საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტოს წყარო: reginfo.ge
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აფასებს საქართველოში იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის წევრების მიმართ 2019 წელს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს და მათზე სახელმწიფო უწყებების (შსს, პროკურატურა) სამართლებრივი რეაგირების ეფექტურობას ითხოვს. EMC-ის შეფასება არსებითად ეყრდნობა იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. მოწოდებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს თემს წევრების მიმართ, რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი 20 დანაშაულებრივი ქმედება ფიქსირდება. აგრეთვე 20 შემთხვევა დაფიქსირდა 2018 წელს, ხოლო 2017 წელს 16 შემთხვევას ჰქონდა ადგილი.[1]
2019 წელს დაფიქსირებული შემთხვევებიდან 8 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დევნას ძალადობით ან ძალადობის მუქარით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი), 5 შემთხვევაში რელიგიური წესის აღსრულების უკანონო ხელშეშლას (სსკ-ის 155-ე მუხლი), 2 შემთხვევაში დაფიქსირდა ცემის ფაქტი (სსკ-ის 126-ე მუხლი), 1 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თემის წევრის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას (სსკ-ის 118-ე მუხლი), ხოლო 3 შემთხვევაში სხვისი ნივთის დაზიანებას (სსკ-ის 187-ე მუხლი). ამასთან ერთად, დაფიქსირდა თემის წევრის მიმართ მუქარის 1 ფაქტი (სსკ-ის 151-ე მუხლი).
2019 წლის მონაცემების მიხედვით, იეჰოვას მოწმეთა მიმართ აგრესია უმეტესად კვლავ საჯარო სივრცეში ვლინდება და თემის წევრებს ქუჩაში მსახურების დროს უსწორდებიან. საანგარიშო წელს არ ფიქსირდება თემის წევრების საცხოვრებელ სახლებში შეჭრისა და პირადი ქონების დაზიანების შემთხვევები, თუმცა ადგილი აქვს იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზების დაზიანებას. წინა წლებისგან განსხვავებით თემის წევრების მიმართ საჯარო მოხელეებისა და დომინანტი რელიგიური ჯგუფის სასულიერო პირთა მხრიდან ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები არ ფიქსირდება.
როგორც ცნობილია, იეჰოვას მოწმეები ყველაზე აქტიურად ეწევიან პროზელიტიზმს და აქედან გამომდინარე ხშირად განიცდიან ძალადობრივი, დისკრიმინაციული დამოკიდებულებას. ამდენად, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ეფექტურად რეაგირებდეს თემის წევრების მიმართ ჩადენილ თითოეულ დანაშაულებრივ ქმედებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ, ბოლო წლებში, რელიგიის თავისუფლების დაცვისა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანაში ინსტიტუციური ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის დეპარტამენტი (შემდგ. დეპარტამენტი), რომელიც მონიტორინგს უწევს სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების პროცესს და ხელს უწყობს საკითხთან დაკავშირებული სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას/დანერგვას. იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის შეფასებით, კი დეპარტამენტის ამგვარი ჩართულობა და კომუნიკაცია თემის წევრებთან პოზიტიურად აისახება გამოძიების ეფექტურობაზე და ხელს უწყობს საქმეზე ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომას. თუმცა, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და დაზარალებულის უფლებების რეალიზების კუთხით კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემებია, რასაც დეტალურად მიმოვიხილავთ.
2019 წელს გამოვლენილი შემთხვევების გამოძიების პროცესის შეფასება
იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემებით დგინდება, რომ 2019 წელს თემის წევრების მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე ყველა შემთხვევაში დაიწყო გამოძიება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში (13 შემთხვევაში) გამოძიება სამართლებრივი შედეგის დადგომის გარეშე წარიმართა. კერძოდ, გამოძიების მიუხედავად ადგილი არ ჰქონია კონკრეტულ პირთა სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრას.
იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ, წინა წლებთან შედარებით, ქმედების სწორი სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაციის საკითხი შედარებით გაუმჯობესდა, შემთხვევათა დიდი ნაწილი კვალიფიცირდება, როგორც დევნა რელიგიური ნიშნით ან რელიგიური წესის აღსრულების უკანონო ხელშეშლა, რაც გასულ წლებში პრობლემას წარმოადგენდა და საგამოძიებო ორგანოები თავს იკავებდნენ ცალკეული შემთხვევების, როგორც დევნის/რელიგიური წესის აღსრულების უკანონო ხელშეშლის კვალიფიკაციისგან. თუმცა, სხვა დანაშაულებრივ ქმედებებთან მიმართებით კვლავ პრობლემურია სიძულვილის მოტივის გამოკვეთა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე პრიმა მუხლის მიხედვით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს. იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის შეფასებით, თემის წევრების მიმართ უმეტესად დევნისა და რელიგიური წესის აღსრულების ხელშეშლის ფაქტები ფიქსირდება, რაც თავისთავად მოიაზრებს სიძულვილის მოტივს, თუმცა, სხვა შემთხვევებში, რომლებიც შეიძლება თემის წევრების ცემას და ორგანიზაციის ინვენტარის დაზიანებას უკავშირდებოდეს გართულებულია სიძულვილის მოტივის გამოკვეთა და საპროცესო დოკუმენტებში ასახვა, რაც ხელს უშლის სასამართლოს გამოკვეთოს სიძულვილის მოტივი.
2019 წელს კვლავ პრობლემად რჩება იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზების დაზიანების ფაქტებზე ეფექტური გამოძიების წარმოება. ამ წელს, სამ შემთხვევაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე, თუმცა, არც ერთ შემთხვევაში არ დადგა სამართლებრივი შედეგი და მიუხედავად იმისა, რომ ერთ შემთხვევაში, სავარაუდო, დამნაშავის ქმედება ვიდეო ჩანაწერზე იყო ასახული, საგამოძიებო ორგანომ არ უზრუნველყო იდენტიფიცირება და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
არაეფექტური გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, კვლავ პრობლემურია თემის წევრების დაზარალებულად ცნობის საკითხი. კერძოდ, მითითებულ 13 შემთხვევაში არ მომხდარა თემის წევრების/ რელიგიური ორგანიზაციის დაზარალებულად ცნობა, რაც, თავის მხრივ, დაზარალებულ პირს ართმევს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობისა და გამოძიების მონიტორინგის შესაძლებლობას. იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის შეფასებით, ცალკეულ შემთხვევებში პროკურატურა დაუსაბუთებლად არ ანიჭებს პირს დაზარალებულის სტატუსს და როდესაც პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ ზემდგომ ორგანო საჩივარს განსახილველად კვლავ ქვემდგომ ორგანოს უგზავნის, რაც გარდა იმისა, რომ კანონის მოთხოვნებს არღვევს, ცალსახად უშედეგოა.
თემის წევრების მიმართ გამოვლენილ შემთხვევებზე მიმდინარე სამართალწარმოების პროცესის ანალიზი აჩვენებს, რომ კონკრეტულ საქმეებზე სამართლებრივი შედეგის დადგომისა და ბრალდებულების მიმართ ლოალობის პრობლემა, წინა წლების შედეგების გათვალისწინებით, კვლავ არსებობს. როგორც ზემოთ აღინიშნა, საანგარიშო წელს განხორციელებული დანაშაულებრივი შემთხვევებიდან მხოლოდ 7 შემთხვევაში დადგა სამართლებრივი შედეგი და კონკრეტული პირების მიმართ განისაზღვრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ორგანიზაციის შეფასებით, ზოგიერთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულია სრულყოფილი გამოძიება, მოპოვებულია მტკიცებულებები და დადგენილია დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირის ვინაობა, პროკურატურა დაუსაბუთებლად არ იწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას.
2019 წლის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევებზე სამართლებრივი რეაგირების ანალიზი აჩვენებს, რომ თემის წევრების მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირების უმეტეს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას ან ჯარიმას. თუმცა, თავის მხრივ, იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის შეფასებით, მათი სურვილი არასდროს არ არის ბრალდებულების მკაცრად დასჯა და ყოველთვის ორიენტირებულები არიან სასჯელის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებაზე, რაც, მათი შეფასებით, ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციას.
იეჰოვას მოწმეთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით განხორციელებული აქტივობები და კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან
იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის შეფასებით, შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ჩამოყალიბებამ და ორგანიზაციასთან აქტიურმა კომუნიკაციამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი თემის წევრების მიმართ ჩადენილ დანაშაულზე ეფექტური გამოძიების წარმოებასა და პოლიციის თანამშრომელთა სენსიტიურობის გაზრდას. ორგანიზაციის განმარტებით, დეპარტამენტის ჩამოყალიბების შემდგომ, დეპარტამენტის ინიციატივით განხორციელდა რელიგიურ ორგანიზაციასთან კომუნიკაცია, გამოიყო საკონტაქტო პირი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეპარტამენტის თანამშრომლები უწევენ მონიტორინგს გამოძიების პროცესს. შედეგად, პოლიციის თანამშრომლები, გამოკითხვის დროს მაქსიმალურად ზუსტად აფიქსირებენ გამოსაკითხი პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, აგროვებენ მტკიცებულებებს და აღარ გამოხატავენ ნეგატიურ განწყობას თემის წევრების მიმართ.
რელიგიური ორგანიზაციის განმარტებით, დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაციის შედეგად დანაშაულის პრევენციის მიზნითაც ხორციელდება სხვადასხვა აქტივობა, კერძოდ, იყო შემთხვევები, როდესაც რელიგიური ორგანიზაციის შენობა დაზიანდა და შემდგომ პერიოდებში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უფრო ხშირად დაიწყეს პატრულირება მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე, როდესაც თემის წევრები გეგმავენ მასშტაბურ რელიგიურ ღონისძიებას აქვთ შესაძლებლობა წინასწარ შეატყობინოს შსს-ს და სხვადასხვა ინციდენტის პრევენციის მიზნით ადგილზე ხდება პოლიციის მობილიზება.
შსს დეპარტამენტთან პოზიტიური კომუნიკაციის გამოცდილებისგან განსხვავებული გამოცდილება აქვს იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ ორგანიზაციას გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოსთან ურთიერთობის დროს. სამმართველოს ერთ-ერთ ფუნქციას აგრეთვე პროკურატურის სისტემაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის მონიტორინგი წარმოადგენს, თუმცა, იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის შეფასებით, სამმართველო უმეტეს შემთხვევაში მათ მიმართვებზე და საჩივრებზე არ რეაგირებს და წარდგენილ საჩივრებს უმეტესად საქმის ზედამხედველ პროკურორს უბრუნებს, რაც, რა თქმა უნდა, სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება.
რელიგიური ორგანიზაციის განმარტებით, მათ სცადეს სამმართველოსთან კომუნიკაციის დაწყება, მათ შორის, შეხვედრა და პრობლემებზე საუბარი, თუმცა ამ შემთხვევაშიც სრულ უმოქმედობას წააწყდნენ. შესაბამისად, თემის წევრების შეფასებით, პროკურატურის არაეფექტური ზედამხედველობა საქმის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესზე გავლენას ახდენს სამართლებრივ შედეგზე და უმეტესად, სწორედ პროკურატურის უმოქმედობის გამო არ ხერხდება საქმეზე სამართლებრივი შედეგის დადგომა.
შემაჯამებელი შეფასება და რეკომენდაციები
მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს იეჰოვას მოწმეთა მიმართ დანაშაულებრივი შემთხვევების მკვეთრი მატება არ ფიქსირდება, შემაშფოთებელია შემთხვევათა უმეტეს ნაწილში მიმდინარე გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის არაეფექტურობა, პროკურატურის უმოქმედობა, რაც, თავის მხრივ, რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულთან ბრძოლის არაეფექტურობაზე და ამ ნიშნით ცალკეულ პირთა მიმართ ლოიალობაზე მიუთითებს. აღნიშნული კი, მათ შორის, წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე აღებულ ვალდებულებებთან. ამ ეტაპზე, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სახელმწიფო პოლიტიკა მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას, მათ შორის, "გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს წინააღმდეგ" (2007 წ) და "ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" (2014 წ) საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგის ფარგლებში ექცევა, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს არასათანადო მოპყრობაზე, გამოძიებასა და არაეფექტური პოლიტიკის წარმოებაზე მიუთითა და ეფექტიანი მექანიზმების შექმნა მოსთხოვა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ
[1] 2016 წლის და წინა წლების სტატისტიკა იხილეთ აქ https://emc.org.ge/ka/products/2016-tsels-iehovas-motsmeta-mimart-chadenili-danashaulebis-analizi
ინსტრუქცია