[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

14 აპრილი - საბჭოთა კავშირში ქართველი ხალხის პირველი გამარჯვების ისტორია და მეხსიერება

1978 წლის 14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური თარიღია. ამ დღეს თბილისში ათიათასობით მოქალაქე, ძირითადად სტუდენტები, გამოვიდნენ ქუჩებში, რათა დაეცვათ ქართული ენა და შეწინააღმდეგებოდნენ საბჭოთა ხელისუფლების მცდელობას, ენის სახელმწიფო სტატუსი შეეცვალათ.​ ამ დღეს ქართული ენა იქცა სივრცედ ეროვნული საკითხის გარშემო მობილიზებისათვის.

მიმდინარე საბჭოთა კონსტიტუციაში საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭო განიხილავდა ახალ კონსტიტუციურ გეგმას, რომლის მიხედვითაც ქართული აღარ იქნებოდა სახელმწიფო ენა საქართველოს ტერიტორიაზე და რუსულ ენასა და სხვა ენებს, რომლებითაც მოსახლეობა სარგებლობდა, თანაბარი სტატუსი მიენიჭებოდა. ამან გამოიწვია ფართო საპროტესტო ტალღა, რომელმაც კულმინაციას 14 აპრილს მიაღწია. თბილისთან ერთად პროტესტში ჩართული იყო ბათუმიც.

დემონსტრანტების უმრავლესობა სტუდენტები იყვნენ, თუმცა საპროტესტო გამოსვლებს მხარს უჭერდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლებიც. ამავე დღეს შეტაკება მოხდა საბჭოთა ძალოვნებსა და მომიტინგეებს შორის, მთავრობის სახლთან კი მობილიზებული იყო საბჭოთა ჯარი. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც იმ დროს საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო, მიმართა დემონსტრანტებს. მის მიმართვას ნეგატიური შეძახილები მოჰყვა მომიტინგეების მხრიდან.​ მალევე ცნობილი გახდა, რომ ქართული ენა კონსტიტუციურ სტატუსს ინარჩუნებდა, რის შემდეგაც თბილისში სიტუაცია ჩაწყნარდა. საბჭოთა საქართველოში, საზოგადოების ერთიანობამ მთავრობა აიძულა დათმობაზე წასულიყო.

14 აპრილის მოვლენებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაზე. ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოებამ მასობრივად გამოხატა პროტესტი საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ და სხვა წინააღმდეგობებისაგან განსხვავებით, გამარჯვებას მიაღწია (განსაკუთრებით 1956 წლის 9 მარტის სისხლიანი მოვლენების შემდეგ). ამ მოვლენებმა გააძლიერა პროტესტის და თავისუფლების რწმენა, რაც მნიშვნელოვანი მეხსიერება და ძალა გახდა 10 წლის შემდეგ მასობრივი პროტესტებისთვის და უკვე 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცესში.

14 აპრილი ქართულ კულტურულ და კოლექტიურ მეხსიერებას შემორჩა როგორც გამარჯვების დღე, ამ დღის გარშემო შეიქმნა მეხსიერების ადგილები - როგორიცაა დედაენის ბაღი, დედაენის მონუმენტი.

14 აპრილი არა მხოლოდ ენის, არამედ ეროვნული ღირსების, ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლო გახდა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“