საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და სოციო-ეკონომიკური სირთულეები ხშირ შემთხვევაში იწვევს სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივ პროტესტს. ბოლო წლებში გართულებული პოლიტიკური და სოციალური ფონის კვალდაკვალ, ტენდენციის სახეს იძენს სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური კონფლიქტების პოლიციის ხელით მართვა. სულ უფრო ნაკლებად ჩანს ხელისუფლების მცდელობა, შექმნას რეალური პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დიალოგის სივრცეები და პრეცედენტები. ამის საპირისპიროდ, ეფექტიანი მმართველობის განხორციელებისას, მეტი აქცენტი კეთდება საპოლიციო იძულებაზე და კონტროლის მექანიზმებზე.
საპოლიციო ძალა სულ უფრო ხშირად გვევლინება პროცესების მართვის წამყვან მექანიზმად, როგორც პოლიტიკური კრიზისების დროს, ისე სხვადასხვა სოციალურ საკითხთან დაკავშირებულ კონფლიქტებში. განსაკუთრებით პრობლემურია ხელისუფლების მიერ ბალანსის დაცვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასა თუ საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოების უზრუნველყოფას შორის. მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლება სწორედ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს და ამას უზრუნველყოფს ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენებით. აღნიშნულის პირდაპირი შედეგიც მოქალაქეთა თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვაა. ამავდროულად, გამოსარჩევია ცალკეულ შემთხვევებში პოლიციის არაეფექტიანობა და დემონსტრაციული უმოქმედობა, რის შედეგადაც უხეშად ილახება მშვიდობიანი შეკრების და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებები.
სამართალდამცავთა მხრიდან ჭარბი ძალაუფლების დემონსტრირება (და რიგ შემთხვევაში ძალის არარსებობის დემონსტრირება) არა მხოლოდ კონკრეტულ შეკრებებში მონაწილე პირებს ულახავს გამოხატვის თავისუფლებას, არამედ ზოგადად, აღნიშნულს აქვს ,,მსუსხავი ეფექტი“ ქვეყანაში შეკრებისა თუ გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს კი ცალსახად ემსახურება საზოგადოებაში ერთგვარი შიშის დანერგვასა და ამ გზით საპროტესტო მუხტის ჩახშობას.[1]
წინამდებარე ანგარიში მოიცავს პროექტის ,,იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისთვის“ ფარგლებში 2021 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით წარმოებულ საქმეებსა და მათ ანალიზს. დოკუმენტი აფასებს აღნიშნულ პერიოდში გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციებისას საპოლიციო მოქმედებებს, გამოყენებული ძალის პროპორციულობას, უფლებრივ დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების ეფექტიანობას.
დოკუმენტში აგრეთვე შეჯამებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სასამართლო განხილვებისას არსებული ხარვეზები, მოქალაქეთა მიმართ და პოლიციის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების დღემდე არსებული შედეგები. დოკუმენტი ეყრდნობა შესაბამისი უწყებებიდან მიღებულ ინფორმაციას, საჯარო წყაროებში არსებულ მასალას, აგრეთვე პროექტში მონაწილე ორგანიზაციების მიერ მომზადებულ კვლევებს/ანგარიშებს.
კვლევაში წარმოჩენილი ტენდენციები და მიგნებები დაფუძნებულია პარტნიორი ორგანიზაციების (,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“- შემდგომში GDI, ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ - შემდგომში საია, ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, ,,უფლებები საქართველო“ და ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“) მიერ 2021 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 31 მარტის პერიოდში გაწეულ სამართლებრივ დახმარებასა და სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში პარტნიორმა ორგანიზაციებმა სამართლებრივი დახმარება 172 პირს გაუწიეს. აქედან 108 საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, რომელთაგან 40 ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში გამართულ აქციებს უკავშირდება, ხოლო 18 უკრაინის სოლიდარობისა და საქართველოს ხელისუფლების კრიტიკისთვის დაკავებულ პირებს. ნიშანდობლივია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თითქმის მესამედზე მოსამართლეებმა აქტივისტებს ჯარიმა დააკისრეს (ჯარიმის რაოდენობა 2000-დან 3800 ლარამდე მერყეობს), მესამედზე კი წარმოება ჯერ არ დასრულებულა. ამ ეტაპზე წარმატებით დასრულდა (შეწყდა წარმოება/არ დადგინდა სამართალდარღვევის ფაქტი/გაუქმდა დადგენილება/ან გამოეცხადა შენიშვნა) 21 საქმე.
სისხლის სამართლის მიმართულებით ორგანიზაციების წარმოებაში 66 საქმეა. აქედან 57 სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებული პირია (თუმცა მათ ნაწილს სტატუსი დღემდე არ მიუღია). მათ შორის აღნიშვნის ღირსია 2021 წლის 5 ივლისს მიმდინარე თავდასხმების შედეგად დაზარალებული ჟურნალისტებისა და აქტივისტების 34, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო მოსმენების გამო დაზარალებული პირების 13 საქმე. სისხლის სამართლის 3 საქმეზე ორგანიზაციები იცავენ ბრალდებული აქტივისტის, ხოლო 6 შემთხვევაში მოწმის სტატუსით გამოკითხულ პირთა ინტერესებს.
სრულად დოკუმენტი ხელმისაწვდომია მიმაგრებულ ფაილში.
[1] Nurettin Aldemir and Others v. Turkey, § 34; Balçık and Others v. Turkey, § 41; The United Macedonian Organisation Ilinden and Ivanov v. Bulgaria, § 135; Nemtsov v. Russia, § 77-78
ინსტრუქცია