[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

სტრასბურგის სასამართლომ მაია ბაქრაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის ოფიციალური წერილით სოციალური სამართლიანობის ცენტრს (ყოფილი EMC) ეცნობა, რომ ევროპულმა სასამართლომ 6 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება მაია ბაქრაძის საქმის არსებითი განხილვის შესახებ და მთავრობასთან კომუნიკაცია დაიწყო. მაია ბაქრაძე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და მოსამართლეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება - „მოსამართლეთა ერთობის“ დამფუძნებელი წევრი, რომელსაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო, უარი ეთქვა მოსამართლედ ხელახალ დანიშვნაზე.

ევროპულმა სასამართლომ მთავრობას მიმართა კითხვებით კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (გაერთიანების თავისუფლება) მუხლებთან კავშირში მე-14 მუხლისა (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-12 პროტოკოლის პირველი მუხლის (ზოგადი დისკრიმინაციის აკრძალვა) სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მთავრობას 2022 წლის 2 თებერვლამდე მისცა ვადა განაცხადში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების წარსადგენად.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მაია ბაქრაძის განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2020 წლის 20 იანვარს წარედგინა. 2013 წელს სასამართლო რეფორმის მხარდასაჭერად შექმნილი „მოსამართლეთა ერთობა“ და მისი წარმომადგენლები, საჯარო გამოსვლებში ხშირად საუბრობდნენ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე და აკრიტიკებდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაუმჭვირვალე, დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს. მოსარჩელის მითითებით, სწორედ „მოსამართლეთა ერთობის“ წევრობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ კრიტიკული განცხადებები  გახდა 2015-2016 წლებში, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის ვადის ამოწურვის შემდეგ, მის ხელახლა დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნული კი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10, მე-11 მუხლებთან კავშირში მე-14 მუხლის დარღვევას. ალტერნატიულად, განმცხადებელი უთითებს, რომ ის გახდა დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულ საჯარო სამსახურზე წვდომის უფლებასთან მიმართებით (კონვენციის მე-12 პროტოკოლის პირველი მუხლი).

მოსარჩელის არგუმენტებს ამყარებს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში მასთან ჩატარებული გასაუბრების ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ იუსტიციის  უმაღლესი საბჭოს წევრები, პროფესიული კვალიფიკაციის შეფასების ნაცვლად, დაინტერესებული იყვნენ „მოსამართლეთა ერთობის“ საქმიანობითა და მაია ბაქრაძის შეხედულებებით საბჭოს მიმართ. ამასთან, 2013-2016 წლებში ჩატარებული მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის შედეგების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ იმ ყოფილ მოსამართლეთა დიდი უმრავლესობა, რომელსაც უარი ეთქვა ხელმეორედ დანიშვნაზე, იყვნენ, „მოსამართლეთა ერთობის“ წევრები.

მაია ბაქრაძის საქმე ერთ-ერთი მაგალითია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსხვავებული აზრის დევნისა და მოსამართლეთა დანიშვნის კუთხით მიღებული თვითნებური გადაწყვეტილებებისა, რომელზეც  წლებია მიუთითებენ საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები.[1] აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო ნათლად წარმოჩნდა 2019 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე.[2] ამიტომ, მაია ბაქრაძის საქმის გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემაში არსებული სტრუქტურული პრობლემების ფონზე.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, 2017 წლის ანგარიში http://www.coalition.ge/files/.pdf

[2] სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში: http://www.ombudsman.ge/res/docs/2019100811095425887.pdf;
ვენეციის კომისიის დასკვნა: https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-PI(2019)002-e

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“