საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2024 წლის ნოემბერში სოხუმში დ/ფ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია. პროცესი საბოლოოდ ასლან ბჟანიას გადადგომით დასრულდა, ხოლო ვადამდელი დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს ჩაინიშნა.
წინამდებარე ტექსტი მიზნად ისახავს მკითხველს გააცნოს აფხაზეთის დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნების უკეთ გასაგებად საჭირო ისეთი ძირითადი საკითხები, როგორიცაა აფხაზეთში ამჟამად არსებული პოლიტიკური ვითარება, დ/ფ არჩევნების კანდიდატები, მათი პოლიტიკური წარსულის საკვანძო მომენტები, კანდიდატების პოზიციები მთავარი საკითხების გარშემო და წინასაარჩევნო გარემო. ამისთვის დამუშავდა ქართული, რუსული და აფხაზური ონლაინ და სოციალური მედიაწყაროები და ასევე - სატელევიზიო არხები.
აფხაზეთში ძალაუფლების ცვლილების პროცესი ბოლო ოცი წელია პროტესტებისა და შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. ეს ტენდენცია 2004 წლიდან ჩნდება, როგორც კი პირველი დ/ფ პრეზიდენტი და აფხაზური პოლიტიკის გამოკვეთილი ლიდერი ვლადისლავ არძინბა ჯანმრთელობის გაუარესების გამო იძულებული გახდა ჩამოშორებოდა პოლიტიკას. 2004 წლის დ/ფ არჩევნებში მის გუნდს მოქმედი დ/ფ პრემიერ მინისტრი რაულ ხაჯიმბა წარმოადგენდა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად „ჩერნომორენერგოს“ თავმჯდომარე სერგი ბაღაფშმა პირველივე ტურში მოიპოვა გამარჯვება. შედეგი დ/ფ ცესკომაც დაადასტურა, თუმცა ხაჯიმბას მომხრეები მეორე ტურის დანიშვნას მოითხოვდნენ. პროცესები თითქმის შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივიდა. საბოლოოდ, რუსული მხარის ზეწოლითა და ძალისხმევით, 2005 წლის 12 იანვარს ჩანიშნულ ხელახალ არჩევნებში ბაღაფში კვლავ პრეზიდენტობის კანდიდატად წარსდგა, ხოლო ხაჯიმბა - ვიცე-პრეზიდენტობის. ამგვარმა კომპრომისმა დროებით განმუხტა დაძაბულობა. 2009 წლის არჩევნებზე ბაღაფში კვლავ დაუპირისპირდა ხაჯიმბას, თუმცა ამჯერად მისი გამარჯვება ცალსახა იყო. მორიგი ვადამდელი არჩევნები 2011 წლის აგვისტოში დაინიშნა, რადგან იმავე წლის მაისში სერგეი ბაღაფში გარდაიცვალა. ამჯერად სამი მთავარი კანდიდატი მონაწილეობდა დ/ფ არჩევნებში, თუმცა ალექსანდრე ანქვაბმა მოახერხა სერგეი შამბასა და რაულ ხაჯიმბას დამარცხება. 2014 წლის მაისში მორიგი კრიზისი დაიწყო ამჯერად უკვე ანქვაბის მართველობის წინააღმდეგ. ოპოზიცია საპრეზიდენტო ძალაუფლების შეკვეცას და უფრო მეტად საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის მომხრე იყო, რადგან პრეზიდენტის პრაქტიკულად ერთპიროვნული მართველობის მიმართ უკმაყოფილება წლების განმავლობაში გროვდებოდა. აქციების შედეგად ანქვაბი გადადგა, ხოლო ვადამდელ არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
ასლან ბჟანიას პრეზიდენტობის დასაწყისი აფხაზეთში ბევრისთვის იმედისმომცემი იყო. 2019 წლის შემოდგომაზე დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გარშემო დაწყებული პოლიტიკური კრიზისი იმ დროს მოქმედი დ/ფ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომით დასრულდა. 2020 წლის მარტში ჩატარებული დ/ფ საპრეზიდენტო არჩევების შედეგად ბჟანიამ ადვილად დაამარცხა მთავარი კონკურენტი ადგურ არძინბა [რაულ ხაჯიმბას გუნდიდან], ხოლო 2022 წლის მარტის დ/ფ საპარლამენტო არჩევნების შედეგად ამ ორგანოს სრული მხარდაჭერა მოიპოვა. ახალი დ/ფ პრეზიდენტის ძალაუფლება რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან კავშირზე იდგა - ეს იყო პირველ რიგში „ამცახარა[1]“ და ყოფილი დ/ფ პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი[2], რომელიც დ/ფ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა და ეკონომიკურ მიმართულებაზე გახდა პასუხისმგებელი. ბჟანიას გუნდს პოლიტიკურ წონას სძენდა ასევე სერგეი შამბა[3], რომელიც დ/ფ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. რაულ ხაჯიმბას მიმართ კრიტიკა ხელისუფლების არაეფექტიანობით, კორუფციითა და რეგიონში ზოგადად არსებული მძიმე სოციოეკონომიკური პრობლემებით იყო განპირობებული. სწორედ ამ შიდა პრობლემების დაძლევის მანდატით შეძლო ასლან ბჟანიამ ძალაუფლების მოპოვება, თუმცა როგორც მოვლენებმა აჩვენა, მის მიმართ პროტესტის საფუძველი უკვე სხვა მხრიდან გაჩნდა - საქმე ეხება რუსეთთან აფხაზეთის ინტეგრაციის პროცესს.
2024 წლის პოლიტიკური კრიზისი თავისი შინაარსით სწორედ ამ კუთხით განსხვავდება წინა შემთხვევებს. 2004-2019 წლების კრიზისების საფუძველი შიდა აფხაზური პოლიტიკა იყო. ვლადისლავ არძინბას შემდეგ წინ წამოსულ არც ერთ ლიდერს მისი მსგავსი ავტორიტეტი არ გააჩნდა, რის გამოც აფხაზურ პოლიტიკურ სცენაზე მეტნაკლებად თანაბარი გავლენის მქონე პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ. მეორეს მხრივ 2008 წლის შემდეგ აფხაზურ პოლიტიკაში ნაციონალური მასშტაბის მოვლენა არ მომხდარა რაც მოქმედ ლიდერს ეროვნულ მხარდაჭერას მოუპოვებდა. ამ პირობებში წინ წამოიწია ადგილზე არსებულმა ეკონომიკურმა, სოციალურმა, კანონის აღსრულებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა და როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ვერც ერთმა ლიდერმა და გუნდმა ამ პრობლემებს თავი ვერ გაართვა. კორუფცია, უმოქმედობა, არაეფექტური მართვა და რეგიონის სოციო-ეკონომიკური დეგრადაცია ნებისმიერი დ/ფ ხელისუფლების პრობლემას წარმოადგენდა. ამ ფარულ კრიზისის პირობებში კი კონკრეტული ფაქტებიც პროცესების ესკალაციისთვის საკმარისი ხდებოდა. ამის კარგი მაგალითია 2019 წლის კრიზისი, რომლის ესკალაცია არა იმდენად დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა გამოიწვია, რამდენადაც იმავე წლის ნოემბერში სოხუმში მომხდარმა გახმაურებულმა მკვლელობამ და მასში ხაჯიმბას ახლო გარემოცვის სავარაუდო მონაწილეობამ. ძალოვანი სტრუქტურების უმოქმედობა და არაეფექტურობა პროცესების ესკალაციის მთავარი კატალიზატორი აღმოჩნდა, რომელიც სრულიად ბუნებრივად არსებულ ოპოზიციურ განწყობებს დაუკავშირდა.
დ/ფ პრეზიდენტობის პირველივე წელს, ბჟანიამ რუსეთთან ჯერ კიდევ ხაჯიმბას დროს ახალი ხელშეკრულებების გარშემო დაწყებული მოლაპარაკებები გააგრძელა. 2020 წლის ნოემბერში, სოჭში ბჟანიასთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა აფხაზეთსა და რუსეთს შორის საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნის სამოქმედო პროგრამას, რომელიც, თავის მხრივ, 2014 წლის რუსეთ-აფხაზეთის სამოკავშირეო და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ეფუძნებოდა. 2014 წლის ნოემბერში მიღებული სტრატეგიული დოკუმენტი მნიშვნელოვანია შემდგომი მოვლენების გასაანალიზებლად, რადგან სწორედ ამ დოკუმენტშია პირველად მოხსენიებული ისეთი მიზნები, როგორიცაა საერთო სოციალური, ეკონომიკური და სამხედრო სივრცეების შექმნა. 2020 წლის ნოემბერში მიღებული ჰარმონიზაციის სამოქმედო პროგრამა აზუსტებდა კონკრეტულ ნაბიჯებს ეკონომიკისა და ფინანსების, საბაჟოს, ენერგეტიკის, სოციალური სფეროს თუ სხვა მიმართულებებით.
პირველი ეჭვები პროგრამის დეტალებზე 2020 წლის სექტემბერში, პუტინ-ბჟანიას შეხვედრამდე ერთი თვით ადრე გაჩნდა. 2020 წლის ივლისით დათარიღებულ დოკუმენტში დ/ფ პრემიერი ანქვაბი ალექსეი ფილატოვს[4] სწერდა, რომ რუსეთის მხრიდან შემოთავაზებულ პროგრამაში დამატებით შეთანხმებებს მოითხოვდა ისეთი საკითხები, რომლებიც ეხებოდა აფხაზეთის ენერგოსისტემის მოდერნიზებისთვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, უძრავი ქონების მართვის საკითხს და არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის აგენტების მიმართულებით აფხაზური კანონმდებლობის რუსულთან მიახლოებას. ასევე გამოქვეყნდა რუსული მხარის რეკომენდაციები. მაგალითად, ენერგოსისტემაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაცია იყო, რომ შეცვლილიყო აფხაზეთის ენერგოსისტემაში არსებული ინფრასტრუქტურის სტატუსი, რადგან ამ სტატუსით მათი პრივატიზაცია დაუშვებელი იყო. კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით რუსული მხარის რეკომენდაცია იყო, რომ შეცვლილიყო აფხაზური კანონი და რუსეთის მოქალაქეებს მისცემოდათ უძრავი ქონების ყიდვის უფლება. ასევე, აფხაზური კანონი უნდა დამსგავსებოდა რუსულს და განესაზღვრა არაკომერციული ორგანიზაციების და უცხო ქვეყნის აგენტების საქმიანობის რეგულაცია. რუსული მხარის ეს რეკომენდაციები უკვე ნოემბერში ორმხრივად ხელმოწერილ და დამტკიცებულ პროგრამაში სრულად იქნა გათვალისწინებული. მოგვიანებით სწორედ ეს რეკომენდაციები გახდა ისეთი პრობლემური კანონპროექტების ინიცირების მიზეზი, როგორებიცაა კანონპროექტები აპარტამენტებზე, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნის აგენტებზე და ა.შ., რასაც აფხაზეთში პროტესტის ტალღები მოჰყვა.
2024 წლის აგვისტოში, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, დმიტრი ვოლვაჩმა და აფხაზეთის დ/ფ ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა განაცხადეს, რომ ჰარმონიზაციის პროგრამის უდიდესი ნაწილი შესრულებული იყო. პროგრამის სრულ დახურვას კი 2025 წელს ვარაუდობდნენ. ვოლვაჩმა ისაუბრა იმაზეც, რომ 2024 წლის მონაცემებით, რუსი ინვესტორები აფხაზეთში ჯამში 17 მლრდ რუბლის [ ≈ 180 მლნ USD] ოდენობის რუსულ საინვესტიციო პროექტებს ახორციელებენ.
თუმცა სამი საკვანძო შეთანხმება, 2025 წლის თებერვლის მონაცემებით, ჯერ კიდევ არ არის შესრულებული. საუბარია შემდეგ კანონპროექტებზე:
აფხაზეთში უძრავი ქონების განკარგვის შესახებ კანონმდებლობა სპეციფიკურია. 1992-93 წლის ომის შემდეგ ეთნიკური წმენდისა და საომარი მოქმედებების გამო რეგიონი ათობით ათასმა ქართველმა, რუსმა, ბერძენმა დატოვა. მათი კერძო საკუთრების უმეტესობა დღემდე მიტოვებულია, ან სხვადასხვა კერძო პირები დაეუფლნენ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. 90-იან წლებში აფხაზეთის სამოქალაქო კოდექსში შეიტანეს ნორმა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეს ენიჭებოდა საცხოვრებელი სახლისა და ბინის ფლობის უფლება. კანონი რეგიონის პოლიტიკურ რეალობებს ასახავდა, ის ქართველების დაბრუნების ლეგალური გზების მოსპობაზე იყო გათვლილი, თუმცა რუსულ სივრცესთან ინტეგრაციის შედეგად სწორედ რუსეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ ისინი, ვისაც გაუჩნდათ ინტერესი აფხაზეთში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ჰქონოდათ. მეორე მხრივ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს აფხაზეთში არ ეზღუდება კომერციული ქონების შეძენა. რუსეთის მოქალაქეს შეუძლია აფხაზეთში იყიდოს ან ააშენოს სასტუმრო, საწარმო, ოფისი, ფერმა, თუმცა მიწა, რომელზეც ეს ნაგებობა დგას - სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება და უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ სხვისდება.
წლების განმავლობაში ცალკე პრობლემას ქმნიდა აფხაზეთის საკადასტრო ბაზის არარსებობა. მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს. 2024 წლის ბოლოსთვის საკანონმდებლო პროცესი პრაქტიკულად დასრულდა - დ/ფ პარლამენტმა 2024 წლის 28 ნოემბერს მიიღო კანონი უძრავი ქონების კადასტრის შესახებ. თუმცა უშუალოდ კადასტრის ფიზიკურ შედგენას რა დრო დასჭირდება, უცნობია.
კანონმდებლობაში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბარი აფხაზეთში ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, ამ თემას მაშინდელი დ/ფ პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი შეეხო. ეკონომიკის ჩამოშლა, ინფრასტრუქტურული დეგრადაცია და ინვესტიციების აუცილებლობა იმდროინდელ დ/ფ ხელმძღვანელობას კანონის შეცვლის და შეზღუდვების მოხსნის აუცილებლობაზე მიუთითებდა. თუმცა იმავე წლის მაისში ანქვაბი დ/ფ პრეზიდენტობიდან გადააყენეს, მისი ადგილი კი რაულ ხაჯიმბამ დაიკავა, რომლის დროსაც კერძო საკუთრების საკითხზე მსჯელობა გადავადდა. ბჟანია-ანქვაბის ხელისუფლებაში მოსვლა/დაბრუნების შემდეგ აპარტამენტების სტატუსზე დისკუსია და პროცესები განახლდა.
ახალი ინიციატივის მიხედვით უცხოურ ინვესტიციას ნებართვა ეძლევა აფხაზეთში ააშენოს სასტუმრო და მასში არსებული ნომრები კერძო საკუთრებაში გაყიდოს როგორც არასაცხოვრებელი ფართი. ამდენად, ინიციატივაში საუბარია არა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აკრძალვის გაუქმებაზე, არამედ ამ კანონის გვერდის ავლაზე. 2023 წლის ივლისში ბჟანიამ დ/ფ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულაციის შესახებ. კანონპროექტის მიხედვით აპარტამენტების ყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ფიზიკურ პირსაც შეეძლებოდა. ამ ურთიერთობაში აფხაზეთის მოქალაქეობა აუცილებელი პირობა აღარ იქნებოდა. საპარლამენტო განხილვაზე კანონპროექტი დაიწუნეს. ოპოზიცია, ერთი მხრივ, ასაშენებელი აპარტამენტების რაოდენობის შემცირებას ითხოვდა 30 000-დან 21 000-მდე, ასევე, ვარიანტად განიხილეს, რომ აქცენტი აფხაზეთის გარკვეული რეგიონებისთვის მიენიჭებინათ ნაცვლად ტურისტული ზონისა - სოხუმი-გაგრის მონაკვეთში. ეს შენიშვნები გაითვალისწინა ასლან ბჟანიამ და დ/ფ პარლამენტს უკვე სახელშეცვლილი კანონპროექტი წარუდგინა განსახილველად - კანონპროექტი ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ. კანონპროექტის ინიცირებას აფხაზეთში სერიოზული პოლიტიკური პროცესი მოჰყვა. ვეტერანები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, აქტივისტები და ოპოზიციური ძალები აქტიურად აღუდგნენ წინ ამ კანონპროექტის მიღებას. პროტესტების ფონზე, კანონპროექტის ფორმალურმა ინიციატორმა დეპუტატებმა [რეზო ზანთარია, გერმანე კაჭარავა, ასლან აქაბა და ბესლან ემურხბა] კანონი უკან გამოიწვიეს. დაძაბულობის განსამუხტად დ/ფ პარლამენტის სპიკერმა სპეციალური განცხადებაც კი გააკეთა. კანონის მიღების მეორე მცდელობა ბჟანიას ჩაუვარდა. როგორც აღმოჩნდა, ეს ამ თემაზე ბჟანიას ბოლო მცდელობა იყო.
აფხაზეთში შიდაპოლიტიკური კონფლიქტის კიდევ ერთი მიზეზი აფხაზეთსა და რუსეთს შორის საინვესტიციო შეთანხმებას ეხება. ეს შეთანხმებაც 2020 წლის „ჰარმონიზაციის პროგრამით“ გათვალისწინებული ნაბიჯია. პროგრამა ამ შეთანხმების ვადად ჯერ კიდევ 2023 წელს ასახელებდა, თუმცა პროცესი 2024 წლის შემოდგომამდე გაიწელა. მხარეებს შორის კონსულტაციებით შედგენილი საინვესტიციო შეთანხმების ტექსტი 2024 წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნდა. აფხაზური მხარის პროტესტი ძირითადად ხელშეკრულების მეხუთე პუნქტმა გამოიწვია, რომელშიც აფხაზური მხარის ვალდებულებებზეა საუბარი. შეთანხმების ტექსტის მიხედვით ინვესტორს [იურიდიულ პირს] მიწის ნაკვეთი და მასზე აშენებული ნაგებობა საკუთრებაში გადაეცემოდა, მასვე მიენიჭა კვოტები სამუშაო ძალებზე, რომელსაც ერთპიროვნულად განსაზღვრავდა, ინვესტორებს ასევე უწესდებოდათ შეღავათები სამშენებლო მასალების იმპორტისას საბაჟო გადასახადებზე, ობიექტი რვა წლით თავისუფლდებოდა ქონების და მოგების გადასახადისგან და ა.შ. ამასთანავე, ინვესტორს მოგვიანებით ეს ქონება მიწაზე საკუთრების უფლებასთან ერთად შეეძლო მესამე პირისთვის გადაეცა. შეთანხმებას 2024 წლის 30 ოქტომბერს მოეწერა ხელი, მოსკოვში რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვსა და აფხაზეთის დ/ფ ვიცე პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანს შორის. შეთანხმების რატიფიკაციისთვის აფხაზეთის დ/ფ პარლამენტის რატიფიცირება იყო საჭირო, ამას კი სოხუმში პროტესტი მოჰყვა.
რატიფიცირებამდე, 2024 წლის 11 ნოემბერს, ბჟანიამ ხელი მოაწერა საკონსტიტუციო კანონს მრავალფუნქციური კომპლექსების შესახებ, რომელიც დ/ფ პარლამენტმა იმ დღეს რამდენიმე საათით ადრე დაამტკიცა. კანონით განიმარტა, რომ მრავალფუნქციური კომპლექსი არ წარმოადგენს საცხოვრებელ შენობას და მასში შეიძლება განთავსებული იყოს სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი, როგორიცაა ოფისები, სავაჭრო, სპორტული, საგამოფენო, საგანმანათლებლო და სხვა სივრცეები აპარტამენტებისა და აპარტოტელების გამოკლებით. ამგვარი კომპლექსების საცხოვრებელ სტატუსში გადაყვანა, ისევე როგორც საცხოვრებელი სტატუსის მქონე შენობების მრავალფუქციურ კომპლექსად გადაქცევა, დაუშვებელია.
15 ნოემბერს ჩანიშნული იყო საპარლამენტო სხდომა, სადაც საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირება იყო დაგეგმილი, თუმცა პროტესტი პარლამენტის შენობასთან 11 ნოემბერსვე დაიწყო. დანიშნულ დღეს, 15 ნოემბერს დემონსტრანტებმა მოითხოვეს საინვესტიციო შეთანხმების გაუქმება. დაპირისპირების, მოლაპარაკებებისა და პროტესტის შედეგად ბჟანია დათანხმდა შეთანხმების გაწვევას, თუმცა მას შემდეგ რაც დემონსტრანტებმა პარლამენტის და მთავრობის შენობები დაიკავეს, ბჟანიას სოხუმის დატოვება მოუწია და მოგვიანებით - გადადგა კიდეც. 2024 წლის 3 დეკემბერს დ/ფ პარლამენტმა მოსკოვთან დადებული საინვესტიციო შეთანხმება გააუქმა.
2020 წლის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროგრამა არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის აგენტების საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების ჰარმონიზაციასაც გულისხმობდა [პუნქტი - 37]. 2021-2024 წლებში უცხო ქვეყნის აგენტების თემა დ/ფ საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას „ებარა“. სწორედ ის იჩენდა ინიციატივას და კანონის მისაღებადაც აქტიურობდა, პარალელურად კი, სკანდალურად აკრიტიკებდა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, ისე ადგილობრივ სამოქალაქო სექტორს. არაერთხელ დემონსტრაციულად გააკრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა USAID-ზე, აფხაზეთში შესვლაზე უარი ეთქვა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ა.შ.
2024 წლის 7 თებერვალს ბჟანიამ კანონპროექტი დ/ფ პარლამენტს წარუდგინა, თუმცა საზოგადოებრივი პროტესტისა და პარალელურად სხვა თემებზე მიმდინარე კრიზისის შედეგად კანონპროექტი ჯერჯერობით არ მიუღიათ. აქ გასათვალისწინებელია ის, რომ ეს კანონი 2020 წლის ჰარმონიზაციის პროგრამის ნაწილად რჩება და მის შესასრულებლად აფხაზურმა მხარემ ვადას გადააცილა.
მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, რომ 2024 წლის ნოემბრის პროტესტები მხოლოდ ზემოთ ნახსენები კანონპროექტების შედეგი არ არის. პროტესტების ფონზე დ/ფ ხელისუფლების ცვლილება პირველი შემთხვევა არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ელიტების მიმართ აფხაზურ საზოგადოებაში კრიტიკული განწყობა მუდმივად დომინირებს, რადგან ამ ელიტებმა შიდა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში არაკომპეტენტურობა გამოავლინეს. შესაძლოა, მიზეზები ობიექტურად არსებულ მწირ პოლიტიკურ რესურსებშიც იყოს. აფხაზურ საზოგადოებაში ლეგიტიმაციის პრობლემა მხოლოდ ვლადისლავ არძინბას არ ჰქონია და ამის მიზეზი 1992-93 წლების ომი, მისი ნაციონალური მასშტაბია. თუმცა არძინბას შემდეგ დ/ფ ხელისუფლების ცვლილება მუდმივად შიდა დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. ეს პროცესი თითქმის ოცი წელია გრძელდება. ამ ზოგადი უნდობლობისა და კრიტიკის ფონზე კი არაპოპულარული გადაწყვეტილებები კონკრეტული დ/ფ პრეზიდენტისთვის დამატებითი პრობლემის შემქმნელია. ბჟანიას ეს დამატებითი პრობლემა ე.წ. ბიჭვინთის აგარაკების საკითხმა შეუქმნა. ეს იყო პირველი თემა, რომლის წინააღმდეგაც საზოგადოება გამოვიდა, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროტესტის წინა ხაზზე ახალგაზრდა თაობა იდგა. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აფხაზური საზოგადოება სულ უფრო თვალნათლივ ხედავს „დამოუკიდებლობისათვის“ ბრძოლის შედეგებს. მათ შეძლეს თბილისის გავლენებისგან გათავისუფლება, თუმცა ამისი ფასი რუსულ სივრცეში სრული ინტეგრაცია აღმოჩნდა, რომლისგან თავის დაღწევა წარმოუდგენელ საკითხად მოჩანს. დაქვემდებარების ეს მასშტაბი რამდენჯერაც თავს გამოავლენს, იმდენჯერ პროტესტს იწვევს აფხაზურ საზოგადოებაში. თუმცა პოლიტიკური ჩიხის პირობებში, მანევრირებისთვის მათ მცირე სივრცე აქვთ. ერთადერთი ობიექტი კი, რომელსაც ეს უკმაყოფილება შეიძლება მიემართოს, ადგილობრივი დ/ფ ხელისუფლებაა. ამიტომაც ბჟანიას წინააღმდეგ არსებული განწყობები, ერთი მხრივ, მისი ნაბიჯებით იყო გამოწვეული, მეორე მხრივ კი, პრობლემა არა იმდენად ბჟანიაში იყო, რამდენადაც ზოგადად - ჩიხში შესულ აფხაზურ პოლიტიკაში.
შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ აფხაზეთში არსებული პოლიტიკური კრიზისი სწორედ ამ ზემოთ ნახსენები სამი კანონპროექტის გარშემო განვითარდა და ვადამდელ დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატებს სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე უწევთ ყურადღების გამახვილება. თუმცა სანამ უშუალოდ კანდიდატების დამოკიდებულებაზე გადავიდოდეთ, საჭიროა თავად კანდიდატების, მათი პოლიტიკური გუნდისა და წარსული საქმიანობის გადახედვა.
აფხაზეთის დ/ფ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნებში ხუთი კანდიდატი დაარეგისტრირა.
გუნბა/ბიგვავა ე.წ. სახელისუფლებო კანდიდატები არიან, რომელთა უკან „ამცახარა“, ასლან ბჟანია, ალექსანდრე ანქვაბი და „აიტაირა“ დგანან. ეს გუნდი, მით უფრო კი, „ამცახარა“ და ანქვაბი, თითქმის ორი ათეული წელია, უპირისპირდებიან ე.წ. არძინბას კლანს და მის ალტერნატივად მოიაზრებიან. გუნბას კანდიდატურა ამ პოლიტიკური ძალებისთვის ხელისუფლების შენარჩუნების ბოლო ინსტრუმენტია.
ბადრა გუნბა დაიბადა სოხუმში, 1981 წლის 14 აგვისტოს. 2003 წელს დაამთავრა სარატოვის უნივერსიტეტი ბუღალტერიის განხრით. 2003-2007 წლებში ადმინისტრაციულ სამსახურშია სარატოვში. აფხაზეთში მისი საქმიანობა 2007 წლიდან იწყება, როცა ის აფხაზეთის დ/ფ მთავრობის უფლებრივ საკითხებზე რეფერენტად ინიშნება. 2009-2011 წლებში იყო კულტურის მინისტრის მოადგილე [პრეზიდენტები - სერგეი ბაღაფში და ალექსანდრე ანქვაბი, კულტურის მინისტრი - ნუგზარ ლოგუა]. 2011-2014 წლებში - კულტურის მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბის პრეზიდენტობის დროს. ანქვაბის გადადგომის შემდეგ ბიზნესში მიდის, პარალელურად წევრიანდება პოლიტიკურ პარტია „აიტაირაში“ [აღორძინება], რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი 2003 წელს სწორედ ალექსანდრე ანქვაბი იყო[5].
2019-2020 წლების კრიზისის დროს „აიტაირა“ და „ამცახარა“ რაულ ხაჯიმბას ოპოზიციაში იმყოფებოდნენ. 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი ალხას კვიწინია იყო, თუმცა რაულ ხაჯიმბამ საეჭვოდ გაიმარჯვა და მეორე ტურზე უარი თქვა, რასაც კრიზისი და ხაჯიმბას გადადგომა მოჰყვა. უკვე 2020 წლის თებერვალში დანიშნული არჩევნებისთვის ოპოზიციამ საერთო კანდიდატად ასლან ბჟანია წარადგინა, ხოლო „ამცახარამ“ და „აიტაირამ“ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ამჯერად „აიტაირას“ პოლიტსაბჭოს წევრი ბადრა გუნბა წარადგინეს. „აიტაირას“ ლიდერი ანქვაბი კი, როგორც უკვე ითქვა, დ/ფ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა და ეკონომიკურ პორტფელზე აიღო პასუხისმგებლობა. 2024 წლის კრიზისის დროს ასლან ბჟანია დათანმხდა თავისი და ანქვაბის გადადგომას. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას ვალერი ბგანბა შეუდგა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. 2024 წლის არჩევებში კი გუნბა ხელისუფლების საერთო კანდიდატად წარადგინეს. მის უკან
მიმდინარე არჩევნებზე ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ბესლან ბიგვავაა, რომელიც ტყვარჩელში, 1971 წელს დაიბადა. ოჩამჩირის მე-4 სკოლის დასრულების შემდეგ სწავლობდა ჯერ რუსეთში, ივანოვოს სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში, შემდეგ კი უკრაინაში - აღმოსავლეთ უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტში [ლუგანსკი], რომელიც 1998 წელს მანქანათმშენებლობის განხრით დაასრულა. 1999 წლიდან ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას მოსკოვში. 2021 წელს ბიგვავა ოჩამჩირის რაიონის გამგებლად დაინიშნა. მის სახელს უკავშირდება ინციდენტი სოხუმში: 2022 წლის 1-ელ იანვარს ბესლან ბიგვავამ სასტუმრო „გარუდაში“ კონფლიქტის დროს პირადი პისტოლეტი გამოიყენა და 2 ადამიანი დაჭრა. ბიგვავა რამდენიმე თვით ჩამოაშორეს საქმიანობას, თუმცა შემდეგ ისევ დაუბრუნდა ოჩამჩირის გამგებლის თანამდებობას. აპარტამენტებთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა პრობლემურ თემებზე, ბიგვავა, როგორც რაიონის გამგებელი, პოლიტიკურად არ აქტიურობდა, თუმცა 2024 წლის ივლისში, დ/ფ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე, მან ინვესტიციების აუცილებლობაზე ისაუბრა. ბიგვავა ასევე ასლან ბჟანიას წრეს მიეკუთვნება.
ადგურ არძინბა ცნობილ არძინბას კლანს მიეკუთვნება, რომელიც პირველ დ/ფ პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას უკავშირდება. კლანს შიგნით 2000-იან წლებში დაპირისპირებას მკვლელობები და ანგარიშსწორებებიც მოჰყვა, რამაც კლანი დაასუსტა. 2010-იანი წლების ბოლოს კი კლანი გაერთიანდა, ხოლო ამ გაერთიანებისა და შერიგების ერთ-ერთი მოთავე სწორედ ადგურ არძინბა იყო, რამაც მისი ავტორიტეტი კლანს შიგნით საკმაოდ გაამყარა. ადგურ არძინბას მხარდამჭერ ძალებში არიან: აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმი, პარტია „აფსნი“, ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“, ორგანიზაცია „ჩვენი დედაქალაქი“, კან კვარჭია [ორგანიზაცია „აიდგილარას“ თავმჯდომარე], ბიზნესმენი ლევან მიქავა.
ადგურ არძინბა დაიბადა გუდაუთაში, 1982 წელს. 2007 წელს დაამთავრა ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009 წელს კი ვოლგოგრადის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი. განათლებით არის ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ სახელმწიფო სამსახურის აკადემიაში ეკონომიკის მიმართულებით აიმაღლა კვალიფიკაცია. 2019 წელს ეკონომიკის ისტორიის მიმართულებით გაიარა კვალიფიკაცია ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში.
2011-2013 წლებში იყო ეკონომიკურ საკითხებზე აფხაზეთის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი, 2013-2015 წლებში - აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ეკონომიკური კავშირების განყოფილების გამგე, ხოლო 2015 წლის თებერვალ-აპრილში - აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკური სამმართველოს ხელმძღვანელი. 2015 წლის აპრილიდან 2019 წლის დეკემბრამდე - აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი, 2015 წლის აპრილიდან - 2020 წლის აპრილამდე - აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი.
2020 წლის მარტში, ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ ჩანიშნულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილ სამთავრობო გუნდს სწორედ ადგურ არძინბა წარმოადგენდა, თუმცა ბჟანიასთან არჩევნები წააგო. მაგრამ გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ ხაჯიმბას გადადგომისა და მისი გუნდის არაპოპულარობის ფონზე მაინც საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა - 56% ბჟანიამ მიიღო, ხოლო 35% - არძინბამ.
არჩევნების შემდეგ ადგურ არძინბამ დააარსა ახალი ოპოზიციური ორგანიზაცია - აფხაზეთის სახალხო მოძრაობა. მისი მთავარი ამოცანა, ერთი მხრივ, ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერობა და, მეორე მხრივ, ბჟანიას წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა გახდა. ამ მხრივ უნდა ითქვას, რომ არძინბამ ორივე დავალებას წარმატებით გაართვა თავი. ის აქტიურად მონაწილეობდა 2021-2024 წლების პროტესტებში, არაერთხელ მოითხოვა ბჟანიას გადადგომა. გასათვალისწინებელია, რომ მის პოლიტიკურ საქმიანობას ხაზად გასდევს კავშირების დამყარება. ოპოზიციურ საქმიანობაში არძინბა და მისი ორგანიზაცია მუდმივად სხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისა თუ პარტიების გარემოცვაში მოქმედებდა. 2024 წლის შემოდგომის კრიზისის შემდეგ კი მან წარმატებით მოახერხა ოპოზიციის ლიდერად საბოლოოდ ჩამოყალიბება და შედეგად, მთავარ ოპოზიციურ კანდიდატად სწორედ არძინბა დასახელდა.
ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი ალხას ჯინჯალი [ჯინჯოლია] დაიბადა სოხუმში, 1974 წელს. სამედიცინო განათლება მიღებული აქვს ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2018-2022 წლებში დ/ფ მე-6 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, მუშაობდა ექიმ ქირურგად სოხუმის ქალაქის ჰოსპიტალში. აქტიურად უწევდა ოპონირებას ბჟანიას და გამოდიოდა საინვესტიციო შეთანხმების, ასევე, აპარტამენტების შესახებ კანონების წინააღმდეგ.
ოლეგ ბარციცის კანდიდატურა საინტერესო მოვლენაა მომავალ დ/ფ არჩევნებში. მას დიდი წონა და გავლენა აფხაზურ პოლიტიკაში არ აქვს. მისი კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბარციცი ალექსანდრე ანქვაბის „სათადარიგო“ სვლაა. ბარციცს მომავალ დ/ფ არჩევნებში არძინბასთვის ხმების წართმევა „ევალება“, რათა ოპოზიციურმა კანდიდატმა პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვოს და სამთავრობო გუნდს მეტი დრო მისცეს მეორე ტურისთვის მოსამზადებლად. თუმცა ეს ვარაუდები სოციალურ ქსელში ანონიმური განხილვებისას თუ ჩნდება.
ოლეგ ბარციცი დაიბადა გუდაუთაში, 1967 წელს. სწავლობდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში, ხოლო 1996 წელს დაამთავრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აკადემია. 2005 წელს დაინიშნა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის თამჯდომარედ რუსეთში, რუსეთის საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებით, ხოლო 2010-2020 წლებში იყო აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთში. 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა ვიცე-პრეზიდენტობაზე, ოლეგ არშბასთან ერთად, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. მაშინ არშბა-ბარციცის კანდიდატურას მხარს უჭერდა ალექსანდრე ანქვაბი, შესაბამისად, არშბას ანქვაბის წრეს მიაკუთვნებენ. ბარციცი პრობლემურ კანონპროექტებთან დაკავშირებით კრიტიკულ პოზიციებს გამოხატავდა, და მიიჩნევდა, რომ საინვესტიციო, თუ აპარტამენტების კანონები მეტად უნდა ითვალისწინებდნენ აფხაზური მხარის ინტერესებს. მისი პოზიციით, საჭირო იყო არა ამ შეთანხმებების უარყოფა, არამედ აფხაზური მხარისთვის უფრო მომგებიან ვარიანტებზე შეთანხმება რუსეთთან და ამავე დროს აფხაზურ საზოგადოებასთან უფრო მეტი მუშაობა კანონების მხარდაჭერის ასამაღლებლად.
ადგურ კაკობა დაიბადა 1965 წელს, ოჩამჩირეში, სოფელ ათარაში. განათლებით არის ფილოლოგი, დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მონაწილეობდა 1992-93 წლების ომში, არის ლეონის ორდენის კავალერი. 2014 წლამდე მოღვაწეობდა საგანმანათლებლო სფეროში. 2014-2020 წლებში იყო აფხაზეთის განათლების მინისტრი. აქტიური პოლიტიკური საქმიანობით არ გამოირჩეოდა.
ორივე კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. უცნობია მათ ზურგს უკან მდგომი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ვინაობა, თუმცა აფხაზურ პოლიტიკაში ამ კანდიდატების გავლენა მინიმალურია.
ადგურ ხურხუმალი დაიბადა 1982 წელს ტყვარჩელში. განათლება მიიღო მაიკოპის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. 2002 წლიდან საქმიანობდა ბიზნესსფეროში, კერძოდ აფხაზეთში დაარსებულ ბანკში - Черноморский банк развития, რომლის ხელმძღვანელად 2019 წელს დაინიშნა.
მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატია თენგიზ ქუთელია, რომელიც 1971 წელს ოჩამჩირეში, სოფელ ტამიშშია დაბადებული. განათლებით აგრონომი, სწავლობდა სტავროპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მონაწილეობდა 1992-93 წლების ომში. მის ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ 1992 წლის აგვისტოში ოხურეის ბლოკპოსტთან ერთ-ერთი პირველი სწორედ მისი რაზმი შეებრძოლა ქართულ ნაწილებს და ქუთელია ტყვედ ჩავარდა. აქვს ძირითადად სამხედრო კარიერა. მონაწილეობდა 2008 წლის ომში, კოდორის მიმართულებაზე. ბოლო წლებში არ გამოირჩეოდა პოლიტიკური აქტიურობით.
ეს ორი კანდიდატი ასევე აუტსაიდერები არიან. მათი მონაწილეობა ბევრისთვის ფორმალობაა. არშბა/აგრბას გუნდი არ განიხილება სერიოზულ ძალად და მსგავსი კანდიდატების „ფასი“, როგორც წესი, მეორე ტურის დროს იზრდება, როდესაც მათ ორ მთავარ კანდიდატს შორის მხარის არჩევა მოუწევთ.
რობერტ არშბა დაიბადა 1974 წელს, ტყვარჩელში. ფინანსური განხრით განათლება მიიღო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურებში ფინანსური მიმართულებით. 2013-2023 წლებში ხელმძღვანელობდა აფხაზეთის დ/ფ კონტროლის პალატას. დაუთ აგრბა დაიბადა 1978 წელს გაგრაში. ფინანსური განათლება მიიღო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული და ფინანსური განათლება -ასევე მოსკოვის ღია სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რუსეთის მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემიაში. ბოლო წლებში აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს წევრია.
ყველა კანდიდატი აფხაზეთისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. დ/ფ პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატიდან 1992-93 წლების ომში მონაწილეობა არ მიუღია სამს: ბადრა გუნბას, ადგურ არძინბასა და ადგურ ხურხუმალს[6], ხოლო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებიდან მხოლოდ დაუთ აგრბას.
თვალშისაცემია ერთგვარი თაობათა ცვლა აფხაზურ პოლიტიკაში. მთავარი კანდიდატები ასაკითაც ახალგაზრდები არიან და მათი ავტორიტეტი/გავლენები ომში მონაწილეობას არ უკავშირდება. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ომის ვეტერანებს ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვთ პროცესებზე, თუმცა ამჯერად ისინი სცენის მიღმა დგანან და იქიდან მართავენ პროცესებს. ორი მთავარი ვეტერანთა გაერთიანება „არუაა“ და „ამცახარა“ აქტიურად მუშაობენ თავიანთი კანდიდატების მხარდასაჭერად, გუნბას კანდიდატურის უკან თვალშისაცემია ალექსანდრე ანქვაბის ფიგურა. ამიტომაც, ეს დ/ფ არჩევნები ჯერ კიდევ ცოცხალი დაპირისპირების გამოხატულებაა, რომელშიც ე.წ. არძინბას კლანი და მასთან დაპირისპირებული ჯგუფები მონაწილეობენ. მათი ეს დაპირისპირება 2004 წლიდან იღებს სათავეს.
ყველა კანდიდატი, ისევე როგორც მათ უკან მდგომი ძალები, რუსულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში სრულად არის ინტეგრირებული. ამავე დროს მათ პრაქტიკულად არანაირი კავშირი და გამოცდილება [პოლიტიკური, ეკონომიკური] არ აქვთ ქართულ მხარესთან.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთავარი კონკურენტები აფხაზური პოლიტიკისთვის უკვე ტრადიციულად ჩამოყალიბებულ ორ პოლიტიკურ ძალა/კანს შორის მიმდინარეობს. საუბარია ე.წ. არძინბას კლანსა და იმ პოლიტიკურ გუნდს შორის, რომელიც სერგეი ბაღაფშის გარემოცვას წარმოადგენდა. ეს დაპირისპირება ჯერ კიდევ 2004 წლის დ/ფ არჩევნებისას დაიწყო. მიუხედავად ვლადისლავ არძინბას მცდელობისა და რუსული მხარის აქტიური ჩართულობისა არძინბას კლანმა 2004 წელს ათი წლით დაკარგა ძალაუფლება. იმ პერიოდში პოლიტიკურ პოზიციებში ამ ორ ჯგუფს შორის სხვაობა იკითხებოდა. არძინბა და მისი გუნდი რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობაზე, საერთო სოციალურ და ეკონომიკური სივრცის შექმნაზე აკეთებდა აქცენტს, მაშინ როდესაც ბაღაფში რჩებოდა რა ოფიციალურად პრო-რუს პოლიტიკოსად აფხაზეთის რუსეთში აქტიური ინკორპორაციის მომხრე არ იყო. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ იმ პერიოდში აფხაზეთი კრემლსაც არ ყავდა აღიარებული და თბილისთან მოლაპარაკებების პერსპექტივები ჯერ კიდევ არსებობდა. განსხვავება ამ ორ ჯგუფს შორის არა იმდენად რუსეთთან დამოკიდებულებაში ჩანდა, არამედ - თბილისთან. შეიძლება ითქვას, რომ არძინბას კლანი უფრო მეტად ხისტი და რადიკალი იყო ამ პროცესებში, ხოლო ბაღაფშ/ანქვაბის გუნდს მეტი ზომიერება ახასიათებდა. მათთან ერთი პერიოდი ალიანსში მყოფი სერგეი შამბა კი იმ პერიოდში სულაც მუჰაჯირების დაბრუნებაზე და აფხაზეთის ალტერნატიულ საგარეო ვექტორზეც აკეთებდა აქცენტს. 2020-2024 წლისთვის კი როგორც გამოიკვეთა აფხაზურ პოლიტიკაში ანტირუსული ან ზომიერად პრორუსული პოზიციები თითქმის სრულად გაქრა რაც რუსული გავლენების კარგი გამომხატველია. თანამედროვე აფხაზური პოლიტიკური ჯგუფები რუსულ-აფხაზური ურთიერთობების ველზე მოქმედებენ, სადაც რუსეთს უალტერნატივო პარტნიორისა და დამცველის როლი უკავია.
ხუთივე რეგისტრირებული კანდიდატი შეხვედრებსა და დებატებზე თითქმის იდენტურ თემებზე აკეთებს აქცენტს.
შიდა პოლიტიკაზე საუბრისას აქცენტი პირველ რიგში კეთდება დაძაბულობის განმუხტვაზე, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე. ყველა კანდიდატისთვის მიუღებელია დაპირისპირების გაგრძელება, მით უფრო - შეიარაღებული ფორმით.
რუსეთთან ურთიერთობაში ცალსახად იკვეთება, რომ ყველა კანდიდატისთვის რუსეთი აფხაზეთის მთავარი პარტნიორი და მისი „სახელმწიფოებრიობის“ გარანტორია. შესაბამისად, კანდიდატების მიზანია რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობის მაღალი დონის შენარჩუნება, ხოლო პრობლემური საკითხების გარშემო ისინი რუსულ მხარესთან მოლაპარაკებისა და კომპრომისული შეთანხმების იმედით არიან.
საქართველოს შემთხვევაში კანდიდატების მიდგომა სტანდარტულია და იმეორებს ძველ ფორმულას - ჯერ აღიარება, შემდეგ დიალოგი. თბილისის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ყველა კანდიდატის მთავარი მიზანია. ასევე ამახვილებენ ყურადღებას ოკუპაციის შესახებ კანონზე. მათი აზრით, ეს კანონი ქართულ მხარესთან დიალოგისა თუ მოლაპარაკების პერსპექტივებს ამცირებს. აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხი ტრადიციული ფორმულის მიხედვით, „განხილვას არ ექვემდებარება“.
შიდა პოლიტიკური თემების განხილვისას ყველა კანდიდატი ყურადღებას ამახვილებს რეგიონის სოციოეკონომიკურ პრობლემებზე და ერთგვარი თანხმობაა, რომ ამ პრობლემებიდან გამოსავალი მხოლოდ ინვესტიციები შეიძლება იყოს. თუმცა სწორედ ინვესტიციებისა და რუსეთთან ურთიერთობის პრობლემურ საკითხებზე იკვეთება სხვაობა მთავარ პრეტენდენტობის კანდიდატებს - ბადრა გუნბასა და ადგურ არძინბას პოზიციებს შორის.
ადგურ არძინბას კრიტიკის მთავარი არგუმენტი ის არის, რომ რუსეთთან 2020 წელს შეთანხმებული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროგრამა და მისგან გამომდინარე შემოთავაზებული კანონპროექტები კაბალურია აფხაზური მხარისთვის. ბჟანიას დ/ფ ხელისუფლებას რუსული მხარის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე დათანხმებამდე უფრო მეტად უნდა დაეცვა აფხაზური მხარის ინტერესები და მხოლოდ აფხაზეთისთვის სასურველი პარიტეტის დაცვის პირობებით დათანხმებოდა მათ. არძინბას ლოგიკით, ბჟანია და მისი გუნდი [ანქვაბი, გუნბა] ხელმძღვანელობდნენ თავიანთი ვიწრო, ჯგუფური მოტივებითა და მატერიალური ინტერესებით, ნაცვლად იმისა, რომ დაენახათ აფხაზებისთვის გრძელვადიანი რისკები და დაეზღვიათ ისინი. ოპოზიციის ლიდერის აზრით, ბჟანიამ ვერ შეძლო ან შეგნებულად არ მოინდომა აფხაზების ინტერესების დაცვა და კრემლთან საერთო ენის გამონახვა. რუსული ინვესტიციები და თუნდაც ე.წ. აპარტამენტების საკითხი, მათში არსებული მიუღებელი დეტალების გამოა პრობლემური და არა თავად კანონპროექტები. არგუმენტის სახით არძინბა მიიჩნევს, რომ მსგავსი კაბალური შეთანხმებები არ დადებულა ხაჯიმბას დროს, რადგან ის და მისი გუნდი ეფექტიანად იცავდნენ აფხაზების ინტერესებს. ამ მხრივ, თვალსაჩინოა 2014 წელს დადებული სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი, სადაც აფხაზური მხარის ინტერესები სრულად არის გამოხატული და დაცული. რუსეთის მხრიდან აფხაზებისთვის არასასურველი პირობების თავს მოხვევაში კი არძინბა ხედავს არა კრემლის პოლიტიკურ ინტერესებს, არამედ - რუსული ოლიგარქიული ჯგუფების ეკონომიკურ მოტივებს, ხელში ჩაიგდონ აფხაზეთის ეკონომიკა და ნეგატიურად შეცვალონ რეგიონის დემოგრაფია, თუ სოციალური სურათი.
საინვესტიციო შეთანხმებისა თუ ე.წ. აპარტამენტების საკითხის გარშემო სხვა ოპოზიციური კანდიდატების მოსაზრებები მეტნაკლებად თანხვედრაშია ადგურ არძინბას გუნდის პოზიციებთან, იმ განსხვავებით, რომ ზოგიერთი მათგანი [ოლეგ ბარციცი] უფრო მსუბუქად აკრიტიკებს ბჟანიას გუნდის კრემლთან მოლაპარაკებების შესაძლებლობებს და გვერდს უვლის მოსაზრებას, რომ ბჟანია/ანქვაბის გუნდი პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობდა.
ოპოზიცია ფრთხილ პოლიტიკურ პოზიციაზე დგას - ისინი, ერთი მხრივ, ცდილობენ კრემლის მხრიდან თავსმოხვეული კანონპროექტების ბრალეულობა სრულად ბჟანია/გუნბაზე გადაიტანონ, ხოლო რუსეთის მხარის კრიტიკისას აქცენტს ოლიგარქიული ჯგუფების ინტერესებზე აკეთებენ და არა კრემლის პოლიტიკურ მოტივებზე.
თავის მხრივ, ბადრა გუნბასა და მისი გუნდის პოზიცია უფრო მყიფე და რისკის შემცველია. ბჟანია, ერთი მხრივ, დათანხმდა კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამოქმედო პროგრამას და ეს საკითხი ინტერპრეტაციის საგანი კი არა, დამდგარი ფაქტია. ასევე დამდგარი ფაქტია ის, რომ რუსული მხარის მიერ ინიცირებული საინვესტიციო შეთანხმება, თუ ზეწოლა კერძო საკუთრების უფლების შეცვლაზე დ/ფ ხელისუფლებაში საკმარის წინააღმდეგობას არ წააწყდა. რუსულ მხარესთან შეთანხმებების შესრულება [კანონპროექტების მიღება] გამარჯვების შემთხვევაში გუნბას ვალდებულება იქნება. კრიტიკის პასუხად გუნბა მიუთითებს და აქცენტს აკეთებს რუსეთ-აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ინვესტიციების აუცილებლობასა და იმ სარგებელზე, რომელსაც აფხაზური მხარე ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში ნახავს. თუმცა გუნბას გუნდს ჯერჯერობით არ აქვს კონკრეტული პასუხი კრიტიკაზე, აპირებს, ან შეძლებს თუ არა რუსულ მხარესთან კანონპროექტების დეტალების შეცვლას და მთავარი აფხაზური შიშების გაქრობას. ამ მხრივ, დაპირების ფორმით იმედისმომცემ გარემოებად ცდილობს იმის წარმოდგენას, რომ აფხაზური საზოგადოების პროტესტი კრემლშიც დაინახეს და უფრო მეტი გაგებით მოეკიდებიან აფხაზეთის დ/ფ პრეზიდენტის ინიციატივას გადაიხედოს შეთანხმებების სხვადასხვა პუნქტი. ამ იმედს ამყარებს რუსეთში გუნბას ვიზიტებიც/შეხვედრებიც. რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა 6 თებერვალს გუნბასთან შეხვედრისას მიუთითა, რომ რუსეთი თანახმაა საინვესტიციო შეთანხმება ამჟამად არსებული ფორმით არ განხორციელდეს. „ჩვენ დავუბრუნდებით მის განხილვას და უზრუნველვყოფთ ორივე მხარის, მათ შორის, აფხაზეთის მოსახლეობისა და ბიზნესის ინტერესების ბალანსს“, - აღნიშნა ნოვაკმა.
ოპოზიციური კანდიდატები და ბადრა გუნბა არ აზუსტებენ, კონკრეტულად რას შეცვლიან გამარჯვების შემთხვევაში. ოპოზიციას, პირველ რიგში კი, ადგურ არძინბას, ამ მხრივ უფრო მოხერხებული პოზიცია უკავია. მან ახსენა საინვესტიციო შეთანხმებისა თუ ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტში შესატანი ის ცვლილებები, რომლებიც ოპოზიციამ რამდენიმე თვის წინ საპარლამენტო დებატების დროს არაერთხელ გააჟღერა კიდეც. არძინბა რუსულ მხარესთან მომავალი მოლაპარაკებების დროს ფსონს დებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ასაშენებელი აპარტამენტების რაოდენობის შემცირება, სასტუმროებისა და აპარტამენტების ასაშენებლად აღმოსავლეთ აფხაზეთში [გალი, ოჩამჩირე, ტყვარჩელის რაიონები] მიწების გამოყოფა, ინვესტორებისთვის საბაჟო და საგადასახადო შეღავათების შეცვლა/გაუქმება, ინვესტორისთვის მეტი ვალდებულების დაკისრება, ადგილობრივი მუშახელის დასაქმების გარანტიები და ა.შ. მისი დაპირებების ლოგიკა ასევე ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ მის გუნდს [მეტწილად რაულ ხაჯიმბას გუნდი] კრემლთან მოლაპარაკებისა და აფხაზებისთვის სასურველი შეთანხმებების მიღწევის მეტი გამოცდილება აქვს.
საპროგრამო გამოსვლები და კრიზისის დაძლევის გზები, რომლებსაც კანდიდატები სთავაზობენ ამომრჩეველს, საბოლოო ჯამში ერთ პარადიგმას იმეორებს: პოლიტიკურ გუნდებს შორის მიმდინარეობს კონკურენცია საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ სწორედ მათ გუნდს შეუძლია კრემლთან საერთო ენის გამონახვა, მისი გარკვეულ დათმობებზე დაყოლიება და კომპრომისული შეთანხმებების მიღწევა.
კრემლის პოლიტიკა შიდა აფხაზურ პოლიტიკასთან და მით უფრო დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნებთან, ორ ძირითად მიდგომას ეყრდნობა: კანდიდატების ღია მხარდაჭერა, ან ფორმალური ნეიტრალიტეტის დაცვა.
პირველი მიდგომის წარუმატებლობის ყველაზე მკაფიო მაგალითი დღესაც კი 2004 წლის დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნებია. მაშინ რაულ ხაჯიმბას მიმართ გამოხატულმა ღია მხარდაჭერამ ეს უკანასკნელი აფხაზურ საზოგადოებაში „რუსეთის კაცად“ აქცია. ვითარებას ვერც იმან უშველა, რომ ხაჯიმბა ე.წ. არძინბას კლანის რჩეული იყო და თავად ვლადისლავ არძინბას მიერ იყო თავის მემკვიდრედ დასახელებული. რუსეთის ღია მხარდაჭერამ აშკარად უარყოფითი გავლენა იქონია ხაჯიმბაზე, რომელმაც პროტესტის, ზეწოლისა და მოლაპარაკებების გზით საბოლოოდ 2005 წელს ვიცე-პრეზიდენტობა მოიპოვა. მან წააგო 2009 და 2011 წლების დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნები, და მხოლოდ 2014 წელს პროტესტებისა და რუსული მხარის ღია მხარდაჭერის ფონზე შეძლო ანქვაბის გადაყენება და დ/ფ პრეზიდენტად გახდომა.
მას შემდეგ რუსული პოლიტიკა, შეიძლება ითქვას, უფრო ფრთხილი და დახვეწილი გახდა. 2019 წლის პროტესტების დროს, ან 2020 წლის დ/ფ არჩევნების დროს კრემლი ღიად არ ჩარეულა პროცესებში. ბოლო პერიოდის პოლიტიკა სწორედ მეორე მიდგომაში - ფორმალურ და ზოგჯერ პრაქტიკულ ნეიტრალიტეტში მდგომარეობს.
წინასაარჩევო პერიოდში რუსული მხარის ნეიტრალიტეტი მეტნაკლებად დაცული იყო, თუმცა არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად ე.წ. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება აშკარად ბადრა გუნბას სასიკეთოდ დაიწყო.
ოფიციალურად ბადრა გუნბა დაკავებული თანამდებობიდან შვებულებაში იმყოფება. ამას საარჩევნო კანონმდებლობა ავალდებულებს. ამ ფონზე უცნაური ჩანს 6 თებერვალს მოსკოვში მისი ვიზიტი და შეხვედრა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან. შეხვედრა შედგა სერგეი კირიენკოსთან, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველ მოადგილესთან, რომელიც არაოფიციალურად აფხაზური საქმეების კურატორად არის ცნობილი. „ვლადიმერ პუტინმა პირადად დააყენა საკითხი, რომ არათუ შენარჩუნდეს რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობები, არამედ - ეფექტიანად განვითარდეს ისინი“, - განუცხადა გუნბას კირიენკომ. ამ შეხვედრას რამდენიმე დღით წინ უსწრებდა კირიენკოს ვიზიტი სოხუმში. ვიზიტის მთავარი საკითხი სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაცია იყო. ამ თემაზე ადგილობრივ დ/ფ ოფიციალურ პირებთან ერთად კირიენკო ბადრა გუნბასაც შეხვდა და ავიამიმოსვლის საკითხებზე იმსჯელეს. აეროპორტის თემა აფხაზურ საზოგადოებაში კრიტიკის საგანი არ არის. პირიქით, მის რეაბილიტაციასა და ამუშავებას დიდი იმედებით შეჰყურებენ. გუნბასთან წინასაარჩევნო პერიოდში ამ საკითხებზე შეხვედრა, როდესაც გუნბა ოფიციალურ პირს არ წარმოადგენს, ამ უკანასკნელის მხარდაჭერად შეიძლება შეფასდეს, თუმცა ვიზიტის დროს კირიენკომ დაიცვა ფორმალობა და აღნიშნა, რომ რუსეთი აფხაზი ხალხის ნებისმიერ არჩევანს მიესალმება.
მოულოდნელი იყო ბადრა გუნბას შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. ოფიციალურ ტექსტებშიც კი, გუნბა აფხაზ პოლიტიკურ მოღვაწედ მოიხსენიეს.
მედიაგაშუქებისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო გუნბას შეხვედრა რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სწორედ გუნბას მიერ ინიცირებული აფხაზეთის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ფონდისთვის 2025 წელს 100 მლნ რუბლი გამოიყოფა.
გუნბას ვიზიტს „დაემთხვა“რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ აფხაზეთისთვის 340 მილიონი რუბლის გამოყოფაც.
გარდა პოზიტიური მხარდაჭერისა, შესაძლოა, სწორედ საარჩევნო თემატიკას უკავშირდებოდეს რუსეთის მიერ ორი აქტიური ოპოზიციონერის - კან კვარჭიასა და ლევან მიქავასთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთვევაც. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ამ გადაწყვეტილების თაობაზე რამდენიმე აფხაზური ტელეგრამ არხი ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში იწერებოდა. მათი ინფორმაციით, მაშინდელი დ/ფ პრეზიდენტი ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოადგილე დმიტრი კოკზაკთან შეხვედრაზე აპარტამენტების შესახებ კანონპროექტზე კრიტიკულად განწყობილი დეპუტატებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გაუქმებას მოითხოვდა.
აფხაზურ საზოგადოებაზე გარკვეული ზემოქმედების ფორმად შეიძლება შეფასდეს შემდეგი ნაბიჯიც: აფხაზეთში სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა ორმა რუსულმა კვლევითმა ორგანიზაციამ - ВЦИОМ და ИНСОМАР. ორივე გამოკითხვით, ბადრა გუნბა საგრძნობლად ჯობნის მთავარ კონკურენტს, თუმცა, ამავე დროს, ვერ ახერხებს პირველ ტურში გამარჯვებას.
ამგვარი ნაბიჯებით კრემლი თავის სასურველ კანდიდატურაზე მიანიშნებს, თუმცა ამას მოზომილად, ირიბად აკეთებს. მთავარი რისკი სწორედ ხაჯიმბას წარსული გამოცდილებაა, როდესაც ღიად რუსულმა მხარდაჭერამ კანდიდატს პრობლემები შეუქმნა. კრემლისთვის გუნბას კანდიდატურა უფრო მისაღები, შესაძლოა, იმიტომაც იყოს, რომ გუნბა ბჟანიას გუნდს წარმოადგენს, რომელთანაც 2020 წელს უკვე შეათანხმეს ჰარმონიზაციის სამოქმედო პროგრამა და მის შესრულებას ელოდებიან, მაშინ როდესაც ადგურ არძინბა ამ პროგრამის დეტალების გადახედვის მომხრეა. .ამასთანავე სწორედ ბჟანიას დ/ფ პრეზიდენტობისას მიმართა რუსეთმა ფაქტიურ სანქციებს აფხაზეთის წინააღმდეგ, რაც საინვესტიციო შეთახმების რატიფიცირებისა თუ აპარტამენტების შესახებ კანონის მიღების გადავადება/გაჭიანურებით იყო გამოწვეული. 2024 წლის სექტემბერში რამდენიმე კვირით დაწესებული ფინანსური სანქციები მინიშნება და მუქარა იყო არა იმდენად ბჟანიას გუნდისთვის, რამდენადაც ოპოზიციისა და აფხაზური საზოგადოებისთვის. თუმცა სანქციებმა ერთგვარი უკუშედეგი გამოიწვია საზოგადოებაში - პროტესტი კანონპროექტების გარშემო არ შეწყდა; ხოლო ოპოზიციამ ეს ზეწოლა ბჟანიას დისკრედიტაციისთვის ადვილად გამოიყენა, რადგან ეს უკანასკნელი უფრო მეტად უუნარო და უპრინციპო ლიდერად წარმოაჩინა. რუსულ სანქციებს შესაძლოა უფრო მეტად სამომავლოდ ქონდეს გავლენა, რადგან ახლოვდება 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი, რომელსაც აფხაზური ეკონომიკისთვის კრიტიკული მნიშვნელობა გააჩნია. რუსეთს ამ პროცესზე უარყოფითი გავლენის მოხდენაც შეუძლია და ეს მექანიზმი მუდმივად აქვს რეზერვში. თუკი ახლადარჩეული დ/ფ პრეზიდენტის წინააღმდეგ კვლავ გაგრძელდება შიდა პოლიტიკური პროტესტი ზემოთ ნახსენები კანონპროექტების გარშემო კრემლის საზაფხულო სანქციები შესაძლოა უფრო მეტად მკაცრი და ხანგრძლივიც აღმოჩნდეს.
უნდა ითქვას ისიც, რომ რუსული მხარის მიერ არაერთხელ გაცხადებული პოზიცია, რომ ნებისმიერ გამარჯვებულ კანდიდატთან გააგრძელებენ მუშაობას - რეალობას ასახავს. აფხაზური პოლიტიკური ჯგუფები, დ/ფ პრეზიდენტობის კანდიდატები და მათი გუნდი რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობაზე მყარად დგანან. ანტირუსული პოლიტიკური ძალა აფხაზეთში პრაქტიკულად არ არსებობს და არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში. ამასთანავე, აფხაზეთზე ეფექტიანი სამხედრო, ეკონომიკური თუ პოლიტიკური კონტროლის ფონზე, აფხაზ ლიდერებს მანევრირების სივრცე თანაბრად შეზღუდული აქვთ. შესაბამისად, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, აუცილებლად მოუწევს რუსულ მხარესთან დადებული შეთანხმებების შესრულება, იმ იმედით, რომ შეთანხმებების გარკვეული პირობები აფხაზური მხარის ინტერესებს მეტად დაიცავს.
თბილისთან ურთიერთობის საკითხი მომავალ დ/ფ საპრეზიდენტო არჩევებში მინიმალურად არის წარმოდგენილი. კანდიდატების პოზიციები ფორმალური განცხადებებით შემოიფარგლება. მთავარი, რაზეც კანდიდატები ყურადღებას ამახვილებენ, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაა, თუმცა ეს თემა აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების ცენტრალური ნაწილი არ არის და, შესაბამისად, მათზე წინასაარჩევნოდ აქცენტები არ კეთდება. ასევე ტრადიციული პოზიციაა, რომ თბილისმა უნდა გააუქმოს ოკუპაციის შესახებ კანონი. მხოლოდ ამ გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ ხედავენ კანდიდატები თბილისთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პერსპექტივებს. ეს პოზიციები ტრადიციულია იმდენად, რამდენადაც ისინი, დ/ფ საგარეო საქმეთა სამინისტროს თუ რუსეთის ოფიციალურ პირებს წლების განმავლობაში არაერთხელ გაუჟღერებიათ.
მეორე პლანზე გადაინაცვლა აფხაზური არჩევნებისთვის ასევე ტრადიციულ თემად ქცეულმა 1992-93 წლების ომში კანდიდატების მონაწილეობის თემამაც, რასაც სრულიად ობიექტური გარემოება უდევს საფუძვლად - ორივე მთავარ კანდიდატს ასაკის გამო არ მიუღია ამ ომში მონაწილეობა, შესაბამისად, იმავე 2020 წლის არჩევნებში ბჟანიას წინააღმდეგ აქტიურად გამოყენებული დეზერტირობის „კომპრომატი“ ამჟამინდელ არჩევნებში სრულად არის ჩახსნილი.
შიდა დებატების საკითხად არც გალის ქართული მოსახლეობის პრობლემა იკვეთება, რაც მათ პასპორტიზაციასა და თუნდაც მშობლიურ ენაზე განათლების მიღების თემებს გულისხმობს. აფხაზური საზოგადოება იმდენად არის კონცენტრირებული რუსეთთან ინტეგრაციის პრობლემებზე, რომ გალის მოსახლეობის პრობლემები, თითქმის სრულად არის იგნორირებული. შესაბამისად, კანდიდატებს არანაირი გეგმა თუ პროგრამა არ წარმოუდგენიათ, თუ როგორ აპირებენ ამ საკითხების მოგვარებას. ეს თემები ამ არჩევნებზე არარელევანტურია.
აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური და საზოგადოებრივი გააქტიურების პერიოდი ასლან ბჟანიას დ/ფ პრეზიდენტობას უკავშირდება. ამ მხრივ გამოსაყოფია ბიჭვინთის აგარაკების საკითხი და უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის პროცესები. პირველ შემთხვევაში ახალგაზრდობა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი პროაქტიულად დაუპირისპირდა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას, ხოლო უცხო ქვეყნის აგენტების კანონპროექტის გარშემო დაწყებული პროცესები მეტწილად დ/ფ ხელისუფლების მიერ იყო ინიცირებული. ამ უკანასკნელთა კავშირშია ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათ მიერ დაფინანსებული ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების კრიტიკა, რომლის სათავეშიც რამდენიმე წლის მანძილზე ყოფილი დ/ფ საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა იყო. დასავლური დონორების კრიტიკის პროცესში თავად დ/ფ ხელისუფლებაში საინტერესო პოზიციები იკვეთებოდა. ინარ არძინბას აქტიურობა ბჟანია/ანქვაბის გუნდს კომფორტულ პოლიტიკურ გარემოს უქმნიდა. ფორმალურად ბჟანია ამ კრიტიკაში დ/ფ საგარეო საქმეთა მინისტრის კომპეტენციაში არ ერეოდა, ხოლო ანქვაბი ეკონომიკურ მიმართულებაზე იყო გადართული. შედეგად ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა ძირითადად მხოლოდ ინალ არძინბას მიემართებოდა და არა მთელ გუნდს, იმის გათვალისწინებითაც რომ არძინბა ბჟანია/ანქვაბის გუნდის წევრად არ ასოცირდებოდა. თუმცა თავად უცხოური ქვეყნების გავლენის შესახებ კანონპროექტის ინიცირებით ამჯერად უკვე ბჟანია გახდა კრიტიკის მთავარი საგანი. მიუხედავად მცდელობებისა, ეს კანონი ჯერაც არ არის მიღებული, რაც სამოქალაქო საზოგადოების წარმატებაა. შესაბამისად, აფხაზური სამოქალაქო საზოგადოება შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბჟანიას მიმართ ოპოზიციურად არის განწყობილი, მაგრამ ეს კრიტიკა/ოპოზიცია არ არის გუნბა/ანქვაბის მიმართ კატეგორიულ მიუღებლობაში, ან პრო-არძინბასეულ პოზიციებში გადაზრდილი. ამ ეტაპზეც კი რთულია იმის დაბეჯითებით თქმა, თუ აფხაზური სამოქალაქო საზოგადოება ადგურ არძინბას რამდენად ხედავს გუნბა/ანქვაბის გუნდის ალტენრატივად, რომელიც უკან წაიღებს უცხოური აგენტების კანონპროექტს, შეწყვეტს საერთაშორისო დონორებისა თუ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების კრიტიკა/ზეწოლას.
მიუხედავად იმისა, რომ ვადამდელი დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნები პროტესტისა და ასლან ბჟანიას გადადგომის შედეგად დაინიშნა და რეგიონში ორი პოლიტიკურად დაპირისპირებული ბანაკია ჩამოყალიბებული - წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოებაში მიმდინარეობს. კანდიდატები შეხვედრებს მართავენ რაიონებსა და ქალაქებში და მათ ამ პროცესში ხელი არ ეშლებათ. ოპოზიციური კანდიდატები [რობერტ არშბა და დაუთ აგრბა] ჩერკესშიც[7] შეხვდნენ ამომრჩევლებს. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი თავიანთ მხარდაჭერას კანდიდატების მიმართ ღიად გამოხატავს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ახრა ავიძბას[8] მიერ ბადრა გუნბასთვის საჯაროდ გამოხატული მხარდაჭერა, რაც აფხაზურ შიდა პოლიტიკურ პროცესებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
აფხაზურ ტელეგრამ არხებზე გარკვეული შავი პიარკამპანიები მიმდინარეობს დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ დაპირისპირებას სერიოზული სახე არ მიუღია და პროცესი ქუჩაში არ გადასულა, მით უფრო კრიმინალურ ფორმებში.
იყო ანტისომხური განწყობების გამოყენების მცდელობა. ტელეგრამ არხებში „გააცოცხლეს“ რამდენიმე თვის წინანდელი კადრები, როდესაც ოპოზიციის ლიდერები [მათ შორის, ადგურ არძინბა] პოლემიკაში შევიდნენ დ/ფ დეპუტატ გალუსტ ტრაპიზონიანთან და მისგან საინვესტიციო შეთანხმებაზე საჯაროდ უარის თქმა მოინდომეს[9]. მცდელობა იყო, რომ ადგურ არძინბა წარმოეჩინათ ანტისომხურ კანდიდატად და ამით სომეხი ამომრჩევლის უკმაყოფილება გამოეწვიათ. თუმცა ამ მცდელობებს შემდგომი განვითარება არ მოჰყოლია. სამოქალაქო დაპირისპირების რისკის ზრდასთან ერთად ამგვარი კონფლიქტებისადმი შიშიც იზრდება აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში და უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით წარმატებით ახერხებენ მსგავსი თემების განეიტრალებას.
ტრადიციული მედიის მხრივ [ტელევიზია და ონლაინ გამოცემები], უნდა ითქვას, რომ ასევე ნეიტრალური სურათი ყალიბდება. მედიასაშუალებები ყველა კანდიდატის აქტივობას ფორმალურად აშუქებენ. ამის კარგი მაგალითია „გალმედია“, რომელიც ოფიციალურად გალის დ/ფ ადმინისტრაციის პრესსამსახურია, თუმცა ოპერირებს როგორც რეგიონული მედია. მიუხედავად იმისა, რომ გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბჟანიას ახლო ნათესავი და მისი გუნდის წევრია - „გალმედია“ ყველა კანდიდატის ვიზიტსა და საარჩევნო რეკლამებს თანაბრად აშუქებს.
აფხაზეთში დ/ფ არჩევნების ადმინისტრირებას ადგილობრივი ცენტრალური საარჩევნო კომისია ახორციელებს. ცესკოს ხელმძღვანელის, დმიტრი მარშანის მიხედვით, აფხაზეთის ტერიტორიაზე 152 საარჩევნო უბანია გახსნილი. სამი უბანი რეგიონს ფარგლებს გარეთაა გახსნილი - 2 მათგანი რუსეთში - მოსკოვსა და ჩერკესკში [ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკა] და ერთი საარჩევნო უბანი თურქეთში, ქალაქ ადაფაზარში [საქარიის პროვინცია].
მარშანის მიხედვით, უშუალოდ აფხაზეთში 135 000-მდე რეგისტრირებული ამომრჩეველია. აფხაზეთის სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, რეგიონში 2021 წელს 244 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. აფხაზეთის მონაცემებით, გალის რაიონის მოსახლეობა 30 273 ადამიანს შეადგენს. 2020 წლის დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობის მიხედვით, გალში 1200-მდე ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ამის მთავარი მიზეზი რეგიონისთვის უკვე ტრადიციად ქცეული დოკუმენტაციის პრობლემაა. ადგილობრივ ქართველებს აფხაზური მოქალაქეობის მისაღებად ბარიერები ექმნებათ [მაგალითად, საქართველოს მოქალაქეობა] რის გამოც, რაიონის უმეტესობა მოკლებულია საბაზო სამოქალაქო უფლებებს, როგორიცაა საკუთარი სახლის კერძო საკუთრებაში ფლობა, არჩევნებში მონაწილეობა და ა.შ. სავარაუდოდ, რეგისტრირებული ამომრჩევლების რიცხვი გალში საგრძნობლად არ შეცვლილა და იმავე რიცხვის ფარგლებში მერყეობს.
დ/ფ საარჩევნო კანონმდებლობით პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ. პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭიროა ხმების 50+1%-ის მიღება. მეორე ტურის შემთხვევაში კი ბიულეტენზე ემატება გრაფა - ყველას წინააღმდეგ. მეორე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა უნდა მიიღოს კონკურენტისთვის და „ყველას წინააღმდეგ“ მიცემულ ხმებზე მეტი. გასათვალისწინებელია, რომ მეორე ტური არ ტარდება აფხაზეთის საზღვრებს მიღმა. სწორედ ამიტომ ზოგიერთი ვარაუდობს, რომ სამთავრობო კანდიდატს პირველ ტურში გამარჯვება უფრო მეტად სჭირდება, რადგან მეორე ტურისთვის ამომრჩევლებზე რუსული თუ დ/ფ ხელისუფლების ზეწოლის ბერკეტები მცირდება.
დ/ფ პარლამენტის სპიკერის ვარაუდით, არჩევნების ჩატარების ხარჯი სავარაუდოდ 20-25 მლნ რუბლი [210-250 000 USD] იქნება.
შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ მიუხედავად აქციების ფონზე ასლან ბჟანიას გადადგომისა - მისი პოლიტიკური გუნდი არ ჩამოშლილა და ბადრა გუნბა დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შანსებსაც ინარჩუნებს. ამ გუნდის პოლიტიკურ სიცოცხლისუნარიანობაზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ რუსეთი ადმინისტრაციული რესურსებით გუნბას პოზიტიურ რეკლამას ირიბად ახორციელებს, მაშინ როდესაც ოფიციალურ დონეზე აცხადებს, რომ ნებისმიერ გამარჯვებულ კანდიდატთან განაგრძობს პარტნიორობას. ბადრა გუნბას საზიანოდ მოქმედებს არა მხოლოდ ბოლო წლების პრობლემური კანონპროექტები, არამედ ბოლო 30 წლის განმავლობაში უმოქმედობის, კორუფციისა და არაეფექტიანობის შედეგად დაგროვებული უკმაყოფილება და კრიტიკა მმართველი პოლიტიკური წრეების მიმართ. მისი მთავარი კონკურენტი ადგურ არძინბა ამ კრიტიკასა თუ უკმაყოფილებას ბოლო რამდენიმე წელიწადი წარმატებით იყენებდა მთავარი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სტატუსის მოსაპოვებლად და ახლა უკვე ხელისუფლებაში მოსასვლელადაც.
თვისებრივი სხვაობა მთავარ კონკურენტებს შორის მნიშვნელოვნად დიდი არ არის. ნებისმიერ გამარჯვებულს მოუწევს რუსულ მხარესთან 2020 წელს შეთანხმებული საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროგრამის დეტალების ხელახლა განხილვა და ახალი, კომპრომისული ვარიანტების მოძიება. აფხაზი ამომრჩევლების გადასაწყვეტია, ამ მიზნების მისაღწევად რომელ გუნდში დაინახავენ უფრო მეტ რესურსს.
დიდი ალბათობით, არჩევნები მეორე ტურში გადაინაცვლებს.
[1] „ამცახარა“ აფხაზეთში 1992-93 წლების ომის შემდეგ შექმნილი ვეტერანთა პირველი გაერთიანებაა. 1999 წელს დაარსდა როგორც ომის ვეტერანთა უფლებადამცველი, მათ სოციალურ დაცვასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. 2002 წელს გადაიქცა პოლიტიკურ მოძრაობად, ხოლო 2013 წლიდან - პოლიტიკურ პარტიად. ორგანიზაცია დააარსეს აფხაზეთის ომის აქტიურმა მონაწილეებმა - სერგეი დბარმა, ვლადიმირ ნაჩაჩმა, აკი არძინბამ და გარიკ სანამბამ. დაარსების დღიდან დიდი ავტორიტეტითა და გავლენით სარგებლობს აფხაზურ საზოგადოებასა და პოლიტიკაში. 2004-2009 წლების დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ამცახარა“ მხარს უჭერდა სერგეი ბაღაფშის კანდიდატურას, ხოლო 2011 წელს - ალექსანდრ ანქვაბს. 2014 წელს ორგანიზაცია რაულ ხაჯიმბას დაუპირისპირდა, რომელმაც აქციების ფონზე დ/ფ პრეზიდენტობიდან გადააყენა ანქვაბი. 2014 წლის დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს უჭერდა ასლან ბჟანიას, 2019 წლის დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნებში თავად ორგანიზაციის თავმჯდომარე ალხას კვიწინია მონაწილეობდა, ხოლო 2020 წლის დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიამ მხარი დაუჭირა ასლან ბჟანიას კანდიდატურას. თავისი წარსულით „ამცახარა“ დაპირისპირებულია ე.წ. არძინბების კლანთან.
[2] ალექსანდრე ანქვაბი დაიბადა 1952 წელს სოხუმში. 1981-83 წლებში მუშაობდა თბილისში, საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში, 1984-90 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. 1990 წელს დატოვა შსს, დაბრუნდა სოხუმში და ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში. 1992-93 წლების ომის დროს იყო აფხაზეთის დ/ფ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1994-2000 წლებში მოსკოვში ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. 2003 წელს დააარსა პარტია „აიტაირა“. 2004 წლის დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნებში ცხოვრების ცენზის გამო თავად ვერ მიიღო მონაწილეობა, თუმცა მხარი დაუჭირა სერგეი ბაღაფშს. 2005 წელს გახდა აფხაზეთის დ/ფ პრემიერ-მინისტრი, 2010 წელს - დ/ფ ვიცე-პრეზიდენტი. 2011 წელს, ბაღაფშის გარდაცვალების შედეგად ჩატარებული ვადამდელი დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა [დაამარცხა რაულ ხაჯიმბა და სერგეი შამბა]. 2014 წლის აპრილ-მაისის პროტესტების შედეგად იძულებული გახდა დაეთმო დ/ფ პრეზიდენტობა. 2017 წელს გახდა დ/ფ პარლამენტის წევრი. 2005-2012 წლებში ანქვაბზე ექვსი თავდასხმა განხორციელდა. არაერთხელ თავს დაესხნენ მის კორტეჟს, ხოლო ერთხელ, 2010 წელს, დ/ფ პრემიერობის დროს, მის საცხოვრებელ სახლს ხელყუმბარიდან გაუხსნეს ცეცხლი. ანქვაბი ე.წ. არძინბას კლანთან დაპირისპირებული პოლიტიკოსია.
[3] სერგეი შამბა დაიბადა 1951 წელს გუდაუთაში. განათლებით არის ისტორიკოსი. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1990 წელს აირჩიეს „აიდგილარა“-ს თავმჯდომარედ. 1991 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვა და გახდა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრი. 1992-93 წლების ომის დროს იყო აფხაზეთის დ/ფ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. 1997-2004, ასევე 2005-2010 წლებში - აფხაზეთის დ/ფ საგარეო საქმეთა მინისტრი. 2004 წელს დააარსა მოძრაობა „ ერთიანი აფხაზეთი“ და მონაწილეობდა დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნებში. მონაწილეობდა 2011 წლის ვადამდელ დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა დამარცხდა. 2014 წლის კრიზისის დროს იყო ანქვაბის ოპოზიციაში და მხარი დაუჭირა რაულ ხაჯიმბას. იმავე წელს გამართულ დ/ფ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და გახდა დეპუტატი. 2019-2020 წლების კრიზისის დროს მხარი დაუჭირა ოპოზიციას და „ამცახარა“-ანქვაბ-ბჟანიას ალიანსს შეუერთდა. 2019 წელს ხაჯიმბას გადადგომის დოკუმენტი მომიტინგეებს სწორედ მან წარუდგინა. სერგეი შამბა უფრო მეტად ცნობილია, როგორც აფხაზეთის დ/ფ საგარეო საქმეთა მინისტრი, მით უფრო მაშინ, როცა მას ეს თანამდებობა 2008 წლის მოვლენების დროს ეკავა.
[4] რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სასაზღვრო თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი
[5] 2004 წლის დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნებზე ანქვაბის კანდიდატურა ცესკომ არ დაარეგისტრირა. „აიტაირამ“ და ანქვაბმა მხარდაჭერა ბაღაფშს გამოუცხადეს. კრიზისის შედეგად ბაღაფში დ/ფ პრეზიდენტი გახდა, ხაჯიმბა - დ/ფ ვიცე პრეზიდენტი, ხოლო ანქვაბი - დ/ფ პრემიერ-მინისტრი.
[6] ოლეგ ბარციცის ცნობით, ომის დაწყებისას ის მოსკოვიდან ჯერ ჩეჩნეთში გაემგზავრა, იქიდან კი თანამებრძოლებთან ერთად აფხაზეთში კავკასიონის გავლით გადავიდა, თუმცა მალევე გახდა ავად და აქტიური მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში არ მიუღია.
[7] ქალაქი ყარაჩაი-ჩერქეზეთში, სადაც აფხაზეთის რამდენიმე ათასი მოქალაქე ცხოვრობს. საარჩევნო უბანი მთლიანად ჩრდილო კავკასიას ფარავს. ამ რეგიონში დაახლოებით 6 000-მდე აფხაზეთის მოქალაქე ცხოვრობს, თუმცა რეგულაციების გამო ხმის მიცემა მხოლოდ ე/წ ახალი პასპორტების მფლობელებს შეეძლებათ. შესაბამისად, ჩერკესში 4 000-მდე ამომრჩეველს ელოდებიან.
[8] ახრა ავიძბა 2014 წელს უკრაინაში, დონბასში მიმდინარე კონფლიქტის დროს გამოჩნდა, როდესაც რეგიონში ჩასულმა მოხალისემ შექმნა დანაყოფი „პიატნაშკა“ და სეპარატისტების მხარეს აქტიურად იბრძოდა. აფხაზეთში მისი აქტიურობა 2019 წლიდან შეიმჩნევა. ნოემბერში სოხუმის ცენტრში კრიმინალური ანგარიშსწორებისას მოკლეს ორი კანონიერი ავტორიტეტი, რომელთაგან ერთი - ალხას ავიძბა მისი ნათესავი იყო. ახრა ავიძბამ დეკემბერში საპროტესტო აქციები მოაწყო და იმდროინდელი დ/ფ შსს მინისტრის გადადგომასაც მიაღწია, თუმცა პოლიტიკური კრიზისისა და მკვლელობაში რაულ ხაჯიმბას ახლო გარემოცვის წევრების სავარაუდო მონაწილეობის შედეგად, ავიძბა ოპოზიციის მხარეს დადგა. 2020 წლის იანვარში სწორედ ის მეთაურობდა სამთავრობო შენობების დაკავებას.
[9] კანონპროექტების წინააღმდეგ აქციების დროს მსგავსი პრაქტიკა ხშირი იყო. ამომრჩევლები თავიანთი ოლქის წარმომადგენელ დ/ფ დეპუტატებს ცალ-ცალკე ხვდებოდნენ, ინდივიდუალურად ცდილობდნენ მათზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენას. ტრაპიზონიანის შემთხვევა გამონაკლისი არ ყოფილა.
ინსტრუქცია