საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
იეჰოვას მოწმეების, ერთ-ერთი ყველაზე მეტად მარგინალიზებული რელიგიური თემის მიმართ გამოვლენილი დანაშაულების ხარისხი რელიგიური შეუწყანრებლობისა და სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობის მნიშვნელოვან ინდიკატორად შეიძლება ჩაითვალოს. აღნიშნული თემი ყველაზე აქტიურად ეწევა პროზელიტიზმის საქმიანობას და სწორედ ამიტომ ყველაზე ხშირად განიცდის დისკრიმინაციულ, ძალადობრივ და წინასწარგანწყობებზე დაფუძნებულ ნეგატიურ დამოკიდებულებებს.
დიაგრამზე წამოდგენილი სტატისტიკა სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილ ინფორმაციას ეფუძნება. 2016 წლის მონაცემები კი იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ სტატისტიკას.
2016 წელს გამოვლენილი შემთხვევების ფაქტობრივი ანალიზი
იეჰოვას მოწმეთა მიმართ 2016 წელს გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობრივი შემთხვევების ანალიზის მიხედვით, მათი რიცხვი 2015 წელთან შედარებით შემცირებულია, თუმცა 2010-2012 წლებთან შედარებით ეს მონაცემი მკვეთრად მაღალი რჩება.
იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის მიერ მოწოდებული მონაცემების შესაბამისად, 2016 წელს თემის მიმართ მთლიანობაში ფიზიკური ძალადობის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების 23 შემთხვევა დაფიქსირდა (ფიზიკური ძალადობის - 12 შემთხვევა; სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის - 2; ნივთის დაზიანების - 9 ინციდენტი).
2015 წელთან შედარებით (28 სიტყვიერი შეურაცყოფა და 11 ფიზიკური ძალადობა) 2016 წელს თემის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები გაზრდილია. რაც შეეხება ქონების დაზიანებას, ძირითადად გამოიხატება რელიგიური ლიტერატურისა და ქუჩაში მდგარი სტენდების, სამეფო დარბაზების გარე ფასადების ან შიგნით არსებული ინვენტარის დაზიანებით. ზოგიერთ შემთხვევაში კი სიტყვიერი და ფიზიკურ შეურაცხყოფა და ნივთების დაზიანება ერთდროულად ხდება.
ბოლო წლის მონაცემების მიხედვით, აგრესია როგორც წესი საჯარო სივრცეში ვლინდება და იეჰოვას მოწმეებს უმეტესად ქუჩაში მსახურების დროს უსწორდებიან. რაოდენობრივად იკლო თემის წევრების საცხოვრებელ სახლებში შეჭრისა და პირადი ქონების დაზიანების შემთხვევებმა (2 შემთხვევა), თუმცა მსგავსი პრობლემა მაინც არსებობს და ფიქსირდება საცხოვრებელ სახლებში შეჭრის, ქვების სროლის, ფანჯრების ჩამსხვრევის, პირადი ნივთების, მათ შორის ავტომობილის დაზიანებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები. ამ კონტექსტში ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ აღნიშნული ქმედებები სისტემურ, განგრძობად ხასიათს ატარებს და ხშირად ჯგუფის მიერ ხორციელდება. 2016 წელს იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც იეჰოვას მოწმეები რამდენიმე მოქალაქის მხრიდან დევნისა და სისტემური აგრესიის მსხვერპლები გახდნენ. მოქალაქეები მათ სამეფო დარბაზებთან შეურაცხმყოფელი ტრანსფარანტებით ხვდებოდნენ და თემის წევრების გადაადგილებაში უშლიდნენ ხელს. აგრეთვე, იგივე მოქალაქეები რელიგიური მსახურების დროს, იწერდნენ თემის წევრების საუბრებს და ათავსებდნენ ინტერნეტში, რითაც მტრული გარემოს შექმნას უწყობდნენ ხელს. დანაშაულებრივი ქმედებების განგრძობითობის ჩვენებისთვის უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი მოქალაქე რომელსაც თემის წევრების მიმართ დევნის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული, რამდენიმე დღის პერიოდულობით თემის წევრების მიმართ მუქარასა და რელიგიური ლიტერატურის განადგურებას განაგრძობდა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს 2015 წლისგან განსხვავებით[1]თემის მიმართ განხორციელებულ ქმედებებში სასულიერო პირების მონაწილეობა არ იკვეთება. თუმცა, ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა საჯარო მოხელის, ხაშურის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის მხრიდან თემის წევრისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტი ალტერნატიული სამხედრო სამსახურის საკითხის განხილვის დროს.
2016 წელს გამოვლენილი შემთხვევების გამოძიების პროცესის შეფასება
იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემებით დგინდება, რომ 2016 წელს თემის წევრების მიმართ განხორციელებულ სამართალდარღვევის ფაქტების ნაწილზე დაიწყო გამოძიება. მომხდარ შემთხვევებზე გამოძიება უმეტესად მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით (დევნა), 155-ე მუხლით (რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა), 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება) და 125-ე მუხლით (ცემა(ნორმის ცვლილებამდე)), ერთ შემთხვევაში გამოძიება დაწყებულია 142-ე (თანასწორუფლებიანობის დარღვევა) და 158-ე (კერძო კომუნიკაციის დარღვევა) მუხლებით.
იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ წინა წლებთან შედარებით ქმედების სწორი სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაციის საკითხი შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლავ პრობლემად რჩება გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 1 ნაწილით გათვალისწინებული შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთა და შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებში ასახვა როგორც პროკურატურის, ასევე სასამართლოს მხრიდან. თემის წევრების მიმართ ჩადენილ მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაზე (3 საქმე) სასამართლოს განაჩენში ასახული იქნა შუწყნარებლობის მოტივი.
თემის წევრების მიმართ გამოვლენილ შემთხვევებზე მიმდინარე სამართალწარმოების პროცესის ანალიზი აჩვენებს, რომ კონკრეტულ საქმეებზე სამართლებრივი შედეგის დადგომისა და ბრალდებულების მიმართ ლოალობის პრობლემა, წინა წლების შედეგების გათვალისწინებით, კვლავ არსებობს. საანგარიშო წელს განხორციელებული დანაშაულებრივი შემთხვევებიდან სამ შემთხვევაში შეწყდა გამოძიება, რაც უმეტესად განპირობებულია პოლიციის არასათანადო რეაგირებით, მათი მხრიდან დაზარალებულსა და სავარაუდო დამნაშავისთვის შერიგებაზე მითითებით. საქმეთა ნაწილი აჩვენებს, რომ პოლიციის თანამშრომლები დანაშაუალებრივ ფაქტზე შეტყობინების მიღების შემდგომ ცდილობენ მორიგებას და სამართალდარღვევის ჩამდენი პირისთვის ხელწერილის დადებით შემოიფარგლებიან, რასაც თავის მხრივ გამოძიების შეწყვეტა მოსდევს.
გარდა აღნიშნულისა, თემის წევრების მიმართ 2016 წელს ჩადენილი დანაშაულების ანალიზი აჩვენებს, რომ რიგ შემთხვევებში გამოძიების პროცესი საკმაოდ ჭიანურდება, რაც მათ შორის, გამოიხატება თემის წევრებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პრობლემით. გასათვალისწინებელია, რომ გამოძიების მიმდინარეობის პროცესი საკმაოდ ბუნდოვანია უფლების შეზღუდვის მსხცერპლებისთვის. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში, თემის წევრების წარმომადგენლები, სისხლის სამართლის რვა საქმეზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. კონკრეტულ საქმეებზე დაზარალებულ პირებს არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, რაც ართმევს შესაძლებლობას მიიღონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ან გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს.
გასათვალისწინებელია, რომ 2015 წლის მსგავასად 2016 წელსაც საგამოძიებო ორგანოები ვერ ახერხებდნენ იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ლიტერატურის, სტენდებისა თუ სამეფო დარბაზების დაზიანების ფაქტებზე სამართლებრივი შედეგის დაყენებას. ძირითადად, მსგავს შემთხვევებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით იწყება, რადგან კანონმდებლობა ზიანად მხოლოდ 150 ლარს ზემოთ დამდგარ ზიანს მიიჩნევს. თემისთვის მიყენებული ზიანი კი უმეტეს შემთხვევაში არ აღემატება მითითებულ ოდენობას, სახელმწიფო კი მიუხედავად რელიგიური სიძულვილის ნიშნის არსებობისა ამ ფაქტებს სისხლისსამართლებრივი რეაგირების გარეშე ტოვებს.
შემთხვევებზე არასათანადო რეაგირების კუთხით აღსანიშნავია კიდევ ერთი პრობლემა. ზოგიერთ შემთხვევაში, ქმედება შესაძლოა წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ გადაცდომას და ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარასებობის მოტივით გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დროს ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამართლებრივი შეფასება სახელმწიფოს მიერ აღარ მოხდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემას წარმოადგენდეს საგამოძიებო ორგანოს მხრიდან კანონით დადგენილი ვადის გაშვების პრობლემაც, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, მაგრამ როცა დამრღვევის მოქმედებაში არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ერთი თვისა სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან“. შესაბამისად, ხშირად საგამოძიებო ორგანო ერთი თვის ვადაში არ ახდენს ადმინისტრაციული გადაცდომის გამოვლენას, რაც ქმედებას რეაგირების გარეშე ტოვებს.
2016 წელს თემის წევრების მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ანალიზი ბრალდებული პირების მიმართ არამხოლოდ გამოძიების ფარგლებში არამედ სასამართლოს მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრისას გარკვეულ ლოიალურ მოპყრობაზე მიუთითებს, რაც შემდგომში რეციდივის ალბათობას ზრდის. აღნიშნულის ილუსტრირებას ახდენს 2016 წლის ნოემბერში თემის წევრების დევნის შემთხვევა, რომელიც რამდენიმე დღიანი პერიოდით ხორციელდებოდა კონკრეტული მოქალაქის მიერ (რომელიც აღკვეთის ღონისძიების (გირაო) შეფარდების მიუხედავად, განაგრძობდა თემის წევრების დევნას), რომელსაც ჩადენილი სამი დანაშაულისთვის სასამართლოს განაჩენით სასჯელად 500 ლარის ოდენობი ჯარიმა განესაზღვრა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად. ცხადია, აღნიშნული სასჯელი (6 თვიანი პირობითი მსჯავრი და 500 ლარიანი ჯარიმა) ვერ გახდება სამომავლო დანაშაულებრივი ქმედების შემაკავებელი ფაქტორი.
შემაჯამებელი შეფასება
2016 წელს იეჰოვას მოწმეთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი შემთხვევების ბუნება და მათი გამოძიების პროცესი სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირებასა და არაეფექტიან პოლიტიკაზე მიუთითებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოების დამოკიდებულება დამნაშავეების მიმართ ლოალურია და შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციაზე არ არის ორიენტირებული. აღნიშნული კი ,მათ შორის, წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე აღებულ ვალდებულებებთან. ამ ეტაპზე, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სახელმწიფო პოლიტიკა მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას, მათ შორის, ,,გლდანის კონგეგრაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს წინააღმდეგ“ (2007 წ) და ,,ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (2014 წ) საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგის ფარგლებში ექცევა, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს არასათანადო მოპყრობაზე, გამოძიებასა და არაეფექტური პოლიტიკის წარმოებაზე მიუთითა და ეფექტიანი მექანიზმების შექმნა მოსთხოვა. შესაბამისად, არსებითია, მთავრობამ აჩვენოს ამ მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესების მცდლობები და კონკრეტული შედეგები. [2]
[1]2015 წლის მომხდარი შემთხვევების ანალიზი აჩვენებს ძალადობრივ შემთხვევებში სასულიერო პირების მონაწილეობას. იხ. EMC-ის კვლევა ,,რელიგიის თავისუფლება სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის კრიტიკა, თბილისი, 2016, გვ.123
[2] უნდა აღინიშნოს, რომ იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული რელიგიური ორგანიზაციის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასევე წარდგენილია ორი საქმე: ,,ბიბლაია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და ,,წულუკიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც იდენტურ პრობლემებს შეეხება.
ინსტრუქცია