საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
28 ნოემბრის შემდეგ თბილისში რუსთაველის გამზირი ყოველდღიურად იკეტება. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის და ხანგრძლივობის პროტესტები, რომელსაც სათავეში პოლიტიკური ძალები არ ჰყავს, არავის ახსოვს. პროტესტის ლიდერობა საკუთარ ხელში უბრალო მოქალაქეებს აქვთ აღებული. გაერთიანება თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში პროფესიული ჯგუფების და ადგილობრივი საზოგადოებების ირგვლივ მოხდა, რაც საქართველოს უახლეს ისტორიაში ასევე უნიკალური მოვლენაა.
ადამიანები ქუჩაში „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ გამოიყვანა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩერა, რაც ქართველების 81% გეოპოლიტიკურ მისწრაფებებთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდა. თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება კრიტიკულ წერტილად იქცა. უკმაყოფილება არსებული ხელისუფლებით საზოგადოებაში არსებობდა და გამოხატვის გზას ეძებდა.
მთავარი პრობლემა არის ლეგიტიმურობის ღრმა კრიზისი, რომელიც მმართველი პარტიის ქმედებებმა გამოიწვია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა კურსი და ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას შეუდგა, რომელიც მემარჯვენე ნაციონალიზმსა და კონსერვატიზმს ეყრდნობა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელისუფლება აქტიურად ავითარებს კონსპირაციულ თეორიას გლობალური ომის პარტიის, მის მიერ საქართველოში დაგეგმილ რევოლუციასა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. დემოკრატიის გავრცელების დასავლური პოლიტიკა ისეთი რეჟიმის ინტერესებს, როგორიც ქართული ოცნების ხელისუფლებაა, საფუძველშივე ეწინააღმდეგება. ამიტომაც ასეთი რეჟიმები ხშირად ავრცელებენ საგარეო შეთქმულების თეორიებს და ქვეყნის შიგნით კრიტიკოსებს უცხოეთის აგენტებად მოიხსენიებენ.
ევროპისკენ სწრაფვა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დემოკრატიის და სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის ერთადერთ ხელმისაწვდომ საშუალებად რჩება. შესაბამისად აქციები ევროპული კურსის შენარჩუნებისა და კონსტიტუციის დაცვის მოთხოვნიდან ქვეყანაში მზარდი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ პროტესტში სწრაფად გადაიზარდა. მოხდა ორი საკვანძო მოთხოვნის ფორმულირებაც: ახალი არჩევნების დანიშვნა და დაკავებული აქტივისტების და დემონსტრანტების დაუყოვნებლივი გათავისუფლება.
პროტესტმა მობილური და მოქნილი სახე მიიღო. ადრე ქართული საპროტესტო აქციებისთვის დამახასიათებელი „ერთი გადამწყვეტი დღის“ ფენომენი პროტესტის სამოქალაქო რუტინად გადაქცევამ ჩაანაცვლა. ეს პროტესტი თავისი ფორმით სერბეთსა და სლოვაკეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ჰგავს, რომელსაც ასევე ქსელური და დაქსაქსული ორგანიზება ახასიათებს და სადაც დღის წესრიგს თავად საზოგადოება განსაზღვრავს.
ხელისუფლების რეაქცია პროტესტზე იყო რეპრესიული და ძალადობრივი. აქციების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ადგილი ჰქონდა დაკავებულთა სისტემურ ცემასა და შეურაცხყოფას. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციის ძალადობა დაკავების დროს შესაძლებელია წამებად შეფასდეს. პარალელურად კი „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კანონმდებლობის გამკაცრება - სწრაფად მიიღეს, ან შეიტანეს შესწორებები მთელ რიგ კანონებში, რომლებიც პროტესტის უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავენ. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება კი პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე თანამშრომელთა გათავისუფლებას ამარტივებს. ჯერ კიდევ კანონის ამოქმედებამდე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები უკვე პრაქტიკად იქცა. აიკრძალა პროტესტების დროს ფეიერვერკების და ლაზერების გამოყენება, ნიღბების ტარება, დახურულ სივრცეში საპროტესტო აქციების გამართვა. ყოველდღიურად რეჟიმი სულ უფრო ავტორიტარული ხდება.
პოსტსაბჭოთა სივრცეში ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლას დიდი ისტორია აქვს. მათი ნაწილი გამარჯვებით და რეჟიმის შეცვლით, ხოლო ნაწილი დამარცხებით და რეჟიმის ავტორიტარული კონსოლიდაციით დასრულდა. სტატიაში ბელორუსში 2020 წელს და რუსეთში 2012 წელს გამართული საპროტესტო აქციების გამოცდილებას გავაანალიზებ, რომელთა გაკვეთილებსაც შესაძლოა ქართული საპროტესტო მოძრაობისთვის კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდეს.
შიში vs სოლიდარობა
ძალაუფლება ბელორუსში პროტესტებისთვის ნიადაგს წლის დასაწყისიდან ანაყოფიერებდა. წარმოაჩინა რა პასიურობა და გულგრილობა პანდემიის დროს, მან ადრე აპათიური ადამიანების უზარმაზარი მასის პოლიტიზაციის პროცესი აამოქმედა. ლუკაშენკოს დაბალი რეიტინგის გავრცელებულმა განცდამ ახალი ალტერნატიული კანდიდატების გამოჩენასთან ერთად, ძალაუფლების მშვიდობიანად ცვლილების შესახებ ადამიანთა იმედები გააღვივა. „წარმოუდგენელია გამარჯვება მოჰპარო უმრავლესობას“, ამბობდა ყველაზე პოპულარული ოპოზიციური კანდიდატი, ვიქტორ ბაბარიკო დაკავების წინ.
ბელორუსის პოლიტიკური კულტურისთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო არაძალადობის და კანონმორჩილების კულტი. არასანქცირებულ მსვლელობებზეც კი ოპოზიცია ტრადიციულად შუქნიშნის მწვანე ფერს ელოდებოდა. თუმცა პოლიტიკური ფიზიკის კანონების მოტყუება შეუძლებელია. თუ თანდათან საპროტესტო ენერგიის გამოსვლის ყველა სარქველს დახურავ, გარკვეულ მომენტში იგი გარეთ აფეთქების ძალით გამოიჭრება. სწორედ ამით იყო დაკავებული ძალაუფლება ბელორუსში მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში.
1990-2010-იან წლებში ბელორუსი ოპოზიციონერები ციხიდან ემიგრაციამდე სპექტრში არსებობდნენ და საპროტესტო განწყობების ლიდერებად ქცევას ვერ ახერხებდნენ. ამ არჩევნებზე კი ახალი ხალხი გამოჩნდა: ბანკირი ვიქტორ ბაბარიკო, მეწარმე სერგეი ტიხანოვსკი და მისი მეუღლე სვეტლანა. მხოლოდ ვალერი ცეპკალოს ჰქონდა სახელმწიფო მმართველობასთან წარსულში შეხება.
2020 წლის 21 მაისს ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ არჩევნები ლუკაშენკოსთვის მარტივად არ ჩაივლიდა. ადამიანები მსხვილ ქალაქებში ოპოზიციონერი კანდიდატისთვის ხელმოწერის დასაფიქსირებლად გრძელ რიგებში იდგნენ. ბელორუსებმა დაიჯერეს, რომ მათ არჩევანი ჰქონდათ.
ლუკაშენკომ ტრადიციული მეთოდებით უპასუხა. ჯერ კიდევ არჩევნებამდე, ათასზე მეტი ადამიანი სხვადასხვა საპროტესტო აქციებზე დააკავეს. სამ პოპულარულ კანდიდატს: სერგეი ტიხანოვსკის, ვიქტორ ბაბარიკოს და ვალერი ცეპკალოს არჩევნებზე დარეგისტრირების და ბიულეტენში მოხვედრის საშუალებაც კი არ მისცეს. ორი მათგანი ახლა ციხეში იმყოფება, ხოლო მესამემ ქვეყნის დატოვება მოასწრო. ციხეში აღმოჩნდა ბევრი პოპულარული ბლოგერი და პოლიტიკოსიც.
ადამიანები მასობრივად ეწერებოდნენ საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში, თუმცა მათ იქ არ უშვებდნენ და კომისიების ფორმირება მთლიანად საჯარო მოხელეების და ბიუჯეტზე დამოკიდებული ადამიანების მხრიდან მოხდა. დამოუკიდებელი დამკვირვებლები უბნებზე პანდემიის გამო არ დაუშვეს.
მაღალი პოლიტიზაციის გამო რეპრესიების ტალღამ ბელორუსთა უმრავლესობა გააბრაზა. პირველად შეეხნენ რა პოლიტიკას ან დაიწყეს მის შესახებ კითხვა, ადამიანთა მასებმა ხელისუფლებისგან უფრო ძლიერი სილა მიიღეს, ვიდრე ბოლო წლებში ოფიციალური ოპოზიცია იღებდა.
ოპოზიციას კი საერთო კანდიდატი გაუჩნდა - სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც არჩევნებზე დაუშვეს. ლუკაშენკო არ თვლიდა, რომ მის ქვეყანაში ქალს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება შეეძლო. ტიხანოვსკაია საპროტესტო განწყობების სიმბოლოდ იქცა. დაბლოკილი კანდიდატების მეუღლეებთან - მარია კოლესნიკოვასა და ვერონიკა ცეპკალოსთან ერთად შემდგარი ტრიო ბელორუსში ცვლილებების შესაძლებლობას განასახიერებდა.
მსგავსი კამპანიის პირობებში პროტესტი გარდაუვალი იყო მაშინაც კი, თუ ხელისუფლება გამოაცხადებდა, რომ ლუკაშენკომ ტრადიციული 80% ნაცვლად მოკრძალებული 60% აიღო. თუმცა თავად საარჩევნო ვერტიკალის მუშაობაშიც კი იყო ჩავარდნები, რომელიც თავისთავად ბელორუსულ საზოგადოებაში ატმოსფეროს სერიოზული ცვლილების სიმპტომს წარმოადგენდა.
შემოწმებული ლოიალისტებისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კომისიები, გასაგები დირექტივებით ზემოდან და დამოუკიდებელი დამკვირვებლების გარეშე, მაინც აქვეყნებდნენ ცნობებს სვეტლანა ტიხანოვსკაიას გამარჯვების შესახებ. ინტერნეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით ასამდე ასეთი პროტოკოლის ფოტოსურათი გამოქვეყნდა. სავარაუდოდ არცერთს ამ ადამიანთაგან არ სჯეროდა, რომ მათი ეს ქცევა პრეზიდენტის ცვლილებას გამოიწვევდა. მათ უბრალოდ ჩათვალეს, რომ აქ და ახლა ისტორიის ამ და არა სხვა მხარეს უნდა დამდგარიყვნენ.
2020 წლის 9 აგვისტოს არჩევნების რეალურ შედეგებს ალბათ ვერასდროს გავიგებთ. მასშტაბური ფალსიფიკაციები რაიონული კომისიების დონეზე დაიწყო და მის სიმბოლოდ ვიტებსკის № 25-ე საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის აღიარება იქცა, რომ იგი ტიხანოვსკაიას ხმებს პირდაპირ ლუკაშენკოს უწერდა.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებისთანავე ქვეყანაში მასობრივი პროტესტები დაიწყო. საპროტესტო აქციები მხოლოდ ქალაქის საშუალო კლასის, ღარიბი მაცხოვრებლების, მუშების, ნაციონალისტების ან ფეხბურთის ფანების ბუნტი კი არ იყო - იქ იყო ყველა. აქციები 30-ზე მეტ ქალაქში გაიმართა და თითქმის ყველგან სამართალდამცავებთან შეტაკებით დასრულდა. ძალოვნებმა გაზარდეს ძალადობის გრადუსი იქ, სადაც წინააღმდეგობას, აზარტს ან მათთვის სახიფათო უკმაყოფილო ადამიანთა მასობრიობას წააწყდნენ. ამიტომაც ქვეყნის ისტორიაში პირველად საქმეში ჩაერთო რეზინის ტყვიები და გაზის ყუმბარები. დარბევაში მონაწილეობდნენ სამხედრო სპეცრაზმი და მესაზღვრეები.
10 აგვისტოს დილას კი მთელმა მსოფლიომ ახალი სიტყვა ისწავლა: ოკრესტინა.
ოკრესტინა მინსკში წინასწარი დაკავების იზოლატორის სახელია. 2020 წლის 10 აგვისტოს ღამეს ძალოვნებმა იქ ასობით ადამიანი მიიყვანეს. იზოლატორიდან გამოსულმა პირველმა დაკავებულებმა საშინელი წამების შესახებ ისაუბრეს. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ოკრესტინას ჯოჯოხეთის გავლა დაახლოებით სამი ათას ადამიანს მოუწია. იზოლატორის მთელი ხელმძღვანელობა ევროპული და ამერიკული სანქციების ქვეშ მოხვდა „მოქალაქეებისადმი არაადამიანური მოპყრობის და მათი ღირსების დამცირების გამო“.
მაგრამ ხალხს არ შეეშინდა. იმ მოვლენების ასობით მონაწილის მოგონებებიდან ჩანს, რომ ისინი აღფრთოვანებული, ეიფორიის ზღვარზე იყვნენ. მათ დაინახეს, რომ ბევრნი არიან და მარტივი მოთხოვნა აქვთ: იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში.
თანდათან აქციებმა ორგანიზებული სახე მიიღო: გაიმართა ქალთა და პენსიონერთა მარშები. ადამიანები საკუთარ ეზოებში იკრიბებოდნენ, ხოლო მსხვილ ბელორუსულ საწარმოებში, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაში არის, მუშათა გაფიცვები დაიწყო. დღისით და ღამით მანქანები ასიგნალებდნენ, ადამიანები ყვავილებით იდგნენ ქუჩების გასწვრივ, ხოლო სავაჭრო ცენტრებში გამუდმებით ისმოდა სახალხო სიმღერები.
23 აგვისტოს, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეზიდენციასთან, დამოუკიდებლობის სასახლესთან უზარმაზარი აქცია გაიმართა. დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ სწორედ მაშინ იყვნენ დემონსტრანტები წარმატებასთან ყველაზე ახლოს.
პერიოდულად პროტესტანტები ძალოვნებს წინააღმდეგობას უწევდნენ. რამდენჯერმე მათ ბარიკადების აგება სცადეს, პოლიციელების მისამართით კი ბოთლებს ცეცხლგამჩენი სითხით ისროდნენ. თუმცა გამორთული ინტერნეტი, მინსკის დაბლოკილი ცენტრი, ლიდერების ნაკლებობა და ძალოვნებსა და მოქალაქეებს შორის დიდი განსხვავება ძალაში მაიდანის განმეორებას თავიდანვე შეუძლებელს ხდიდა.
ნოემბრისთვის მასობრივმა ქუჩის აქციებმა ბელორუსში მუხტი დაკარგა. ზეწოლა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან იზრდებოდა, აქტიურად მიმდინარეობდა პროტესტში მონაწილეთა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი დევნა. 11 ნოემბერს კი საკუთარ ეზოში 31 წლის აქტივისტი რომან ბონდარენკო მოკლეს, რომლის სოლიდარობის აქციებიც ბელორუსში საპროტესტო აქტივობის ბოლო აფეთქება იყო. ეს აქციები ძალოვანთა დიდმა რაოდენობამ დაარბია. დაარბიეს „ცვლილებების მოედანიც“ და ბონდარენკოს ხსოვნისადმი მიძღვნილი სტიქიური მემორიალი.
როგორ გადარჩა ლუკაშენკოს რეჟიმი?
რევოლუციის ჩავარდნის მთავარი მიზეზები კლასიკურია - მმართველი ელიტის მთლიანობა და საგარეო პოლიტიკური, საერთაშორისო ვითარება ბელორუსის ირგვლივ, როდესაც რუსეთმა ლუკაშენკოს რეჟიმს მხარი აქტიურად დაუჭირა, ხოლო დასავლეთი მზად არ აღმოჩნდა ბელორუსში მიმდინარე კრიზისში ღრმად ჩართულიყო და ოპოზიციისთვის რეალური მხარდაჭერა აღმოეჩინა.
2010-იან წლებში ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბალანსის დაჭერას ცდილობდა, მაგრამ 2020 წლის არჩევნებმა ყველაფერი შეცვალა: მისი შედეგები ევროპამ და აშშ-მ არ აღიარეს, ხოლო საპროტესტო აქციების სისხლიანმა დარბევებმა ლუკაშენკოს მანევრირების სივრცე მოუსპო. ევროპისთვის ის კეთროვანად იქცა.
უკვე 15 აგვისტოს, ბელორუსის სამხედრო ხელძღვანელობასთან შეხვედრის დროს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთი „პირველივე მოთხოვნის შემდეგ რეჟიმს საგარეო საფრთხის მოგერიებაში დაეხმარება“. მოგვიანებით კი პუტინმა განაცხადა სამხედრო რეზერვის შექმნის შესახებ, რომელიც ბელორუსის დასახმარებლად მზად იყო. რუსეთისგან მხარდაჭერის მიღებამ რეჟიმს უფრო აგრესიულად მოქმედების საშუალება მისცა.
რეჟიმმა ტერორი ეფექტურ ტაქტიკად ჩათვალა, ანუ მისი აზრით შიშს და თანმდევ უძლურების განცდას სოლიდარობა უნდა დაეძლია. ეს ფუნდამენტური „ვაჭრობაა“ ძალადობის ირგვლივ: თუ იგი მეტ სოლიდარობას იწვევს, ვიდრე შიშს, მაშინ ძალადობა დამარცხდება და რეჟიმი უკან დაიხევს. თუ ძალადობის შიში უფრო ძლიერ გავლენას მოახდენს, მაშინ რეჟიმი მის გამოყენებას გააძლიერებს. ლუკაშენკო რენესანსის პერიოდის დესპოტად გადაიქცა და მზად აღმოჩნდა „რაინეარის“ თვითმფრინავი, რომლითაც ოპოზიციონერი აქტივისტი პროტასევიჩი მგზავრობდა, ქვეყანაში იძულებით დაესვა. რეპრესიების დონე და ძალაუფლების შესანარჩუნებლად დაშვებული მეთოდების ზღვარი ბელორუსის შემთხვევაში უპრეცედენტო აღმოჩნდა და ამ ტერორში მთელი ძალოვანი სისტემა და მმართველი ელიტა იყო ჩართული.
ბელორუსში არსებულ ლუკაშენკოს რეჟიმს მმართველ ელიტაზე სტალინისეული კონტროლი გამოარჩევს. ძალაუფლებაში მოსვლისთანავე ალექსანდრ ლუკაშენკომ ძალოვანი ბლოკი დაიმორჩილა და მას აკონტროლებდა - შექმნა სპეცსამსახურები, რომლებიც ერთმანეთს ადევნებდნენ თვალს, მუდმივად უცვლიდა მაღალჩინოსნებს პოზიციებს, რომ მათ ერთ ადგილას თავი არ დაემკვიდრებინათ. მკაცრი კონტროლი, საკადრო წმენდების და როტაციების რეგულარული ხასიათი მკაცრად ავტორიტარული რეჟიმების სტილში ხორციელდებოდა.
დამატებით ფაქტორად შეგვიძლია მივიჩნიოთ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გატარებული შეზღუდული პრივატიზაცია, რის გამოც ბელორუსში არ გაჩნდა ოლიგარქების კლასი - მდიდარი ადამიანების, რომლებიც მზად იყვნენ რეჟიმის შეცვლაში ფინანსური რესურსები ჩაედოთ. ოპოზიციისთვის უკიდურესად რთული იყო ეფექტური ოპოზიციური მოძრაობის შესაქმნელად ფინანსური რესურსების მოძიება, რადგან მთელ კაპიტალს ქვეყანაში მმართველი რეჟიმი აკონტროლებდა. ფინანსებისა და ორგანიზაციული რესურსის გარეშე კი რეჟიმის შეცვლა უკიდურესად რთულია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში არსებული წყობის მიმართ უკმაყოფილება არსებობს.
2020 წელმა გვაჩვენა, თუ როგორ შეუძლიათ ბელორუსებს უმკაცრესი რეპრესიების ქვეშ გაერთიანება და ძალოვნების მხრიდან ძალადობის საპასუხოდ ერთმანეთის მხარდაჭერა. სოლიდარობა - ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იარაღი იყო და არის. სწორედ ამიტომაც დღემდე პროპაგანდისტები თავიანთ ეთერებში ცდილობენ ხალხს პოლიტიკური პატიმრების მხარდაჭერა გადააფიქრებინონ, ხოლო ძალოვნები ადამიანებს სოლიდარობის ნებისმიერი ფორმის გამოვლენის შემთხვევაში აკავებენ. თუმცა მათი მხარდაჭერა, ვისაც პოლიტიკური ნიშნით დევნიან, ოთხი წლის შემდეგაც არ წყდება.
საქართველოში მიმდინარე პროტესტზე საუბრის დროს ხშირად ხდება ბელორუსის მოვლენებთან პარალელების გავლება: ორივე შემთხვევაში მოქალაქეები დემოკრატიული მომავლისთვის იბრძოდნენ და მათ წინააღმდეგ ხელისუფლებამ ძალადობა და რეპრესიები გამოიყენა. თუმცა განსხვავებებიც ცხადია არსებობს: ბელორუსში ძალადობა და მასობრივი დაკავებები სწრაფად დაიწყო და მას მკაცრი სანქციებიც მაშინვე მოჰყვა. საქართველოში კი შეზღუდვების ხარისხი შედარებით ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად იზრდება.
დღეს შიშის და სოლიდარობის დილემა, რომელსაც ბელორუსული საზოგადოება 2020 წელს წააწყდა, ჩვენი საზოგადოების წინაშეც დგას. ჰანა არენდტი ამბობდა, რომ დგება დრო, როდესაც ადამიანმა უნდა გაიაზროს, თუ რაში მდგომარეობს მისი პირადი პასუხისმგებლობა - რომ შემდეგ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და სარკეში საკუთარი ანარეკლისთვის შეხედვა არ გაუჭირდეს.
ასეთ მომენტებში არსებობს ცნობილი მეთოდები, რომლებიც ყოველთვის მუშაობს: მცირე საქმეები, რომელიც ამავდროულად ხელშესახებ ეფექტს იძლევა. შიშის დაძლევა სწორედ მათი საშუალებით ხდება. თუ შენ იკავებ პრინციპულ პოზიციას და უარს არ ამბობ მორალურ გამოწვევაზე,. თუ თავი ისე არ გიჭირავს, თითქოს არაფერი ხდება და შენზეც არაფერია დამოკიდებული. პირიქით ხვდები, რომ გიგანტური მორალური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდი, რომელზეც ყველას უწევს პასუხის გაცემა. ამ შემთხვევაში თითოეული უნდა დაფიქრდეს, თუ როგორი, თუნდაც მცირე მასშტაბის ქმედების ჩადენა შეუძლია, რომელსაც საზოგადოებაზე დადებითი ეფექტი ექნება.
„ორი რუსეთი“
2011 წლის 24 დეკემბერს, მოსკოვში „სამართლიანი არჩევნების“ პროტესტის სერიიდან ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. ეს საპროტესტო აქციები პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ ბოლო დიდ აფეთქებად რჩება. თავისი მასშტაბურობით და ხანგრძლივობით იგი რუსეთის უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო იყო და ხანმოკლე ვადით ოპოზიციის რადიკალურად განსხვავებული ფლანგების გაერთიანებაც კი მოახერხა. დუმის არჩევნების შემდეგ დაწყებული დემონსტრაციები საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის და მისი დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.
პროტესტის კულმინაციად 2012 წლის 6 მაისი იქცა - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე თანამედროვე რუსეთის ისტორიაში. მოსკოვის ცენტრში „მილიონთა მარში“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. იგი ბალოტნაიას მოედანზე დემონსტრანტების ომონთან შეტაკებით და მრავალრიცხოვანი დაკავებებით დასრულდა, რომელიც შემდგომ „ბალოტნაიას საქმეში“ გადაიზარდა. მას შემდეგ ასეთი მასშტაბური ქუჩის აქციები რუსეთში არ გამართულა. ხელისუფლების რეპრესიების და აქციის ორგანიზატორებს შორის უთანხმოების გარდა პროტესტს ერთი დიდი პრობლემა ჰქონდა, რომელმაც საბოლოო ჯამში რუსეთში დემოკრატიული პროცესის განადგურებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
წარმოდგენები „ნათელი“ და „ბნელი“ რუსეთის შესახებ
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსულ პოლიტიკაში ე.წ. „პოლიტიკური ტექნოლოგიები“ გაბატონდა: ელიტის სხვადასხვა ჯგუფები პოლიტიკურ სისტემას და მედიას საკუთარი პირადი დღის წესრიგის პოპულარიზაციისთვის იყენებდნენ, ხოლო საარჩევნო კამპანიის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები საკუთარ თავს „პოლიტტექნოლოგებს“ დაუფარავად უწოდებდნენ. ყველაფერი ეს სიტყვებსა და საქმეს შორის უზარმაზარ ნაპრალს ქმნიდა, რადგანაც ნებისმიერი გამოსვლა მედიაში ან ზოგადად საჯარო ქმედება ძვირადღირებულ პროდუქტად წარმოჩინდებოდა და მის მთავარ მიზანს საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანა წარმოადგენდა. პოლიტტექნოლოგიური მიდგომების გაბატონებამ მოსახლეობის უმრავლესობაში საჯარო ცხოვრებისადმი მყარი უნდობლობა ჩამოაყალიბა. მოხდა მოქალაქეების დეპოლიტიზაცია, რამაც პოლიტიკის ცინიკურ და წმინდად მანიპულაციურ სფეროდ ჩამოყალიბებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.
თუმცა ბალოტნაიას აქციებმა ეს წრე გაარღვიეს. 1993 წლის შემდეგ მოსკოვში ასეთი მასშტაბური აქციები არ გამართულა. უზარმაზარი მიტინგი, რომელიც არა აქტივისტებისგან, არამედ „ჩვეულებრივი ადამიანებისგან“ შედგებოდა, პოლიტტექნოლოგიური სქემის ან პირდაპირი მანიპულაციის პროდუქტი ვერ იქნებოდა - ამას თავად აქციების მასშტაბი გამორიცხავდა.
მიუხედავად ამისა, საჯარო სივრცეში პროტესტებმა ნაცნობი ინტერპრეტაცია და აღქმა სწრაფად მიიღეს. ბალოტნაიას აქციების ირგვლივ „ორი რუსეთის“ იდეოლოგიის რეანიმირება მოხდა: პრიმიტიული იდეოლოგიური სქემის, რომელიც რუსულ საზოგადოებას აქტიურ, განათლებულ, ვესტერნიზებულ პროდასავლურ უმცირესობად და პასიურ, კონფორმისტულ, ხელისუფლებისადმი ლოიალურ უმრავლესობად ყოფს. ეს დაყოფა ორი ძირითადი სტრატეგიის გზით ხდებოდა.
პირველი სტრატეგიის თანახმად კულტურული ნიშნების გამოყოფა ხდება, რომელიც ერთმანეთისგან „ხალხს“ და გარკვეულ უმცირესობას მიჯნავს. მაგალითად, ჟურნალისტი ვალერი პანიუშკინისთვის მათ შორის განსხვავება გასტრონომიულ გემოვნებაზე დადის - ისინი, ვისაც პელმენი უყვარს და ადამიანები, რომლებიც ხამანწკებს ამჯობინებენ. იგი სხვა კრიტერიუმებსაც ჩამოთვლის, რომლის დროსაც ერთ მხარეს გლენ გულდს, ხოლო მეორე მხარეს მომღერალ სტას მიხაილოვს აყენებს და ა.შ. პოლიტიკური კომენტატორები ასეთ სქემებს კულტურული გაყოფის კონსტრუირებისთვის აქტიურად იყენებდნენ. ცხადია, რომ 2011 წლის დეკემბერში აქციებზე გამოსული ადამიანები მათთვის უფრო მაღალი კულტურული კაპიტალის მქონე უმცირესობას წარმოადგენდა.
მეორე გავრცელებული სტრატეგია კი „სხვებთან“ ურთიერთობის პირად გამოცდილებას ემყარებოდა. ეს გამოცდილება, როგორც წესი ან იმ თეზისის დადასტურებით მთავრდებოდა, რომ „სხვები“ (ხალხი) უიმედო მასაა ან მოულოდნელი ურთიერთგაგების კათარსისული მომენტით სრულდებოდა. ორივე შემთხვევაში „ხალხი“ უცხო და ამოუცნობ სუბიექტად იყო წარმოდგენილი.
„ორი რუსეთის“ იდეის მომხრეები გამოსავლის ორ ვარიანტს განიხილავდნენ. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად პუბლიცისტი დმიტრი ოლშანსკი აცხადებდა, რომ საჭიროა მხოლოდ მოცდა, სანამ უმრავლესობა უფრო „კულტურული“ არ გახდება, რისი წყალობითაც მომავალში უფრო პროგრესული პოლიტიკური რეჟიმის დამყარების წინაპირობა შეიქმნება. ეს კულტურული გაყოფის პრობლემისადმი მკაცრი მიდგომაა. სხვები ამ პოზიციას არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ ამავდროულად თავდაპირველ ანტაგონიზმს „ხალხსა“ და უმცირესობას შორის ინარჩუნებდნენ. მაგალითად, ჟურნალისტი ანდრეი ლოშაკი წერდა „კულტურულ ექსპანსიაზე“ მოსკოვიდან პროვინციაში, რომლის მიზანიც „ხალხისთვის“ საქმის რეალური ვითარების ახსნა იყო. ამის შემდეგ კი ისინი მომდევნო არჩევნებზე უკვე სწორ კანდიდატს შემოხაზავდნენ. ამ ნეოკოლონიალურ დისკურსში სახეზე გვაქვს „თეთრი ადამიანის ტვირთის“ მოსკოველი ინტელიგენტის ტვირთით ჩანაცვლება. პირველი, მკაცრი მიდგომის მომხრეების აზროვნების მოდელი იზოლაციონისტურია და მიზნად ინტელიგენციის და მისი ღირებულებების „ხალხისგან“ დაცვას ისახავდა. შედარებით რბილი მიდგომის მომხრეები კი საგანმანათლებლო ფუნქციაზე საუბრობდნენ და „ხალხს“ უღონო, გაუბედურებულ მასად განიხილავდნენ, რომელიც ბარბაროსობამდეა მიყვანილი.
საბოლოო ჯამში ორივე სტრატეგია უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გადაულახავ გაყოფაზე საუბრობს, სადაც უმცირესობა ან უნდა დაელოდოს, ან ხალხის განათლებით და მისი კულტურული დონის ამაღლებით დაკავდეს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს დაშვება ვაკუუმში არ არსებობდა: მას რეჟიმის პროპაგანდის მანქანა უპირისპირდებოდა, რომელიც კულტურული ომის ნიშნების ექსპლუატაციას ეწეოდა.
კრემლი სოციალური სტიგმატიზაციის ყველა ამ მაგალითს თავად „კულტურული უმცირესობის“ წინააღმდეგ იყენებდა. იგი ოპოზიციურ მოძრაობას ელიტიზმში ადანაშაულებდა და კულტურულ ელიტას „ხალხს“ უპირისპირებდა, რომელსაც ე.წ. „სტაბილურობა“ სურდა. მეტიც, სახელისუფლებო პროპაგანდისტები საჯარო პერსონაჟებს, თითქოს მუშათა კლასის წარმომადგენლებს ქმნიდნენ. ერთ-ერთი ასეთი იყო იგორ ხოლმანსკი, საამქროს ხელმძღვანელი, რომელსაც მედია ხშირად „მუშად“ მოიხსენიებდა. ხოლმანსკიმ თავისი პოლიტიკური კარიერა პუტინთან პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ აგრესიული კრიტიკით დაიწყო.
მოგვიანებით წიგნის „პუტინი. მისი იდეოლოგია“ ავტორი ალექსეი ჩაადაევი „Известия“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ „ორი რუსეთი“ მართლაც არსებობს: ერთი ორიენტირებულია მოხმარებაზე, მეორე - შექმნაზე. საინტერესოა, რომ მეორე ჯგუფი არა მხოლოდ მუშას, არამედ მეწარმესაც მოიცავს. ორივე არის შემოქმედი, მაშინ როდესაც დემონსტრაციაზე გამოსული მოქალაქეები მხოლოდ მომხმარებლები არიან. ჩაადაევმა ტრადიციული ლიბერალური არგუმენტი „ორი რუსეთის შესახებ“ აიღო და იგი არგუმენტის ავტორების წინააღმდეგ შეაბრუნა.
აქ კი მინდა ზუსტად იმავე პერიოდში რუსეთში გამართულ სხვა საპროტესტო აქციაზე ვისაუბრო, რომელმაც 2012 წელს კალუგაში იფეთქა. “ბენტელერ აუტომოტივის“ ქარხნის (რომელიც „ფოლკსვაგენის“ ქარხნისთვის დეტალებს ამზადებდა) მშრომელები ავტომრეწველობის რეგიონული პროფკავშირის აღიარების მოთხოვნით გაიფიცნენ. გაფიცვა წარმატებით დასრულდა და სამთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ პროფკავშირის აღიარებასთან ერთად მშრომელებმა საკუთარ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი კოლექტიური შეთანხმება გააფორმეს.
მუშები მხოლოდ მატერიალური მოთხოვნებისთვის არ იბრძოდნენ. ისინი საკუთარი უფლებების, კერძოდ გაერთიანების და კოლექტიური მოლაპარაკების უფლების დაცვას მოითხოვდნენ. ზუსტად ასევე იბრძოდნენ მოსკოვსა და სხვა დიდ ქალაქებში ადამიანები სამართლიანი არჩევნებისთვის. „ბენტელერის“ ქარხნის მუშების გაფიცვამ აჩვენა, რომ ბრძოლა უფლებებისა და ღირსებისთვის მხოლოდ ინტელიგენციით არ შემოიფარგლება და სოციალური და პოლიტიკური პროტესტების სინერგიის მოძებნა შესაძლებელია.
რამ განაპირობა „ბენტელერის“ ქარხნის პროტესტის წარმატება? მარტივად რომ ავხსნათ: მუშებმა მიიღეს ის, რასაც ინგლისურ ენაში ეწოდება empowerment, თვითორგანიზების პროცესის დახმარებით, რომელსაც ხელს პროფკავშირები და მემარცხენე აქტივისტები უწყობდნენ. საპასუხოდ რუსული ოპოზიციური მოძრაობა იმ პერიოდში დაკავებული იყო არა ორგანიზაციული მუშაობით, არამედ „ახსნით“, არა კოლექტიური მოქმედებით, არამედ „კულტურული ექსპანსიით“. ბალოტნაიას აქციის ორგანიზატორები რუსეთის მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ერთმანეთთან დაკავშირებას არ ცდილობდნენ და „ორ რუსეთზე“ საუბარს აგრძელებდნენ.
გზა „პოსტ-პოლიტიკური“ რეჟიმიდან დიქტატურამდე
2011-2012 წლების საპროტესტო აქციებმა მოსკოვსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში ამ ქვეყნის ისტორიაში მმართველობის ერთი ლოგიკა დაასრულეს. 2010-იანი წლების დასაწყისამდე პუტინიზმი მასობრივ დეპოლიტიზაციას ეფუძნებოდა, რომელიც დაკავშირებული იყო მოხმარების ზრდასთან, „სტაბილურობით“ ტკბობასთან და პირად ცხოვრებაზე კონცენტრირებასთან. ამ პერიოდში პუტინის რეჟიმი იყო არა იმდენად კონსერვატორული, რამდენადაც „პოსტ-პოლიტიკური“ (ჟან რანსიერის ტერმინოლოგიით) - წმინდა მენეჯმენტი, რომლის ეფექტური მუშაობისთვისაც პოლიტიკური გრძნობების აფეთქება და ქუჩის პროტესტების ლოზუნგები უცხოა.
სწორედ ამ პერიოდში დაიბადა ნეოლიბერალიზმის და სახელმწიფო კაპიტალიზმის უცნაური სიმბიოზი, რომელიც მთელი პუტინის პროექტისთვის არის დამახასიათებელი: მომგებიანი კომპანიები, რომლებიც ბუნებრივ რესურსებთან იყვნენ დაკავშირებული, თანდათან პირდაპირ ან ირიბად სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადადიოდნენ. საჯარო სექტორი კი (პირველ რიგში განათლება და ჯანდაცვა) მუდმივი „ოპტიმიზაციის“ ობიექტად იქცა. ამ ატმოსფეროში 2008 წელს, პუტინის პირველი ორი ვადის დასრულების შემდეგ, მისივე წინადადებით პრეზიდენტად არაქარიზმატული დიმიტრი მედვედევი აირჩიეს. რა მნიშვნელობა აქვს, რა ჰქვია პრეზიდენტს, თუ მენეჯმენტის სტილი უცვლელი რჩება?
„ბალოტნაიას“ საპროტესტო აქციები მიმართული იყო არა მხოლოდ დუმის არჩევნების ფალსიფიკაციის, არამედ ზოგადად ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს პროტესტები წარმოადგენდა პოლიტიზაციის გამოწვევას, რომელიც რეჟიმის „პოსტ-პოლიტიკური“ და ტექნოკრატიული მოდელის კვლავწარმოებას შეუძლებელს ხდიდა.
შესაბამისად 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანია პუტინმა სხვა აქცენტებით ჩაატარა: ოპოზიციური დემონსტრაციები საგარეო და საშინაო მტრების გეგმად მოინათლა, რომელიც მიზნად ქვეყნის მთლიანობის რღვევას და ცრუ ღირებულებების დამკვიდრებას ისახავდა. პუტინი კი წარმოდგენილი იყო „ტრადიციული ოჯახის“ დამცველ ფიგურად. ჰომოფობია და პატრიარქატი სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში აიყვანეს.
მიუხედავად საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისა, პუტინის მხარდაჭერა მუდმივად იკლებდა. ლიბერალური ოპოზიციის დემოკრატიულ მოთხოვნებს თავისუფალი არჩევნებისა და ძირითადი სამოქალაქო უფლებების დაცვის შესახებ მზარდი სიღარიბით და სოციალური უთანასწორობით გამოწვეულ უკმაყოფილებასთან გაერთიანების კარგი პოტენციალი ჰქონდა. ამ პირობებში პუტინის აგრესიულ რეაქციას მაიდანზე არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური, არამედ საშინაო პოლიტიკური ამოცანაც გააჩნდა. იგი სახიფათო პრეცედენტს ქმნიდა, რომელიც რუსული საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მნიშვნელოვან ყურადღებას იქცევდა.
ყირიმის ანექსიამ და უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო შეჭრამ „ყირიმის კონსენსუსი“ ჩამოაყალიბა - რეჟიმის გეოპოლიტიკურ ავანტიურებზე საერთო პასიური თანხმობა შექმნა საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან. საშინაო პოლიტიკა საგარეომ ჩაანაცვლა, რომელშიც მთავარი აქტორი ეროვნული ლიდერი და უმაღლესი მთავარსარდალი იყო.
„ყირიმის კონსენსუსი“ 2018 წლამდე შენარჩუნდა. რუსეთში დაიწყო პოლიტიზაციის ახალი ტალღა: ალექსეი ნავალნის ინიციირებული პროტესტები კორუფციის წინააღმდეგ, მასობრივი უკმაყოფილება ნეოლიბერალური საპენსიო რეფორმით, მოძრაობები ეკოლოგიის და ადგილობრივი თვითმმართველობის დაცვის მოთხოვნით რუსეთის რეგიონებში. კვლავ გაჩნდა პოლიტიკური და სოციალური უკმაყოფილების გაერთიანების მოთხოვნა. საზოგადოებაზე სრული გავლენის მოსაპოვებლად კი მხოლოდ რეპრესიები და გეოპოლიტიკური რიტორიკა საკმარისი არ იყო - რეჟიმს ნამდვილი ომი სჭირდებოდა.
„ბალოტნაიას“ გაკვეთილები
რა შორსმიმავალი გაკვეთილების სწავლა შეიძლება ბალოტნაიას საპროტესტო აქციებისგან? ჩემი აზრით, ქართულმა საპროტესტო მოძრაობამ პირველი პრობლემა, რომელზეც ვრცლად ვისაუბრე, თავიდან აირიდა. მიუხედავად ხელისუფლების მრავალგზის მცდელობისა, პროტესტი არასამთავრობო ორგანიზაციების და ლიბერალური უმცირესობის ამბოხებად წარმოეჩინა, თავად საპროტესტო აქციების მასშტაბი, მასში მონაწილე სოციალური და პროფესიული ჯგუფების მრავალფეროვნება და დემონსტრაციების რეგიონებში გაშლა, „ქართული ოცნების“ ამ პროპაგანდას ავტომატურად აბათილებს.
ახლა მზარდი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ აგორებულ პროტესტს რუსეთში დემოკრატიასთან ბრძოლის მეორე გაკვეთილის სწავლა მოუწევს. რუსეთში ვერ მოხერხდა პოლიტიკური და სოციალური უკმაყოფილების ერთმანეთთან დაკავშირება. ჯერჯერობით საქართველოშიც საპროტესტო მუხტი სოციალურ განზომილებას ვერ ითვისებს. პროტესტი რჩება პოლიტიკურ (დემოკრატიის მოთხოვნა და ავტორიტარიზმთან ბრძოლა) და საგარეო პოლიტიკურ განზომილებაში (ქვეყნის პროდასავლური საგარეო კურსის დაცვა). მიუხედავად პროტესტში ქვედა საშუალო კლასის, დაქირავებული მშრომელების და სტუდენტების აქტიური ჩართულობისა, ნებისმიერი ტიპის სოციალური მოთხოვნა (საბანკო ვალების გაყინვა) ჯერჯერობით პროტესტისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად განიხილებოდა.
საპროტესტო მოძრაობისთვის სოციალური განზომილების დამატება პროტესტის გაფართოებას და სულ უფრო მეტი ადამიანის მოზიდვას შეუწყობს ხელს. მაიდანით, არეულობით და პოტენციურ ომში ჩართვით დაშინებული თანამოქალაქეები უფრო მეტ სიახლოვეს იგრძნობენ რუსთაველზე მდგომ დემონსტრანტებთან. საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალი ახლა დიდწილად სწორედ ამ გაფართოებაზეა დამოკიდებული.
დასკვნა
ორი განხილული საპროტესტო მოძრაობა მარცხით დასრულდა და ამ მარცხს დრამატული გავლენა ჰქონდა ბელორუსში და რუსეთში დემოკრატიული მოძრაობის მომავალზე.
2020 წლის საპროტესტო აქციების დამარცხების შემდეგ ლუკაშენკოს რეჟიმი მკაცრ დიქტატორულ რეჟიმად გაფორმდა. იგი 1990-იან წლებში სოციალური პოპულისტის ელექტორალურ დიქტატურად დაიწყო, რომელიც უბრალო, ჯერ კიდევ საბჭოთა მოქალაქეების სახელით გამოდიოდა. შემდეგ გაიარა ბიუროკრატიული სტადია, როდესაც დიქტატორის პოლიტიკური ძალაუფლების ქოლგის ქვეშ პროფესიონალი მმართველები მუშაობდნენ და იყო მსოფლიო მშვიდობიანი თანამშრომლობის ცენტრშიც კი, როდესაც უარი თქვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და ანექსირებული ყირიმის აღიარებაზე და უმასპინძლა მინსკის მოლაპარაკებებს.
თუმცა ბოლო რამდენიმე წელია ლუკაშენკო ბელორუსს სულ უფრო მართავს, როგორც დაპყრობილ ქვეყანას და მისი რეჟიმი ინსტიტუციონალიზებული სოციალური კონფლიქტის მდგომარეობაში გადადის. ახლა რეჟიმის მთავარი მიზანია არა ეკონომიკის შენარჩუნება, სუვერენიტეტის გამყარება, არა ავტორიტარული მოდერნიზაცია, არამედ მისთვის მიუღებელი მოქალაქეების დაუსრულებელი დევნა.
უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე კვირაში პუტინის რეჟიმმა ქვეყანაში ახალი პოლიტიკური წესრიგი დაამყარა: ცუდად ორგანიზებული ანტისაომარი დემონსტრაციები არნახული სისასტიკით ჩაახშეს და ქვეყანაში სამხედრო ცენზურა აამოქმედეს, რომლის დარღვევაც 12 წლამდე ციხეში მოხვედრით სრულდება. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმართ გამოხატული ნებისმიერი საჯარო უთანხმოება დანაშაულია - აქ არა მხოლოდ ღია პროტესტი, არამედ სოციალურ ქსელში დაფიქსირებული პოზიცია ან სამუშაო ადგილზე კოლეგებთან დაუფიქრებელი საუბარიც იგულისხმება. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ კი რეპრესიები და მოქალაქეების „სხეულების“, როგორც უსულო მართვადი რესურსის განკარგვა, ახალ დონეზე გადავიდა. პუტინის რეჟიმი დემოკრატიასთან ბრძოლაში ტრანსფორმირდა და ნეოლიბერალური ავტორიტარიზმიდან სასტიკ დიქტატურად გარდაიქმნა, რომელიც იმპერიულ დაპყრობებზე და მთელი ქვეყნის განადგურებაზეა მიმართული.
საქართველოს მოსახლეობის ნაწილი დღეს მზარდ ავტორიტარიზმთან ბრძოლაშია ჩაბმული. ამ ბრძოლაში დამარცხება რეპრესიების გამკაცრებას და პროტესტის ნებისმიერი ფორმის ჩახშობას ნიშნავს. საქართველო ევროპის პერიფერიად დარჩება, რომლის მოქალაქეებსაც პოლიტიკური და სოციალური უფლებების დასაცავად საბაზისო მექანიზმებიც კი არ ექნებათ. ამ დამანგრეველი მომავლის თავიდან ასაცილებლად ამ ბრძოლაში პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილებიდან სწორი გაკვეთილების გამოტანა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება.
ინსტრუქცია