საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
წინასაარჩევნოდ ხელისუფლების პოპულიზმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი მშვიდობის საკითხია. საარჩევნო კამპანიაც ძირითადად, სწორედ ომის შიშების გაღვივებაზეა აგებული, მშვიდობა კი მათი მთავარი საარჩევნო „დაპირებაა“. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხელისუფლება არ წყვეტს იმაზე საუბარს, რომ ომი, სწორედ მათი მხრიდან გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯების შედეგად ავირიდეთ, რომ საქართველოში არის მშვიდობა და ეს, სწორედ მათი დამსახურებაა.
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე საუბრისას, მათი ოფიციალური განცხადებებიდან, ფაქტობრივად, გამქრალია რუსეთის ნეგატიური როლი და პასუხისმგებლობა, თითქოს, ის საერთოდ, აქტორიც კი აღარ არის მთელს ამ პროცესში. ხელისუფლების რიტორიკაში რუსეთის “მტრის ხატი” ქრება და ამის კვალდაკვალ, “ახალ მტრად” დასავლეთი და დასავლური ღირებულებები გვევლინება.
ქართულმა ოცნებამ თავისი პოლიტიკური პოპულიზმი სამშვიდობო საკითხებთან დაკავშირებით, იმით დააგვირგვინა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, აგვისტოს ომისთვის „ოს დებს და ძმებს,“ ბოდიში მოუხადა და “ომის გამჩაღებლების [წინა ხელისუფლების] გასამართლების” პირობა დადო. ნიშანდობლივი და სიმბოლურია, რომ ეს განცხადება გორში გაკეთდა.
რამდენად ეთიკურია ხელისუფლების მხრიდან მშვიდობაზე საუბარი, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში 300-ათასი დევნილია და მათი უმეტესობა კვლავაც უკიდურესი სიღარიბისა და ომის ვერმოშუშებული ტრავმების პირისპირ ცხოვრობს, როცა ქვეყნის 20% კვლავაც ოკუპირებულია, როცა ოკუპაციის ზონა "მცოცავი ბორდერიზაციის" შედეგად ფართოვდება, როცა მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება-დაკავებები გრძელდება, იმ ფონზე, როცა ახლაგორსა და გალში ჩვენი თანამოქალაქეები კვლავაც იზოლაციაში, უკიდურესი ჰუმანიტარული კრიზის ზღვარზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პირობებში ცხოვრობენ. არის კი ეს რეალური მშვიდობა?
რას ფიქრობენ დევნილები სახელისუფლებო გუნდის მიერ მოხდილ ბოდიშზე, როგორია მათი ხედვა, მთავრობის სამშვიდობო რიტორიკაზე, და თავად როგორ ხედავენ სამშვიდობო პოლიტიკის პერსპექტივებს? - ამ საკითხებზე ვესაუბრეთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ დევნილებს. გთავაზობთ მათთან ინტერვიუს.
იულია ხარაშვილი, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ დამფუძნებელი: შერიგების თეორიაში ბოდიშის მოხდა ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. ოღონდ იქამდე, ორივე მხრიდან, საზოგადოება შესაბამისად მომზადებული უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ჯერ ჩვენ არ ვართ ამ ეტაპზე. ბოდიშს წინ უნდა უსწრებდეს მთელი რიგი პროცესები, გაანალიზება იმის, თუ რა მოხდა. ეს ანალიზი კი, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, ჯერ ჩვენთან არ გაკეთებულა. ნებისმიერი ბოდიში, რომელიც ამ წინარე პროცესების გარეშეა მოხდილი, მხოლოდ ავნებს შერიგების პროცესს. გარდა ამისა, ნებისმიერ მთავრობას, რომელიც აქამდე გვყოლია, პირველ რიგში, ვისთანაც ბოდიში აქვს მოსახდელი, არიან დევნილები. ჯერ დევნილებმა უნდა აპატიონ მათ ის რაც მოხდა, შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ სხვებისთვის ბოდიშის მოხდაზე. ასევე, ბოდიშის მოხდა-არმოხდის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების ლეგიტიმური უფლებაც პირველ რიგში, სწორედ დევნილებს აქვთ.
2021 წელს ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობდით სტრასბურგის გადაწყვეტილებას, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მაშინ ქართული ოცნება ამბობდა, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ მათი დამსახურება იყო. და ახლა, 2008 ომის ასეთი გადაფასებით, რას ვაკეთებთ? ჩვენივე თავს ვეწინააღმდეგებით?
ვენერო მელუა, აქტივისტი: ტრავმის მოშუშების გარეშე, ტრავმაზე გაკვეთილის სწავლა შეუძლებელია. სანამ ჭრილობა ღიაა, ამ ჭრილობით სირბილს ვერ შეძლებ. ჩვენ ვერასოდეს ვახერხებთ ტრავმის მოშუშებას. ომგამოვლილ ადამიანს შენი ხელისუფლება რომ გეუბნება, რომ ბოდიში გაქვს მოსახდელი, ლოგიკურად გიჩნდება კითხვა, რისთვის? იმისთვის, რომ ოჯახი ამოგიწყდა? დაკარგე სახლი? იცხოვრე უკიდურეს სიღარიბეში და ღირსების შემლახველ გარემოში? დარჩი უსახლკაროდ და თვეში 45 ლარს გიხდიან? - რას ემსახურებოდა ივანიშვილის ეს განცხადება, თუ არა ამ ჭრილობების ხელახლა გახსნას? ტოვებს ეს განცხადება რაიმე სივრცეს დიალოგისთვის, პრობლემების, შეცდომების გააზრებისთვის? მე მგონია, რომ არა… ცალკე საუბრის თემაა, პოლიტიკური ფასი, რომლის გადახდაც ამ ტიპის განცხადებების გამო მოგვიწევს.
ვფიქრობ, რომ ჩვენ, პირველ რიგში, შეცდომები ჯერ საკუთარ თავთან უნდა ვაღიაროთ და ჩვენ ეს პროცესი ჯერ არ გაგვივლია. უნდა ვაღიაროთ და გავიაზროთ, როგორ დავკარგეთ აფხაზეთი, საერთოდ, როგორ ვიქცეოდით ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით, როგორ ვიქცევით დღეს, როცა პოსტივის ჟურნალისტი, ეთნიკურად სომხობის “ბრალდებით” დასდევს მამუკა ხაზარაძეს და რა რეაქცია გვაქვს ჩვენ, როგორც საზოგადოებას, ამაზე? იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ამგვარი მსჯელობისთვის სივრცის გაჩენაზე იზრუნოს, აკეთებს სრულიად გაუაზრებელ, პოპულისტურ განცხადებებს.
მეორე მხრივ, რუსული დაკვეთაა ისიც, რომ ჩვენ, ქართველები ვართ ყველაფერში დამნაშავე და ამ დაკვეთას პირნათლად ასრულებს ჩვენი ხელისუფლება. ცხადია, ჩვენ უამრავი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ის მავნებლური რიტორიკა, რომ “მობოდიშე მხარე” უნდა ვიყოთ იქ, სადაც ბევრმა მხარემ ბევრი შეცდომა დაუშვა და ამ შეცდომებით იხეირა მხოლოდ რუსეთმა, მთელს პროცესს აზიანებს. ყველაფერი, რაც აქამდე დევნილებისთვის გაკეთებულა, გაკეთებულა მათ გარეშე. დევნილებისთვის აზრი არავის არაფერზე უკითხავს. ეს “ბოდიშიც” ამ სტრატეგიის გაგრძელებაა. მმართველი პარტია, თავს უფლებას აძლევს, რომ ქართველი ხალხის სახელით, მოიხადოს ბოდიში ისე, რომ ამ პროცესში საერთოდ არ დაუნახავს ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით კი დევნილები. არადა, თუ ბოდიშის მოხდა/არმოხდის საკითხი დგება, სწორედ დევნილები არიან ის ადამიანები, რომლებმაც ეს საკითხი უნდა გადაწყვიტონ.
ქეთი სართანია, სოციოლოგი: სამწუხაროდ, დევნილები დანახულია ხმის არმქონე ერთობად, რომლის მომავალიც ვიღაც სხვამ უნდა განკარგოს, მის ნაცვლადაც, ვიღაც სხვამ უნდა გადაწყვიტოს, მოსახდელია თუ არა ბოდიში. ქართული ოცნების პირობებში დევნილები იქცნენ სახლის მომლოდინე, სოციალური დახმარების მიმღებ პირებად, რომელთა პოლიტიკური უფლებებიც, ნელ-ნელა სულ უფრო უხილავი ხდება. ქართულმა ოცნებამ დევნილები სოციალური დახმარების მიმღებ ბენეფიციარად აქცია. სწორედ სოციალური დახმარების პაკეტისა თუ საცხოვრისის მიღება დარჩა ერთადერთ საკითხად, რაც ამ ჯგუფს სახელმწიფოსთან აკავშირებს. აბსოლუტურად უგულებელყოფილი და უხილავია მათი მონაწილეობის, პოლიტიკური აქტიურობის საკითხი. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ბოდიშის მოხდაც, სწორედ იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელშიც დევნილები და მათი აზრი უხილავი და უგულებელყოფილია.
პაატა შამუგია, პოეტი: ბოდიშის მოხდა კეთილშობილური აქტია, მაგრამ მას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა ამას ძლიერი და გამარჯვებული მხარე აკეთებს. საკუთარი სახლებიდან გამოყრილი ადამიანები აიძულო, რომ ბოდიში მოიხადონ, ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა შეიძლება იყოს, მე არ ვიცი. ბოდიშის მორალური მნიშვნელობა არ უნდა დაიკარგოს და ეს მნიშვნელობა იკარგება მაშინ, როცა ამ პროცესში დევნილებს საერთოდ არ ვრთავთ. ეს იმდენად დიდი და კომპლექსური საკითხია, რომ ამგვარ განცხადებამდე, ნებისმიერ ხელისუფლებას, სულ მცირე, რეფერენდუმი მაინც უნდა ჰქონდეს ჩატარებული. რა აზრი აქვს ბოდიშს, რომელიც არ ეფუძნება ფართო და ღრმა დიალოგს დევნილებთან? ვინ იხდის ბოდიშს? რა ლეგიტიმაცია აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომ ამის უფლებას აძლევს თავს? ვის უნდა მოვუხადოთ ბოდიში? რუსეთს? თუ აფხაზებს და ოსებს? ქართული ოცნება ამბობს, რომ „ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს“... ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან, ჩვენ თვითონ დავლაგდებით, პრორუსი ბიძინა ივანიშვილის გარეშე.
მეორე მხრივ, ივანიშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ გაასამართლებს „აგვისტოს ომის გამჩაღებლებს“. ეს მესიჯი პირდაპირ არის რუსული საინფორმაციო ომის ნაწილი. რუსეთი წლებია, სწორედ ამ ნარატივს ავრცელებს. წარმოგიდგენიათ, რამხელა მორალური უპირატესობა შესძინა ქართულმა ოცნებამ რუსეთს, ამ განცხადებით? რუსეთი უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს დებს იმისათვის, რომ ეს ნარატივი გაავრცელოს და როცა საქართველოს ხელისუფლებაც ამბობს, რომ ჩვენ ვართ ომის გამჩაღებლები, ბუნებრივია, აქ რუსეთს ძალიან დიდ უპირატესობას იძენს. ეს ერთიანი თამაშის ნაწილია. მე საერთოდ არ მგონია, რომ დღეს ცალცალკე თამაშობს რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება.
ვენერო მელუა, აქტივისტი: ჩვენ გვყავს დეკლარირებულად პრორუსული ხელისუფლება და ჩემთვის სწორედ ამით აიხსნება ის, რომ რუსეთი, როგორც “მტერი”, საერთოდ გამქრალია მათი ნარატივიდან. იმის თქმაც კი უჭირთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, ვინმემ საგანგებოდ თუ არ ჰკითხა და ძალით არ ათქმევინა. მეორე მხრივ, ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ, რუსეთისთვის თავის მოწონების მცდელობადაც.
იულია ხარაშვილი: ცდილობენ, რომ რუსეთის ფაქტორი ამოიღონ მსჯელობიდან. უკრაინაზეც ნაკლებად საუბრობენ. მე მაქვს ეჭვი, რომ ხელისუფლება რაღაცის დაბალანსებას ცდილობს, მაგრამ არ იციან, როგორ და სამწუხაროდ, არც სპეციალისტებს ეკითხებიან აზრს.
ქეთი სართანია, სოციოლოგი: რიტორიკა თავდაპირველად დაიწყო იმ მესიჯით, რომ ქართული ოცნება არის ერთადერთი პარტია, რომლის დროსაც ომი არ ყოფილა. შემდეგ ამას მოჰყვა სადღეგრძელოს მსგავსი განცხადებები, რომ „მალე ვნახავთ ერთიან საქართველოს“ და ბოლო ეტაპი „აფხაზი და ოსი დები და ძმებისთვის“ ბოდიშის მოხდა იყო. დღეს კი უკვე, მშვიდობის საკითხები ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. უკრაინაში ომის ფონზე, ჩვენს საზოგადოებაში ომის შიშები მზარდი აღმოჩნდა და ქართულმა ოცნებამაც ამ შიშებით მანიპულირება მოახერხა. რატომ არ ახსენებს ის თავის რიტორიკაში რუსეთს? პასუხი მარტივია, მშვიდობას რუსეთის გარეშე, აქვს უფრო პოზიტიური შინაარსი საქართველოში.
მეორე მხრივ, ჩვენ დიდი ხანია, ვაკვირდებით ქართული ოცნების არა მხოლოდ რიტორიკის, არამედ საგარეო კურსის ცვლილებასაც. ჯერ კიდევ 2016 წლიდან ჩანს, რომ რიტორიკა რუსეთის მიმართ სუსტდება. წინასაარჩევნოდ კი, კიდევ უფრო მეტად ისმის ერთი მხრივ, დასავლეთის კრიტიკა, მეორე მხრივ კი რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მნიშვნელობაზე ხაზგასმა. ქართული ოცნების რიტორიკაში ძლიერდება მინიშნებები, ე.წ. ნეიტრალურ საქართველოზე, ამ იდეაზე აქტიურად საუბრობენ ქართული ოცნების სატელიტი პარტიებიც. ნეიტრალური საქართველო კი, ცალსახად რუსეთის ინტერესებში შედის, საქართველო კი ამით ყველა არსებულ შესაძლებლობას დაკარგავს.
პაატა შამუგია: ხელისუფლება სამხრეთ ოსეთზე და აფხაზეთზე ისე საუბრობს, რომ არც კი ახსენებს რუსეთს და მის ნეგატიურ გავლენებს ამ პროცესებზე. აი, წარმოიდგინეთ, რომ მეორე მსოფლიო ომზე ვისაუბროთ, გერმანიის ფაქტორის გარეშე. ეს არის, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან სახის მოლამაზება რუსეთისთვის, რომელმაც დაიპყრო ჩვენი ქვეყანა და რომელმაც ასობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა და სიღარიბისათვის გაწირა.
მსოფლიოში აღარ დარჩა არც ერთი წესიერი ქვეყანა, რომელიც საქართველოს პროევროპულ და დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს. ჩვენ ვართ რუსეთის, უნგრეთის, ბელარუსის გვერდით. ქართულო ოცნება ერთი ერთზე იმეორებს რუსულ ნარატივებს და თავისუფლად შეგვიძლია მას რუსული ხელისუფლება ვუწოდოთ.
ვენერო მელუა: ომის არარსებობა არ ნიშნავს მშვიდობას. ცივი ომი მშვიდობა იყო? არა, რა თქმა უნდა. დევნილებს ომით ვერ შეაშინებ. ომით შეშინიებული დევნილი, მე არ მინახავს. მაგრამ მინახავს გაბრაზებული დევნილები, რომლებსაც ატყუებენ, რომ ახლა ჩვენ ვცხოვრობთ მშვიდობაში და რომ ეს მშვიდობა ოცნების ხელისუფლების დამსახურებაა. მე პირადად, ძალიან ბევრი წელია, მშვიდად არ მიძინია, რადგან არ ვიცი, ხვალ რომ გავიღვიძებ, შევძლებ თუ არა იმის კეთებას, რასაც ახლა ვაკეთებ, მე არ ვიცი, ხვალ რამდენ ქალს მოკლავენ ქვეყანაში, რამდენ ბავშვზე იძალადებენ, რამდენი ადამიანი მოიკლავს თავს, სათამაშო ბიზნესის თუ ბანკის ვალის გამო... ლამის კვირა არ გავა, არ გავიგოთ, რომ საოკუპაციო ხაზმა გადმოიწია, რომ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს… სად არის აქ მშვიდობა? ჩემი 17 წლის ძმას რომ ურეკავენ ხელისუფლების ზონდერები, აზერბაიჯანული ნომრიდან, ეს არის მშვიდობა, რომელზეც ხელისუფლება გვესაუბრება? ამ ქვეყანაში მდიდარი კაცების გარდა, მშვიდობა არავის აქვს, მდიდარი კაცების გარდა, ღამე მშვიდად არავის სძინავს.
ქეთი სართანია: საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს ისე არ ესმის მშვიდობა, როგორც ქართულ ოცნებას. ქვეყანაში ფაქტობრივად, ოჯახი არ დარჩა, რომელსაც ომის ტრავმა, პირდაპირ თუ ირიბად, არ შეეხო. ქართული ოცნების მხრიდან განმარტებულ მშვიდობაში კი საერთოდ არ არიან დანახული ეს ოჯახები, პირველ რიგში კი დევნილები, ვეტერანები, რომლებიც ასევე, საზოგადოების კიდევ ერთ დაუცველ ჯგუფს წარმოადგენენ.
მშვიდობის ქართული ოცნებისეული გაგება მხოლოდ იმ აზრს მოიცავს, რომ ამჟამად, ჩვენ რუსეთთან შეიარაღებული დაპირისპირება არ გვაქვს, ის მშვიდობაზე საუბრისას მხოლოდ გარე აქტორთან ომის არარსებობას მოიაზრებს. არადა, საქართველოს უახლესი ისტორია მოწმობს, რომ ამგვარი ომის დაწყება-არდაწყების გარანტორი ქართული ოცნება და ზოგადად, საქართველოს ხელისუფლება ვერასოდეს იქნება, ეს მასზე არაა დამოკიდებული. მასზე რაც ნამდვილად არის დამოკიდებული, არის ქვეყნის შიგნით სიმშვიდე, ამაზე კი ქართული ოცნება არათუ მშვიდობის გარანტიას არ იძლევა, არამედ პირიქით, გამუდმებით საუბრობს ოპონენტების რეპრესიებზე და ფაქტობრივად, მთელს საზოგადოებას დასჯით ემუქრება.
პაატა შამუგია: ჩრდილოეთ კორეაში არის მშვიდობა? თუ ამგვარი მშვიდობაა ის, რაზეც ქართული ოცნება გვესაუბრება, მაშინ კი, ჩვენთანაც არის მშვიდობა. როგორია მშვიდობის ჩვენეული მოდელი? მშვიდობა ყველაფრის ფასად? მშვიდობა ადამიანების განადგურების, დეგრადაციის, სიღატაკის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, უმცირესობების ჩაწიხვლის, განსხვავებული აზრის არმოსმენის ფასად? თუ კი, მაშინ მშვიდობაც გვქონია. როგორ შეიძლება მშვიდობიანი ქვეყნიდან გარბოდეს ამდენი ადამიანი? დაიცალა ქვეყანა, ახალგაზრდობის კატასტროფული გადინება გვაქვს. თუკი ასეთი კარგი ქვეყანა აგვიშენა ბატონმა ბიძინამ, მაშინ რატომ გარბის ხალხი? მის წარმოსახვით ქვეყანაში შესაძლოა, ყველანი აშენებულები ვართ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ქვეყანა არის უკიდურეს სიღატაკეში. დიახ, ეს არის მშვიდობა, მაგრამ ეს არის მშვიდობა, რომელიც შეიძლება ომზე უარესი იყოს.
იულია ხარაშვილი: ხელისუფლების მთავარი მესიჯი ისაა, რომ დღეს მშვიდობა გვაქვს, რადგან არ გვაქვს პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება ქვეყანაში, არ იბომბება ჩვენი ქვეყანა, არ ნადგურდება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. მაგრამ, რეალურად, რა თქმა უნდა, პოზიტიური, მდგრადი მშვიდობა ჩვენ დღეს არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს სტატუს-კვოს შენარჩუნება, გაჭიანურებული კონფლიქტის პირობებში. სამწუხაროდ, არც ხელისუფლებას და არც საზოგადოების ნაწილს, კარგად არ ესმის, რას ნიშნავს რეალური მშვიდობა და არა გვაქვს ის მოდელი, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ საზოგადოებას და მეორე მხარეს. ხელისუფლებამ ფაქტობრივად მიითვისა მშვიდობის მესიჯი, თითქოს ის დარჩა ერთადერთ აქტორად, რომელიც მშვიდობაზე საუბრობს და ამ დროს, ოპოზიცია, ამ თემაზე ჩუმად არის, რაც ასევე, სტრატეგიული შეცდომაა.
პაატა შამუგია: მოდი ვთქვათ, აქვს თუ არა ნებისმიერ ეთნიკურ ჯგუფს თვითგამორკვევის უფლება? რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს უფლება იარაღით არ უნდა მოიპოვო. როგორც კი იარაღი ჩნდება, ავტომატურად იკარგება პროცესის ლეგიტიმაცია. ამიტომაც აქვს აფხაზურ საზოგადოებას იზოლაციის პრობლემა, ამიტომაც ვერ გადიან ახალგაზრდები საზღვარგარეთ. მე მესმის და სიმართლე გითხრათ, თანავუგრძნობ კიდეც ამ ახალგაზრდებს. მათი ნაწილი დაბადებულიც კი არ იყო, როცა ეს ომი დაიწყო და ახლა სწორედ ისინი იმკიან ომის შედეგებს. ეს იყო უზარმაზარი შეცდომა - რუსულ შემოგდებულ ნარატივს აჰყვა აფხაზი საზოგადოების ნაწილი და შედეგი იყო ომი, რომელიც რუსული იარაღით, რუსული თვითმფრინავებით წარიმართა. აქ კი უკვე ლეგიტიმაციაზე საუბარიც კი ზედმეტია. მაგრამ ჩვენ თავიდან შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი და შევთანხმდეთ რაღაცებზე. ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ აფხაზებიც, ქართველებიც და ნებისმიერ მოცემულობაში, ადრე თუ გვიან, ჩვენ მაინც მოგვიწევს ერთმანეთთან საუბარი და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა შევემზადოთ იმისთვისაც, რომ რაღაც კომპრომისზე ყველა მხარეს მოგვიწევს წასვლა. თუმცა, ვაცნობიერებ იმასაც, რომ სანამ რუსეთი არის ასეთი ძლიერი, ის შეეცდება, რომ ჩვენ შორის დიალოგი არასოდეს დაიწყოს.
ვენერო მელუა: მშვიდობა მიუღწეველია თანასწორობის, მიმღებლობის გარეშე. სამშვიდობო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ეთნოფობიური, ქსენოფობიური განწყობებისგან ჩვენი საზოგადოების დაცლა. ჩვენ მულტიეთნიკური ქვეყანა ვართ. ჩვენი ერთიანობა სწორედ ამ მულტიეთნიკურობაზე და ჩვენს საერთო, ისტორიულ გამოცდილებაზე დგას. ჩემს აღქმაში, საქართველო არის ერთი დიდი, მრავალფეროვანი ოჯახი, რომელიც ურთიერთპატივისცემის პრინციპით თანაცხოვრობს. ამის გარეშე, არანაირი სამშვიდობო პოლიტიკა არ გამოვა. სანამ ვიმეორებთ, რომ აფხაზებს სიტყვა “ზღვა” არ აქვთ, არანაირი სამშვიდობო პოლიტიკა არ გამოვა.
სამშვიდობო პოლიტიკის ჩემეულ ხედვაში ამოსავალი წერტილი, ერთი მხრივ, არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დევნილების დაბრუნება და ქართველების ეთნიკური წმენდის აღიარება. მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება ამ ქვეყნის და მისი მმართველობის უფრო მეტად დეცენტრალიზებული აღქმა, არამხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებთან, არამედ, სხვა რეგიონებთან მიმართებითაც. არ შეიძლება გურიის პოლიტიკა კეთდებოდეს თბილისში, მაგალითად. აი, ასე უნდა შევძლოთ ჩვენ თანაცხოვრება. ჩვენ არ შეიძლება უარვყოფდეთ ხალხებს შორის განსხვავებას, მეტიც, უნდა ვამაყობდეთ ამით და ამ ფაქტის მიღებითა და გათვალისწინებით უნდა ვქმნიდეთ თანასწორობასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ სახელმწიფოს.
იულია ხარაშვილი: ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებების ფორმატები, როგორც კი დევნილების დაბრუნების საკითხი წამოიჭრება, მეორე მხარე დგება და ტოვებს მოლაპარაკებების მაგიდას. ამ ფონზე კი სხვა უამრავი ჰუმანიტარული საკითხი განზე გვრჩება. დევნილების დაბრუნების საკითხი, რა თქმა უნდა, უმწვავესი პოლიტიკური საკითხია, მაგრამ ეს საკითხი უნდა დავაყენოთ ისე, რომ შევთავაზოთ გარკვეული გეგმაც, იმისთვის, რომ თან, დევნილების უფლებებიც აღდგეს და თან, არც აფხაზები და ოსები დაზარალდნენ. 30 წელია ეს ხალხი ასე ცხოვრობს და მიხვიდე და უბრალოდ გაყარო, არ მოიტანს შედეგს.
ქეთი სართანია, სოციოლოგი: სამშვიდობო პოლიტიკაზე ფიქრისას, მთავარი საკითხი, საიდანაც ამოვდივარ, არის შემდეგი: საქართველოში 300 ათასი დევნილი ვართ. მე არ მინდა, რომ ამ ჯგუფს თუნდაც ერთი ადამიანი მაინც დაემატოს, ან ქართველი, ან ოსი, ან აფხაზი. ეს არის ჩემი ურყევი შეხედულება, რომელიც არ გადაიხედება.
სამშვიდობო პოლიტიკაზე ყველა ჯგუფს საკუთარი ხედვა აქვს: ვეტერანებს, დევნილ ოჯახებს, ამ ოჯახებში, დევნილობაში გაზრდილ შვილებს. მთავარი ის არის, რომ ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს სივრცე, სადაც თავისუფლად გამოხატავს თავის პოზიციას. სწორედ ამგვარი უსაფრთხო სივრცე უნდა შექმნას სახელმწიფომ, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად.
ქართული ოცნებისეული მშვიდობის გაგების ალტერნატივა, მშვიდობის ევროპული გაგებაა. 70 წელზე მეტია, ევროპას აქვს მშვიდობიანად თანაცხოვრების გამოცდილება. და ეს მშვიდობა, ცარიელი მშვიდობა არაა, ის ემყარება კეთილდღეობისა და თანასწორობის პრინციპებს. სწორედ ამ ორ პრინციპზე დაფუძნებული მშვიდობაა რეალური მშვიდობა და არა ის ცარიელი, გაუგებარი დაპირებები, რასაც ქართული ოცნება შიდა რეპრესიების, კეთილდღეობისა და თანასწორობის იდეების უგულებელყოფის ფონზე იძლევა. ევროკავშირის გამოცდილების შემოტანა, ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკაში, კიდევ უფრო გაამდიდრებს მშვიდობის ჩვენეულ გაგებას, არა მხოლოდ ქართული, არამედ ოსური და აფხაზური საზოგადოებებისთვის.
ინსტრუქცია