[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / კვლევა

დევნილთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში - რეალობა, გამოწვევები და სტანდარტები

Library Thumbnail Image

დევნილთა_პოლიტიკური_მონაწილეობა_საქართველოში_1738060955.pdf

მეთოდოლოგია და მიზნები

საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობა, გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა და არჩევნებში დაუბრკოლებლად მონაწილეობის უფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური პირობაა. თუმცა იძულებით გადაადგილებული პირების (შემდგომში დევნილების) სოციალური და უფლებრივი მოწყვლადობიდან გამომდინარე, პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას. გარდა იმისა, რომ იძულებითი გადაადგილება ადამიანის უფლების დარღვევის უმძიმესი ფორმაა, მისი თანმდევი შედეგები, როგორიც არის საკუთრების და შემოსავლის წყაროს დაკარგვა, პირად დოკუმენტაციაზე ხელმიუწვდომლობა, ოჯახის წევრებისგან და სოციალური წრისგან დაშორიშორება უარყოფით გავლენას ახდენს დევნილების ცხოვრებაზე და მთელი რიგი ფუნდამენტური უფლებების განხორციელებაზე.[1] მათ უჩნდებათ ლეგიტიმური და მკვეთრად გამოხატული ინტერესი, გავლენა მოახდინონ იმ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე, რომლებიც აისახება მათ სოციოეკონომიკურ ყოფაზე, თუ მათ დაბრუნებასა და უფლებების აღდგენასთან დაკავშირებულ მომავალზე.

ამის მიუხედავად, საქართველოში, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს (დაახლოებით 300 000-მდე ადამიანს) განცდილი აქვს დევნილობა, მათი პოლიტიკური მონაწილეობა და ჩართულობა საზოგადოებრივ საქმეებში ნაკლებად არის სახელმწიფოსგან პოზიტიური ჩარევის და რეაგირების საგანი, ეს პრობლემები პრაქტიკულად არ ხვდება პოლიტიკურ დღის წესრიგში, მწირია ამ თემის ირგვლივ ჩატარებული კვლევებიც.

წინამდებარე პირველადი კვლევის მიზანია შეისწავლოს და აღწეროს დევნილთა პოლიტიკური მონაწილეობის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო საქართველოში, შეისწავლოს დევნილთა განწყობები და დამოკიდებულებები პოლიტიკური მონაწილეობის შესაძლებლობებთან და სტრუქტურულ ბარიერებთან დაკავშირებით.  დოკუმენტი ასევე აღწერს საერთაშორისო სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს, თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებულ პირთა ეფექტიანი და სამართლიანი პოლიტიკური მონაწილეობა. აქვე, საყურადღებოა, რომ გაჭიანურებული კონფლიქტის პირობებში, როდესაც დევნილები ვერ ბრუნდებიან თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილას, დამატებით, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ჩაერთონ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. მეტიც, ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი და ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დე ფაქტო ორგანოების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, ასევე არ არიან ჩართულნი ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში. წინამდებარე კვლევა არ მიმოიხილავს პოლიტიკური მონაწილეობის უფლების ამ განზომილებას და შემოიფარგლება მხოლოდ კონტროლირებად ტერიტორიაზე მონაწილეობის და ინტეგრაციის საკითხებით.

კვლევის პროცესში გამოყენებული იყო ძირითადად თვისებრივი კვლევის მეთოდები: 1. სამაგიდო კვლევა საქართველოში დევნილთა საჭიროებების და ინტეგრაციის შესახებ; 2.  დევნილთა ჩართულობის და მონაწილეობის შესახებ საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპებისა და სტანდარტების მიმოხილვის მომზადება; 3. საველე სამუშაოები, რაც გულისხმობდა გალის რაიონის 10 სოფელში (საბერიო, ლეკუხონა, დიხაზურგა, ჭუბურხინჯი, ნაბაკევი, თაგილონი, ოტობაია, გაგიდა, ზემო ბარღეფი და რეჩხში), ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში (ზუგდიდი, ქუთაისი, წყალტუბო, წეროვანი, თბილისი) მცხოვრებ დევნილებთან სიღრმისეული ინტერვიუებისა და საველე ჩანაწერების მომზადებას. კვლევის ფარგლებში მთლიანობაში ჩატარდა 78 სიღრმისეული ინტერვიუ (41 ქალი, და 37 კაცი). კვლევაში მონაწილეობა მიიღო 18-34 წლამდე ასაკის 31-მა რესპონდენტმა, 35-დან 59 წლამდე - 32-მა რესპონდენტმა და 60 წელს ზემოთ 15-მა რესპონდენტმა. რესპონდენტებისთვის დასმული კითხვები მოიცავდა საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის საჯარო და პირადი გამოცდილების საკითხებსა და მაგალითებს; დევნილებისთვის პოლიტიკური მონაწილეობის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს; დევნილების პრიორიტეტული საჭიროებების გამოვლენას; არჩევნებში მონაწილეობის საკითხებს და ა.შ.

კვლევა წარმოადგენს პირველად ანალიზს და საქართველოში დევნილების პოლიტიკური მონაწილეობის/ინტეგრაციის უფრო სიღრმისეული კვლევის საფუძველს ქმნის, მათ შორის იმ საკითხების, როგორიც არის განგრძობადი კონფლიქტის და დევნილობის გავლენა პოლიტიკური მონაწილეობის უფლებაზე და მისი ტრანსფორმაცია ინტეგრაციის პროცესის კვალდაკვალ, დევნილების იდენტობა და მისი კავშირი პოლიტიკური მონაწილეობის უფლების განხორციელებასთან, ინტეგრაციის პოლიტიკის პროგრესი და ამ კონტექსტში დევნილების დაბრუნების უფლების ანალიზი და სხვ. ამ საკითხების სიღრმისეული შესწავლა (მათ შორის, საერთაშორისო სტანდარტების და დევნილებთან ფართო მასშტაბიანი (მათ შორის, რაოდენობრივი) კვლევის საფუძველზე) საბოლოოდ მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, თუ პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემწყობ რა მოდელსა და მიდგომებზე უნდა იმუშაოს სახელმწიფომ საზოგადოების ამ ჯგუფთან მიმართებით.

დევნილთა_პოლიტიკური_მონაწილეობა_საქართველოში_1738060955.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Protecting Internally Displaced Persons: A Manual for Law and Policymakers, 2008, Brookings, University of Bern, 2.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“