[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / კვლევა

რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების პოლიტიკა (2014-2015)

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  94

გამოცემის წელი:  2016

მკვლევრები: 

რელიგიური-ორგანიზაციების-სახელმწიფო-დაფინანსების-პოლიტიკა-2014-2015.pdf

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) და “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი” (TDI) აქვეყნებს ერთობლივ კვლევას, რომელიც 2014-2015 წლებში რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკების მიმოხილვასა და სამართლებრივ შეფასებას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციებმა მსგავსი კვლევა ასევე განახორციელეს წინა წლებში.

კვლევის შედეგები ეფუძნება საქართველოს პრეზიდენტის აპარატიდან, საქართველოს მთავრობიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობდან, ფინანსთა სამინისტროდან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილ ინფორმაციასა და ადამიანის უფლებების კუთხით მათ კრიტიკულ ანალიზს ახდენს.

წინა წლების მსგავსად, საკვლევ პერიოდში სახელმწიფო აგრძელებდა მართლმადიდებელი ეკლესიის პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას. ამასთან, ეკლესიისთვის კვლავ რეგულარულად ხორციელდებოდა ფინანსური რესურსების, უძრავი ქონებისა და სხვა მატერიალური სიკეთეების გადაცემა სარეზერვო ფონდებიდან და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი-მოძრავი ქონების რესურსიდან.

საკვლევ პერიოდში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულმა ფინანსურმა რესურსმა 2014 წელს მთლიანობაში 32,019,399 ლარი, 2015 წელს კი 31,153,900 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ეკლესიისთვის გადაცემული თანხების ოდენობის მკვეთრი ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა. მაგალითისთვის, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წელს 969 000 ლარი, 2013 წელს 270 000 ლარი, 2014 წელს 1 542 000 ლარი, 2015 წელს კი 1 590 000 ლარი მიიღო.

ამასთან საკვლევ პერიოდში დაფიქსირდა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული უძრავი ქონების მასშტაბის შესამჩნევი ზრდა. 2014-2015 წლებში ეკლესიამ სახელმწიფოსგან 48 ერთეული უძრავი ნივთი (საერთო ფართობი: 913 546,922 კვ.მ.), მუნიციპალიტეტებიდან კი 18 ერთეული უძრავი ნივთი (საერთო ფართობი: 65,837) მიიღო საკუთრებაში. ამასთან, კვლევის ფარგლებში განხორციელდა საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სრული მასშტაბის შესწავლა. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში ფიქსირდება 565 მიწის ნაკვეთი, ჯამური ფართობით 16 742 987.82 კვ.მ. (1674.3 ჰა). აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 6-ჯერ აღემატება თვითმართველი ქალაქი მცხეთის მთლიან ფართობს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო არ ახდენს ეკლესიისთვის გადაცემული უძრავი ქონების ღირებულების შეფასებას და შესაბამისად, გადაცემული ქონების საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურების პროცესთან კავშირში დაანგარიშება შეუძლებელი ხდება. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამოყოფილი მატერიალური სიკეთის ძირითადი ნაწილი რელიგიური საქმიანობის განხორციელებას ხმარდება და არღვევს სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალიტეტის მოთხოვნას. სახელმწიფო, როგორც წესი, არ ამოწმებს საპატრიარქოსთვის უძრავი და მოძრავი ქონების, თუ ფინანსური სახსრების გადაცემის საჭიროებას და შემდგომში ამ სახსრების გამოყენების მიზნობრიობას.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების პირობების მიუხედავად, სახელმწიფოს არ მოუხდენია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ოდენობის დაანგარიშება, რის გამოც ეკლესიის დაფინანსების პრაქტიკა არა ზიანის ანაზღაურების/კომპენსაციის, არამედ პირდაპირი დაფინანსების მოდელში ექცევა, რაც წინააღმდეგობაში მოდის სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპთან.

2014 წლიდან სახელმწიფომ ასევე დაიწყო ოთხი რელიგიური გაერთიანების (ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიური გაერთიანებების) დაფინანსება საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლით. 2014 წელს აღნიშნული გაერთიანებებისთვის გადაცემული თანხა მთლიანობაში 1 795 186 ლარს, 2015 წელს 3 324 478 ლარს შეადგენდა.

ოთხი რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსების პრაქტიკა, მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად ასევე პირდაპირი დაფინანსების მოდელში ექცევა. შესაბამისი დადგენილება ასევე არ ითვალისწინებს ზიანის ოდენობის განსაზღვრის ობიექტურ, სამართლიან და ზიანთან დაკავშირებული კრიტერიუმებს. აღსანიშნავია, რომ ოთხი რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსების წესი დისკრიმინაციულია და ის გამორიცხავს სხვა რელიგიურ დენომინაციებს, რომლებსაც საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს ასევე მიადგათ ზიანი. აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, სახელმწიფო სრულად ახდენს ოთხი რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსების მიზნობრიობისა და ხარჯვის კონტროლს, რაც რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში ჩარევის შემაშფოთებლად მაღალ რისკებს შეიცავს.

ამგვარად, რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების არსებული პრაქტიკები დისკრიმინაციულია, მართლმადიდებელი ეკლესიის ექსკლუზიური პრივილეგირების მიდგომას ეფუძნება და მკვეთრად არღვევს რელიგიური ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს შორის სეპარაციის კონსტიტუციურ პრინციპს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და მათ შორის, კონსტიტუციური შეთანხმების პრინციპებიდან გამომდინარეობს.

წინა ხელისუფლების პირობებში დაფინანსების კვლევის შედეგები აჩვენებდა, რომ ბიუჯეტიდან და სარეზერვო ფონდებიდან დაფინანსების რადიკალური ზრდა წინასაარჩევნო პერიოდსა და პოლიტიკურ კრიზისებს ემთხვეოდა. ახალი ხელისუფლების პირობებში მსგავსი პირდაპირი კორელაციების პოვნა რთულია. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც დაფინანსების პოლიტიკა ხელისუფლებას არსებითად არ შეუცვლია, სახელმწიფოს აფილაციები და ლოიალობა მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ კიდევ უფრო ღიად გამოჩნდა პოლიტიკურ ცხოვრებასა და ინსტიტუციურ დონეებზე, ეს გარემოება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არასეკულარული მიმართებების გაღრმავებაზე უნდა უთითებდეს.

რელიგიური-ორგანიზაციების-სახელმწიფო-დაფინანსების-პოლიტიკა-2014-2015.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“