საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სტატიის მომზადების პროცესში შეტანილი კონტრიბუციისთვის მადლობას ვუხდით თეკლა ზუხბას.
1995 წლის 24 მარტს, დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე, თბილისში, ნუცუბიძის 12 ნომერთან, ორი შეიარაღებული ჯგუფი დაუპირისპირდა ერთმანეთს - “იოსებიძელები” “კულინარიელებისა” და “დელისის საძმოს” მიერ ორგანიზებულ ჩასაფრებაში მოყვნენ, შედეგად დაიწვა იოსებიძელების მერსედესი, დაიჭრა ოთხი ადამიანი: სამი “იოსებიძელი” (ერთი მძიმედ) და ერთი “კულინარიელი”.
“დელისელებსა” და “იოსებიძელებს” შორის კონფლიქტი 1994 წლის დეკემბერში დაიწყო, როცა “დელისელებთან” დაახლოებულ პირს “იოსებიძელებმა” კუთვნილი მერსედესი “აახიეს”. მალევე, კონფლიქტისას დაზარალებული მანქანის ერთ-ერთ მიმტაცებელს ჩაუსაფრდა და ადგილზე მოკლა. “დელისელებსა” და “იოსებიძელებს” შორის ომი გაჩაღდა. დაპირისპირების დაწყებიდან მალევე, “დელისელებს” მიემხრნენ “კულინარიელებიც” (ბანდა ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული იყო. ისინი სულხან ცინცაძის 7 ნომერთან არსებული საკონდიტრო მაღაზია “კულინარიის” წინ იკრიბებოდნენ, ხოლო ე.წ. შტაბი, ტრანსპორტის სამინისტროს ფიზ.დარბაზთან მდებარეობდა), რომლებსაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ “იოსებიძელებთან” - ამ უკანასკნელს ზურგს უმაგრებდა “მხედრიონი”, მათი წევრების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ “მხედრიონშიც” იყო. ერთი წლის განმავლობაში ეს სამი საძმო სისხლიანი დაპირისპირებით მრავალჯერ გადაიკვეთა.
იოსებიძელების ერთ-ერთი ლიდერი, სერგი ბუბუტეიშვილი, ფოტო ინტერნეტიდან
1995 წლის 24 მარტის ღამის შეტაკებების შემდეგ, “იოსებიძელები” ინფორმირებულნი იყვნენ, რომ დაჭრილები მოწინააღმდეგესაც ჰყავდა, ამიტომაც მთელი თბილისის მასშტაბით დაიწყეს საავადმყოფოებში მათი ძებნა. ეს “კულინარიელებმა” და “დელისელებმაც” იცოდნენ, ამიტომაც პაციენტთან, რომელიც IX საავადმყოფოში იყო მოთავსებული, შეიარაღებული დაცვა დააყენეს, ექიმებიც გააფრთხილეს, რომ დიდი ალბათობით თავდასხმა მოხდებოდა. დაჭრილების ოჯახის წევრები საკუთარი შვილების კლინიკიდან სასწრაფო „ევაკუაციას“ ცდილობდნენ (მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი რეანიმაციაში იყო), მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. მალევე, “იოსებიძელებმა”, რომლებიც ჯიპით გადაადგილდებოდნენ, იპოვნეს დაჭრილი, მაგრამ “კულინარიელებმა” ის შენობაში არ შეუშვეს და ტერიტორია მშვიდობიანად დატოვეს.
დელისის საძმო (არასრული)
ფოტო ინტერნეტიდან
გამთენიისას საავადმყოფოში რამდენიმეწამიანი შეუჩერებელი სროლა ატყდა. “კულინარიელებმა” ეზოში ახლადშესული ჯიპი “იოსებიძელების” მანქანად მიიჩნიეს და დაცხრილეს. შედეგად, 53 წლის ასაკში დაიღუპა გამოჩენილი ქირურგი, 5000-მდე სხვადასხვა ხარისხის ოპერაციის, 6 გამოგონების ავტორი და სახელმწიფო ჯილდოების მქონე პროფესორი - ნოდარ ბოხუა.
ნოდარ ბოხუა სწორედ ის ადამიანი იყო, ვინც მისივე მკვლელების “თანასაძმოელს” ოპერაცია გაუკეთა და სიცოცხლე შეუნარჩუნა. მან ოპერაციის შემდეგ ტერიტორია დატოვა, მაგრამ გარკვეული ნივთი დარჩა და უკან, მისდა საბედისწეროდ, მიბრუნდა.
ბოხუას მანქანაში მჯდომი ერთ-ერთი პირი ჩვენებაში იხსენებს: „ამ დროს სროლა შეწყდა. მე ვიყვირე: ექიმები ვართ-მეთქი. ვიღაცამ შეგვაგინა [...], ხმა მომესმა: "კანტროლკა გაუკეთეო", ახალგაზრდა ბიჭის ხმამ უპასუხა: "მგონი, ქალიაო". ამ პასუხს ისევ სროლები მოჰყვა. საავადმყოფოდან გამოსულმა ხალხმა საავადმყოფოში შეგვიყვანა. ვინ ისროდა, არ დამინახია. თუმცა, როგორც ვიცი, სროლაში დაახლოებით ათამდე კაცი მონაწილეობდა. გვიან გავიგე, რომ ესენი "კურინარიელები" იყვნენ.[1]
ლევან ბოხუას სიკვდილი მთელ თბილისს მოედო, როგორც უდიდესი უსამართლობის, დაუსჯელობისა და კრიმინალისგან აბსოლუტური დაუცველობის დასტური - მეორეს მხრივ, ეს ფაქტი მალევე მიეცა დავიწყებას, რადგან იმდროინდელ საქართველოში ადამიანის ამგვარი სიკვდილი ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
უცნობია თუ საერთო ჯამში, რამდენი ადამიანი შეეწირა 1990-იან წლებში, თბილისში, მიმდინარე კრიმინალურ გარჩევებსა, თუ დაპირისპირებებს. ამ თემაზე სამეცნიერო მუშაობა თითქმის არ მიმდინარეობს. ეს სტატია, მცდელობაა, მოცემულ თემაზე შექმნას საბაზისო ცოდნა, რომელიც გამოადგებათ როგორც რიგით დაინტერესებულ მკითხველებს, ისევე ჰუმანიტარული მეცნიერებების წარმომადგენლებს. კვლევის პროცესში, დამუშავდა ინტერნეტში არსებული სხვადასხვა მასალა, არსებული სამეცნიერო ლიტერატურა, ფოტო-ვიდეო-მასალები და იმ პერიოდში გამოცემული გაზეთები. ეს უკანასკნელი, არამხოლოდ საინტერესოა იმით, რომ აცოცხლებს წარსულს, არამედ იმითაც, რომ იმ დროინდელი პრესა, დიდ ყურადღებას უთმობდა ქალაქსა თუ ქვეყანაში მიმდინარე კრიმინოგენულ სიტუაციას. მეტიც - როგორღაც ხერხდებოდა და ჟურნალისტათთვის ცნობილი ხდებოდა დამნაშავეთა თუ დაზარალებულთა დაკითხვის ოქმები, რაც მას განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს.
სტატიას აქვს საკუთარი ლიმიტებიც და ის ერთ-ერთი პირველი მცდელობაა ფაქტობრივად აღწეროს იმ პერიოდში მიმდინარე პროცესები.ამ თემაზე სამეცნიერო ლიტერატურის არარსებობა და მცირე საჯარო წყაროთა ბაზა, ასევე სტატიის მომზადებისთვის განკუთვნილი დროისა და რესურსებისშეზღუდულობა, მკვეთრად ამცირებს კვლევით ველს. როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ თბილისსა და საქართველოში 1990-იან წლებში მიმდინარე კრიმინალურ დაპირისპირებებს გააჩნია პოლიტიკური, სოციალური და ურბანული კონტექსტი და განზომილებები და ეს საკითხი კვლევის გაგრძელებას საჭიროებს.
ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 8 ოქტომბრის უზენაისი საბჭოს საგანგებო სესიაზე საჯაროდ განაცხადა: „ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება-შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეირაღებული ბანდის ხელში… მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა“.
ქურდული სუბკულტურა საქართველოსთვის 1990-იან წლებში ახალი ნამდვილად არ ყოფილა, პირიქით, ის გასული საუკუნის 1950-იანი წლებიდან მოყოლებული ნელ-ნელა ძალებს იკრებდა. თავის მხრივ, სად და როგორ შეიქმნა კანონიერი ქურდი როგორც სტატუსი, ამის შესახებ თითქმის ყველა მეცნიერი ერთზე თანხმდება - შრომა გასწორების კოლონიებში (მათ შორის გულაგები). მაგრამ ის თუ რატომ შეიქმნა ის, აზრი, ორად იყოფა: მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ „ქურდი“ საბჭოთა უშიშროებამ შექმნა, რათა მათი ხელით, დაემყარებინათ კონტროლი ინდივიდუალურად, პატიმრებზე. არსებობს მეორე ვერსიაც, რომ, კანონიერი ქურდები არ შეუქმნია სახელმწიფოს და ვერც აკონტროლებდნენ - ის თავად ფორმირდა, მაგრამ უშიშროებას მისადმი წინააღმდეგობა არ ჰქონია, რადგან ქურდებს უშუალოდ ბანაკებში შეჰქონდა გარკვეული წესრიგი - ანუ იმ ადგილებში, რომელიც ბადრაგის კონტროლის მიღმა რჩებოდა.
“ქურდულ სუბკულტურას” ჰქონდა თავისი დაუწერელი მკაცრი წესები წესები: ქურდს ეკრძალებოდა მუშაობა ციხეში თუ მის გარეთ; მას არ უნდა მოეხვეჭა ქონება, არ აღიარებდა სოციალურ იერარქიებს, არ ცნობდა ეთნიკურობას, სახელმწიფოს, ოჯახს, პოლიტიკას და ა.შ. აუცილებელი იყო ქურდულ გარჩევებში მონაწილეობის მიღება და ფულის შეტანა საერთოში, ე.წ ობშიაკი (საერთო სალარო სადაც გროვდებოდა ფული); ქურდი უნდა ყოფილიყო თავდადებული მისი საქმიანობისათვის; უნდა ყოფილიყო გულწრფელი სხვა კრიმინალური ავტორიტეტების მიმართ; არ უნდა ეთანამშრომლა სახელმწიფოსთან და ა.შ.[2]
საბჭოთა საქართველოში, ეს სუბკულტურა მეტწილად, აღქმული იყო, როგორც კონტრკულტურა - ადრეულ წლებში ქურდები საზოგადოების თვალში იყვნენ ისინი, ვისაც საბჭოთა უსამართლო სისტემა დევნიდა წესებს მკაცრად მისდევდნენ, ხოლო მათგან გადახვევა მკაცრადვე ისჯებოდა, და რაც მთავარია, სოციალურ-ეკონომიკურად ცხოვრობდნენ ზუსტად ისე, როგორც რიგითი ადამიანები, ღარიბულად, მაგრამ სისტემის მხრიდან პერმამენტულ დევნასა და ბრძოლაში.
მსგავსი ცხოვრების სტილი, საზოგადოების მხრიდან შეიძლება დაფასებული იყო, მაგრამ კარიერულ თუ სოციალურ წინსვლას ადამიანს ვერ ჰპირდებოდა, სწორედ, ამიტომაც ერთეულები თუ ისურვებდნენ გამხდარიყვნენ ქურდები.
ყველაფერი, 1960-იანი წლებში იცვლება, როცა საქართველოს სსრ რესპუბლიკაში, გამეფდა არაფორმალური, მიწისქვეშა ეკონომიკა. „ცეხავიკები“ სახელმწიფო საწარმოებიდან მოპარული მასალებით, ჩუმად, აწარმოებდნენ გარკვეულ დეფიციტურ სამომხმარებლო პროდუქტებს. ეს, საკმაოდ სარფიანი ბიზნესი აღმოჩნდა, სადაც ბევრი ფული იშოვებოდა და მალევე მოექცა ქართველი კრიმინალების თვალსაწიერში - არაპატიოსნად ნაშოვნი ფული, ქურდულ საერთოშიც უნდა წასულიყო.
საბჭოთა კავშირი სხვადასხვა კრიმინალურ სუბკულტურებს ათწლეულების განმავლობაში უმკაცრესად ებრძოდა. პერიოდულად ბრძოლის ხერხები, კანონები თუ მათი აღსრულება სუსტებოდა, მაგრამ, ეს სუბკულტურა, მალევე ხელახლა იკრეფდა ძალას. 1970-იანი წლების მეორე ნახევრიდან საქართველოში, ისევე როგორც სხვა რესპუბლიკებში, (თუმცაღა უნდა აღვნიშოთ, რომ საბჭოთა ქურდების ⅓ სწორედ ქართველ ქურდებზე მოდიოდა[3]) მათი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ჩრდილოვანი ეკონომიკის გაჩენასთან ერთად, ქურდულმა სუბკულტურამ მყარად გაიდგა ფესვები ე.წ ცეხავიკებისა, სპეკულიანტების შავი ეკონომიკის კონტროლით[4].
ძველი ქურდული კანონები კრძალავდა მოგებაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ საქმიანობას, რომ აღარაფერი ითქვას გამდიდრებაზე, მაგრამ, საქართველოში, ეს წესი მალევე მიივიწყეს. მოვლენები მყისიერად განვითარდა: დიდი ფინანსების გაჩენამ ერთი-ორად გაზარდა ახალგაზრდების დაინტერესება, რადგან ის, არა მხოლოდ „ვაჟკაცობის“ სიმბოლო იყო, არამედ გამდიდრებისაც - სოციალურ იერარქიაში დაწინაურების მარტივი გზაც. მოგვიანებით, სამხრეთ კავკასიაში (იგივე ლოგიკა ვრცელდება სომეხ და აზერბაიჯანელ ქურდებზეც), “ქურდის” წოდება გაუფასურდა - ბოლოს და ბოლოს მონათვლა შეეძლო ყველას, მათ შორის ისეთებსაც, ვისაც არანაირი მნიშვნელოვანი დამსახურება არ ჰქონდათ კრიმინალური სამყაროსადმი, რომ აღარაფერი ითქვას ციხეში გატარებულ წლებზე. წოდება, უბრალოდ იყიდებოდა, თანაც მაღალ ფასში - მსგავს ქურდებს რუსეთში “ლავრუშკინებსა” და “აპელსინიკებს” ეძახდნენ.[5]
1982 წლის საარქივო დოკუმენტების მიხედვით, სსრ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის შედეგად, გამოვლინდა რესპუბლიკაში მოქმედი ქურდული სამყაროს 56 ლიდერი, ამავდროულად, დოკუმენტებში აღინიშნა, რომ „ქურდული ტრადიციების გავრცელების რისკი არის სასწავლო დაწესებულებებში, სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში, მსგავსი ფაქტები უკვე გამოვლინდა N:1, N:19 და პირველ ექსპერიმენტალურ სკოლებში“.[6] თავის მხრივ, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამივე ეს სკოლა, თბილისში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულად მიიჩნეოდა, ხოლო მათში მოხვედრა კი დიდი ქრთამის გადახდის შემდეგ იყო შესაძლებელი. მსგავსივე ისტორიას იხსნებეს სოციოლოგი ედუარდ კოდუა 2000 წლის საგაზეთო ინტერვიუში იხსენებს: “1986 წელს, ქუთაისში, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების სოცილოგიური გამოკითხვა ჩატარდა [...] კითხვაზე ვინ გავხვდებოდი უდიდესმა უმრავლესობამ ასეთი პასუხი გასცა: მინდა გავხვდე დიდთვალება. აღმოჩნდა, რომ დიდთვალება ადგილობრივი კანონიერი ქურდის მეტსახელი ყოფილა.”[7]
1982 წელს, თბილისში, ქურდული შეკრება მოეწყო, რომლის ინიციატორი ჯაბა იოსელიანი იყო. შეხვედრის დროს განიხილეს ქურდული სამყაროს ტრანსფორმაციისა და მათი ყოველდღიურ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის აუცილებლობა.[8] მოცემული ფაქტი, სრულიად ლოგიკური გაგრძელება იყო პროცესისა, რომელიც ათწლეულებით ადრე დაიწყო. სუბკულტურა განიცდიდა ტრანსფორმაციას და ერგებოდა არსებულ რეალობას - რეალობას, რომელშიც სრულიად ნორმალური ხდებოდა ემეგობრათ პარტიული ნომეკლატურის წარმომადგენლებთან, ეცხოვრათ ფუფუნებაში და ჰქონოდათ მაღალი შემოსავლები. საზოგადოება ამ პროცესს წინააღმდეგობას არ უწევდა, მათ შორის ინტელიგენციაც, რომელსაც მოსწონდათ ქურდები, პატივს ცემდნენ და მეგობრობდნენ, ხანდახან კი თავადვე ცდილობდნენ ეცხოვრათ ქურდულ კანონებთან მიახლოებული ღირებულებებით.
ნოდარ დუმბაძის რომანი (და შემდგომში ეკრანიზაცია) თეთრი ბაირაღები, ნათელი დადასტურებაა იმისა თუ როგორ ხდებოდა “ქურდების” დადებით პერსონებად წარმოჩენა. რომანში კანონიერი ქურდი სრულად რომანტიზირებული პერსონაა - თავის მხრივ, მთვარი გმირი ლიმონა, რეალურ ადამიანია, დუმბაძისა და ასლან უსოიანის (“დედჰასანი”) ყოფილი მეგობარი (და თანამზრახველი), 1963 წელს მოკლულ, კანონიერი ქურდი ილო დევდარიანია. ჯაბა იოსელიანი იხსენებს „ვიცოდი, დევდარიანს რამდენიმე ”ცეხავიკისთვის” ცოტა ფული შეეწერა და ამით მილიცია გაენაწყენებინა. მეგობარს ვურჩიე, - ფრთხილად იყავი, რამე არ გიმამაძაღლონ-მეთქი. ”მაშ, რა ვქნა, ჯაბა, - მომიგო, - ჯიბგირობას ხომ არ დავიწყებ? ეგ უნამუსოები მილიონებს შოულობენ, ხალხს ატყავებენ და კეთილი ინებონ, ცოტა აქეთაც გაიღონ”. ”მართალი ხარ, ილო, მაგრამ მაინც ყურადღებით იყავი. მილიციის ამბავი ხომ იცი, ყელში გაეჩხირე და უეჭველად რამეს გავნებენ [...] ის სომეხი საქმოსნები თბილისის მილიციის უფროსთან - მამულოვთან იყვნენ შეკრულები და, ალბათ, მისივე მითითებით ესროლეს ილოს ტყვია. დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არ დაუსჯიათ... სხვათა შორის, ილოსთან ერთად მაშინ ჰასანაც იყო [ასლან უსოიანი, იგივე ”დედ ჰასანი”].“[9]
ფოტოზე: კანონიერი ქურდები - სკამზე, ილო დევდარიანი იგივე, “ლიმონა”, მარჯვნიდან მეორე ასლანუსოიანი, იგივე “დედჰასანი”. 1950-იანიწლები.
ფოტო ინტერნეტიდან
1980-იანი წლების მეორე ნახევარში, საბჭოთა კავშირში ე.წ პერესტროიკა დაიწყო, რომელიც ყველა სხვა რეფორმასთან ერთად, კაპიტალისტური ეკონომიკისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალურ ეკონომიკური საქმიანობის დაშვებასაც გულისხმობდა. მთელი იმპერიის მაშტაბით კოოპერატივების შექმნა დაიწყო. ეკონომისტთა ერთ-ერთი მიზანი ადრე არსებული შავი ეკონომიკის გათეთრება და მათი სახით ახალი ეკონომიკური სტრუქტურის ფორმირება იყო. შედარებისთვის, რუსეთში ახალ ბიზნესმენთა 60%-ს კრიმინალური წარსული ჰქონდა[10] და მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი კრიმინალურ სამყაროსთან და კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან. მეორეს მხრივ, კრიმინალური სამყარო, კაპიტალის დაგროვების პროცესზე გადავიდა, რომელიც ხორციელდება როგორც ლეგალურად, ისევე არალეგალურად, სხვა კოოპერატივებზე მასობრივი რეკეტის მეშვეობით.[11] ეკონომიკური ცვლილებების თანადროულად ქურდული სუბკულტურის საქმიანობას დაემატა ე.წ დაკრიშვა (კრიშა - მფარველი, პროტექტორი[12]), რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა კრიმინალური სამყაროს შემოსავალიცა და მნიშვნელობაც.
ქართულ ეროვნულ მოძრაობას კანონიერი ქურდების წინააღმდეგ გამოკვეთილად წინააღმდეგობრივი რიტორიკა არასდროს ჰქონია [ან კვლევის პროცესში არ გამოვლინდა], ხოლო, როგორც მინიმუმ, თუ ჯაბა იოსელიანს მივიჩნევთ ქურდად (რადგან ის საჯარო პოლიტიკაში ქურდის სახელით არ პოზიციონირებდა), მაშინ გამოდის, რომ არანაირი მორალური წინააღმდეგობა მათთან არ ჰქონიათ. ეს შეიძლება ლოგიკურიც იყოს, რადგან, არც დისიდენტები და არც კანონიერი ქურდები აღიარებდნენ არ აღიარებდნენ საბჭოთა კავშირს და ებრძოდნენ მას (იმ განსხვავებით რომ ქურდული სუბკულტურა არ აღიარებდა, ზოგადად, სახელმწიფოს ცნებას). ზოგადი დაკვირებით, შეიძლება ითქვას, ქართული ეროვნული მოძრაობის ლიდერები მეტყველებენ და ცხოვრობენ ქუჩური წესებით. ამის ნათელი ილუსტრაცია ე.წ. ღირსების სასამართლოა, რომელიც წააგავს “ქუჩაში” მდგომი ბიჭების საქმის გარჩევას, ვიდრე პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებისა, რომლებსაც სახელმწიფოს მართვის ამბიცია აქვთ.
საბჭოთა კავშირის დასუსტებას თან სდევდა სოციალური კრიზისი და ინსტიტუციური ჩამოშლა. დანაშაულის რიცხვი ყოველწლიურად იზრდებოდა. ნეგატიური როლი ითამაშა გამსახურდიას მთავრობის მიერ რუსეთში მყოფი 40-მდე ქართველი რეციდივისტის ექსტრადაციამაც (სასჯელს იხდიდნენ მძიმე დანაშაულებზე). პენიტენციარული სისტემა, ისედაც დეზორგანიზებას განიცდიდა და სრულად მოუმზადებელი აღმოჩნდა მიეღო პატიმრები, რომლებიც საჭიროებდნენ განსაკუთრებული რეჟიმის საპატიმროებს.[13]
ქართველი კრიმინალისტისა და პროფესორის გიორგი ღლონტის მიერ 1988-1996 წლების მილიციის დოკუმენტების დამუშავების შედეგად, გამოიკვეთა რომ, 1988 წლიდან მოყოლებული, მილიციის მიერ რეგისტრირებულ ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფთა რიცხვი კრიტიკულად იზრდება 1988-1992 წლების პერიოდში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როგორც თავად უთითებს, უდიდესი ალბათობით ციფრები გაცილებით მაღალი უნდა იყოს, რადგან უმეტესობის აღრიცხვა ან არ მომხდარა ან არც დაუკავებიათ.[14]
წელი |
1988 |
1992 |
1993 |
1994 |
1995 |
1996 |
ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები |
82 |
456 |
495 |
411 |
349 |
259 |
ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში, სოციალური კრიზისის შეჩერება ვერ ხერხდებოდა, უფრო მეტიც, მან ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელად დანიშნა ორ გზის ნასამართლევი და მიწისქვეშა ეკონომიკურ აქტორებთან მჭიდრო კავშირში მყოფი თენგიზ კიტოვანი. მალევე, კიტოვანი დაეუფლა იარაღის ბიზნესს და მის ძირითად შემოსავლის წყაროდ აქცია. კიტოვანის პარალელურად ძლიერდებოდა ჯაბა იოსელიანი მისივე ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებით “მხედრიონი”,[15] მათი მთავარი შემოსავლის წყარო თავდაპირველად ე.წ. კოოპერატივების რეკეტი იყო, ხოლო შემდგომ საწვავის ბიზნესიც დაემატა.
პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა ეკონომიკური რეფორმების მთავარი შემოქმედი და მხარდამჭერი იყო, რეფორმების ნაწილი კი გულისხმობდა სწრაფ და მასობრივ პრივატიზაციებს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უარყო (რითაც ფაქტობრივად ჩააგდო მასობრივი პრივატიზაციების გეგმა), ის გადადგა თანამდებობიდან. ბესარიონ გუგუშვილი ეწინააღმდეგებოდა პრივატიზაციებს და მას 1993 წლის ივლისში მასობრივი ძარცვა/დატაცება უწოდა. თავის მხრივ, ხაზს უსვამდა რუსეთში მიმდინარე ეკონომიკურ კატასტროფასა და ქაოსს და აღნიშნავდა, რომ მსგავსი ეკონომიკური რეფორმების შემთხვევაში, საბჭოთა ნომეკლატურად კვლავ დაბრუნდებოდა, ოღონდ, ამჯერად, ახალი ფორმით.[16]
ზვიად გამსახურდია არაერთ ინტერვიუში ახსენებს, რომ რესპუბლიკაში მოქმედებს კრიმინალური მაფია, რომელსაც სურს ქვეყანას დაეპატრონოს. ხშირად, ბუნდოვანია თუ რას გულისხმობს მაფიაში კონკრეტულად, მაგრამ რამდენჯერმე მას პრივატიზაციების კონტექსტშიც ახსენებს: “გვაქვს პრივატიზაცია, რომელიც ისეთი ტემპით მიმდინარეობს როგორც გვსურს. [...] ეს ძნელი პროცესია [...] აქ არის მეტად თავისებური მოვლენები, არის მაფია, არის ისეთი კლანები რომლებსაც სურთ ეს თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ.“ [17] გამსახურდია, ასევე ხაზს უსვამს ინტელიგენციის, ჩრდილოვანი ეკონომიკისა და მაფიის მჭიდრო კავშირსაც: “იგივე ნაწილი ინტელიგენციისა ძალზედ მჭიდროდაა დაკავშირებული ჩრდილოვანი ეკონომიკის სამყაროსთან, მაფიასთან. არსებითად, ჩვენთან, საქართველოში, მათ შორის, არც არის რაიმე განსხვავება. ისინი ისე განუყრელად შეზრდიან ერთმანეთს, რომ ერთ პიროვნებაში ხშირად შერწყმულია ინტელიგენტიც და დანაშაულებრივი სამყაროს ავტორიტეტიც. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წლებში წარმოიქმნა მთელი კლასი ასეთი ჰიბრიდებისა. სწორედ, ისინი ჩაუდგნენ სათავეში და განახორციელეს გადატრიალება. ერთნი საქართველოში მომხდარს ახასიათებენ, როგორც “ბურჟუაზიულ რევოლუციას”, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს; საქართველოში არ არსებობს ბურჟუაზია, არის მხოლოდ მაფია და საქართველოში სწორედ “მაფიოზური რევოლუცია” მოხდა.”[18]
“პერესტროიკის” პერიოდში, საქართველოში, უკვე არსებობდნენ ნახევრად “ოლიგარქიულ-მაფიოზური” დაჯგუფებები. აქედან, ყველაზე საინტერესოა დავით სანიკიძე, რომელსაც საქართველოში ჩამოჰყავს ავსტრიული სამშენებლო კომპანია ABV (შემდგომში ხდება მისი მეწილეც) და 1988 წელს აშენებს პირველი ხუთვარსკვლავიან სასტუმროს საქართველოში - სასტუმრო “მეტეხსა” და ოთხვარსკვლავიან “მარკო-პოლოს” გუდაურში. მომავალში, სანიკიძემ დაარსებს ავიაკოპანია “ორბს” და შეისყიდის სხვადასხვა წილებს დასავლურ კომპანიებში. თავის მხრივ, ის მჭიდრო კავშირში იყო რუსს კრიმინალურ ავტორიტეტ ვიაჩესლავ ივანკოვთან - იგივე “იაპონჩიკთან”. საქართველოში მიმდინარე ქაოსის გამო, სანიკიძემ, მეტეხის სხვებისგან დასაცავად, საკუთარი, კბილებამდე შეიარაღებული ჯგუფი დაუყენა - მალევე “დაცვა” მეტეხის საძმოდ გადაიქცა, რომელიც მრავალი მკვლელობისა თუ დანაშაულის შემოქმედიც გახდა. სანიკიძე 1998 წელს, ავსტრიის დედაქალაქ, ვენაში მოკლეს.
მეტეხის საძმო (არასრული)
ფოტო ინტერნეტიდან
რუსეთში დიდი გავლენებით სარგებლობდნენ კრიმინალური ავტორიტეტები ძმები ამირან და ოთარ კვანტრიშვილები. გარდა მრავალი დანაშაულისა საინტერესოა ისიც, რომ ისინი სრულად კანონიერად და ლეგალურად ანხორცილებდნენ “კრიშას”: მათ დაარსეს კომპანია,რომელიც ბიზნესმენებს სთავაზობდა უსაფრთხოებას კრიმინალებისგან, თავად კი ითხოვდნენ მოგების წილს, რომელიც ყოველთვის უფრო ნაკლები იყო, ვიდრე სხვების მხრიდან რეკეტის შემთხვევაში იქნებოდა. ორივე ძმა, 1994 წლისთვის უკვე მოკლული იყო.
საქართველოში, თბილისის ომის შემდეგ, სიტუაცია კრიტიკულად მძიმე იყო. ეკონომიკამ, არნახული სისწრაფით დაიწყო რეცესია და მხოლოდ 1990-1995 წლებში საერთო მშპ 83%-ით შემცირდა. სოფლის მეურნეობის პროდუქცია 63% პროცენტით, ინდუსტრიული წარმოება 85% - ით და ა.შ.[19] სოციო-ეკონომიკურ კატასტროფას, თანვე მოჰყვა კრიმინალის არნახული ზრდა. ძალოვანი სტრუქტურები ისე დასუსტდნენ, რომ განყოფილებების დატოვებაც კი ეშინოდათ.
გენერალური პროკურორი ვახტანგ რაზმაძე, 1992 წლის მაისის მოხსენებაში პრეზიდიუმის საბჭოს შეხვედრაზე ედუარდ შევარდნაძესთან, აცხადებდა, რომ სამართალდამცავი უწყებები დანაშაულთან ბრძოლაში სრულ ინერტულობას იჩენდნენ, სწორედ ამიტომ, საქმეების უდიდესი ნაწილი გაუხსნელი იყო. მაგალითად, სახელმწიფო ქონების ყაჩაღობის 88%, მოქალაქეთა პირადი ქონების ყაჩაღობის 78%, ქურდობის 72% ისევ გაუხსნელი რჩებოდა. ამავე დროს, მისი თქმით, მთლიანად მოშლილი იყო ციხეების სისტემა. მაგალითად, მარტო იანვარში, ქუთაისისა და დრანდის საგამოძიებო იზოლატორებიდან 700-მდე პატიმარი გაქცეულა.[20] 1991 წლის პირველი იანვრისთვის, გაუხსნელობის მოტივით შეჩერებულ საქმეთა ნაშთი 7363 საქმეს შეადგენდა. მაშინ როცა 1990 წელს 1230 იყო. 1991 წელს 2387, ხოლო 1992 წლის პირველი ნახევრისთვის 1999 საქმე. 1993 წელს, მკვლელობები 1991 წელთან შედარებით 165-ით გაიზარდა, ყაჩაღური თავდასხმები კი 3-ჯერ.
იმ დროინდელ პრესის ფურცლებზე ვკითხულობთ, რომ თბილისში კრიმინალის რაიონული განაწილება ასე გამოიყურებოდა: 1992 წლის პირველი ნახევრისთვის, ნაძალადევის რაიონში მოხდა 333 დანაშაული, დიდუბეში 221, ჩუღურეთში 126, ისანში 423, სამგორში 249, კრწანისში 160, მთაწმინადზე 231, ვაკეში 271, გლდანში 372 და საბურთალოზე 2436.[21]
სხვა უბნებთან შედარებით საბურთალოზე კრიმინალის ასეთი სიმძლავრე რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას. საბჭოთა კავშირის დროს, საბურთალო გაშენდა ძირითადად სოციალურად დაწინაურებული ჯგუფებისთვის - მათ შორის სწორედ აქ დასახლდნენ პარტიული ნომეკლატურის, სამეცნიერო ინტელიგენციისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები (მსგავსი ტენდენცია ვაკეშიც იყო, მაგრამ უბნის განაშენიანების მაშტაბი გაცილებით დაბალი იყო). დროთა განმავლობაში, ისინი და მათი შვილების თაობა დამეგობრდნენ და შეიქმნა კონტექსტი რომელშიც, საბურთალოელთა სამეგობრო წრეების თითოეული წევრი, დაწინაურებული სოციალური კლასის წარმომადგენელი იყო.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საბურთალოზე მაღალი დანაშაულს ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: უბანში შეძლებულ ოჯახთა რაოდენობა, სხვა სიტყვით რომ ვთქვათ - “მოსაპარი ბევრი იყო”. მეორე, თავად საბურთალოელები - მათი მაღალი სოციალური სტატუსი და ფინანსური შეძლებოლობა რაც განაპირობებდა პრეტენზიას ძალაუფლებაზე, თუნდაც ქუჩის დონეზე, ხოლო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კი მათი ძლიერი პირადი კავშირების გამოყენებით, როგორმე სასჯელის აცილებას - დაუსჯელობის მოლოდინი.
საძმოები სავარაუდოდ ტერიტორიული, უბნური და პირადი მეგობრობის პრინციპით იქმნებოდა - სხვა ნიშან-თვისების დანახვა სიღრმისეული კვლევის გარეშე შეუძლებელია. მაგალითად, “ბოროტები” (იგივე ვერის საძმო), რომელიც რამდენიმე პირობით ჯგუფად იყოფოდა: “ზემო ვერელები”, “შემსრულებლები”, “ბოროტები”, “ქვემო ვერელები”, “გურჯაანლები” (დაერქვა ჯგუფის ხელმძღვანელის წარმომავლობის გამო). ფინანსების ძირითადი ნაწილის მობილიზება კახეთის ღვინის ქარხნების რეკეტით ხდებოდა.[22]
ვერელები (არასრული)
ფოტო ინტერნეტიდან
სტატიის დასაწყისში ნახსენებ “კულინარიელებს”, დაპირისპირება ჰქონდა “მთაწმინდელებთანაც”. 1995 წლის 13 ივნისს, გაზეთ 7 დღეში, ჟურნალისტ შორენა ლებანიძის სტატია “უბნური ვენდეტა” გამოქვეყნდა, რომელშიც კულინარიელების საძმოს ისტორია იყო მოთხრობილი. სტატია [მოცემულია მისი შემოკლებული ვერსია] ნათლად ასახავს იმ პერიოდის უკანონობას, უძლურობასა და განუკითხაობას: “1993 წლის გაზაფხულს, ორმა საბურთალოელმა ბიჭმა, ცოლები მოიყვანეს. ქორწილიდან მეორე დღეს, უკვე შეუღლებული ვანო და სოფო საქმის გასარჩევად ჩამოსულ მთაწმინდელებს შეხვდნენ. ვანოს ბეისბოლის ბიტით ფეხები გადაუმტვრიეს. [...] რამდენიმე დღის შემდეგ, პავლოვის ქუჩაზე მოკლეს მათი მეგობარი 17 წლის გიგი ყარალაშვილი, 19 წლის მიშიკო კალანდაძეს დაცხრილეს და თავის არეში 17 ჭრილობა მიაყენეს. მალევე მოკლეს მეორე სიძე ვატო ჭყოიძეც. [...] 1994 წლის 11 იანვარს, კოსტავას ქუჩაზე, ფრინველის მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კულინარებმა შეამჩნიეს პეტრიაშვილისკენ მიმავალი მთაწმინდელი, გიორგი შინშიაშვილი და ადგილზე მოკლეს.” მთავარმა ეჭმიტანილმა, 16 წლის გიზო კალანდაძემ, ქვეყანა მომხდარი ფაქტიდან მალევე დატოვა. წელიწადნახევარში დაბრუნდა, თანაც ცოლი უნდა შეერთო, 15 წლის გოგო. სკოლაც უნდა დაასრულებინა და სამსახური დაეწყო, მაგრამ მალევე, მეგობრის ბანკეტზე წასულს, იქვე მყოფთან შელაპარაკება მოუვიდა რაც მისი სიკვდილის დასრულდა. სტატიაში ვკითხულობთ - “ჯერ 1995 წლის 17 ივნისია. გიზო ცხოვრობს ეზოში, სადაც აღარ იკრიბებიან: დაჩი, გიო, კოიოტა, ბაჭია, ჯუჯიკა… ყველა დაიღუპა. ზოგი საქმის გარჩევისას, ზოგი შემთხვევით. გიორგი ახობაძე, ყოფილი “არწიველი” 1994 წელს აგვისტოში, ცირკის დაბლა, მანქანაში ჩაცხრილეს. ირაკლი ბაქრაძე, იგივე ჯუჯიკა, ისიც არწიველი, ბორჯომის შტაბში გაურვეველ ვითარებაში მოკვდა. ამბობენ ტყვია გაუვარდა. დაჩი კეკელია, ირაკლი გობრონიძე და ბაჭია, პავლოვის ქუჩაზე, პირველ სადარბაზოსთან გაჩერებული მერსედესში ჩახოცეს, წითელი ბაღის ბუჩქებში ჩასაფრებულმა თავდამსხმელებმა. თამაზ ბებურიშვილი, ბებურა და აჩიკო გაჩეჩილაძე ბებურას მანქანაში მოკლეს, საბურთალოზე, ახალ ხიდთან. კუსა თოხმაიდი, მეზობლის ბიჭთან ერთად მზესუმზირის საყიდლად წასული, ორმოცი დღის შემდეგ, ლისის ტბაზე თოთხმეტი ტყვიით დახვრეტილი იპოვეს.”
კულინარიელები (არასრული)
ფოტო ინტერნეტიდან
ზოგად დაკვირვებით, საძმოთა წევრების საშუალო ასაკი 16-30 წლამდე მერყეობდა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მანამდე (და შეიძლება მაშინაც) სოციალურად პრივილეგირებული ოჯახებიდან იყო. აღნიშნული ფაქტი თვალში საცემი იყო ჯერ კიდევ 1990-იანი წლებში. გაზეთ 7 დღის ჟურნალისტი 1993 წლის სტატიაში - “ცეკვა მგლებთან”- ერთი-ერთი საძმოს წევრი ახალგაზრდის შესახებ მოგვითხრობს, რომელთან ერთადაც გადაადგილება ჯაბა იოსელიანთან შესახვედრად: “ამ ბრძოლაში [საუბარია 1992 წლის 24 ივნისის ტელივიზიის ბრძოლაზე] მონაწილეობდნენ არამარტო ჯარისკაცები, არამედ საქართველო ელიტარული კლასის ვაჟიშვილები - ძირითადად უნივერსტიტეტის სტუდენტები, ვისი მშობლებიც მუსიკოსები, დოქტორები ან პროფესორები არიან. კაცებს მოსწონთ გიორგი, რომელმაც თავის მეთაურთან ინტერვიუს ასაღებად წამიყვანა. ის არ უწოდებს მას მეთაურს და იმაზეც არ ოცნებობს რომ თვითონ ჯარისკაცი დაუძახონ. ის ეკონომიკის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტია და ხვალ აქვს ბოლო გამოცდა. როდესაც მანქანით მივდიოდით უკვე დაწყნარებულ ქალაქში, გიორგი მკლავზე გადაკიდებული კალაშნიკოვით, ჰერბი-ჰენკოკით სტერეოზე, იძულებული იყო ელაპარაკა ტელევიზიასთან გამართულ ბრძოლებზე. [...] ისინი მდიდარი ხალხის შვილები არიან. ამიტომ მათ შეუძლიათ იქონიონ საუკეთესო იარაღი [...] გიორგი და მისი მეგობრები, მახლდნენ სახელმწიფო საბჭოს შენობაში, მათ კერპთან, ჯაბა იოსელიანთან შეხვედრისას: “იგი ჩვენი მეგობარია, ძალიან კარგი კაცია [...] ბრძოლა მძიმეა, მაგრამ მე სადღაც გულში დავიღალე. გამსახურდიას მხარდამჭერები შეშლილები არიან, ფანატიკოსები. მე ვიბრძვი ჯაბასა და შევარდნაძისთვის, რადგან მჯერა რომ ისინი მართლები არიან.” [23]
კულინარიელები და სავარაუდოდ მათთან დაახლოებულ ახალგაზრთა მემორიალური ქვა, ყაზბეგის N.29, 2023 წელი.
განსხვავებით საბჭოთა პერიოდისგან, 1990-იან წლებში ქუჩის დაუწერელი კანონები სრულად ჩამოიშალა. ამის მიზეზად კი შეიძლება თავად ქურდული სამყაროს ლიმიტები ჩაითვალოს - საბჭოთა კავშირში ის კონტრკულტურას წარმოადგენდა, რომელსაც ჰყავდა გამოკვეთილი მტერი - სახელმწიფო და არსებობდა მკაცრი შეზღუდვების პირობებში, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ კი ეს არალეგალური ინსტიტუცია “კონტრკულტურა” ვეღარ იქნებოდა. თუ კი, თუნდაც სტალინიზმისა და მის შემდგომ პერიოდში, სახელმწიფოს ტოტალური კონტროლის დროს ჯგუფის გადარჩენის გზა უმკაცრეს შიდა წესრიგში მდგომარეობდა, ახლა “თავისუფლების” პირობებში დაუწერელი კანონები ქუჩაში, მეტწილად, დავიწყებას მიეცა, რითაც, ქურდული სამყარო თვითლიკვიდიაციის გზას დაადგა. დროთა განმავლობაში, სუსტდებოდა შიდა წესრიგი, ახალი თაობის ქურდები ერგებოდნენ შეცვლილ რეალობებს და ცხოვრობდნენ აქტიური სოციალური და ეკონომიკური ცხოვრებით. ფაქტობრივად ქურდის სტატუსი უფასურდებოდა, ხოლო 1990-იან წლებში, კი მას აღარანაირი კავშირი აღარ ჰქონდა იმასთან, რაც იყო ადრე. ამგვარად, საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად, დაინგრა “ქურდიც”, რადგან ძველი სახით, ქურდს შეეძლო ეარსება მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს ქვეშ. მსგავს კონტექსტში, რომელშიც, ძლიერი სახელმწიფო აღარ არსებობდა, ხოლო არსებული სრულ ქაოსში არსებობდა, შეიქმნა ძალაუფლების ვაკუუმი,კრიმინალურმა სამყარომ კი ნახტომი გააკეთა ხელისუფლებისკენ (როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისევე სოციალურ და ეკონომიკური ძალაუფლებისკენ) და გახდა დომინანტური ძალა ულევი რესურსებით. ნახტომი კი სანახევრო აღმოჩნდა, რამდენადაც მათ საკუთარი თავების საჯარო ლეგიტიმიზაცია მოახდინეს, იმდენადვე დარჩნენ ისევ უკან, შავ სამყაროში. მსგავსმა გაორებამ და ქურდული ლოგიკით პარადოქსმა კი შექმნა თვითდესტრუქცია.
ახალ რეალობაში ქურდებიც ვეღარ მართავდნენ სიტუაციას ბოლომდე, რადგან ძალაუფლებაზე პრეტენზიას აცხადებდა ყველა, ვისაც ხელში იარაღი ეჭირა. კრიმინალი ახალგაზრდებისთვის ავტორიტეტის მოხვეჭის უმარტივესი გზა იყო. წარსულისგან განსხვავებით, ამჯერად, აღარ იყო საჭირო ქუჩის კანონების პატივისცემა და დაცვა, პირიქით, მისი დარღვევა და “ყველაფერზე წამსვლელობის” ჩვენება უფრო მომგებიანი გახდა. “ყველაფერზე წამსვლელობამ” ქუჩაში შექმნა ქაოსი და სრული განუკითხაობა. მოიშალა სახელმწიფო წესრიგიც. საზოგადოების უდიდესი ნაწილის თვალში, სიმართლისთვის მებრძოლი, მითოლოგიზირებული ხალხი - ქურდები (და ზოგადად კრიმინალური ავტორიტეტები, მათ შორის მათი მიმბაძველებიც), უეცრად იქცნენ მძარცველ და ყოვლად უსამართლო ადამიანებად - სახელმწიფო და პოლიცია, რომელიც აქამდე ასე ძალიან არ უყვარდა ხალხს, გახდა სანატრელი და ელოდნენ ლიდერს, ვინც ძალაუფლებას აიღებდა ხელში და დაასრულებდა განუკითხაობას.
ზოგადი დაკვირდებით, შეიძლება ითქვას, რომ საძმოების წევრთა უდიდესმა ნაწილმა სიცოცხლე ძალიან მალე ქუჩის ცხოვრებასთან ასოცირებული სხვადასხვა მიზეზებით დაასრულა. ძალიან ცოტამ, თუ შეძლო, უეცრად, ხელში ჩავარდნილი ძალაუფლების შენარჩუნება, ჯერ ფინანსებში გარდასახვა და 2000-იან წლებში კი მისი გათეთრება. საბურთალოს რაიონში, მრავლად შევხვდებით უსახელო თუ სახელიან წყაროებს. წყარო - უკვდავებისა და მარადიულობის სიმბოლოა და ხშირად ტრაგიკულად (მათ შორის მოკლულ) დაღუპული ადამიანის სახელზე აკეთებენ. ის, ყაზბეგის 29-ნომრის შიდა ეზოშიც, სახელდახელოდაა მოწყობილი იქვე მემორიალური ქვაც დევს, რომელზეც ამოტიფრულია სხვადასხვა დროს დაღუპული კულინარიელების სახელები, გვარები და მეტსახელები (და მათთან დაახლოებული ადამიანების). ადგილობრივი მოსახლეობა თავს არიდებს ამ თემაზე საუბარს, ხოლო ნაწილი კი უარყოფს “საძმოთა ომს” - მათი თქმით, ქვაზე არსებული პირები დაიღუპნენ აფხაზეთის ომში, მაგრამ ფაქტები სრულად საპირისპიროს მეტყველებენ და გვახსენებენ იმ ბნელ წარსულს, რომლის გახსნების ბევრს ან ეშინია, ან სცხვენია.
1920-30 წლებში, შრომა გასწორებით კოლონიებში ჩასახულმა ქურდულმა ინსტიტუტმა, საქართველოში სრულ ზენიტს მიაღწია. განსხვავებით ყველა სხვა პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკისგან, მხოლოდ საქართველოში მათ შეძლეს ხელში ჩაეგდოთ ძალაუფლება. ისტორიულად, ქურდული სუბკულტურა ყოველთვის ერგებოდა არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს და ახდენდა მასზე რეფლექსიას. მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყოველდღიური ჩართულობა, უფრო და უფრო იზრდებოდა, რასაც ხელს უწყობდა ქართული ინტელიგენცია და პარტიული ნომეკლატურა. თბილისის ომის შემდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტებმა თითქმის შეწყვიტეს ფუნქციონირება, რასაც სახელმწიფოში მოყვა სრული ქაოსი და განუკითხაობა. დედაქალაქი დაიყო უბნებად, რომელსაც საკუთარი შეიარაღებული ბანდები აკონტროლებდნენ, და მათ მიერვე დაიწყო ეკონომიკური დოვლათის დატაცების გზით გადანაწილება.
[1] ახალი 7 დღე, 25.10.2002
[2] Slade,Gavin.2013. Reorganizing Crime. Mafia and Anti - Mafia in Post-Soviet Georgia. Oxford:Oxford University Press.
[3] Lobjanidze, Givi and Glonti, George.2004.Thieves in law in Georgia: History and Realities. Tbilisi: Polygraph
[4] Slade,Gavin.2013. Reorganizing Crime. Mafia and Anti - Mafia in Post-Soviet Georgia. Oxford:Oxford University Press.
[5] Георги Глонти, Профессиональная преступность в Грузии (воры в законе), გვ.67
[6] გიორგი ღლონტი, Профессиональная преступность в Грузии (воры в законе), გვ.38
[7] ახალი 7 დღე, 11.02.2000
[8] Георги Глонти, გვ.37
[9] https://kvirispalitra.ge/article/20948-chemi-meugle-da-nodar-dumbaze-martlac-ert-sakanshi-isxdnen-vin-iqo-limona-sinamdvileshi-ekskluzivi/
[10] Георги Глонти, Профессиональная преступность в Грузии (воры в законе) გვ.40
[11] КРИМИНОЛОГИЧЕСКАЯ АССОЦИАЦИЯ НАУЧНО-ИССЛЕДОВАТЕЛЬСКИЙ ИНСТИТУТ ПРОБЛЕМ УКРЕПЛЕНИЯ ЗАКОННОСТИ И ПРАВОПОРЯДКА, ОРГАНИЗОВАННАЯ ПРЕСТУПНОСТЬ – 4, გვ.82
[12] ლევან ბრეგაძე, ქართული ჟარგონის ლექსიკონი, 1999; 2005)
[13] Георги Глонти, Профессиональная преступность в Грузии (воры в законе), გვ.67
[14] Георги Глонти, Организованная преступность как один из основных источников насильственной преступности и этнических конфликтов, გვ.84
[15] Захарова,Евгения. 2010.Тбилиская Улиса Как Среда Мужской Социализациию. Laboratorium.N1:182-204.
[16] Soviet Analyst, Vol. 22, Numb. 3, July 1993, pp.4-12
[17] საქართველოს რესპუბლიკა, 14.11.1991
[18] “ნაროდნაია პრავდა”, 1992 წელი, სანკტ-პეტერბურგი, https://zviadgamsakhurdia.wordpress.com/2010/07/28/%e1%83%96%e1%83%95%e1%83%98%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c/
[19] Stephen Jones, Georgia Since independence, გვ.260
[20] უიცა, ფონდი 777, ანაწერი 1, საქმე 113, ფურცელი 4.
[21] გაზეთი 7 დღე, 1993 ნ8
[22] ახალი 7 დღე, 20.09.2002
[23] გაზეთი 7 დღე, ნ23, 1993 წელი.
ინსტრუქცია