საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ქართული მარშის ლიდერების, მომხრეებისა და სხვა ინტერესთა ჯგუფების მიერ ორგანიზებულ კამპანიას. მათ მიერ გავრცელებული პოსტებით, ჩვენმა ორგანიზაციამ თითქოსდა წარადგინა სარჩელი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წინააღმდეგ, რომლითაც მარნეულის მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ მღვდლების მიერ მარნეულის ქუჩების წყლით კურთხევის ფაქტს ასაჩივრებს. ეს ინფორმაცია მცდარია, უსაფუძვლო და როგორც ჩანს ცალკეული ინტერესთა ჯგუფების მხრიდან ჩვენი ორგანიზაციის დისკრედიტაციას და მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული რეალური საჭიროებების გადაფარვას ისახავს მიზნად.
ამ ფონზე, EMC საჭიროდ მიიჩნევს საჯაროდ განმარტოს მის წარმოებაში არსებული ერთი საქმე, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მიიღო წარმოებაში სასამართლომ და რომელიც სავარაუდოდ იყო ბოროტად გამოყენებული ზემოთ ნახსენები ჯგუფების მიერ. კერძოდ,
2020 წლის 17 თებერვალს სათანადო მოსარჩელეების სახელით, EMC-იმ სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომელიც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის 400 000 (ოთხასიათას) ლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ბიუჯეტი უთითებს, რომ აღნიშნული ხარჯის მიზანი „რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდის და მოსახლეობის სულიერების ამაღლების“ ხელშეწყობაა. ჩვენი შეფასებით აღნიშნული ნორმა დისკრიმინაციული და არასეკულარულია და არ შეესაბამება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას.
ბოლო წლების პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 83%-ზე მეტს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მუსლიმი თემი შეადგენს, და ამ რეგიონში ასევე ცხოვრობენ ეთნიკურად სომხები და ქართველი მუსლიმი ეკომიგრანტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი რელიგიური საქმიანობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხების უდიდეს ნაწილს მხოლოდ ადგილობრივ ეპარქიას გადასცემს.
EMC-ის მუშაობა ქვემო ქართლის რეგიონში აჩვენებს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას არ აქვთ წვდომა ბაზისურ სოციალურ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, სოფლების დიდ ნაწილში არ არის სასმელი წყალი, სარწყავი წყლის ქსელები, საბავშვო ბაღები, კულტურის სახლები, ბიბლიოთეკები, მდგრადი სოციალური მომსახურების და მხარდაჭერის სერვისები. ამ პირობებში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, მარნეულის მუნიციპალიტეტმა არსებული რესურსების გამოყენება სოციალური მიზნებისთვის და თვითმმართველობის პირველადი კომპეტენციების შესასრულებლად მოახდინოს. მარნეულის მუნიციპალიტეტში სოციალური სერვისების და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა 23 მარტს გამოცხადებული კარანტინის რეჟიმის პირობებში.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი პრაქტიკა ჩვენ ასევე გვხდება სხვა მუნიციპალიტეტებში და ზოგიერთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან რელიგიური მიზნებისთვის გამოყოფილი თანხები ბევრად აღემატება სოციალური მიზნებისთვის გამოყოფილ ხარჯებს (მაგალითად ბაღდათის მუნიციპალიტეტი), რაც ცხადია ღია წინააღმდეგობაში მოდის თვითმმართველობის იდეასთან და კონსტიტუციურ პრინციპებთან.
ამასთან ცხადია, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, მხოლოდ 1 კონფესიისთვის დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების რეგულარული გადაცემა, უთანასწორობის პრაქტიკას და განცდას ქმნის და მას გამაუცხოებელი სოციალური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მუნიციპალიტეტში მცხოვრები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის. არსებითად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ, რომელსაც სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის მაღალი იდეალები აქვს დასახული, ეთნიკური უმცირესობებისთვის სამართლიანი, თანასწორი და ინკლუზიური პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნის პროცესისთვის ამგვარი პრაქტიკების ზიანი განსაკუთრებული სიფრთხილით გაითვალისწინოს და აღმოფხვრას.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიღების დროს ეს საკითხი საკრებულოს დეპუტატების ნაწილის, აქტივისტებისა და რელიგიური ლიდერების მიერ ასევე კრიტიკულად დაისვა, თუმცა, საკრებულომ ბიუჯეტი ამ ფორმით დაამტკიცა. საკრებულოს მხრიდან საკითხის სოციალური და პოლიტიკური კონტექსტის და სამართლებრივი პრინციპების ჯეროვანი გააზრების პირობებში, ცხადია, რომ სამართლებრივი დავის საჭიროება არ დადგებოდა.
საჯარო რესურსების აშკარად რელიგიური და არა საჯარო მიზნებისთვის გამოყენება წინააღმდეგობაში მოდის სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპთან, რომელიც ითხოვს, რომ 1. სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებს იმთავითვე უნდა ჰქონდეს სეკულარული, საჯარო ლეგიტიმური მიზანი; 2. ის არ უნდა ახდენდეს რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის წახალისებას ან/და რომელიმესთვის ხელის შეშლას; 3. ის არ უნდა უწყობდეს ხელს რელიგიური ორგანიზაციისა და სახელმწიფოს ღრმა გადაჯაჭვას. ამასთან ჩვენი შეფასებით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, რადგან მუნიციპალიტეტი მსგავს მიდგომებს არ იყენებს სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ასევე მოღვაწეობენ მარნეულის მუნიციპალიტეტში და მოსახლეობის რელიგიური კომპოზიციის მიხედვით უმრავლესობას შეადგენენ (ადგილობრივი მეჩეთები ბიუჯეტიდან იღებენ მხოლოდ 10 000 ლარს კომუნალური გადასახადებისთვის).
ჩვენი შეფასებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსება თეორიულადაც კი შეუძლებელია გამართლდეს საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახელმწიფო ვალდებულებით, რომელიც კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფომ იკისრა[1], რადგან ამგვარი ვალდებულება არ არის დადგენილი არც კონსტიტუციური შეთანხმებით, არც თვითმმართველობის შესახებ კანონით და არც სხვა რომელიმე ნორმატიული აქტით. მეტიც, ადგილობრივი თვითმმართველობის იდეიდან გამომდინარე, რომელიც ადგილობრივი თემის პოლიტიკური ავტონომიურობის და დამოუკიდებლობის იდეაზე დგას, ამგვარი ვალდებულების დაკისრება თვითმმართველობისთვის კონსტიტუციურად გაუმართლებელი იქნებოდა.
აღსანიშნავია, რომ ზოგადად EMC არ იზიარებს საბიუჯეტო რესურსების რელიგიური მიზნებისთვის სუბსიდირების ფორმით გადაცემის პრაქტიკას და მიიჩნევს, რომ ის ეწინააღმდეგება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას. მსგავსი მიდგომები არღვევს სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალიტეტისა და ინკლუზიურობის იდეას, რომელიც სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების თვითიდენტიფიკაციების გამიჯვნას და ყველა მოქალაქისთვის თანასწორი უფლებრივი და პოლიტიკური გარემოს შექმნას ითხოვს. მეტიც, ამგვარი პრაქტიკა რელიგიური ორგანიზაციების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ნიშნებს შეიცავს, რასაც მათ შორის, წინა წლებში საპატრიარქოს დაფინანსების პრაქტიკის ანალიზიც აჩვენებს. ეკლესიის დაფინანსება, როგორც წესი, იზრდება წინასაარჩევნო პერიოდში ან პოლიტიკური კრიზისების დროს და მას საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვების ან მისი წინააღმდეგობის შეკავების პოლიტიკური მიზანი უფრო აქვს.
სამწუხაროა, რომ ცალკეულ ინტერესთა ჯგუფების მიზანი ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე რთულ პერიოდშიც საზოგადოების გახლეჩვაზე მიმართული, ნაცვლად სოლიდარობის ან მხარდაჭერის სხვა პრაქტიკების შექმნისა. ქართული მარში და სხვა მსგავსი ორგანიზებული ჯგუფები მუდმივად ახდენენ შოვინიზმის, ქსენოფობიის კულტივირებას და სოციალურ ჯგუფებს შორის კონფლიქტების შექმნას და შუღლის გაჩენას. საეჭვოა ამ ჯგუფების ლიდერების საგარეო პოლიტიკური ინტერესებიც. ამ ჯგუფების აშკარად ძალადობრივი სტრატეგიების მიუხედავად, უკვე რამდენიმე წელია მათი საქმიანობა დაუსჯელი რჩება ხელისუფლების მხრიდან.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC იმედოვნებს, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩვენს მიერ გაზიარებულ ინფორმაციას, დასაბუთებას და დავის სულისკვეთებას ჯეროვანი სიზუსტით და ინტერესით გაეცნობიან და არ მოექცევიან აგრესიული ულტრაკონსერვატიული ჯგუფებისა და სხვა ინტერესთა ჯგუფების პროპაგანდის გავლენის ქვეშ. ამასთან, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს გზით მოვახერხებთ პოზიტიური პრაქტიკის შექმნას იმისთვის, რომ თვითმმართველობების ბიუჯეტები შესაბამისობაში მოვიდეს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებთან და სოციალურად უფრო მგრძნობიარე გახდეს.
[1] შენიშვნა: შეგახსენებთ, რომ 2002 წლიდან საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იღებს დაფინანსებას და 10 წელზეა მეტია ყოველწიურად გადაცემული თანხა 25 მილიონ ლარს შეადგენს. საპატრიარქოს აღნიშნულ დაფინანსებას სახელმწიფო საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურებად განიხილავს, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით დადგენილი პირობების საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო ამ თანხას ზიანის დაანგარიშებისა და შეფასების პროცედურისა და ლოგიკის გარეშე, იხდის, ის რეალურად ვერ თავსდება ზიანის ანაზღაურების ლოგიკაში და პირდაპირ სუბსიდირებას უფრო გავს. სუბსიდირებას გაქვს ოთხი რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსების წესი და პრაქტიკაც, რომელიც სახელმწიფომ 2014 წლიდან დაიწყო და რომლისთვის გადასაცემ ფინანსურ რესურსებს, სახელმწიფომ მრევლის, სასულიერო პირების, საკულტო ნაგებობების მიხედვით ითვლის და არა ამ ორგანიზაციებისთვის და თემებისთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებული ობიექტური და გონივრული კრიტერიუმებით. რელიგიური ორგანიზაციების ამგვარი დაფინანსება იმთავითვე არღვევს სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალიტეტის იდეას და სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციებს შორის არადემოკრატიული ურთიერთობის ფორმაა.
ინსტრუქცია