[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / თვალსაზრისი

არმენოფობია

ტიგრან თარზიანი 

ადგილობრივებთან დაწყებული საუბარი ჩვენს წარსულზე, ყოველთვის ამ სიტყვებით მთავრდება ხოლმე „სომხის ბედი თავიდანვე ჩვენთან იყო“ („Հայի բախտը եղել է մեզ հետ ի սկզբանե“).

ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები ოფიციალურად არის აღიარებული არაერთ საერთაშორისო კონვენციასა და შეთანხმებაში, ცალკეული სახელმწიფოების კონსტიტუციებში თუ შიდა კანონმდებლობაში. მიუხედავად ამისა, ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან მათი უფლებების შეზღუდვასა და დარღვევას. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქალთა და ბავშვთა მიმართ ოჯახში ძალადობა, დასაქმებული ქალებისა და მამაკაცების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, მიგრანტების გარიყვა და ექსპლუატაცია, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ ძალადობა და „სიძულვილის ენის“ გამოვლინებები, ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, სექსუალური, სოციალური კუთვნილება ხდება ადამიანების ძალადობის, დისკრიმინაციის, ექსკლუზიისა და სიძულვილის ენის გამოყენების მიზეზი. ხშირად სიტყვის თავისუფლების უფლების სახელით, ცალკეული ჯგუფები მიუღებლობისა, არაღიარების და დამცირების სამიზნეები ხდებიან. ეს წარმოდგენები, არცთუ იშვიათად, ისტორიულად ჩამოყალიბებული და სტრუქტურულია.

ჩვენთან წარმოდგენები ეთნიკური უმცირესობების მიმართ ჩვეულებრივ სავსეა კლიშეებითა და სტერეოტიპებით. საზოგადოების პოლარიზაცია კი ხელს უწყობს უმცირესობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და იერარქიზებას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სიძულვილის ენა განსაკუთრებით მძიმეა მაშინ, როდესაც ის მაღალი თანამდებობის პირის და ავტორიტეტების მხრიდან მომდინარეობს.

საქართველოში არმენოფობია ყველაზე გავრცელებული და ამავდროულად, უკვე დიდი ხნის ისტორიის მქონე გამოცდილებაა. ამ პრობლემას, რომელიც ხშირად ვლინდება ცალკეული გავლენიანი პირების განცხადებებში, გამრიყავი გავლენა აქვს ინტეგრაციის პროცესზე. მედიის განვითარების ფონდის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ გამოვლენილი სიძულვილის ენის შემთხვევებს შორის არმენოფობია ყველაზე მეტადაა გავრცელებული (13.2%). სამწუხაროდ, ამ განწყობებს ხელისუფლება არ უპირისპირებს თანასწორობაზე დაფუძნებულ რიტორიკასა და საინფორმაციო პოლიტიკას. ეს ყოველივე სიძულვილის ენის ნეგატიურ შედეგებს ზრდის და ასუსტებს სოციალურ ურთიერთობებს. არმენოფობიის ფენომენს ხშირად ხსნიან უძველესი სიძულვილის გამოძახილებით, რომელიც დაფუძნებულია საეკლესიო განხეთქილებაზე ან სომხების ეკონომიკურ დომინირებაზე XIX საუკუნის თბილისში (მაისურაძე 2011). ქართულ არმენოფობიას ხშირად ადარებენ ევროპულ ანტისემიტიზმს.

ამა თუ იმ ისტორიული პროცესის დროს საქართველოს სომხური თემი ხშირად ხდება სიძულვილის სამიზნე, რაც პრესაში თუ მედიაში ჩანს ხოლმე დაწყებული „მდიდრების“, „ხარბი ვაჭრების“ შესახებ ლოზუნგებით, დასრულებული კულტურის „მითვისების“ შესახებ ხუმრობებით და „სეპარატიზმის“ გადაჭარბებული შიშების სხვადასხვა გამოვლინებით.

საკმაოდ ბევრი შემთხვევაც არსებობს, როცა პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს ე.წ. „საიდუმლო სომხობაში“ ადანაშაულებენ. მაგალითად, 2003 წელს საქართველოში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საკმაოდ აქტიური საუბრები და დისკუსიები მიმდინარეობდა იმის შესახებ, რომ იმდროინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ნახევრად სომხები იყვნენ. ამასთან, 2004 წელს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ პარლამენტში, ოპოზიციონერი დეპუტატის ირონიული განცხადების საპასუხოდ, რომლის თქმითაც, ქვეყნის ზოგიერთი ლიდერი ,,მალავს ეთნიკურ წარმომავლობას", განაცხადა: ,,დედაჩემი სომეხია და მე ყოველთვის სიამაყით ვისაუბრებ ამაზე". ქართულ მედიაში ანტისომხური დისკურსი არ გამქრალა, პირიქით, განაგრძო აყვავება, განსაკუთრებით პრესის უკიდურესად კონსერვატიულ ნაწილში, რომელიც ზოგჯერ საკმაოდ მაღალ დონეს აღწევს.

ქართველი მართლმადიდებელი კონსერვატიული სამღვდელოებაც არ არის თავისუფალი ასეთი განწყობილებისგან, რადგან ეკლესია კვლავ რჩება ქართული ეთნიკური ნაციონალიზმის ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრად. მაგალითად, „ყველაფერს იჩემებენ სომხები ქართულს“, — განაცხადა 2018 წელს დეკანოზმა, დავით ქვლივიძემ. ქართული ეკლესია მხოლოდ ანტისომხური ქადაგებით არ შემოიფარგლება. ალბათ, ეკლესიის ზეწოლის ქვეშ, 2017 წელს საქართველოს ხელისუფლებამ თბილისში XIX საუკუნის სომხური თანდოიანცის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია გადასცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ მცირე, მაგრამ აღმაშფოთებელი მაგალითებია, ორი ეთნიკური ჯგუფის თანაცხოვრების, ურთიერთობების კონტექსტში.

მოსაზრებები განსხვავდება იმის შესახებ, თუ რა პროცესები დაედო ქართველების მიერ არმენოფობიის გამოვლენას. მკვლევართა უმეტესობა ვარაუდობს, რომ ეს დაიწყო მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. იმ დროის გავლენიანი გაზეთი „დროება“ სომხებს წარმოადგენდა, როგორც მშობლიური ქალაქის ხალხს, „ქუჩებს აყრიდა და ჯიბეებს ჰყრიდა“, რომელსაც შეეძლო უკანასკნელი ქონების წართმევაც კი ქართველი „გლეხი ოჯახის კრედიტორისგან“.

იმდროინდელი ორი გამოჩენილი ქართველი პოეტი, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელიც, სომხებს ადანაშაულებდნენ აგრესიული ნაციონალისტური ეკონომიკის მართვაში. „ამ სახით ხომ გვართმევენ ყოველს ეროვნულს ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას, და რომ სულ მთლად ბოლო მოგვიღონ ქვეყნის წინაშე, გვიბათილებენ მთელს ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს ისტორიულს მატიანეებს, ისტორიულს ნაშთსა და სახსოვარსა, მთელს ჩვენს სისხლითმოსილს ღვაწლს ქრისტიანობისათვის შეწირულსა, და ყოველს ამას თითონ იჩემებენ დიდის გაძვრენ-გამოძვრენითა“, — წერს ილია ჭავჭავაძე პოლემიკურ-პუბლიცისტურ ნაშრომში ,,სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“.

ზემოგამოთქმულში არსებობს სიმართლის მარცვლებიც. უბრალოდ გავიხსენოთ სუნდუკიანის სომეხი „კაპიტალისტი“ გმირები თბილისელი ზიმზიმოვი და სხვები და იქნებ, ტყუილად არ მიუძღვნა აკაკი წერეთელმა სუნდუკიანს ლექსი, რომ აღარაფერი ვთქვათ სომეხი მეცნიერების „ანტიქართულ“ მოღვაწეობაზე, რაც არასერიოზულია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის იმპერიაში ქართველი ხალხი შედგებოდა ქართველი არისტოკრატებისაგან, ქართველი ყმების, გლეხებისაგან და ქალაქის მოსახლეობისგან. ქალაქის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კი სომხები იყვნენ. სწორედ ისინი შეადგენდნენ ქვეყნის ბურჟუაზიას, რომელიც სძულდათ, როგორც დიდებულებს, ისე ჩვეულებრივ მოსახლეობას. ამასთან, აქვს კი გამართლება კონკრეტულ ისტორიულ მომენტში ეკონომიკური ურთიერთობების შედეგად ჩამოყალიბებული წარმოდგენების გავრცელებას „აქ და ახლა“, როცა ქართველებიც და სომხებიც საერთო სიღარიბეს ვებრძვით და ქალაქებში ძალაუფლება და გავლენები დიდი ხანია დიდ კორპორაციებს და კორუფციონერ ჩინოვნიკებს აქვთ?! დიდი ხანია თანამედროვე საქართველოს ქალაქებში სომხური უბნები და დასახლებები იშლება, ინგრევა და ქრება.

დამაფიქრებელია, რომ ეს განწყობები ძლიერდება მე-19 საუკუნეში, როდესაც თანამედროვე გაგებით, იწყება ნაციონალიზმის ჩამოყალიბება. ეს უკანასკნელი კი ყოველთვის გულისხმობს „ჩვენის“ აგებას „სხვების“ (მტრების, მიუღებლების, საზიზღრების) მონიშვნით და ანტაგონიზმით. როგორც ჩანს, აღნიშნული პროცესები ჩვენთანაც და სომხეთშიც თანადროულად დაიწყო და ყველაზე ახლოს მყოფი ხალხები ნაციონალიზმის მიერ აგებულ ახალ საზღვრებს თანადროულად დაეჯახნენ.

ჩემი მიზანი არ არის ანტისომხური ან არმენოფობიის იდეოლოგიური, ეთნოგრაფიული, რასობრივი და სხვა საფუძვლების დაწვრილებით წარმოჩენა და ან სომხებში ქართველების მიმართ ნეგატიური გრძნობების გაღვივება. არმენოფობია, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ნაციონალისტური ფობია, არის რაღაც არასწორი, უმეცარი, ველური და ამაზრზენი. მიუხედავად მოცემული დასაბუთებისა, რომლებიც აშკარად სუბიექტურია, დასახელებული ფობიები სინამდვილეში ირაციონალური და უსაფუძვლოა. ეს არის მოკლე შესავალი, თუ როგორ გვექცევიან ჩვენ პატარა ეთნიკურ ჯგუფს, სომხებს ადგილზე და საიდან მოდის არმენოფობიის პრობლემა.

ყველგან არსებობს ანტიპათია უცხოელების მიმართ, თუნდაც განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში. ფრანგები, გერმანელები, იტალიელები, ესპანელები, ინგლისელები ყოველთვის იპოვიან რაღაცას ერთმანეთის წინააღმდეგ, ისტორიიდან დაწყებული, ენითა და სამზარეულოთი დამთავრებული. ამასთან, არიან ერები, რომელთა მიმართ სიძულვილი საყოველთაო და გავრცელებული იყო. ანტისემიტიზმი კლასიკური მაგალითია. ყველა ფაქტორი მოქმედებს: განსხვავებული რელიგია, განსხვავებული რასა, უცხოელი, დაგროვილი კაპიტალი და ა.შ. აქაც, ,,სომხის ბედ-იღბალი თავიდანვე ჩვენთან იყო“. ნაციონალიზმის ჩამოყალიბების ეპოქიდან კი მსოფლიოში ძნელია იპოვოთ სხვა ერი, რომლის მიმართაც ასეთი სიძულვილი დაგროვებულიყო. ებრაელებმა მიიღეს ეს სიძულვილი, როგორც რელიგიურმა უმცირესობამ მათი ისტორიული სამშობლოს გარეთ, ჩვენ კი შიგნითაც და გარეთაც, განსხვავებული სარწმუნობისა და თანამორწმუნეებს შორსაც. აქედან გამომდინარე, სომეხი ერი ამ საქმეში საპატიო მეორე ადგილზე მაინც ვართ.

და ბოლოს, მნიშვნელოვანი გარემოება. ებრაელები არ ებრძვიან ანტისემიტიზმს. ისინი, მიხვდნენ, რომ ეს უაზროა. მე ასევე ვფიქრობ, რომ არ არის აუცილებელი გამუდმებით ვცდილობდეთ დავარწმუნოთ ქართველები და სხვები, რომ კარგები ვართ, ქრისტიანები ვართ და ა.შ., რომ უნდა გიყვარდეთ. ამას აბსოლუტურად არანაირი ეფექტი არ აქვს. ჩვენ უნდა ვიყოთ ღირსეული, ძლიერი და დაფასება მივიღოთ ჩვენი საქმის შესაბამისად. ჩვენ ვართ ის, ვინც ვართ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“