საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
7 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყოფილი მოსამართლის, მაია ბაქრაძის საქმეზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო,[1] რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში კრიტიკული მოსამართლეების მიმართ დევნის სისტემურ პრაქტიკებს ამხელს.
მაია ბაქრაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და არასამთავრობო ორგანიზაცია “მოსამართლეთა ერთობის” თანადამფუძნებელი წევრია. ბაქრაძე იყო ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარე და აქტიურად მონაწილეობდა მის საქმიანობაში. ორგანიზაცია კრიტიკულად აფასებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობას.
2015-2016 წლებში, მან სააპელაციო სასამართლოს ვაკანტური პოზიციების ორ შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, ორივე შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მას ხელახალ დანიშვნაზე უარი უთხრა კონკრეტული დასაბუთების გარეშე. მაია ბაქრაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება საერთო სასამართლოებში გაასაჩივრა, თუმცა მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა დისკრიმინაციის მტკიცებულებების არარსებობის მოტივით. ეროვნულმა სასამართლოებმა დისკრიმინაციის მტკიცების ტვირთი ყოფილ მოსამართლეზე გადაიტანეს, მაშინ როდესაც უარი განაცხადეს სხვა მოსამართლეობის კანდიდატებთან ინტერვიუების ჩანაწერების შესწავლასა და შედარებაზე.
ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივანი დავობდა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, სხვა კანდიდატებთან შედარებით მის მიმართ უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღო „მოსამართლეთა ერთობაში“ მისი როლისა და ქვეყანაში სასამართლო სისტემის მდგომარეობის თაობაზე კრიტიკული შეხედულებების გამო. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ: (1) სტატისტიკური მონაცემები მიუთითებდა „მოსამართლეთა ერთობის“ წევრი მოსამართლეების მიმართ არასახარბიელო მოპყრობაზე და მათი კრიტიკული პოზიციების გამო მოსამართლის პოზიციაზე დანიშვნის ან ხელახალი დანიშვნის ნაკლებ ალბათობაზე; (2) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ მისთვის დასმული შეკითხვები მიკერძოებული და ფოკუსირებული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლო სისტემის მდგომარეობის მიმართ მისი კრიტიკული შეხედულებების წარმოჩენაზე, ნაცვლად მისი პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებისა; (3) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის მიერ მომზადებული დოკუმენტი და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი სხვა მტკიცებულებები ადასტურებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრიმინაციულ პოლიტიკებს.
სტატისტიკური მონაცემები
ევროპული სასამართლოს თანახმად, სტატისტიკური მონაცემები თავისთავად არ წარმოადგენს „მოსამართლეთა ერთობის“ წევრ მოსამართლეობის კანდიდატებსა და სხვა მოსამართლეებს შორის დიფერენცირებული მოპყრობის დამადასტურებელ მტკიცებულებას. თუმცა, ამგვარი ტიპის დავებში ოფიციალური სტატისტიკის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ვინაიდან მომჩივანი იყო არა უბრალოდ „მოსამართლეთა ერთობის“ წევრი, არამედ მისი დამფუძნებელი და პრეზიდენტი, აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია საჭიროებდა ყოვლისმომცველ გამოკვლევას, სხვა ელემენტებთან ერთად, რომლებიც მიუთითებდა, რომ „მოსამართლეთა ერთობის“ წამყვანი წევრები, როგორც ჯგუფი, კონკრეტულად წარმოადგენდნენ სამიზნეს მოსამართლეთა კონკურსებში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ მომჩივნისთვის დასმული მიკერძოებული შეკითხვები
ევროპულმა სასამართლომ ასევე შეაფასა ინტერვიუს ფარგლებში ყოფილი მოსამართლისთვის დასმული შეკითხვები. კერძოდ, მისი შეფასებით, ეროვნული კანონმდებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევდა დისკრეციას, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, შეკითხვები დაესვათ ფართო საკითხებზე, როგორც სამართლებრივი სფეროდან, ისე მის მიღმა. თუმცა, ეს შეკითხვები უნდა დასმულიყო მოსამართლეობის კანდიდატების უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების შესაფასებლად. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ორივე ინტერვიუს ფარგლებში მომჩივნისთვის დასმული შეკითხვების უმეტესობა შეეხებოდა „მოსამართლეთა ერთობას“, ამ ორგანიზაციაში მომჩივნის როლსა და მის ხმამაღალ კრიტიკას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. მაგალითად, მომჩივანს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის პირად Facebook პოსტებზე, ხოლო ზოგიერთ ამ შეკითხვას ბრალდების ტონი ჰქონდა და პირდაპირ აკრიტიკებდა “მოსამართლეთა ერთობაში” მის როლს.
მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლება, ისაუბრონ მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე
ევროპულმა სასამართლომ ეროვნული სასამართლოები გააკრიტიკა, რომ მათ ცალკე დეტალურად არ შეისწავლეს “მოსამართლეთა ერთობასთან” დაკავშირებული შეკითხვები. ამის ნაცვლად, სასამართლოებმა გააკეთეს ზოგადი დასკვნა, რომ ინტერვიუების დროს დასმული შეკითხვები რელევანტური იყო მომჩივნის კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების შესაფასებლად. ამასთან დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ როდესაც საქმე ეხება გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას ისეთ შემთხვევებში, როდესაც სასამართლოს ავტორიტეტი და მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, მოსამართლეებს აქვთ თვითშეზღუდვის ვალდებულება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სასამართლოს კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნას. იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროისთვის “მოსამართლეთა ერთობა” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ კრიტიკული იყო, ლეგიტიმური იყო ზოგიერთი კითხვის დასმა იმის თაობაზე, რამდენად შეესაბამებოდა ერთობის წევრი მოსამართლეების განცხადებები ამ ვალდებულებას, და როგორ ხედავდა მომჩივანი, როგორც მოსამართლეობის კანდიდატი, ამ ვალდებულების ფარგლებს. თუმცა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ვერ ახსნის იმ ფაქტს, რომ პირველი ინტერვიუს დროს “მოსამართლეთა ერთობის” მიმართ დასმულ შეკითხვებს ინტერვიუს დროის ორი მესამედი, ხოლო მეორე ინტერვიუს დროის ნახევარი დაეთმო.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა სამართლიანად მიიჩნია დისკრიმინაციულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონკურსის მიმდინარეობისას გასაუბრების დროს დასმული შეკითხვები, რომელთა დიდი უმეტესობა ”მოსამართლეთა ერთობის” საქმიანობას შეეხებოდა.
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსამართლეთა თავშეკავებულობის ვალდებულება არ გულისხმობს, რომ მოსამართლეებმა მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით საჯარო დებატებში მონაწილეობა არ მიიღონ. სასამართლომ აგრეთვე მიუთითა, რომ მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლების უფლება, ისაუბრონ მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით, ასევე შეიძლება გადაიქცეს მათ ვალდებულებად, საჯაროდ ისაუბრონ კანონის უზენაესობისა და სამოსამართლეო დამოუკიდებლობის დასაცავად, როცა ამ ღირებულებებს საფრთხე ემუქრება.
სასამართლოს მოსაზრებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უფრო ბალანსირებული და ნეიტრალური მიდგომის არარსებობამ ძირი გამოუთხარა იმის ალბათობას, რომ “მოსამართლეთა ერთობასთან” დაკავშირებული კითხვები მიმართული იყო მომჩივნის კეთილსინდისიერების შემოწმებისკენ.
მომჩივანთან ჩატარებული ორი გასაუბრების ბუნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კი “მოსამართლეთა ერთობასთან” დაკავშირებული კითხვების შინაარსისა და რაოდენობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული კითხვები გასცდა მომჩივნის კეთილისინდისიერების შემოწმების მიზანს. გასაუბრებების ანალიზმა აჩვენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიკერძოებულობა და წინასწარგანწყობა ყოფილი მოსამართლის მიმართ, “მოსამართლეთა ერთობაში” მისი როლისა და მართლმსაჯულების სისტემაზე მისი კრიტიკული მოსაზრებების გამო.
სასამართლომ აგრეთვე გაითვალისწინა, რომ ეროვნული სასამართლოებში საქმის განხილვისას მომჩივანი დაეყრდნო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას. იგი აცხადებდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო “მოსამართლეთა ერთობის” წევრებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნები, მოსამართლეთა ვაკანტურ თანამდებობებზე არ ნიშნავდა. ასევე, წარმოდგენილი იყო სახალხო დამცველის მოსაზრება საბჭოს წევრების მიერ მიკერძოებული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების შესახებ.
დისკრიმინაციის აშკარა მტკიცებულება და მტკიცების ტვირთის საკითხი
აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანმა prima facie დაასაბუთა, რომ კონკურსის მიმდინარეობისას მას განსხვავებულად მოეპყრნენ “მოსამართლეთა ერთობაში” მისი ჩართულობისა და საქმიანობის გამო. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ მტკიცების ტვირთი დისკრიმინაციის მტკიცებასთან დაკავშირებით სახელმწიფოზე გადავიდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იყო დაესაბუთებინა, რომ განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრულად გამართლებული იყო. თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნის ბრალდებები დისკრიმინაციის შესახებ დაუსაბუთებლად მიიჩნიეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე მტკიცების ტვირთის გადატანაზე უარი თქვეს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე მტკიცების ტვირთის გადატანას უნდა მოეცვა ორივე გასაუბრების საფუძვლიანი შეფასება სასამართლოს მიერ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იყო, განმცხადებლისთვის “მოსამართლეთა ერთობასთან” დაკავშირებული კითხვების დასმის ობიექტური და გონივრული დასაბუთება წარმოედგინა, განსაკუთრებით, ამ კითხვების შინაარსისა და რაოდენობის გათვალისწინებით, რათა დადასტურებულიყო, რომ საბჭომ ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი საყოველთაო შეფასების სტანარტები გამოიყენა. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ დისკრიმინაციის დადგენის პროცესში აღნიშული საკითხების საფუძვლიანი გამოკვლევა არსებითი იყო.
დასკვნის სახით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის გასაუბრების კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ დამკვირვებელს შეეძლო გონივრული დასკვნის გამოტანა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაში მომჩივნის მიერ „მოსამართლეთა ერთობის“ ფარგლებში საქმიანობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. კითხვების ფორმა და სახე, რომლებიც მომჩივანს „მოსამართლეთა ერთობის“ შესახებ დაესვა, სასამართლოს შეხედულებით, იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ თუ არა გადამწყვეტი, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კანდიდატის შეფასების პროცესში სწორედ „მოსამართლეთა ერთობაში“ მისმა როლმა და ამ როლთან დაკავშირებულმა საქმიანობამ იქონია.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანმა მის მიმართ დისკრიმინაცია prima facie დაადასტურა, ეროვნულ სასამართლოებს მტკიცების ტვირთი იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე უნდა გადაეტანათ. სასამართლოებს საბჭოსთვის უნდა მოეთხოვა მიკერძოებულობის შესახებ არსებული ნებისმიერი აღქმის გაქარწყლება და დემონსტრირება, რომ მომჩივნის მიმართ განსხვავებული მოპყრობა, მისი “მოსამართლეთა ერთობაში” საქმიანობის გამო, გამართლებული იყო და საბუთდებოდა სხვა, ობიექტური საფუძვლებით. თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა ეს ვერ შეძლეს. სწორედ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციით გარანტირებული გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებები, დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლთან ერთობლიობაში.
მოსამართლე მარია ელოსეგუის თანმხვედრი მოსაზრება
გადაწყვეტილებას თან ახლავს 1 მოსამართლის (Maria Elosegui) თანმხვედრი აზრიც. მოსაზრება განსაკუთრებით საინტერესოა იმ მხრივ, რომ კონკრეტული საქმის გარემოებების მიღმა, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის ზოგად სტანდარტებსა და ამ სტანდარტების არასათანადოდ დაცვის შემთხვევაში კორპორატივიზმის რისკებზე საუბრობს. მოსამართლე ელოსეგუის მოსაზრებით, წინამდებარე საქმე არის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში თვითნებობისა და დისკრიმინაციის რისკებს. მან ხაზი გაუსვა სტატისტიკური ინფორმაციისა და სხვა ფორმის მტკიცებულებების მნიშვნელობას არაპირდაპირი დისკრიმინაციის დასადგენად.
მოსამართლის თანახმად, უმნიშვნელოვანესია მოსამართლეთა შეფასების არაორაზროვანი და მკაფიო კრიტერიუმების არსებობა არამხოლოდ თეორიაში, არამედ პრაქტიკაში მათი გამოყენებისას. ამ პროცესში დანიშვნასა და დაწინაურებაზე უფლებამოსილი ორგანოს ხელთ დისკრეციის არსებობა შესაძლოა გამართლებული იყოს, როდესაც შეფასება ემყარება ობიექტურ კრიტერიუმებს, როგორიცაა კვალიფიკაცია, მენეჯერული უნარები, გამოცდილება და ა.შ. თუმცა თუკი შერჩევის პროცესი არ იქნება საჯარო, გამჭვირვალე და არაორაზროვანი, არსებობს საფრთხე, რომ ამგვარი დისკრეცია მიკერძოებასა და დისკრიმინაციაში გადაიზრდება. ობიექტური პროფესიული კრიტერიუმების არსებობა აუცილებელია იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული სამაგიეროს გადახდა სასამართლოში სავარაუდოდ არსებული კორუფციის, ოლიგარქიის და სხვა პრობლემების შესახებ საუბრის გამო.
თანმხვედრი აზრის თანახმად, მართალია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ არის პირველი ინსტანციის სასამართლო და არ არის უფლებამოსილი, დეტალურად შეამოწმოს ეროვნულ დონეზე მოსამართლეთა შერჩევა-დაწინაურების პროცესები. თუმცა მისი ვალდებულება და როლია, იყოს ფხიზლად პროცესის სამართლიანობისა და მოსამართლეობის კანდიდატებისთვის მინიჭებული სამართლებრივი გარანტიების აღსრულების მიმართ.
თანმხვედრ აზრში ასევე გაკრიტიკებულია ეროვნულ დონეზე ადგილობრივი სასამართლოების მიერ დისკრიმინაციის არდადგენა და მტკიცების ტვირთის მოსარჩელეზე გადატანა. მოსამართლის მითითებით, საქმეში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები „მოსამართლეთა ერთობის“ წარმომადგენლების დანიშვნის თაობაზე, აშკარად აჩვენებდა, რომ “მოსამართლეთა ერთობის” წევრები სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსებში, ხოლო ამ პროცესის შედეგს მსუსხავი ეფექტი ჰქონდა, რამდენადაც მოსამართლეთა ეს გაერთიანება საბოლოოდ გაქრა.
საბოლოოდ, სასამართლო ორგანოების დაკომპლექტება თითოეული სახელმწიფოს დისკრეციაა და არ არსებობს იდეალური მოდელი, თუმცა მნიშვნელოვანია თავიდან იქნას არიდებული ფავორიტიზმი და მოსამართლეთა შერჩევა-დაწინაურების პროცესი დაემყაროს ობიექტურ პროფესიულ კრიტერიუმებს. აუცილებელია, თავიდან იქნას არიდებული კორუფცია და შესაბამისმა ორგანოებმა არ უნდა დაუშვან სამოსამართლო კორპორატიზმის არსებობა სისტემაში მოსამართლეთა კონკრეტული ჯგუფის ინტერესების სასარგებლოდ, სადაც შერჩევის კრიტერიუმები არის მეგობრობა და კავშირები და არა - თანამდებობისთვის საუკეთესო პროფესიონალების შერჩევა. მოსამართლის მოსაზრებით, ამ პრობლემების თვალსაზრისით, წინამდებარე საქმე მხოლოდ აისბერგის წვერია.
შეჯამება
ევროპული სასამართლოს 7 ნოემბრის გადაწყვეტილება არის საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიერ კრიტიკული აზრის ჩახშობისა და დამოუკიდებელი მოსამართლეების სისტემიდან განდევნის სამართლებრივი მტკიცებულება, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები წლების განმავლობაში მიუთითებენ.[2] აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნება სამომავლოდ ფუნდამენტური რეფორმების გასატარებლად და სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერი, პროფესიონალი მოსამართლეებით დასაკომპლექტებლად.
[1] Bakradze v. Georgia (app. no. 20592/21), 2024 https://hudoc.echr.coe.int/?i=001-237811
[2] კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, სასამართლო სისტემა, რეფორმები და პერსპექტივები, 2017 http://www.coalition.ge/files/____________________________________________________.pdf იხ. ასევე, ვენეციის კომისიის დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით, ივნისი 2019 https://bit.ly/30qSvpE
ინსტრუქცია