საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტოს წყარო: რადიო თავისუფლება
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება სოხუმის აეროპორტის გასხვისებასთან დაკავშირებულ პროცესებს და საქართველოს ხელისუფლებას რუსული ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ ქმედითი და დროული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
16 ივნისს სანქტ-პეტერბუგში რუსულ და აფხაზურ მხარეებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. რუსული მხარის განცხადებით, სოხუმის აეროპორტის აღდგენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია აფხაზეთში ტურიზმის და ზოგადად ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებისთვის. რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მაქსიმ რეშეტნიკოვის თქმით, სოხუმის აეროპორტი განტვირთავს სოჭის აეროპორტსაც და ადლერის საავტომობილო გამშვებ პუნქტსაც, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში მოსახვედრი მთავარი გზაა.
რუსულ და აფხაზურ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს რუსი ინვესტორისთვის სოხუმის ბაბუშერას აეროპორტის და მისი მიმდებარე ტერიტორიის, ასევე მიმდებარე შენობა-ნაგებობების იჯარით გადაცემას 49 წლით; 25 წლიან თავისუფალ საგადასახადო რეჟიმს; ინვესტორს გადაეცემა როგორც აეროპორტის ინფრასტრუქტურა, ასევე საჭიროების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიები და შენობა ნაგებობები. ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა არის 6-10 მილიარდი რუბლი. გარდა ამისა, აფხაზური მხარე თავის მხრივ ვალდებულებას იღებს აეროპორტამდე მიიყვანოს საგზაო ინფრასტრუქტურა; მოამარაგოს აეროპორტი ელექტროენერგიით, რისთვისაც უნდა განაახლოს აგუძერისა და დრანდის ქვესადგურები.
სოხუმის აეროპორტის გადაცემის საკითხს მღელვარება და შფოთი მოჰყვა აფხაზურ სამოქალაქო საზოგადოებაში. აფხაზი ექსპერტები და პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ აფხაზეთს “სჭირდება აეროპორტი, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად”, ისინი აკრიტიკებენ ხელშეკრულების პირობებს, რომელიც სრულ უპირატესობაში აყენებს ინვესტორ მხარეს და არ ითვალისწინებს აფხაზეთის ინტერესებს. აფხაზეთის ვეტერანთა გაერთიანების ერთ-ერთი წარმომადგენლის შეფასებით, ეს არის “მონური ხელშეკრულება”, რომელიც აფხაზეთს ჩამოართმევს აეროპორტს და მის მიმდებარე ტერიტორიას, გარდა ამისა, აფხაზეთის მოქალაქეებს დაუკარგავს ფინანსურ დამოუკიდებლობას.
უკრაინაში წარმოებული ომის და შესაბამისად, რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების ფონზე, რუსეთმა აფხაზეთში განსაკუთრებულად გააქტიურა ანექსიური პროცესები, რაც მათ შორის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის, მასობრივი საცხოვრებელი აპარტამენტების მშენებლობის, სოხუმის აეროპორტის გადაფორმების საკითხებში გამოვლინდა. აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს აფხაზეთში არსებული სტრატეგიული რესურსებისა და ობიექტების აგრესიულ ათვისებას, იმისათვის რომ შეამსუბუქუოს სანქციებით მიყენებული ზიანი და მოძებნოს ალტერნატივები მისი ბაზრისთვის. არსებობს ეჭვი, რომ სოხუმის აეროპორტი სწორედ ასეთი ალტერნატივა შეიძლება იყოს მისთვის სანქცირებული ტვირთის გადასატანად, რაც გააჩენს ე.წ. Შავ ხვრელს, გაუკონტროლებელი ეკონომიკური საქმიანობისთვის.
ამ პროცესებში საქართველოს ხელისუფლება დუმს, მას ამ დრომდე არ გაუკეთებია არც ერთი ოფიციალური განცხადება, სადაც ის დაგმობდა რუსეთის მიერ აფხაზეთში წარმოებულ ანექსიურ პროცესებს და ამასთანავე, უპასუხებდა აფხაზურ საზოგადოებაში გაჩენილ შიშებს და უკმაყოფილებებს რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიმართ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება, რომელიც დაგმობდა სოხუმის აეროპორტის გადაცემის და რუსეთის ანექსიური პროცესების დაჩქარების ფაქტს, არც ფართე საერთაშორისო ყურადღება მიუქცევია ამ პრობლემისთვის, რაც ბოლო წლებამდე ამ უწყების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი იყო. მეტიც, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, რომელიც აქტიურად არის ჩართული კონფლიქტის რეგიონებთან დაკავშირებული პოლიტიკის საკითხებში, ზედმეტი პროვოკაციული განცხადებები საჭირო არ არის, არაფერი “დასაძაბი” არ ხდება და აფხაზეთში მიმდინარე საპროტესტო პროცესებს ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა არ სჭირდება. ვოლსკის თქმით, პროცესებზე დაკვირვება სრულიად საკმარისია.
აშკარაა, რომ ბოლო 2 წელია საქართველოს ხელისუფლება ერთის მხრივ, პრაქტიკულად აღარ იყენებს იმ ტრადიციულ პოლიტიკურ მიდგომებს, რომელიც კონფლიქტის რეგიონებში ანექსიური პოლიტიკის დაგმობისა და ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოებასთან აქტიური მუშაობისკენ იყო მიმართული, მეორეს მხრივ, კი არ ქმნის კონფლიქტის ტრანფორმაციისკენ მიმართულ ახალ ალტერნატივებს და შესაძლებლობებს, რომელმაც უკრაინაში ომის შემდეგ აფხაზური საზოგადოების შიგნით გაჩენილ შიშებს, საჭიროებებსა და მოლოდინებს შეიძლება უპასუხოს.
ჩვენი რწმენით, ევროპეიზაციის პროცესს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესში, რაც მათ შორის, ევროკავშირის უნიკალური სამშვიდობო გამოცდილების, რესურსებისა და შესაძლებლობების გამოყენებაში შეიძლება გამოიხატოს. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობდეს ევროკავშირის გაფართოების პროცესში ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის საკითხების აქტიურ დაყენებას და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას, ის სრულ პასიურობას იჩენს ამ მიმართულებით და ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების მიმართ გამოყენებული ნეგატიური რიტორიკითა და პრობლემური გადაწყვეტილებებით მთლიანობაშიც აზიანებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს. კონფლიქტების მიმართულებით გამოვლენილი ეს დემონსტრაციული უმოქმედობა დამატებით ეჭვებსა და კითხვებს წარმოშობს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის ერთგულებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ:
ინსტრუქცია