[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / კვლევა

პოლიტიკური ნეიტრალიტეტი პოლიციის სისტემაში

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  127

გამოცემის წელი:  2016

მკვლევრები: 

პოლიტიკური-ნეიტრალიტეტი-პოლიციის-სისტემაში.pdf

კვლევა „პოლიტიკური ნეიტრალიტეტი პოლიციის სისტემაში" მიმოიხილავს პოლიციის სისტემაში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის მდგომარეობას. წარმოდგენილი კვლევა არის პირველი მცდელობა, შეფასდეს პოლიციის საქმიანობა სწორედ ამ რაკურსით და მსგავსი მეთოდოლოგიით.

კვლევა სამნაწილიანია და მასში განხილულია: 1) შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული საკადრო პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული რეგულირებები; 2) საპოლიციო პრაქტიკა და კონკრეტულ საქმეებში გამოვლენილი პრობლემური საპოლიციო ინსტრუმენტები; 3) სამინისტროს ხელმძღვანელების საჯარო გამოსვლების კრიტიკული ანალიზი (აღნიშნული ნაწილი მოამზადა „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“).

ზემოაღნიშნული საკითხები განხილულია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის ჭრილში. კერძოდ, შეფასებულია როგორც პოლიტიზირების შესაძლო ხელშემწყობი ფაქტორები, აგრეთვე სისტემის პოლიტიზირების ძირითადი გამოვლინების ფორმები.

კვლევის ძირითად მიგნებას წარმოადგენს ის, რომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, პოლიციაში არ არის მყარი ინსტიტუციური საფუძვლები პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვისთვის და ძირითადად მისი მიღწევა ხელმძღვანელის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. დიდწილად პოლიციის პოლიტიზირების საფრთხეები შემდეგ ფაქტორებს უკავშირდება:

  • სისტემა მკვეთრად ცენტრალიზებულია და დაუბალანსებელია მინისტრის, როგორც პოლიტიკური ფიგურის უფლებამოსილებები;
  • საკადრო საკითხების რეგულირება ბუნდოვანია და დიდწილად მინისტრის ბრძანებით რეგულირდება, საკადრო პოლიტიკაში მინისტრის მონაწილეობა კი არაგონივრულად ფართოა;
  • ცალკეული საპოლიციო ინსტრუმენტები (მაგალითად, იძულებითი ნარკოტესტირება, ადმინისტრაციული დაკავება და სხვა) იმდენად ხარვეზიანი და ბუნდოვანია, რომ ხელს უწყობს პოლიციის თვითნებობას და ამარტივებს პოლიტიკური მიზნებით პოლიციის გამოყენებას;
  • სუსტია სისტემის შიდა და გარე კონტროლის მექანიზმები, რაც ზრდის დაუსჯელობის პრობლემას.

აღსანიშნავია, რომ კვლევის პროცესში პოლიციის საქმიანობაზე დაკვირვებით გამოიკვეთა რამდენიმე საინტერესო ტენდენცია:

  • კვლევის ფარგლებში არ გამოვლენილა უშუალოდ პოლიციის მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის, მათი ლიდერებისა და აქტიური წევრების მიმართ ძალადობის სისტემური პრობლემა;
  • მონიტორინგის პროცესში არ აღნიშნულა პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში (აქცია/მანიფესტაციასა და სხვა) უხეში ძალის გამოყენებით პოლიციის ჩარევისა და მისი აღკვეთის ფაქტები;
  • თუმცა, კვლევამ გამოავლინა პოლიციის მხრიდან მკვეთრად რეპრესიული საპოლიციო ძალის გამოყენება ინდივიდუალური აქტივისტების/საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ;
  • კვლევამ ასევე აჩვენა პოლიციის ინერტულობა და არაეფექტიანობა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ ძალადობისას. როგორც წესი, ძალადობა კერძო პირების მხრიდან იყო გამოვლენილი და ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზებულობის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

კვლევაში განხილულ პრობლემებთან ერთად, კვლევის ავტორების მიერ შემოთავაზებულია სისტემური ხასიათის რეკომენდაციებიც.

პოლიტიკური-ნეიტრალიტეტი-პოლიციის-სისტემაში.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“