საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ქალაქ ფოთში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა, ისევე როგორც მყარი ნარჩენებით გარემოს დაბინძურება ადგილობრივებს უკვე დიდი ხანია აწუხებთ. განსაკუთრებით მძიმე პირობებია იმ უბნებში, რომლებიც უშუალოდ კვეთს საწარმოო ზონას. მაგალითისთვის ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სახლი მეტალურგიული ქარხნიდან სულ რაღაც 145 მეტრითაა დაშორებული. საწარმოების საცხოვრებელ ზონებთან სიახლოვე და სუსტი სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემა, რომელიც ინდუსტრიული ობიექტების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს, უკიდურესად უარყოფითად აისახება ადგილობრივების ცხოვრების ხარისხზე და ჯანმრთელობაზე.
გარდა იმისა, რომ ფოთში ინდუსტრიული ობიექტების კონცენტრაცია მთელი ქალაქის მოსახლეობისთვის იწვევს ჰაერის დაბინძურებას, საწარმოებთან განსაკუთრებით ახლოს მცხოვრები ოჯახებისთვის დამატებით დგას განსახლების საკითხიც. აქაც, განსახლების მიმართულებით სახელმწიფო არსებითად იმავე ლოგიკით მოქმედებს, როგორც სხვა რეგიონებში: მაგალითად, ჯავახიშვილის ქუჩის შემთხვევაში, ვხედავთ საწარმოს პირისპირ დარჩენილ დაზარალებულ ოჯახებს, ადგილობრივი თვითმმართველობა კი გვევლინება როგორც ერთგვარი შუამავალი კერძო კომპანიასა და მოსახლეობას შორის.
შესაბამისად, გარემოსდაცვითი ნორმების დარღვევით და არამდგრადი სამეწარმეო საქმიანობით დაზარალებული მოსახლეობის განსახლება და კომპენსირება ცალსახად საჭიროებს სახელმწიფოს ჩარევას და ერთგვაროვანი და სისტემური გამოსავლის შემუშავებას.
რაც შეეხება ზოგადად ქალაქში არსებულ მძიმე მდგომარეობას, ერთი მხრივ, აუცილებელია ადგილობრივ დონეზე მდგრადი ქალაქგეგმარების პრინციპების დანერგვა, მეორე მხრივ კი, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და ინდივიდუალური საწარმოების კონტროლის მიმართულებით ნათელია, რომ მიუხედავად არაერთი ინსპექტირებისა, საზედამხედველო ორგანოებს უჭირთ, გრძელვადიანად უზრუნველყონ კომპანიების მიერ გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულება. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა უწყებებმა სისტემურად გაანალიზონ ვითარება და არსებული მონაცემების საფუძველზე, გამოიკვლიონ, რატომაა, რომ საწარმოები სანქციების დაკისრების შემდეგაც აგრძელებენ კანონმდებლობის დარღვევას.
ფრაგმენტული, რეაგირებაზე დაფუძნებული მუშაობის ნაცვლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებები, პირველ რიგში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და გარემოს ეროვნული სააგენტო პროაქტიულად და ერთობლივად შეეცადონ ქალაქ ფოთში (და ზოგადად ქვეყანაში) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, მათ შორის, დამრღვევი საწარმოების კონტროლზე აყვანით და საქმიანობის შეჩერების ბერკეტის უფრო ხშირი გამოყენებით.
ინსტრუქცია