[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

დუმილის და უმოქმედობის პოლიტიკა კონფლიქტების რეგიონებთან დაკავშირებით შემაშფოთებელია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება აფხაზეთში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს და მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლებას პრაქტიკულად არ გააჩნია სათანადო სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტების რეგიონებთან მიმართებით. მეტიც, მისი დუმილისა და უმოქმედობის პოლიტიკა ფაქტობრივად იწყნარებს რუსულ ანექსიას ამ რეგიონში და საბოლოოდ, განაპირობებს მნიშვნელოვანი ისტორიული შესაძლებლობების დაკარგვას ნდობის აღდგენისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით.

როგორც ცნობილია, აფხაზეთში საზოგადოების მწვავე პროტესტი 12 ნოემბერს გვიან ღამით დაიწყო, როცა დე ფაქტო ხელისუფლებამ ხუთი ადგილობრივი ოპოზიციონერი თვითნებურად დააკავა. უფრო ზუსტად, ოპოზიციის წევრები ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია 11 ნოემბერს საღამოს დააკავეს და ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს. ადგილობრივები უთითებდნენ, რომ დაკავების პროცესი იყო ძალადობრივი და ღირსების შემლახველი. ოპოზიციონერების დაკავება მათ მხრიდან ახალი საინვესტიციო შეთანხმების გაპროტესტებას მოყვა, რომელიც რუსეთის კოლონიური ეკონომიკური დაქვემდებარების პირობებში აქცევს აფხაზეთს.

როგორც ირკვევა, 15 ნოემბერს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი აპირებს რომ მოახდინოს იმ შეთანხმების რატიფიცირება, რომლის მიხედვითაც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების შეღავათებით განხორციელების საშუალებას აძლევს. ეს შეთანხმება აფხაზურ და რუსულ მხარეებს შორის ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისში შედგა, რასაც ასევე მოჰყვა აფხაზური საზოგადოების უკმაყოფილება და პროტესტი. შეთანხმების პროექტი რუსული ბიზნესისთვის შეუზღუდავ შეღავათებს ითვალისწინებს და რეგიონის გაღარიბებასა და ეკონომიკურ გამოფიტვას გამოიწვევს. შეთანხმება მათ შორის ითვალისწინებს შემდეგ პირობებს:

  1. 2 მილიარდი რუსული რუბლის (დაახლოებით 22 მილიონი დოლარი) ოდენობის საინვესტიციო პროექტის გათავისუფლება იმპორტის საბაჟო გადასახადისგან სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის შემოტანაზე;
  2. 8 წლის ვადით რუსული კომპანიების ქონებისა და მოგების გადასახადისგან გათავისუფლება;
  3. რუსული კომპანიებისთვის დღგ-ს ანაზღაურება აფხაზეთის ბიუჯეტიდან;
  4. უპირატესობის მიღების წესის განსაზღვრა პროექტის განსახორციელებლად საჭირო სიმძლავრეებისა და კავშირების საინჟინრო ქსელებთან და კომუნიკაციებთან დასაკავშირებლად;

აფხაზურ საზოგადოებაში უკვე თვეებია საუბრობენ, რომ ეს შეთანხმება მხოლოდ რუსულ ინტერესებს ემსახურება და ის აფხაზეთისთვის სარგებლის მომტანი არ იქნება, პირიქით, ის შეიძლება ფატალურიც აღმოჩნდეს აფხაზური მცირე ბიზნესისთვის,

სწორედ ამ შეთანხმების რატიფიცირების გასაპროტესტებლად აფხაზური ოპოზიცია 15 ნოემბრისთვის გეგმავდა აქციას, რის გამოც 11 ნოემბრის საღამოს აფხაზეთის სამართალდამცავმა უწყებებმა ხუთი ოპოზიციონერი ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დააკავეს. დაკავებას მოჰყვა აფხაზური საზოგადოების მყისიერი რეაქცია. მათ მთელი ღამის განმავლობაში გადაკეტეს სოხუმთან დამაკავშირებელი გუმისთის და კოდორის ხიდები, ტელეგრამ არხებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებამ ქალაქში სამხედრო ტექნიკის მობილიზებაც მოახდინა. ბლოკადის და პროტესტის პასუხად 12 ნოემბერს საღამოს დე-ფაქტო უშიშროების სამსახურმა დაკავებულები გაათავისუფლა.

გუშინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აფხაზური საზოგადოების უკმაყოფილება და პროტესტი მზარდია რეგიონში რუსეთის მხრიდან ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების აგრესიული ზრდის საპასუხოდ. უკვე რამდენიმე წელია აფხაზური საზოგადოება ეწინააღმდეგება რუსეთის მხრიდან მომდინარე დაჩქარებულ ანექსიურ პროცესებს, რაც უკავშირდება არაერთ ინიციატივას, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების და რესურსების რუსეთისთვის გადაცემას (სოხუმის ბაბუშერას აეროპორტი, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკები, ე.წ. აპარტამენტების მშენებლობა რუსეთის მოქალაქეებისთვის).

ამ მოვლენების საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში დუმილისა და უმოქმედობის პოლიტიკას ირჩევს. ის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე თავს იკავებს პოლიტიკური განცხადებებისგანაც კი, რომელიც რუსეთის ანექსიურ პროცესებს გააკრიტიკებდა და დაგმობდა. ცხადია, რომ ეს მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენულ ინტერესებსა და ამ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს.

“ქართლი ოცნების” დუმილისა და უმოქმედობის პოლიტიკა ნათლად მიუთითებს, რომ უკვე წლებია ხელისუფლებას არ გააჩნია ხედვა და სტრატეგია რუსულ ანექსიურ პროცესებზე რეაგირებისთვის. ხელისუფლება ვეღარ იცავს ბალანსს რუსეთის მიმართ არგაღიზიანების პოლიტიკასა და ეროვნული ინტერესების დაცვას შორის და უმოქმედობის მიდგომები აძლიერებს აფხაზეთში რუსეთის ექსპანსიისა და ანექსიური პროცესების შეწყნარებისა და ნორმალიზების დისკურსსა და განცდას.

აფხაზეთში რუსეთის ეკონომიკური დომინაციის გაძლიერება მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევაა, რადგან რუსეთის ეკონომიკური ბერკეტების ზრდა ამ რეგიონში განაპირობებს მისი სტრატეგიული უპირატესობის გაძლიერებასაც. ამ კუთხით საერთაშორისო დონეზე საქართველოს ხელისუფლების მუშაობა უნდა გულისხმობდეს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უფრო ფართო მიზანზე აპელირებას და დიპლომატიური მუშაობის გაძლიერებას საერთაშორისო ინტერესის და დღის წესრიგის შესაქმნელად. სამწუხაროდ, ეს ფართო რეგიონალური პერსპექტივა და საერთაშორისო დონეზე მუშაობის ძალისხმევა სრულად უგულებელყოფილია ხელისუფლების პოლიტიკაში.

აშკარაა ისიც, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ვერ ახერხებს აფხაზურ საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილებებისა და შიშების საპასუხოდ ახალი ტიპის სამშვიდობო პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ადგილობრივ საზოგადოებას და ელიტებს ახალ სოციალურ და ეკონომიკურ ალტერნატივებს და უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებდა. ასეთი პოლიტიკა, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის კონტექსტში, ახალ საფეხურზე აიყვანდა ნდობის აღდგენის პროცესს და ევროკავშირის მედიაციით დიალოგისა და მოლაპარაკებების პროცესის ახალ ჩარჩოს შექმნიდა. ევროკავშირის პოლიტიკური, ფინანსური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენება კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით კიდევ უფრო რთულდება მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული პოლიტიკის გამო, საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა. ამ პირობებში კიდევ უფრო ცხადი ხდება, თუ “ქართული ოცნების” ანტიევროპული საგარეო პოლიტიკა რამდენად დამაზიანებელია მათ შორის, სამშვიდობო პოლიტიკისა და კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით.

მიმდინარე პროცესები და “ქართული ოცნების” ხელისუფლების პოზიციონირება ცხადყოფს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები კონფლიქტების მოგვარების ახალი შესაძლებლობების შესახებ მხოლოდ წინასაარჩევნო მანიპულაცია იყო და მის მიღმა არ დგას ხელშესახები შინაარსი და მცდელობები. ამ მიმართულებით ხელისუფლების ოფიციალურ პოლიტიკაში არ შეინიშნება რაიმე პოზიტიური დინამიკაც კი. ამდენი წლის შემდეგაც კი, “ქართული ოცნების” მთავრობას წინა ხელისუფლების მიერ მიღებული სამშვიდობო პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტი არ განუახლებია.

მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის აქტიური განხილვის საგნად იქცეს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური დიალოგი, რათა შეცვლილი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, შემუშავდეს და შეთანხმდეს ახალი ტიპის, დემოკრატიული და ევროპული სამშვიდობო პოლიტიკა.

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“