[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფხაზეთში შშმ პირის საქმეზე პრეცედენტული დავა უზენაეს სასამართლოში მოიგო

2024 წლის 11 აპრილს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს  2022 წლის  24 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები ნეიტრალური პირადობის მოწმობის მქონე პირები გაუთანაბრა საქართველოს მოქალაქეებს და მიუთითა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების, მათ შორის შშმ პირების ინტეგრაციაზე ზრუნვა და საბაზისო სერვისებზე მისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პრეცედენტულია და ის არსებული პოლიტიკის ძირეული რევიზიისა და ახალი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველიც უნდა გახდეს.

აღნიშნულ საქმის ფარგლებში[1] 2021 წელს ოჩამჩირეში (აფხაზეთი) მცხოვრებმა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა, რომელიც საქართველოს პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ფლობს, შშმ პირებისთვის განკუთვნილი პენსიის მოთხოვნით საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა. სოციალური მომსახურების სააგენტომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და მიუთითა, რომ იმის გამო, რომ ის არ იყო საქართველოს მოქალაქე, მსგავსი სოციალური დახმარებით ვერ ისარგებლებდა. სააგენტოს ეს გადაწყვეტილება სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც ამტკიცებდა, რომ ადამიანის უფლება, ჰქონდეს მინიმალური საარსებო პირობები, რაც პირდაპირ დაკავშირებულია პირის სიცოცხლის და თვითგანვითარების უფლებასთან ისარგებლოს სოციალური დახმარებით, ჰქონდეს ადეკვატური თავშესაფარი და ა.შ., წარმოადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას და სოციალური სახელმწიფოს უმთავრეს პრინციპს. ის არ შეიძლება დაუკავშირდეს მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის სახეს, ან/და იურიდიულ მისამართს.

უზენაესმა სასამართლო  უპირველესად მიუთითა  საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლზე, რომლის მიხედვით  საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი  სახელმწიფოა. შესაბამისად  საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ  მოსარჩელის შემთხვევაში  აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირის საიდენტიფიკაციო  დოკუმენტი,  მას ანიჭებს  ნებისმიერ სამართლებრივ  ურთიერთობაში  მონაწილეობის უფლებას. პირველი ინსტანციისა და   თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, უზენაესმა სასამართლომ  უკანონოდ ცნო სოციალური მომსახურების სააგენტოს მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელიც პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს ადეკვატური სოციალური მხარდაჭერას არ აძლევდა და ამით უგულებელყოფა სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპს.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე საქართველოს სახელმწიფოს მიერ პირადობის ნეიტრალური მოწმობის მექანიზმის შემოღება წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვის, დეიზოლაციისა და საქართველოსთან მობილობის გაზრდის კუთხით. მოქმედი კანონმდებლობა ამგვარი მოწმობის მქონე პირებს გარკვეულ სოციალურ შეღავათებს ანიჭებს, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარების, მეწარმე სუბიექტად და გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის; საბანკო ანგარიშის გახსნის, ასევე სახელმწიფო გრანტის მიღების უფლებას, თუმცა, მათზე არ ავრცელებს ისეთ საბაზისო სოციალურ გარანტიებსა და პროგრამებს როგორიც არის პენსია, მათ შორის, შშმ პირთა პენსია, მუნიციპალური საცხოვრისების სერვისები, ფულადი შეღავათები. ეს მიდგომა  საქართველოს სოციალური დაცვის სისტემაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების რეალური დაცვის მიზნებს არ პასუხობს. ნიშანდობლივია, რომ პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიმღებ პირთა რაოდენობა საკმაოდ დაბალია, რაც მათ შორის, ამ სტატუსთან დაკავშირებული მწირი სოციალური გარანტიებით შეიძლება აიხსნას.

ჩვენი აზრით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ცვლის სახელმწიფოს პრობლემურ მიდგომებსა და პრაქტიკას, რომელიც პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს სუსტ სოციალურ გარანტიებს აძლევს და მომავალში ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისათვის სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ  უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს პარლამენტი და მისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობა და შესაბამისი აღმასრულებელი უწყებები პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებისთვის უფრო ფართო სოციალურ გარანტიებს, გასაცემლებსა და პროგრამებს გაითვალისწინებენ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უფლებებისა და სოციალური საჭიროებების დაცვას არსებითად გააუმჯობესებენ.  

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]  საქმის დეტალები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე https://socialjustice.org.ge/ka/products/pretsedentuli-gadatsqvetileba-piradobis-neitraluri-motsmobis-mkone-pirebis-sotsialuri-datsvis-garantiebis-gafartoebis-sakitkhze

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“