[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მაია ბაქრაძის საქმეზე მთავრობის მოსაზრებებს უპასუხა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა უპასუხა მაია ბაქრაძის საქმეზე  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მთავრობის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს. მაია ბაქრაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და მოსამართლეთა გაერთიანება - „მოსამართლეთა ერთობის“ დამფუძნებელი წევრია, რომელსაც მოსამართლეობის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2015-2016 წლებში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უარი უთხრა მოსამართლედ ხელახლა დანიშვნაზე. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილ განაცხადში მაია ბაქრაძე უთითებდა, რომ მის ხელახლა დანიშვნაზე უარი წარმოადგენდა სასჯელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების მიმართ მისი და „მოსამართლეთა ერთობის“ კრიტიკული გამონათქვამების გამო.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მაია ბაქრაძის საქმე 2021 წლის ოქტომბერში მიიღო წარმოებაში და საქართველოს მთავრობას მიმართა კითხვებით კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (გაერთიანების თავისუფლება) მუხლების, როგორც დამოუკიდებლად, ისე მე-14 მუხლთან კავშირში (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-12 პროტოკოლის პირველი მუხლის (ზოგადი დისკრიმინაციის აკრძალვა) სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით.

სასამართლოს კითხვებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები დიდწილად იმეორებს ეროვნულ სასამართლოებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ და სასამართლოების მიერ გაზიარებულ პოზიციას. კერძოდ კი, მთავრობის მითითებით, მაია ბაქრაძის მოსამართლედ გადანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი იყო არა მისი და „მოსამართლეთა ერთობის“ კრიტიკული გამონათქვამები, არამედ კანონით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მისი შეუსაბამობა.

გასათვალისწინებელია, რომ 2015-2016 წლებში არსებული კანონმდებლობით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მოეთხოვებოდა მოსამართლეთა დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთება და არ არსებობდა ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი. ამის მიუხედავად, როგორც მინიმუმ, ეროვნულ სასამართლოებს შეეძლოთ შეემოწმებინათ, ხომ არ იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება შერჩევითი და დისკრიმინაციული. თუმცა, როგორც ეროვნული სასამართლოების, ისე მთავრობის პოზიციის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილები ეფუძნება მის წევრთა ინდივიდუალურ და სუბიექტურ შეფასებებს, რაც, ფაქტობრივად გამორიცხავს მათზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების ასეთი დახურულობის მიუხედავად, განმცხადებელმა შეძლო წარმოედგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ იგი დაისაჯა მისი გამოხატვის და „მოსამართლეთა ერთობის“ წევრობის გამო. კერძოდ, მთავრობის მოსაზრებებზე სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებულ პასუხში ხაზგასმულია 2015 -2016 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ყოფილ მოსამართლეთა გადანიშვნის დინამიკა, რომელიც წარმოაჩენს „მოსამართლეთა ერთობის წევრთა“ აშკარა არახელსაყრელ მდგომარეობას, სხვა ყოფილ მოსამართლეებთან შედარებით. გარდა ამისა, მოსამართლეთა კონკურსის ფარგლებში, მაია ბაქრაძესთან ჩატარებული გასაუბრების ჩანაწერები ცხადყოფს, რომ იუსტიციის  უმაღლესი საბჭოს წევრები სვამდნენ არა მის პროფესიულ კვალიფიკაციასთან, არამედ „მოსამართლეთა ერთობის“ საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვებს და დაინტერესებული იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიმართ მოსამართლეთა ერთობის აღმასრულებელი დირექტორის კონკრეტული კრიტიკული გამონათქვამებით. არათანაბარი მოპყრობის შესახებ სრული სურათის გამოსავლენად, განმცხადებელი ასევე ითხოვდა მასთან და სხვა კანდიდატებთან ჩატარებული გასაუბრებების შინაარსის შედარებას, რაზეც ეროვნულმა სასამართლოებმა უარი უთხრეს. შედეგად, მაია ბაქრაძეს არ მიეცა სრულყოფილი შესაძლებლობა საკუთარი ინტერესების ეროვნულ დონეზე დასაცავად.

მაია ბაქრაძის საქმე ერთ-ერთი მაგალითია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსხვავებული აზრის დევნისა და მოსამართლეთა დანიშვნის კუთხით მიღებული თვითნებური გადაწყვეტილებებისა, რომელზეც  წლებია მიუთითებენ საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები.[1] აღნიშნული პრაქტიკა განსაკუთრებული სიმწვავით წარმოჩინდა 2019 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში.[2] ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მაია ბაქრაძის საქმეზე მიმდინარე კომუნიკაციის ეტაპზე ჩაერთო სახალხო დამცველის აპარატიც, რომელმაც წარმოადგინა მესამე მხარის მოსაზრებები განცხადებაში გამოკვეთილ სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის შეპასუხება მაია ბაქრაძის განაცხადსა და სახალხო დამცველის მოსაზრებებში გამოკვეთილ სისტემურ პრობლემასთან დაკავშირებით ცალმხრივი და არასრულია. კერძოდ, მთავრობა ციტირებს საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიტიურ შეფასებებს და უგულებელყოფს იმავე ორგანიზაციების მხრიდან გამოხატულ შეშფოთებასა და კრიტიკას საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით. კერძოდ, გარკვეული პოზიტიური შეფასებების მიუხედავად,  ვენეციის კომისია, ა.შ.შ.-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროპარლამენტი კრიტიკულად აფასებენ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის საერთო სურათს, განსაკუთრებით ბოლო წლებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის ფონზე და უთითებენ სასამართლო სისტემაში „კლანად“ წოდებული „მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის“ ხელში თავმოყრილ ძალაუფლებაზე.[3] ამასთან, მართლმსაჯულების სისტემაში იდენტიფიცირებული ხარვეზების აღმოფხვრა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტადაა განსაზღვრული ევროკომისიის მიერ მიმდინარე წლის 17 ივნისს ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნაში.[4]

გარდა ამისა, არასრული და შეცდომაში შემყვანია მთავრობის მითითება ადამიანური თავისუფლების, ეკონომიკური თავისუფლების და კანონის უზენაესობის ინდექსებში რეგიონში საქართველოს მოწინავე პოზიციებთან დაკავშირებით, რადგან ამ ინდექსების დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ კონკრეტულად მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებულ კომპონენტებში საქართველოს მიერ დაგროვილი ქულები საშუალოზე დაბალი, ან საშუალოზე ოდნავ მაღალია.[5]

სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმედს გამოთქვამს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო გაითვალისწინებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ წარდგენილ დეტალურ პასუხს მთავრობის მოსაზრებებთან დაკავშირებით და საქმის გარემოებებს შეაფასებს ქვეყანაში არსებული ზოგადი კონტექსტის ფონზე.  აღსანიშნავია, რომ  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მაია ბაქრაძის განაცხადს მიანიჭა პოტენციური საკვანძო საქმის (key case) სტატუსი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ საქმის გამორჩეულ მნიშვნელობას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, სასამართლო სისტემა, რეფორმები და პერსპექტივები, 2017, ხელმისაწვდომია:  http://www.coalition.ge/files/____________________________________________________.pdf

[2] საქართველოს სახალხო დამცველი, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის მონიტორინგის ანგარიში“ 2019, ხელმისაწვდომია: http://www.ombudsman.ge/res/docs/2019100811095425887.pdf;
ვენეციის კომისიის დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით, ივნისი 2019, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/30qSvpE

[3] ვენეციის კომისიის დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით, ივნისი 2019, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/30qSvpE; ა.შ.შ.-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, 2020 წლის ქვეყნების ანგარიშები ადამიანის უფლებათა პრაქტიკებთან დაკავშირებით: საქართველო, ხელმისაწვდომია: https://www.state.gov/wp-content/uploads/2021/10/GEORGIA-2020-HUMAN-RIGHTS-REPORT.pdf; 2; ა.შ.შ.-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, 2021 წლის ქვეყნების ანგარიშები ადამიანის უფლებათა პრაქტიკებთან დაკავშირებით: საქართველო, ხელმისაწვდომია: https://www.state.gov/reports/2021-country-reports-on-human-rights-practices/georgia/; ევროპის პარლამენტი, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება, ევროპული იმპლემენტაციის შეფასება, მარტი, 2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3DWrGhN;

[4] ევროპის კომისია, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადის შესახებ დასკვნა, 17 ივნისი 2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3ybjLvN

[5] ფრეიზერის ინსტიტუტი, ადამიანური თავისუფლების ინდექსი, 2019, გვ. 164.  ხელმისაწვდომია: https://www.fraserinstitute.org/sites/default/files/human-freedom-index-2019-rev.pdf; მემკვიდრეობის ფონდი, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, ხელმისაწვდომია:  https://www.heritage.org/index/explore?view=by-region-country-year&u=637937911392873443; მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი, მართლმსაჯულების ინდექსი, 2020, გვ. 20 და 78 ხელმისაწვდომია: https//bit.ly/3nBdeEH

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“