[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / თვალსაზრისი

ვინ ვართ ჩვენ, იორმუღანლოელები?!

თოზუ გულმემედლი 

მე ვარ თოზუ, სოფელ იორმუღანლოდან. დავიბადე და გავიზარდე ფერმერის ოჯახში. ამ წერილში შევეცდები, ჩვენი მომთაბარე ცხოვრების შესახებ მეტი მოგიყვეთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს ტექსტის დაწერილია ყოველგვარი რომანტიზების გარეშე.

იორმუღანლოს თემი მდებარეობს კახეთში, საგარეჯოში. ჩვენი თემი 8 სოფლისგან შედგება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მესამედი სწორედ იორმუღანლოში ცხოვრობს. თუმცა, საკრებულოში მხოლოდ ოთხი წარმომადგენელი გვყავს, რაც საკრებულოს წევრების მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს. მსგავსი პრაქტიკა იყო წინა ხელისუფლების პერიოდშიც.

პრობლემურია როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიდგომა ჩვენს თემთან დაკავშირებით. ორივე პოლიტიკური ძალა გვიცხადებს, რომ ჩვენ არ გეკუთვნის უფრო მეტი ადგილი საკრებულოში. ამასთან, საინტერესოა, თუ რამდენად იცავენ ჩვენს უფლებებს ჩვენივე წარმომადგენლები საკრებულოში როგორც ოპოზიციიდან, ასევე მმართველი პოლიტიკური პარტიიდან. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არ იცავენ, ვერ იცავენ. არც ერთი პარტია არ ირჩევს ისეთ ხალხს კანდიდატებად, ვისაც პრობლემასთან დაკავშირებით უფიქრია და თავისი ხედვები აქვს. ისინი მხოლოდ ინსტრუმენტები არიან იმისთვის, რომ სოფელში რაც შეიძლება მეტი ხმა შეაგროვონ საკუთარი პარტიისთვის, სანაცვლოდ კი აიღებენ დასაჩუქრებას, მიწის ნაკვეთების ან სხვა პრივილეგიის სახით.

თემის უმრავლესობა ჩვენს სოფლებში მეცხვარეები ვართ და მესაქონლეობას მივსდევთ. აქ საუბარი არ არის ხუთი ან ათი ცხოველის ქონაზე. აქ საუბარი დიდ ოდენობის საქონელზე, რომელსაც მეცხვარე საკუთარ სოფელში ვერც ზამთარში და ვერც ზაფხულში ვერ გააჩერებს. ამისთვის საკმარისი საძოვრები ჩვენს სოფელში უბრალოდ არ არის. ამ პირობებში მეცხვარეებს მთელი ცხოვრების გატარება სადმე მთაში ან ბარში ფერმებში უწევს. დიახ მთელი წლის განმავლობაში. ვისაც გაუმართლებს და სოფელთან ახლოს მოიძიებს საძოვარს და ფერმას, მისი ცხოვრება უკეთესია. ჭირსა თუ ლხინში მას სოფელში ჩასვლა შეუძლია თავისიანებთან. ზოგს კი ძალიან შორს უწევს წასვლა, მაგალითად ლაგოდეხში, ტაბაწყურში ან კიდევ უფრო შორს. თუ მანქანა არ გყავს შეიძლება სოფელში ჩასვლა წელიწადში სულ რამდენჯერმე იყოს შენთვის შესაძლებელი.

ჩვენი ახლანდელი ფერმა საგარეჯოსგან 30-40 კილომეტრით არის დაშორებული, რაც ჩვენი აზრით, გამართლებაა, რადგანაც ბაზართან, საავადმყოფოსთან, აფთიაქთან და სასმელ წყალთან ახლოს ვართ.

ადრე სოფელს ჰქონდა მცირე რაოდენობის საძოვარი მაინც და ვისაც ცოტა საქონელი ჰყავდა, შეეძლო სოფელში დარჩენა. თუმცა, მერიამ საძოვრები უცხოელ ინვესტორებზე გაასხვისა. მგონი ამითაც დაამტკიცა, რომ ჩვენი საჭიროებები საერთოდ არ აინტერესებდა.

ხელისუფლებისთვის ადგილობრივი მეწარმის ბედი არ იყო მნიშვნვლოვანი. დღეს ბევრია, ვინც საქონელი მთლიანად გაყიდა და საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ. ჩემი დაკვირვებით, მათი რიცხვი უფრო იზრდება. როდესაც არ გაქვს მხარდაჭერა სახელმწიფოსგან და შენს პრობლემებზე არავინ საუბრობს, უფრო მეტიც ყველანაირად ხელს გიშლიან, მაშინ რატომ უნდა დარჩე და გააგრძელო აქ ცხოვრება და მომავლის შენება?!

რაც შეეხება საცხოვრებელ ადგილს, სხვა ფერმერებისგან განსხვავებით ჩვენი თემის ფერმერები მთლიან ოჯახით ვართ ამ საქმეში ჩართულნი. ქალებიც, ბავშვებიც. ცხოვრება გვიწევს ვაგონებში (უფრო დაბაში), კარავში (უფრო მთაში) ან ძალიან ძველ მიტოვებულ შენობებში. ხშირად მთელი ოჯახი ერთ ოთახში ცხოვრობს. განსაკუთრებით რთულია ზამთარში, როდესაც ძლივს ვშოულობთ შეშას და საქონლის ფუნას გასათბობად.

როცა ასეთი ცხოვრების წესი გაქვს, ძალიან რთულია ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობაც. ვინაიდან სოფლიდან შორს გვიწევს ცხოვრება. ხშირად გვიხდება ისეთ ადგილებში საავდმყოფოში წასვლა, სადაც არ ვართ ჩაწერილები და უფრო მეტის გადახდა გვიწევს. აქ კიდევ გვხდება სხვა პრობლემაც - სამედიცინო დაწესებულებაში დისკრიმინაცია. როცა ცხოვრობ ფერმაში რომც გინდოდეს ვერ იქნები სხვებივით (თუნდაც ქალაქელივით) მოწესრიგებული, ვინაიდან შესაბამისი პირობები არ გაქვს ჰიგიენისთვის. ზუსტად ეს ხდება მიზეზი რომ დაგჩაგრონ, თავი ცუდად გაგრძნობინონ. ეს შეიძლება გამოხატონ სიტყვით, ან მზერით.

კიდევ ერთი პრობლემაა განათლება. როდესაც მთელი წელი გიწევს სოფლიდან შორს ცხოვრება, მაშინ სოფელში უნდა გყავდეს ვინმე, ვისთანაც ბავშვების დატოვებას შეძლებ. ხშირად ბავშვებს ტოვებენ ბებიასთან, მაგრამ თუ არ ჰყავს ბებია ოჯახს, მაშინ რა უნდა ქნა? შეიძლება ბებიას არც სურდეს, ან არ შეეძლოს ბავშვის მოვლა. მაგალითად, ჩვენს ოჯახში ვართ ოთხი და-ძმა. აქედან მხოლოდ მე დავამთავრე სკოლა. როცა მამის დედა გარდაიცვალა ჩემმა უფროსმა დებმა სკოლაში სიარული შეწყვიტეს, მე დედის მხარეს, ბებიასთან ვცხოვრობდი. ვიცოდი რომ ჩემი ბედი მასზე იყო დამოკიდებული. ჩვენს თემში არ არის ცოტა იმ ბავშვის რაოდენობა, ვისაც ცხოვრებაში არ უნახავს სკოლა, ან მხოლოდ მესამე-მეოთხე კლასამდე მიიღო განათლება. როდესაც დომინანტური ჯგუფი გვამუნათებს, რატომ არ ვიცით ქართლი ენა, პასუხი ორი გვაქვს: ერთი მხრივ სკოლებში არ ასწავლიან სათანადოდ, მეორე მხრივ კი სკოლაც არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, განსაკუთრებით ეკონომიკურად და ეთნიკურად არაპრივილეგირებული ჯგუფებისთვის.

სამწუხაროდ საზოგადოება არ გვიცნობს და ალბათ ვინც გვიცნობს, ფიქრობს, რომ მდიდარი ხალხი ვართ, ვინაიდან დიდი სახლები და კარგი მანქანები გვაქვს. მაგრამ არავინ არ ფიქრობს, ეს რესურსი რის ფასად გვაქვს?!

ფოტოზე ასახული კაცი მამაჩემია. ის 60 წლისაა. თითქმის მთელი ცხოვრება მწყემსი იყო. მამაჩემს სოფელში, საკუთარი შრომით აშენებულ სახლში ალბათ მთლიანობაში ერთი წელი აქვს გატარებული, დანარჩენი მომთაბარეობაში, ისეთ მიუწვდომელ ადგილებში, როგორც ეს ფოტოზე ჩანს.

მახსოვს ერთხელ საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრა მოვითხოვე, შეხვედრას ესწრებოდა მერის მოადგილეც. როდესაც დავიწყე პრობლემებზე საუბარი, დამცინეს, თქვენ რა გიჭირთ არაბი ბიზნესმენი არის შემოსული, კარგ ფასად ყიდულობს ბატკანს, კიდევ რა გინდათო?

მგონია, რომ მთელი საზოგადოების მიდგომაც ასეთია. არავინ იცის ჩვენ რამდენს ვშრომობთ, როგორ ვცხოვრობთ, რა სირთულეებს ვაწყდებით...რა მსხვერპლშეწირვას ითხოვს ჩვენგან მომთაბარე ეკონომიკა?!

სახელმწიფო არ გვიცნობს, არც აინტერესებთ ჩვენი პრობლემები. დაუშვათ როდესაც პანდემიის პერიოდში იყო ჩაკეტვა. საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაში ვიყავით. თითქმის ყველა ფერმა ძალიან შორს არის დასახლებული პუნქტიდან. ფეხით მისასვლელზე არ არის მაღაზია ან აფთიაქი. მახსოვს, იმ პერიოდში ზოგიერთის საქონელი იმის გამო დაიღუპა, რომ სიცხის დამწევი ვერ იყიდა. ერთი კაცის დიდი რაოდენობის ცხვარი შიმშილისგან დაიხოცა, იმიტომ რომ ბალახი არ იყო და თივა ვერ იყიდა. ალბათ ამ გადაწყვეტილებების მიღების დროს სახელმწიფოს წარმოდგენილი ჰქონდა, რომ ყველას ფეხით მისასვლელ მანძილზე აფთიაქი, სურსათის მაღაზია ჰქონდა, ყველას შეეძლო კურიერის მომსახურებით სარგებლობა. ჩვენ კი ისევ ვერ დაგვინახეს.

შარშან მერიის საიტზე იყო გამოკითხვა, თუ რომელი პროექტი იყო პრიორიტეტი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის. 15 პროექტს შორის ერთ-ერთი თემა ეხებოდა იორმუღანლოს დაზიანებული ხიდის რესტავარაციას, რასაც წლებია ვითხოვთ. თუმცა ამ დრომდე ექსპერტიზაც კი არ ჩაატარეს, ზუსტად მაინც ვიცოდეთ, რა საფრთხის წინაშე ვართ. ინფორმაცია პროექტებზე იყო მხოლოდ ქართულ ენაზე. შესაბამისად ბევრმა ვერც გაიგო ამის შესახებ და ვერც ხმა მივეცით. ახლა მერიას რომ ვკითხოთ, ალბათ იტყვის რომ მან თავისი ვალდებულება შეასრულა და „დემოკრატიული განხილვა“ შემოგვთავაზა. მაგრამ სინამდვილეში მერიის არც სოციალური ქსელის გვერდი და არც საიტი ჩვენს ენაზე არ არის გადათარგმნილი. საიტზე თუ შეხვალ ჩვენს შესახებ ინფორმაცია იქაც არ დაგხვდებათ. თითქოს ჩვენ არც ვარსებობთ.

თემის უმრავლესობა გაზაფხულზე იწყებს მთაში ასვლას. ყველაზე დიდი სირთულე სწორედ მაშინ გვხვდება. მინდა გითხრათ რომ ფარების მთაში აყვანა საკმაოდ რთული, შრომატევადი პროცესია. ადამიანებს უწევს 10-15 დღე ღია ცის ქვეშ დარჩენა. ამ სირთულეს ემატება გადასარეკი გზების სივოწროვე. ალბათ ხვდებით, რომ 10-15 დღის განმავლობაში ცხვარი მშიერი ვერ ივლის, ანუ საჭიროა ბალახიანი ადგილები. სამწუხორად, გადასარეკი ტრასის მიწები უფრო და უფრო ვიწროვდება, გარშემო მინდვრები კი განკერძოებულია და ცხვარის ამ ადგილებში გატარება ხშირად კონფლიქტის მიზეზი ხდება. როდესაც სახელმწიფოსთან ვსაუბრობთ ამ თემაზე, ისინი გვეუბნებიან რომ ჩვენითვის პრიორიტეტია ცხვირს მანქანით გადაყვანაო. თავისთავად ეგ ჩვენთვისაც მარტივი იქნებოდა. ვის უხარია 15 დღე ღია ცის ქვეშ, წვიმიან, ქარიან ამინდში გარეთ გათენება, მაგრამ როგორ? ეს ითხოვს გაცილებით უფრო მეტ ხარჯს. ისედაც ყოველ წელს იზრდება მიწის, თივის, კორმის ფასები. უკვე სოფლის დიდი ნაწილი ბანკზეა დამოკიდებული, როგორც მთლიანი საქართველო.

საბოლოოდ, ჩვენ ყველაზე უხილავი თემი ვართ სახელმწიფოსთვის. ტრადიციული მძიმე ეკონომიკით და ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენი ინტერესები ადგილობრივ დონეზეც კი არ არის გათვალისწინებული და აღიარებული. როგორი იქნება ჩვენი მომავალი არ ვიცი. იმედის მომცემი ცვლილებები, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, ამ დრომდე არ ჩანს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“