[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / სტატია

აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების „ფენომენი“

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის სტატიას აფხაზეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ. ტექსტის ავტორის ვინაობას  უსაფრთხოების მიზნით კონფიდენციალურს ვტოვებთ. სტატიაში ავტორი მიმოიხილავს აფხაზეთში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გარდამტეხ ეტაპებს, მათი საქმიანობის ამოცანებს და დღეს არსებულ გამოწვევებს.

სტატიის მიზანია ხელი შევუწყოთ საჯარო დისკუსიებში აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივების შემოტანას.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები უცვლელად წარმოდგეგნილია ისე, როგორც ავტორი იყენებს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს სოციალური სამართლიანობის ცენტრის პოზიციებს.

 

აფხაზეთში მოქალაქეთა პირველი საზოგადოებრივი გაერთიანებები ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს, სსრკ-ს დაშლამდე გაჩნდა. მათ შორის ერთ-ერთი იყო „ახალგაზრდების შემოქმედებითი ასოციაცია“. „ახალგაზრდების შემოქმედებითმა ასოციაციამ“ (MTO) მოაწყო ხალხმრავალი საპროტესტო აქციები იმ ახალი ობიექტების მშენებლობის წინააღმდეგ, რომლებიც  სერიოზულ ზიანს აყენებდა აფხაზეთის ეკოლოგიასა და დემოგრაფიას (თხევადი კრისტალების ქარხანა მდინარე გუმისთაზე, რომლის ასაშენებლად  იგეგმებოდა ასობით ადამიანის დასახლება საქართველოდან აფხაზეთში); მოითხოვა არსებული საწარმოების დახურვა, რომლებიც აბინძურებენ გარემოს (ქინდგას მეფრინველეობა); ჩაატარა გაწმენდითი სამუშაოები არქიტექტურულ ძეგლებზე.

MTO-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა აფხაზი მუჰაჯირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ქვის დადგმა იყო. ახალგაზრდებმა საბჭოთა ხელისუფლებისა და პარტიული ხელმძღვანელობის ყველა წინააღმდეგობა დაძლიეს და კავკასიის რესპუბლიკებს შორის პირველებმა ჩაატარეს კავკასიის ომთან დაკავშირებული ტრაგედიისადმი მიძღვნილი საჯარო ღონისძიება. სწორედ მაშინ დამკვიდრდა კავკასიის ომის დამთავრების დღეს ყოველწლიური მემორიალური მსვლელობის გამართვის ტრადიცია. ამგვარად, საბჭოთა “პერესტროიკის” მიწურულს, როცა დემოკრატიული ინსტიტუტები იწყებდა ჩამოყალიბებას, სამოქალაქო მონაწილეობისა და გავლენის მექანიზმები ძალიან სუსტი იყო, სამოქალაქო აქტივისტები – დაუცველები, პირველი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საკმაოდ ნაყოფიერად წარიმართა“.[1]

ომისშემდგომი პირველი 10 წელი, 90-იანი წლები და 2000-იანების დასაწყისი

კავშირის ზოგიერთმა აქტიურმა წევრმა, მათ შორის, ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრმა (CHP) და «Инва-Содействие»-მ (ყოფილი სარეაბილიტაციო ცენტრი АИС)  ჯერ კიდევ 1994 წლიდან, ომის დასრულების შემდეგ მალევე დაიწყო მუშაობა აფხაზეთის მოსახლეობასთან მათი ფიზიკური და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიზნით. ცოტა მოგვიანებით ჩამოყალიბდა ბავშვებთან, ახალგაზრდებთან და ქალებთან მომუშავე ორგანიზაციები: სოხუმის ახალგაზრდობის სახლი, აფხაზეთის ქალთა ასოციაცია და ა.შ.

90-იანების შუა და ბოლო წლებიდან არასამთავრობო ორგანიზაციების  ბაზაზე საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას.  ამ დროს ჩამოყალიბდა ამჟამად აქტიური და განვითარებული აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტი.

იმ პერიოდში არსებული კომუნიკაციის, ადამიანური რესურსების და ლოგისტიკის სირთულეების გამო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა სოხუმში შეიქმნა, მცდელობები, რომ რეგიონებში შეექმნათ ფილიალები, ძირითადად, წარუმატებელი იყო,  თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მოგვიანებით  დამოუკიდებელი ორგანიზაციებად ჩამოყალიბდნენ, მაგალითად, შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრები და ქალთა ორგანიზაციები.[2]

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების იმდროინდელი პოლიტიკა მნიშვნელოვნად ზღუდავდა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის სფეროებს და ისინი ჰუმანიტარული, სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო და ადამიანის უფლებათა საკითხებით შემოიფარგლებოდნენ. იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები მოსახლეობას უწევდნენ კონსულტაციებს. ნებისმიერი საქმიანობა კანონმდებლობის რეფორმირების, სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის გაუმჯობესების, და თვით განათლების სფეროშიც კი არ ფინანსდებოდა, ამიტომ, ცხადად ჩანდა, რომ  მოსახლეობისთვის გაწეული მომსახურების ხარისხი, მაგალითად, შშმ პირთა რეაბილიტაცია ან იურიდიული კონსულტაცია ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ის, რის შეთავაზებაც იმდროინდელ სახელმწიფო ინსტიტუტებს შეეძლო. სახელმწიფოს ამ ისტორიულ ვითარებაში ესმოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამგვარი საქმიანობა და მხარს უჭერდა არასამთავრობო ორგანიზაციებს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლებსა და აფაზეთის მაღალი რანგის ჩინოვნიკებს შორის არსებობდა ურთიერთთანამშრომლობა, რეგულარულად განიხილებოდა სხვადასხვა პროექტი და პროგრამა.

1994-1999 წლები ძალიან რთული დროა აფხაზეთის  მოსახლეობისთვის. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომლის წევრიც მაშინ საქართველო იყო, ქვეყანას ბლოკადაში აქცევს − 16-60 წლის მამაკაცებს ეკრძალებათ რუსეთში შესვლა და მხოლოდ ქალებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება, ისიც მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან აფხაზეთის მოქალაქეებს საბჭოთა კავშირის პასპორტები აქვთ,  ქვეყნისა, რომელსაც 1991 წლის შემდეგ აღარ უარსებია. ეკონომიკა სრულიად დანგრეულია და მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰუმანიტარული დახმარებით გააქვს თავი.   

საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც  1992-დან 2000-იანი წლების დასაწყისამდე  მუშაობდნენ და უმეტესწილად, ჰუმანიტარულ დახმარებას გასცემდნენ სხვადასხვა ფორმით (საკვები და მატერიალური დახმარება, დახმარება მინდვრების დამუშავებასა და თესვაში, სამედიცინო კვლევები), ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი, განსაკუთრებით, რეგიონული ორგანიზაციები საკუთარი პროექტების განხორციელებაში ჩართო. გამონაკლისი მხოლოდ გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი იყო, რომელიც მოსახლეობის უფლებების დაცვის მონიტორინგს ეწეოდა.

აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციების გარე სამყაროსთან, მათ შორის დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციას  ლოგისტიკურად მხარს უჭერდა გაეროს სადამკვირვებლო მისია (UNOMIG), რომელმაც 2000-2002 წლებში აფხაზურ არასამთავრობო ორგანიზაციებს მისცა წვდომა ელექტრონულ ფოსტაზე. მისიის ლოგისტიკური ბაზის დახმარებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების უმეტესობას შეეძლო ჩასულიყო და ემუშავა აფხაზეთში.

გარდა აფხაზეთის მოსახლეობისთვის გაწეული მომსახურებისა და სამედიცინო დახმარებისა, ზოგიერთმა აფხაზურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აქტიური მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამასა და პროექტში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ფორმატში. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, შეხვედროდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მთელი კავკასიიდან და განეხორციელებინათ ერთობლივი პროექტები.

შეზღუდული საინფორმაციო რესურსებისა და ინტერნეტის არარსებობის მიუხედავად, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ ყოფილიყვნენ მაქსიმალურად გამჭვირვალენი და მოსახლეობისა და სამთავრობო უწყებებისთვის გაეცნოთ საკუთარი საქმიანობისა და მოსახლეობისთვის არსებული პროგრამებისა და სერვისების შესახებ. ამ მიზნით 6 წლის განმავლობაში (1999 წლიდან 2004 წლამდე) ფუნქციონირებდა არასამთავრობო ორგანიზაციების ღია კლუბი „OKNO“ (ფანჯარა), სადაც პარასკევობით  მოდიოდნენ სოხუმის საზოგადოებრივი და რეგიონული ორგანიზაციების თანამშრომლები, ასევე სხვადასხვა დონის თანამდებობის პირები,  მათ შორის − მინისტრებიც. ასევე, ამ წლებში გამოდიოდა ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი „OKNO“, სადაც ქვეყნდებოდა ორგანიზაციების განცხადებები და ახალი ამბები. ბიულეტენი თავისუფლად ვრცელდებოდა მოსახლეობაში (ჟურნალების კიოსკებში), სახელმწიფო უწყებებს შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში და რაიონის გამგეობებში. ამან შესაძლებელი გახადა ინფორმაციის ღიად გავრცელება და სხვადასხვა საკითხის საჯარო განხილვა, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა რამდენიმე საერთაშორისო სამშვიდობო პროექტსა და კონფერენციაში). აღსანიშნავია, რომ დისკუსიისა და აზრთა გაცვლის კულტურა ეფუძნებოდა პატივისცემას და არსებობდა კონსტრუქციული თანამშრომლობა თავად არასამთავრობო ორგანიზაციებში, ასევე სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს,  არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოსახლეობას შორის. კერძოდ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კარგად იყო ინფორმირებული და  რამდენიმე მინისტრმა მხარიც დაუჭირა აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას საერთაშორისო დონეზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მონაწილეთა განხილვებისა და მოსაზრებათა ურთიერთგაცვლის კულტურა კონსტრუქციული იყო და თანამშრომლობას ეფუძნებოდა − იქნებოდა ეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, თავად საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოსახლეობას შორის. კერძოდ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მათ შორის, რამდენიმე მინისტრი იცნობდა და საერთაშორისო დონეზე უჭერდა მხარს აფხაზური საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობას.

სხვადასხვა ჰუმანიტარული აქციის დროს შემუშავდა არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის საქმიანობის კოორდინაციის წარმატებული მოდელები, რომლებიც ვრცელდებოდა  აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე. მაგალითად, 1999 წლიდან, რამდენიმე წლის განმავლობაში ტარდებოდა „საახალწლო კამპანია“, რომლის ფარგლებშიც, ერთი თვის განმავლობაში, ორგანიზაციები, ბიზნესები და ფიზიკური პირები აგროვებდნენ სახსრებს და ყიდულობდნენ საჩუქრებს ან ფინანსურ დახმარებას უწევდნენ შშმ ბავშვებს და მათ ოჯახებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეგროვებულ სტატისტიკას ხშირად ითხოვდნენ და იყენებდნენ სამთავრობო უწყებები, რადგან ისინი აქტუალური და დეტალური იყო.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2003-2004 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთობა  პარტნიორული და ნდობაზე დაფუძნებული იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მოსახლეობის ნდობას განაპირობებდა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების კეთილსინდისიერება და გაწეული მომსახურების ხარისხი; საქმეს აადვილებდა აფხაზეთის მოსახლეობის სიმცირეც.

2003-2004 წლებში აფხაზეთში ოფიციალურად რეგისტრირებული ~ 150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციიდან, 30-მდე ქმედითი იყო. მათ  უმრავლესობას ოფისები სოხუმში ჰქონდა, მაგრამ ნაწილი მუშაობდა რეგიონებშიც, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ აფხაზეთში (ოჩამჩირე, გალი და ტყვარჩელის რაიონი). ამას განაპირობებდა  დონორთა მოთხოვნები, რადგან ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ამ რაიონებში ცხოვრობდა. აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოითხოვეს პროექტების გეოგრაფიის გაფართოება სხვა რაიონებზეც, მაგალითად, ბინების რეაბილიტაციის პროგრამა, მაგრამ ეს მხოლოდ ბევრი წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. სხვა რეგიონების მოსახლეობა ამის გამო  საერთაშორისო ორგანიზაციებს საყვედურობდა.

 

კონფლიქტი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკური ძალების ნაწილს შორის 2004 წელს არჩევნების დროს

2004 წელი თანამედროვე აფხაზეთის ისტორიაში მნიშვნელოვანი იყო, რადგან პირველად უნდა გამართულიყო პრეზიდენტის ალტერნატიული არჩევნები. არძინბას კონკურენტი არ ჰყავდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე აღარ აძლევდა საშუალებას, აქტიურად ჩართულიყო პოლიტიკურ ცხოვრებაში. მომავალმა არჩევნებმა აფხაზეთის მოსახლეობის პოლარიზაცია გამოიწვია. საზოგადოება ორ ნაწილად დაიყო: რაულ ხაჯიმბას კანდიდატურის მხარდამჭერებად, რომელსაც მხარს უჭერდა მოქმედი პრეზიდენტის გარემოცვა და სერგეი ბაღაფშის მხარდამჭერებად, რომელიც, პოზიციონირებდა, როგორც უფრო „რბილი“, კომპრომისისკენ მიდრეკილი ლიდერი, რომელიც მზად იყო შინაარსიანი დიალოგისთვის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორისაც და ასევე, საგარეო პოლიტიკური დიალოგისთვის სხვადასხვა აქტორთან. მაშინ ერთ-ერთი კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში პირველად ჩაერთნენ პროფესიონალი პოლიტიკური პოლიტტექნოლოგები, რომელთა საქმიანობაც ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებდა. 

რთულმა პოლიტიკურმა ვითარებამ და არსებული სიტუაციის კიდევ უფრო  გართულების საფრთხემ აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციებს უბიძგა, შეექმნათ „ამომრჩეველთა ლიგა სამართლიანი არჩევნებისთვის“.[3]

ლიგის წევრები 2004 წლის დასაწყისიდან განიხილავდნენ აფხაზეთის კანონმდებლობის შესაძლო ხარვეზებს საარჩევნო და ხმების დათვლის პროცესში, მოსალოდნელ დარღვევებს,  მათი შემცირების გზებს და საარჩევნო კამპანიის მონიტორინგის საშუალებებს. ლიგის ერთ-ერთ მიმართვაში ნათქვამია: „სამართლიანი არჩევნების ჩატარება მთელი მოსახლეობისთვის თანაბრადაა მნიშვნელოვანი, რამაც შეიძლება გააერთიანოს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები. საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის დიდი გამოცდაა, ჩვენი სიმწიფის გამოცდა“. ლიგაში შედიოდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები, რაც მხოლოდ აძლიერებდა მის ლეგიტიმაციას საზოგადოების თვალში.

ლიგამ წამოაყენა და მიაღებინა ხელისუფლებას ცვლილებები არსებულ კანონმდებლობაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს არჩევნების დამოუკიდებლად მონიტორინგის საშუალებას აძლევდა. საერთო ჯამში, 200-ზე მეტმა მოხალისემ მოახერხა დაჰკვირვებოდა უბნებს არჩევნების დღეს. არჩევნებამდე ლიგის ტრენერებმა ყველა შტაბში ჩაატარეს ტრენინგი დაინტერესებული ადამიანებისთვის. ეს  საარჩევნო კანონმდებლობის შესწავლისა და შესაძლო დარღვევების შემცირების მიზნით გაკეთდა. ხმის მიცემა გადაწყდა გამჭვირვალე პლასტმასის საარჩევნო ყუთებით. ყველა აქტივობა დაფინანსდა თავად ლიგის მონაწილეთა პირადი სახსრებით. ნეიტრალიტეტმა, დამოუკიდებლობამ და საქმიანობის გამჭვირვალობამ მისცა საშუალება ლიგას, მოეპოვებინა თითქმის ყველა კანდიდატისა და საზოგადოების პატივისცემა, რამაც საბოლოოდ ხელი შეუწყო სერიოზული პოლიტიკური კონფლიქტის მოგვარებას. თუმცა, პროცესის ზოგიერთმა მონაწილემ რაულ ხაჯიმბას გუნდიდან, მონიტორინგის დროს ლიგის წევრებს ს.ბაღაფშის „მხარდაჭერა“ დააბრალა მათი ამომრჩევლებისა და შტაბის წევრების მიერ დარღვევების დაფიქსირების გამო, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერებს აბსოლუტურად დამოუკიდებლად აკეთებდა პროცესის ყველა მონაწილე.

არჩევნების მონიტორინგი 2011 წლამდე მიმდინარეობდა.[4]

აფხაზეთის ყველა ამომრჩევლის მონაცემები გაციფრულდა, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა განმეორებით ხმის მიცემის შესაძლებლობა. სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობა კვლავ კონსტრუქციული იყო − გრძელდებოდა რეგულარული შეხვედრები და პროექტების განხილვა.

„ამომრჩეველთა ლიგის“ მუშაობა აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციების ყველაზე ხანგრძლივი, მასშტაბური და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ერთობლივი საქმიანობა იყო.

 

პოლიტიკური და ფინანსური ვითარების გართულება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

2008 წელს, როცა გაეროს მისია გავიდა აფხაზეთიდან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ლოგისტიკური პრობლემების წინაშე დადგნენ და მათაც დატოვეს ქვეყანა, ამან და სხვა პოლიტიკურმა გარემოებებმა არსებითად შეუმცირა დაფინანსება და მხარდაჭერა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ბევრი ორგანიზაცია დაფინანსების გარეშე დარჩა და შეამცირა მუშაობა, განსაკუთრებით, რეგიონებში, რადგან იქ დამატებითი სატრანსპორტო სახსრები სჭირდებოდათ; ზოგმა საერთოდ, შეაჩერა მუშაობა, ზოგმა  მოხალისეების დახმარებით გააგრძელა საქმიანობა, ზოგმა დაიწყო ფასიანი მომსახურეების გაცემა, რის საშუალებითაც აფინანსებდა ძირითად საქმიანობას. ასე მოიქცა, მაგალითად, ასოციაცია «Инва-Содействие» − გახსნა ფიტნესის ცენტრი, რომლის დახმარებითაც აფინანსებდა შშმ პირების ფიზიკურ რეაბილიტაციას. მაგრამ ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე − წესი, 2008-2012 წლები ძალიან მძიმე იყო სამოქალაქო სექტორისთვის, ახალი ინიციატივები და ორგანიზაციები თითქმის არ შექმნილა. სახელმწიფო და ბიზნესი აფინანსებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ცალკეულ პროგრამებს/პროექტებს ბავშვებისთვის და შშმ პირებისთვის და ასევე მედიის პროექტებს (მობილური ოპერატორები „აკვაფონი“ და „ა-მობაილი“).

UNDP-ის პროგრამის  COBERM-ს დაწყებასთან ერთად სიტუაცია ფინანსირების განხრით ცოტათი გაუმჯობესდა, და მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მუშაობა საკმაოდ შეზღუდული იყო, ვითარება ნელ-ნელა შეიცვალა და 2012 წლიდან უფრო მეტმა ორგანიზაციამ და ინიციატივამ მიიღო მხარდაჭერა.

2014 წელს აფხაზეთმა კიდევ ერთი პოლიტიკური კრიზისი გადაიტანა, რომლის შედეგადაც მოქმედი პრეზიდენტი, ანქვაბი გადადგა. ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია, რომელიც მას წაუყენეს, გალის რაიონის მოსახლეობის პასპორტიზაცია იყო. 

ახალმა ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონი მოქალაქეობისა და აფხაზეთის პასპორტების გაცემის შესახებ, რაც საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნიეს და მთავრობის ქმედებები საჯაროდ გააკრიტიკეს, რამაც გამოიწვია ნეგატიური დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, როგორც მთავრობის მხრიდან, ისე საზოგადოების ნაწილში, რადგან ღიად გაისმა სიტყვები ეთნიკური ნიშნით მოსახლეობის ნაწილის, მათ შორის, გალის რაიონის მცხოვრებთა დისკრიმინაციის შესახებ. კანონი შეეხო აფხაზეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს. უფლებადამცველები წელიწადნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში ლობირებდნენ პარლამენტში ცვლილებების განხორციელებას, რომელთაც მხოლოდ ნაწილობრივი  გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა არსებულ ვითარებაზე.

საინფორმაციო კამპანიის დაწყება სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ

2015 წლის შემდეგ აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს საინიციატივო კანონპროექტები: „ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების შესახებ“, „მამაკაცისა და ქალის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის შესახებ აფხაზეთის რესპუბლიკაში“, ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რეკომენდაციები კანონპროექტისთვის „აფხაზეთის რესპუბლიკის უფლებადამცველის შესახებ“ და ა.შ. ყველა ეს კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებმა აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტში წარადგინეს, ხოლო პარლამენტმა − მიიღო.[5] ასევე, შემუშავდა კანონპროექტი „ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად“.

2016 წლიდან ინტერნეტში სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა პუბლიკაციები, რომელთა მიზანიც უნდობლობის გაჩენა იყო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ. მიმდინარეობდა ანონიმური  საინფორმაციო კამპანიები უცხოეთიდან. 2018 წლის აგვისტოში სამოქალაქო ფორუმზე ერთ-ერთმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ „ბოლო წლებში  რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს კამპანია აფხაზური სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის. ცდილობენ, აქტივისტები წარმოაჩინონ მოღალატეებად, რომლებიც მზად არიან დასავლურ გრანტებს შესწირონ სამშობლოს ინტერესები. არაერთი ავტორის თქმით, აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციები მეხუთე კოლონაა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ანტირუსული ოპოზიციის შექმნასა და დაფინანსებაში და ამზადებს ე.წ ფერად გადატრიალებას დღევანდელი ხელისუფლების შესაცვლელად“.[6] რაც აბსოლუტური ცილისწამებაა, რადგან აფხაზურ არასამთავრობო ორგანიზაციებს არასოდეს მოუწოდებიათ ხელისუფლების შეცვლისკენ და მხარს უჭერდნენ მხოლოდ ლეგიტიმურ მეთოდებს, მაგალითად, არჩევნებს.

2017 წლის დასაწყისიდან სახელმწიფო ცდილობს მკაცრად დაარეგულიროს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა და მიიღოს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, 2005 წლის კანონის „არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ“[7] ნაცვლად, რომელიც არეგულირებს არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას. კანონს „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირების შესახებ“[8] (პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული კანონის უახლესი ვერსია), ეწინააღმდეგებიან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები. კანონი რეპრესიული ხასიათისაა და მას ფაქტობრივად ყველა ექვემდებარება, ვინც შეიძლება მიიღოს დაფინანსება პროექტებისთვის ან სამეცნიერო და კვლევითი გრანტი, ასევე ჰონორარი სტატიებისთვის. პროცესს თან სდევს ცილისწამების კამპანიები, რომლებსაც ხანდახან მხარს უჭერენ აფხაზი პოლიტიკოსებიც.  

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამ კანონს სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ის ეწინააღმდეგება აფხაზეთის კონსტიტუციას.

 

ადამიანის უფლებების დამცველის ოფისის როლი აფხაზეთში[9]

2016 წლიდან, „აფხაზეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დამცველის შესახებ“ კანონის საბოლოო  რედაქციის  მიღების შემდეგ, როდესაც სახალხო დამცველს აღარ ნიშნავს პრეზიდენტი და ირჩევს პარლამენტი, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სახალხო დამცველის აპარატს მნიშვნელოვანი როლი აქვს ადამიანის უფლებების დაცვაში. 2018 წელს ამ თანამდებობაზე ასიდა შაკრილის მოსვლისთანავე, რომელიც მონაწილეობდა სახალხო დამცველის შესახებ კანონის შემუშავებაში და დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრში“, აფხაზეთის უძველეს უფლებადაცვით ორგანიზაციაში, სახალხო დამცველის აპარატი რეგულარულად აშუქებს ადამიანის უფლებებს და ასევე, ყოველწლიურ ანგარიშს და რეკომენდაციებს წარუდგენს აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტს. საზოგადოებისთვის პირველად ამის შემდეგ შეიძინა განსაკუთრებული აქტუალობა ადამიანის უფლებებმა, მათ შორის, აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პრობლემებმა.

ასიდა შაკრილმა, როგორც სახალხო დამცველმა, მაღალი სტანდარტები დაუწესა ამ მნიშვნელოვან სამთავრობო ინსტიტუტს. დღევანდელი სახალხო დამცველი, ანას ქიშმარია რეგულარულ შეხვედრებს მართავს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს

აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სამოქალაქო ცხოვრებაში და ხელს უწყობენ პოზიტიურ ცვლილებებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა სფეროში:

- ადამიანის უფლებები და სოციალური დაცვა, ეთნიკური უმცირესობების, ქალების, ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებები; უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ აფხაზეთის მოსახლეობას სხვადასხვა რაიონში; ყველა რაიონში არის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილი შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი;

- ჰუმანიტარული დახმარება და განვითარების ხელშეწყობა, უახლესი მაგალითია COVID-19-ის პანდემია − 2020-2021 წლებში, სხვადასხვა სფეროში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები გაერთიანდნენ მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად; შეიქმნა კვების ბანკი და სასურსათო დახმარება გაეწია დაახლოებით 4000 ადამიანს აფხაზეთის ყველა რაიონში,  1000 ადამიანს კი მედიკამენტებით დაეხმარნენ. მუშაობდა კოვიდ ჰოსპიტალიც;

- არასამთავრობო ორგანიზაციები გარემოს დაცვაში, მდგრად განვითარებასა და გარემოსდაცვით განათლებაში არიან ჩართულნი.  როცა გარემოს დაცვის სახელმწიფო სამსახურმა არაფერი გააკეთა პალმის მავნებლის წინააღმდეგ,  სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დასახეს აფხაზეთში პალმის ხეების გადარჩენის შესაძლო გზა.

- აფხაზეთის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე მომუშავე ორგანიზაციები.

- არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ განათლების საკითხებზე და ახორციელებენ საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორც მასწავლებლებისთვის, ისე სკოლის მოსწავლეებისთვის.

ბევრი აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს კვლევებს, ანგარიშებსა და ანალიზს სხვადასხვა თემაზე. ეს პუბლიკაციები შეეხება ადამიანის უფლებებს, გარემოსდაცვით საკითხებს, სოციალურ გამოკითხვებს და სხვ. ისინი ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის და სამთავრობო უწყებებისთვის.

აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციები, მიუხედავად მათი საქმიანობის მიმართულებისა, მჭიდროდ თანამშრომლობენ და ერთმანეთის უჭერენ მხარს საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადასაჭრელად.

იქნება ეს გარემოსდაცვითი საკითხები, პანდემია თუ სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებული პრობლემები. ერთობლივი პროექტების უნიკალურობა ისიცაა, რომ ძირითადად მთლიანად მოხალისეობრივ სამუშაოს ეფუძნება. (გარდა აქტივობებისა, რომლებიც  COVID-19 პანდემიას უკავშირდებოდა).

ცალკეა სხვადასხვა ახალგაზრდული მოძრაობა, რომლებიც ფორმალურად არ არიან რეგისტრირებულნი, მაგრამ მაინც ახორციელებენ მნიშვნელოვან და ეფექტურ გარემოსდაცვით სამუშაოს, მუშაობენ უსახლკარო ცხოველების დასახმარებლად. ეს არაა  არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრები არიან.

ზოგჯერ ეს გაერთიანებები წარმოიქმნება სპონტანურად, რაიმე გამოწვევის ან პრობლემის ირგვლივ. მაგალითად, სწორედ ასე შეიქმნა მოძრაობა ხარახ პიცუნდა (ჩვენი ბიჭვინთა),  რომელიც 2022 წელს გაჩნდა, საკამათო შეთანხმების შემდეგ, ბიჭვინთის უნიკალური ნახევარკუნძულის ნაწილის სამშენებლოდ გადაცემის შესახებ.

თავიდან თანამედროვე აფხაზეთში საპროტესტო აქციები არ ეხებოდა არჩევნებს ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის მოთხოვნებს, არამედ იყო ორგანიზებული ახალგაზრდების შედარებით მცირე ჯგუფის მიერ, რომლებსაც არ ეშინოდათ ღიად გამოეხატათ საკუთარი აზრი ძალიან რთულ საკითხზე, როდესაც პოლიტიკურად აქტიური და ხანდაზმული ხალხი დუმდა. მათ გამოიყენეს აფხაზეთისთვის პროტესტის ძალიან უჩვეულო მეთოდები − ლოზუნგები მუყაოზე, ტექსტების პროექცია შენობებზე, ბანერები საზოგადოებრივ ადგილებში აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ცნობილი აფხაზი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ციტატებით. საზოგადოებამაც  დაუჭირა მხარი, მათ კატალიზატორის როლს ითამაშეს და შემდეგ, სხვებმაც გამოთქვეს აზრი. 

ამ ჯგუფზე განხორციელდა ზეწოლა, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოებმა დააკავეს მისი რამდენიმე წევრი, მაგრამ, მათ რაიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ და შესაბამისად, გაათავისუფლეს. მოძრაობა აგრძელებს მუშაობას და საჯაროდ საუბრობს სხვადასხვა რთულ საკითხზე, მათ შორის კანონზე „ბინების შესახებ“, რომელიც, ფაქტობრივად, დააკანონებს ქონების მიყიდვას აფხაზეთის არამოქალაქეებისთვის და რომლის აქტიურ ლობირებასაც დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს.  საზოგადოებრივი ორგანიზაციები აკრიტიკებენ ამ კანონს, შესაბამისად, იზრდება დაპირისპირება ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან, რომლებიც კანონს აქტიურად ლობირებენ.

 

კამპანიები არასამთავრობოთა წინააღმდეგ

ბოლო 8 წლის განმავლობაში იყო არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის არაერთი მცდელობა, ცდილობდნენ წარმოეჩინათ ისინი დასავლეთის იდეების გამტარად ან დაედანაშაულებინათ იმაში, რომ სურდათ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება, რადგან კონფლიქტის მოგვარების მიზნით მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში. ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების მაღალი სანდოობის, მათი საქმიანობის გამჭვირვალობისა და მათი უცვლელი მიზნების გამო, აეშენებინათ სოციალურად ორიენტირებული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო. თავისი როლი ითამაშა აფხაზეთის მოსახლეობის სიმცირემაც − არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს პირდაპირ ბრალდებებს ვერ უყენებდნენ, ყველა ბრალდება, ძირითადად, ანონიმური იყო. სიტუაცია შეიცვალა ბოლო სამი წლის განმავლობაში, როცა ბრალდებები უფრო პერსონალური და აგრესიული გახდა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში დისკრედიტაციის მცდელობები ბევრად უფრო მასობრივია, მასში ჩაერთნენ პროფესიონალი პოლიტტექნოლოგები და ასევე, ჩაიდო დიდი სახსრები, რათა საზოგადოებისგან მიეღოთ მხარდაჭერა „აგენტების კანონის“ მისაღებად. ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ უპირველეს ყოვლისა, შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და შესუსტდეს ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლი. სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ „ბინების შესახებ“ კანონის მიღებას, ან სახელმწიფოს მფლობელობაში მქონე ობიექტების გასხვისებას, როგორც მაგალითად მოხდა ბიჭვინთის ტერიტორიის მესამე პირებისთვის გადაცემის დროს. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით აგორებულ საინფორმაციო კამპანიებს დაემატა ზეწოლის სხვადასხვა საშუალება − იქნებოდა ეს ინსპექტირება თუ ჯარიმები, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების ცილისწამება თუ პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება, ორგანიზაციების ანგარიშების დაბლოკვა თუ სერტიფიკატების გაცემის პროცესის გაჭიანურება, სოციალურ ქსელებში გაშავება თუ შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლა.

როგორც ადგილობრივ არასამთავრობოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ყველაზე ღია მოწინააღმდეგედ ითვლებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი ი. არძინბა, როგორც მისი გამონათქვამების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლების და ექსპერტების ქვეყანაში არშემოშვების და მის მიერ დაარსებული მედიაცენტრის საქმიანობის გამო. ამ წლის მაისში არძინბას გადადგომის შემდეგ ინტერნეტში ნეგატიური საინფორმაციო ნაკადი შემცირდა, თუმცა, ზეწოლის სხვა მეთოდები ნარჩუნდება.

აფხაზეთში სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ მიმართავენ მიტინგებს, მსვლელობებს და „ქუჩის პროტესტის“ სხვა ფორმებს, ეს ყველაფერი აფხაზურ საზოგადოებაში უფრო მეტად ასოცირდება პოლიტიკურ ბრძოლასთან. თუმცა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები  საკუთარი პოზიციის დასაცავად სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. 

ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, ასევე, სულ უფრო ხშირად ცდილობენ აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების, როგორც ანტირუსული მოძრაობის წარმოჩენას, თუმცა სამოქალაქო ორგანიზაციები მხოლოდ აფხაზეთის ხელისუფლების ქმედებებს აკრიტიკებენ. ეს ტენდენცია მზარდია და კრიტიკა უკვე ისმის რუსეთის ცენტრალური სატელევიზიო არხებიდან. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ აფხაზეთის მოქალაქეების დიდ ნაწილს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს და შესაძლოა, ისინი საზღვრის გადაკვეთისას რუსეთის კანონმდებლობას დაექვემდებარონ.

საკუთარი პოზიციების გასამყარებლად, არასამთავრობო ორგანიზაციები ატარებენ საინფორმაციო კამპანიებს, რათა მიაწოდონ ინფორმაცია ფართო საზოგადოებას, თუ როგორ უარყოფითად იმოქმედებს კანონი „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ სამოქალაქო საზოგადოებაზე, და გარდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობის კონტროლისა, როგორ  შეიზღუდება მოქალაქეთა დიდი ნაწილის უფლებები და თავისუფლებები.

ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს სოციალურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე − ადამიანის უფლებებზე, გარემოს დაცვაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაზე, მოსახლეობის მხარდაჭერითა და თანადგომით სარგებლობს. ამის მიზეზი ისაა,  რომ ასეთი ორგანიზაციები ხშირად რეალურ დახმარებას უწევენ მოქალაქეებს და თვალსაჩინო პოზიტიურ ცვლილებებს ახდენენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თუმცა, მოსახლეობა და თავად პარლამენტის დეპუტატები ყოველთვის ვერ ხვდებიან, რომ კანონი ამ ორგანიზაციებსაც შეეხება.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსახლეობას უხსნიან, თუ როგორ შეიძლება ასეთმა კანონებმა გამოიწვიოს ორგანიზაციების სტიგმატიზაცია და დაირღვეს მათი უფლებები, ვინც  მნიშვნელოვან სოციალურ, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა საკითხებზე მუშაობს; განუმარტავენ, თუ როგორ იმოქმედებს ეს მათ საქმიანობაზე − ზოგიერთმა ორგანიზაციამ შეიძლება სრულიად შეწყვიტოს მუშაობა და მოსახლეობა, დარჩეს უფასო იურიდიული ან სარეაბილიტაციო დახმარების გარეშე, დაიხუროს ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრები.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონის წინააღმდეგ შეიმუშავეს არგუმენტირებული სამართლებრივი პოზიცია და სასამართლოში საჩივრის შეტანის მექანიზმები, მაშინ, როცა  კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვევა. ისინი აქტიურად იყენებენ მედიასა და სოციალურ ქსელებს კანონის პოტენციური შედეგების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, ასევე, აწყობენ საჯარო განხილვებსა და დებატებს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პირადად ხვდებიან პარლამენტის დეპუტატებს და სასამართლო ხელისუფლების და საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ აუხსნან, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ კანონის მიღებას.

ისინი აკეთებენ ინტერნეტ-გადაცემებსა და თოკ-შოუებს, სადაც ცნობილი ადამიანები და ჟურნალისტები აუდიტორიას აცნობენ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის სხვადასხვა ასპექტს. ამ გადაცემებს YouTube-ზე 50000 ნახვა აქვს, რაც აფხაზეთისთვის საკმაოდ დიდი რიცხვია.

უფრო და უფრო მეტი ანგარიში ქვეყნდება ინფოგრაფიკებით, სადაც დეტალურად, რიცხვებითაა ნაჩვენები არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი საზოგადოების და ეკონომიკის განვითარებაში და ადამიანის უფლებების დაცვაში. არასამთავრობოები ბენეფიციარებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

აფხაზური საზოგადოება მცირერიცხოვანია და შესაბამისად, არ არის იოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების დადანაშაულება კორუფციასა და სამშობლოს ღალატში. როცა საქმე კონკრეტულ ადამიანებს ეხება, ვისაც ყველა იცნობს, ეს ყოველთვის წარუმატებლობისთვისაა განწირული, რადგან ისინი საზოგადოების ნდობითა და პატივისცემით სარგებლობენ. ესაა აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი მონაპოვარი.  

სახელმწიფოს ზეწოლამ შეიძლება, არსებითად გაართულოს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა და შეამციროს მათი ზეგავლენა საზოგადოებაზე. თუმცა, ამ სიძნელეების მიუხედავად, ყველა ორგანიზაცია აგრძელებს მუშაობას და ეძებს ახალ გზებს საკუთარი უფლებების დასაცავად და მიზნების მისაღწევად. ამ ყველაფერს სჭირდება მოქნილობა, სტრატეგიული აზროვნება და მხარდაჭერის ძიება, უპირველესად, აფხაზეთში, რადგან ქვეყნის გარეთ არც ისე ბევრი აქტორია, ვისაც აფხაზეთში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხარდაჭერა სურს.

სხვადასხვა ინსტიტუტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკამ საერთაშორისო აქტორების მხრიდან, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო აფხაზეთში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც, ძირითადად, შიდა რესურსებს ეფუძნება, განსაკუთრებით ახლა, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა რუსული ბანკების სანქციების გამო შეზღუდულია და თანხები მიმდინარე პროექტებისთვისაც კი არ არის ჩარიცხული.

ყოველივე ზემოთქმული რომ შევაჯამოთ, თუ როგორ ახერხებენ აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი პოზიციების დაცვას და  დისკრიმინაციული კანონის მიღების გადადების ლობირებას, იმ პირობებში, როცა არსებობს ზეწოლის სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის პროვოკაციები, მუქარა, ცილისმწამებლური საინფორმაციო კამპანიები და ცალკეული თანამშრომლების დაკითხვები, შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი ფაქტორი:

  • საზოგადოებრივი ლიდერების პირადი ავტორიტეტი;
  • მცირერიცხოვანი მოსახლეობა;
  • ძალისხმევა საზოგადოების ინფორმირებისთვის არასამთავრობოთა მუშაობის შესახებ;
  • პირადი კონტაქტები ცალკეულ თანამდებობის პირებთან და დეპუტატებთან;
  • „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონის მიღების შედეგების საჯარო განხილვა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთსოლიდარობა და ერთობლივი მუშაობა.

ჯერჯერობით, ეს სტრატეგიები და, შესაძლოა, ხელისუფლების სხვა პრიორიტეტები საკანონმდებლო სფეროში, იძლევა ამ კანონთან დაპირისპირების შესაძლებლობას; მნიშვნელოვანი ფაქტორებია აფხაზეთის მოსახლეობის სიმცირე, სადაც ბევრი პირადად იცნობს ერთმანეთს, ურთიერთდახმარება, არასამთავრობოთა საქმიანობის გამჭვირვალობა და ლიდერების პირადი ავტორიტეტი, მაგრამ, ცხადია, შეიძლება, პოლიტიკური კონტექსტის ცვლილებასთან ერთად, სიტუაცია სწრაფად შეიცვალოს. თუმცა, სავარაუდოა ისიც, რომ არსებული სტატუს კვო გარკვეული დროით მაინც შენარჩუნდება. ასევე დიდია ალბათობა იმისა, რომ თუ არსებული ვითარება გაგრძელდება და შეუძლებელი იქნება თანხების გადარიცხვა, კანონის საჭიროება უბრალოდ გაქრება, რადგან აღარ იარსებებს საერთაშორისო, უცხოური დაფინანსება. ისიც სავარაუდოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა, ამ პირობებში, უბრალოდ, ვეღარ გააგრძელებს მუშაობას.

 

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში − „ადვოკატირება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვისთვის და სამშვიდობო პოლიტიკის გაუმჯობესება საქართველოს ევრო ინტეგრაციის კონტექსტში”. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია, არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Из истории абхазских неправительственных организаций, 1.10.2018, ხელმისაწვდომია:  https://dzen.ru/a/W7I1NJ87tACqQJAZ

[2] 6 ВОПРОСОВ И ОТВЕТОВ ОБ НПО, 03.05.2017, ხელმისაწვდომია: http://chp-apsny.org/publications/research/6-voprosov-i-otvetov-ob-npo/

[3] В Абхазии создана Лига "За честные выборы": ხელმისაწვდომია- https://regnum.ru/news/292436  

[4] Пресса России: Абхазия опередила Россию по демократии, 27.08.2011 ხელმისაწვდომია:  https://www.bbc.com/russian/russia/2011/08/110827_rus_press

[5] 6 ВОПРОСОВ И ОТВЕТОВ ОБ НПО, ხელმისაწვდომია:  http://chp-apsny.org/publications/research/6-voprosov-i-otvetov-ob-npo/

[6] Закаленное в борьбе с нападками гражданское общество Абхазии, 16.08.2018. ხელმისაწვდომია https://www.ekhokavkaza.com/a/29437881.html

[7]ДОКУМЕНТЫ Законодательство, ხელმისაწვდომია:  https://parlamentra.org/dokumenty/zakonodatelstvo/?PAGEN_1=8

[8] http://presidentofabkhazia.org/about/info/news/?ELEMENT_ID=16294&print=Y

[9]   https://ombudsmanra.org/institut-upolnomochennogo/istoriya/

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“