[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მხარს უჭერს ფოთის მოსახლეობის სამართლიან პროტესტს ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ქ. ფოთის, ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლების პროტესტს ქალაქში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს მათ სამართლიან მოთხოვნებზე დაუყოვნებელი რეაგირებისაკენ.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ხელისუფლების უმოქმედობას გუშინ დილიდან აპროტესტებენ. დაშლის შესახებ პოლიციის შეთავაზების მიუხედავად, მათმა უმეტესობამ ქუჩაშივე გაათენა ღამე. მოსახლეები ნავსადგურამდე მისასვლელ გზაზე საპროტესტო აქციებს მართავენ, რის გამოც ათობით ტრაილერია გაჩერებული. ადგილობრივების თქმით, ისინი ადგილზე დარჩენას მანამ აპირებენ, სანამ მთავრობისგან კონკრეტულ პასუხს არ მიიღებენ ქალაქში შექმნილი უმძიმესი ეკოლოგიური ვითარების დაძლევასთან დაკავშირებით. მიუხედავად პროტესტისა, ამ დრომდე ხელისუფლებას არ წარმოუდგენია პრობლემების აღმოფხვრისაკენ მიმართული კონკრეტული ინიციატივები.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში აპროტესტებს ქალაქში (ძირითადად საწარმოო და ნავსადგურის ზონებში) არსებულ მძიმე ეკოლოგიურ ვითარებას - ჰაერის დაბინძურებას, არასასიამოვნო სუნსა და ხმაურს, რომლის წყაროებიც ნავსადგური, საწარმოები და ნაყარი ტვირთების ღია წესით გადამუშავება, ასევე საავტომობილო გამონაბოლქვია. აღსანიშნავია, რომ ჰაერი ბინძურდება როგორც მტვრითა და ჭვარტლით, ისე მძიმე ლითონებით, რაც ადგილობრივი მაცხოვრებლების, განსაკუთრებით, ბავშვების ჯანმრთელობაზე მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს. სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ ფოთში არაერთი საწარმოა, რომლებიც წლების გასვლასთან ერთად კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის ჰაერის დაბინძურების კუთხით. ამგვარი საწარმოები საცხოვრებელ უბნებთან ტერიტორიულად ახლოს მდებარეობს და ფაქტობრივად ალყაში აქცევს დასახლებულ არეალს.

ფოტოზე გამოსახულია ფოთის ის საწარმოები, რომლებიც საცხოვრებელი უბნების სიახლოვეს ფუნქციონირებენ ამჟამად

საგანგაშოა, რომ სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევებით არასრულწლოვნების უმეტეს ნაწილს სისხლში ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალების მაღალი კონცენტრაცია უფიქსირდება. მაგალითისთვის, სამოქალაქო პლატფორმის - “ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის” - პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა შესწავლამ აჩვენა, რომ სამრეწველო ობიექტების მიმდებარედ მცხოვრები 20 შემოწმებული ბავშვიდან 10-ის ორგანიზმში ტყვიის შემცველობა ნორმაზე საგრძნობლად მეტი იყო, დამატებითი კვლევის შედეგად კი გამოვლინდა, რომ 15 ბავშვიდან 14-ში ტყვია დაშვებულ ზღვარს აჭარბებდა. ზემოაღნიშნული კვლევის შედეგების საფუძველზე და პლატფორმის ადვოკატირების შედეგად ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა და 50 000 ლარი გამოყო “მოსახლეობაში ბავშვთა კომპლექსური სამედიცინო გასინჯვებისა და ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის”. აღნიშნულის საფუძველზე, 2021 წლის ივნისში, 104 ბავშვი შემოწმდა, რომელთაგანაც 33 არასრულწლოვანს ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდასტურდა. ხაზგასასმელია, რომ კვლევის შედეგები დახურული იყო და გამოქვეყნება და ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდება დროში გაჭიანურებული იყო. მიუხედავად საგანგაშო მაჩვენებლებისა, მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება არ მომხდარა, ხოლო ტყვიაზე შემოწმების სახელმწიფო პროგრამამ ახალი პაციენტების მიღება (სავარაუდოდ ლიმიტის ამოწურვის გამო) შეაჩერა.

ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და არსებული პრობლემების დაძლევის პირველ ნაბიჯს პრობლემის მასშტაბისა და სიმწვავის შეფასება წარმოადგენს. ამ მცდელობას ადგილი ჰქონდა 2021 წლის დასაწყისში, როდესაც სამოქალაქო პლატფორმის - “ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის” - მოთხოვნის შედეგად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჯავახიშვილის ქუჩაზე განათავსა ჰაერის დაბინძურების მზომი სადგური, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში ჯავახიშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე უწყვეტად ზომავდა ჰაერის დაბინძურების ხარისხს. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების შემცველობა რამდენჯერმე აჭარბებდა ნორმას. სამოქალაქო პლატფორმამ ასევე განახორციელა ნიადაგის შესწავლა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ იმავე უბნის ნიადაგში ტყვიისა და სპილენძის შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. მიუხედავად ზემოაღნიშნული მაჩვენებლებისა, მუნიციპალიტეტს დღემდე არ მოუხდენია რეაგირება შექმნილ ვითარებაზე, ხოლო ჯავახიშვილის ქუჩაზე დამონტაჟებული ჰაერის მზომი სადგური მწყობრიდან გამოვიდა და რამდენიმე თვეა უმოქმედო მდგომარეობაშია მიტოვებული ჯავახიშვილის ქუჩაზე.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მხედველობაში მიიღოს ქ. ფოთის მაცხოვრებელთა საჭიროებები და მათი მოთხოვნები და:

  • უზრუნველყოს ქალაქში ჰაერის დაბინძურების წყაროების, მასშტაბისა და დაბინძურების სიმწვავის სრულყოფილი იდენტიფიცირება (მათ შორის ჯავახიშვილის ქუჩაზე დამონტაჟებული ჰაერის მზომის შეკეთების გზით) და ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება;
  • სრულყოფილად შეისწავლოს ქალაქში ჯანმრთელობის დაზიანების მასშტაბი, ამ მიზნით ჩაატაროს ახალი, სრულყოფილი ეპიდემიოლოგიური კვლევა და ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას;
  • უზრუნველყოს გარემოს დაბინძურებასა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება, მათი სათანადო სანქცირება და მოთხოვნის შემთხვევაში, მოსახლეობის სამართლიანი კომპენსირება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“