[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

რუსული ენის ჟღერადობა თბილისში - აფექტური გამოცდილებები რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე

ეს არის საშინელი შეგრძნება, როცა მესმის რუსული ენა; არავითარ შემთხვევაში არ შემიძლია, ვთქვა, რომ ვინმესადმი განვიცდი პიროვნულ მტრობას, თუ პირიქით არ ამჟღავნებს თვითონ. ლაპარაკი რომ მესმის, ეს ჩემში იწვევს განცდას, რომ ვარ შეურაცხყოფილი, ვარ გამწარებული და მინდა რომ არ მესმოდეს, მიუღებელია... მამწარებს ის, რომ ხალხი, რომელსაც სანამ თვითონ პრობლემა არ შეექმნა, ცხოვრობდა სახელმწიფოში, რომელიც ჩემს ქვეყანას ბომბავდა, რომელმაც წაგვართვა მიწა-წყალი, რომლის გამოც ოჯახები დაიყო; ჩემი მეგობრის მამა თბილისშია დაკრძალული, დედამისის საფლავი კი აფხაზეთშია და ცოლ-ქმარი ცალ-ცალკეა დაკრძალული. კაცი ოჯახმა საკუთარ სახლში ვერ დაიტირა... ვის გამოც ჩემი ქვეყანა.... სიტყვას ვერ ვპოულობ ამის გამოსახატავად... მტკივა, ამ ჭრილობაზე მარილს მაყრის ამ ხმის, რუსულის გაგონება (ელისო 2023).

თბილისში რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ რუსულ ენაზე საუბარი და მისი აკუსტიკა ქალაქის ატმოსფეროს ნაწილი გახდა. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქალაქში რუსული პრაქტიკულად ყველგან - მაღაზიებში, კაფეებში, პარკებსა და ქუჩებში აქტიურად ისმის. ომის დაწყებიდან მალევე, რუსეთის ფედერაციის 120 000-ზე მეტი მოქალაქე გამოიქცა საქართველოს საზღვრებისკენ; ისინი ძირითადად ორ ქალაქში - თბილისსა და ბათუმში დასახლდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მათ ეკონომიკურ მიგრანტებად უფრო აღიქვამდა, რომლებმაც რუსეთი არა ანტი-პუტინისტური განწყობების გამო, არამედ სანქციებისგან თავის დასაღწევად დატოვეს (მულფრიდი 2023). მიგრანტების სხვადასხვა ტალღამ, ცხადია, გავლენა მოახდინა ადგილობრივ ეკონომიკაზეც, მათ შორის, პროდუქტებისა და საბინაო სექტორის ფასებზე. რუსი მოქალაქეების ამ უეცარმა შემოდინებამ საქართველოს დედაქალში თვალით შესამჩნევი დაძაბულობა გამოიწვია. “Russians Go Home!”, “RUZZKI Not Welcome!”, “We Don’t Speak Russian!”, “No Russian is Welcome, Good or Bad!”, “Putin is Killing People in Ukraine While Russians Eat Khachapuri in Georgia”, “Russia is a Terrorist State!”, “Moscow Will Burn!” – და სხვა მრავალი წარწერა მალევე გაჩნდა დედაქალაქის ქუჩებში. რუსული სივრცეების აღმოცენებასა და რუსულ ენაზე გახშირებულ საუბარს ადგილობრივებში ამბივალენტური დამოკიდებულება მოჰყვა: ერთი მხრივ, ამ პროცესებმა გაააქტიურა რუსული ენის ცოდნა იმ ადამიანებში, რომელთათვისაც ამ ენის გამოყენების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ. რუსული ენის ყოველდღიურობაში გამოყენება ასევე გააქტიურდა იმ მოქალაქეებში, უმეტესად კი ეთნიკურ უმცირესობებშიც, ვისთვისაც რუსული ენა დღემდე ძირითად საკომუნიკაციო ენად რჩება. მეორე მხრივ კი, რუსული ენის ჟღერადობას უსიამოვნო და უარყოფითი აფექტური რეაგირება მოჰყვა. როგორც ეს ელისოს სიტყვებში ნათლად ჩანს, აღნიშნული აფექტური რეაქცია ისეთი ემოციებით გამოიხატება, როგორებიცაა ბრაზი, უსამართლობისა და სიმწრის განცდა. ეს განცდები პირდაპირ და მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსულ იმპერიალიზმთან და რუსულ ენასთან, როგორც ამ იმპერიალისტური პოლიტიკის ინსტრუმენტთან. აღნიშნული სტატია ჩვენს მიმდინარე კვლევით პროექტს ეყრდნობა, რომელიც საქართველოზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას დაკვირვების, ინტერვიუებისა და ციფრულ ეთნოგრაფიის მეშვეობით იკვლევს. ჩვენი სტატიის მიზანია ადამიანური შეგრძნებები დავაკავშიროთ ფართო ისტორიულ და გეოპოლიტიკურ მოვლენებს ისეთი ანალიტიკური კატეგორიების დახმარებით, როგორებიცაა აფექტი, კოლექტიური გამოცდილება და მეხსიერება. გარდა ამისა, გვინდა ხაზი გავუსვათ ქართული ენის მნიშვნელობასა და მის ისტორიულ როლს ანტი-იმპერიალისტურ წინააღმდეგობაში, რომელიც დღემდე გრძელდება და არ კარგავს პოლიტიკურ თუ პრაქტიკულ ღირებულებას.

რუსული ენის იმპერიალისტური წარსული

რუსეთისა და რუსული ენის დომინაციას საქართველოსა და კავკასიაში ხანგრძლივი ისტორია აქვს. XVII-XVIII საუკუნეებში ირანისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის მოქცეულ ხალხს ერთმორწმუნე რუსეთი, მხსნელად და მოკავშირედ ესახებოდა. ქართველი მეფეებისათვის რუსეთთან მოკავშირეობა სამეფოების გაუქმებითა და ქვეყნის რუსეთის გუბერნიებად გადაქცევით დასრულდა. რუსეთის იმპერიაში კოლონიური რუსიფიკაციის პოლიტიკა დაიწყო, რაც ყველა საჯარო საქმის რუსულ ენაზე წარმოებას გულისხმობდა. XIX საუკუნეში სასამართლო პროცესები მთლიანად რუსულ ენაზე მიმდინარეობდა (ჯანელიძე 2005; გურული და ვაჩნაძე 2001). საზოგადოების მაღალი ფენისათვის განათლების მიღება ძირითადად რუსულ ენაზე იყო შესაძლებელი, მათ შორის, უმაღლესი განათლების. ქართველი თავად-აზნაურობა საუნივერსიტეტო განათლების მისაღებად პეტერბურგში მიდიოდა. XIX საუკუნის შუა ხანებიდან “თერგდალეულები”, საერთო ქართული ნაციის ფორმირების პროცესში ჩაერთნენ, რასაც უმთავრესად ქართული ენის გავრცელებითა და პერიოდული პრესის საშუალებით ცდილობდნენ. ამის ნაწილი იყო ქართული თეატრის შექმნა (1850). ილია ჭავჭავაძისეული ქართული ნაციის გაგების ერთ-ერთი ქვაკუთხედი, სწორედ ქართული ენა იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების წლებს (1918-1921) უკავშირდება პირველი ქართული უნივერსიტეტის გახსნაც, სადაც აკადემიური დარგების სწავლებისათვის შესაბამისი ტერმინების გადმოქართულება იყო საჭირო. ამ საქმეს საზღვარგარეთ განათლებამიღებული ქართველები განსაკუთრებული მონდომებით მოეკიდნენ და მას ქართული იდეის ნაწილად განიხილავდნენ. საქართველოს გასაბჭოების შემდგომ, 1921 წლიდან, რუსიფიკაციის პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის არსებობის პირველ ათწლეულში, კორენიზაციის პოლიტიკა ხელს უწყობდა საბჭოთა რესპუბლიკებში ეროვნული ენის სტანდარტიზაციას. მიუხედავად ამისა, საბჭოთა საქართველოში ქართული ენის პარალელურად რუსული ენა ყოველთვის თანაარსებობდა. რუსული ენის გავლენა სტალინის შემდგომ პერიოდში იმდენად გაიზარდა, რომ ენობრივმა კონტაქტებმა ორენოვანი ხასიათიც მიიღო. რუსული ლექსიკა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში (განსაკუთრებით, პოლიტიკურსა და პროფესიულ სფეროებში) შემოიჭრა (წიბახაშვილი 2000). გვიან საბჭოთა ეპოქაში, 1978 წელს, მოსკოვმა ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, კონსტიტუციიდან ამოღება გადაწყვიტა, რასაც ქართველი სტუდენტობის დიდი ნაწილი წინა აღუდგა. სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება საქართველოში 14 აპრილის, როგორც ქართული ენის დღის, დაფუძნება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, მართალია, რუსული ენის მნიშვნელობა კლებულობს, თუმცა მაინც რჩება, როგორც მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო საშუალება, მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობებსა და კავკასიის ხალხებს შორის. 2012 წელს ACT company მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რუსული ენა რჩება უმთავრეს უცხო ენად საქართველოში. როგორც აღმოჩნდა, ქვეყნის მოსახლეობის 96 %- ფლობს რუსულ ენას, სხვადასხვა დონეზე. მნიშვნელოვანია ამ ტენდენციების დანახვა ასაკობრივ ჭრილშიც, რადგან რუსული ენის ცოდნა საგრძნობლად იკლებს ახალ თაობებში. CRRC-ის 2024 კვლევის თანახმად, საქართველოში 55+ წლის მოქალაქეების 41%-ი, ხოლო 18-34 წლის მოქალაქეების 32%-ი საშუალო დონეზე ფლობს რუსულ ენას. ცხადია, რომ რუსული ენის ცოდნა ახალ თაობაში ინგლისურმა ენამ ჩაანაცვლა, რადგან იგივე მონაცემებით, ინგლისური ენა 55+ ასაკის მოქალაქეების მხოლოდ 2%-მა იცის მაღალ დონეზე, ხოლო 18-34 წლის მოქალაქეებში ეს რიცხვი 27%-მდე იზრდება. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ რუსული ენის საჯარო სივრციდან განდევნის პროცესი კიდევ უფრო საგრძნობი ხდება. უკვე 2011 წლიდან რუსული ენა საქართველოში აღარ არის სავალდებულო სასკოლო საგანი. საქართველოში ნაციონალურ ტელევიზიებში რუსულ ენაზე გახმოვანებული ფილმები აღარ გადის (ცხადაია 2018). ამდენად რუსული ენა საქართველოში დიდწილად უკავშირდება რუსული იმპერიალიზმსა და საბჭოთა რეჟიმის გამოცდილებას, სადაც რუსული ენის დომინაცია საქართველოს სუვერენულობის შემცირების ხარჯზე ხდებოდა.

აფექტი და განსხეულებული ცოდნა

ანთროპოლოგებს არაერთხელ გაუსვამთ ხაზი ემოციებისა და სოციალური რეალობის ურთიერთდამოკიდებულებაზე (ბრიგსი 1970; ლევი 1975; ლუთზი 1988) და რომ „ემოციებიც, ადამიანის კულტურული არტეფაქტებია“ (გირცი 1973:81). სარა აჰმედის (2014) თანახმად, აფექტური რეაქციები ემოციური გადაკვეთებისა და უკვე არსებული განწყობების შედეგია. რუსულენოვანი მიგრანტების თბილისის ურბანულ სივრცეებში გამოჩენამ სწორედ ეს „შეტაკებები“ გამოიწვია ადგილობრივებსა და რუსულ ხმებს შორის. გადაკვეთის ეს წერტილები ააქტიურებს ადგილობრივი მოსახლეობის მრავალფეროვან გამოცდილებებსა და ემოციებს, რომელიც სხვადასხვა გზით გამოიხატება.

აფექტის თეორიამ შეიძლება ახსნას ის ვითარება, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომით დაიწყო და ჩვენს უშუალო გარემოზე დღემდე ვრცელდება, ახდენს გავლენას და გვიბიძგებს ქმედებებისკენ. აფექტის ცნება სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში რთულად მოსახელთებელ კატეგორიად იქცა. გრეგორი სეიგვორთისა და მელისა გრეგის (2010) მიხედვით,  აფექტი საერთოდ არ არის რაღაც ფიქსირებული ან კონკრეტული; ეს არის პროცესი და განგრძობითობა. შეუძლებელია მიმდინარე მოვლენები მხოლოდ ამბების სახით აღიქვათ და გადმოვცეთ; ის იგრძნობა ქალაქის ყველა კუთხეში და ადამიანებში სხვადასხვა ემოციას აღძრავს აფექტის სახით.

გერმანელი სოციოლოგი, გეორგ ზიმელი (1907) ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა სენსორულ შეგრძნებებსა და ადამიანის გრძნობით ორგანოებზე, რომლებიც დამახასიათებელ სოციალურ ცოდნას ინახავენ. „გრძნობითი შთაბეჭდილებების სოციოლოგიაში“ ზიმელი წერს, რომ სმენით მიღებული ინფორმაცია ერთგვარ სენსორულ ცოდნას ქმნის, რომელიც მხოლოდ კონკრეტული სხეულისთვისა და ჯგუფისთვის შეიძლება იყოს ნაცნობი. რუსული ენის მაგალითზე, კოლონიალიზმის კოლექტიური გამოცდილება ერთგვარ „ხმის სუვენირებს“ ქმნის (ბირდზალი 2009), რომელიც ტრავმულ მოვლენებთან არის ასოცირებული და მარტივად შეიძლება მისი რეაქტივიცაა. ეს განსხეულებული ცოდნა (ჰარავეი 1988; ჰარდინგი 1993) განაპირობებს სწორედ იმ აფექტურ რეაქციებს, როგორიცაა ბრაზი, უსამართლობისა და სიმწრის განცდა.

ენა და აფექტი

ელისო ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა, რომელიც თბილისისგან განსხვავებით, ნაკლები ეთნიკური სიჭრელით გამოირჩევა. მას საბჭოთა ბავშვობა აქვს გამოვლილი: რუსულის შესწავლა მეორე კლასიდან დაიწყო და ერთადერთი რეპეტიტორი სკოლაში სწავლისას მხოლოდ რუსულ ენაში ჰყავდა. იხსენებს, რომ ზედა კლასებში რუსულის მასწავლებელმა შეაყვარა პუშკინი და რუსული ლიტერატურა. ამ ენაზე უყურებდა ანიმაციებსა და ფილმებს, უსმენდა რუსულ საავტორო მუსიკას და კითხულობდა მხატვრულ ლიტერატურას. ბოლო დრომდეც კი, მის მუსიკალურ სიაში ძირითადად რუსულენოვანი სიმღერები იყო, ვისოცკი და სხვები. მისთვის რუსული ენა საკუთარი ემოციების გამოხატვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა. საინტერესოა, რომ რუსული მას ადამიანებისგან არ ესმოდა, არამედ მისთვის ეს ენა ხელოვნებასა და კულტურას უკავშირდებოდა ბავშვობიდან. მოგვიანებით რუსული მისთვის სამეცნიერო ლიტერატურის ენადაც იქცა, რადგან ქართულისგან განსხვავებით, რუსულად ბევრი რამ არის თარგმნილი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ელისო რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ არც მუსიკას უსმენს რუსულად და ყურებითაც არაფერს უყურებს. რუსული, რომელიც მას ქუჩაში ესმის, აღიზიანებს. გაღიზიანება არ მიემართება კონკრეტულ ადამიანებს, თუმცა მათი რუსული მძიმე ემოციებს აღძრავს მასში.

სოფომ ქართულის სწავლა პირველად 6 კლასში დაიწყო, როდესაც რუსეთიდან მშობლიურ აფხაზეთში ომის შემდგომ დაბრუნდნენ. ის აფხაზეთში დაიბადა. 4-5 წლის იყო, როდესაც ოჯახი რუსეთში წავიდა და ომის გამო იქიდან 9 წელი ვეღარ დაბრუნდა. ოჯახში მეგრულად საუბრობდნენ, გარეთ რუსულად, ქართული კი იქ არც დასჭირვებია. თუმცა ის იხსენებს, რომ რუსულისადმი პროტესტი ადრეულ ბავშვობაში გაუჩნდა და ოჯახს ეკითხებოდა, რატომ ვცხოვრობთ რუსეთში, რუსებმა არ წაართვეს მათ საკუთარი სახლი აფხაზეთში?! ბავშვობაში დასმული კითხვები უპასუხოდ რჩებოდა. რუსეთში დამკვიდრებული უახლოესი სანათესავო ბავშვისთვის სასურველ ცხოვრებას იქ ხედავდა, ამიტომ ძალიან უკვირდათ, როდესაც მას ქართული სწავლის სურვილს ამჩნევდნენ. სოფო იხსენებს, რომ ქართული ანბანის შესწავლა დამოუკიდებლად ჯერ კიდევ რუსეთში მარტომ დაიწყო და როდესაც გალში, მშობლიურ სახლში დაბრუნდნენ, გადაწყვიტა ქართული სრულყოფილად აეთვისებინა. მეექვსე კლასში, ყველა საგანს უბრალოდ იზეპირებდა, რადგან ქართული არ იცოდა. ყოველ დღე 8 კილომეტრს გადიოდა სკოლამდე და უკან. სკოლას და სახლს დე ფაქტო საზღვარი ყოფდა, სადაც რუსი მშვიდობისმყოფელები და აფხაზი მესაზღვრეები იდგნენ. სოფომ ძალიან მოინდომა და სრულად დაეუფლა ქართულს, იმდენად, რომ უმაღლესი განათლებაც საქართველოში სურდა მიეღო. მისი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით ბებია სერიოზულად არ აღიქვამდა გოგოს ამ მონდომებას და ხელი არ შეუშალეს იმ იმედით, რომ მაინც ჩაიჭრებოდა და მერე რუსეთში მოაწყობდნენ უნივერსიტეტში. ყველას გასაკვირად, სოფო ქართულ უნივერსიტეტში მოხვდა, ცოტა დააკლდა გრანტისთვის. უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა. შემდგომ ქართული ენის სწავლების შესაძლებლობა მიეცა სპეციალური სახელმწიფო პროექტით. ის ერთი წლით მარნეულის აზერბაიჯანულ სოფელში ყოველდღიურად დადიოდა და ქართულს ასწავლიან აზერბაიჯანულ სკოლაში საქართველოს მოქალაქეებს. ამ გამოცდილებით, ის მიხვდა რომ ენის სწავლება და ადამიანებთან ურთიერთობები მისი საქმეა. 2022 წლის ომის შემდგომ პრინციპულად უარი თქვა რუსული ენის სწავლებაზე, მიუხედავად დიდი მოთხოვნისა. ქართულს ასწავლის ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს, მათ შორის, რუსებს. ენის სწავლებასთან ერთად უხსნის მათ, რომ თუ საქართველოში ყოფნა სურთ, ქართული უნდა ისწავლონ და რომ აქ არავინაა ვალდებული მათ ენაზე მოემსახურონ. მისი გაკვეთილების ნაწილად აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ქართული ენის დღე და სხვა თემები, რაც მათ აქაური კონტექსტის აღქმაში უნდა დაეხმაროს. მას ხშირად ეუბნებიან მისი რუსულენოვანი მოსწავლეები, რომ ხშირად არ ეძლევათ საშუალება ქართულად ისაუბრონ: როდესაც ისინი ქართულად იწყებენ საუბარს, ქართველები რუსულად პასუხობენ. ამაზე სოფოს არ ეზარება და რამდენიმე სავარაუდო პასუხს სთავაზობს, რომ ქართველებისთვის ძნელად წარმოსადგენია, რომ რუსი ქართულად საუბრობდეს, ან ამით თანაგრძნობას გამოხატავენ და არ აწვალებენ, თუმცა ეუბნება, რომ ეს ჩვენი არჩევანია და არა ვალდებულება.

ქართულად როდესაც ვსაუბრობ, ვგრძნობ რომ სრულფასოვანი ქართველი ვარ, მეამაყება. როდესაც რუსულად ვსაუბრობ, შინაგანი პროტესტი მაქვს, რომელიც ბავშვობიდან მომყვება. ისიც მახსოვს, როგორ ვეუბნებოდი ჩემს თავს, რომ ენა არაფერ შუაშია და რომ უნდა ვიცოდე. თუნდაც იმიტომ რომ მე ძალიან ბევრჯერ საკადრისი პასუხი გავეცი რუსსაც და აფხაზსაც” (სოფო 2023).

სოფოს მეგობარი ნიაც 12 წელია ქართულს ასწავლის. ნიას სასწავლო რესურსი მნიშვნელოვნად ქართულ კონტექსტს ასახავს, განსაკუთრებულ აქცენტს ქართული ენის დღეზე და მისი წართმევის ისტორიაზე აკეთებს. როგორც იხსენებს, ეს ისტორია რუსულენოვანი მსმენელებისთვის აღმოჩენად იქცევა ხოლმე. იშვიათად, მაგრამ რუსულენოვანი მოსწავლეებიდან გარკვეული სახის პროტესტსაც ხვდება. მაგალითად, ერთ-ერთმა უთხარა, რომ არ ესმის ქართველების დამოკიდებულება რუსული ენისადმი, ეს მისი აზრით გოიმობაა. რუსულ ენაზე ხომ მნიშვნელოვანი ლიტერატურა და კულტურაა შექმნილი. ვერ იგებს რატომ არ უნდა შეეძლოს თბილისში რუსულ ენაზე ფილმის ან სპექტაკლის ყურება. ამაზე ნიამ ნახევრად ხუმრობით მიუგო, რომ ისე ასწავლიდა ქართულს, სპექტაკლების და ფილმების ნახვა ამ ენაზე არ გაუჭირდებოდა. როგორც ნია აკვირდება, მისი მოსწავლეების უდიდესი ნაწილი კარგად ადაპტირდა თბილისში, მათ უკვე ყველაფერი ხელმისაწვდომად აქვს საკუთარი სივრცეებიც შექმნეს, კაფეები, სალონები და გასართობი “ვეჩერინკები”. მცირე დისკომფორტი, რომელიც ქუჩებში შეიძლება შეხვდეთ, საყველპურო ქართულით დაბალანსდება. ნია ფიქრობს მის რუსულენოვან მოსწავლეებს დიდად არც კი სჭირდებათ ქართულის სწავლა, უფრო „პოზაა“ მათთვის მასთან სიარული, სხვა რუს მიგრანტებზე მორალური უპირატესობის მოსაპოვებლად. ამის მიუხედავად, ძალიან დიდი მოთხოვნაა ქართულის შესწავლაზე და ვერ აუდის; რომ შეეძლოს და დრო ჰქონდეს, მისი მოსწავლეების რაოდენობა გასამმაგდებოდა.

ქართული ენის სამივე მასწავლებელს - ნიას, ელისოსა და სოფოს, რუს მიგრანტებთან უშუალო და მჭიდრო გადაკვეთის წერტილები აქვს. მათი პირადი ისტორიებიდან კარგად ჩანს, თუ რა ვითარებაში ჩამოუყალიბდათ მათ რუსული ენისადმი დამოკიდებულება, იქნება ეს საბჭოთა სასკოლო განათლება, ომი თუ დევნილობა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ემპათიითა და თანაგრძნობით უდგებიან თავიანთ მოსწავლეებსა და პედაგოგიურ საქმიანობას, მათთვის რთულია გაექცნენ იმ ემოციებს, რომელსაც რუსული ენის ჟღერადობა იწვევს მათში. 

დასკვნა

ნიას, ელისოსა და სოფოს ისტორიებში ნათლად იკვეთება ენის როლი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და თუ რა შეგრძნებებს აღძრავს მათში რუსეთ-უკრაინის ომი და რუსი მიგრანტების შემოდინება საქართველოში. რუსული ენის ჟღერადობა თბილისში ერთგვარ „ხმის სუვენირებს“ აღვიძებს მათში, რომელიც რუსული იმპერიალიზმის, საბჭოთა რეჟიმის, ომისა და დევნილობის კოლექტიურ გამოცდილებებიდან გამომდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ დროთა მანძილზე ისწავლა ახალ სოციალურ რეალობაში თანაარსებობა, კოლონიური ისტორიის განმეორების შიში ჯერ კიდევ აქტუალურია. ამ პირობებში, ქართულ ენაზე საუბარი და ქართული ენის გაძლიერება კვლავ იქცევა ანტი-იმპერიალისტური წინააღმდეგობის სიმბოლოდ.

ბოლოს, ისევ ელისოს ისტორიას გვინდა დავუბრუნდეთ. ერთხელ თბილისის ცენტრში, ვაკის პრესტიჟულ სალონში მივიდა ჩაწერის გარეშე და იკითხა თუ შეეძლო მომსახურების მიღება. ის ერთ რუს გოგონასთან გადაამისამართეს, რომელმაც ერთი სიტყვაც არ იცოდა არც ქართულად  და არც ინგლისურად. მან ელისოს რუსულად მიმართა დაბრძანდითო. ელისომ ქართულად უპასუხა, რაზეც გოგონამ რუსულად მიუგო, რომ არ ესმის ქართული. ელისო ამბობს რომ ამ სალონში რუსული და სომხურიც ქართულთან ერთად მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, თუმცა ადამიანი, რომელმაც რამდენიმე ქართული ფრაზის სწავლაც არ ჩათვალა საჭიროდ, უკვე სხვა ამბავი იყო მისთვის. ელისომ უთხრა, რომ გადაიფიქრა და აღარ სურდა მათი მომსახურების მიღება, მიზეზიც აუხსნა, თუმცა სალონის თანამშრომელთა რეაქციიდან გამომდინარე, ეეჭვება მათ გაეგოთ მისთვის.

ეს და სხვა უამრავი ისტორია იბადება ქალაქის სივრცეში, სადაც რუსული ენა არასდროს ყოფილა უცხო. თუმცა საქართველოში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რუსული ენის ჟღერადობა განსხვავებულ აფექტებს ქმნის თბილისში და შესაბამის რეაქციებსა თუ ქმედებებში ითარგმნება. 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

ბიბლიოგრაფია:

Ahmed, S. (2014). The Cultural Politics of Emotion (NED-New edition, 2). Edinburgh University Press. http://www.jstor.org/stable/10.3366/j.ctt1g09x4q

Birdsall, Carolyn (2009). “Earwitnessing: Sound Memories of the Nazi Period.” In Sound Souvenirs: Audio Technologies, Memory and Cultural Practices, edited by Karin Bijsterveld and José van Dijck, 169–81. Amsterdam University Press,. http://www.jstor.org/stable/j.ctt45kf7f.16.

Briggs, Jean L. (1970). Never in Anger: Portrait of an Eskimo Family. 17. print. Cambridge, Mass.: Harvard Univ. Press.

Geertz, Clifford. (1973). The Interpretation of Cultures: Selected Essays. New York: Basic Books.

Gregg, M. and Seigworth, G.J. (2010) The affect theory reader. Durham, N.C: Duke University Press.

Guruli V., Vachnadze, History of Georgia (19th–20th Centuries), 9th Grade Textbook, Second Revised Edition, Artanuji Publishing, Tbilisi, 2001.

Haraway, D. (1988). “Situated Knowledges: The Science Question in Feminism and the Privilege of Partial Perspective.” Feminist Studies 14, no. 3: 575–99.

Harding, Sandra. 1992. “Rethinking Standpoint Epistemology: “What is Strong Objectivity?”” The Centennial Review 36, no. 3: 437–70.

Janelidze O., History of Georgia: The 19th Century, Tbilisi, 2005.

Levy, Robert I. (1975). Tahitians: Mind and Experience in the Society Islands. Chicago: University of Chicago Press.

Lutz, Catherine A. (1988). Unnatural Emotions: Everyday Sentiments on a Micronesian Atoll and Their Challenge to Western Theory. Chicago: University of Chicago Press.

Mühlfried, F. (2023) ‘Between hospitality and hostility: Russian citizens in Georgia’, Anthropology Today, 39(3), pp. 17–20. doi:10.1111/1467-8322.12815.

Simmel, G. (1997) Sociology of the Senses in Frisby, D. & Featherstone, M. (eds) Simmel on Culture. London: Sage.

Tsibakhashvili G., Issues of Translation Theory and Practice, Tbilisi: TSU Publishing, 2000.

Tskhadaia G., "The Russian Language in Georgia is Losing its Status as a Lingua Franca. Is This Good or Bad?" Jam News, July 10, 2018. Link

The Caucasus Research Resource Centers. (2024) "[Knowledge of English by Age of the respondent]". Retrieved through ODA - http://caucasusbarometer.org on {14.04.2025}.

The Caucasus Research Resource Centers. (2024) "[Knowledge of Russian by Age of the respondent]". Retrieved through ODA - http://caucasusbarometer.org on {14.04.2025}.

BBC, "Poll: 96% of Tbilisi Residents Speak Russian," March 24, 2012. Link

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“