც პირველი, ისე მეორე, მთელ რიგ განსხვავებებს წარმოქმნის: „კონსერვატიული ნაციონალიზმი – პროგრესული სოციალური კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგ, რეჟიმი – ოპოზიციის წინააღმდეგ და მდიდრები – ღარიბების წინააღმდეგ  –  ეს დაპირისპირებული აქტორები რუსეთის რთულ პოლიტიკურ რეალობაში ხან შორდებიან ერთმანეთს, ხანაც ისევ გადაიკვეთებიან ხოლმე.“[5]

შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ პოლარიზაცია, რომელიც რუსულ საზოგადოებაში საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან არსებობს, ერთი დიდი განხეთქილების ნაწილია და სხვადასხვა ფაქტორს, მაგრამ ყველაზე მეტად, ცხოვრების დონეს უკავშირდება. ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან რუსების დაახლოებით ნახევარი უკმაყოფილო იყო ცხოვრებით და თვლიდა, რომ „უკეთესი იქნებოდა, თუკი ყველაფერი ისე დარჩებოდა, როგორც 1985 წლამდე იყო“.[6] ისინი უფრთხოდნენ იმ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყანაში მოხდა. ხოლო 2010-იან წლებში იგივე (ან მსგავსი) ადამიანები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ 2000-იან წლებში ჩამოყალიბებული სტაბილურობის შეგრძნება და უჭირდათ სიახლეების მიღება.  

აღსანიშნავია, რომ არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ ცდილობდა დეპოლარიზაციას და პირიქით,  „საკუთარი ბანაკის“ გასაძლიერებლად იყენებდა. ეს განსაკუთრებით ცხადი გახდა 2011-2012 წლების საპროტესტო მოძრაობისას და ასევე, ყირიმის ანექსიის დროს 2014 წელს. მაშინ უმრავლესობის მიერ ხელისუფლების მხარდაჭერამ და უმცირესობის უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია. პოპულარული გახდა ისეთი გამოთქმები, როგორიცაა „ვატნიკები“ (ხელისუფლების მომხრეების მიმართ) და „მეხუთე კოლონა“ (ოპოზიციის მიმართ).[7] მკვლევრები, ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი მოქალაქეების ნაწილის მისამხრობად გამოყოფენ ალექსეი ნავალნის მცდელობებს, რომელიც არამარტო კორუფციას ამხელდა, არამედ აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ ხელისუფლების ცვლილება ყველასთვის სასიკეთო იქნებოდა და განსაკუთრებით კი – ყველაზე ღარიბებისთვის.[8]

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრა კიდევ ერთი მოვლენაა, რომელმაც რუსული საზოგადოების პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა. დამოკიდებულება ომის მიმართ თვითიდენტიფიცირების მთავარ განმსაზღვრელ ნიშნად და „ჩვენების“ და „სხვების“ განმსაზღვრელ მნიშვნელოვან მარკერად იქცა. რუსების ნაწილისთვის მეზობელ სახელმწიფოსთან ომი „ათვლის იმ წერტილად“ იქცა, რომლის შემდეგაც საწინააღმდეგო მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდა.  საზოგადოების მეორე ნაწილს კი შეუქმნა „გარე მტრის“ საფრთხის განცდა, რომელიც ადრე არსებული უთანხმოებების დაძლევაში მიეხმარა.[9]

ამას გარდა, ომის დაწყებას თან მოჰყვა მოვლენები, რომლებიც უკვე ისედაც დანაწევრებულ საზოგადოებაში განხეთქილების მიზეზებად იქცა. სავარაუდოდ, ესენი იყო:  სანქციები რუსეთის წინააღმდეგ (ზოგიერთი ომის მოწინააღმდეგე რუსი გმობს სანქციების შემოღებას და მიიჩნევს, რომ  უსამართლოდ დაზარალდნენ); მობილიზაცია (რუსების რაღაც ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს ომს, თვლის, რომ მხოლოდ პროფესიონალმა სამხედრო  ძალებმა უნდა იომონ); ემიგრაცია.

ძალიან საინტერესოა ემიგრაციის ანალიზი პოლარიზაციის კონტექსტში. ერთი მხრივ, ემიგრაცია, შეიძლება, ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერების მიუღებლობის ყველაზე უკიდურესი ფორმაც იყოს, ხოლო მეორე მხრივ – ფიზიკურად დაშორებამ და სხვა ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილებამ შეიძლება კიდევ უფრო გააღრმაოს რუსებს შორის არსებული უფსკრული (თუ დავუშვებთ, რომ ომის გამო გაქცეული ემიგრანტები გეგმავენ და შეძლებენ რუსეთში დაბრუნებას, ან საკუთარ თავს რუსული საზოგადოების ნაწილად თვლიან).

ამ სტატიაში იმის შესახებ მოგითხრობთ, თუ რა კავშირშია ემიგრაცია რუსული საზოგადოების პოლარიზაციასთან და როგორ იმოქმედა მან სხვადასხვა პოზიციისა და ცხოვრებისეული სტრატეგიების მქონე კონკრეტულ ადამიანებზე 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ტექსტი ეფუძნება როგორც რუსეთში, ისე რუს ემიგრანტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს,  პუბლიკაციების მედიაში და ჩემს 2023 და 2024 წლებში ჩაწერილ ინტერვიუებს ემიგრაციაში მყოფ რუსებთან.

რამდენმა რუსმა დატოვა რუსეთი?

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა დიდი რაოდენობით დაიწყეს ქვეყნიდან გადინება. თავდაპირველად, ემიგრაციის მიზეზები იყო: რეპრესიების შიში რუსეთის მთავრობასთან შეურიგებლობის გამო, სანქციების შემოღებასთან დაკავშირებული ეკონომიკური სირთულეები, იმ მსხვილი კომპანიების გასვლა ქვეყნიდან, რომლებმაც დახურეს  წარმომადგენლობები რუსეთში და ა.შ. ხოლო 2022 წლის შემოდგომიდან ემიგრაციას ბიძგი მისცა მასობრივი სამხედრო მობილიზაციის დაწყებამ და მოქალაქეების ფრონტზე გაგზავნამ.

ჟურნალისტების და მკვლევრების გამოთვლებით ორწელნახევარში რუსეთიდან გავიდა და არ დაბრუნებულა ქვეყნის 700 ათასი მოქალაქე.[10] დროის ასეთი მცირე მონაკვეთისთვის ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის  შემდეგ რუსების ქვეყნიდან გადინებას „ემიგრაციის მეხუთე ტალღას“ უწოდებენ.[11] უკანასკნელი 20 წლის მანძილზე  ემიგრაციის ეს ტალღა ყველაზე დიდია და მას 1990-2000-იანი წლების „მეოთხე ტალღას“ ადარებენ (პირველად მაშინ ვერ შეძლო რუსეთის ხელისუფლებამ შეეჩერებინა ხალხის გადინება ქვეყნიდან). მაგრამ მოტივაციით ახალი ტალღა უფრო  საბჭოთა კავშირიდან ემიგრაციას ჰგავს, როგორც მესამე ტალღის ერთ-ერთი ცნობილი ემიგრანტი, მუსიკოსი და ჟურნალისტი სევა ნოვგოროდცევი ამბობდა: „სადმე კი არა, საიდანღაც მიდიოდნენ“.

„ომისშემდგომი“ ემიგრაცია რომ სწორედ „საიდანღაც გაქცევა“ იყო, გამგზავრების მიმართულებების არჩევისას ჩანს. ეს ტალღა სრულიად განსხვავდებოდა წინა წლების ნაკლებად მასობრივი, უფრო გააზრებული და დაგეგმილი ემიგრაციისგან. ყველაზე პოპულარულ მიმართულებებად იქცა ქვეყნები, სადაც რუსებს შეეძლოთ უვიზოდ, ზოგჯერ კი უცხოური პასპორტის გარეშეც შესულიყვნენ (დაწვრილებით ამის შესახებ ქვემოთ მოგითხრობთ). The Bell-ის კვლევის მიხედვით, რუსების ყველაზე დიდი რაოდენობა სომხეთში გადავიდა (110 000 ადამიანი), მეორე და მესამე ადგილზე ყაზახეთი და ისრაელი არიან −  80 000 ადამიანით. მეოთხე ადგილზე საქართველოა, დაახლოებით 73 000 ადამიანით. მეხუთე ადგილზეა შეერთებული შტატები − 48 000 ადამიანით. რუსეთის მოქალაქეებს სომხეთსა და ყაზახეთში შესვლა უცხოური პასპორტის გარეშე შეუძლიათ. ვიზა არც საქართველოში სჭირდებათ. ისრაელში ემიგრაცია აიხსნება რეპატრიანტების, ებრაული ფესვების მქონე რუსების სიმრავლით, რომელთათვისაც ქვეყანაში ლეგალიზაციის პროცესი გამარტივდა. გასაკვირია ამ სიაში შეერთებული შტატების მოხვედრა, მაგრამ ბევრმა რუსმა ისარგებლა ქვეყანაში არალეგალურად შესვლისა და საზღვარზე თავშესაფრის მოთხოვნით.

ამ ქვეყნებში (აშშ-ს გარდა) რუსი ემიგრანტების ნაკადი შესამჩნევი იყო, მაგრამ რუსეთიდან მოსახლეობის დაახლოებით 0,5%-ზე მეტი არ გასულა. რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დაახლოებით ამდენივე რუსია ფრონტზე და უშუალოდ მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში. ამდენად, რუსების აბსოლუტურ უმრავლესობას პირდაპირ არ შეხებია არც ემიგრაცია და არც ომი. მაგრამ ადამიანების გადინებისორივე ტალღა თვალსაჩინოა რუსული საზოგადოების სხვადასხვა ნაწილისთვის. ფრონტზე, უპირველეს ყოვლისა, აგზავნიდნენ ადამიანებს ყველაზე ღარიბი რეგიონებიდან და ნაციონალური რესპუბლიკებიდან. ხოლო ემიგრაციაში, განსაკუთრებით 2022 წლის გაზაფხულზე, უმეტესწილად უფრო შეძლებული და განათლებული ხალხი წავიდა. ეს დისბალანსი, ერთი მხრივ, ზემოთ განხილული პოლარიზაციის მანიშნებელიცაა, მეორე მხრივ კი − ის ფაქტორია, რომელიც ამ დაპირისპირების გაძლიერებას უწყობს ხელს.  

რით განსხვავდებიან „წასულები“ „დარჩენილებისგან“?

სანამ იმაზე ვილაპარაკებთ, თუ რამდენად დაეხმარა ემიგრაცია რუსული საზოგადოების გახლეჩილობას, უნდა გავიგოთ, განსხვავდებოდნენ თუ არა ქვეყნიდან წასვლამდე მომავალი ემიგრანტები დანარჩენი რუსებისგან.

ემიგრაციისთვის მზაობა და შესაძლებლობა ცხადია, რუსეთის ყველა მოქალაქეს არ ჰქონია. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში რუსეთიდან შესასვლელად საზღვარგარეთის პასპორტია საჭირო, რომელიც, „რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის“ 2022 წლის მონაცემებით რუსების მხოლოდ 30%-ს ჰქონდა.  ანუ, რუსების მხოლოდ 30% გეგმავდა საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლას კი არა, არამედ, სამოგზაუროდ წასვლას (ამასთანავე, ემიგრირებულ რუსებს შორის, სავარაუდოდ, ბევრი იყო ისეთი, ვისაც საზღვარგარეთის პასპორტი არ ჰქონია. ემიგრანტებისთვის ორ პოპულარულ ქვეყანაში − სომხეთსა და ყაზახეთში რუსეთის შიდა პასპორტით შესვლაა შესაძლებელი[12]).

სოციოლოგების მონაცემების მიხედვით, რუსები ზოგადად, არ გამოირჩევიან მობილურობით. მაგალითად, 2022 წელს რუსების მხოლოდ 2%-ს ჰქონდა შენგენის ვიზა, ხოლო 2022 წლამდე საზღვარგარეთ რუსების მხოლოდ 23% იყო ნამყოფი. რუსების მხოლოდ 22%-მა იცის უცხო ენები კარგად.[13] 2010 წლიდან რუსების 80% მუდმივად ამბობს, რომ არ უნდა უცხოეთში ცხოვრება. ომის დაწყების შემდეგ ასეთი „იზოლაციონისტური“ და „პატრიოტული“ განწყობები კიდევ უფრო ძლიერდება. 2021 წელს გამოკითხულთა 42% ამბობდა, რომ „ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმ ქვეყანაში, სადაც დაიბადა და განათლება მიიღო“, ხოლო 2024 წელს − 64% (შეიძლება იმიტომაც, რომ საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლა, რესპონდენტთა აზრით, საშიში გახდა).  

ამ მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, რუსების უმრავლესობისთვის გადაწყვეტილება ემიგრაციის შესახებ არ ჩანდა ბუნებრივი, იოლი ან − უბრალოდ, შესაძლებელი. ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდეც არსებობდა განსხვავებები „წასულებსა“ და „დარჩენილებს“ შორის. მთლიანობაში, რუსები, არ არიან მობილურები და სხვა ქვეყანაში გადასვლა მხოლოდ უმცირესობისთვისაა ხელმისაწვდომი ობიექტური ან სუბიექტური მიზეზების გამო.

ომის დაწყების შემდეგ ემიგრაცია აღიქმებოდა არა მხოლოდ როგორც პირადი ცხოვრებისეული არჩევანი, არამედ როგორც პოლიტიკური პოზიციის დეკლარირება. 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთი დატოვეს არა მარტო რიგითმა მოქალაქეებმა, არამედ ბევრმა საზოგადო მოღვაწემ, რომლებმაც ღიად განაცხადეს, რომ ემიგრაციაში მიდიოდნენ, რადგან არ ეთანხმებოდნენ ომს და რუსეთის მთავრობის ქმედებებს. შესაძლოა, ამიტომაც, თავად რუსეთში ემიგრაცია მაშინვე აღიქმებოდა, როგორც პროტესტი. სწორედ ასე შეაფასა ქვეყანაში დარჩენილმა ბევრმა მოქალაქემ რუსეთიდან წასვლა. მაგალითად, „ლევადა-ცენტრის“ მონაცემებით, 2024 წლის მარტში  გამოკითხულთა 43% თვლიდა, რომ ისინი, ვინც „ქვეყნიდან მიდიან, არიან მოღალატეები და ქვეყნის გამყიდველები“; 40% მიიჩნევდა, რომ მიდიან „ისინი, ვისაც არ სჯერა რუსეთის მომავლის“; ხოლო 33%[14] აცხადებდა, რომ მიდიან ისინი, ვისაც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მობილიზაციის ეშინიათ“.[15]

რთული სათქმელია, პოლიტიკური შეხედულებებირამდენად განსხვავდებიან  „წასულები“ ი​​მათგან, ვინც „დარჩნენ“ არსებული კვლევების მიხედვით,  ემიგრანტებსა და დარჩენილ რუსებს, ძირითადად, საპირისპირო პოზიციები აქვთ უმეტეს საკითხებში. მაგალითად, Outrush-ის კვლევის[16] მიხედვით, ემიგრანტების 96% არ ენდობა რუსეთის ხელისუფლებას. ხოლო Exodus22-ის კვლევაში[17], რესპონდენტთა 70%-მა აღნიშნა, რომ რუსეთი „ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში ცხოვრების შეუძლებლობის“ გამო დატოვეს (სომხეთისა და საქართველოს მონაცემები). თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კვლევები ემიგრანტების მონაწილეობით, უმეტეს შემთხვევაში, არ არის რეპრეზენტაციული და გარდა ამისა, ემიგრანტები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ხელისუფლებას, უმეტესწილად უარს ამბობენ საზღვარგარეთ გამოკითხვებში მონაწილეობაზე ან სოციალურად სასურველ პასუხებს იძლევიან. მაშასადამე, პრეტენზია, რომ ყველა რუსი, ვინც ქვეყანა დატოვა, ეწინააღმდეგება ომს, არის განზოგადება, რომელიც  ხელმისაწვდომ ინფორმაციას ეფუძნება.

თუმცა, ემიგრანტების კვლევების მონაცემები რადიკალურად განსხვავდება იმ გამოკითხვის შედეგებისგან, რომლებსაც რუსული კვლევითი კომპანიები ატარებენ ქვეყანაში. მაგალითად, „ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვების თანახმად, რუსების 76% ენდობა რუსეთის ხელისუფლებას და პრეზიდენტს, ხოლო ВЦИОМ-ის გამოკითხვებში 68% მხარს უჭერს რუსეთის მიერ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილებას.[18]

ამასთანავე, შეუძლებელია ცალსახად ითქვას, რომ კონფლიქტი „წასულებსა“ და „დარჩენილებს“, ანუ ამჟამინდელი ხელისუფლების ოპონენტებსა და მომხრეებს შორის მხოლოდ ომის საკითხით შემოიფარგლება.  დეკლარირებული „ომის მხარდაჭერა“ ქვეყნის შიგნით საკმაოდ რთული და კომპლექსურია. დამოუკიდებელი სოციოლოგიური პროექტი „ქრონიკები“ ცდილობს გამოაცალკეოს ომის რეალური მხარდამჭერები ადამიანებისგან, რომლებიც ომს დევნის შიშის ან სოციალური მიზანშეწონილობის გამო უცხადებენ მხარდაჭერას. „ქრონიკები“ რესპონდენტებს უსვამს რამდენიმე კითხვას უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებებთან დაკავშირებით და ამით განასხვავებს „ომის თანმიმდევრულ მომხრეებს“ „თანმიმდევრულო მოწინააღმდეგეებისგან“. „თანმიმდევრული მომხრეები“ გარდა ომის მხარდაჭერისა, არ არიან თანახმა, რომ ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება საბოლოო მიზნის მიღწევის გარეშე მიიღონ და მიაჩნიათ, რომ რუსეთის ბიუჯეტის პრიორიტეტი სამხედრო ხარჯებია. ამ ადამიანის რიცხვი 2024 წელს 17% იყო. „თანმიმდევრული მოწინააღმდეგეები“, რომლებმაც არ უცხადებენ ომს მხარდაჭერას, თანახმანი არიან, რომ ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება საბოლოო მიზნის მიღწევის გარეშე მიიღონ და ფიქრობენ, რომ რუსეთის ბიუჯეტის პრიორიტეტი სოციალური საკითხები უნდა იყოს. „მოწინააღმდეგეებად“ მკვლევრები გამოკითხული რუსების 19%-ს მიიჩნევენ.  საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა[19] და ქუჩის ხელოვნების ანონიმური ნიმუშები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთში ჯერ კიდევ არიან ომის საწინააღმდეგოდ განწყობილი მოქალაქეები.

გამოდის, რომ რუსების დაახლოებით 60% შუალედურ პოზიციას იკავებს. მაგალითად,  რუსებმა შეიძლება ილაპარაკონ ომის მხარდაჭერაზე და მზადყოფნაზე, რომ მხარი დაუჭირონ ჯარების გამოყვანას „მიზნების მიღწევის გარეშე“. ან, პირიქით, ასეთი ადამიანები შეიძლება ომს ეწინააღმდეგებიან, მაგრამ მიიჩნევენ, რომ რადგან ომი დაიწყო, ის რუსეთის „გამარჯვებით“ უნდა დასრულდეს.

ამდენად, არ შეიძლება ემიგრანტებსა და დარჩენილებს შორის ურთიერთობაზე ვილაპარაკოთ, როგორც დამოკიდებულებაზე ომის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს, ასევე დღევანდელხელისუფლების მომხრეებს შორის. რუსული საზოგადოება არ არის ერთგვაროვანი, იქ არიან როგორც პროსამთავრობო ჯგუფები, რომლებიც შეიძლება გარედან უფრო კარგად ჩანდნენ, ასევე ოპოზიციონერები, რომლებიც ცდილობენ, არ მიიპყრონ ყურადღება სისხლისსამართლებრივი დევნის რისკის გამო. ამავდროულად, გამოკითხვებში უმრავლესობამ შეიძლება გამოხატოს წინააღმდეგობრივი პოზიციაც და აღნიშნოს, რომ „არც მომხრეა და არც მოწინააღმდეგე“, რაც, ალბათ, შეიცვლება პირადი ურთიერთობის დროს. გარკვეულწილად, ალბათ, ემიგრანტებშიც არის პოზიციების არაერთგვაროვნება, რომლის შესწავლაც კიდევ უფრო რთულია.

ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ იმოქმედა ემიგრაციამ რუსული საზოგადოების პოლარიზაციაზე რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ ქვეყანაში დარჩენილი რუსების მინიმუმ სამი ჯგუფი და ომის მიმართ მათი დამოკიდებულება. ესენი არიან − „მომხრეები“, „მოწინააღმდეგეები“ და უმრავლესობა, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „კონფორმისტები“.

მაგრამ, ზოგადად, ღირს ემიგრანტების რუსული საზოგადოების ნაწილად მიჩნევა და მათზე საუბარი პოლარიზაციის კონტექსტში?

2022 წლის შემდეგ რუსული ემიგრაცია რამდენიმე განსაკუთრებული ნიშნით გამოირჩევა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მერე ადამიანები სპონტანურად წავიდნენ ქვეყნიდან, გამგზავრებისას ემიგრანტებს არ ჰქონდათ კონკრეტული მიზნები. ბევრი მათგანი თვლიდა, რომ მალევე დაბრუნდებოდა რუსეთში. რუსების ნაწილმა ეკონომიკური ურთიერთობებიც შეინარჩუნა ქვეყანასთან − პასიური შემოსავალი ან დისტანციური სამუშაო.[20] ისინი დაინტერესებულნი არიან რუსეთის ამბებით და მონაწილეობენ ქვეყნის ცხოვრებაში, მაგალითად, მხარს უჭერენ რუსულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ამას გარდა, ემიგრანტების ნაწილი დადის რუსეთში და ფაქტობრივად, ორ ქვეყანაში ცხოვრობს. შესაბამისად, ემიგრანტების კავშირები რუსულ საზოგადოებასთან საკმაოდ მჭიდროა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ისინი თავს მის ნაწილად არც თვლიდნენ. Outrush-ის გამოკითხვაში, კითხვაზე „რომელი საზოგადოების ნაწილად თვლით თავს?“ მხოლოდ 14% პროცენტი პასუხობს, რომ საკუთარ თავს „რუსეთის ნაწილად მიიჩნევს.[21].

შესაბამისად, ემიგრანტები და ქვეყანაში დარჩენილი რუსები, ზოგადად, ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებიან. თუმცა, რუსეთში დარჩენილი საზოგადოებაც ასევე არაერთგვაროვანია. „წასულები“ ემიგრაციის განსაკუთრებული პირობების გამო ინარჩუნებენ ურთიერთობას ქვეყანაში დარჩენილ მოქალაქეებთან, რომელთაც სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვთ ომთან.

„წასულები“ და „დარჩენილები“ - კამათი მედიაში

სანამ ემიგრანტებსა და ქვეყანაში დარჩენილ რუსებს შორის ურთიერთობაზე საუბარს დავიწყებთ, უნდა შევნიშნოთ, რომ ეს ურთიერთობა, შესაძლოა, დიდ გავლენას ახდენდეს მედიაში მიმდინარე დისკუსიაზე ემიგრაციის შესახებ. ფრაზა „წასულები და დარჩენილები“ რუსულ ენაზე თითქმის სამი წელია ისევ და ისევ გაისმის და როგორც წესი, აღნიშნავს გაუთავებელ და უაზრო კამათს ომის მოწინააღმდეგე რუსებს შორის საზღვარგარეთ და რუსეთში.

ამ კამათს ბიძგს აძლევს და აქტიურად აშუქებს მედია: როგორც სახელისუფლებო პროპაგანდა, ასევე დამოუკიდებელი რუსულენოვანი მედიები, რომლებიც ძირითადად საზღვარგარეთიდან მაუწყებლობენ.  შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსებს, ქვეყნის საზღვრის ორივე მხარეს ბევრად უფრო ხშირად წაუკითხავთ დისკუსიები „წასულებისა და „დარჩენილების“ შესახებ, ვიდრე თავად მიუღიათ ამგვარ დისკუსიებში მონაწილეობა.

პროპაგანდისტული მედია, როგორც წესი, მხოლოდ „წასულებზე“ ლაპარაკობს. ჟურნალისტები გმობენ წასულებს და ახმოვანებენ რუსეთის ხელისუფლების პოზიციას, რომ ყველა, ვინც ქვეყანა დატოვა, „მოღალატეა“. მთავრობის განცხადებების გარდა, ემიგრაციის შესახებ პუბლიკაციებს ხშირად ედება საფუძვლად ის, თუ რა სირთულეების წინაშე დგანან რუსი ემიგრანტები. ხშირად ეს ისტორიები მოგონილია ან ზედმეტად გაზვიადებული.

დამოუკიდებელი მედიაში ჩნდება სტატიები „დარჩენილთა“ და ორ მხარეს შორის კამათის მიზეზების შესახებ, ასევე იმაზეც, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ურთიერთობები ადამიანებს შორის (რომლებსაც ერთნაირი პოზიცია აქვთ ყველაზე უფრო პრინციპულ საკითხზე − ომზე[22]).

„წასულებსა“ და „დარჩენილებს“ შორის არსებული დაძაბულობას კარგად აღწერს ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და ლიტერატურათმცოდნის, ანა ნარინსკაიას ორი სტატიია. 2022 წლის ივლისში, პროექტში „დახმარების სამსახური“, რომელიც რუსებმა დააარსეს მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად გამოქვეყნდა ნარინსკაიას სტატია სათაურით, „უხერხულია ბუჩაზე ლაპარაკი კრევეტების რიგში“. ამ ტექსტში ნარინსკაია აღწერს მოსკოვის მდიდრულ ცხოვრებას, რომელიც „ზეიმობს ზაფხულს“ და ყველაფერს აკეთებს ომის უგულებელყოფისთვის. ნარინსკაიას ამ ტექსტს  წერდა, იმ აუდიტორიისთვის ვინც რუსეთიდან წავიდა: „მოსკოვი დღეს არის ქალაქი, სადაც დგამენ სპექტაკლს ნორმალურ ცხოვრების შესახებ“.

ნარინსკაიამ, ორი წლის შემდეგ, რომელიც იმ დროისთვის უკვე საბოლოოდ გადაბარგდა გერმანიაში, Deutsche Welle-ს ვებგვერდზე გამოაქვეყნა კიდევ ერთი სტატია ამავე თემაზე: „დუმილის 50 ელფერი პუტინის რუსეთში“, სადაც ავტორი ეუბნება მკითხველებს, რომ ახსოვდეთ ადამიანები, რომლებიც რუსეთში დუმილის უფლებას იყენებენ: „რუსეთში ომის წინააღმდეგ ლაპარაკი მართლაც საშიშია, მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ  დუმილი შეინარჩუნო. ჯერ კიდევ შეიძლება − არ გამოხვიდე. ჯერ კიდევ შეიძლება - გაჩუმდე და ეწინააღმდეგებოდე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ ამ სიჩუმეს“. ეს  შერბილებისა და პოზიციების დაახლოების აშკარა მცდელობაა. აქ ავტორი აღიარებს, რომ „ნორმალური ცხოვრების“ ილუზია იქმნება არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსებს არ სურთ ომის შემჩნევა, არამედ იმიტომაც, რომ ომზე საუბარი საშიშია. უფრო მეტიც, ნორმალური ცხოვრება ასევე ნიშნავს ცხოვრებას, სადაც ომის აშკარა მხარდაჭერა არ არსებობს − რაც ომში მყოფ ქვეყანაში წინააღმდეგობის აქტიც შეიძლება იყოს.

მედიაში არსებული პოლარიზაციის კიდევ ერთი მაგალითია რუსი ფემინისტის, „ფემინისტური ანტისაომარი წინააღმდეგობის“ თანადამფუძნებლის დარია სერენკოს წიგნი „ფერფლი მინდა ჩემი სახლისთვის“. უცხოეთში და რუს ემიგრანტთა შორის წიგნი მალევე გახდა პოპულარული, მაგრამ რუსეთში ის პოზიცია, რომელიც წიგნის სათაურშივე ჩანს, თვით ომის მოწინააღმდეგე ადამიანებსაც კი აფრთხობს. მაგალითად, სერონკოს წიგნს ხშირად აკრიტიკებს ფემინისტი და კულტურის სოციოლოგი ბელა რაპაპორტი. რაპაპორტი თავის ბლოგში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „წასული“ რუსები გულგრილები და უფრო მეტიც, სასტიკნი არიან  იმ თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც არ არიან პასუხისმგებელნი ომის დაწყებაზე, არ უჭერენ მხარს ომს, მაგრამ არ უნდოდათ ან ვერ შეძლეს  წასვლა სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ დისკუსიაში „წასულები“ აღიქმებიან ადამიანებად, რომლებსაც წასვლამდეც პრივილეგირებულები იყვნენ ან უცხოეთში მიიღეს პრივილეგიები საკუთარი რუსული წარსულის დაგმობის გამო და „დარჩენილების“ გამოცდილებასთან უკვე აღარაფერი აკავშირებთ. „წასულების“ პოზიცია „დარჩენილებთან“ მიმართებით იმდენადაა უტრირებული, რომ რუსეთს „ორკოსტანს“ უწოდებენ, ხოლო დარჩენილ რუსებს „ორკებს“, „რომლებიც არ არიან ცოდოები“ და ა. შ.

მედია „წასულებსა“ და „დარჩენილებს“ შორის ურთიერთობას აღიქვამს, როგორც კონფლიქტურს, თანაც, უპირველესად, ესაა  ომის საწინააღმდეგოდ განწყობილი რუსების დაპირისპირება, რომელთაც სურთ პრივილეგიები და ნორმალურად ცხოვრება და ამასთანავე, ხმას ვერ იღებენ ომისა და რუსეთის შესახებ.

უთანხმოება და ურთიერთობის შენარჩუნების სტრატეგიები

ძნელია ერთმნიშვნელოვნად ილაპარაკო იმაზე, თუ როგორ ურთიერთობენ ემიგრანტები და რუსეთში დარჩენილები და ასევე იმაზეც, თუ რამდენად ამძიმებს ემიგრაცია პოლარიზაციას პირადი ურთიერთობებისას. საკუთარი ჟურნალისტური პროექტებისთვის ორი წლის განმავლობაში ვატარებდი ინტერვიუებს და დროდადრო ჩნდებოდა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ ინარჩუნებენ რუსები ურთიერთობას ნათესავებთან და მეგობრებთან, რომელთაც ომსა და რუსეთზე საპირისპირო მოსაზრებები აქვთ. შეგროვებულ მასალას დავუმატე მოკლე ონლაინ-ინტერვიუები, რომლებიც „თოვლის გუნდის“ მეთოდით ჩავატარე.[23] ქვემოთ წარმოდგენილი მოსაზრებები არ შეიძლება ჩაითვალოს რეპრეზენტაციულად ან ამომწურავად, და ასევე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დროთა განმავლობაში პოზიციები შეიძლება შეიცვალოს და სავარაუდოდ, შეიცვლება კიდეც.

  1. ემიგრანტები და ომის მომხრეები

როგორ ზემოთაც აღვნიშნეთ, რუსების უმეტესობა, რომელმაც ქვეყანა სრულმასშტაბიანი ომის შემდგომ დატოვა, ამბობს, რომ ეს ომისა და რუსული ხელისუფლების ქმედებების მიუღებლობის გამო გააკეთა. თუმცა, ხელისუფლების მომხრე ემიგრანტებმა შეიძლება არ გაამხილონ საკუთარი პოზიცია ან უარი თქვან ემიგრაციის შესახებ კვლევებში მონაწილეობაზე. მაგალითად, ადამიანებმა, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ხელისუფლებას, შეიძლება თქვან, რომ უცხოეთში დროებით და სამსახურის გამო არიან წასულები, ჩადიან სამშობლოში და გეგმავენ დაბრუნებას, ამიტომაც, კვლევები ემიგრაციის შესახებ მათ არ ეხებათ. შესაბამისად, ურთიერთობის და კავშირების  შენარჩუნებას მთავარ პრობლემას უკრაინის ომთან დამოკიდებულება უქმნის.

თავიდანვე წავშალე რამდენიმე ნაცნობი, ყოველი შემთხვევისთვის დავხურე ანგარიშები და დავიწყე დაყოფა „ჩემიანებად და სხვებად“ (33 წლის მამაკაცი, არაბთა გაერთიანებული საემიროები − მოსკოვი).

სხვადასხვა მოსაზრებები ომის შესახებ ურთიერთობებისას დისტანციის ან უფსკრულის მაჩვენებელია. ზოგჯერ ეს შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც დაპირისპირება ომის გამო, ზოგჯერ კი მიანიშნებდეს იმაზე, რომ საპირისპირო „ბანაკის“ წარმომადგენლებთან ყველაფერი ადრეც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, ისინი მანამდეც „არ ყოფილან ახლობლები“, მოსაზრებები სხვა საკითხებზეც განსხვავდებოდა, მაგრა „ბოლო წვეთად“ ომი იქცა.

„ნათესავებთან თითქმის არ ვურთიერთობ, ამიტომ მიჭირს თქმა, რა მოსაზრებები აქვთ, მაგრამ მაინც იგრძნობა, რომ პროპუტინისტური − თუმცა, ამაზე არ ვლაპარაკობთ“ (29 წლის ქალი, საქართველო).

„ჯანდაბაში წასულან ის ნაცნობები და ნათესავები, რომლებიც არ მიყვარს.  საერთოდ არ მინდა დრო ასეთ ადამიანებთან ურთიერთობაზე დავკარგო“(28 წლის ქალი, საქართველო).

„ომის მომხრეებთან“ ურთიერთობისას, რესპონდენტებმა შეიძლება სხვადასხვა სცენარი განიხილონ.

  • თავი აარიდონ „რთულ თემებს“, ანუ ომს, პოლიტიკურ ახალ ამბებს, ხანდახან, ემიგრაციასაც;
  • შეეცადონ, პოზიცია შეაცვლევინონ მეორე მხარეს მდგომს;
  • შეწყვიტონ ურთიერთობა.

რესპონდენტები ამა თუ იმ სტრატეგიას იმის მიხედვით ირჩევენ, რამდენად ახლოა და მნიშვნელოვანია მათთვის ეს ურთიერთობა და რამდენად უნდათ მისი შენარჩუნება.

თავის არიდება. უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობისას ყველაზე უფრო ხშირად ცდილობენ გვერდი აუარონ ომის და რუსული პოლიტიკის საკითხებს, რათა არ იჩხუბონ და არ გაუფუჭდეთ ურთიერთობა. უპირველესად, ასე მოქცევა გამართლებულია ნათესავებთან და განსაკუთრებით, მოხუცებთან მიმართებაში.

„ხანდახან ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ურთიერთობები და შევეცადოთ, გავუგოთ ერთმანეთს, ვიდრე ისე, რომ არაფრის გამო ვუჩხუბოთ“  (29 წლის ქალი, საქართველო).

„პრინციპში, ძნელია აიძულო თავს ისიც კი, რომ ძვირფას ბებიებსა და ბაბუებს ელაპარაკო. ამიტომაც, საკმაოდ იშვიათად ვრეკავთ ვიდეოზარით. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ისინიც, აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მიუხედავად, მხარს გვიჭერენ, გვიგებენ და განიცდიან.  (28 წლის ქალი, საქართველო).

„ცხადია, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობას ვინარჩუნებ. არის რაღაცები, რაც პოლიტიკურ პოზიციებზე მნიშვნელოვანია. სხვა დედა და სხვა მამა ხომ არ გვეყოლება? გადავწყვიტეთ, რომ ამ საკითხებს უბრალოდ, არ შევეხებით, იმიტომ, რომ ჩვენი მოსაზრებები აბსოლუტურად ურთიერთსაპირისპიროა“ (46 წლის ქალი, იტალია).

„თუკი ახლობლებზე ვილაპარაკებთ, რომლებიც უკვე მოხუცები არიან, გირჩევდით, რომ არ დაუნგრიოთ ეს იისფერი „ედონოროგების“ სამყარო. მართლა მგონია, რომ 80-ს გადაცილებულები, რომელთაც სჯერათ პუტინისა, ამან შეიძლება მართლაც დახოცოს. მეჩვენება, რომ მანდ სრულიად ვერაფერს გავხდებით. ამ ასაკს რომ მიაღწევს ადამიანი, უბრალოდ, უნდა მიიღო ისეთი, როგორიცაა. დაე ილივლივონ საკუთარი ვაკუუმის ბუშტში, ოღონდ იცოცხლონ“ (45 წლის ქალი, თურქეთი).

გადაწყვეტილება, რომ არ ილაპარაკონ ომსა და პოლიტიკაზე, შეიძლება მეორე მხარემაც მიიღოს. რესპონდენტებს გამოცდილი აქვთ, რომ ან უნდა მიიღონ ეს მოცემულობა, ან ურთიერთობა უნდა გაწყვიტონ.

„ვიღაცები ამბობდნენ: აბა, როგორ? არაა ყველაფერი ერთმნიშვნელოვანი. ჩვენით ყველა მანიპულირებს, შენც გაქცია ზომბად ევროპულმა პროპაგანდამ. ყველაფერი გასაგებია. მოდი, ამას ნუ შევეხებით“. (46 წლის ქალი, იტალია).

ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ხანდახან ის ფაქტი, რომ ახლობელი ადამიანი მხარს უჭერს ომს, შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც დანაკარგი და სიახლოვის განცდის გაქრობა. ამიტომაც, ზოგიერთი რესპონდენტი ცდილობს გადაარწმუნოს ნათესავები, რომლებიც ომს უჭერენ მხარს და „საკუთარ მხარეს გადმოიბიროს“.

ჩემმა დამ [...] ომის დასაწყისში, დაიწყო ვითომ საკუთარ აღქმებზე ლაპარაკი ტელევიზორიდან მოსმენილი ფრაზების გამოყენებით. ვუთხარი: გაჩერდი, ტელევიზორიდან იმეორებ ფრაზებს-მეთქი [...] გამიმართლა, რადგან მას მოსმენა შეუძლია და მზად იყო ახალი მოსაზრებების მოსასმენად. ორი თვე ვაწარმოებდი ომს ტელევიზორთან ჩემი დისთვის. ორი თვე ვიბრძოდი სისხლის ბოლო წვეთამდე, რადგან შინაგანად მივხვდი, რომ არ შემეძლო დავნებებულიყავი. უბრალოდ ვერ დავთმობდი. ის ძალიან ახლობელი, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის. საათობით ვსაუბრობდით" (45 წლის ქალი,თურქეთი).

„შემდეგ რამდენიმესთან (მათ შორის, ნათესავებთანაც) განვიხილავდით ამ ამბებს, ყოველთვის კარგად არ მიდიოდა, მაგრამ თანაბარ პირობებში ვიყავით. დროთა განმავლობაში პოზიციები ნელ-ნელა იცვლება და ახლოვდება. განხილვებისას ვცდილობდით შეხების წერტილები მოგვეძებნა“ (33 წლის მამაკაცი, არაბთა გაერთიანებული საემიროები - მოსკოვი).

„ჩვენ ხშირად განვიხილავთ იმ საკითხებსაც, რომლებზეც ერთმანეთს არ ვეთანხმებით და ხანდახან ისინი ცვლიან საკუთარ მოსაზრებებს (29 წლის ქალი, საქართველო)

განხეთქილება. ზოგჯერ ადამიანები მთლიანად წყვეტენ ურთიერთობას ან ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ ის. ამას იმით ასაბუთებენ, რომ ურთიერთობა ადრეც არ ყოფილა  მჭიდრო და მნიშვნელოვანი, ან იმით, რომ არ შეუძლიათ კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, რომლებისაც აღარ ესმით. ემიგრაცია შეიძლება იყოს კავშირების გაწყვეტის მიზეზი და ასევე, ათავისუფლებდეს ადამიანს  არასასიამოვნო, არასაჭირო ურთიერთობისგან

„შევწყვიტე იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც არ იზიარებენ ჩემს მოსაზრებებს,  როგორც ჩანს, ჩემთვის ეს რუსეთშიც იძულებითი ურთიერთობა იყო, ოჯახის მეგობრები ან მამა, რომელთანაც დიდი ხანია, აღარ ვცხოვრობ, ბებია, რომელთანაც ადრე არასდროს ვყოფილვარ სტუმრად (28 წლის ქალი, სერბეთი).

„[მათთან ვინც ამას დაუჭირა მხარი] გავწყვიტე ან მინიმუმამდე დავიყვანე კავშირი“ (24 წლის ქალი, საქართველო).

„უკიდურესად ვამცირებ ურთიერთობას ადამიანებთან, რომლებიც, ჩემი აზრით, რადიკალურად არ იზიარებენ ჩემს მოსაზრებებს ომისა და პოლიტიკის შესახებ. აქ, ემიგრაციაში არაფერი შეცვლილა. მანძილის გამო კი თავის არიდება გამარტივდა (37 წლის კაცი, საქართველო).

„მეგობართან ასე თუ ისე ვურთიერთობ. არ მესმის, როგორ შეიძლება ასე. მიჭირს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც ომს უწყობენ ხელს, რომლებიც ამ ყველაფერს, ამ მასობრივ მკვლელობებს და დანარჩენს... შეუძლებელია ურთიერთობა, უბრალოდ, შეუძლებელია“ (45 წლის ქალი, თურქეთი).

გარკვეულ შემთხვევებში რესპონდენტები ლაპარაკობენ იმაზე, რომ ომთან დამოკიდებულების გამო არავითარი პრობლემები და სირთულეები არ ჰქონიათ. თუმცა, ეს მაინც არ არის ნორმა, არამედ, განსაკუთრებული ვითარებაა, რომელსაც ახსნა სჭირდება.

„მე თავიდანვე არ განვსჯიდი ამ ადამიანებს“. ის ფაქტი, რომ მათი მოსაზრებები განსხვავდება, ადამიანობას არ ართმევს მათ, არ აქცევს ბოროტმოქმედებად და დამნაშავეებად. ამიტომაც მათაც ისევე უნდა ეურთიერთო, როგორც დანარჩენ ადამიანებს“ (31 წლის მამაკაცი, სომხეთი).

„მე მართმადიდებელი ქრისტიანი ვარ და რწმენა მეხმარება, პატივისცემით მოვექცე არა მხოლოდ ჩემს თანამებრძოლებს, არამედ იმათაც, ვინც არ იზიარებს ჩემს მოსაზრებებს“ (31 წლის მამაკაცი, სომხეთი). 

ამრიგად, ურთიერთობის შენარჩუნება მათ შორის, ვინც „წავიდა“ და „დარჩა“ დამოკიდებულია ამ ურთიერთობების სიახლოვეზე და არა  შეხედულებებზე ომის შესახებ. თუ რესპონდენტები თვლიან, რომ ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ისინი ცდილობენ მის შენარჩუნებასრთული თემების თავიდან აცილებით და იმაზე ფოკუსირებით, რაც საერთოა, ან მცდელობით, დაარწმუნონ საყვარელი ადამიანები საპირისპიროში. ურთიერთობმაშინ წყდება, როდესაც ირკვევა, რომ ურთიერთობა  არადრე ყოფილა ძალიან მნიშვნელოვანი ან ახლა აღარ აღიქმება ასეთად.

  1. ემიგრანტები და ომის მოწინააღმდეგეები

ემიგრანტებს არ უჭირთ ომის მოწინააღმდეგეებთან კონტაქტების შენარჩუნება. მაგრამ ზოგიერთი „დარჩენილისა“ და „წასულისთვის“, გადაწყვეტილება ემიგრაციის შესახებ  პრობლემურ საკითხად იქცევა ხოლმე. დარჩენშეიძლება აღიქმებოდეს სურვილად, არ დაკარგო შეჩვეული ცხოვრება და კომფორტი, არ გარისკო, მაგრამ ამავე დროს, ნებაყოფლობით შეეგუო ყველა იმ შეზღუდვას, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება უწესებს ქვეყნის მოქალაქეებს. ემიგრანტები, თავის მხრივ, ასევე შეიძლება აღქმულნი იყვნენ უფრო პრივილეგირებულ ადამიანებად, რომლებიც საკუთარ პრივილეგიებს მსხვერპლად ან უფრო სწორ „მორალურ“ არჩევანად ასაღებენ. „მორალური უპირატესობის“ ასეთმა პოზიციამ შეიძლება გააღიზიანოს არა მხოლოდ „დარჩენილები“, არამედ სხვა ემიგრანტებიც.

„ისინი, [დარჩენილი მეგობრები] თითქოს იზიარებენ ომის საწინააღმდეგო და ა. შ. შეხედულებებს, მაგრამ ემოციურად მაინც აცალკევებენ თავს ადამიანების იმ ჯგუფისგან, რომელიც წავიდა, ანუ, საუბრისას ინტუიციურად ცდილობენ ან ჩვენ, ან საკუთარ თავს დაუმტკიცონ, რომ დარჩენა სწორია. [...]  მათი ბიზნესი იზრდება, და შეიძლება ცდილობენ, დაფარონ, მაგრამ გარკვეული აგრესია აქვთ. [...] თითქოს, აი, ჩვენ აქ ცუდად არ ვართ. თითქოს აქ ყველაფერი ნორმალურად და კარგადაა, ბევრი მაგარი ადამიანია, და ცდილობენ აგვიხსნან, რატომაა იქ ყოფნა კარგი, როცა ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ცუდია. ცხადია, რომ იქაცაა რაღაც კარგი“  (28 წლის ქალი, სერბეთი).

„თავიდან წასვლის ფაქტორი უსიტყვო ინდულგენციას იძლეოდა. მაგრამ წასულებიც ხომ ძალიან განსხვავებულები არიან. მეტ სიმპათიასა და თანაგრძნობას რელოკანტები კი არ იმსახურებენ, არამედ ისინი, ვინც ნაჩქარევად წავიდა, სირთულეები გადალახა, ცდილობდა ადაპტირებას. ბევრისთვის ეს იყო მცდელობა, ეცხოვრა საზღვარგარეთ, ადამიანები ამისთვის მზად იყვნენ, ამან გააუმჯობესა მათი ცხოვრების პირობები. მაგრამ დავუბრუნდები თავდაპირველ მოსაზრებას: ყველამ, ვინც წავიდა, ამ „საქციელის“ გამო საკუთარი თავის პატივისცემა დაიწყო, თუმცა, ეს მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში იყო გაბედული საქციელი, უფრო ხშირად კი უკეთესი ცხოვრების არჩევა“ (33 წლის მამაკაცი, არაბთა გაერთიანებული საემიროები - მოსკოვი).

ემიგრანტები, თავისი რადიკალური პოზიციის გამო, შეიძლება, მიუღებელნი იყვნენ არა მხოლოდ პირდაპირ ურთიერთობისას, არამედ, სოციალურ ქსელებშიც.

„ნაცნობების ნაწილმა გაწყვიტა ჩემთან ურთიერთობა, ჩემთვის ეს ცოტა უცნაურია, რადგან სრულიადაც არა ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც ФБК-ს[24] (ფონდი კორუფციის წინააღმდეგ) ბმულებს აზიარებს ან რაიმეს დამტკიცებას ცდილობს.  ვხვდებოდი, რომ მეგობრული ურთიერთობები პოლიტინფორმაცია არ არის, არასდროს ვჩრიდი პოლიტიკურ დისკუსიებს ჩვენს ურთიერთობაში, მაგრამ ისინი კითხულობდნენ ჩემს სოციალურ ქსელებს და ალბათ, რაღაც დასკვნები გააკეთეს და გადაწყვიტეს, რომ უკეთესი იყო, თუკი ურთიერთობას შეწყვეტდნენ“ (46 წლის ქალი, იტალია).

„დარჩენილებმა უფრო მეტი პატივისცემა და თანაგრძნობა დაიმსახურეს. არა აქვს მნიშვნელობა, შეეძლოთ წასვლა თუ არ შეეძლოთ. აირჩიეს, არ წასულიყვნენ (33 წლის მამაკაცი, არაბთა გაერთიანებული საემიროები - მოსკოვი).

„ზოგიერთი [ემიგრანტების] ამ ჯგუფიდან ყველაფრის მშობლიურის მხურვალე მოძულედ იქცა“ (31 წლის მამაკაცი, სომხეთი).

თუმცა, ზოგადად, რესპონდენტები ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ ცდილობენ შეინარჩუნონ ურთიერთობა თანამოაზრეებთან რუსეთში − სიტუაციები, როცა ადამიანებმა ურთიერთობა გაწყვიტეს წასვლის გამო ან ცდილობდნენ ერთმანეთის არჩევანზე ემოქმედათ, ინტერვიუებში არ უხსენებიათ. 

„[ურთიერთობები, ადამიანებთან, რომლებიც ჩემს მოსაზრებებს იზიარებენ] არ შეცვლილა, თანაც, ასეთები არიან (და ასევე იყვნენ) ჩემთვის ახლობელი ადამიანები. უბრალოდ, ძალიან მენატრებიან“ (32 წლის მამაკაცი, არაბთა გაერთიანებული საემიროები). 

„თუკი ძალისხმევას არ გაიღებ ურთიერთობების გასამყარებლად, ისინი, შეიძლება გაცივდეს. ემიგრაციაში განსაკუთრებით იგრძნობა, როგორი რთულია ღრმა ურთიერთობების დამყარება“ (28 წლის ქალი, დიდი ბრიტანეთი).

„ხშირად გამოვხატავ მათ მიმართ თანაგრძნობას და იმას, რომ მესმის მათი. მაგალითად, თუკი ქვეყნიდან წასვლა არ შეუძლიათ, სტუმრად ვპატიჟებ, ვუხსნი, რომ თავად არ შემიძლია ჩასვლა, სტუმრადაც კი, ვერ ჩავაყენებთ საკუთარ თავს ასეთ საფრთხეში. « (28 წლის ქალი, სერბეთი).

ამას გარდა, „ომის მოწინააღმდეგეებთან“ ურთიერთობას ხელს უშლის გადასვლასთან დაკავშირებული ბუნებრივი მიზეზებიც − უფრო და უფრო მცირდება საერთო ინტერესები და პრობლემები.

„შემცირდა იმის გამო, რომ აღარ გვაღელვებს ერთნაირი საკითხები. გაჩნდა ახალი სანაცნობო წრე“ (37 წლის მამაკაცი, საქართველო).

„მაინც ისეა, რომ მათთან, ვინც წამოვიდა, უფრო მეტ საერთო გვაქვს მიგრანტების პრობლემებზე, ხოლო მათთან, ვინც დარჩა, ურთიერთობის შენარჩუნება ნამდვილად რთულია“ (28 წლის ქალი, სერბეთი).

ზოგიერთ შემთხვევაში იმ ემიგრანტებთან ურთიერთობის შენარჩუნება, ვინც ღიად ლაპარაკობენ საკუთარ ანტისაომარ პოზიციაზე, შეიძლება რუსეთში დარჩენილებისთვის რისკის შემცველიც იყოს.

„დარჩენილებთან, რომლებიც იზიარებენ ჩემს მოსაზრებებს, ურთიერთობა ან უფრო მჭიდრო გახდა, ან საერთოდ აღარ ვურთიერთობთ, რომ ადამიანები საფრთხეში არ ჩავაგდოთ. ეს მათ გამბედაობაზეა დამოკიდებული“ (39 წლის ქალი, საქართველო).

ირკვევა, რომ ემიგრანტებსა და რუსეთში ომის მოწინააღმდეგეებს შორის ურთიერთობაც გართულდა. უპირველეს ყოვლისა, პრობლემურ თემად იქცა „ასვლისა თუ დარჩენის“ არჩევანი − ერთსაც და მეორესაც ამ არჩევანის გამო თავის მართლება უწევთ. ამას გარდა, წასვლის არჩევანი შეიძლება გარედან პრივილეგიად გამოჩნდეს, მაგრამ მსხვერპლად იყოს წარმოჩენილი. და მესამე − დროთა განმავლობაში, ურთიერთობები შეიძლება გაცივდეს  განსხვავებული გამოცდილების გამო,  როცა იკლებს საერთო თემები და ინტერესები და ჩნდება ახალი სოციალური წრე.

გამოკითხვების შედეგების საფუძველზე, ზემოთ ვახსენე ქვეყანაში დარჩენილი რუსების კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებსაც შეიძლება  „კონფორმისტები“ ვუწოდოთ. „ქრონიკების“ კვლევის მიხედვით, რუსეთში უმრავლესობაში არიან პირობითად ნეიტრალური პოზიციის მქონენი.[25] მიუხედავად ამისა, მგონია, რომ მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ემიგრანტების ურთიერთობას ამ ჯგუფთან, მაგრამ ამ კვლევისას ჩატარებულ ინტერვიუებში ისინი თითქმის არავინ ახსენა.    

„ზოგიერთი ადამიანი აპათიაში გადავარდა − და სჯობს მათთან საერთოდ არ წამოვჭრათ ეს საკითხი (33 წლის მამაკაცი, არაბთა გაერთიანებული საემიროები-მოსკოვი).

შესაძლოა, რესპონდენტები რუსეთში დარჩენილ „კონფორმისტებზე“ იმიტომ არ ლაპარაკობენ, რომ მათი ახლობლები ან ნაცნობები არიან და თავად წყვეტენ, ბუნდოვანი პოზიციების ინტერპრეტირების მიხედვით თუ რომელ კონკრეტულ „ბანაკში“ მიუჩინონ ადგილი. შეიძლება, პირადი ურთიერთობებისას ეს პოზიცია არ ჩანს ისეთი კომპრომისული და ბუნდოვანი, როგორც ამ გამოკითხვებში, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ამ ამბის კარგად შესწავლაა საჭირო.  

რესურსები ემიგრაციაში ურთიერთობების შესანარჩუნებლად

როგორ ურთიერთობენ რუსეთში ემიგრანტები და მათი ახლობლები? ემიგრანტებსა და რუსეთში დარჩენილებს შორის კავშირდები ინტერნეტისა და სოციალური ქსელების წყალობით არ იკარგება. თუმცა, ამის გამო ურთიერთობა შეიძლება პირადულისგან უფრო დაცლილი და „კოლექტიური“ გახდეს (მაგალითად, ცხოვრებისეული ამბების განხილვის ნაცვლად ადამიანები აქვეყნებენ „სთორებს“ მეგობრებისთვის ან გზავნიან ფოტოებსა და ამბებს რაიმე ჯგუფურ ჩათში ან არხზე“.

„სოციალურ ქსელებში თუ არ ვიქნებით, სრულიად დავკარგავთ ამ სოციალურ კავშირებს“ (28 წლის ქალი, საქართველო).

ახალი ამბები, სოციალური ქსელები და დროდადრო ჩასვლა გვაძლებინებს. ასევე, საერთო კონტექსტში ყოფნაც“ (33 წლის მამაკაცი, არაბთა გაერთიანებული საემიროები-მოსკოვი).

„პირადი შეხვედრები ჩაანაცვლა ზარებმა ტელეგრამსა და ზუმში. მშობლებს წელიწადში ერთხელ ვნახულობთ − 2023 წელს ცოტა ხნით მომიწია რუსეთის ფედერაციაში ჩასვლა, 2024 წელს მესამე ქვეყანაში შევხვდით. ძალიან ძნელი და საშიშია იმის გააზრება, თუ რა ცოტა დროს ვატარებთ ერთად (28 წლის ქალი, დიდი ბრიტანეთი).

იმისთვის, რომ ყველას თავიდან არ მოვუყვე ერთი და იგივე ამბები ჩემი შვილის შესახებ, შევქმენი არხი ახლობლებისთვის და იქ ვაზიარებ ფოტოებს, ვიდეოს და ამბებს. იქ ძალიან მოკლედ ვწერ, რა მოხდა, სად ვიყავით და ა შ. და ეს ცოტათი მეხმარება, იმიტომ, რომ ყველას ვერ მოუყვები თანმიმდევრობით. ასე კი, ერთი წყაროდან ყველა ნახავს ვიდეოს, ასე თუ ისე ყველა გაიგებს, თუ როგორ ვცხოვრობთ და რას ვაკეთებ“ (28 წლის ქალი, სერბეთი)  

თუმცა, რესპონდენტები იმასაც აღნიშნავენ რომ ეს ურთიერთობები ხანდახან აღიქმება, როგორც შრომა, რომელიც ძალისხმევასა და ენერგიას მოითხოვს, რომელიც ხშირად არ ჰყოფნით. ამას გარდა, ზოგიერთი უკვე აღნიშნავს, რუსეთში დარჩენილებთან ურთიერთობა დიდხანს არ გასტანს, რადგან ონლაინ-ურთიერთობა მათთვის ვერ ცვლის პირად შეხვედრებს, რომელთა იმედიც უკვე აღარ აქვთ.

„რთულია იმათთან კავშირის შენარჩუნება, ვინც არ გეგმავს წასვლას. ალბათ იმიტომ, რომ ემოციური რესურსი ისედაც შეზღუდულია და დროთა განმავლობაში, ადამიანი, რომელთაც ალბათ აღარასდროს შევხვდები, აღარ არიან პრიორიტეტული“ (28 წლის ქალი, საქართველო).

„იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ეს ურთიერთობაა. ეს რაღაც პირობითობაა უკვე“ (28 წლის ქალი, სერბეთი).

ამ კვლევის ყველა რესპონდენტმა მოიხსენია სოციალური ქსელები,  როგორც საშუალება რუსეთში დარჩენილ ადამიანებთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად. თუმცა, ეს ალბათ  საკითხის აუცილებელი და ტექნიკური მხარეა. თუ რატომ უნდა შენარჩუნდეს ეს ურთიერთობები და რა გააერთიანებს საზღვრის სხვადასხვა მხარეს დარჩენილ რუსებსეს გაცილებით უფრო რთული საკითხია, რომელიც საჭიროებს ღრმა კვლევას და  განსჯას, და შესაძლოა ემიგრაციისა და განშორების უფრო ხანგრძლივ გამოცდილებას, რომელიც კიდევ უფრო მეტ აქტუალობას შესძენს ამ საკითხს.

დასკვნა

მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ათასობით მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ომის და რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგი იყო. ყველაზე პირველები  ოპოზიციური უმცირესობის წარმომადგენლები წავიდნენ, მიგრაცია კი მხოლოდ საზოგადოებაში უკვე არსებული პოლარიზაციის ნიშანია.

იმაზე საუბარი, უწყობს თუ არა  ხელს ემიგრაცია რუსული საზოგადოების პოლარიზაციას, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი გავცემთ პასუხის კითხვაზე, უნდა განვიხილოთ თუ არა ემიგრანტები რუსული საზოგადოების ნაწილად. ქვეყნიდან გასული რუსები, როგორც წესი, ქვეყანასთან კავშირს ჯერ ბოლომდე  არ წყვეტენ: უმეტესობას ნათესავები ჰყავს რუსეთში, ბევრი მიემგზავრება სამშობლოში ან მასზე ეკონომიკურად არის დამოკიდებული. ემიგრანტები  რუსეთის ამბებს  თვალყურს ადევნებენ და ამის შესახებ სოციალურ ქსელებშიც წერენ. გარკვეულწილად, ემიგრაციას მაინც შეუძლია თავი რუსული საზოგადოების ნაწილად მიიჩნიოს და ქვეყნის შიგნითაც ასევე აღიქმებოდეს.

თუკი „წასულთა“ და „დარჩენილთა“ ურთიერთობებს მედიასა და სოციალური  ქსელებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ჭრილში შევხედავთ, შეიძლება შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ ემიგრაცია საკმაოდ სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდა, მათ შორის, ანტისაომარი პოზიციების მქონე რუსებს შორის ქვეყნის შიგნით და უცხოეთში.

თუმცა, „დარჩენილებთან“ ყველა ემიგრანტი პირადურთიერთობისას ძლიერ გაუცხოებას ნამდვილად არ გრძნობს. ურთიერთობები შეგნებულად ირღვევა მხოლოდ მაშინ, თუკი ადამიანებერთმანეთთან ძლიერი სიახლოვე გამგზავრებამდეც არ აკავშირებდათ. სხვა შემთხვევებში ემიგრანტები და რუსეთის მაცხოვრებლები ცდილობენ შეინარჩუნონ ურთიერთობა და ან თავიდან აიცილონ „რთული“ თემები ან ერთმანეთის გადაარწმუნონ.

მაგრამ ურთიერთობების შენარჩუნება მაინც სულ უფრო და უფრო რთულდება, არა მარტო ომთან დაკავშირებული პოლარიზაციის გამო, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები საზღვრის სხვადასხვა მხარეს და სხვადასხვა კონტექსტში აღმოჩნდნენ, ეკარგებათ საერთო თემები, უჩნდებათ ახალი კავშირები და ინტერესები.  ემიგრაციაში მყოფი რუსების გამოკითხვები აჩვენებს, რომ დროთა განმავლობაში შორდებიან რუსეთს (აღარ აღიქვამენ თავს „რუსეთის ნაწილად“, იშვიათად ჩადიან, უარს ამბობენ რუსეთში მუშაობაზე და ა. შ.[26]). კვლევის ზოგიერთი მონაწილე ასევე ლაპარაკობს იმ რუსებზე, რომლებიც ქვეყანაში დარჩნენ − დროთა განმავლობაში შორდებიან და კავშირს მხოლოდ სოციალური ქსელების  საშუალებით ინარჩუნებენ. რესპონდენტები საკუთარ მდგომარეობაზე ლაპარაკობენ, როგორც „ემიგრანტობაზე“ (იმათ გარდა, ვინც ხშირად ჩადიან რუსეთში და საკუთარი ცხოვრების წესს აღწერენ სიტყვით „ნახევრადემიგრანტი“), ასე რომ, რუსეთისგან განცალკევებულად კი გრძნობენ თავს, მაგრამ საკუთარ იდენტობას მიმღებ ქვეყანას მაინც არ უკავშირებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, დროთა განმავლობაში რუსულმა ემიგრაციამ კიდევ უფრო მეტად დაკარგოს კავშირი რუსეთთან და რუსულ საზოგადოებასთან და შესაბამისად, მასზე საუბარი პოლარიზაციის კონტექსტში აღარც იყოს აქტუალური.

რთულად სავარაუდოა ის, თუ როგორ შეიცვლება ურთიერთობები სამომავლოდ. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ „უაზროდ ეჩვენება“ იმ ადამიანებთან ურთიერთობის შენარჩუნება, ვინც რუსეთში დარჩა, იმიტომ, რომ დაბრუნებას აღარ აპირებს. სხვები პირიქით, ამბობენ, რომ რაღაც დროის შემდეგ ურთიერთობები ნორმალიზდება და „უფრო მშვიდ ფაზაში გადადის“.  ემიგრანტებს შეიძლება აინტერესებდეთ ისინი, რომლებიც არ წასულან, მაგრამ ომს არ უჭერდნენ მხარს და ისინიც, ვინც უჭერდნენ. თუმცა, ემიგრანტების მონათხრობში ჯერჯერობით არ ჩანს სამომავლო გეგმები, რადგან იგულისხმება, რომ ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული ომის შედეგებსა და მისი დასრულების ვადებზე.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] პოლიტიკური პოლარიზაციისა და პოლიტიკური პარტიების ექსტრემალური პლურალიზმის შესახებ იხ.: Hahn, G. (1996). Russia’s Polarized Political Spectrum, Problems of Post-Communism, 43:3, 11-22.

[2] 2003 წლიდან რუსეთი ჩამოყალიბდა თითქმის ერთპარტიული სისტემა მმართველი პარტიით «ერთიანი რუსეთი, რომელიც დუმაში სტაბილურად იღებს უმრავლესობას..

[3] Bodrunova, S., Litvinenko, A. (2013). New media and the political protest: the formation of a public counter-sphere in Russia of 2008–12. In A. Makarychev, A. Mommen (eds), Russia’s Changing Economic and Political Regimes: The Putin Years and Afterwards. London: Routledge; Зубаревич, Н. (2012). Социальная дифференциация регионов и городов. Pro et contra, 16(4-5), 135-152.

[4] იხ.: Зубаревич, Н. (2012). Социальная дифференциация регионов и городов. Pro et contra, 16(4-5), 135-152.

[5] იხ.: Matveev, I., & Zhuravlev, O. (2022). Loft offices and factory towns: Social sources of political polarization in Russia. Socialist Register, 58, 221-240.

[6] Левада, Ю. (1999). Политическое пространство России полгода до выборов: 1995 и 1999 гг. Мониторинг общественного мнения: Экономические и социальные перемены, (4), 7-13..

[7] Валиулина, Т. А. (2015). Опыт оценки влияния медиапропаганды на содержание интернет-дискуссий (на примере анализа полемик о присоединении Крыма). Мониторинг общественного мнения: экономические и социальные перемены, (5 (129)), 158-166.

[8] ნავალნის საპრეზიდენტო კომპანიის ლოზუნგი 2018 წელს: „უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა, მხოლოდ 0,1% არ უნდა მდიდრდებოდეს!“ Matveev, I., & Zhuravlev, O. (2022). Loft offices and factory towns: Social sources of political polarization in Russia. Socialist Register, 58, 221-240.

[9]მაგალითად, სოციოლოგები  აღნიშნავენ, რომ საპროტესტო განწყობები შემცირდა „არაპოლიტიკურ“ საკითხებზეც კი „საგარეო საფრთხეების“  წინაშე „შეკავშირების“ აუცილებლობის გამო.   იხ.: Волков, Д, Колесников, А. (2023). Дом на болоте: как российское общество спряталось от украинского конфликта, Берлинский Центр Карнеги по изучению России и Евразии.

[10] ემიგრირებული რუსების შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, რადგან ФСБ-ს სასაზღვრო სამსახური მხოლოდ ზოგად მონაცემებს აქვეყნებს საზღვრის კვეთის შესახებ, სადაც იგულისხმება მოკლევადიანი გასვლებიც, ინდივიდუალური მოგზაურობებიც და ა. შ. დამოუკიდებელი გამოცემის The Bell  კვლევა ეყრდნობა  70 მიმღები ქვეყნის მონაცემებს რუსების შესახებ. პროექტის, „თუკი ვიქნებით ზუსტნი“ კვლევა, რომელიც რთული მეთოდით ჩატარდა, დაახლოებით ასეთივე შედეგები გამოაქვეყნა.  

[11] ითვლება, რომ XX და XXI  საუკუნეებში საბჭოთა კავშირიდან ემიგრაციის ოთხი ტალღა იყო. პირველი 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, მაშინ ქვეყნიდან დაახლოებით 1-1,5 მილიონი ადამიანი გავიდა. მეორე − მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით 500-700 ათასმა ადამიანმა დატოვა საბჭოთა კავშირი ოკუპაციის და სამხედრო მოქმედებების დროს და არ დაბრუნებულა ომის დასრულების შემდგომ. მესამე − 1950–1990 წლების „ცივი ომისდროინდელი“ ემიგრაციაა, მაშინ დაახლოებით 500 ათასი ადამიანი გავიდა, ძირითადად რეპატრირებული საბჭოთა ებრაელები, მაგრამ ეს ტალღა ცნობილი მაინც უფრო ქვეყნიდან გაყრილი დისიდენტების წყალობით გახდა. მეოთხე − 1990 -2000-იანი წლების ემიგრაცია, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნიდან წასვლა ლეგალური გახდა და ამ უფლებით დაახლოებით 1,5 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.

[12] საზღვარგარეთის პასპორტის გარეშე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოთხ ქვეყანაშია შესვლა შესაძლებელი: სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ბელარუსში..

[13] შედარებისთვის: კავკასიის ბარომეტრის კვლევაში  გამოკითხული ქართველების 26% ამბობს, რომ ინგლისური იცის მაღალ ან საშუალო დონეზე,  ხოლო 56%-მა − საშუალო ან მაღალ დონეზე იცის რუსული.  

[14] კითხვაზე პასუხისას შესაძლებელია რამდენიმე ვარიანტის მონიშვნა..

[15] რუსეთში უკრაინასთან ომს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ჰქვია, აქ და შემდგომში ეს ფორმულირებაა მოცემულია მაშინ, თუკი ასევე იყო გადმოცემული კითხვარში..

[16] Outrush − European University Institute-ის კვლევითი პროექტი, რომელიც სწავლობს 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ რუსულ ემიგრაციას.

[17] Exodus22 − სოციოლოგების დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც ქვეყნიდან რუსების მასობრივ გადინებას იკვლევს.

[18] კითხვის ფორმა მოგვყავს ისევე, როგორც იყო მოცემული ВЦИОМ-ის კითხვარში.

[19] ომის დაწყებიდან თითქმის 3 წლის განმავლობაში, უფლებადაცვითი პროექტის, „ოვდ-ინფოს“ (ОВД-Инфо) მონაცემებით, აქციებზე დააკავეს 20 ათას ადამიანზე მეტი.  .

[20] ომისშემდგომი რუსული ემიგრაცია, კვლევითი პროექტის OutRush-ის შეფასებით, არ ყოფილა ეკონომიკური მიგრაცია, პირიქით, შემთხვევების უმეტესობას თან ახლდა ეკონომიკური ვარდნა.

[21] Камалов Э., Сергеева И., Завадская М., Нугуманова К., Костенко В. (Январь 2024). Полтора года спустя: прогресс и барьеры в интеграции российских эмигрантов. Аналитический отчет по третьей волне опроса проекта OutRush. URL: outrush.io/report_january_2024.

[22] არ შემხვედრია ისეთი პუბლიკაციები, სადაც დამოუკიდებელი მედია აღწერს ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობას ემიგრანტებსა და რუსებს შორის რომლებიც მხარს უჭერდნენ ომს.

[23] ტექსტში გამოყენებულია მაგალითები 14 ინტერვიუდან..

[24] ФБК - ნავალნის მიერ 2011 წელს შექმნილი საგამოძიებო-ჟურნალისტური ფონდი კორუფციის წინააღმდეგ  (მთარგმნელის შენიშვნა).

[25] კვლევითი პროექტი „ქრონიკები“ „ომის თანმიმდევრულ მხარდამჭერებს“ უწოდებს ადამიანებს, რომლებიც ერთდროულად გამოხატავენ მხარდაჭერას სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმართ,  არ არიან უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრეები  ამ ოპერაციის მიზნების მიღწევის გარეშე და მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტის დეფიციტის პირობებში მთავრობის პრიორიტეტი არმია უნდა იყოს და არა სოციალური სფერო. რუსების უმრავლესობა, დაახლოებით 60%, არ აკმაყოფილებს ამ სამ კრიტერიუმს.

[26] მაგალითად, ასეთივე შედეგებამდე მიდიან ზემოხსენებული პროექტის, OutRush-ის ავტორებიც.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“