[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / სტატია

დევნილი კაცები: ტრავმატულ და ჰეგემონურ გამოცდილებებს შორის

გიგა კარაპეტიანი 

 

წინასიტყვაობა

ქვეყანაში განვითარებული შეიარაღებული კონფლიქტები, განსხვავებულ გავლენას ახდენს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წევრების ცხოვრებაზე. ხშირად, დომინანტური პოლიტიკური და მედია დღის წესრიგი, ომს ნაციონალისტური სულისკვეთებით აღწერს. ეს მიდგომა იშვიათად ტოვებს შესაძლებლობას, გაანალიზდეს და ცენტრში მოექცეს ის ტრავმული გამოცდილებები, რომლებსაც ომის დროს განიცდიან ადამიანები. ამასთანავე, დომინანტური დისკურსებიდან თითქმის სრულად მარგინალიზებულია ომისგან გადარჩენილი დევნილი მოსახლეობის ხმები, მათი აწმყო და საჭიროებები. თავის მხრივ, დევნილი მოსახლეობის საჭიროებების იგნორირება პოლიტიკური დღის წესრიგიდან, პრობლემურია იმდენად, რამდენადაც იძულებით გადაადგილებული პირები, არ ტოვებენ საკუთარი ქვეყნის საზღვრებს, ამიტომ, მათი დაცვა და დახმარება სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. დევნილი მოსახლეობის დაცვის გზაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრებათ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებსაც; ისინი ურთიერთშეთანხმებულად უნდა ქმნიდნენ კოლაბორაციულ მიდგომას დევნილების პრობლემების გადასაჭრელად (United Nations 2022). დევნილების საჭიროებებზე ფოკუსირებული იმ სტატიების ძიების პროცესში, რომელიც მათ გამოწვევებს გენდერული კუთხით აანალიზებს, აღმოვაჩინე, რომ არსებული ანალიტიკური ანგარიშები, დევნილი მოსახლეობის გენდერულ ასპექტებს ვიწროდ, ექსკლუზიურად ქალების პერსპექტივად წარმოაჩენს. მუშაობის ეს მიდგომა, აფერმკრთალებს ზოგად გენდერულ უთანასწორობაში კაცების როლისა თუ გამოცდილების შესწავლის მნიშვნელობას. ამის გათვალისწინებით, სტატიაში შევეცდები ავხსნა, როგორ მოქმედებს დევნილობასთან დაკავშირებული გამოცდილებები და ომის ტრავმები კაცებზე და როგორ ცვლის ის არსებულ გენდერულ ურთიერთობებს. ამ საკითხის გააზრებისთვის, დავეყრდნობი რამდენიმე არგუმენტს იმ ანალიტიკური სტატიებიდან და კვლევითი ანგარიშებიდან, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირების საკითხებს ეხმიანება და ამ თემას საქართველოს კონტექსტით სწავლობს.

კონტექსტის მიმოხილვა და მასკულინობაზე რეფლექსიის მნიშვნელობა

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში განვითარებულ შეიარაღებულ კონფლიქტებს დევნილების სამი ძირითადი ტალღა მოყვა; ამ ტალღების ქრონოლოგიური დალაგება შემდეგი ფორმით არის შესაძლებელი: (1) 1991-1993, (2) 1998 და (3) 2008 წლები (Kabachnik, et al. 2013, 779). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილი ოჯახების რაოდენობა 92079-ია. ჯამში, 286442[1] იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული.  სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით კი მხოლოდ 50 000-მდე დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 2022). დევნილების დიდი ნაწილი, ჯერ კიდევ ცხოვრობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ისეთ კოლექტიურ საცხოვრებლებში, რომლებსაც გრძელვადიანი ცხოვრებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნია; ნაწილი აგრძელებს ცხოვრებას მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ქირით თუ კერძო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საცხოვრებლის უფლება არ გულისხმობს მხოლოდ თავშესაფრით უზრუნველყოფას და მასში განიხილება, როგორც უსაფრთხო, ასევე მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების საკითხი (ქურდოვანიძე 2014, 13). დევნილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე რეფლექსიისას, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს, თუ როგორ ცვლის ცალკეული სოციალური ჯგუფის წარმომადგენლების ცხოვრებას დევნილობა და ის გამოცდილებები, რომელიც მათთვის ამ სტატუსის მიღებას განაპირობებს. მსჯელობის დომინანტური ხაზი, ხშირად ტერიტორიის/მიწის კუთვნილებაზე დაიყვანება და არა ადამიანებთან ურთიერთობის შენების მნიშვნელობაზე, მათი საჭიროებების გააზრებასა თუ მათთან დაახლოების გზების ძიებაზე. თავის მხრივ, კონფლიქტი და ძირითადი საცხოვრებელი არეალიდან იძულებით გადაადგილების გამოცდილება, განსხვავებულ გავლენას ახდენს ბიჭებისა და გოგოების, კაცებისა და ქალების გენდერულ როლებსა, თუ მათ ძალაუფლებრივ დინამიკაზე. გენდერზე მუშაობა, ხშირად, ძალიან მკაფიოდ არის გაიგივებული გოგოებისა, თუ ქალების საკითხად (Global Protection Cluster Working Group 2010, 14) და, უფრო მეტიც, გენდერი ხდება ქალების სინონიმი, რაც მასკულინობაზე დებატის სიმწირესაც განაპირობებს; კაცები თუ კაცების კონკრეტული ჯგუფები უხილავები ხდებიან, მათი საჭიროებები კი ხშირად არაპრიორიტეტული და იგნორირებული ხდება (Kabachnik, et al. 2013, 775). ამის გამო, საკითხის გენდერულ ანალიზს ღირებული დატვირთვა ენიჭება − ის იძლევა შესაძლებლობას, იდენტიფიცირებულ იქნას არა მხოლოდ ის გამოწვევები, რომლებსაც დევნილი ქალები და გოგოები, არამედ, კაცებიც და ბიჭებიც აწყდებიან (Global Protection Cluster Working Group 2010, 14). არსებული გენდერული განსხვავებების გაცნობიერება კი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია შექმნას გენდერულად-სენსიტიური მიდგომა, რომელიც დაეხმარება, მათ შორის, დევნილ ქალებს, გამოწვევებთან გამკლავებაში (Seguin 2020, 301). ამასთან ერთად, მასკულინობის საკითხების იგნორირება, შესაძლოა, იმ დამატებით უსამართლობასაც აწარმოებდეს, რომელიც ქალებს, როგორც ‘ნამდვილ დევნილებად[2]’ ნიშნავს; ეს დაშვება კი პრობლემურია იმდენად, რამდენადაც ქალებს საკუთარ აგენტობას ართმევს და პასუხისმგებლობებისგან ათავისუფლებს (Turner 2000, 8). დევნილი კაცების მდგომარეობის გაანალიზებამდე, მნიშვნელოვანია ისეთ საკითხებს შორის კავშირების დანახვა, რომელიც ჰეგემონური მასკულინობის ფორმებსა და მილიტარიზების პოლიტიკას ეხება. ამასთან ერთად, თავად მასკულინობაზე რეფლექსია იძლევა შესაძლებლობას, ამხილოს გენდერული საკითხების მრავალშრიანობა და ამ უთანასწორობების კვლავწარმოების პროცესში მასზე მოქმედი სხვა სოციალური ფაქტორების როლიც.  

მილიტარიზებული მასკულინობა და ძალადობის გენდერი

გენდერული ურთიერთობები და გენდერი, იმ სოციალური კონსტრუქტების  ზოგადი აღმნიშვნელია, რომელიც მასკულინობასა და ფემინურობას ეხება. გენდერი მიემართება ორივე სოციალურ ჯგუფს და მათ შორის არსებულ ძალაუფლებრივ ასიმეტრიებს. გენდერული ნიშნით ძალადობა, ერთ-ერთია იმ ყველაზე ხილვად განზომილებებს შორის, რომელიც ძალაუფლების ასიმეტრიულ ფლობას უკავშირდება (The UN Refugee Agency, Prevention and response to sexual and gender-based violence in refugee situations 2001, 6). თავად მასკულინობა და ფემინურობა მონათესავე კონცეპტებია იმ გაგებით, რომ მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ მნიშვნელობა, როდესაც ორივე არსებობს; ეს მათ შორის არსებულ კონტრასტს აყალიბებს. ქმნის კულტურულად დაშვებულ და მიუღებელ ნორმებს ქალობისა და კაცობის როლებისთვის. მასკულინობა და ფემინურობა აწარმოებს იმ ინტერნალიზებულ როლებს, რომელიც სოციალიზაციის პროცესში ყალიბდება (Connell 2005, 22). მასკულინობის ქოლგის ქვეშ მოიაზრება ის სოციალურად კონსტრუირებული მახასიათებლები, რომლებიც ამა თუ იმ საზოგადოებაში კაცებს მიეწერებათ. კაცობასთან დაკავშირებული მოლოდინები სივრცულად ცვალებადია (Buscher 2005, 5) და მასზე გავლენას სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი ახდენს.

ომი და სამხედრო ძალები მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაციონალისტურ-მილიტარისტულ მითებთან. თავის მხრივ, მილიტარიზებული მასკულინობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც მასკულინობის ჰეგემონურ ფორმებს აყალიბებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ორი დათქმის გაკეთება; პირველი, მსგავსი პრაქტიკები მასკულინობის იმ ესენციალისტურ კონცეპტუალიზებას ეყრდნობა, რომელიც კაცს, როგორც აგრესიულს, ხოლო ქალს − მშვიდ დედებად ნიშნავს; მეორე, პარადოქსულია, რომ ეს დისკურსი დღესაც გავლენიანია და მის ახალ ფორმებსაც წარმოშობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრადიციულ კონსტრუქტებს გამოწვევები ქალების სამხედრო სამსახურში შესვლამ შეუქმნა (Christensen and Rasmussen 2015, 189). ცხადია, ეს დაშვებები იმ ცალკეული კაცების ისტორიასაც არ გამორიცხავს, რომლებსაც სამხედრო სამსახურში შესვლა არ სურთ. ზოგიერთ მათგანს უძნელდება კიდეც იმის აღიარება, რომ სამხედრო სამსახურში ყოფნა მათი პირადი სურვილი არაა (ენლოუ 2018, 193). ზოგადად, ძალადობასთან დაკავშირებულ მსჯელობაში კი, მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას თავად ძალადობის დეფინიციაც. ძალადობა, მისი მოკლე განმარტებით, დაკავშირებულია ზიანის მიყენებასთან ორივე, როგორც ფიზიკური, ასევე სტრუქტურული განზომილებით. ფიზიკური ძალადობა, ძალადობის პირდაპირი გამოვლინებაა, ხოლო მის უხილავ, შენიღბულ ფორმას სტრუქტურული ძალადობა წარმოადგენს. ძალადობის საჯარო პერფომანსი და კულტურულად მნიშვნელოვანი რიტუალები აყალიბებს ძალადობას, როგორც მასკულინობის ‘მეს’ თვითგამოხატვის ერთ-ერთ ძირითად საშუალებად; აღნიშნული კი კოლექტიურ მეხსიერებაშია განსხეულებული (Martin 2021, 169-170).

რადგან ომი ძალადობის გამოვლენის უკიდურესი ფორმაა და ის ნაციონალისტურ ნარატივებთან ერთად თანაარსებობს, მასში მონაწილეობა მრავალი კაცისთვის ღირსების საკითხი ხდება. თუ მასკულინობის მილიტარიზებული ფორმა მასკულინობის ჰეგემონური მახასიათებლების ნაკრებს ქმნის, ომის შედეგად შეძენილი დევნილობის სტატუსი მასკულინობის ამ ფორმას მნიშვნელოვან დივიდენდებს ართმევს; ეს განპირობებულია ომის მარცხით, ოჯახის მარჩენლის როლისა თუ სხვა, იმ სოციალური სტატუსების დაკარგვით, რომელიც კაცებს პატრიარქალურ საზოგადოებებში მიეწებებათ. ამის გამო, მნიშვნელოვანია, გაანალიზდეს, თუ როგორ ფორმას იძენს დევნილი მასკულინობა და როგორ ურთიერთობას ინარჩუნებს ის ჰეგემონური მასკულინობის პრინციპებთან; როგორ გზებს პოულობს სოციალური სტატუსის კვლავ მოსაპოვებლად და როგორ გამოხატავს ომის მარცხის შედეგად მიღებულ ტრავმულ გამოცდილებას. შემდეგ სექციაში დებატი ამ საკითხების გაშლას დაეთმობა.

ომის ჭრილობები და ტრავმატული მასკულინობა

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიმოხილვა ცხადყოფს, რომ საქართველოში დევნილი კაცების რაოდენობა 86 774-ია და მათი უმრავლესობა - 63 835 დევნილი, საქალაქო ტიპის დასახლებაში ცხოვრობს (ჰაკერტი 2017, 58) და იძულებით გადაადგილებულ პირთა 2019 წლის სტატისტიკის მიხედვით კაცები რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობის 47%-ს (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020, 69) შეადგენენ,  მათ საჭიროებებზე არსებული სიღრმისეული რაოდენობრივი და თვისებრივი ხასიათის კვლევები ფრაგმენტულად მოიპოვება. ქალები, დევნილი კაცების მდგომარეობას ხშირად განსაზღვრავენ, როგორც ორმაგად ტრავმირებულს; ერთი მხრივ, კაცები გრძნობენ პირად პასუხისმგებლობას ომის წაგებასა და საკუთარი ძირითადი საცხოვრებელი არეალის დატოვებაში და, მეორე მხრივ, დევნილობის სტატუსის მიღების შემდეგ, ისინი ვეღარ პოულობენ დასაქმების შესაძლებლობებს საკუთარი ოჯახების გაძღოლისთვის. უფრო მეტიც, კაცები გრძნობენ სირცხვილსაც იმის გამო, რომ ქალები მეტად შემოქმედებითები ხდებიან შემოსავლის ძიების გზაზე (Buck, et al. 2000). დამატებით, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ კაცების დაუსაქმებლობა მათ ავტორიტეტსა და სოციალურ სტატუსს საფრთხის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ მათი ოჯახების, არამედ იმ თემის შიგნითაც, რომელშიც თვითონ ცხოვრობენ (Gonalons-Pons and Gangl 2021, 473). საქართველოში მცხოვრები დევნილი კაცების მდგომარეობის გაგებისთვის, გასათვალისწინებელია დევნილობამდე არსებული კონტექსტიც; კვლევები ცხადყოფს, რომ 15-დან 10 ოჯახში, ძირითადი შემომტანები კაცები იყვნენ და ისინი ფლობდნენ ოჯახის გაძღოლის სტატუსსაც. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ თავად კაცებს ჰქონდათ დასაქმების მეტი შესაძლებლობები ისეთ ანაზღაურებად შრომით პოზიციებზე, რომელიც ქალების შრომით პოზიციებთან შედარებით მაღალანაზღაურებადი იყო. ქალების როლი დევნილობის სტატუსამდე, ძირითადად, შინამეურნეობაზე ზრუნვასა და ბავშვების გაზრდით განისაზღვრებოდა (Arjevanidze 2009, 30-36). დევნილობის სტატუსის მიღების შემდეგ, ქალების მაღალი ჩართვა ანაზღაურებად შრომით ბაზარზე, არ უნდა განაპირობებდეს კაცებზე დებატის გამოთიშვას გენდერული დინამიკის გაანალიზების პროცესიდან; ვინაიდან, მსგავსი პრაქტიკები არ ცვლის იმ ზოგად სურათს, რომელსაც პატრიარქალური ლოგიკა აწარმოებს − კაცები კვლავ მიიჩნევიან ოჯახების მთავარ მარჩენალად თუ მმართველ პოზიციებზე დასაქმების საუკეთესო კანდიდატებად. მნიშვნელოვანია იმის გაანალიზებაც, რომ კაცების აღქმა ჰომოგენურ ჯგუფად არ მოხდეს (Brun 2000, 10-11); ვინაიდან, მათი საჭიროებები განსხვავებულია და მასზე გავლენას სხვადასხვა ფაქტორი ახდენს. მაგალითად, საქართველოში მცხოვრებ დევნილ ახალგაზრდა კაცებზე მსჯელობის დროს, მნიშვნელოვანი იქნებოდა იმაზე რეფლექსია, რომ მათ მოუწიათ იმ სიმბოლური როლის სიმძიმის ტარება, რამაც მამების შემდეგ მათი, როგორც საკუთარი ოჯახების მარჩენლის სტატუსი განსაზღვრა. ომისგან დატოვებულ ჭრილობებსა თუ ტრავმებზე რეფლექსიის დროს, კაცების მდგომარეობას, ერთი მხრივ, აქტუალურს ხდის ისიც, რომ ომში კაცების პირდაპირი მონაწილეობა ხშირად მათი სამხედრო სამსახურში ყოფნით აიხსნება. მაგრამ, მეორე მხრივ, საყურადღებოა ისიც, რომ კონფლიქტით დაზარალებული იმ კაცების წილი, რომლებსაც სამხედრო გამოცდილება არა აქვთ, 95%-ს აღწევს (რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი 2017, 60). შესაბამისი სამხედრო გამოცდილების გარეშე ომში ჩართვას საკუთარი კულტურული თუ სხვა სტრუქტურული ახსნა აქვს; ამ ახსნის პროცესში კი, მნიშვნელოვანი ხდება იმ პერსონალურ თუ კოლექტიურ ტრავმებსა და ფსიქოლოგიურ ჭრილობებზე რეფლექსია, რომელსაც ომი მასში ჩართულ კაცებზე იარების სახით ტოვებს.

ომის შემდეგ, დევნილი კაცების ცხოვრება წინააღმდეგობრივია იმდენად, რამდენადაც დისონანსურია პრაქტიკა და ის გენდერული წესრიგი, რომელში ცხოვრებაც მათ უწევთ; მათი აწმყო ცხოვრების წესი, მიანიშნებს გენდერული როლების მკვეთრ ცვლილებაზე, რომელშიც ძირითადი ან ერთადერთი მარჩენლის როლი, კაცის ნაცვლად ქალს უკავია. კვლევაში, რომელიც აფახზეთიდან დევნილი კაცების საჭიროებებს ეხება, ციტატის სახით ნაჩვენებია, თუ როგორ აღწერს ერთ-ერთი დევნილი კაცი საკუთარ მდგომარეობას:

მე უფრო მეტად დავიძაბე და დეპრესიული გავხდი. ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ქალები... ჩანდა, თითქოს მათ ჰქონდათ ბრძოლის მეტი უნარი. კაცები... ისინი მეტად დეპრესიულები იყვნენ... ისინი უფრო ჩავარდნენ დეპრესიაში[3].

კაცების მიერ ქალების მეტად ბრძოლისუნარიანად აღწერა, ასევე არ უნდა გულისხმობდეს ქალების მდგომარეობის მარტივად წარმოჩენას; რადგან, ქალებს მარჩენლის როლების საკუთარ თავზე აღება, ომის შედეგად დაკარგული ოჯახის წევრების გლოვის კვალდაკვალ მოუწიათ. მაგალითად, ერთ-ერთი აფხაზი დევნილი ქალი მის მდგომარეობაზე საუბრის დროს აღნიშნავს: მე ვარ დედა, რომელმაც დაკარგა მისი ერთადერთი ვაჟი და ოჯახის მარჩენალი[4].

შრომითი ბაზრიდან, საქართველოში მცხოვრები დევნილი კაცების განდევნა, ხშირად დასაქმებისთვის საჭირო უნარების ნაკლებობით და დასაქმების ზოგადი შეზღუდული შესაძლებლობებით აიხსნება. გასათვალისწინებელია შრომითი ბაზრის ფემინიზაციაც, რომელიც ქალებს, ხშირ შემთხვევაში, დაბალანაზღაურებად პოზიციებზე ასაქმებს. ამასთან ერთად, ქალების შესვლა ანაზღაურებად შრომით ბაზარზე, არ განაპირობებს იმას, რომ ისინი უხილავ, აუნაზღაურებელ საოჯახო შრომას აღარ გასწევენ. ძირითადად, საოჯახო შრომის შემსრულებლები კვლავ ქალები რჩებიან. პატრიარქალური გარემო კაცობასთან მიწებებული სხვა როლების სტატიკურობასაც ინარჩუნებს, რასაც პრაქტიკა და ცხოვრების გენდერული ჩარჩო ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოჰყავს. კაცები დემასკულინიზაციის პროცესს განიცდიან და საკუთარ ტრავმებთან ცხოვრებას იწყებენ. საგულისხმოა ისიც, რომ ტრავმატული მასკულინობა ჰეგემონურ მასკულინობასთან ერთად თანაარსებობს და არა მისგან დამოუკიდებლად. მაშასადამე, ნარჩუნდება გენდერული როლების მიმართ ტრადიციული აღქმებიც. თავის მხრივ, ტრავმა განსხეულებულ და განგრძობად ფორმას იძენს, ვინაიდან დევნილი კაცები ვეღარ ახერხებენ დაკარგული პრივილეგიების მოპოვებას. ეს მძიმე ფსიქოლოგიურ და ემოციურ გამოწვევებთან ასოცირდება. საქართველოში მცხოვრები დევნილი კაცები, მარჩენლის როლის დაკარგვის გამო ხშირად ალკოჰოლზე დამოკიდებულები ხდებიან, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობასაც. აქ ეკონომიკურ მარგინალიზებასთან, ერთად, მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოსტგადაადგილების, პოსტკონფლიქტური ინტეგრაციის ნაკლებობის, მატერიალური მოწყვლადობისა და სარისკო პირობებში ცხოვრების გამოცდილებებიც; იძულებით გადაადგილებული პირების მოწყვლადობაზე მიანიშნებს კვლევის შედეგებიც, რომელიც აჩვენებს, რომ დევნილი კაცები არადევნილ კაცებზე მეტ დროს ატარებენ სახლში. ამის ერთ-ერთი მიზეზი დასაქმების სტატუსია − თუ არადევნილი კაცების 59% დასაქმებულად მიიჩნევს თავს, იგივე სტატუსს დევნილი კაცებიდან მხოლოდ 40% ფლობს. დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის სერვისების არაეფექტურობასა და გეოგრაფიულ იზოლირებულობაზე მიანიშნებს ისიც, რომ დევნილი კაცები, ძირითადად, სხვა დევნილ კაცებთან ატარებენ დროს (Kabachnik, et al. 2013, 774-781).

შემაჯამებელი დასკვნები, საქართველოში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან დაკავშირებული ცალკეული კვლევებიდან, აჩვენებს დევნილი კაცების მდგომარეობის სიმძიმეს და იმ ტრავმულ გამოცდილებებს, რომლებიც მათ ომმა დაუტოვათ. ამასთან ერთად, აშკარაა, რომ მასკულინობის საკითხებზე რეფლექსია გენდერულ თანასწორობაზე მუშაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღერძს წარმოადგენს. დევნილი კაცების მდგომარეობის სიმძიმე მიანიშნებს მათ სოციალურ მოწყვლადობასა და არადევნილი მოსახლეობისგან იზოლირებულობაზე, მაშინ, როდესაც ინტეგრაციის ეფექტიანი პოლიტიკა, ერთი მხრივ, დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს უნდა ითვალისწინებდეს და, მეორე მხრივ, მიმართული იყოს კულტურათაშორის დაახლოების, ურთიერთობების შენებისთვის საჭირო გონივრული ნაბიჯების გადადგმისკენ. გენდერული როლების კონტექსტური ცვლილება, ნორმატიული მასკულინობის ძირითად პრინციპებს არ ცვლის; ამის გამო, გენდერული თანასწორობის შენებისა და დევნილი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის პროცესში, კაცების საჭიროებებზე თანმიმდევრული მუშაობა სახელმწიფოსგან მეტი ყურადღების გამოჩენის და გონივრული ნაბიჯების გადადგმის ვალდებულების მნიშვნელობას კვეთს.

დასკვნა

დევნილი მოსახლეობის საჭიროებების სიღრმისეულად გაანალიზებისთვის და გენდერულად მგრძნობიარე მიდგომის შემუშავებისთვის, მნიშვნელოვანია მასკულინობის საკითხებზე აქტიური მუშაობის დაწყება. ეს სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს, მათ შორის, ქალების მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე; თუ ქალები ანაზღაურებად შრომით პოზიციებზე დასაქმების შემდეგ, ვერ თავისუფლდებიან საოჯახო შრომითი ვალდებულებებისგან, გამოდის, რომ მათ ორმაგ ცვლაში უწევთ მუშაობა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, კაცებმა საკუთარ თავზე აიღონ საოჯახო შრომის შესრულების ვალდებულებები და, ამასთან ერთად, სახელმწიფომ შექმნას ეფექტიანი სერვისები დევნილი მოსახლეობის კულტურული ინტეგრაციისთვის და მათი დასაქმების ხელშეწყობისთვის. ასევე, რადგან კაცების ტრავმული გამოცდილებები, ნეგატიურ გავლენას ახდენს მათ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე, რაც ხშირად ალკოჰოლზე დამოკიდებულებასაც განაპირობებს, მნიშვნელოვანია ამ საკითხების პრიორიტეტიზაცია იმ ორგანოების დღის წესრიგში მოხდეს, რომლებიც ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის პრევენციაზეა პასუხისმგებელი; ამ კონტექსტში, ალკოჰოლზე დამოკიდებულება შეიძლება მოაზრებულ იქნას, როგორც ძალადობის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორიც. თავის მხრივ, კაცების კულტურული და ეკონომიკური მოწყვლადობა მიანიშნებს დევნილი კაცების ინტეგრაციისთვის ეფექტიანი ფსიქო-სოციალური სერვისების შექმნის საჭიროებაზეც. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ დევნილ კაცებთან თუ დევნილობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გაანალიზებას, დამატებითი სიღრმისეული კვლევა სჭირდება, როგორც რაოდენობრივი, ასევე - თვისებრივი მეთოდოლოგიის გამოყენებით, რადგან არ არსებობს თანმიმდევრული კვლევითი ცოდნა ან, თუნდაც, ჟურნალისტური მასალები, რომელიც დევნილი კაცების პერსპექტივას, გრძნობებს, მოწყვლადობასა თუ მათი მასკულინობის ფორმებს წარმოაჩენდა. სამომავლოდ, კვლევის პროცესში, მნიშვნელოვანი იქნებოდა ისეთი ასპექტების ნიუანსირიზებულად შესწავლა, როგორიცაა კაცების სტრესთან გამკლავების მექანიზმები, არარეალიზებულობის განცდა და კაცებს შორის არსებული სოლიდარობის და სოციალიზაციის პრაქტიკები, არადევნილ მოსახლეობასთან ინტეგრაციის გზები, თავისუფალი დროის ათვისების სტრატეგიები, დასაქმების შესაძლებლობები და მასთან დაკავშირებული გამოცდილებები. ამ საკითხების შესწავლა პრობლემების გადაჭრის ჰოლისტურ გზებს შექმნის; ამასთან ერთად, მოიტანს შესაძლებლობას, რომ გენდერული ურთიერთობებისა თუ ძალაუფლებრივი დინამიკის გაანალიზების პროცესში, ხილვადი გახდეს უთანასწორობაზე მოქმედი ფსიქო-სოციალური კეთილდღეობისა და ეკონომიკური ფაქტორების როლიც.

სტატია მომზადებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) და კვინა ტილ კვინას მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში “კონფლიქტების ტრანსფორმაციის წახალისება კონფლიქტებთან დაკავშირებული ისტორიის კრიტიკული გადააზრების და ქალთა პერსპექტივების გაძლიერებით“.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

ბიბლიოგრაფია

Arjevanidze, Nargiza. 2009. "Changing Gender Relations within the Families of the Internally Displaced Population in Georgia." Masters Thesis, Department of Gender Studies , Central European University , Budapest, Hungary.

Brun, Cathrine. 2000. "Making young displaced men visible." FORCED MIGRATION review 9 10-12. Accessed 12 4, 2022. https://www.fmreview.org/sites/fmr/files/FMRdownloads/en/gender-and-displacement/brun.pdf.

Buck, Thomas, Alice Morton, Susan Allen Nan, and Feride Zurikashvili. 2000. Aftermath: effects of conflict on internally displaced women in Georgia. Working Paper No. 310, Washington, DC: USAID. Accessed 10 2022, 30. https://reliefweb.int/report/georgia/aftermath-effects-conflict-internally-displaced-women-georgia.

Buscher, Dale. 2005. Masculinities: Male Roles and Male Involvement in the Promotion of Gender Equality. United States of America : Women’s Commission for Refugee Women and Children . Accessed 12 3, 2022. https://search.issuelab.org/resources/2922/2922.pdf.

Christensen, Ann-Dorte, and Palle Rasmussen. 2015. "War, violence andmasculinities: introduction and perspectives." NORMA: International Journal for Masculinity Studies (Routledge) 189-202. Accessed 12 2, 2022. https://www.researchgate.net/publication/311092882_War_violence_and_masculinities_Introduction_and_perspectives.

Connell, R. W. 2005. MASCULINITIES. Berkeley Los Angeles: University of California Press. Accessed 12 14, 2022. http://lulfmi.lv/files/2020/Connell_Masculinities.pdf.

Global Protection Cluster Working Group. 2010. Handbook for the Protection of Internally Displaced Persons. The UN Refugee Agency. Accessed 11 20, 2022. https://www.unhcr.org/protection/idps/5ad5a43a7/handbook-protection-internally-displaced-persons.html?query=1992%20idp%20georgia.

Gonalons-Pons, Pilar, and Markus Gangl. 2021. "Marriage and Masculinity: Male-Breadwinner Culture, Unemployment, and Separation Risk in 29 Countries." American Sociological Review (SAGE) 86(3): 465-502. Accessed 12 2022. doi:10.1177/00031224211012442.

Kabachnik, Peter, Magdalena Grabowska, Joanna Regulska, Beth Mitchneck, and Olga V. Mayorova. 2013. "Traumatic masculinities: the gendered geographies of Georgian IDPs from Abkhazia." Gender, Place & Culture: A Journal of Feminist Geography (Routledge: Taylor & Francis) 773-793. Accessed 11 28, 2022. doi:10.1080/0966369X.2012.716402.

Martin, Debra L. 2021. "Violence and Masculinity in Small-Scale Societies." Current Anthropology 62: 169-181. Accessed 11 28, 2022. doi:https://doi.org/10.1086/711689.

Seguin, Maureen. 2020. "20 Aspects of loss and coping among internally displaced populations: Towards a psychosocial approach." In Refuge in a Moving World: Tracing refugee and migrant journeys across disciplines, edited by Elena Fiddian-Qasmiyeh, 289-305. UCL Press. Accessed 12 14, 2022. https://www.jstor.org/stable/j.ctv13xprtw.27.

The UN Refugee Agency . 2009. Protection of Internally Displaced Persons in Georgia: A Gap Analysis. UNHCR. Accessed 12 9, 2022. https://www.unhcr.org/protection/convention/4ad827f59/protection-internally-displaced-persons-georgia-gap-analyis-july-2009.html?query=1992%20idp%20georgia.

The UN Refugee Agency. 2001. "Prevention and response to sexual and gender-based violence in refugee situations." INTER-AGENCY LESSONS LEARNED CONFERENCE PROCEEDINGS. GENEVA: UNHCR. 3-60. Accessed 11 17, 2022. https://www.unhcr.org/protection/women/3bb44cd811/prevention-response-sexual-gender-based-violence-refugee-situations-inter.html?query=1992%20idp%20georgia.

Turner, Simon. 2000. "Vindicating masculinity: the fate of promoting gender equality." Gender and displacement (FORCED MIGRATION review 9). Accessed 12 17, 2022. https://www.fmreview.org/sites/fmr/files/FMRdownloads/en/gender-and-displacement/turner.pdf.

United Nations. 2022. "SPECIAL RAPPORTEUR ON INTERNALLY DISPLACED PERSONS." Accessed 12 3, 2022. https://www.ohchr.org/en/special-procedures/sr-internally-displaced-persons.

ენლოუ, სინთია. 2018. „ქალების, როგორც დედების, სამხედრო მოსამსახურეების, ფემინისტებისა და მოდის დიზაინერების მილიტარიზაცია.“ ფემინისტური საკითხავი: დებატები კულტურის, კანონისა და სექსუალობის შესახებ-ში, რედაქტირებული თამარ ცხადაძე და ეთუნა ნოღაიდელი-ის მიერ, გადათარგმნილია მარიამ ჭანჭალეიშვილი-ის მიერ, 193-292. თბილისი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო.

რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი. 2017. გენდერული ძალადობა საქართველოში. www.worldbank.org . წვდომილი 2022 წლის 22 12. https://openknowledge.worldbank.org/server/api/core/bitstreams/4441b527-2983-59be-a583-c7337b176c50/content.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. 2022. რამდენიმე ფაქტი დევნილების განსახლებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. წვდომილი 2022 წლის 2 12. https://transparency.ge/ge/post/ramdenime-pakti-devnilebis-gansaxlebastan-dakavshirebit.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2020. ქალი და კაცი საქართველოში - სტატისტიკური პუბლიკაცია. თბილისი: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. წვდომილი 2022 წლის 20 12. https://www.geostat.ge/media/38262/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%2C-2020.pdf.

ქურდოვანიძე, ნონა. 2014. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკა. თბილისი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. წვდომილი 2022 წლის 1 12. shorturl.at/kRW28.

ჰაკერტი, რალფ. 2017. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა. თბილისი: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი). წვდომილი 2022 წლის 2 12. http://census.ge/files/results/publication/ge/3.%20Population%20Dynamics%20_GEO-Print_F.pdf.

[1] საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დევნილების რაოდენობა საქართველოში, იხ. ცხრილი:

https://www.moh.gov.ge/uploads/files/2021/_Devnilta_Statistika.pdf

[2] Real Refugees, იხ. https://www.fmreview.org/sites/fmr/files/FMRdownloads/en/gender-and-displacement/turner.pdf, გვ. 8.

[3] ‘I became more tense, became more depressed, this was not surprising. Women… is seemed like [they had] more ability to fight somehow… men… they were more depressed… they became depressed’ (Kabachnik, et al. 2013, 780).

[4] ‘I am a mother who lost her only son and breadwinner’ (Kabachnik, et al. 2013, 781);

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“