საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ჩვენს საზოგადოებასა და პოლიტიკურ ველში კონფლიქტის ტრანსფორმაცია ნაკლებად ცნობილი და მიღებული ცნებაა და ხშირად ამბივალენტურ განწყობებსაც იწვევს, რადგან შიშობენ, რომ თითქოს ის გამორიცხავს, აფერხებს ან დროში აჭიანურებს კონფლიქტების მოგვარებას. თუმცა, თუკი ამ კონცეფციის ირგვლივ განვითარებულ ლიტერატურას და მისი გამოყენების პრაქტიკას შევისწავლით, აღმოვაჩენთ, რომ კონფლიქტის ტრანსფორმაცია სხვა არაფერია, თუ არა მშვიდობის მშენებლობის პროცესი, რომელიც კონფლიქტის მოგვარებას უფრო სისტემური და მდგრადი მეთოდებით ცდილობს. ეს პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მძიმე სოციალური კონფლიქტების გამოცდილების დროს, როდესაც მარტივი პასუხები, თუ როგორ უნდა მოგვარდეს კონფლიქტი, არ არსებობს, და როდესაც რადიკალურად ანტაგონისტური განწყობები კონფლიქტის მხარეებს შორის, განსაკუთრებით დიდხანს ნარჩუნდება. კონფლიქტის ტრანსფორმაცია მნიშვნელოვანი პროცესია მაშინ, როდესაც კონფლიქტის მძიმე გამოცდილების პირობებში ადამიანური ურთიერთობები, პოლიტიკური დღის წესრიგი, ინსტიტუციები, უსაფრთხო გარემო და მშვიდობიანი თანაარსებობა თავიდან არის შესაქმნელი. ეს მრავალშრიანი პროცესია, რომელიც გულისხმობს კონფლიქტის მხარეებს შორის საერთო დღის წესრიგის შენებას, და უსაფრთხოების, კეთილდღეობის, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაზიარებულ ინტერესებს ეფუძნება. ის მხარეებს შორის წარმოდგენების და აღქმების სტრუქტურულ ცვლილებებს ისახავს მიზნად და საბოლოოდ, მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტის გრძელვადიანი გადაჭრის წინაპირობებს ქმნის. ამ პროცესში ადამიანის უფლებების როლი კრიტიკულია, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ გავაანალიზებთ უფლებების დაცვის მჭიდრო კავშირს კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებთან და განგრძობადი კონფლიქტის შედეგებთან.
საქართველოში კონფლიქტების ტრანსფორმაციის და მშვიდობის მშენებლობის გრძელვადიანი ხედვის და პოლიტიკის არარსებობას თან ერთვის რეგრესული მდგომარეობა უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კონფლიქტებმა მკვეთრად საერთაშორისო განზომილება შეიძინა და არაღიარების პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა, მშვიდობის მშენებლობასთან დაკავშირებული ხედვები და სტრატეგიები თითქოს გაქრა დღის წესრიგიდან. ფორმალურ დონეზე შექმნილი ჩართულობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ აღმოჩნდა ის ქმედითი ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მისი ნამდვილი მიზნების მიღწევა და კონფლიქტის მოგვარების პროცესში ადამიანურ და ჰუმანიტარულ განზომილებებს გააძლიერებდა. სამშვიდობო პოლიტიკაში ადამიანის უფლებების იდეის ქმედითად შემოტანა დღეს უკვე კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს არსებული მწვავე კრიზისების ფონზე, რის გამოც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ, ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება და უფლებრივი მდგომარეობა მძიმდება. კონფლიქტის რეგიონებში არსებული ეს სიტუაცია უპირველეს ყოვლისა იმაზე მიგვითითებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ემანსიპატორული იდეები მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტის პოზიტიური გარდაქმნების კატალიზატორი უნდა გახდეს. ამ სტატიის მიზანია მოკლედ გააანალიზოს კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში ადამიანის უფლებების როლი, მისი მრავალშრიანი მნიშვნელობა და პრაქტიკაში მისი გამოყენების სხვადასხვა სივრცე. ეს არის ერთგვარი მცდელობა, დავინახოთ ადამიანის უფლებების პოტენციალი კონფლიქტების მშვიდობიანი გარდაქმნის კონტექსტში.
სტატიას სრულად როგორც ქართულ ასევე რუსულ ენაზე შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში
ინსტრუქცია