[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / სტატია

ვიცხოვრებთ კი ამ შემწეობით? გვყოფნის ეს მხარდაჭერა? სოციალური დაცვის სისტემის მთავარი გამოწვევები

ინტერვიუს ავტორები: მარიამ ჯაჭვაძე და თამარ მშვენიერაძე

წარმოვიდგინოთ ოჯახი, სადაც დედ-მამას ორი შვილი ჰყავს, ბებიაც მათთან ერთად ცხოვრობს. ბავშვებიდან ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, მამას სტაბილური სამსახური არ აქვს, მუშაობს ფრაგმენტულად და ძირითადად არაფორმალურ შრომაშია ჩართული. დედა სახლიდან ვერ გადის, ბავშვს უვლის. ბებია პენსიონერია და როგორც ხანდაზმულს, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აწუხებს.

როგორ იცხოვრებდა ეს ჰიპოთეზური ოჯახი, დამოკიდებულია იმაზე, თუ სოციალური დაცვის რომელი მოდელი აირჩია მათმა ქვეყანამ: სკანდინავიური, ლიბერალური, თუ კონტინენტურ-ევროპული.

  • როგორ იცხოვრებდა ეს ოჯახი მაგალითად, ფინეთში?

ფინეთში ორივე მშობელი იმუშავებდა. წესით, ასეთ დროს ბავშვებზე ზრუნვას დედა და მამა უნდა ინაწილებდეს. სოციალური მხარდაჭერის სისტემა კი მათ ბავშვთა დღის ცენტრს ან მოვლის სხვა საზოგადოებრივ მოდელს შესთავაზებდა. ასეთია სოციალური დაცვის სკანდინავიური მოდელი. სოციალური დაცვის კონტინენტურ მოდელში ბავშვებზე ზრუნვას მშობლები, ალბათ, გაინაწილებდნენ, მაგრამ დედაზე მეტი ტვირთი მოდის და სისტემა ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ დედა სამსახურის და ზოგადად, საზოგადოებრივი ცხოვრების მიღმა არ დარჩეს.

ლიბერალური მოდელი კი მშობლებს უალტერნატივო სიტუაციაში აგდებს. უნდა იმუშაონ, რომ გადარჩნენ. ბავშვების მოვლა ჩვენი ჰიპოთეზური ოჯახის შემთხვევაში შეიძლება სწორედ ხანდაზმულ და მოხუც ბებიას დააწვეს, ან დამხმარესა და ძიძას, რომელსაც, რასაკვირველია, ხელფასი უნდა გადაუხადონ…

ჰეიკი ჰიილამო ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორია. ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ეროვნულ ინსტიტუტში სოციალურ პოლიტიკას იკვლევს. მისი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება ფინეთის სოციალური დაზღვევის ინსტიტუტსაც უკავშირდება. ჰიილამო მიწვეული პროფესორი იყო კალიფორნიის უნივერსიტეტში სან-ფრანცისკოში. ის იკვლევს ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკას, სიღარიბეს, უთანასწორობას, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს; არის 150-მდე პუბლიკაციის ავტორი. მათ შორისაა: “მიკუთვნებულობის განცდა სამუშაოს მიღმა დარჩენილ ადამიანებში ფინეთში,“ბებია-ბაბუის და ბავშვის განვითარებას შორის კავშირის შესწავლა,“ეკლესიის გავლენა სიღარიბეზე კრიზისის დროს,” “მარტოხელა დედების სიღარიბის გამოცდილება ფინეთში,” “რწმენა, როგორც აქტივი, საზოგადოების განვითარების პროგრამაში.”

2018 წელს მისი ავტორობით გამოიცა წიგნი – „საყოფაცხოვრებო ვალები და ეკონომიკური კრიზისები“. 2016 წელს ჰეიკი ჰიილამო დაჯილდოვდა სახელმწიფო პრემიით ,,საჯარო ინფორმირებისთვის.”

ჰეიკი ჰიილამო საქართველოს იმ ექსპერტთა ჯგუფშია, რომელიც სოციალური დაცვის პოლიტიკის რეფორმაზე მუშაობს. სამუშაო შეხვედრებიდან ბევრ დეტალს არ გვიმხელს, თუმცა რეფორმის ძირითად მიმართულებებზე გვიყვება:

  • საქართველოს მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარს მიღმაა და ყოველთვიურად სოციალურ შემწეობას იღებს. გარდა ამისა, საქართველოს მოსახლეობის 40% სოციალური დაცვის სისტემის ერთი შეღავათით მაინც სარგებლობს. სოციალური დახმარების წლიური ბიუჯეტი იზრდება. იზრდება სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც. თუმცა იმ ადამიანების კმაყოფილების დონე, ვისაც ეხმარებიან, იკლებს. რას ამბობს ეს ფაქტი საქართველოს სოციალური დაცვის სისტემაზე?

სოციალურ პოლიტიკაში არსებობს ასეთი ტერმინი – გადანაწილების პარადოქსი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენი სოციალური კაპიტალის დიდი ნაწილი მხოლოდ ღარიბებზე იხარჯება, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ღარიბია, მაშინ იმ ადამიანებს, რომლებსაც საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვთ, აღარ აქვთ სურვილი, ეს ბიუჯეტი მუდმივად შეავსონ. უფრო კარგად რომ აგიხსნათ, თუ ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი ღარიბებისთვის იხარჯება, ეს ადამიანები სოციალური დაცვის სისტემაში თავიანთი მონაწილეობის აზრს ვეღარ ხედავენ; უჩნდებათ განცდა, რომ ეს სისტემა მათთვის არ იმუშავებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათაც დასჭირდათ სოციალური მხარდაჭერა. სიტუაცია იცვლება მაშინ, თუ სოციალური დანახარჯები უფრო თანაბრად ნაწილდება. უფრო მეტი მსურველია, გადაიხადოს გადასახადები, რადგან პერსპექტივაში თავს უფრო დაცულად გრძნობს. ამ შემთხვევაში მხოლოდ ღარიბებისთვის კი არ იხდიან, საკუთარი თავსაც აზღვევენ და უფრო თამამად მონაწილეობენ სოციალური დაცვის სისტემის მუშაობაში. მოკლედ რომ ვთქვათ, სოციალურ გარანტიებს ყიდულობენ საკუთარი თავისთვისაც.

  • როგორ აიხსნება ის, რომ განვითარებად ქვეყნებში მეტწილად სოციალური მხარდაჭერის ლიბერალურ მოდელს ვხვდებით?

ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი მიზეზი აქამდე ისიც იყო, რომ მსოფლიო ბანკი და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია სწორედ ლიბერალურ მოდელს უწევდა ადვოკატირებას. ეს ახლა ასე აღარ არის. სხვა ფაქტორებიც გასათვალისწინებელია. მაგალითად ის, რომ ლიბერალური მოდელი მეტწილად სოციალურ შემწეობაზეა ორიენტირებული. მისი არსი ღარიბი და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ფულადი დახმარებაა და არა სოციალური დაზღვევის განვითარება.

სოციალური დაზღვევა არის სისტემა, რომელიც სოციალური პარტნიორების ჩართულობას მოითხოვს. ვგულისხმობ შრომით გაერთიანებებს, დასაქმებულთა ორგანიზაციებს. ბევრ ქვეყანაში შრომითი გაერთიანებები მჭიდროდ არიან დაკავშირებულები სოციალურ-დემოკრატიულ პარტიებთან და თუ მმართველი პარტია არ არის დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ შრომითი გაერთიანებების განვითარებით, მაშინ ისინი სოციალური დაზღვევის ნაცვლად, სწორედ სოციალურ შემწეობაზე იქნებიან კონცენტრირებულები. ამასთან, სოციალური შემწეობა ამა თუ იმ ჯგუფის მოსყიდვის საშუალებაცაა. შენ აძლევ ფულს კონკრეტულ ჯგუფებს და ელოდები, რომ ისინი ხმას მოგცემენ არჩევნებში. ეს იმაზეცაა დამოკიდებული, რამდენად დემოკრატიულია ქვეყანა. რაც უფრო დემოკრატიულია საზოგადოება, იქ სოციალურ პარტნიორობასა და შრომით გაერთიანებებს დიდი როლი აქვთ.

  • საქართველოში სოციალური დაცვის ქვაკუთხედი არის ქულა. თუ შესაბამისი ქულა მოგენიჭა, მაშინ იღებ სოციალურად დაუცველის სტატუსს, შესაბამისად შემწეობასაც. მაგრამ ამ ქულაზეა დამოკიდებული სხვა ყველა სოციალური შეღავათიც. თუ კარგავ შემწეობას, კარგავ ყველაფერს და სრულად ამოვარდნილი ხარ სოციალური დაცვის სისტემიდან…

ადამიანის ან შინამეურნეობის ქულებით შეფასების სისტემა თეორიულად მაინც ნიშნავს იმას, რომ ადამიანის სოციალური მდგომარეობა მხოლოდ შემოსავლის რაოდენობით არ ფასდება და მნიშვნელობა ენიჭება სხვა ფაქტორებსაც. მაგალითად, გეოგრაფიულ მდებარეობას, შეზღუდულ შესაძლებლობას და ა.შ. შესაბამისად, ეს უფრო საჭიროებებზე დაფუძნებული მიდგომაა და შემოსავლის შემოწმებისგან განსხვავებით, უფრო ფართოდ ხედავს ოჯახის თუ ადამიანის საჭიროებებს.

  • როდის დგინდება უფრო ზუსტად, რომ სოციალური მხარდაჭერა გჭირდება, როცა შეფასებისას აკვირდებიან მხოლოდ იმას, თუ რა შემოსავალი გაქვს თუ მაშინ, როცა კეთილდღეობის შეფასების ირიბ ინდიკატორებსაც ითვალისწინებენ?

შემოსავლის შეფასებისას მხოლოდ იმას ვიგებთ, რამდენი წევრისგან შედგება ოჯახი და რა შემოსავალი აქვს თითოეულ წევრს. ამით დგინდება, ეკუთვნის თუ არა ოჯახის ცალკეულ წევრს ან მთლიანად ოჯახს შემწეობა.

  • საკითხი დგას ასე, რატომ იყენებენ საქართველოში კეთილდღეობის შეფასების უფრო ფართო, ანუ ირიბ ინდიკატორებს, იმიტომ, რომ მეტის გაგება უნდათ ოჯახზე ან ადამიანებზე, რათა მათ საჭიროებებს უპასუხონ, თუ იმიტომ, რომ შემოსავლის რეესტრში მუდმივად განახლებად და ზუსტ ინფორმაციაზე არ აქვთ წვდომა?

მაგალითად, ფინეთში გვაქვს შემოსავლების რეესტრი და სოციალური დაცვის სისტემას ყოველთვიურად აქვს განახლებულ ინფორმაციაზე წვდომა შინამეურნეობის თუ კონკრეტული ადამიანის შემოსავლების შესახებ. ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა თქვენთან. ადამიანები, როგორც წესი, შემოსავლებს მალავენ და სოციალურ სისტემას ამაზე ინფორმაცია არ აქვს. ეს, ცხადია, ფინეთშიც შეიძლება მოხდეს, მაგრამ არა ისეთი მასშტაბით, როგორც საქართველოში. პრაქტიკაში ქულებით შეფასების სისტემაც საკმაოდ მოუქნელია, რადგან ფაქტები აჩვენებს, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ეკონომიკური კუთხით, მაგრამ ის მაინც იღებს შემწეობას. ამ დროს კი უამრავი სხვა ადამიანი, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ვერ ახერხებს შემწეობის სისტემაში მოხვედრას.

  • როგორ შეიძლება ამის კონტროლი?

ფინეთში, მაგალითად, ყოველთვიური საბაზისო სოციალური შემწეობის თანხა ყოველთვიურად განისაზღვრება. ინდივიდი ან შინამეურნეობა ვალდებულია, ცვლილების შესახებ აცნობოს სოციალურ სამსახურს და შეიძლება სხვადასხვა თვეს სხვადასხვა თანხა მიიღოს დახმარების სახით. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ნაკლებს იღებს, შეიძლება მეტიც მიიღოს, იმიტომ, რომ მაგალითად, მეტი სჭირდება.

  • მათ შემოსავლებს ყოველთვიურად ამოწმებენ?

დიახ.

  • ალბათ, ძალიან ძვირი ჯდება, არა?

არც ისე, იმიტომ, რომ მონაცემები უკვე ავტომატურად იტვირთება და აისახება პროგრამაში. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ინფორმაციის შეგროვების რა მეთოდს იყენებ. თუ მეთოდოლოგიის დიდი ნაწილი ციფრული და ავტომატურია, მაშინ ეს ძვირი აღარ ჯდება.

  • ასეთი მექანიზებული შეფასების სისტემა შეიძლება იყოს ობიექტური, მგრძნობიარე და ინდივიდუალური?

გააჩნია, როგორი ტიპის სოციალურ მხარდაჭერაზე ვლაპარაკობთ. შინამეურნეობების დიდ ნაწილს, როგორც წესი, თავი გააქვს იმით, რასაც ჩვენ ჯამურ შეღავათს ვუწოდებთ (Summary benefit). ეს იმ ტიპის შეღავათია, რომელსაც განსაკუთრებული მიდგომა (discretion) არ სჭირდება. ჩემი აზრით, როცა საბაზისო მხარდამჭერი სისტემა აწყობილი გაქვს, გრჩება მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევები: ოჯახები და ინდივიდები, რომელთაც განსაკუთრებული მდგომარეობა აქვთ. სწორედ მათთან გჭირდება განსაკუთრებული მიდგომა.

მოკლედ, ინდივიდუალურ შეფასებაზე უარის თქმა არ შეიძლება, რადგან ადამიანები და სიტუაციები ძალიან განსხვავდებიან. ოჯახში შეიძლება მოულოდნელი, ჩახლართული და რთული ისტორიები დაგხვდეს. პრობლემა იწყება მაშინ, როცა შინამეურნეობების დიდი ნაწილი ითხოვს ინდივიდუალურ შეფასებას. ამას სისტემა ვერ გაუძლებს და არც არის სოციალური მხარდაჭერის სწორი პოლიტიკა.

  • როცა სოციალური დაცვის სისტემის ნაწილი ხდება ადამიანი, კიდევ რა მთავარ გარანტიებს უნდა იღებდეს? როგორც თქვენ ამბობთ, სოციალური შემწეობა არ შეიძლება იყოს ერთადერთი შეღავათი.

სოციალური დაცვის სისტემა უნდა გაზღვევდეს სოციალური რისკებისგან. ეს ის მდგომარეობაა, როცა საფრთხე ექმნება შენს შრომისუნარიანობას, ან როცა უბრალოდ, ვეღარ მუშაობ. ეს შეიძლება იყოს რაღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევაც, მაგალითად, უბედური შემთხვევა; როცა ადამიანი ხანდაზმულ ასაკს აღწევს; ბავშვი რომ გიჩნდება; როცა ავად ხდები; სამსახურს კარგავ, ან დასაქმების ადგილზე იღებ რაიმე ტრავმას. ამ დროს სოციალურმა დაცვის სისტემამ მხოლოდ ზიანი კი არ უნდა აგინაზღაუროს, იმაშიც უნდა დაგეხმაროს, რომ ეს გასაჭირი დაძლიო. უნდა დაგაბრუნოს იმ მდგომარეობაში, როცა თავად შეგიძლია გამოიმუშაო ფული და უზრუნველყო საკუთარი ცხოვრება.

  • გამოდის, რომ სერვისების მთელ სპექტრზე უნდა მიგწვდებოდეს ხელი…

ყველა სოციალური რისკის საპასუხოდ უნდა არსებობდეს შესაბამისი სერვისი. როცა უმუშევარი ხდები, ამ დროს უნდა გააქტიურდეს პროგრამები, რომლებიც ადამიანებს გადაამზადებს, ან სამსახურის მოძიებაში დაეხმარება. როცა ავად ხდები, ჯანდაცვის პროგრამა და რეაბილიტაციის პროგრამა უნდა ამუშავდეს. შვილის გაჩენის შემთხვევაში, მშობლების მხარდაჭერის, პრენატალური ზრუნვის პროგრამები უნდა გააქტიურდეს; დღის ცენტრები კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედებისთვის, რომ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ; ხანდაზმულობის ეტაპზე უნდა ამუშავდეს როგორც ჯანდაცვის, ასევე ზრუნვის სხვა სერვისები. ასე რომ, ეს არის სხვადასხვა მომსახურების მთელი სისტემა და მათზე წვდომა ადამიანს უნდა ჰქონდეს მყისიერად, როგორც კი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.

  • რა ხდება მაშინ, თუ პროდუქტიული ადამიანი სამსახურს შემწეობის დაკარგვის შიშით არ იწყებს?

მას ვეძახით ჩვენ “წახალისების ხაფანგს.” თუ გარკვეულ სოციალურ შეღავათს იღებ და სამსახურს იწყებ, მას მაშინვე კარგავ. ამიტომაც ბევრ ქვეყანაში დანერგეს მოდელი, როცა შემწეობას არ კარგავ, თუ შემოსავლის კონკრეტულ ზღვარს არ მიაღწევ. ან მაგალითად, შემწეობას ინარჩუნებ სამსახურის დაწყებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. შემწეობა შეიძლება მხოლოდ 50 პროცენტით შეგიმცირდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ ადამიანი შრომის ბაზარზე ფეხს მოიკიდებს და გაძლიერდება, მას ზურგს სოციალური შემწეობა უმაგრებს.

სიღარიბეს, ძირითადად, შემოსავლით ვზომავთ. იყო ღარიბი ნიშნავს, რომ რაც სასიცოცხლოდ გჭირდება, იმისთვის შენი შემოსავალი არ გყოფნის. ეს ასეა.

ის ფაქტი, რომ თქვენ შეიძლება სახლში ავეჯი გედგათ, რომელიც შეგიძლიათ გაყიდოთ, ბევრს არაფერს ნიშნავს და დამოკიდებულია სოციალური დაცვის სისტემაზე. ბევრ ქვეყანაში მინიმალური შეღავათები ინდივიდუალურ დონეზე გაიცემა და არ მოდის წინააღმდეგობაში თქვენს ქონებასთან. მაგრამ არის გარანტირებული მინიმალური შემოსავალი, რომელიც უკვე კავშირშია თქვენს ქონებასთან. თუმცა, ამ შემთხვევაში ყურადღება ექცევა ფინანსურ აქტივებს და არა მაგალითად, სახლს. იმის ახსნას ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი ცალკეულ შემთხვევებზეა დამოკიდებული. ზოგჯერ მანქანის ყოლაც სამსახურთან კავშირშია. თუ სამუშაოს მანქანის გარეშე ვერ ასრულებ, ნებადართულია, რომ გყავდეს მანქანა. თუ სხვა შემთხვევაა, მაშინ სანამ მანქანას არ გაყიდი, დახმარებას ვერ მიიღებ. მიმაჩნია, რომ სოციალური დაცვის სისტემის ამოსავალი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება გააძლიერო შემწეობის/დახმარების მიმღები ადამიანი და ნაკლებად უბიძგო, რომ მინიმალური შემოსავალი, რომელიც მას ღირებული ცხოვრებისთვის სჭირდება, დაგიმალოს და ცრუ ინფორმაცია მოგაწოდოს. ყველა შემთხვევა თავისებურად რთული და განსხვავებულია.

  • 2023 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა თითქმის ნახევარი - 47 % სისტემაში 5 წელზე მეტხანს რჩება, ხოლო თითქმის მეხუთედი - 19.3 % შემწეობას 11 წელზე მეტია იღებს. სისტემაში ბევრია ისეთიც, რომელიც საარსებო შემწეობას 15 წელზე მეტია იღებს - 61 ათასზე მეტი ადამიანი. გამოდის, რომ ბევრ ოჯახში შემდეგი თაობაც სიღარიბეში ცხოვრებისთვის არის განწირული. Რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებულება შეამციროს სახელმწიფომ? შესაძლებელია ბევრ ფულს ხარჯავდეს მთავრობა, მაგრამ სიღარიბეს ოჯახები თავს ვერ აღწევენ. როგორ აგვარებთ ამას ფინეთში ან სკანდინავიურ ქვეყნებში?

ამ საკითხზე ჩვენ [ფინეთში] ახლაც ვმსჯელობთ. ვფიქრობ, რომ სიღარიბიდან თავის დაღწევის საუკეთესო გამოსავალი განათლებაა. ბავშვების განათლების მაქსიმალური მხარდაჭერა და ასევე უწყვეტი ტრენინგები. ზრდასრულთა განათლებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სიღარიბიდან ამოსვლის ხელშეწყობისთვის ერთ-ერთი კარგი პრაქტიკაა საზოგადოებრივი სამუშაოების შეთავაზება. გასათვალისწინებელია, რომ სოციალური შემწეობის პროგრამაში ძირითადად ის ადამიანები ხვდებიან, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ აქვთ, არ აქვთ შესაბამისი უნარები. შესაძლოა, სოციალური უნარებიც არ ჰქონდეთ განვითარებული. მათ შორის, არც ფიზიკური. ამიტომ საქმე, რომელსაც სთავაზობ, ადეკვატური უნდა იყოს. მუნიციპალიტეტები სთავაზობენ ხოლმე ასეთ სამუშაოს. შეიძლება კოოპერატივებმაც შესთავაზონ, ან სოციალურმა საწარმოებმა. ისეთმა გაერთიანებებმა, რომლებიც მოგებაზე ორიენტირებულები კი არ არიან, პრიორიტეტი მათთვის ადამიანების დასაქმებაა. თუმცა, ეს სათქმელად ადვილია, მაგრამ სინამდვილეში რთული გამოწვევაა ნებისმიერი ქვეყნისთვის. არც ერთი ქვეყანა არ არის ბოლომდე წარმატებული. ძალიან უჭირთ შრომის ბაზრის მიღმა მყოფი ადამიანების სტატისტიკის შემცირება. ეს კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთანაც. ნებისმიერი სამუშაო, ადვილი თუ რთული, მოითხოვს, რომ იცოდე კომპიუტერის გამოყენება, აკონტროლებდე სასმელზე დამოკიდებულებას, იცავდე საზოგადოებრივ სივრცეში ქცევის წესებს. ყოველთვის არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც ძალიან ძნელად პოულობს სამსახურს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, რაღაცას მაინც პოულობს.

  • რა კავშირია ადამიანის უფლებებსა და სოციალური დაცვის სისტემას შორის?

ესაა რამდენიმე კითხვა, რომელიც სოციალური დაცვის სისტემის მისამართით უნდა დავსვათ: ვიცხოვრებთ კი ამ შემწეობით? გვყოფნის ეს მხარდაჭერა? ადამიანის უფლება ნამდვილად არის, რომ შემწეობა და სოციალური დაცვა მიიღოს, მაგრამ უფლების ნაწილია ისიც, რომ ამ შემწეობით და დახმარებით ადამიანმა ღირსეული ცხოვრება შეძლოს.

  • საქართველოში სოციალური დაცვის სისტემა საერთოდ ვერ ხედავს ქუჩაში მცხოვრებ უსახლკაროებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ და იმის გამო, რომ მისამართი არ გააჩნიათ, სოციალურ შემწეობასაც ვერ იღებენ. რომ არაფერი ვთქვათ სხვა მომსახურებაზე. არსებობს მოდელი, რომელიც უსახლკაროებს სოციალური დაცვის მიღმა არ ტოვებს?

სახლი არ უნდა იყოს სოციალური მხარდაჭერის კიბის ბოლო საფეხური. ფინეთში წლები დასჭირდა იმას, რომ ეს კიბე ამოგვეყირავებინა. ვთქვით, რომ მუდმივი საცხოვრებელი არის პირველი და უპირობო შეღავათი სოციალური დაცვის სისტემაში. ადამიანს ჯერ სახლი უნდა ჰქონდეს და ამ სახლში, საკუთარ ჭერქვეშ უნდა მიიღოს ყველა სხვა სოციალური მომსახურება, რომელიც უკეთესი ცხოვრებისთვის სჭირდება. ამ პროგრამას ასეც ჰქვია “საცხოვრებელი უპირველესად.” ეს შესაძლებელი გახდა ქალაქის მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით. სახელმწიფომ იაფი კრედიტი მისცა დეველოპერულ კომპანიებს, რომ აეშენებინათ საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც კერძო ბინებთან ერთად, სოციალური ბინებიც არის. 2019 წლის მონაცემებით, მხოლოდ ჰელსინკიში 60 000 სოციალური ბინა აშენდა და მოეწყო. მისი მესაკუთრე ქალაქია, მაგრამ უსახლკარო ადამიანი იქ იმდენ ხანს რჩება, რამდენი ხანსაც დასჭირდება. მას დროებითი მფლობელობის კონტრაქტი აქვს მუნიციპალიტეტთან ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან გაფორმებული. პარალელურად, ის იღებს სხვადასხვა სოციალურ სერვისს, რაც საბოლოოდ, მას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ამზადებს.

  • რა ეტაპზე ხართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის პროცესში?

ჩემი აზრით, თქვენი ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემაში ერთ-ერთი მთავარი საკითხი სოციალური დაზღვევის სისტემის განვითარებაა, რომელიც იმ ადამიანებსაც გაუჩენს სოციალური დაცვის გარანტიებს, რომლებიც დღეს მნიშვნელოვან სამუშაო ძალას წარმოადგენენ. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი უმუშევრობის დაზღვევის შემოღება და საპენსიო სქემის შემუშავება უნდა იყოს. სწორედ ამისთვის გვჭირდება საკანონმდებლო ცვლილება, რომელზეც თქვენს ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ. უმუშევრობის დაზღვევა და ღირსეული საცხოვრისის უფლება უნდა იყოს კანონით განსაზღვრული შეღავათი ხალხისთვის და ვალდებულება სახელმწიფოსთვის.

სტატია მოამზადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“